ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რატომ გადაკეტეს აბუსერიძის ქუჩა ისევ – მოძრაობა შეზღუდულია კარფურიდან რესპუბლიკურამდე

23.01.2022 • 3329
რატომ გადაკეტეს აბუსერიძის ქუჩა ისევ – მოძრაობა შეზღუდულია კარფურიდან რესპუბლიკურამდე

ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩა „კარფურიდან“ რესპუბლიკურ საავადმყოფომდე მონაკვეთში ცალმხრივად ისევ გადაკეტეს. ქუჩის გადაკეტვის მიზეზი, როგორც ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, ქალაქის საკანალიზაციო სისტემაში შექმნილი პრობლემაა. აბუსერიძის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში 2019 წელს მოძრაობა რამდენიმე თვით იყო ჩაკეტილი – მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის გამო.

აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთა / 23.01.2022

„სავარაუდოდ, საკანალიზაციო სისტემის პრობლემაა, ძველი მილი უნდა იყოს გაჭედილი, რის გამოც აბუსერიძე-ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში და მის მიმდებარედ გაივსო საკანალიზაციო ჭები. კონკრეტულად რა ხდება გამოჩნდება მას შემდეგ, როცა მიწას ამოვთხრით და მილთან დავალთ. როგორც ვიცით, აქ ახალი და ძველი საკანალიზაციო მილები გადის და ორთავე მოქმედია. შესაძლოა ძველის ახალზე დაერთება გახდეს საჭირო“, – გვითხრა კომპანია „ეჯიტაშის“ წარმომადგენელმა, რომელიც ადგილზე მუშაობს.

აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთა / 23.01.2022

„ბათუმელებმა“ ამ საკითხზე ქალაქის მერიისგან განმარტება ვერ მიიღო, „ბათუმის წყალში“ კი, გვითხრეს, რომ ისინი აღნიშნულ სამუშაოებს არ აწარმოებენ.

აბუსერიძის და ლორიას ქუჩების კვეთა / 22.01.2022

„კარფურის“ მხრიდან მოძრავი ავტოტრანსპორტი, აბუსერიძის ქუჩის გადაკეტვის გამო, ლორია-პუშკინის ქუჩებით მოძრაობს, ხოლო ჭავჭავაძის ქუჩიდან მოძრავი ტრანსპორტი აბუსერიძის ქუჩაზე აგრძელებს მოძრაობას – ოღონდ, საპირისპირო ზოლში [გრიბოედოვიდან ჯავახიშვილამდე მონაკვეთში].

ასეთი შეზღუდვა მინიმუმ 10 დღე გაგრძელდება, ვინაიდან უცნობია, როდის დასრულდება სამუშაოები.

კომპანია „ეჯიტაშში“, რომელიც აქ მუშაობს, გვითხრეს, რომ მათ სამუშაოების დასრულებისთვის ვადა 10 დღე აქვთ, თუმცა რა დრო დასჭირდება პრობლემის აღმოფხვრას, მაშინ გაირკვევა, როცა დაადგენენ, თუ რა სახის დაზიანებაა.

აბუსერიძის და გრიბოედოვის ქუჩების  კვეთა / 22.01.2022

აბუსერიძის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში ბოლოს მოძრაობა რამდენიმე თვით იყო ჩაკეტილი – მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის გამო:

შემდეგ ეს მონაკვეთი ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხის მშენებლობის გამო იყო გადაკეტილი:

„ჯავახიშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში, იწყება დაერთების სამუშაოები, რომელსაც შპს „ბათუმის წყალი“ განახორციელებს. დაერთების სამუშაოების დასრულების შემდეგ არსებული პრობლემა [კანალიზაციის] აღმოიფხვრება და წყალარინების სისტემა სრული დატვირთვით იმუშავებს“ – ეს „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში 2021 წლის მარტში უთხრეს.

2021 წელსვე, ფაქტობრივად, ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში ავტოტრანსპორტისთვის ჯვარედინი მოძრაობაც აღდგა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, „ბათუმელების“ ინფორმაციით, აბუსერიძის ქუჩაზე ძველი სისტემის ახალ საკანალიზაციო სისტემაზე დაერთება ამ დრომდე დასრულებული არ არის.

ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ბოლო რამდენიმე წელია KfW-სგან აღებული სესხით მიმდინარეობს.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/385662/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: