მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

საშიშია თუ არა მუდმივად 37 C ტემპერატურა – ექიმის რჩევები

22.02.2022 • 30582
საშიშია თუ არა მუდმივად 37 C ტემპერატურა – ექიმის რჩევები

ბოლო 2 წელია ცხელება, ძირითადად, პანდემიის კონტექსტში გვესმის. სხეულის ტემპერატურის მატება ორგანიზმში ინფექციის არსებობაზე მიუთითებს. თავად ცხელება ზოგადად უვნებელია, ის უფრო დამხმარე მოვლენაა და ჩვეულებრივ არ სჭირდება მკურნალობა.

სხეულის ნორმალური ტემპერატურა შეიძლება მერყეობდეს 35,8 – 37,0 C-ს შორის, თუმცა იგი შესაძლოა განსხვავდებოდეს დროის ან თქვენი აქტივობის მიხედვით. რა ფაქტორები ზემოქმედებენ სხეულის ტემპერატურის ცვლაზე, რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს მუდმივად 37,0 C ტემპერატურა და როდის უნდა მივმართოთ ექიმს? – ამ კითხვებზე ექიმი-თერაპევტი თაკო შანთაძე საუბრობს „ბათუმელებთან“.

  • რა იწვევს ორგანიზმში ტემპერატურის ცვლილებას?

ტემპერატურა ორგანიზმში სითბოს წარმოქმნასა და გაცემას შორის არსებული ბალანსია. მისი ცვლილება ორგანიზმში სითხის აორთქლებაზეც არის დამოკიდებული. ზოგადად სხეულის ტემპერატურა დღე-ღამეში იცვლება. ტემპერატურის ცვლის მიზეზი შეიძლება იყოს ასაკი, წნევა, სუსტი იმუნიტეტი, ჰემოგლობინის დაბალი დონე, ჩიყვის ფუნქციების დარღვევა, ზოგჯერ მედიკამენტების გამოყენების ფონზეც შეიძლება  მოხდეს ეს.

ასევე, ალკოჰოლის მომხმარებლებში ხშირია ტემპერატურის ცვალებადობა.

ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინი: სხეულის ტემპერატურა ეცემა ღამით, მინიმალური მნიშვნელობა გვხდება 5 საათისთვის, შემდეგ იზრდება და აღწევს პიკს 17–18 სთ‐ზე.

ტემპერატურა ჯანმრთელ ადამიანებშიც მატულობს ფიზიკური აქტივობის შედეგად, ფსიქო‐ემოციური დატვირთვისას, ცხელი საკვების და სითხის მიღებისას.

მაგალითად, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ შესაძლოა ერთი გრადუსით მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ, რადგან ზოგადად თერმორეგულაცია მიმდინარეობს სხეულის ზედაპირზე ტენიანობის აორთქლებით.

  • რამდენად საყურადღებოა და რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს ხანგრძლივად 37 გრადუსი ტემპერატურა?

37 გრადუსი ტემპერატურა სისტემატურად არ ნიშნავს, რომ რაიმე პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. ეს შესაძლოა კონკრეტული ადამიანისთვის იყოს სრულიად ნორმალური,  მისი ორგანიზმი ამ ტემპერატურასთან ადაპტირებულია და ეს მისთვის მისაღებია.

თუმცა, საყურადღებოა ხანგრძლივად ასეთი დაბალი, იგივე სუბფებრილური ტემპერატურა, რადგან შესაძლოა ორგანიზმში ანთებით პროცესზე მიანიშნებდეს. ასევე, ეს სიმპტომი ახასიათებს სხვადასხვა ინფექციურ დაავადებასაც. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა ლეიშმანიოზის დროს ტემპერატურა არის სუბფებრილური და შემდეგ აიწევს.

ბევრ ვირუსულ ინფექციას ახასიათებს ხანგრძლივად ასეთი ტემპერატურა. ასევე, ნაწლავური ინფექცია, გასტროენტერიტი, ჰემოგლობინის დაბალი დონეც შეიძლება იყოს მისი გამომწვევი,  თუმცა ასეთ შემთხვევაში სხვა გამოვლინებებიც აღენიშნება პაციენტს –  ზოგადი სისუსტე, უმადობა, ოფლიანობა, ტემპერატურის ცვალებადობა, ფაღარათი და ა.შ. ასეთ დროს უნდა მიმართოთ თერაპევტს და ინფექციონისტს.

ბევრ ადამიანს კორონავირუსის გადატანის შემდეგ დარჩა სუბფებრილური ტემპერატურა – 37.1-37.2, რაც ორი-სამი კვირის განმავლობაში შესაძლოა იცვლებოდეს, მაგრამ შემდეგ რეგულირდება. ამიტომ ვურჩევთ პაციენტებს პათოლოგიის გამოსარიცხად, გამოჯანმრთელებიდან 2-3 კვირის შემდეგ, შეამოწმონ ანთების ღრმა მარკერები, ეს არის ძირითადი ანალიზები – სისხლის საერთო  და C რეაქტიული ცილა. თუ მარკერები მომატებული არ არის, ეს არ მიანიშნებს რაიმე პათოლოგიაზე.

  • ასაკის მიხედვით როგორია სხეულის ტემპერატურა?

ზოგადად, ხანდაზმულ ადამიანებს სხეულის ტემპერატურა უფრო დაბალი აქვთ, ვიდრე ახალგაზრდებს.

  • როდის უნდა მივიღოთ სიცხის დამწევი?

პაციენტებს სულ ვაფრთხილებთ, რომ 37-დან 38-მდე სხეულის ტემპერატურაზე არანაირი მედიკამენტი არ მიიღონ დასაწევად, ეს სუბფებრილური ტემპერატურაა, ამ ტემპერატურის პერიოდში არ შეიძლება სიცხის დამწევის მიღება, რადგან ეს არის ორგანიზმის იმუნური პასუხი, ცხელება ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში.

სიცხის დამწევის მიღება შეიძლება, როცა ტემპერატურა არის 38 და მეტი.

  • თუ 38 გრადუსამდე ტემპერატურაც აწუხებს ფიზიკურად ადამიანს?

თუ ადამიანს, მაგალითად, 37.5 გრადუსი სიცხე აქვს და ეს მას აწუხებს, ვურჩევთ, რომ  მეტად იმოძრაოს, იაქტიუროს და მიიღოს ბევრი სითხე, რომ არ მოხდეს დეჰიდრატაცია. ყოფილა შემთხვევები, როცა ასეთი სიცხის დროს ნახევარი ლიტრი წყალი მიგვიცია პაციენტისთვის და ტემპერატურა ჩამოსულა დაბალ ნიშნულზე.

  • ნორმაზე დაბალი ტემპერატურა რამეზე მიანიშნებს?

ნორმაზე დაბალი ტემპერატურა შეიძლება აღინიშნებოდეს დაუძლურებული,  გამომშრალი ორგანიზმის გამო. ძირითადად მწოლიარე პაციენტებშია ხშირი 35 და უფრო დაბალი ტემპერატურა. კოვიდის შემთხვევაშიც ხშირია 35 და უფრო დაბალი ტემპერატურა, უფრო ასაკოვან ადამიანებში. მათ უფრო გამოხატული აქვთ ძილიანობა, სისუსტე, აპათია, მიალგია ანუ კუნთების, სახსრების ტკივილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: