მთავარი,სიახლეები

როცა შეშა არ მაქვს და ცივა, საწოლიდან ვერ ვდგები – შშმ ქალი, რომელიც ხულოში მარტო ცხოვრობს

23.02.2022 • 2916
როცა შეშა არ მაქვს და ცივა, საწოლიდან ვერ ვდგები – შშმ ქალი, რომელიც ხულოში მარტო ცხოვრობს

65 წლის ეთერ ცეცხლაძე დაბა ხულოში მარტო ცხოვრობს, პატარა ბინაში, რომელიც ძმამ დაუთმო. ეთერი ბავშვობიდან შშმ პირია. 10 წლის წინ ხელჯოხების დახმარებით გადაადგილდებოდა, მაგრამ ახლა ეთერი ეტლით მოსარგებლეა.

ეთერის თქმით, მისი ბინა ისეთი ვიწროა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ორი ადამიანის ერთად ცხოვრება.

„ეს ბინა ჩემმა ძმამ დამითმო, შევეცოდე, თვითონ კი ქირით გადავიდა სხვაგან საცხოვრებლად. ადრე ყავარჯნების დახმარებით შემეძლო სიარული, ახლა აღარ შემიძლია.

როცა ჩემი ძმა აქეთ იყო, ყურადღებას მაქცევდა, მაგრამ მას და მის ცოლსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და წასული არიან საზღვარგარეთ სამკურნალოდ. უკვე 4 თვეა, რაც სრულიად მარტო ვარ“, – ამბობს ეთერი.

ეთერის შემოსავალი პენსიაა. მან გვითხრა, რომ პენსია წამლებისთვისაც კი არ არის საკმარისი და ხანდახან თავად ექიმები ეხმარებიან წამლების შეძენაში.

„პენსიაზე ვარ დამოკიდებული, ისეთი შემთხვევებიც მქონია, ექიმი რომ წამლებს გამომიწერს, შევეცოდები და ფულსაც მაძლევს მათ შესაძენად, 15-20 ლარს.

წამლებზე 200-ლარიანი ვაუჩერი გვაქვს წელიწადში, 200 ლარი ერთ თვეში გაიხარჯება და შემდეგ რა უნდა ვქნათ?! შეიძლება უჭმელობა მოითმინო, მაგრამ წამლის, გამაყუჩებლების გარეშე ვერ გაძლებ“.

ქალი სხვა პრობლემებზეც საუბრობს. მან გვითხრა, რომ მალე შეშაც გაუთავდება და ხულოს ცივ ზამთარში გათბობის გარეშე დარჩება.

„ამ თვის ბოლომდეც არ მეყოფა ალბათ შეშა, რაც მორჩენილი მაქვს და შემდეგ რას ვიზამ, არ ვიცი.

მქონია დღეები, როცა შეშის უქონლობის გამო გათბობა საერთოდ არ მქონდა. ასეთ დღეებში ვცდილობ, რომ საწოლიდან საერთოდ არ ავდგე, მაგრამ გშივდება ადამიანს, ხომ უნდა ჭამო, ილოცო, რამდენ ხანს შეიძლება იწვე“, – ამბობს ეთერი.

მისი თქმით, ადრე კერვა და ქარგვა შეეძლო, მაგრამ ახლა აღარ შეუძლია, რადგან მუდმივად აწუხებს ხელების ტკივილი და უღონობა.

„მეზობლები მიდგანან გვერდში. ამ სახლში ჩემმა ძმამ ყველაფერი ისე მოაწყო, რომ როგორმე ჩემით საჭმელი მოვიმზადო. ადრე შემეძლო ხელსაქმე, ახლა აღარ შემიძლია, ხელებიც მტკივა და ამიტომ მიჭირს“, – გვითხრა მან.

ეთერის თქმით, გარეთ შემოდგომის შემდეგ არ ყოფილა, რადგან ხულოში წელს დიდთოვლიანი ზამთარია, ეთერი კი დახმარების გარეშე ვერ გადაადგილდება. ამასთან, ხულოს ინფრასტრუქტურა მოხერხებული არ არის ეტლით მოსარგებლეებისთვის.

„მხოლოდ ერთი მეზობელი მყავს, ვისთანაც შემიძლია მივიდე, პანდუსი აქვს, სხვაგან ვერსად მივდივარ. ეტლის გარეშე მე ვერ წავალ, ეტლი არ მიდის ადამიანებთან.

შემოდგომის შემდეგ არ ვყოფილვარ გარეთ. ელექტროეტლი რამდენიმე წელია რაც მაქვს, თუ მეზობლები არიან ახლოს, ისინი მეხმარებიან, თუ არავინაა, ჩემით გადავჯდები ხოლმე, მიჭირს, მაგრამ როგორღაც ვახერხებ“, – ამბობს ეთერი.

ეთერი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეტლით მოსარგებლეებისა და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ხულოში და მით უმეტეს მუნიციპალიტეტის ცენტრისგან მოშორებით მდებარე სოფლებში, ცხოვრება ხანგრძლივ და ცივ ზამთარში რთულია – მათ ხშირად სჭირდებათ ექიმების დახმარება, ეტლით მოსარგებლეებისთვის კი გადაადგილება არამხოლოდ ზამთარში, ზაფხულშიც ძალიან რთულია.

ქალის თქმით, გასულ წელს 4-ჯერ მოხვდა საავადმყოფოში, გადაიტანა კოვიდიც.

„ხშირად ვხვდები ავად და ექიმები ხანდახან თვითონ მოდიან ჩემთან. მე თაგოდან ვარ, ხულოში ბინა მქონდა, რომელიც დამეწვა. გამგეობაში მეუბნებოდნენ, წადი და სოფელში დაჯექიო, მაგრამ ყოველთვის, მაგალითად, ზამთარში, როცა მაღალია თოვლის საფარი, ექიმი მოვა და დახმარებას გამიწევს? ექიმებთან ახლოს უნდა ვიყო, რადგან სულ მჭირდება მათი დახმარება.

ჩვენი საჭიროებების მქონე ადამიანების ცხოვრება სოფლებში ძალიან რთულია. ჩვენ არ შეგვიძლია შორს წასვლა, ამიტომ აუცილებელია, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი  იყოს ხულოში. ხელში უნდა ამიყვანონ, რომ მანქანაში გადამიყვანონ და სადმე წავიდე.

ადრე, როცა ექიმთან ვიყავი წასასვლელი, ჩემს ძმას ავყავდი ხელში, მსვამდა მანქანაში და ასე მივყავდი საავადმყოფოში, ახლა მარტო ვარ დარჩენილი“, – ამბობს ეთერი.

ეთერი ამბობს, რომ ხულოში ბინა მამისგან დარჩა, რომელიც გაიფორმა კიდეც, მაგრამ შენობა დაიწვა და მის ნასახლარზე იუსტიციის სახლი ააშენეს, თვითონ წინააღმდეგი იყო და ბინით დაკმაყოფილებას შეჰპირდნენ.

„ჩემს ნასახლარზე უკვე ააშენეს სხვა შენობა. ანზორ ბოლქვაძე [პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი აჭარიდან] შემპირდა, ამ შენობას მე ვაშენებ და ბინით დაგაკმაყოფილებო. ახლა მეუბნებიან, შენ ბინა გქონდა გაფორმებული და არა მიწაო“, – ამბობს ეთერი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: