მთავარი,სიახლეები

„ომი დასრულდება, თუ პუტინმა დაიჯერა დასავლეთის ერთიანობა“ – ინტერვიუ თინა ხიდაშელთან

23.02.2022 • 1471
„ომი დასრულდება, თუ პუტინმა დაიჯერა დასავლეთის ერთიანობა“ – ინტერვიუ თინა ხიდაშელთან

„არანაირი ბზარი დასავლეთის ერთობაში არ უნდა გამოჩნდეს. როგორც კი ეს ბზარი გამოჩნდება, რუსეთი მაშინვე გადავა სამხედრო აგრესიაზე,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. მას ვესაუბრეთ სანქციებზე, რაც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ვკითხეთ იმაზეც, თუ რას შეიძლება ელოდეს საქართველო ამ პროცესში და რა საფრთხეებს აჩენს საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება საგარეო ურთიერთობებში? რამდენად იზრდება ან მცირდება ახლა იმის შანსი, რომ უკრაინასთან ერთად ნატოში მიგვიღონ?

  • ქალბატონო თინა, თქვენი დაკვირვებით, როგორ აღიქვეს რუსეთში სანქციები და თქვენი მოლოდინი როგორია – რომელმა სანქციამ შეიძლება შეცვალოს რუსეთის მიდგომა? 

იმედი მაქვს, რომ კიდევ მეტ სანქციას ვნახავთ, მაგრამ ყველაზე ფუნდამენტური და სურათის შემცვლელი შესაძლოა აღმოჩნდეს სუვერენულ ვალთან დაკავშირებული სანქცია. მოგეხსენებათ, რუსეთს 500 მილიარდამდე საგარეო ვალი აქვს და რუსეთის ეკონომიკური სტაბილურობა სწორედაც დამოკიდებულია დასავლეთის ფულზე. სრულფასოვანი მიდგომა თუ განხორციელდა ამ მიმართულებით, ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს კრემლს და პუტინის რეჟიმს.

ასევე, პუტინის პირადი გარემოცვის დასანქცირება, რომლებიც უშუალოდ არიან პუტინთან დაკავშირებულები, გამოიწვევს შიდა პრობლემებს კრემლში. მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს აღმოაჩნდეთ გეგმა B, რომლის მიხედვითაც პუტინის გარეშე მათი უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი, რომ უარეს პანიკაში არ ჩავარდნენ.

  • რაზეა დამოკიდებული ამ სანქციების ეფექტურობა? 

აქ საუბარია, რამდენად ერთმნიშვნელოვნად შეფასდება ეს სანქციები რუსეთში. საუბარია ასევე რუსეთის გათიშვაზე საერთაშორისო საფინანსო ქსელებიდან, რაც ჯერჯერობით არ მომხდარა, მაგრამ თუ მოსკოვში დაიჯერებენ, რომ ნამდვილად აღარაფერზე უკან აღარ დაიხევს დასავლეთი, მაშინ ჩვენც უნდა მოველოდეთ იმას, რომ გარკვეული ცვლილებები დაიწყება.

მაგალითად, „ნორდ სტრიმ 2-ის“ შეჩერება არის კარგი მაგალითი, რომ ის კი არ გაუქმდა, არამედ შეჩერდა. გააჩნია, როგორ იფიქრებენ ახლა რუსეთში, ეს შეჩერება შესაძლოა შეწყვეტით დასრულდეს, თუ რაღაც პერიოდს გადააგორებენ და შემდეგ განახლდეს.

ახლა მთავარია, რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება დასავლეთის ერთიანობა და ამ პროცესის უწყვეტობა კრემლისთვის. თუ ეს ორი ფაქტორი სახეზეა და კრემლმა დაიჯერა დასავლეთის ერთიანობის მუდმივობა, რომ, მაგალითად, სანქცირების რეჟიმი უწყვეტია და ეს გაგრძელდება საბოლოო შედეგების დადგომამდე, ანუ აღიარების უკან წაღებაზე, ჯარის გაყვანაზე, მაშინ, რა თქმა უნდა, სრულიად სხვანაირად დაიწყებს კრემლი მოქმედებას და ამასობაში, პუტინს ძალაუფლებაც შემოეცლება.

  • ფეისბუქში წერდით, რომ „პუტინი წააგებს ამ ომს, ის მწარედ დაისჯება, მაგრამ სად გადის ზღვარი?“. საინტერესოა, სად არის ზღვარი ამ პროცესში? 

რა თქმა უნდა, საფიქრალია, რა იქნება მსხვერპლი, რასაც კრემლი მოითხოვს. მთავარი ამოცანა ახლა არის ის, რომ შეჩერდეს ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგი ფაზა, რაც ჯერჯერობით სახეზეა. მაგრამ სანქციების სიმკაცრესა და დასავლეთის ერთობაზე იქნება ეს დამოკიდებული. არანაირი ბზარი ამ ერთობაში არ უნდა გამოჩნდეს. როგორც კი ეს ბზარი გამოჩნდება, რუსეთი მაშინვე გადავა სამხედრო აგრესიაზე.

  • რამდენად გართულდება პუტინის უკან დახევა ახლა – დონეცკის და ლუგანსკის აღიარების შემდეგ? 

რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე გადაწყვეტილებები აქვს პუტინს მისაღები. 2008 წელსაც ამას განვიხილავდით, რომ ყველაზე მძიმე იყო ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება არა თავად ამ ფაქტის გამო, რომ აღიარება მოხდა, არამედ იმის გამო, რომ ასეთი ფაქტის უკან წაღებაა ყველაზე რთული, განსაკუთრებით იმ ტიპის მმართველისთვის, როგორიც პუტინია. ძალიან სერიოზული მიზეზები სჭირდება ახლა პუტინს იმისთვის, რომ ეს აღიარებები უკან წაიღოს. ეს ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სამხედრო შენაერთების გაყვანა იქიდან, აღიარების უკან წაღება იქნება ბევრად უფრო მძიმე პუტინისთვის პოლიტიკურად, ვიდრე ჯარის გაყვანა. მას ყველა საბაბი უნდა მისცეს დასავლეთმა ამისთვის, რომ უფრო მეტი საფრთხე დაინახოს, ვიდრე ეს არის რეპუტაციის შელახვა.

  • რამდენად შეიძლება შეიცვალოს ევროკავშირის და ნატოს მიდგომა – ზელენსკიმ მიუნხენის სამიტზე ხაზი გაუსვა იმას, რომ ღია კარზე უფრო მნიშვნელოვანი კონკრეტული გადაწყვეტილებებია. 

მე არ ველოდები მადრიდის სამიტზე, ნატოს შესასვლელში, წითელი ხალიჩის დაგებას, თუმცა ახლა ვითარება სწორედ იმ დინამიკაშია, როდესაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ზუსტად ისე, როგორც 2001 წელს, როცა არავინ ელოდა ნატოს ფართომასშტაბიან გაფართოებას, მაგრამ შემდეგ იყო 11 სექტემბერი და უცებ ამდენი სახელმწიფო მიიღეს ნატოში.

ასე, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამ საქმეში ყველაზე დიდი მოკავშირე ჩვენთვის არის პუტინი, მის  მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ექსტრემალურ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს ნატოს შემდგომი გაფართოება. მე არ გამოვრიცხავ ამას მადრიდის სამიტზე, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით ეს ერთობა, რა თქმა უნდა, არ არსებობს.

  • რა შეიძლება მოხდეს, მათ შორის, საქართველოში, თუ რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას უკრაინაში ვერ შეაჩერებს დასავლეთის სანქციები?

უკრაინა თუ დამარცხდა ამ ომში, აი, გამოთქმა არსებობს: „ქათამმა თქვა, ძროხა დაკლეს და მეც დამაკლესო“, ჩვენც ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, მაგრამ ეს არ არის ის სცენარი, რომელიც დღეს ლეგიტიმურია განსახილველად.

მთავარი სხვაობა, რაც ახლა 2008 წელთან არის – დასავლეთმა დაიჯერა და საჯაროდ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ უკრაინის მარცხი მათი მარცხია. მათ დაიჯერეს და საუბრობენ ამაზეც, რომ მოსკოვი კიევში სინამდვილეში ომობს ვაშინგტონთან, ბრიუსელთან, ლონდონთან და არა კიევთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა. ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მაღალია რისკები მათთვის და ეს რისკები გაცნობიერებულია. ეს რისკები კი, კიდევ უფრო შეუძლებელს ხდის მარცხის ალბათობას.

  • იზიარებთ მოსაზრებას, რომ საქართველო არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც რუსეთმა წააგო საინფორმაციო ომი? თუ ეს ასეა, რას აჩვენებს საქართველოს პოზიციები დღეს – ვგულისხმობ საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში პოზიციონირებას. 

რა თქმა უნდა, ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან 2008 წლის გაკვეთილი, სამწუხაროდ, დიდი ხნის დაგვიანებით, მაგრამ ახლა ისწავლა დასავლეთმა.

ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლების ქცევა არის აბსოლუტურად არაადეკვატური და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშიც კია. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ის, რომ ფუნდამენტური სიგიჟე, ძალიან დიდი შეცდომა არ ჩაიდინოს კობახიძის იდეოლოგიით ქვეყნის პრემიერმა. ამასობაში, იმედია, არჩევნებიც მოგვისწრებს და იმედია, გვეშველება.

  • რა შეიძლება იყოს ეს „ძალიან დიდი შეცდომა“? 

უკიდურეს სიტუაციაში ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის ნეიტრალიტეტზე პოზიციონირებით, ნატოზე უარის თქმა და სხვა ტიპის პოზიციონირება. ეს არის მაქსიმალური პრობლემა, რაც შეიძლება ჩვენ უახლოეს მომავალში დაგვიდგეს. ამაზე დღეს საუბრობენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები, თუმცა კარგად ვიცით, ვინ დგას მათ უკან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: