ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როდის სრულდება სამუშაოები ჯავახიშვილის ქუჩაზე – ჩავარდნილი ტროტუარი და დაზიანებული შენობა

03.01.2021 • 1906
როდის სრულდება სამუშაოები ჯავახიშვილის ქუჩაზე – ჩავარდნილი ტროტუარი და დაზიანებული შენობა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, დაზიანებულია კერძო საკუთრება, ტროტუარი, პარალიზებულია საკანალიზაციო სისტემა და ბოლო რამდენიმე თვეა ფეკალური მასა ქუჩაზე ამოდის.

ყოფილი სასამართლოს შენობის მიმდებარედ დეფორმირებული და დაწეულია ტროტუარი. ტროტუართან ერთად კი შენობის შესასვლელი კიბის კონსტრუქცია შენობის კედელს დაშორებულია.

აქვე საცხოვრებელ კორპუსებშიც, მოსახლეობის თქმით, შეინიშნება ბზარები რაც გზაზე მიმდინარე სამუშაოების მიზეზითაა გამოწვეული.

ყოფილი სასამართლოს შენობის შესასვლელი /30.12.2020

სასამართლოს ყოფილი შენობის მესაკუთრე შპს „იუჯი სკოლაა“. კომპანიაში გვითხრეს, რომ მათ უკვე მიმართეს მერიის ზედამხედველობის სამსახურს და არის დაპირება, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შენობის დაზიანებულ შესასვლელს [კიბეს] აღადგენენ: „ერთხელ იყვნენ მოსულები მერიიდან, დაგვპირდნენ, რაც დაზიანდა გავაკეთებთო. თვითონ შენობის საძირკველი დაზიანებული არ არის“.

ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ჯავახიშვილის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში კოლექტორის [სანიაღვრე არხის] მშენებლობა უკვე დასრულებულია, დაერთების სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ყოფილი სასამართლოს შენობის შესასვლელს [კიბეს] მშენებელი კომპანია საკუთარი სახსრებით აღადგენს.

„რაც შეეხება საცხოვრებელ სახლს, თუ კომპანიის ბრალეულობა დადგინდება, აქაც, შესაბამს სამუშაოებს საკუთარი ხარჯით განახორციელებს“ – გვითხრეს მერიაში.

ჯავახიშვილის ქუჩა / 30.12.2020

„ჯავახიშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში იწყება დაერთების სამუშაოები, რომელსაც შპს „ბათუმის წყალი“ განახორციელებს. დაერთების სამუშაოების დასრულების შემდეგ, არსებული პრობლემა [კანალიზაციის] აღმოიფხვრება და წყალარინების სისტემა სრული დატვირთვით იმუშავებს“ – აცხადებენ ქალაქის მერიაში.

ჯავახიშვილის ქუჩაზე აქ კარგად ჩანს დაზიანებული ტროტუარი / 30.12.2020

მერიის ინფორმაციით, ტროტუარისა და გზის სავალი ნაწილის აღდგენითი სამუშაოებიც მიწისქვეშა კომუნიკაციების დაერთების დასრულების შემდეგ დაიწყება. გზას მერიის კეთილმოწყობის სამმართველო აღადგენს.

სამმართველოს „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსების [მე-4 ფაზის] ფარგლებში მიმდინარე წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაზიანებული ქუჩების აღდგენაზე [მეორე ეტაპი] ტენდერი გამოცხადებული აქვს.

სატენდერო თანხა 999 996 ლარია. წინადადებების მიღება კი 2021 წლის 31 იანვარს დაიწყება და ამავე წლის 5 თებერვალს დასრულდება. დაზიანებული ქუჩების აღდგენა კი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყება.

ვინაიდან ჯავახიშვილის ქუჩა აღნიშნულ მონაკვეთში [ჭავჭავაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის] გადაკეტილია, გრიბოედოვის ქუჩაზე მერიამ ავტომანქანების ორმხრივი მოძრაობა დროებით დატოვა [ჭავჭავაძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში]. ჯავახიშვილის ქუჩის გახსნის შემდეგ კი, გრიბოედოვის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში ახალი სქემით მოძრაობა ცალმხრივი გახდება.

ამ თემაზე:

როდის გაიხსნება ჯავახიშვილის ქუჩა ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: