„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 26 იანვარს, ქსელის გეგმიური სამუშაოების გამო ელექტროენერგია გაეთიშება ბათუმსა და ხელვაჩაურში მცხოვრები აბონენტების ნაწილს.
კერძოდ, ბათუმში 12:00-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით შეიზღუდება ელექტროენერგია ინასარიძის, ნინოშვილის, ხიმშიაშვილის, კობალაძის, აბუსერიძის, ლორთქიფანიძის, აბაშიძის, ზ. გორგილაძის, გორგასლისა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ზღვისპირა პარკსა და ანგისის დასახლებაში.
11:00-დან 14:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით გაითიშება შუქი აეროპორტის გზატკეცილზე, ფიროსმანისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების ნაწილს, ასევე აბონენტების ნაწილს ანგისის დასახლებაში.
ხელვაჩაურში, ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 12:00 საათამდე შეეზღუდება სოფელ კახაბერში მცხოვრები აბონენტების ნაწილს.
ხელვაჩაურის მერიის ააიპებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. ახალი მერის გადაწყვეტილებით, სამსახურიდან გაათავისუფლეს სასაფლაოების დირექტორი მევლუდ ბოლქვაძე, საფეხბურთო კლუბ “მაჭახელას” ხელმძღვანელი ფარნაოზ თედორაძე და ხელვაჩაურის წყალკანალის დირექტორი ვლადიმერ მიქელაძე. ასევე შეიცვალა მერიის ადმინისტრაციის უფროსი და კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი.
ახალმა მერმა გათავისუფლებული თანამშრომლების ნაცვლად უკვე დანიშნა ახალი კადრები.
ააიპ “ხელვაჩაურის სასაფლაოებს” ირაკლი კარანაძე უხელმძღვანელებს, საფეხბურთო კლუბ “მაჭახელას” სიმონ ზაქარაძე, ხელვაჩაურის წყალკანალს პაატა ზაქარაძე, ბაღების გაერთიანებას ლია გოგიტიძე, ხოლო ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ქარცივაძე იქნება. კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ნატო შერვაშიძე იქნება, რომელიც მანამდე ბაღების გაერთიანებას ხელმძღვანელობდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, გასული წლის ნოემბერში, თანამდებობა დატოვა ხელვაჩაურის მერის მოადგილემ არჩილ ბარამიძემ. ხელვაჩაურის მერმა მის ნაცვლად მოადგილედ მირიან კვირიტიძე დანიშნა, რომელიც მანამდე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობდა.
არჩილ ბარამიძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა, რადგან ოჯახი შექმნა და დასვენება სჭირდებოდა.
“ოჯახი შევქმენი, შესაბამისად დასვენება მჭირდებოდა. წამოვედი, დროებით ვარ სახლში და ოჯახის საქმეებს ვხედავ. ხელვაჩაური ძალიან რთული მუნიციპალიტეტია. დამერწმუნეთ, იქ ორი და სამი წელი მუშაობა ძალიან დამღლელია, ფიზიკურადაც და მორალურადაც. შესაბამისად, მჭირდებოდა ცოტა ხნით დასვენება და წამოვედი. 2012 წლიდან პარტიაში ვარ, შესაბამისად, ახლაც იქ ვარ და ვიქნები სანამ იარსებებს “ქართული ოცნება”, – განმარტა “ბათუმელებთან” არჩილ ბარამიძემ.
ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალმა მერმა, ზაზა დიასამიძემ მთლიანობაში 7 თანამდებობაზე დანიშნა ახალი ხელმძღვანელები.
კოვიდპაციენტების მხოლოდ საავადმყოფოებში მკურნალობა ამ ეტაპზე სახელმწიფოს დღეში 1 მილიონზე მეტი ლარი უჯდება.
2022 წლის 1-ლი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით პერიოდში კოვიდპაციენტების მომსახურებისთვის კოვიდკლინიკებს ბიუჯეტიდან ჯამში 14 399 600 ლარს გადაუხდიან.
სწორედ ამ თანხაზე აქვს ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები 121 სამედიცინო დაწესებულებასთან. ხელშეკრულებების მიხედვით, საავადმყოფოებს თითოეულ საწოლზე დღიურად 120 ლარს უხდიან.
„შესასყიდი მომსახურების მიმწოდებლები – სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი და საწოლ ფონდების რაოდენობა განსაზღვრულია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2022 წლის 18 იანვრის ბრძანებით“, – აღნიშნულია სააგენტოს განაცხადში, რომლითაც მან შესყიდვების სააგენტოს გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის შემდგომ შეთანხმებისთვის მიმართა.
—
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 25 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 87 609, მათგან 4 595 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
იაპონელმა მკვლევრებმა ლაბორატორიულ ტესტებში აღმოაჩინეს, რომ ომიკრონის ვარიანტს შეუძლია უფრო მეტ ხანს გადარჩეს პლასტმასის ზედაპირებსა და ადამიანის კანზე, ვიდრე კორონავირუსის ადრინდელი ვერსიები. უახლესი კვლევებისა და მათი წინასწარი შედეგების შესახებ Reuters-ი წერს.
მკვლევრები განმარტავენ, რომ შესაძლოა სწორედ გარემოსადმი მაღალი სტაბილურობა [უნარი დარჩეს გადამდები] დაეხმარა ომიკრონს, ჩაენაცვლებინა დელტა, როგორც დომინანტური ვარიანტი და ასე სწრაფად გავრცელებულიყო.
მაგალითად, პლასტმასის ზედაპირზე კოვიდის ორიგინალი შტამის გადარჩენის საშუალო დრო 56 საათია, ალფა შტამის – 191.3 საათი, ბეტა შტამის – 156.6 საათი, გამა შტამის – 59.3 საათი და დელტა შტამის – 114.0 საათი. „ომიკრონის“ შემთხვევაში, ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა 193.5 საათს აღწევს [8 დღეს], წერენ მკვლევრები სამეცნიერო სტატიების ელექტრონულ პორტალ bioRxiv-ზე.
მათივე თქმით, გვამების კანის ნიმუშებზე ვირუსის ორიგინალი შტამის გადარჩენის საშუალო დრო იყო 8.6 საათი, 19.6 საათი – ალფასთვის, 19.1 საათი – ბეტასთვის, 11.0 საათი – გამასთვის, 16.8 საათი – დელტასთვის და 21.1 საათი – ომიკრონისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ვარიანტები ზოგადად უფრო მდგრადი იყო ეთანოლის [სპირტის] მიმართ, ვიდრე COVID19-ის ორიგინალი შტამი, ყველა მათგანი მთლიანად ინაქტივირდა კანზე ალკოჰოლზე დაფუძნებული ხელის სადეზინფექციო საშუალებების ზემოქმედებიდან 15 წამის შემდეგ.
„ამიტომ,“ დაასკვნეს მკვლევრებმა, „ძალიან რეკომენდებულია ინფექციის კონტროლის (ხელის ჰიგიენის) პრაქტიკაში გამოყენებული იქნას სადეზინფექციო საშუალებები… როგორც შემოთავაზებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [WHO] მიერ“.
დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით ის პოლიციელი დააკავეს, რომელმაც თბილისის მეტროსადგურში შშმ პირს ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცელებულ კადრებში პოლიციელს ეუბნებიან, რომ პირი, რომელსაც ის სცემს, სმენისარმქონეა და ლაპარაკი არ შეუძლია, თუმცა პოლიციელი არ ჩერდება. რა ევალება პოლიციელს შშმ პირებთან კომუნიკაციისას და როგორი უნდა იყოს პოლიციელთა გადამზადების პროტოკოლი? ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტ ანა არგანაშვილს ესაუბრა.
ანა, უნდა იცოდეს თუ არა პოლიციელმა ჟესტური ენა და თუ არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს ის შშმ პირებთან ურთიერთობისას, ხომ არ იცით, როგორია აქ სახელმწიფოს მიდგომა?
პრაქტიკა ძალიან განსხვავდება იმისგან, რაზეც შს სამინისტრო ოფიციალურად საუბრობს. შსს ბევრი წელია დიდი სიამაყით აქვეყნებს ხოლმე განცხადებებს, რომ გადაამზადეს პოლიციელები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე, გენდერულ საკითხებზე და ასე შემდეგ, მაშინ, როდესაც ჩვენ სხვა რამეს ვხედავთ. ის, რაც გუშინ გავრცელებულ კადრებში ვნახეთ, არათუ არ არის ადეკვატური რეაგირება დანაშაულზე, არამედ გვაჩვენებს, როგორ ჩაიდინა პოლიციელმა დანაშაული. ეს არის ტიპური სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, რადგან პოლიციელმა აარჩია მსხვერპლი.
შსს-ს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ყველაფერი დახურული აქვს. ყველა პროტოკოლი და სტანდარტი იმის შესახებ, როგორ უნდა მოიქცეს პოლიციელი შშმ პირთან. ამიტომ, ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს, რომ დავაკვირდეთ მოვლენებს და მათ რეალურ ქმედებას. ფაქტია, რომ არც ერთი პროტოკოლი და სტანდარტი პრაქტიკაში არ მოქმედებს.
სტანდარტი რას ითვალისწინებს, ვიცით?
ჩვენ რაც გუშინ ვიხილეთ, პროტოკოლი და სტანდარტი კი არა, დანაშაულის შემადგენლობაა. პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ პოლიციის შესახებ კანონით სხვადასხვა მოვალეობა აქვს სამართალდამცველს. მაგალითად, თუ პოლიციელი ხედავს, რომ შშმ პირს, ვთქვათ, საფრთხე ემუქრება, მაგალითად, იმავე მეტროში დგას ისეთ ადგილზე, რომ საფრთხის შემცველია მისთვის, ეს არის ის გარემოება, როცა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გადაარჩინოს.
რაც შეეხება სხვა საპოლიციო ღონისძიებებს, შეიძლება პოლიციელმა არ იცოდეს ჟესტური ენა, მაგრამ ადამიანები ერთმანეთს ჟესტური ენის გარეშეც (სხეულის ენით) ვცდილობთ გავაგებინოთ რაიმე. აქ კი ვხედავთ, რომ პოლიციელს ამის სურვილიც კი არ აქვს. ეუბნებიან, რომ არის 17 წლის მოზარდი, არის შშმ პირი, ვერ მეტყველებს და არც კი ცდილობს, რომ გაიგოს. პოლიციელს ნება არ აქვს, რომ თავის მოქალაქეს მოუსმინოს, დაეხმაროს. ეს არის ამ კადრებში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი – ნების არქონა.
როგორია უცხოური პრაქტიკა, როგორც ვიცი, თქვენ სწავლობდით ამ საკითხებს აშშ-ში.
უცხოურ პრაქტიკას რაც შეეხება, იქ არის ძალიან სერიოზული საზედამხედველო მექანიზმი. ყოველ ასეთს კი არა, ბევრად უფრო მსუბუქ შემთხვევებსაც სწავლობენ – რა გააკეთა პოლიციელმა, როგორ გააკეთა და ასე შემდეგ. შეიძლება პოლიციელმა არ იცოდეს შშმ პირთან კონკრეტულ სიტუაციაში მოქცევა, მაგრამ ის ჯგუფი გაუშვან და გამოიყენონ, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია. რაც მთავარია, სტანდარტები არის ძალიან ღია.
როცა ამბობენ, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს ვებრძვითო, ეს ნიშნავს, რომ ადეკვატური სტანდარტიც უნდა არსებობდეს. მხოლოდ ჩვენთან არის პროტოკოლები გასაიდუმლოებული. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაძლევენ ამ პროტოკოლებზე წვდომას, რომ ვიცოდეთ რა ტიპის სტანდარტებია შემუშავებული შშმ პირების დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად.
ჩვენს გამოცდილებას რაც შეეხება, გვაქვს ერთი მიმდინარე საქმე, რომელშიც ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. ოღონდ ჯერ არ ჩაგვბარებია გადაწყვეტილება და არ ვიცით, როგორ დაასაბუთა მოსამართლემ. ეს არის შემთხვევა, როცა შშმ ბავშვს არ მისცეს ტრანსპორტიდან გადასვლის უფლება, როცა მას საპირფარეშოში უნდოდა გასვლა.
პოლიციელი, რომელიც მოწმის სახით იყო გამოძახებული სასამართლოში, ამბობდა, რომ „მე ნათესავი მყავს შშმ პირი და როგორ შეიძლება მათ ცუდად მოვექცეო“. იმის მაგივრად, რომ ესაუბრა რა იცოდა შშმ ადამიანების უფლებებზე და რა გამოიყენა. აი, ასეა ჩვენთან გაგებული შშმ პირისთვის ადეკვატური სამართალდამცავი ღონისძიებების გაწევა. მოსამართლემ კი საერთოდ არ დაადგინა დარღვევა არც ერთ ნაწილში. ჯერ არ ჩაგვბარებია გადაწყვეტილება და არც ვიცი, რით დაასაბუთა ეს.
ამ კონკრეტული ამბიდან გამომდინარე, ხომ არ აპირებთ შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები გააქტიურებას, რომ მოითხოვოთ როგორც პროტოკოლების გასაჯაროება, ასევე პოლიციელების კვალიფიკაციის ამაღლება ამ მიმართულებით?
სამწუხაროდ, ზოგად მიმართვას აზრი არ აქვს, რადგან იმედი არ გვაქვს, რომ ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. საზოგადოებასთან ძალოვანი უწყებების ურთიერთობა გაუარესდა, იკლო გამჭვირვალობამ და ანგარიშვალდებულებამ.
ჩვენ გვაქვს ცუდი მიმართულება აღებული, მუდმივად ხდება გადაბრალება მსხვერპლზე და გამჭვირვალობის კიდევ უფრო შემცირება. მეტსაც გეტყვით, აღარც კი გვხვდებიან, რომ ჩვენი, უფლებადამცველების აზრი მოისმინონ. მათ აქვთ გამოცხადებული ასეთი მიდგომა, რომ ყველაფერი იციან და შეცდომებს არ უშვებენ. ამიტომ ახლა ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელზეც დარღვევა არ დაადგინა მოსამართლემ, რადგან ესეც ერთ-ერთი მძიმე საქმეა და გვექნება მყისიერი რეაგირება.
როგორც ვიცით, შშმ მოზარდზე მოძალადე პოლიციელი დააკავეს. საკმარისია ეს სიტუაციის შესაცვლელად?
რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ პოლიციელის დაკავებით არ უნდა დასრულდეს ეს ამბავი – სხვა პოლიციელებიც ჩაიდენენ იმავეს ან უარესს. რადგან გაუქმდა საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულება, პოლიციელისთვის არავის უსწავლებია როგორ მოიქცნენ, ბოლოს და ბოლოს, ერთი პოლიციელი იყო ლუკა სირაძის საქმეშიც ხომ, რაიმე შეიცვალა? ინდივიდუალური რეაგირება აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი.
გუშინდელ ამბავს რაც შეეხება, ამ ბავშვმა საერთოდ ვერ გაიგო პოლიციელს რა უნდოდა მისგან. რატომ მოკიდა ხელი და ძალით რატომ წაიყვანა სადღაც. ვერც ის გაიგო, რატომ სცემდნენ და ვერც ის, რას მოითხოვდა მისგან პოლიციელი, რა უნდა გაეკეთებინა. თუ პოლიციელი იტყვის, რომ დაუმორჩილებლობა იყო, რაზე დაუმორჩილებლობა? ხომ უნდა მიმხვდარიყო ეს ბიჭი, რას ითხოვდა პოლიციელი მისგან?
დღეს, 25 იანვარს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემაში ის პაციენტებიც აისახებიან, რომლებსაც კორონავირუსის ტესტი საერთოდ არ გაუკეთებიათ, თუმცა 112-ს მიმართეს და ოჯახის ექიმთან ჰქონდათ კომუნიკაცია.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კოვიდ გადატანილის სტატუსი იმ პირებს მიენიჭებათ, ვისაც ტესტირების შედეგად კორონავირუსი 1 დეკემბრამდე დაუდასტურდათ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო სისტემაში მათი პასუხი არ ასახულა.
NCDC-ი ამ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და წერს, რომ აღნიშნული პირები კოვიდგადატანილის სტატუსითა და „მწვანე ბარათით“ ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) აღნიშნულ პირებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეტყობინება აქვთ გაკეთებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში;
ბ) COVID19-ის დიაგნოზით გადიოდნენ მკურნალობის კურსს სტაციონარში და/ან სასტუმროში;
გ) იმყოფებოდნენ ბინაზე და სამედიცინო მეთვალყურეობას გადიოდნენ ოჯახის/დაზღვევის ექიმთან, რის შესახებაც ინფორმაცია ასახულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ელექტრონულ ბაზაში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განმარტებით, ამირან გამყრელიძე ეყრდნობოდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ნორმატიულ დოკუმენტს, კერძოდ მინისტრის 11 იანვრის N01-9/ო ბრძანებას, რომლითაც დარეგულირებულია იმ პირებისთვის კოვიდგადატანილის სტატუსის მინიჭება, ვისაც 2021 წლის 1-ელ დეკემბრამდე რიგი მიზეზების გამო არ აქვთ ბაზაში ასახული ტესტის დადებითი პასუხი.
ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პუნქტის შესაბამისად დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობის შემთხვევაში, სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნულ პირებზე დამატებითი დეტალების დაზუსტებას, მონაცემების რეგისტრაციას და სისტემაში ასახვას.
„არა მილიციას“ – ამ მოწოდებით საპროტესტო აქცია დღეს, 25 იანვარს, თბილისის პარალელურად ბათუმშიც გაიმართა. აქციაზე პოლიციელების მხრიდან თბილისის მეტროში შშმ ბიჭზე ძალადობა გააპროტესტეს და ის, რომ უმეტეს შემთხვევაში სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაული გამოუძიებელი რჩება.
თბილისის მეტროში პოლიციელების მხრიდან შშმ მოზარდზე ჩადენილი სავარაუდო ძალადობის შემთხვევაზე დღეს 2 პოლიციელი დააკავეს.
„ძალიან ვწუხვარ ამ ფაქტის გამო. ვაპროტესტებ პოლიციელების უკანონო მოქმედებას და საერთოდ ხელის აწევას ადამიანზე. არ არსებობს სიტუაცია, რომლის განმუხტვა არ შეიძლებოდეს დალაპარაკებით და მდგომარეობის გათვალისწინებით… პოლიციელმა უნდა იცოდეს, რომ ის არის ადამიანების დამცველი და არა დამსჯელი,“ – ამბობს შორენა ჩიქოვანი, პარტია „ლელოს“ წევრი.
ბათუმის აქციის ორგანიზატორი „ლელოს“ ახალგაზრდული ფრთა იყო. აქციას სხვა პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო მოძრაობებიც შეუერთდნენ.
„გადაიყვანენ ახლა ამ პოლიციელებს დაცვის სამსახურში დროებით და მერე ისევ დააბრუნებენ, დასჯილი ვინ გინახავთ?“ – კითხულობს კახა ჯაიანი. ის პროფესიით იურისტია და მიიჩნევს, რომ პოლიციელებისთვის უკვე ფიზიკური ძალადობის მუხლითაც უნდა წარედგინათ ბრალი.
თბილისის მეტროს შემთხვევაზე დაკავებულ ერთ პოლიციელს გამოძიება დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობას ედავება, მეორეს – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. საუბარია გავრცელებულ კადრებზე, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს პოლიციელი არასრულწლოვანს. ჩანაწერის მიხედვით, ახალგაზრდის თანმხლები პირი პოლიციელს ეუბნება, რომ „ის ყრუ-მუნჯია და ხელი გაუშვას”, რაზეც სამართალდამცველი პასუხობს: „რომ ავალაპარაკო ახლა?”.
აღნიშნულის შემდეგ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ პოლიციელს ახალგაზრდა კაცი ოთახში შეჰყავს და ფიზიკურად უსწორდება მას.
„პირველ რიგში, თავად ხელისუფლების მოქმედება უნდა იყოს კანონის ფარგლებში მოქცეული, მაშინ ექნება გამოძიებას შედეგი,“ – მიიჩნევს კახა ჯაიანი.
„ხელისუფლებას არ აწყობს პოლიციელების დასჯა, რადგან ისინი ძირითადად ზონდერებად ჰყავთ. ეს წინა ხელისუფლებამ დაიწყო თუ იმის წინამ, მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩანს, რომ დღესაც პოლიტიზებულია პოლიცია და ნებისმიერი სექტორი,“ – გვითხრა მამუკა ქობულაძემ, ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინსტრუქციის თანახმად, ვისაც გქონდათ კონტაქტი ინფიცირებულთან:
შეწყვიტეთ დაუცველი კონტაქტი დაავადებულთან; დაუყოვნებლივ გადადით თვითიზოლაციაში/კარანტიში 8 დღით და აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი მომდევნო 9 – 12 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ:
არ ხართ ან არასრულად ხართ აცრილი
მე-2 დოზის მიღებიდან არ არის გასული 14 დღე
მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღე
კოვიდის გადატანიდან გასულია 60 დღეზე მეტი
NCDC-ის ცნობით, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ თვითიზოლაციას/კარანტინს არ ექვმდებარებით, თუ:
გაკეთებული გაქვთ ბუსტერი
ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 14-90 დღე
კოვიდის გადატანიდან არ არის გასული 60 დღე
თუმცა აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში, მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას.
NCDC: საჭიროებისას, მოქალაქეებმა ტესტირებისთვის უნდა მიმართონ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით; უსიმპტომო პაციენტებს, ვისაც ანტიგენის სწრაფი ტესტით დაუდასტურდებათ COVID19 ინფექცია, ასევე სიმპტომიან პაციენტებს, რომლებსაც ანტიგენის სწრაფი ტესტით არ დაუდასტურდებათ COVID19 ინფექცია, დამატებითი ტესტირება PCR მეთოდით ჩაუტარდებათ ოჯახის ექიმის დასკვნის საფუძველზე. ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ტესტირების პუნქტში შესაბამისი სერვისის არსებობის შემთხვევაში, ან ონლაინკლინიკის ოჯახის ექიმებთან სატელეფონო კომუნიკაციის გზით.
„ორ თვეზე მეტი გავიდა ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან, თუმცა საზოგადოებამ დღემდე არ იცის გამოძიების შედეგების შესახებ. არ ვიცით, ვინ არის ის ერთი კაცი, რომლის შესახებაც ისმის ჩანაწერებში და რომლის სახელითაც ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლა მიმდინარეობდა“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ დღეს, 25 იანვარს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან, ნუგზარ ფუტკარაძე, თვითმმართველობის არჩევნებიდან ორ კვირაში გარდაიცვალა. 24 ნოემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა აუდიოფაილი და მმართველი პარტია მასზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
პარტიის ლიდერების მტკიცებით, მმართველი პოლიტიკური პარტია თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის უშუალო ჩართულობით და აბაშიძის ხელისუფლების პოლიციელების – ბადრი ბაკურიძის და ვაჟა თაბაგიძის მონაწილეობით საკრებულოს წევრის მოსყიდვას აპირებდა 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ.
აუდიოჩანაწერში ისმის, როგორ სთხოვენ ნუგზარ ფუტკარაძეს დამოუკიდებელ დეპუტატად ყოფნას და საშუამავლო თანხის 20 პროცენტს. თუ ნუგზარ ფუტკარაძე დათანხმდებოდა „ნეიტრალობას“, ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოში მოპოვებულ უმრავლესობას კარგავდა.
„ამ ფაქტმა ცხადყო, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი, მსგავსი შედეგის დადგომაც კი დაუშვა. სიმბოლურია, რომ ამაში სწორედ ის ხალხი გამოიყენა, რომლებიც ყოველთვის ყველაზე ბინძურ საქმეს აკეთებდნენ ასლან აბაშიძის ხელისუფლების დროს და ეს იცის მთელმა ბათუმმა. ვგულისხმობ ბადრი ბაკურიძეს და ვაჟა თაბაგიძეს“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ ბრიფინგზე.
დღეს მირდატ ქამადაძე გამოეხმაურა ასევე პრემიერს, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა კრიზისი დაძლეულია.
„იმ ფონზე, როდესაც ეს საქმე თაროზეა შემოდებული, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვეული ირონიითა და ცინიზმით გამოგვიცხადა, რომ ქვეყანაში ყველა კრიზისი ამოწურულია. ჩვენ გვაინტერესებს, რა ხდება ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე, რა ეტაპზეა გამოძიება?“
ენმ-ს მტკიცებით, აბაშიძის ხელისუფლების პოლიციელებთან შეხვედრა ნუგზარ ფუტკარაძემ თვითონ ჩაწერა 11 ნოემბერს, მანამდე კი, რამდენიმე შეხვედრა იყო. ოპოზიციური ერთობის ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ, მოსყიდვის და შანტაჟის მცდელობის ფაქტებზე ბრიფინგი ჯერ კიდევ 5 ნოემბერს გამართა.
მირდატ ქამადაძის განცხადებით, „საზოგადოებას აინტერესებს, ვინ არის ის ერთი კაცი, ვისი სახელითაც ახდენდნენ ზეწოლას ნუგზარ ფუტკარაძეზე. ცხადია, ამ ჩანაწერების ავთენტურობას არავინ აყენებს ეჭვქვეშ. მაშინ საქმეს აქამდე რატომ არ მიეცა, სულ მცირე, ქრთამის შეთავაზების კვალიფიკაცია და რატომ არ არიან პასუხისგებაში მიცემული ის პირები? – თუ პრემიერ ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა უკვე ბოლომდე დახურეს ჩალით და ეს მიაჩნია კრიზისის ამოწურვად?“
დღევანდელ ბრიფინგზე მირდატ ქამადაძე შეეხო ასევე ბათუმის იმ სამაჟორიტარო ოლქში ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხს, სადაც ნუგზარ ფუტკარაძემ არჩევნების პირველ ტურში „ოცნების“ კანდიდატი დაამარცხა.
„რამე უნდა გვითხრას ხელისუფლებამ ამ საქმეზე. ეს აინტერესებს არა მარტო ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს, არამედ „ქართული ოცნების“ ნაწილსაც კი, ვისაც მიაჩნია, რომ მსგავსი მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა დაუშვებელია. როგორც ჩანს, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს საქმეც, ისევე როგორც სხვა უამრავი, უკვე ჩაფარცხა და ამ ფონზე ყოველგვარი მორალური ნორმების დარღვევით, ამ ოლქში ხელახალი არჩევნებისთვის ემზადება.
სანამ ხელისუფლება ამ საქმეზე პასუხისგებაში არ მისცემს ყველა სავარაუდო თანამონაწილეს, მას მორალური უფლება არ აქვს, რომ ამ ოლქში კანდიდატი დააყენოს. უნდა ესმოდეს სავარაუდო კანდიდატსაც, რომ ეს მანდატი სისხლშია ამოსვრილი და მას ყოველთვის შეახსენებენ ამას, ვინც არ უნდა იყოს ის“.
ბრიფინგზე მირდატ ქამადაძემ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოს სახალხო დამცველს ამ საქმეზე რეაგირება სთხოვა:
„ჩვენ ელემენტარულს ვითხოვთ, დამნაშავეების დასჯას და ოდნავ მაინც სამართლიან თამაშის წესებს. სხვა შემთხვევაში, კრიზისი უფრო გაღრმავდება. ვითხოვთ რეალურ გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას, სამართლიანობას. ვითხოვთ ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების და ღირსების დაცვას. და ეს ის მინიმალური სტანდარტი დემოკრატიისა, ამაზე ჩვენს ქვეყანაზე მეტად ჩამორჩენილ ქვეყნებშიც კი არ დავობენ.“
დღეს, 25 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხრეს, მაშინ, როცა ყველა ობიექტი ღიაა, რატომ არ აქვთ სტუდენტებს აუდიტორიებში სწავლის შესაძლებლობა?
ამირან გამყრელიძის თქმით, ამაზე გადაწყვეტილებას თავად უნივერსიტეტები იღებენ.
„უნივერსიტეტებს აქვთ ავტონომია, ამიტომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციას ვაძლევთ. ჩვენი რეკომენდაცია ყოველთვის იყო ის, რომ უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები შედარებით კარგად იყვნენ აცრილი, ბევრ უნივერსიტეტში ორჯერადად არიან აცრილი, ამიტომ ამ შემთხვევაში უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება,“- განაცახადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება სკოლებს, გამყრელიძის თქმით, აქ ისევ მოქმედებს პრინციპი, რომ შეზღუდვების შემთხვევაში ყველაზე გვიან დაიხურება სკოლები და ყველაზე ადრე გაიხსნება.
„თუ შეზღუდვები წესდება, ეს სკოლებს უნდა შეეხოს ყველაზე გვიან. რადგან თუ პანდემიაში ვინმემ ზიანი განიცადა, ეს, პირველ რიგში, განიცადა სკოლამ.
ჩვენი მხრიდან გაკეთდა ანალიზი, მოყვანილი იქნა მონაცემები, რამდენი კლასია გადასული ონლაინზე, რამდენი ბავშვია ინფიცირებული და ჯერჯერობით ისევ გადაწყდა დაკვირვება,“- თქვა ამირან გამყრელიძემ.
25 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ცირკულირებს როგორც დელტა, ასევე ომიკრონის ქვედა ორი შტამიც.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე [ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელ ბეღლეთთან] ჩამოწვა მეწყერი, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დეპარტამენტის განცხადებით, „ჩამოსულმა მასამ შეადგინა დაახლოებით 15 000 კუბი“.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება სოფელ ბოძაურისა და ტაბახმელას შემოვლითი გზით მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით.
ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება [25 იანვრის 12:45 სთ.] და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გასტანს. გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა კვლავ გადმოერთვება ცენტრალურ გზაზე.“ – აცხადებს დეპარტამენტი.
განახლება: საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ 25 იანვრის საღამოსთვის გზის დამეწყრილი ადგილი გაწმენდილია, თუმცა, აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა გეოლოგების დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც შეისწავლიან ამ ადგილს.
დღეს, 25 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კოვიდ პაციენტების სამედიცინო კვლევებზე ისაუბრა. პაციენტების გამოკვლევებს სახელმწიფო მხოლოდ იმ შემთხვევაში დააფინანსებს, თუკი ოჯახის ექიმი მიიჩნევს, რომ გამოკვლევები აუცილებელია.
„პროტოკოლი, რომელიც ჩვენ გვაქვს კოვიდის მართვისთვის, განახლდა დეკემბრის ბოლოს. აქამდეც და ახლაც ლაბორატორიული კვლევები ამბულატორიულ პირობებში ინიშნება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით.
ხშირად არის ისე, რომ კლინიკური მდგომარეობა არ მიუთითებს გამოკვლევების აუცილებობაზე. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას ოჯახის ექიმი პაციენტს აცნობებს და სთხოვს მას, რომ გააგრძელოს მკურნალობა ბინაზე, დამატებითი გამოკვლევების გარეშე,“ – ამბობს თამარ გაბუნია.
გაბუნიას თქმით, მიმდინარე კვირაში გააქტიურდა 102 კოვიდკლინიკა და ქვეყანაში სულ არის 2500 ოჯახის ექიმი, „რომლებიც გადანაწილებული არიან როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კლინიკებში და სადაზღვევო ქსელში.
გარდა ამისა, მუშაობს ცენტრალური ონლაინკლინიკა 15-22 სახით, ზარების რაოდენობა გუშინ იყო 5 600, რაც გარკვეულწილად არის რეკორდული რაოდენობა და აქაც გაორმაგდა ექიმების რაოდენობა. ჯერჯერობით დაყოვნების რაოდენობა არის წუთი – სამი წუთი.
თუმცა ამ ეტაპზე ოჯახის ექიმები აკეთებენ პრიორიტეტული ზარის გამოყოფას, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტი არის 65 წელს ზემოთ, აქვს ქრონიკული დაავადება და ჩვენთვის მთავარი ცვლილება მალე იქნება ის, რომ თითოეული ოჯახის ექიმი მართავს მასთან რეგისტრირებულ მოსახლეობას, თუ მას გამოუვლინდა კოვიდი,“ – ამბობს გაბუნია.
იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებული ვერ მოხვდა პრიორიტეტული პაციენტების სიაში, მას შეუძლია თავად დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს.
25 იანვრის მდგომარეობით დადასტურდა კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა 42 პაციენტი.
პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებით, ბათუმის საკრებულოში ნინო ბაციაშვილს ნატალია ძიძიგური შეცვლის. ბაციაშვილმა საკრებულოს დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა თავის ფეისბუქგვერდზე.
ნინო ბაციაშვილი ამბობს, რომ გიორგი გახარიას პარტიას არ ტოვებს, თუმცა სპორტული საქმიანობიდან გამომდინარე საკრებულოში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს.
რაც შეეხება საკრებულოს ახალ წევრს, პარტიული სიის მიხედვით ბათუმის საკრებულოში თამილა ფაღავა უნდა შესულიყო, თუმცა როგორც პარტიის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა ირაკლი მიქელაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, თამილა ფაღავას „პარტიაშიც ბევრი საქმე აქვს“.
„შევიკრიბებით აჭარის ბორდი და მივიღებთ გადაწყვეტილებას. თამილა პარტიის აღმასრულებელი მდივანია და საქმე აქვს თავსაყრელად, არ ვიცით რამდენად შეძლებს ორივე საქმეს გაუმკლავდეს. თამილასაც უნდა დაველაპარაკოთ,“ – ამბობს ირაკლი მიქელაძე.
გახარიას პარტიის ყოფილი წევრების თქმით, ირაკლი მიქელაძე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალურ მოძრაობას“ დახმარების სანაცვლოდ სთხოვდა აჭარის პარტიული ორგანიზაციის მოქმედი აღმასრულებელი მდივნის – თამილა ფაღავასთვის ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობას, რაზედაც ოპოზიციური კოალიციისგან მკაფიო უარი მიიღო, თუმცა ირაკლი მიქელაძე ამ ფაქტს უარყოფს.
„თამილა ფაღავას იმდენი მტერი ჰყავს, რამდენიც მე,“-ამბობს მიქელაძე.
რაც შეეხება ბაციაშვილს, ირაკლი მიქელაძე მასზე ზეწოლის ფაქტს უარყოფს. „ზეწოლა არ ყოფილა ბაციაშვილზე, ძალიან ბევრი საერთაშორისო ტურნირი დაემატა, საქართველოს ნაკრებშიც ბაციაშვილი ერთ-ერთი ლიდერია, აპირებდა ნაკრებიდან წამოსვლას, მაგრამ მისი შეცვლა ვერ მოხდა, ამიტომ იძულევბული გახდა, საკრებულო დაეტოვებინა.“ – ამბობს ირაკლი მიქელაძე.
იმისთვის, რომ ნატალია ძიძიგური საკრებულოს წევრი გახდეს, ჯერ ბათუმის საკრებულომ ნინო ბაციაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უნდა იმსჯელოს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზას გაიკეთებენ, სახელმწიფო 100 ლარით წაახალისებს.
„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მომატებულია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა ადამიანი ტესტირებას გადის, სწორად მიუთითოს მონაცემები, რადგან შემდგომში არ გართულდეს მასთან დაკავშირება,“- ამბობს გიორგი ღიბრაძე, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი.
25 იანვრის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით გასულ დღე-ღამეში 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ვირუსის 15 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დანაშაულებრივი ქმედების შესანიღბად, 2022 წლის 21 იანვარს, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, განახორციელეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირება.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 27 540 კოლოფი უაქიციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 121 000 ლარს აღემატება.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
25 იანვრის დილის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 608 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში აჭარაში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის აჭარაში 632 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოებში, 132 კი მძიმე პაციენტია.
რეგიონში 49 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.
679 პირი იმყოფება ბათუმის კოვიდსასტუმროებში.
აჭარაში ბინაზე ანუ ონლაინკლინიკაში 4 642 ადამიანი მკურნალობს კორონავირუსზე.
—
25 იანვრის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ვირუსის 15 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
მთავარი ფოტო: რიგი ტესტირებაზე ბათუმის N1 პოლიკლინიკაში / 25.01.2022
25 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ვირუსის 15 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ამ დროისთვის საქართველოში:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 075 154 , ბოლო 24 საათში – 15 762
მათ შორის, გამოჯანმრთელებული – 972 745 , ბოლო 24 საათში – 5 160
მათ შორის, გარდაცვლილი – 14 774 , ბოლო 24 საათში – 42
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 74 200, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 51 865, PCR ტესტით – 22 335
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 21,24%, ბოლო 14 დღის – 14,15%, ბოლო 7 დღის – 18,01%
სულ აცრილია – 2 667 808, დღიურად აცრილია – 8 634
კარანტინის რეჟიმში – 30
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 595
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2 064
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 357 შემთხვევა, აჭარაში – 1 608, იმერეთში – 1 907, ქვემო ქართლში – 727, შიდა ქართლში – 794, გურიაში – 290, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 721, კახეთში -626, მცხეთა-მთიანეთში – 376, სამცხე-ჯავახეთში – 282, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -74.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 87 609, მათგან: 4 595 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 938, აჭარაში – 632, იმერეთში – 915.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 963 პირი, მათ შორის, თბილისში – 379, აჭარაში – 132, იმერეთში – 262.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 283 პირი, მათგან თბილისში – 148, აჭარაში – 49, იმერეთში – 27.
2 064 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 220 – თბილისში, 679 – აჭარაში.
80 950 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბათუმის საკრებულოს წევრმა გიორგი გახარიას პარტიიდან – „საქართველოსთვის“ ნინო ბაციაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ის ბათუმის საკრებულოს ტოვებს, თუმცა პარტიიდან არ მიდის. ჭადრაკში დიდოსტატი ბაციაშვილი ამბობს, რომ პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ქვეყანას ტოვებს.
„ვიცი, ბევრისთვის მოულოდნელობა იყო ჩემი პოლიტიკაში შემოსვლა და ასევე მოულოდნელი იქნება ის გადაწყვეტილება, რაზეც ახლა მოგახსენებთ. თუმცა ჩემი, როგორც მოქმედი მოჭადრაკის სვლები, განპირობებულია პოზიციური გარემოებებით და უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით.
ჩემი მიზანი იყო და რჩება ჩემი წვლილი შევიტანო დღეს საქართველოში პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს შესაცვლელად, საზოგადოების ერთიანობის და მოქალაქეების ერთმანეთთან დაახლოებისათვის.
ქალაქის კეთილდღეობისთვის ჩემი წვლილის შეტანის, მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, სიღარიბის აღმოფხვრის, ეკოლოგიის გადასარჩენად – ვიყარე კენჭი პარტია საქართველოსთან ერთად გასული წლის არჩევნებზე და მოვხვდი ბათუმის საკრებულოში. სწორედ, პარტია “საქართველოსთვის” მესახება იმ ძალად, რომელიც დარწმუნებული ვარ გადამწყვეტ როლს შეასრულებს ქვეყანაში პოლარიზების შემცირებაში, და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენც გვეღირსება ევროპული ტიპის დემოკრატიული, კოალიციური მმართველობა“, – წერს ფეისბუქზე ნინო ბაციაშვილი.
ის ამავე პოსტში ამბობს, რომ გახარიას პარიის წევრად რჩება, თუმცა ქვეყანას პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ტოვებს.
„მე, რა თქმა უნდა, სადაც არ უნდა ვიყო, გავაგრძელებ ამ ღირსეულ ადამიანებთან ერთად ბრძოლას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით. გამარჯვებით – რომლის მიზანიც მხოლოდ ძლიერი ქართული სახელმწიფო და საქართველოს მოქალაქეებია.
ასევე, ჩემი საჭადრაკო კარიერა, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვას მთელს მსოფლიოში, ხშირად მოითხოვს – სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობის მიზნით დავტოვო ქვეყანა.
მე ზუსტად ვაცნობიერებ, რომ ორივე საქმე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამიტომაც არ მსურს, რომელიმე დავაზიანო.
სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო ბათუმის საკრებულო, რადგან:
ბათუმი და ბათუმელები იმსახურებენ საკრებულოს თითოეული წევრისგან მაქსიმალურ ჩართულობას და თითოეული პრობლემის გულთან მიტანას. იმედია, ეს ჩემი გადადგმული ნაბიჯი, კიდევ ერთხელ დააფიქრებს ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას, რომ ამოსავალი უნდა იყოს ჩვენი თანაქალაქელები და ქალაქის ბედი არ უნდა გადავაყოლოთ პოლიტიკურ ქიშპობას, ან პირად სურვილებს!
განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პარტია „საქართველოსთვის“ წევრებზე მიმდინარეობს ენით აღუწერელი ზეწოლა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათი ინტერესების დაცვა ბათუმის საკრებულოში ხდებოდეს აქტიურად და ყველას ძალიან კარგად ესმოდეს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას, პირიქით – ჩვენი პარტია ყოველთვის იდგება ხალხის სამსახურში და ამას ვერაფერი/ვერავინ შეცვლის!“
ნინო ბაციაშვილი ამბობს, რომ მას ბათუმის საკრებულოში გიორგი გახარიას პარტიის სხვა წევრი შეცვლის და ეს წევრი ქალი იქნება.
„ხოლო იქ, სადაც ჩემი ჩანაცვლება ცოტა რთულია, გავაგრძელო ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა ყველა საერთაშორისო ტურნირზე და ამით ჩემი წვლილი შევიტანო ქართული სპორტის ისტორიაში“, – წერს ნინო ბაციაშვილი ფეისბუქზე.
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს მოქალაქეებთან შეხვედრის ამსახველ ვიდეოკადრებს. ამ კადრებში ჩანს ასევე, რომ შეხვედრებს ესწრებიან სამსახურების უფროსები.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, სად უნდა დარეგისტრირდეს მოქალაქე, თუ მას პრობლემა აქვს და მერთან შეხვედრა სურს? ასევე დაახლოებით რა ვადაში ახერხებენ დაინტერესებული მოქალაქეები არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას?
სპეციალური ვებგვერდი – „ვიზიტი ბათუმის მერთან“, რომელიც ყოფილმა მერმა მოქალაქეებთან კომუნიკაციისთვის შექმნა, ლაშა კომახიძის გადადგომიდან მალევე გაითიშა და დღემდე არ მუშაობს. ამ ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეებს თავად შეეძლოთ ჩაენიშნათ შეხვედრა მერთან.
მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეხვედრის დაგეგმვისთვის ორი გზა არსებობს, მოქალაქემ უნდა მიმართოს მერიის სერვისცენტრს საკუთარ ადმინისტრაციულ უბანში და დაარეგისტრიროს მერთან შეხვედრის მოთხოვნა, ან დაუკავშირდეს მერიის მოქალაქეთა მიღების სამსახურს.
ამ შემთხვევაში მერთან შეხვედრის ჩასანიშნად უნდა დარეკოთ მერიის ადმინისტრაციაში – 0422 27 01 19.
ორივე შემთხვევაში დაინტერესდებიან, რა საკითხთან დაკავშირებით გსურთ მერთან შეხვედრა. პრესსამსახურის განმარტებით, შესაძლოა მერთან შეხვედრამდე კონკრეტულმა სამსახურმა შემოგთავაზოთ დახმარება პრობლემის მოგვარებაში. თუმცა, თუ თქვენ მაინც მოითხოვთ არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას, ვიზიტს დაგიგეგმავენ.
მერს მოქალაქეებთან შეხვედრის კონკრეტული დღეები არ აქვს გამოყოფილი. თუმცა მერიაში განგვიმარტეს, რომ შეხვედრა ყოველ კვირაში იმართება. შეხვედრის დროსა და ადგილზე მოქალაქეებს მერიის მოქალაქეებთან ურთიერთობის სამსახური ან შესაბამისი სერვისცენტრი ატყობინებს.
„წამლები უკვე გადავაგდე, ექიმებმა სტენტის ჩასმაც აღარაა საჭიროო… მეოთხე ზამთარია ყოველ დღე ვცურავ ზღვაში, ვცურავ თოვაშიც,“ – ბათუმელი ვაჟა ცისკარაძე გვიყვება, ზღვაზე ზამთრობით ცურვა როგორ დაიწყო. ის თოვლიან პლაჟზე ფეხშიშველი მიაბიჯებს საცურაო შორტებით, თითქოს ცხელი აგვისტოს ერთი მზიანი დღეა ბათუმში და შვილთან – ნიკოლოზთან ერთად მიდის ზღვის არცთუ ისე მშვიდი ტალღებისკენ.
რამდენიმე ადამიანია ბათუმში, ზაფხულის ჩავლის შემდეგაც რომ ზღვაზე რჩება და თოვაშიც ცურავს. თითოეული მათგანი დანანებით გეტყვით, რომ ზღვას სათანადოდ ვერ ვამჩნევთ. ისინი მოგიყვებიან, როგორ დაავიწყათ ზღვამ ცხოვრება მედიკამენტებთან ერთად.
ცურვა მათთვის თოვაშიც სიამოვნებაა და იმიტომ კი არ შედიან ზღვაში, რომ ეს, მაგალითად, ჯანმრთელობისთვისაა მათი აზრით კარგი, არამედ იმიტომ, რომ „გათავისუფლება შეძლეს“.
„ჩვენთან ასეა, ბავშვობაში დავდივართ ზღვაზე, მერე ზაფხულშიც კი აღარ დავდივართ… დედაჩემი ახლაც მომდევს, სად მიდიხარ, რა დროს ბანაობაა, ყინავსო,“ – განაგრძობს ზამთრობით ცურვაზე დაკვირვების გაზიარებას ვაჟა ცისკარაძე. ის 61 წლისაა და ბოლო ოთხი წელია ყველა დღე ცურავს ზღვაში.
ზღვასთან, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოსვლამდე ვაჟა დაახლოებით 8 კილომეტრს დადის ფეხით. ხშირად შვილიც მასთან ერთად ბანაობს. ზამთრის სიცივე არც ბლექს აშინებს. ბლექი ვაჟას ძაღლია, რომელიც განსაკუთრებული ემოციით ხვდება მეგობრების ზღვაში ჩასვლას – თითქოს პირველად შეცურეს ზღვაშიო, ჯერ პლაჟზე მოუსვენრად წინ და უკან დარბის, მერე ისიც ზღვაში მიცურავს.
„ბევრს ჰგონია, რომ ზამთარში ზღვაში ცურვას რამე განსაკუთრებული მომზადება სჭირდება და კოსმიური ენერგია,“ – ამბობს ვაჟა ცისკარაძე და გვაჩვენებს, სხეული როგორ გაუწითლდა ზღვიდან ამოსვლის შემდეგ. – „შეხედეთ, უკვე აღარ მცივა. სადღაც ერთი წუთი სჭირდება, როცა ძალიან გცივა და ეჩვევი, ხურდები… მერე უკვე სიამოვნებაა.
მთავარია, სიზარმაცეს მოვერიოთ, ეს უნდა დავამარცხოთ. ჩვენ ვართ ცოდვა – ზღვა გვაქვს ქალაქში და ვერ ვიყენებთ,“ – ტილოს მხრებზე იფარებს მამა-შვილი.
ვაჟა ცისკარაძე ზღვაში ბანაობის შემდეგნიკოლოზ ცისკარაძე ზღვაში ბანაობის შემდეგ
როდის მოუნდა პირველად ზღვაში თოვის დროს გაცურვა? – ვაჟა ცისკარაძე იხსენებს, რომ ეს მაშინ მოხდა, როცა ჰიპერტენზიამ შეუტია და ბევრი წამალი დაუგროვდა.
„ექიმს არ ურჩევია ზღვაზე წადიო. პირიქით, სისხლძარღვები დავიწროვდება და საშიშიაო. ალბათ, ინდივიდუალურია ესეც. მე ზღვაზე დავიწყე სიარული და გადავაბი… პირდაპირ იანვარში თუ დაიწყებ ცურვას, შესაძლოა, სხეულმა შოკი მიიღოს და მინიმუმ დისკომფორტი იქნება.
როცა აჩვევ ორგანიზმს და შემოდგომაზე აღარ წყვეტ ცურვას ზაფხულის სეზონის შემდეგ, უკვე იოლია ზამთარშიც შეცურო. შარშან, მაგალითად, 12 იანვარს მივიღე „ზაგარი“.
ბევრს უნდა, მაგრამ შემდეგ ტელევიზორთან დაჯდება სითბოში და აღარ სურს გარეთ გამოსვლა. სიზარმაცე გვიტევს ყველას.
განსაკუთრებით ალკოჰოლთან გამოთხოვება გამიჭირდა. ახლაც ვსვამ, მაგრამ ბევრს აღარ, კალოშით და ლამპის შუშით აღარ გამოდის, რა ვქნა?“ – იცინის ვაჟა ცისკარაძე და ძაღლს თოვლიან პლაჟზე ეთამაშება.
„დილას როგორც დაიწყებ, ისეთი იქნება მთელი დღე. მუდმივად უნდა ისწრაფოდე თავისუფლებისკენ,“ – ამას მარია ბეზგუსკო ამბობს. ის ზღვაში შეცურვამდე თოვლიან პლაჟზე ვარჯიშობს, იოგათი კავდება და ღიმილით გვაფრთხილებს, რომ ხელი არ უნდა შევუშალოთ, თუმცა პერიოდულად გადამდები პოზიტიური ემოციით ხმამაღლა მოგვმართავს:
„ეს სილამაზეა აქ ყველა დილით, შეხედეთ, დატკბით… სულ ვფიქრობ, ნეტა, აქამდე სად ვიყავი. ახლა ყველა გათენება მიხარია. ხედი გადაიღეთ, ხედი, მე ნუ მიღებთ, ასე როცა იწყებ დილას, მერე ყველა ადამიანი საყვარელი ხდება, უფრო მეტად აფასებ სიცოცხლეს. მეტი რა გითხრათ?“ – თოვლს ხელში იღებს მარია და მხრებზე სწრაფი მოძრაობებით ისვამს.
შემდეგ მარია მირონისკენ გარბის და თოვლს მასაც აყრის. მირონ გოგიტიძე მარიას მეგობარია. ისიც ზამთარ-ზაფხულ ბანაობს, ახლა განაბულია და კმაყოფილება ეტყობა – მოსწონს თოვლით სხეულის მსუბუქად დაზელა.
მარია ბეზგუსკო და მირონ გოგიტიძე
მარია ამბობს, რომ ზამთარში ცურვამ მას ცხოვრებაში დამოკიდებულებებიც შეუცვალა და ქუჩაში დარჩენილი ორი მიუსაფარი ძაღლი შინ წაიყვანა.
მარია ბეზგუსკო და მირონ გოგიტიძეც ბათუმელები არიან. მარიამ რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა ზღვაზე ზამთარშიც ევლო. ის ამბობს, რომ ზღვამ დამოკიდებულებებიც შეუცვალა და ქუჩაში დარჩენილი ორი ძაღლი შინ წაიყვანა.
„მოძრაობაა სულ საჭირო, რომ ჩვენი გზა დავინახოთ,“ – საინტერესო მიგნებას ღიმილით გვიტოვებს მარია და ზღვისკენ შემართებით გარბის.
„თუ გინდათ, თოვლზე დავდგები და ისე გესაუბრებით,“ – ამბობს მირონ გოგიტიძე და შიშველი ფეხებით თოვლიან პლაჟზე ჩერდება.
მირონ გოგიტიძე ზღვაში ზამთრობით 1979 წლიდან ბანაობს
„პირველად 1979 წლის 8 ოქტომბერს გავცურე გვიან შემოდგომაზე და ზამთარიც გადავაბი,“ – კონკრეტულ თარიღს მარტივად იხსენებს მირონ გოგიტიძე, რომელსაც ვკითხეთ, პირველად როდის გაცურა თოვის დროს და როგორი იყო ეს შეგრძნება. მაშინ მირონი 19 წლის ყოფილა.
„სიმსუბუქეს გრძნობ, სხვანაირად გიხარია ყველაფერი,“ – მირონი ამბობს, რომ ზამთრობით ცურვის დაწყებიდან 42 წლის შემდეგაც შეგრძნებები არ შეცვლილა.
„ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა თოვლია თუ წვიმა, ყოველდღე ვბანაობ, დავრბივარ ქვიშაზე ფეხშიშველა. ეს ადაბლებს არტერიულ წნევას, ნორმაში აყენებს. ორი წლის წინ ოპერაცია დამჭირდა, სისხლძარღვების შევიწროება მქონდა, მარტივად გადავიტანე,“ – გვიყვება მირონი.
„მთვარეზე ასვლას უფრო დავიჯერებდი, ვიდრე იმას, რომ ზამთარში ზღვაში გავცურავდი,“ – იცინის ქეთო გაბაიძე. ის 61 წლისაა და ორი წლის წინ ისწავლა ცურვა. ისწავლა და აღარ შეუწყვეტია – ზამთარია თუ ზაფხული, ყოველდღე ცურავს.
ქეთო გაბაიძე
„ზღვა ძალიან უხდება ნერვულ სისტემას, ძვლებიც მტკიოდა, ექიმმა ბევრი წამალი გამომიწერა, რეცეპტში იმდენი წამალი ეწერა…
სამკლავურები ვიყიდე და ისე დავიწყე ცურვა თავიდან,“ – ორი წლის წინა ზაფხულს იხსენებს ქეთო გაბაიძე, როცა ცხოვრებაში პირველად გაცურა ზღვაში. – „მანამდე ფეხით თუ შევიდოდი წყალში, ის იყო, სულ მციოდა… ერთ დღესაც მივხვდი, სამკლავურები აღარ მჭირდებოდა, ჩემით მისწავლია ცურვა. ძალიან კმაყოფილი ვიყავი იმ დღეს.
მერე გადავაბი და ზამთარშიც ვიცურე. ეს სიამოვნებაა. აღარც ძვლები მტკივა, არაფერ არ მაწუხებს, არც კი ვცივდები.
სხვა სიხალისე მომცა ზღვამ,“ – თავდაჯერებულობა ეტყობა ქეთოს. კმაყოფილია, რადგან ყველას არც ის შეუძლია, თოვლს ფეხშიშველამ ეთამაშოს.
თოვის დროს ბანაობა ქეთო გაბაიძისთვისაც ყოფილა დამაფიქრებელი. დამშვიდობებამდე მან ესეც გვითხრა:
„ადამიანი ეჩვევა ყველაფერს… ახლა ყინვაშიც ვბანაობ, ამიტომაც გააჩნია, რას შეეჩვევი.
ასე როცა შედიხარ ზღვაში, უკვე აღარაფრის გეშინია, სხვანაირად გიხარია ცხოვრება,“ – პლაჟზე მზეს გადარჩენილ თოვლში მშვიდად აგრძელებს სეირნობას ქეთო გაბაიძე.
ცნობილია, რომ ხანდაზმულ ადამიანებსა და თანმხლები ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს Covid19-ის გართულების შედარებით მაღალი რისკი აქვთ. შესაბამისად, სწორედ ამ რისკის ჯგუფებში შემავალი ადამიანების აცრა მიიჩნევა პრიორიტეტულად. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილი მაინც ერიდება ოჯახის ასაკოვანი წევრების აცრას სწორედ იმ მიზეზით, რომ ვაქცინამ ალერგიული რეაქციის სახით გართულებები არ გამოიწვიოს.
ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამ საკითხს დეტალურად განმარტავს და ამბობს, რომ პირიქით – ვაქცინაციის მნიშვნელობა განსაკუთრებით ძლიერდება, როდესაც ადამიანს რომელიმე ქრონიკული დაავადება აქვს.
რა დაავადებების და მდგომარეობის შემთხვევაშია ადამიანი განსაკუთრებული რისკის მატარებელი კოვიდის მიმართ? ეს არის +60 წელი, ჭარბი წონა, დიაბეტი, სუსტი სასუნთქი სისტემა, თირკმლის პათოლოგია, მიმდინარე ან გადატანილი სიმსივნური პროცესი – ამ ჩვენებებით ადამიანები არიან ყველაზე მოწყვლადი. შეიძლება თუ არა ასეთი ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების აცრა? ვაქცინა ხომ არ გააუარესებს მათ მდგომარეობას? პირიქით, თუ ჩვენ შევხედავთ ვაქცინების ჩვენებებსა და უკუჩვენებებს, ვაქცინის ჩვენებაა, რომ სწორედ ამ კატეგორიის ადამიანებმა უნდა გამოიყენონ ის.
ამასთან ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ ვაქცინის გამოყენება არ შეიძლება არც ერთი დაავადების გამწვავების დროს, ანუ ვაქცინას აქვს დროებითი უკუჩვენება – მწვავე დაავადების სახით: „თუ ქრონიკული დაავადებები აქვს ადამიანს და ეს არ არის იმ დროს გამწვავებული, ადამიანი უნდა აიცრას. თუ გვაქვს ტემპერატურა 38.5, მეტი ან რაღაც დაავადების მატარებელი ვარ, ვთქვათ, ბრონქული ასთმა მაქვს და რაღაც ფაქტორის გამო დამემართა სასუნთქი სისტემის შეტევა, ან სიცივემ და ყინვამ დააპროვოცირა ბრონქოსპაზმი, რა თქმა უნდა, სპაზმის შემთხვევაში ვაქცინა არ უნდა გაკეთდეს, უნდა დასტაბილურდეს ძირითადი დაავადება და მე-3 მე-5 დღეს უნდა გავიკეთოთ ვაქცინა.”
ბიძინა კულუმბეგოვი ასევე განმარტავს, კოვიდ ვაქცინების შემთხვევაში რა შეიძლება იყოს მუდმივი უკუჩვენება ანუ რა შემთხვევებში არ უნდა გამოვიყენოთ კოვიდ ვაქცინა.
სინოფარმი და სინოვაკი – ამ დრომდე არსებული კვლევებით, მუდმივი უკუჩვენება არის 18 წლამდე ასაკი, ორსულობა, ლაქტაცია ანუ როცა ბავშვს ძუძუს აწოვებს დედა. ეს ჯგუფები კატეგორიულად არ შეიძლება სინოფარმითა და სინოვაკით ავცრათ,” – ამბობს ის. – “ასევე, თუ ცხოვრებაში ადამიანს ჰქონია ტრადიციული ინაქტივირებული გზით დამზადებულ ვაქცინაზე ანაფილაქსიური შოკი, ცოფის ვაქცინაზე, გრიპის ვაქცინაზე, დიფტერიაზე, ტეტანუსზე, ამ ადამიანების აცრა სინოფარმითა და სინოვაკით არ შეიძლება. ესეც არის სრული უკუჩვენება და ბოლოს, თუ ადამიანს აქვს ნევროლოგიური დაავადება, როგორიცაა: მძიმე ეპილეფსია, დემიელინიზაციით მიმდინარე პათოლოგიები, ძირითადად იგულისხმება გაფანტული სკლეროზი, ასეთ შემთხვევაში სინოფარმისა და სინოვაკის გაკეთებას არ ურჩევენ – უკუჩვენებაში უწერია მწარმოებელს. რაც აქ ჩამოვთავლე, ამით მთავრდება ამ ვაქცინების უკუჩვენება.”
ფაიზერი – დროებითი უკუჩვენებები აქაც არის მწვავე დაავადება და 12 წლამდე ასაკი. ფაიზერის ვაქცინის მუდმივი უკუჩვენება: თუ ადამიანს ფაიზერში შემავალ კომპონენტზე აქვს ცხოვრებაში, ანამნეზში ანაფილაქსიური შოკი გადატანილი, მაშინ ამ კომპონენტის შემცველი ვაქცინის გაკეთება მისთვის არ შეიძლება.
უნდა დავფიქრდეთ, საერთოდ გვქონია თუ არა ანაფილაქსიური შოკი ოდესმე. თუ გვქონია, მაშინ ჯერ უნდა მივმართოთ ალერგოლოგს, მაგალითად, თუნდაც იმ კომპონენტზე კვლევის შესაძლებლობისთვის“.
ალერგოლოგ-იმუნოლოგის განმარტებით, ნივთიერება ალერგენი, რომელსაც ფაიზერის ვაქცინა შეიცავს, არის პოლიეთილენგლიკოლი ანუ პეგი. სწორედ მასში, ანუ ცხიმოვან გარსშია გახვეული ვაქცინის მთავარი კომპონენტი – მესენჯერული რნმ-ი.
„პეგი არის ალერგენი, რომელიც მილიონიდან დაახლოებით 5 ადამიანში იწვევს ალერგიულ რეაქციას. პეგი არის უმრავლესი წამლების შემადგენლობაში, მათ შორის, ტაბლეტებში, როგორც ექსციპიენტი.
ფაიზერის 1.8 მლ ვაქცინა, გახსნის შემდეგ, 6 ადამიანისთვის არის განკუთვნილი, 0.3 მლ უკეთდება ერთ ადამიანს. აი, ამ ერთი ადამიანის დოზაში რაც შედის პეგი, მასზე სამჯერ მეტია ის მეზიმფორტეს (3500) შემადგენლობაში. 2000-ერთეულია ვაქცინაში, 3000 ერთეული შედის, მაგალითად, ნუროფენისა და ნექსიუმის შემადგენლობაში.
ასევე, პოლიეთილენგლიკოლი, იგივე პეგი, არის ემულგატორი E210 და ის უმრავლეს არაალკოჰოლურ სასმელშია დამატებული. ის ასევე არის ბევრი უცხოური ნაყინის შემადენლობაში, მალფუჭებადობისგან იცავს, ერთ-ერთ სტაბილიზატორად მიიჩნევა. ამიტომ გამოიყენება წამლების წარმოებაშიც.
სინოფარმისა და სინოვაკის შემადგენლობაში ისეთი ალერგენი, როგორიცაა პოლიეთლენგლიკოლი – არ შედის”, – განმარტავს ბიძინა კულუმბეგოვი.
საქართველოში სულ გაკეთებულია 2 400 000 ვაქცინის დოზა, ანაფილაქსია კი მხოლოდ 5 ადამიანს განუვითარდა.
„თუ ადამიანს აქვს ალერგია, რა თქმა უნდა, დღეს არ უნდა გავიკეთო აცრა იმიტომ, რომ პირველი, რასაც ვკითხულობთ, არის: როგორ გრძნობთ დღეს თავს? თუ ადამიანს რაღაც ჩივილი აქვს და არ არის კარგად, შემდგომ კითხვებს აზრი ეკარგება”.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 25 იანვარს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბათუმში, ხელვაჩაურში, შუახევში, ხულოსა და ქედაში.
კერძოდ, ელეტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება:
ბათუმში
11:00-დან 12:00 საათამდე – გრ. ლორთქიფანიძის, კოტე აფხაზის, სხალთის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ბეთლემის, აეროპორტის გზატკეცილის, ანგისის, კახაბრის და ადლიის დასახლებებში.
12:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით – შ. ხიმშიაშვილის, ნინოშვილის, ლეხ და მარია კაჩინსკების, გიორგი ბრწყინვალის, ნიჟარაძის ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ზღვისპირა პარკს, აეროპორტის გზატკეცილზე და ადლიის დასახლებაში.
ხელვაჩაურში
11:00-დან 12:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში: მინდა და კახაბერი.
შუახევში
12:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს სოფელში: ჭვანა, ბარათაული, გომარდული, წყაროთა, ინწკირვეთი, ცხემლისი და მიმდებარე სოფლებს.
ხულოში
13:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში: თაგო, განახლება და ჩაო.
„თუ რუსეთმა უკრაინაში წარმატებას მიაღწია, საქართველოს ოკუპაცია რამდენიმე საათის საქმე იქნება,“ – მიიჩნევს მამუკა მამულაშვილი. ის უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელია და ამ ეტაპზე მოქალაქეებს წვრთნის – როგორ იმოქმედონ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში.
დღეს, 24 იანვარს, ნატომ [ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია] განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო მობილიზების საპასუხოდ, აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ხომალდებსა და თვითმფრინავებს გაგზავნის. ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა. ყოველდღიურად იზრდება რუსული საჯარისო ნაწილებისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზება რუსეთ-უკრაინის საზღვართან. რუსეთის უარყოფის მიუხედავად, დასავლეთის სახელმწიფოები აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასაწყებად ემზადება.
„ვითარება საკმაოდ დაძაბულია, თუმცა პანიკა არაა. ძირითადად კიევიდან გაჰყავთ სამოქალაქო პირებს ოჯახები, ცდილობენ გაერიდონ ცენტრს, აგრესიის შემთხვევაში, ცხადია, სამიზნე იქნება დედაქალაქი“, – გვიყვება მამუკა მამულაშვილი. – „თავიდან დაიწყეს თვითორგანიზება, მაგრამ მიხვდნენ მალევე, რომ სამხედროების დახმარება სჭირდებოდათ. ჩვენ მოგვმართა თავდაცვის სამინისტრომ და მომაგრებული გვყავს 3-ათასკაციანი ჯგუფი. დღეში დაახლოებით 50 კაცის გაწვრთნას ახერხებენ ჩვენი ინსტრუქტორები.
ვასწავლით, პირველ რიგში, რა უნდა გააკეთონ დაბომბვის შემთხვევაში, სად უნდა შეაფარონ თავი, ვასწავლით საველე მედიცინას და ასე შემდეგ,“ – ამბობს მამუკა მამულაშვილი.
„ქართული ლეგიონი“ 2014 წელს შეიქმნა უკრაინაში იმ მოხალისეებისგან, რომლებსაც გარკვეული სამხედრო გამოცდილება ჰქონდათ, მათ შორის, იყო მამუკა მამულაშვილი, რომელიც აფხაზეთის ომში ტყვედ ჩავარდა და ახლაც განსაკუთრებული ემოციით იხსენებს, როგორ დაეხმარნენ მაშინ უკრაინელები.
„მე სულ მახსოვს ეს მძიმე დღეები, როცა დაგვიდგენ გვერდით უკრაინელები… იქ რამდენიმე უკრაინელი გარდაიცვალა კიდეც. უკრაინელებმა 300 ათასი ლტოლვილის ევაკუაცია მოახერხეს, დახვრეტისთვის ვიყავით განწირული, უკრაინის ფლოტსაც გამოჰყავდა ქართველები, ავიაციაც მუშაობდა კოდორის ხეობაში.
თავიდან სულ 10 კაცი ჩავედით უკრაინაში. მერე 130-მდე გაიზარდა „ქართული ლეგიონის“ შემადგენლობა, მათ შორის, იყვნენ მოხალისეები შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთიდან, სულ 27 ქვეყნიდან…
იყო საქართველოს ხელისუფლებიდან სპეციალურიდან შემოგზავნილი ხალხიც, მათ ლეგიონის დისკრედიტაცია სცადეს. 2014 წელს 4 სამხედრო ბრიგადა მოვამზადეთ და პოლიციის 3 ბატალიონი,“ – ამბობს მამუკა მამულაშვილი.
ქართველ მებრძოლს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ დღეს უკრაინაში ბრძოლა არის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.
„მე დავარქმევდი ამას ნამუსისთვის ბრძოლას, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ არ გააკეთა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები.
უკრაინა იმავე მდგომარეობაშია, როგორც საქართველო. განსხვავება ისაა, რომ დღეს სტრატეგიულ ინტერესს რუსეთისთვის საქართველოში შემოჭრა არ წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს სამთავრობო ოკუპაცია და საერთოდ არ სჭირდებათ საბრძოლო ოპერაციების ჩატარება საქართველოს ტერიტორიაზე,“ – გაგვიზიარა მამუკა მამულაშვილმა თავისი აზრი.
უკრაინაში მყოფ ქართველ ჯარისკაცს მტკიცედ სჯერა, რომ რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს უკრაინაში.
„მგონია, რომ სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინის დაპყრობა რუსეთისთვის არის შეუძლებელი. რადგან 8 წლის განმავლობაში არმია იწრთობოდა პირდაპირ ომში, ეს დიდი გამოცდილებაა… რუსეთს თავის დროზე ჩეჩნეთთან გაუჭირდა ოკუპაცია მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთს არც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ჰქონდა და არც ლეტალური იარაღი, რაც უკრაინამ მიიღო.
გარდა ამისა, აქ, უკრაინაში, ყოველი ოჯახი იბრძოლებს იარაღით ხელში, ძალიან მოტივირებული ხალხია, ქალებიც გადიან სამხედრო მომზადებას. იგრძნობა, რომ არც ერთი ქუჩა არ დაითმობა ისე, როგორც ეს ჰგონიათ რუსებს,“ – მიიჩნევს უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი.
ქობულეთის სოფლებში – ალამბარსა და მუხაესტატეში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაზის მილების გაყვანა 2021 წლის აპრილში დასრულდა, თუმცა მოსახლეობის გაზიფიცირება ამ დრომდე არ დაწყებულა.
ამ სოფლებში გაზსადენი ქსელის მოსაწყობად ბიუჯეტიდან ჯამში 3 083 678 ლარი დაიხარჯა.
მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ გაზიფიცირების არდაწყების მიზეზი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია, რასაც „ბათუმელებთან“ უარყოფს პროექტის განმახორციელებელი „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“.
„ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა, დასკვნა დადებითია და ჩვენმა კომპანიამ 2021 წლის სექტემბერში წერილობით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ გაზსადენი მილები ალამბარსა და მუხაესტატეში მზად არის შემდგომი ექსპლუატაციისთვის. სააგენტომ გაზსადენი უნდა გადასცეს გაზის გამანაწილებელ კომპანიას, ამ შემთხვევაში „სოკარს“ და ამის შემდეგ დაიწყება მოსახლეობის გაზიფიცირება. ამ პროცესის დაწყებას კი, მთავრობის შესაბამისი დადგენილება სჭირდება“, – გვითხრეს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა.
„სოკარის“ აჭარის ფილიალში განაცხადეს, რომ გაზსადენი მათზე ამ დროისთვის გადაცემული არ არის.
რატომ ჭიანურდება ქსელის „სოკარზე“ გადაცემა და მოსახლეობის გაზიფიცირება?
„ბათუმელები“ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა.
„ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაწყებულია. მიმდინარეობს მიმოწერა „სოკართან“ გარკვეული პირობების დაზუსტებაზე გაზსადენის გადაცემასთან დაკავშირებით; „სოკართან“ შეთანხმების შემდეგ მომზადდება მთავრობის შესაბამისი განკარგულების პროექტი. როდის დასრულდება ეს პროცედურები და როდის გავა საკითხი მთავრობის სხდომაზე განსახილველად, ზუსტ დროს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით“, – გვითხრეს ქონების ეროვნულ სააგენტოში.
გასულ წელს გაზის მილების გაყვანა დასრულდა ქობულეთის სხვა სოფლებშიც, თუმცა მოსახლეობას ქსელში ჩართვის საშუალება ალამბარისა და მუხაესტატეს მსგავსად, არც აქ აქვს.
მაგალითად, სოფლებში:
ზედა კონდიდში, კოხში, ოხტომსა და ყოფილი ჩოლოქის მეურნეობის (ხულოს ქუჩა) დასახლებაში გაზიფიცირებისთვის ბიუჯეტიდან დაიხარჯა ჯამში 1 402 837 ლარი;
ქსელის „სოკარზე“ გადაცემის შემდეგ ექნება მოსახლეობას უფლება, განცხადებით მიმართოს ამ კომპანიას, მოითხოვოს აბონენტად დარეგისტრირება და მიიღოს სახლში ბუნებრივი აირი.
გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადად კი, „სოკარისთვის“ 60 დღეა განსაზღვრული – ანუ, კომპანიამ გაზი ახალ აბონენტს განცხადების მიღებიდან მაქსიმუმ 60 სამუშაო დღეში უნდა მიაწოდოს.
—
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გასულ წელს მოწოდებული ინფორმაციით, 2022-2024 წლებში აჭარაში 35 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო, ასევე სამშენებლო სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
კომპანიამ ასევე მოგვაწოდა აჭარაში იმ დასახლებების ჩამონათვალი, სადაც გაზიფიცირების სამუშაოები 2024 წლის ჩათვლით განხორციელდება [ეს ჩამონათვალი ემთხვევა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ გაზიფიცირების ოთხწლიან გეგმას]:
ბათუმის ავტოტრანსპორტი იუწყება, რომ აბუსერიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეიცვალა №1; №7, №8, №12/12ა, №13 და №16 ავტობუსების სამარშრუტო ხაზი, კერძოდ:
№1ა სამარშრუტო ხაზი:
აღმაშენებლის ქ, ლეონიძის ქ, ორბელიანის ქ, ლერმონტოვის ქ, ბაგრატიონის ქ, ხიმშიაშვილის ქ, ასათიანის ქ, მელიქიშვილის ქ, ბაგრატიიონის ქ, თავდადებულის ქ, ჭავჭავაძის ქ, წერეთლის ქ, მაიაკოვსკის ქ, სვიშევსკის ქ, შინდისის ქ, ნონეშვილის ქ.
№7 სამარშრუტო ხაზი:
ვარშანიძის ქ, ხახულის ქ, აღმაშენებლის ქ, ბაგრატიონის ქ, შარტავას ქ, ლორიას ქ, პუშკინის ქ, გრიბოედოვის ქ,რუსთაველის ქ, თავდადებულის ქ, წერეთელის ქ, იმედაშვილის ქ, წერეთლის ქ, იმედაშვილის ქ, სულაბერიძის ქ, ვარშანიძის ქ.
№8 სამარშრუტო ხაზი:
აღმაშენებლის ქ, ტაბიძის ქ, ლეონიძის ქ, ორბელიანის ქ, ჯავახიშვილის ქ, პუშკინის ქ, გრიბოედოვის ქ, ჭავჭავაძის ქ, წერეთლის ქ.შავშეთის ქ, მაიკოვსკის ქ, გოგოლის ქ, ნონეშვილის ქ, თამარ მეფის გზ, მახინჯაური, თბილისის ქ.
№12/12ა სამარშრუტო ხაზი:
ხელვაჩაური,ხალვაშის ქ, აეროპორტის გზ, ტბელ აბუსერიძის ქ, ლორიას ქ, პუშკინის ქ, გრიბოედოვის ქ, ჭავჭავაძის ქ, წერეთლის ქ, მაიკოვსკის ქ.
№13 სამარშრუტო ხაზი:
ორბელიანის ქ, ლერმონტოვის ქ, ბაგრატიონის ქ, ჯავახიშვილის ქ, აბუსერიძის ქ, შარტავას ქ,გორგილაძის ქ, ბარათაშვილის ქ, ჭავჭავაძის ქ, საბაგირო.
№16 სამარშრუტო ხაზი:
უკუმიმართულება:
სარფი, ანდრია პირველწოდებულის ქ, აფსაროსის ქ, აეროპორტის გზ, ბაგრატიონის ქ, შარტავას ქ, აბუსერიძის ქ.
„დევნილ ოჯახებს ორი ალტერნატივა აქვთ – ან თვითონ შეარჩიონ შესასყიდი საცხოვრებელი ბინა ქალაქის ტერიტორიაზე 500 დოლარის ეკვივალენტი ლარში ან დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას და მანამდე მათ სააგენტო ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს – განაცხადა დღეს 24 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, სანატორიულ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ბინებს წელს, წლის ბოლომდე მიიღებენ.
ამავე სხდომაზე ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, განაცხადა, რომ სხვადასხვა ქალაქში შერჩეულია მიწები, სადაც დევნილებისთვის ბინები აშენდება.
„თბილისში, რუსთავში და ასევე სხვადასხვა ქალაქში შევარჩიეთ მიწები და პარალელურად გვაქვს მოლაპარაკებები სამშენებლო კომპანიებთან ამ მიწებზე მშენებლობების დაწყების კუთხით. რადგან „ქართლში“ ასეთი მძიმე მდგომარეობაა, ჩვენ მოვიძიეთ 200-მდე ბინა და წლის ბოლომდე დავაკმაყოფილებთ ამ მოსახლეობას“, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.
მისი თქმით, „დევნილების სააგენტომ“ მოიძია ბინები, სადაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ დევნილებს ქირით გასვლას შესთავაზებენ.
16 იანვარს “ქართლში” მცხოვრებმა 52 წლის კაცმა, ზურაბ ჭიჭოშვილმა, თავი მოიკლა. ოჯახის წევრები და მეზობლები ამბობენ, რომ მან ეს ნაბიჯი პროტესტის ნიშნად გადადგა, რადგან „ქართლი“ ცხოვრებისთვის შეუსაბამოა.
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად კიდევ ერთი ახალი ინიციატივა წამოიწყო და ბიზნესკლიენტებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობენ, ფეისბუქზე ონლაინმაღაზია შექმნა.
ფეისბუქ მაღაზიაში ტერაბანკის 100 ბიზნესკლიენტის მიერ წარმოებული მრავალფეროვანი პროდუქცია თუ მომსახურებაა თავმოყრილი. ონლაინპლატფორმის დახმარებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, დაათვალიეროს ჩამონათვალი, შეარჩიოს კომპანია და, სურვილის შემთხვევაში, თავად დაუკავშირდეს მას.
ინოვაციური და ამავდროულად ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი ფეისბუქ მაღაზიის მიზანია, არა მარტო გაზარდოს წარმოდგენილი ბიზნესების ცნობადობა და, შესაბამისად, მომხმარებლების რიცხვი, არამედ ერთმანეთთან დააკავშიროს ისინი და ამგვარი ურთიერთმხარდაჭერით, კიდევ უფრო შეუწყოს ხელი მათი საქმიანობების წარმატებას.
„ამ ინიციატივით ბიზნესკლიენტების ხელშეწყობას კვლავაც ვაგრძელებთ და ნებისმიერ ადამიანს საშუალებას ვაძლევთ, არა მარტო აღმოაჩინოს 100 ქართული ბიზნესი, არამედ ჩვენთან ერთად გახდეს მათი წარმატების თანამონაწილე. პერსპექტივაში ეს პროექტი არა მარტო კონკრეტული კომპანიების, არამედ მთლიანად ტერაბანკის სტრატეგიული სეგმენტისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი სექტორის – მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ნიშნავს“, – აღნიშნავენ ტერაბანკში.
პანდემიამ და მისმა გამოწვევებმა ონლაინგაყიდვები და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კიდევ უფრო აქტუალური გახადა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, მათ სიახლეების დანერგვისთვის საჭირო და საკმარისი რესურსი ხშირად არ აქვთ. ონლაინმაღაზიაზე არჩევანი ტერაბანკმა სწორედ ამიტომ შეაჩერა. გადაწყვეტილება თავად ბიზნესკლიენტების ინტერესებსაც დაეფუძნა.
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ამ მიმართულებით ბანკმა არაერთი ინიციატივა და კამპანია განახორციელა. მათ შორის იყო „ტერაბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად“, რომელიც 2021 წელს, საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora-ს გამარჯვებული ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში – მცირე ბიზნესისა და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში – გახდა.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 იანვრის 21 საათიდან 25 იანვრის 21 საათამდე ბათუმში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, სანაპირო რაიონებში – ნალექი.
მთაში კვლავ მოთოვს.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 2 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში:
დღისით – 3-8 გრადუსი სითბო
ღამით 0 – 2 გრადუსი ყინვა
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 3 – 8 გრადუსი ყინვა
ღამით: 7 – 12 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, 26 იანვარს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 27-28 იანვარს კი სანაპირო რაიონებში კვლავ ნალექია მოსალოდნელი თოვლ-ჭყაპის სახით, მთიან აჭარაში კი – თოვა.
დღეს, 24 იანვარს, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად იქნება ორი ახალი უწყება – პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
„ამ სამსახურების თანამდებობის პირების შესარჩევად გამოცხადდება კონკურსები. უკვე შექმნილია ამ კანდიდატების შესარჩევი კომისია, რომელთა პირველი სხდომები დღეს გაიმართება და რომელშიც მეც მივიღებ მონაწილეობას კანონმდებლობის შესაბამისად.
იმ კრიტერიუმებით, რომლითაც კომისიის წევრები იხელმძღვანელებენ, იქნება მართლმსაჯულების ან ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება და თითოეულ თანამდებობაზე შეირჩევა არანაკლებ ორი ან ხუთი კანდიდატი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, შერჩეული კანდიდატებიდან 2-2 კანდიდატი წარედგინება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად ორივე თანამდებობაზე.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი 2019 წელს შეიქმნა. ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე 6-წლიანი უფლებამოსილების ვადით იყო არჩეული. მთავრობამ ამ უწყების გაუქმების გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ამის თაობაზე არ იყო ინფორმირებული არც ლონდა თოლორაია, რომელიც იმ დროისთვის დეკრეტულ შვებულება იმყოფებოდა და არც აღნიშნული სამსახური.
___
ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა გააკრიტიკეს, თუმცა ამ კრიტიკას ხელისუფლება არ იზიარებს.
ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობისთვის სჯიან.
24 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის 7947 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 31 პაციენტი.
23 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელია 22.65%, 14 დღის მანძილზე – 13.08% ხოლო 7 დღის მანძილზე – 16.61%.
stopcov.ge-ის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების7 947 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 4 496 შემთხვევა, აჭარაში – 1 352, იმერეთში – 857, ქვემო ქართლში – 282, შიდა ქართლში –266, გურიაში – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 215, კახეთში –180, მცხეთა-მთიანეთში –98, სამცხე-ჯავახეთში –93, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში –8.
„თუ თქვენ მეტყვით, მაშინ ავიცრები“ – დღეს ამ სიტყვებით რამდენიმე ადამიანმა მიმართა ბათუმში მყოფ ბიძინა კულუმბეგოვს. ექიმმა ყველა მათგანის თხოვნა გაითვალისწინა. აცრის შემდეგ მათ თქვეს, რომ დღემდე კოვიდზე აცრის ეშინოდათ.
22-23 იანვარს ბათუში ბიძინა კულუმბეგოვის სულ სამი შეხვედრა გაიმართა – სტუდენტებთან, ლექტორ-პროფესორებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და “ოცნების ქალაქის” დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებთან. ორდღიანი შეხვედრები ექიმ ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან “ოცნების ქალაქის” დასახლებაში დასრულდა.
შეხვედრები სამ ნაწილად იყო დაყოფილი: საინფორმაციო-საგანმანათლებლო მოხსენება ვაქცინაციისა და კორონავირუსის შესახებ, აცრით დაინტერესებულებისკითხვა-პასუხი ბიძინა კულუმბეგოვთან და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან.
პირველი შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. შეხვედრის მოდერატორი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე იყო. შეხვედრის ბოლოს მინისტრმა საზოგადოებას მოუწოდა, კოვიდინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის გამო, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მოითხოვონ კოვიდსასტუმროებში გადაყვანა.
შეხვედრები ბიძინა კულუმბეგოვთან ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტშიშეხვედრები ბიძინა კულუმბეგოვთან ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში
სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში შეხვდა. შეხვედრაზე დაისვა კითხვები სხვადასხვა ალერგიასა და კოვიდვაქცინაციის თავსებადობასთან დაკავშირებით. ალერგოლოგ-იმუნოლოგმა კითხვის ყველა ავტორს ინდივიდუალურად მისცა რეკომენდაცია.
ექიმის თქმით, ჯანმრთელობის ამა თუ იმ მდგომარეობით გამოწვეული რისკი ვაქცინაციასთან დაკავშირებით არაა მუდმივი და გარკვეული მკურნალობის თუ აცრების დოზებს შორის სწორი ინტერვალის პოვნის გზით, ყველა ადამიანს შეუძლია კოვიდის წინააღმდეგ უსაფრთხოდ აიცრას.
შეხვედრები ბიძინა კულუმბეგოვთან ბათუმის ამერიკულ კუთხეშიშეხვედრები ბიძინა კულუმბეგოვთან ბათუმის ამერიკულ კუთხეში
შეხვედრის მოდერაციას ამერიკულ კუთხეში აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე უწევდა.
ბოლო შეხვედრა “ოცნების ქალაქის” დასახლებაში, ღია ცის ქვეშ შედგა. ამ შეხვედრის მოდერატორი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე იყო.
“ამბობენ საქართველოში არსებული ფაიზერის ვაქცინები ვადაგასულია. თქვენ რას გვეტყვით ამაზე?” – ჰკითხეს ბიძინა კულუმბეგოვს. ექიმმა დამსწრეებს აუხსნა, როგორ ხდება ვაქცინის ვადის გახანგრძლივება, დამატებითი კვლევების შემდეგ და წარმოუდგინა დოკუმენტი, რომლითაც პფაიზერის ვადის გახანგრძლივება გადაწყდა.
“ექიმო, შეძენილი ეპილეფსია მაქვს და შეიძლება, რომ ავიცრა?” – ჰკითხა ახალგაზრდა ქალმა ექიმ ალერგოლოგ-იმუნოლოგს. ექიმმა შეკითხვის ავტორს, პფაიზერით აცრის რეკომენდაცია მისცა. ქალი ადგილზე მყოფი ამცრელი ბრიგადის დახმარებით აიცრა. საერთო ჯამში, სამივე შეხვედრის ფარგლებში 15-მდე ადამიანი აიცრა. მათი უმრავლესობა – პირველი დოზით.
შეხვედრები ტარდება პროექტის ფარგლებში – „ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია“. შეხვედრებს მხარს უჭერს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“.
შეხვედრის ორგანიზატორია ონლაინგამოცემები – „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სულ ხუთი შეხვედრა ჩატარდა, მათგან ორი დიდაჭარასა დ ღორჯომში. ბათუმის შემდეგ შეხვედრები კვლავ აჭარის მაღალმთიან სოფლებში გაგრძელდება.
____
ვრცელ ვიდეორეპორტაჟს შეხვედრების შესახებ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩა „კარფურიდან“ რესპუბლიკურ საავადმყოფომდე მონაკვეთში ცალმხრივად ისევ გადაკეტეს. ქუჩის გადაკეტვის მიზეზი, როგორც ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, ქალაქის საკანალიზაციო სისტემაში შექმნილი პრობლემაა. აბუსერიძის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში 2019 წელს მოძრაობა რამდენიმე თვით იყო ჩაკეტილი – მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის გამო.
აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთა / 23.01.2022
„სავარაუდოდ, საკანალიზაციო სისტემის პრობლემაა, ძველი მილი უნდა იყოს გაჭედილი, რის გამოც აბუსერიძე-ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში და მის მიმდებარედ გაივსო საკანალიზაციო ჭები. კონკრეტულად რა ხდება გამოჩნდება მას შემდეგ, როცა მიწას ამოვთხრით და მილთან დავალთ. როგორც ვიცით, აქ ახალი და ძველი საკანალიზაციო მილები გადის და ორთავე მოქმედია. შესაძლოა ძველის ახალზე დაერთება გახდეს საჭირო“, – გვითხრა კომპანია „ეჯიტაშის“ წარმომადგენელმა, რომელიც ადგილზე მუშაობს.
აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთა / 23.01.2022
„ბათუმელებმა“ ამ საკითხზე ქალაქის მერიისგან განმარტება ვერ მიიღო, „ბათუმის წყალში“ კი, გვითხრეს, რომ ისინი აღნიშნულ სამუშაოებს არ აწარმოებენ.
აბუსერიძის და ლორიას ქუჩების კვეთა / 22.01.2022
„კარფურის“ მხრიდან მოძრავი ავტოტრანსპორტი, აბუსერიძის ქუჩის გადაკეტვის გამო, ლორია-პუშკინის ქუჩებით მოძრაობს, ხოლო ჭავჭავაძის ქუჩიდან მოძრავი ტრანსპორტი აბუსერიძის ქუჩაზე აგრძელებს მოძრაობას – ოღონდ, საპირისპირო ზოლში [გრიბოედოვიდან ჯავახიშვილამდე მონაკვეთში].
ასეთი შეზღუდვა მინიმუმ 10 დღე გაგრძელდება, ვინაიდან უცნობია, როდის დასრულდება სამუშაოები.
კომპანია „ეჯიტაშში“, რომელიც აქ მუშაობს, გვითხრეს, რომ მათ სამუშაოების დასრულებისთვის ვადა 10 დღე აქვთ, თუმცა რა დრო დასჭირდება პრობლემის აღმოფხვრას, მაშინ გაირკვევა, როცა დაადგენენ, თუ რა სახის დაზიანებაა.
აბუსერიძის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთა / 22.01.2022
—
აბუსერიძის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში ბოლოს მოძრაობა რამდენიმე თვით იყო ჩაკეტილი – მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის გამო:
„ჯავახიშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში, იწყება დაერთების სამუშაოები, რომელსაც შპს „ბათუმის წყალი“ განახორციელებს. დაერთების სამუშაოების დასრულების შემდეგ არსებული პრობლემა [კანალიზაციის] აღმოიფხვრება და წყალარინების სისტემა სრული დატვირთვით იმუშავებს“ – ეს „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში 2021 წლის მარტში უთხრეს.
2021 წელსვე, ფაქტობრივად, ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში ავტოტრანსპორტისთვის ჯვარედინი მოძრაობაც აღდგა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, „ბათუმელების“ ინფორმაციით, აბუსერიძის ქუჩაზე ძველი სისტემის ახალ საკანალიზაციო სისტემაზე დაერთება ამ დრომდე დასრულებული არ არის.
ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ბოლო რამდენიმე წელია KfW-სგან აღებული სესხით მიმდინარეობს.
756 ათას 405 ლარია გათვალისწინებული აჭარის 2022 წლის ბიუჯეტში რეგიონის მუნიციპალიტეტებში მიწის დასამუშავებლად. მიწის დამუშავებაში შედის – დახვნა, დადისკვა, ფარცხვა. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი აგროსერვის ცენტრმა უკვე გამოაცხადა.
სამუშაოები 2022 წლის 1-ლი აპრილიდან უნდა დაიწყოს და ამავე წლის 15 ივნისის ჩათვლით პერიოდში დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 9 თებერვალს დაიწყება და 14 თებერვალს დასრულდება.
პირობის მიხედვით:
მიმწოდებლის მიერ ნიადაგის დამუშავების სამუშაოები არ უნდა ჩატარდეს ნალექიან ამინდებში;
მიმწოდებელი ვალდებულია პერიოდულად წარადგინოს ნიადაგის დამუშავების აქტები, რომელშიც უნდა მიეთითოს ხელმომწერი პირები, მუნიციპალიტეტი, დამუშავებული მიწის ფართობის რაოდენობა, რომელსაც ხელს უნდა აწერდნენ: მიმწოდებლისა და შემსყიდველის წარმომადგენლები, შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი.
მიმწოდებელი ვალდებულია ნიადაგის დასამუშავებლად ყოველდღიურად მზადყოფნაში ჰყავდეს შესაბამისი რაოდენობის ტექნიკა [ტრაქტორი].
მიმწოდებელმა ნიადაგი უნდა დაამუშაოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე, შემსყიდველის მიერ მითითებულ ფართობებზე.
2022 წელს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია:
ქობულეთის,ხელვაჩაურის და ბათუმის მუნიციპალიტეტებში ჯამში 1 414 ჰექტარი მიწის დახვნა;
ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში – 750 ჰექტარის დახვნა;
ქობულეთის, ხელვაჩაურის და ბათუმის მუნიციპალიტეტებში – 1 290 ჰექტარის დადისკვა და შემდეგ იგივე ფართობის დაფარცხვა.
—
გასულ წელს აჭარაში 2 100 ჰექტარი ფართობის დახვნისთვის ბიუჯეტიდან 574 ათასი ლარი იყო გამოყოფილი:
23 ინვარს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც ექიმ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად გაიმართა, ვაქცინაციის მსურველებს “მოგზაური ბიბლიოთეკის” ავტომობილში შესაძლებლობა ჰქონდათ აცრილიყვნენ. აქ აცრას ბათუმის N1 პოლიკლინიკის ალერგოლიგ-დერმატოლოგი ნათია ბეჟანიძე ატარებდა.
„ვაქცინის კაბინეტში მუშაობა აგვისტოდან დავიწყე. აგვისტოში ვაქცინაციის მსურველთა მომართვიანობა მაღალი იყო, შემდეგ დაიკლო. სახელმწიფოს 200-ლარიანი წამახალისებელი პროგრამის დაწყების შემდეგ კი, ისევ გაიზარდა მომართვიანობა.
ყველა ასაკის პაციენტები მოდიან ასაცრელად. არიან 12 წლის ზემოთ ბავშვები, რომლებიც მშობლების ჩართულობით და მათი ნებართვით იცრებიან. ბევრი ასაკოვანი, 60+ პაციენტებიც იცრებიან, ასევე შშმ პირები. მათ კი, რომლებსაც უჭირთ გადაადგილება, ბინაზე ვუკეთებთ ვაქცინას. ბინაზე მისულებს საოცრად მობილიზებული პაციენტები გვხვდებიან, ინფორმირებული და ა.შ.“ – ამბობს ნათია ბეჟანიძე.
ნათია ბეჟანიძის შეფასებით, ახალგაზრდებს, ძირითადად, შიშები აქვთ ალერგიულ ფონზე და იმაზე, რომ თითქოს შვილი აღარ ეყოლებათ. ასევე, პაციენტებს აქვთ ნემსის შიში და ემოციური ფონი.
მისივე თქმით, ასეთ პაციენტებთან გადიან კონსულტაციებს ექიმები, ამზადებენ ემოციურად, თანხმდებიან და შემდეგ უკეთებენ სასურველ ვაქცინას.
„ბოლო პერიოდში, ძირითადად, მესამე, „ბუსტერ“ დოზაზე წამოვიდა მოთხოვნა. ჩემი შეფასებით, ასაკოვნებს უფრო აქვთ ვაქცინაციის მზაობა, ვიდრე ახალგაზრდებს, ამიტომ მეტი ინფორმირების საჭიროებას ვხედავ ახალგაზრდების, თუ რასთან გვაქვს საქმე და რატომ უნდა აიცრან“, – ამბობს დერმატოლოგი ნათია ბეჟანიძე.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 იანვრიდან რეგიონის ამბულატორიული დაწესებულებები COVID 19-ის ტესტირებას ყოველდღიურად ჩაატარებენ.
„ტესტირება ტარდება სწრაფი ანტიგენით, საჭიროების შემთხვევაში კი, თუ პაციენტს სიმპტომები აქვს და სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითია – ტარდება PCR კვლევა.“ – აცხადებენ სამინისტროში.
კორონავირუსზე ტესტირება აჭარაში შეგიძლიათ შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში: