მთავარი,სიახლეები

„ბიჭი ვერც კი მიხვდა, რატომ სცემეს“ – როცა პოლიციელი მსხვერპლად შშმ პირს ირჩევს

25.01.2022 • 1748
„ბიჭი ვერც კი მიხვდა, რატომ სცემეს“ – როცა პოლიციელი მსხვერპლად შშმ პირს ირჩევს

დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით ის პოლიციელი დააკავეს, რომელმაც თბილისის მეტროსადგურში შშმ პირს ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცელებულ კადრებში პოლიციელს ეუბნებიან, რომ პირი, რომელსაც ის სცემს, სმენისარმქონეა და  ლაპარაკი არ შეუძლია, თუმცა პოლიციელი არ ჩერდება. რა ევალება პოლიციელს შშმ პირებთან კომუნიკაციისას და როგორი უნდა იყოს პოლიციელთა გადამზადების პროტოკოლი? ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტ ანა არგანაშვილს ესაუბრა.

  • ანა, უნდა იცოდეს თუ არა პოლიციელმა ჟესტური ენა და თუ არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს ის შშმ პირებთან ურთიერთობისას, ხომ არ იცით, როგორია აქ სახელმწიფოს მიდგომა?

პრაქტიკა ძალიან განსხვავდება იმისგან, რაზეც შს სამინისტრო ოფიციალურად საუბრობს. შსს ბევრი წელია დიდი სიამაყით აქვეყნებს ხოლმე განცხადებებს, რომ გადაამზადეს პოლიციელები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე, გენდერულ საკითხებზე და ასე შემდეგ, მაშინ, როდესაც ჩვენ სხვა რამეს ვხედავთ. ის, რაც გუშინ გავრცელებულ კადრებში ვნახეთ, არათუ არ არის ადეკვატური რეაგირება დანაშაულზე, არამედ გვაჩვენებს, როგორ ჩაიდინა პოლიციელმა დანაშაული. ეს არის ტიპური სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, რადგან პოლიციელმა აარჩია მსხვერპლი.

შსს-ს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ყველაფერი დახურული აქვს. ყველა პროტოკოლი და სტანდარტი იმის შესახებ, როგორ უნდა მოიქცეს პოლიციელი შშმ პირთან. ამიტომ, ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს, რომ დავაკვირდეთ მოვლენებს და მათ რეალურ ქმედებას. ფაქტია, რომ არც ერთი პროტოკოლი და სტანდარტი პრაქტიკაში არ მოქმედებს.

  • სტანდარტი რას ითვალისწინებს, ვიცით? 

ჩვენ რაც გუშინ ვიხილეთ, პროტოკოლი და სტანდარტი კი არა, დანაშაულის შემადგენლობაა. პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ პოლიციის შესახებ კანონით სხვადასხვა მოვალეობა აქვს სამართალდამცველს. მაგალითად, თუ პოლიციელი ხედავს, რომ შშმ პირს, ვთქვათ, საფრთხე ემუქრება, მაგალითად, იმავე მეტროში დგას ისეთ ადგილზე, რომ საფრთხის შემცველია მისთვის, ეს არის ის გარემოება, როცა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გადაარჩინოს.

რაც შეეხება სხვა საპოლიციო ღონისძიებებს, შეიძლება პოლიციელმა არ იცოდეს ჟესტური ენა, მაგრამ ადამიანები ერთმანეთს ჟესტური ენის გარეშეც (სხეულის ენით) ვცდილობთ გავაგებინოთ რაიმე. აქ კი ვხედავთ, რომ პოლიციელს ამის სურვილიც კი არ აქვს. ეუბნებიან, რომ არის 17 წლის მოზარდი, არის შშმ პირი, ვერ მეტყველებს და არც კი ცდილობს, რომ გაიგოს. პოლიციელს ნება არ აქვს, რომ თავის მოქალაქეს მოუსმინოს, დაეხმაროს. ეს არის ამ კადრებში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი – ნების არქონა.

  • როგორია უცხოური პრაქტიკა, როგორც ვიცი, თქვენ სწავლობდით ამ საკითხებს აშშ-ში. 

უცხოურ პრაქტიკას რაც შეეხება, იქ არის ძალიან სერიოზული საზედამხედველო მექანიზმი. ყოველ ასეთს კი არა, ბევრად უფრო მსუბუქ შემთხვევებსაც სწავლობენ – რა გააკეთა პოლიციელმა, როგორ გააკეთა და ასე შემდეგ. შეიძლება პოლიციელმა არ იცოდეს შშმ პირთან კონკრეტულ სიტუაციაში მოქცევა, მაგრამ ის ჯგუფი გაუშვან და გამოიყენონ, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია. რაც მთავარია, სტანდარტები არის ძალიან ღია.

როცა ამბობენ, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს ვებრძვითო, ეს ნიშნავს, რომ ადეკვატური სტანდარტიც უნდა არსებობდეს. მხოლოდ ჩვენთან არის პროტოკოლები გასაიდუმლოებული. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაძლევენ ამ პროტოკოლებზე წვდომას, რომ ვიცოდეთ რა ტიპის სტანდარტებია შემუშავებული შშმ პირების დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად.

ჩვენს გამოცდილებას რაც შეეხება, გვაქვს ერთი მიმდინარე საქმე, რომელშიც ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ.  ოღონდ ჯერ არ ჩაგვბარებია გადაწყვეტილება და არ ვიცით, როგორ დაასაბუთა მოსამართლემ. ეს არის შემთხვევა, როცა შშმ ბავშვს არ მისცეს ტრანსპორტიდან გადასვლის უფლება, როცა მას საპირფარეშოში უნდოდა გასვლა.

პოლიციელი, რომელიც მოწმის სახით იყო გამოძახებული სასამართლოში, ამბობდა, რომ „მე ნათესავი მყავს შშმ პირი და როგორ შეიძლება მათ ცუდად მოვექცეო“. იმის მაგივრად, რომ ესაუბრა რა იცოდა შშმ ადამიანების უფლებებზე და რა გამოიყენა. აი, ასეა ჩვენთან გაგებული შშმ პირისთვის ადეკვატური სამართალდამცავი ღონისძიებების გაწევა. მოსამართლემ კი საერთოდ არ დაადგინა დარღვევა არც ერთ ნაწილში. ჯერ არ ჩაგვბარებია გადაწყვეტილება და არც ვიცი, რით დაასაბუთა ეს.

  • ამ კონკრეტული ამბიდან გამომდინარე, ხომ არ აპირებთ შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები გააქტიურებას, რომ მოითხოვოთ როგორც პროტოკოლების გასაჯაროება, ასევე პოლიციელების კვალიფიკაციის ამაღლება ამ მიმართულებით?

სამწუხაროდ, ზოგად მიმართვას აზრი არ აქვს, რადგან იმედი არ გვაქვს, რომ ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. საზოგადოებასთან ძალოვანი უწყებების ურთიერთობა გაუარესდა, იკლო გამჭვირვალობამ და ანგარიშვალდებულებამ.

ჩვენ გვაქვს ცუდი მიმართულება აღებული, მუდმივად ხდება გადაბრალება მსხვერპლზე და გამჭვირვალობის კიდევ უფრო შემცირება. მეტსაც გეტყვით, აღარც კი გვხვდებიან, რომ ჩვენი, უფლებადამცველების აზრი მოისმინონ. მათ აქვთ გამოცხადებული ასეთი მიდგომა, რომ ყველაფერი იციან და შეცდომებს არ უშვებენ. ამიტომ ახლა ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელზეც დარღვევა არ დაადგინა მოსამართლემ, რადგან ესეც ერთ-ერთი მძიმე საქმეა და გვექნება მყისიერი რეაგირება.

  • როგორც ვიცით, შშმ მოზარდზე მოძალადე პოლიციელი დააკავეს. საკმარისია ეს სიტუაციის შესაცვლელად?

რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ პოლიციელის დაკავებით არ უნდა დასრულდეს ეს ამბავი – სხვა პოლიციელებიც ჩაიდენენ იმავეს ან უარესს. რადგან გაუქმდა საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულება, პოლიციელისთვის არავის უსწავლებია როგორ მოიქცნენ, ბოლოს და ბოლოს, ერთი პოლიციელი იყო ლუკა სირაძის საქმეშიც ხომ, რაიმე შეიცვალა? ინდივიდუალური რეაგირება აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი.

გუშინდელ ამბავს რაც შეეხება, ამ ბავშვმა საერთოდ ვერ გაიგო პოლიციელს რა უნდოდა მისგან. რატომ მოკიდა ხელი და ძალით რატომ წაიყვანა სადღაც. ვერც ის გაიგო, რატომ სცემდნენ და ვერც ის, რას მოითხოვდა მისგან პოლიციელი, რა უნდა გაეკეთებინა. თუ პოლიციელი იტყვის, რომ დაუმორჩილებლობა იყო, რაზე დაუმორჩილებლობა? ხომ უნდა მიმხვდარიყო ეს ბიჭი, რას ითხოვდა პოლიციელი მისგან?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: