მთავარი,სიახლეები

„არა მილიციას“ – ბათუმში მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ აქცია გამართეს

25.01.2022
„არა მილიციას“ – ბათუმში მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ აქცია გამართეს

„არა მილიციას“ – ამ მოწოდებით საპროტესტო აქცია დღეს, 25 იანვარს, თბილისის პარალელურად ბათუმშიც გაიმართა. აქციაზე პოლიციელების მხრიდან თბილისის მეტროში შშმ ბიჭზე ძალადობა გააპროტესტეს და ის, რომ უმეტეს შემთხვევაში სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაული გამოუძიებელი რჩება.

თბილისის მეტროში პოლიციელების მხრიდან შშმ მოზარდზე ჩადენილი სავარაუდო ძალადობის შემთხვევაზე დღეს 2 პოლიციელი დააკავეს.

„ძალიან ვწუხვარ ამ ფაქტის გამო. ვაპროტესტებ პოლიციელების უკანონო მოქმედებას და საერთოდ ხელის აწევას ადამიანზე. არ არსებობს სიტუაცია, რომლის განმუხტვა არ შეიძლებოდეს დალაპარაკებით და მდგომარეობის გათვალისწინებით… პოლიციელმა უნდა იცოდეს, რომ ის არის ადამიანების დამცველი და არა დამსჯელი,“ – ამბობს შორენა ჩიქოვანი, პარტია „ლელოს“ წევრი.

ბათუმის აქციის ორგანიზატორი „ლელოს“ ახალგაზრდული ფრთა იყო. აქციას სხვა პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო მოძრაობებიც შეუერთდნენ.

„გადაიყვანენ ახლა ამ პოლიციელებს დაცვის სამსახურში დროებით და მერე ისევ დააბრუნებენ, დასჯილი ვინ გინახავთ?“ – კითხულობს კახა ჯაიანი. ის პროფესიით იურისტია და მიიჩნევს, რომ პოლიციელებისთვის უკვე ფიზიკური ძალადობის მუხლითაც უნდა წარედგინათ ბრალი.

თბილისის მეტროს შემთხვევაზე დაკავებულ ერთ პოლიციელს გამოძიება დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობას ედავება, მეორეს – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. საუბარია გავრცელებულ კადრებზე, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს პოლიციელი არასრულწლოვანს. ჩანაწერის მიხედვით, ახალგაზრდის თანმხლები პირი პოლიციელს ეუბნება, რომ „ის ყრუ-მუნჯია და ხელი გაუშვას”, რაზეც სამართალდამცველი პასუხობს: „რომ ავალაპარაკო ახლა?”.

აღნიშნულის შემდეგ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ პოლიციელს ახალგაზრდა კაცი ოთახში შეჰყავს და ფიზიკურად უსწორდება მას.

„პირველ რიგში, თავად ხელისუფლების მოქმედება უნდა იყოს კანონის ფარგლებში მოქცეული, მაშინ ექნება გამოძიებას შედეგი,“ – მიიჩნევს კახა ჯაიანი.

„ხელისუფლებას არ აწყობს პოლიციელების დასჯა, რადგან ისინი ძირითადად ზონდერებად ჰყავთ. ეს წინა ხელისუფლებამ დაიწყო თუ იმის წინამ, მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩანს, რომ დღესაც პოლიტიზებულია პოლიცია და ნებისმიერი სექტორი,“ – გვითხრა მამუკა ქობულაძემ, ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: