მთავარი,სიახლეები

რა აწუხებთ სტუდენტებს, რომლებიც შშმ პირები არიან

22.02.2022 • 2177
რა აწუხებთ სტუდენტებს, რომლებიც შშმ პირები არიან

მიხეილი, ანასტასია და ნიკო სტუდენტები არიან. სამივე მათგანი აჭარაში სწავლობს, სამივე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. „ბათუმელებთან“ სტუდენტები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან საჯარო სივრცეებში.

  • „ვერ ავდივარ ბიბლიოთეკაში“ – მიხეილი, 21 წლის 

მიხეილ პაპუნიძეს 12 წლიდან აქვს შშმ პირის სტატუსი. ახლა ის 21 წლისაა და ბსუ-ში კომპიუტერული მეცნიერების სპეციალობის IV კურსის სტუდენტია. უნივერსიტეტში 70% გრანტი აქვს, სწავლის საფასურის დარჩენილ 30%-ს კი საქართველოს განათლების სამინისტრო უფინანსებს.

მიხეილი

მიხეილი სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრია, ცდილობს აქტიური სტუდენტი იყოს. მისი თქმით, უნივერსიტეტში მისი მთავარი გამოწვევა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და სააქტო დარბაზია, რითაც ვერ სარგებლობს. იხსენებს, რომ  როცა უნივერსიტეტში გამართულ თამაშებში – „რა? სად? როდის?“ მონაწილეობდა, სააქტო დარბაზში მოხვედრა მისთვის რთული აღმოჩნდა.

„ჩემთვის ბსუ-ში სწავლა ყველაზე მოსახერხებელი იყო, რადგან ბათუმში ვცხოვრობ და სხვა ქალაქში რომ ჩამებარებინა, ვერავინ მიმიყვანდა უნივერსიტეტში ყოველ დღე. ახლა ონლაინ ვსწავლობ, მაგრამ როცა უნივერსიტეტში დავდიოდი, მამას დავყავდი უნივერსიტეტამდე, რადგან ჯერ ელექტროეტლი არ მქონდა, უნივერსიტეტში კი ლიფტს ვიყენებდი. გამიმართლა, უნივერსიტეტში ლიფტი დამხვდა.

პირველ სართულზე ბუფეტია, იქ ვერ ჩავდივარ… შეკრებებისთვის თავისუფალი სივრცეა, ვერც – იქ. ვერ გადავდივარ პირველ კორპუსში, ვერ ავდივარ ბიბლიოთეკაში და ა.შ.

ძირითადად ლიფტით ვსარგებლობ, სულ რამდენჯერმე მომიწია სხვებისთვის მეთხოვა დახმარება შენობაში შესასვლელად, როცა ლიფტი არ მუშაობდა“, – ამბობს მიხეილი.

მან გვითხრა, რომ ბსუ-ში სწავლა მოსწონს, თუმცა სწავლის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება შეიძლება:

„სასურველია, ბსუ-ს სწავლების სისტემაში მეტი მიმართულება და კადრი იყოს, რაც სწავლის ხარისხსაც გააუმჯობესებდა. კომპიუტერული ტექნოლოგიები სულ ვითარდება და მნიშვნელოვანია, ჩვენც ავყვეთ განვითარების ტემპს“.

ბათუმში კორპუსს, სადაც მიხეილი ცხოვრობს, პანდუსი არ აქვს. კიბით სარგებლობა რომ უფრო იოლი ყოფილიყო, მიხეილის მამამ თავისი ძალებით სახელდახელო პანდუსი მოაწყო, რაზეც ეტლს შედარებით უსაფრთხოდ ატარებს. პრობლემაა ლიფტი მის კორპუსში – ძალიან ვიწროა.

21 წლის სტუდენტს უკვე სამსახურიც აქვს, ზაფხულის შემდეგ პროგრამისტად მუშაობს სამშენებლო კომპანია Elt Building- ში. სამსახურში ყოველდღე დადის და ცდილობს მეგობრებსაც ხშირად შეხვდეს, თუმცა შშმ პირებისთვის ბათუმი არც თუ ისე მეგობრული ქალაქია:

„ქუჩები არ არის ადაპტირებული, არც კორპუსები და ახალ მშენებლობებშიც არ არის გათვალისწინებული პანდუსები. ეს ძალიან დიდი პრობლემაა,“ – გვითხრა მან.

მიხეილი პენსიას იღებს, როგორც შშმ პირი. „ელექტროეტლი მაქვს, უფასო მასაჟის პროგრამით ვსარგებლობ, წამლებისთვის გამოყოფილი ჩვენი ვაუჩერი უფრო მეტი რომ იყოს, ძალიან დაგვეხმარებოდა და გაგვიმარტივდებოდა მედიკამენტების შეძენა“, – ამბობს მიხეილი.

  • „შშმ პირებზე მორგებული სამსახურის პოვნა რთულია“ – ანასტასია, 20 წლის 

ანასტასია სკამკოჩაიშვილი 20 წლისაა, ის ბათუმში ცხოვრობს და წმინდა ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტში სწავლობს ისტორიის სპეციალობის I კურსზე. მისი თქმით, დაბადებიდან აქვს შშმ პირის სტატუსი, მარცხენა ხელის ანომალიის დიაგნოზით.

ანასტასია

„20 წელია, რაც შშმ პირის სტატუსი მაქვს, მარცხენა ხელის ანომალია, თითების განუვითარებლობის დიაგნოზით. პენსია მაქვს მხოლოდ, სხვა სერვისებით არ ვსარგებლობ“ – გვითხრა მან.

ანასტასიამ სკოლა 2 წლის წინ დაამთავრა. რეპეტიტორებთან არ უვლია, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირველ მცდელობაზე არ გაუმართლა, მაგრამ ახლა სასურველ სპეციალობაზე სწავლობს.

„უნივერსიტეტში არ ვარ ნამყოფი, რადგან ონლაინ ვსწავლობ. ონლაინ სწავლებით ბევრ რამეში გარკვევა რთულია, ხან კამერა გათიშული აქვს ლექტორს, ხან მე მაქვს გათიშული და ასე ვერ გაიგებ ბევრ რამეს.

მინდა, რომ აუდიტორიებში განახლდეს სწავლება. სწავლების ხარისხიც გაიზრდებოდა. ძალიან აქტიური ვარ, უნივერსიტეტში სანამ ჩავაბარებდი, ბევრ აქტივობაში ვიღებდი მონაწილეობას, ახლა პანდემიამ შემიშალა ხელი“, – ამბობს ანასტასია.

ანასტასიამ გვითხრა, რომ 16 წლიდან მუშაობს სხვადასხვა ადგილას, თუმცა მისთვის სამსახურის პოვნა არც ისე იოლია. ბოლოს ანასტასია ერთ-ერთ საშაურმეში მუშაობდა.

„მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება მაქვს. ზოგადად, ეს დაბრკოლება მქონდა ძირითადად, რომ შშმ პირის აყვანასთან დაკავშირებით არც თუ ისე მიმღებლები არიან, ამიტომ ხშირად მაქვს დისკომფორტი. შშმ პირებზე მორგებული სამსახურის პოვნა რთულია. მე მინდა, რომ  შეზღუდვები  არ იყოს ჩვენ მიმართ და სხვებისგან არ გამოვიყოფოდეთ.

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, მე ასე მგონია“, – ამბობს ანასტასია.

ანასტასია ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს და თავისუფალ დროს ძირითადად ამ საქმეს უთმობს. ასევე, უყვარს ფოტოების გადაღებაც.

  • „ვიბრძვი, რომ ადაპტირებული ავტობუსი დანიშნონ ჩემს სოფელში“ – ნიკო, 20 წლის 

20 წლის ნიკო ქარცივაძეს ბავშვობიდან აქვს  შშმ პირის სტატუსი.

ნიკო ბსუ-ში ფსიქოლოგიას სწავლობს, მესამეკურსელია. უნივერსიტეტში 50-პროცენტიანი გრანტით ჩააბარა, სწავლის საფასურის ნახევარს კი საქართველოს განათლების სამინისტრო უფინანსებს.

ნიკო

ნიკო სოფელ ახალშენში ცხოვრობს. ჩვენთან იგი სხვადასხვა პრობლემასა და გამოწვევაზე საუბრობს.

აუდიტორიაში მხოლოდ ერთი სემესტრი ისწავლა, შემდეგ კი, კორონავირუსის პანდემიის გამო, უნივერსიტეტი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. ის იხსენებს, რომ უნივერსიტეტში ვერ სარგებლობდა ბიბლიოთეკით, ასევე შეხვედრაზე უნდოდა დასწრება, რაშიც ბევრი ადამიანის დახმარება დასჭირდა, რის გამოც თავი არაკომფორტულად იგრძნო.

„უნივერსიტეტში მამას დავყავდი, შენობა მეტ-ნაკლებად ადაპტირებულია, მაგრამ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, თუნდაც სასადილოში ჩასასვლელის მოწყობა ჩვენთვის“, – გვიყვება ნიკო.

მისი შეფასებით, დისტანციურმა სწავლებამ უარყოფითი გავლენა იქონია სწავლის ხარისხზე – უნდა, რომ სწავლა აუდიტორიებში განახლდეს.

ნიკო დამოუკიდებლად ახერხებს გადაადგილებას ქალაქში, ადაპტირებული ავტობუსის გამოყენებით. მისთვის მნიშვნელოვანია ადაპტირებული ავტობუსი მოძრაობდეს ახალშენი-ბათუმის მიმართულებით, რათა დამოუკიდებლად შეძლოს გადაადგილება, ქალაქში ჩამოსვლა მეგობრების სანახავად და პირადი საქმეების მოსაგვარებლად.

„ვცდილობ, რომ ჩვენთვის [შშმ პირებისთვის] განკუთვნილი უფასო ვარჯიშების კურსი გამოვიყენო, თუმცა ყოველთვის ვერ ვიყენებ, რადგან ჩემი ტრანსპორტირება ცოტა რთულია, ახალშენიდან კი ადაპტირებული ავტობუსი არ დადის.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლად  გადაადგილება შევძლო სოფლიდან. ვიბრძვი, რომ ადაპტირებული ავტობუსი დანიშნონ ჩემს სოფელში.

უნივერსიტეტში მარტივად დავუმეგობრდი სტუდენტებს, ახლაც მაქვს მათთან ონლაინ კონტაქტი, მაგრამ ვერ ვიკრიბებით ხოლმე, რადგან მე ვერ ჩავდივარ ხშირად ბათუმში“, – ამბობს ნიკო.

ნიკოს ფსიქოლოგიის შესწავლა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ჰქონდა გადაწყვეტილი. იგი თავისუფალ დროს ცდილობს, რომ დამატებით მასალებს გაეცნოს თავისი პროფესიის ირგვლივ. მისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი  უნივერსიტეტის წარმატებით დასრულებაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: