მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორია ალცჰაიმერის სიმპტომები და რა არის ცნობილი პრევენციაზე

08.02.2021 • 3326
როგორია ალცჰაიმერის სიმპტომები და რა არის ცნობილი პრევენციაზე

დემენცია არის სინდრომი, რომლის დროსაც მეხსიერებისა და აზროვნების უნარის დეგრადაცია ხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი ცხოვრობს დემენციით და ყოველწლიურად 10 მილიონამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ალცჰაიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა – მასზე შემთხვევათა 60-70% მოდის.

საქართველოში ალცჰაიმერის გავრცელების ზუსტი სტატისტიკა არ მოიპოვება.

საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციის ხელმძღვანელის, ნევროლოგ ნონა მინდიაშვილის თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დიაგნოსტიკის საკითხი გამართული არ არის, “ამავე დროს, ამ დაავადების ძირითად პრობლემას წარმოადგენს სტიგმა, რის გამოც დაავადებულის ოჯახის წევრები არ ამხელენ დაავადების არსებობას და ბევრი პაციენტი ექიმის და აღრიცხვის გარეშე რჩება.”

ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინში განმარტებულია, რომ ალცჰაიმერის დაავადებას ახასიათებს თანდათანობითი დასაწყისი, ვითარდება 45 წლის შემდეგ, ხოლო უხშირესად 65 წელს გადაცილებულებში, მიმდინარეობს პროგრესულად და შეუქცევადია, უფრო ხშირად აღინიშნება ქალებში, ვიდრე კაცებში.

ნონა მინდიაშვილი ამბობს, რომ, მართალია, დაავადების თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ მისი ზოგიერთი სიმპტომის მართვა ან დაავადების პროგრესირების შენელება შესაძლებელია.

ალცჰაიმერის ამერიკული და ბრიტანული ასოციაციების ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულმა რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება ალცჰაიმერის დაავადებისა და სხვა სახის დემენციის რისკები შეამციროს. თუმცა მანამ, სანამ რომელიმე ეს ფაქტორი განიხილება ალცჰეიმერის დაავადების პრევენციის დადასტურებულ სტრატეგიად, საჭიროა უფრო მეტი გამოკვლევა.

ზოგიერთი კვლევის მიხედვით, დემენციის რისკისა და კოგნიტური ფუნქციის ანუ აზროვნების უნარის დაქვეითების შემცირებაზე შეიძლება იმოქმედოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა: რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება და ტვინის აქტიურ მდგომარეობაში შენარჩუნება, უწყვეტი სწავლის პროცესი და ასევე ის, რომ დარჩეთ სოციალურად აქტიურები.

ალცჰაიმერის ბრიტანული ასოციაცია: “კვლევები მოწმობენ, რომ ხანდაზმულებისთვის კროსვორდებისა და მსგავსი თავსატეხების კეთება პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს მათი აზროვნების უნარზე”. თუმცა იქვე განმარტავენ – ეს არ ნიშნავს, რომ სუდოკუსა თუ სხვა თავსატეხების კეთება ახდენს დემენციის პრევენციას.

მართალია ალცჰაიმერის მოლეკულური მიზეზები ჯერაც განხილვის საგანია, მაგრამ ნეირომეცნიერთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ დაავადება იწყება ბეტა ამილოიდის დაგროვებით. ამილოიდ ბეტა ტოქსიკური ცილაა, რომელიც, როგორც ცნობილია, ალცჰაიმერით დაავადებულების სისხლშია.

ჰარვარდის სამედიცინო უნივერსიტეტი წერს: „მტკიცებულებების თანახმად, ძილის გაუმჯობესება ხელს უწყობს ალცჰაიმერის პრევენციას და ეს დაკავშირებულია თავის ტვინიდან ამილოიდების წმენდასთან… საუბარია შვიდ-რვასაათიან ძილზე ღამით“.

რაც შეეხება დემენციის დიაგნოსტიკას, „საამისოდ მოწოდებულია – მონრეალის ფსიქიკური სტატუსის შეფასების შკალა, ასევე მინიმენტალის შკალა, ეს კითხვარი სრულიად ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის ექიმისთვისაც,” – ამბობს ნონა მინდიაშვილი.

ალცჰაიმერის დაავადების დამახასიათებელი ძირითადი ნიშნებია:

  • მეხსიერების გაუარესება – თავდაპირველად პაციენტს არ ახსოვს უახლოესი მოვლენები, რაც ახალი ინფორმაციის მიღების უუნარობას უკავშირდება (ფიქსაციის უნარის და შესაბამისად, ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერების გაუარესება). წარსული მოვლენების დავიწყება დაავადების უფრო გვიან სტადიაზე აღინიშნება
  • ენობრივი შესაძლებლობების გაუარესება-ანომია ანუ სიტყვის პოვნის პრობლემა ცუდი პროგნოზის მაჩვენებელია. მოგვიანებით სტადიაზე მოსალოდნელია მეტყველების გაუარესება
  • სივრცითი მხედველობის და შესატყვისად ორიენტაციის გაუარესება ‐ ამის მაგალითია ის, რომ დაავადებული პირი ხშირად ვერ იგნებს გზას კარგად ნაცნობ გარემოში
  • მიზანდასახული აქტივობისადმი ინტერესის დაკარგვა ‐ ეს, შეიძლება იყოს ალცჰაიმერის დაავადება მანიფესტირებული დეპრესიული გამოვლინებებით, ან საკუთრივ პირველადი დეპრესია
  • მზის ჩასვლის სინდრომი (Sundowning), ხეტიალი, ღამის აგზნება, დღე-ღამის ციკლის არევა
  • ილუზიები და ჰალუცინაციები
  • პიროვნების დაქვეითება ან სოციალური ქცევის მოშლა-დეზადაპტაცია

სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებში არ არის გათვალისწინებული ცალკეულად ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანთა საჭიროებები და როგორც წესი, ასეთ პაციენტებზე მხოლოდ მათი ოჯახის წევრები ზრუნავენ.

ალცჰაიმერის ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ “ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანების ოჯახის წევრებისთვის დღეისთვის ყველაზე დიდ პრობლემას პროფესიონალი მომვლელების საკითხი წარმოადგენს, იმ ადამიანების, რომლებიც უნდა შეეხიდნონ ოჯახის წევრებს ამ რთულ საქმეში”.

განვითარებულ ქვეყნებში ალცჰაიმერის დაავადების მქონე პირებისთვის ზრუნვის უამრავი საშუალება არსებობს, მაგალითად, აშშ-ში ალცჰაიმერის ასოციაცია ამ დაავადების მქონე ადამიანებს სთავაზობს სპეციალურ სამაჯურებს, რომლებზეც დატანილია პაციენტის პირადი მონაცემები და ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ და რომლითაც ადვილდება ხეტიალისას დაკარგული ადამიანის პოვნა ან ნაპოვნი და იდენტიფიცირებული ადამიანის შინ დაბრუნება.

ასევე, არსებობს ცოტათი უფრო ძვირიანი ალტერნატივა ელექტრონული სამაჯურის სახით, რომლითაც გარკვეულ პერიმეტრზე ამ ადამიანების მდებარეობის დადგენაც შეიძლება. 

მართალია, დღეისთვის არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც განკურნავს პაციენტს ალცჰაიმერის დაავადებისგან, მაგრამ, ნონა მინდიაშვილი ამბობს, რომ ზრუნვითა და ყურადღებით შეიძლება თავიდან ავირიდოთ სხვა გართულებები, კერძოდ, მნიშვნელოვანია დაავადების დროული ამოცნობა, “ხშირ შემთხვევაში ალცჰაიმერის დაავადებას თან ახლავს ისეთი დაავადებები, რომლებიც ართულებენ ისედაც რთულ პროგნოზს (დეპრესია, ავიტამინოზი).

ამ დაავადებების დროული ამოცნობით მნიშვნელოვნად შევამსუბუქებთ მათ ყოფას. ასევე, ადამიანმა შეიძლება თავისი ინტელექტუალური განვითარება ცხოვრების რაღაც ასაკში შეწყვიტოს, მაგრამ მისი სოციალური განვითარება ცხოვრების ბოლომდე გრძელდება, ნუ მოვაკლებთ მათ ამ შანსს,” – ამბობს ის.

მნიშვნელოვანია, რომ დემენციის მქონე ადამიანები შინ დაკავებულები იყვნენ, მაგრამ ახალ, მათთვის უცხო აქტივობაში ჩართვა შეიძლება ძალიან რთული იყოს. ამიტომ საჭიროა მათი ჩვეული, ძველი საქმიანობის მოდიფიცირება და ადაპტირება მათ ახლანდელ შესაძლებლობებთან.

შინმოვლის სერვისების საერთაშორისო პროვაიდერ BAYADA-ს სამედიცინო სოცმუშაკი კრისტენ კინგერი, ერთ-ერთ საინფორმაციო ვიდეოში ალცჰაიმერის მქონე ადამიანების ოჯახის წევრებს ურჩევს – “თუ ისინი ადრე ძალიან კარგად ხატავდნენ, ახლა შესაძლოა ეს ვერ მოახერხონ, მაგრამ არსებობს ამის მოდიფიცირების გზები, შეიძლება ხატონ რიცხვებით, ხატონ ნაკლები ფერებით, პატარა ზომის ტილოზე/ფურცელზე… მათი შესაძლებლობის მიხედვით.

თუმცა შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ ახლა ისე კარგად ვეღარ ხატავს, საერთოდ აღარ უნდოდეს ეს საქმიანობა, ესეც უნდა დაადგინოთ, რა იმუშავებს, რა  – არა. თუ ადრე ეს ადამიანი დიასახლისი იყო, უყვარდა მზარეულობა, შეიძლება ახლა რეცეპტს ვეღარ მიჰყვეს სრულად, მაგრამ დავფიქრდეთ, რისი გაკეთება შეუძლიათ, უსაფრთხოდ იყენებენ დანას? დაჭრან ბოსტნეული.

თუ ცხობა უყვართ, მაგრამ ვერ ზომავენ ინგრედიენტებს, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ საზომ ჭურჭელში მოუთავსოთ ესა თუ ის ინგრედიენტი, მიაწოდოთ და მათ ჩააყრევინოთ ჯამში, ჩართოთ მიქსერი და მოარევინოთ… დააკეცინეთ სარეცხი ან დააწყვილებინეთ წინდები. თუ ვარჯიში მოსწონთ, გაისეირნეთ, ცეკვა თუ უყვართ, მუსიკა ჩაურთეთ. შესალოა მორწყან ყვავილები… მიეცით მათ დეტალური ინსტრუქციები…”.

____

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/249647/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: