ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რატომ არ აწვდიან გაზს მოსახლეობას ქობულეთის სოფლებში, სადაც მილები შარშან გაიყვანეს

24.01.2022
რატომ არ აწვდიან გაზს მოსახლეობას ქობულეთის სოფლებში, სადაც მილები შარშან გაიყვანეს

ქობულეთის სოფლებში – ალამბარსა და მუხაესტატეში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაზის მილების გაყვანა 2021 წლის აპრილში დასრულდა, თუმცა მოსახლეობის გაზიფიცირება ამ დრომდე არ დაწყებულა.

ამ სოფლებში გაზსადენი ქსელის მოსაწყობად ბიუჯეტიდან ჯამში 3 083 678 ლარი დაიხარჯა.

მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ გაზიფიცირების არდაწყების მიზეზი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია, რასაც „ბათუმელებთან“ უარყოფს პროექტის განმახორციელებელი „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“.

„ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა, დასკვნა დადებითია და ჩვენმა კომპანიამ 2021 წლის სექტემბერში წერილობით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ გაზსადენი მილები ალამბარსა და მუხაესტატეში მზად არის შემდგომი ექსპლუატაციისთვის. სააგენტომ გაზსადენი უნდა გადასცეს გაზის გამანაწილებელ კომპანიას, ამ შემთხვევაში „სოკარს“ და ამის შემდეგ დაიწყება მოსახლეობის გაზიფიცირება. ამ პროცესის დაწყებას კი, მთავრობის შესაბამისი დადგენილება სჭირდება“, – გვითხრეს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა.

„სოკარის“ აჭარის ფილიალში განაცხადეს, რომ გაზსადენი მათზე ამ დროისთვის გადაცემული არ არის.

რატომ ჭიანურდება ქსელის „სოკარზე“ გადაცემა და მოსახლეობის გაზიფიცირება?

„ბათუმელები“ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა.

„ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაწყებულია. მიმდინარეობს მიმოწერა „სოკართან“ გარკვეული პირობების დაზუსტებაზე გაზსადენის გადაცემასთან დაკავშირებით; „სოკართან“ შეთანხმების შემდეგ მომზადდება მთავრობის შესაბამისი განკარგულების პროექტი. როდის დასრულდება ეს პროცედურები და როდის გავა საკითხი მთავრობის სხდომაზე განსახილველად, ზუსტ დროს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით“, – გვითხრეს ქონების ეროვნულ სააგენტოში.

გასულ წელს გაზის მილების გაყვანა დასრულდა ქობულეთის სხვა სოფლებშიც, თუმცა მოსახლეობას ქსელში ჩართვის საშუალება ალამბარისა და მუხაესტატეს მსგავსად, არც აქ აქვს.

მაგალითად, სოფლებში:

  • ზედა კონდიდში, კოხში, ოხტომსა და ყოფილი ჩოლოქის მეურნეობის (ხულოს ქუჩა) დასახლებაში  გაზიფიცირებისთვის ბიუჯეტიდან დაიხარჯა ჯამში 1 402 837 ლარი;
  • წყავროკაში, ლეღვაში – დაიხარჯა 3 162 623 ლარი;
  • აჭყვისთავში, ზენითში – დაიხარჯა 2 110 556 ლარი.

ამ სოფლებში გაზის მილების გაყვანაზე ტენდერები გაზის ტრანსპორტირების კომპანიას 2020 წელს ჰქონდა გამოცხადებული.

ქსელის „სოკარზე“ გადაცემის შემდეგ ექნება მოსახლეობას უფლება, განცხადებით მიმართოს ამ კომპანიას, მოითხოვოს აბონენტად დარეგისტრირება და მიიღოს სახლში ბუნებრივი აირი.

მოსახლეობისთვის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური მუნიციპალიტეტებში 400 ლარია [ხოლო თვითმმართველ ქალაქებში – 800 ლარი].

გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადად კი, „სოკარისთვის“ 60 დღეა განსაზღვრული – ანუ, კომპანიამ გაზი ახალ აბონენტს განცხადების მიღებიდან მაქსიმუმ 60 სამუშაო დღეში უნდა მიაწოდოს.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ გასულ წელს მოწოდებული ინფორმაციით, 2022-2024 წლებში აჭარაში 35 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო, ასევე სამშენებლო სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

კომპანიამ ასევე მოგვაწოდა აჭარაში იმ დასახლებების ჩამონათვალი, სადაც გაზიფიცირების სამუშაოები 2024 წლის ჩათვლით განხორციელდება [ეს ჩამონათვალი ემთხვევა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ გაზიფიცირების ოთხწლიან გეგმას]:

აჭარის რომელ სოფლებში ჩაირთვება ბუნებრივი აირი 2022-2024 წლებში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: