მთავარი,სიახლეები

ტყეებში ხანძარი გახშირდება, მთავრობები მზად არ არიან – გაეროს ექსპერტები

23.02.2022 • 1283
ტყეებში ხანძარი გახშირდება, მთავრობები მზად არ არიან – გაეროს ექსპერტები

ტყეებში ხანძრის შემთხვევები 21-ე საუკუნის ბოლოს 50%-ით უფრო ხშირი მოვლენა იქნება – ნათქვამია გაეროს უახლეს ანგარიშში. 

გაერო გვაფრთხილებს ტყეების უკონტროლო ხანძრის შესახებ, რომელიც ემუქრება პლანეტის იმ ადგილებს, რომელთაც აქამდე ხანძარი საერთოდ არ შეხებია. ნაირობიში გამართული გარემოსდაცვითი ასამბლეის წინ გაეროს ექსპერტებმა თქვეს, რომ არქტიკაც კი, რომელიც მანამდე ამ მხრივ იმუნური იყო, ახლა დგას ტყეებში ხანძრის მზარდი რისკის წინაშე.

„ისეთ ადგილას, როგორიცაა არქტიკა, დიდი ალბათობით, საუკუნის ბოლოსთვის ხანძრის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი. სავარაუდოდ, იმატებს ხანძარი ინდონეზიისა და სამხრეთ ამაზონის ტროპიკული ტყეების ტერიტორიებზე, თუ სათბურის გაზების გამონაბოლქვი არსებული ტემპით გაგრძელდება“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

კლიმატის მზარდი კრიზისი და მიწის გამოყენების ცვლილებები იწვევს ტყეებში ხანძრის გლობალურ ზრდას. 2030 წლისთვის [2010-2020 წლებში დაფიქსირებული ხანძრის შემთხვევების რაოდენობასთან შედარებით] მოსალოდნელია – 14%-იანი, 2050 წლისთვის კი 30%-იანი ზრდა – ნათქვამია გაეროს ანგარიშში, რომლის მომზადებაში 50-ზე მეტი საერთაშორისო მკვლევარი მონაწილეობდა.

მკვლევრები მოუწოდებენ მთავრობებს, რომ ტყეებში ხანძართან საბრძოლველად შეიტანონ რადიკალური ცვლილებები სახელმწიფო ხარჯებში. მოხსენებაში ნათქვამია, რომ მთავრობები ფულს არასწორ ადგილას დებენ საგანგებო სამსახურების მუშაობაზე ფოკუსირებით, როცა ხანძრის თავიდან აცილება უფრო ეფექტური მიდგომა იქნებოდა.

ტყეებში ხანძარზე პირდაპირი რეაგირება ახლა  იღებს დაფინანსების 50%-ზე მეტს, ხოლო დაგეგმვა და პრევენცია – 1%-ზე ნაკლებს. ანგარიშის ავტორები ითხოვენ „ცეცხლისთვის მზა ფორმულას“ ინვესტიციების ისეთი დაბალანსებით, სადაც ნახევარი დაიხარჯება დაგეგმვაზე, პრევენციასა და მომზადებაზე, დაახლოებით მესამედი – რეაგირებაზე და 20% – აღდგენაზე.

„გარდიანი“ ანგარიშის ავტორებზე დაყრდნობით წერს, რომ არსებობს მრავალი ბუნებრივი გამოსავალი, მათ შორის, ლანდშაფტების მართვა მათი საძოვრებად გამოყენებით, რათა შემცირდეს აალებადი მასალების რაოდენობა ლანდშაფტში, ასევე, ადამიანების სახლებთან ძალიან ახლოს მდგომი ხეები და ა.შ.

„ჩვენ ვერ დაგპირდებით, რომ თუ მსოფლიო გასცემს ფულს ხანძრის პროაქტიული მართვისთვის, ექსტრემალური ხანძრის შემთხვევები აღარ იქნება, რადგან ეს გამოწვეულია გლობალური კლიმატის ცვლილებით, თუმცა ეს ნამდვილად დაგვეხმარება ზემოქმედებისა და ზიანის მინიმუმამდე დაყვანაში“ – ამბობს „გარდიანთან“ საუბრისას პროფესორი სალი არჩიბალდი, იოჰანესბურგის ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის ეკოლოგი, რომელიც ჩართული იყო ანგარიშის მომზადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: