მთავარი,სიახლეები

სახელმწიფო ინსპექტორის ნაცვლად 2 ახალი უწყება პირველ მარტს შეიქმნება – ღარიბაშვილი

24.01.2022
სახელმწიფო ინსპექტორის ნაცვლად 2 ახალი უწყება პირველ მარტს შეიქმნება – ღარიბაშვილი

დღეს, 24 იანვარს, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად იქნება ორი ახალი უწყება – პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

„ამ სამსახურების თანამდებობის პირების შესარჩევად გამოცხადდება კონკურსები. უკვე შექმნილია ამ კანდიდატების შესარჩევი კომისია, რომელთა პირველი სხდომები დღეს გაიმართება და რომელშიც მეც მივიღებ მონაწილეობას კანონმდებლობის შესაბამისად.

იმ კრიტერიუმებით, რომლითაც კომისიის წევრები იხელმძღვანელებენ, იქნება მართლმსაჯულების ან ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება და თითოეულ თანამდებობაზე შეირჩევა არანაკლებ ორი ან ხუთი კანდიდატი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, შერჩეული კანდიდატებიდან 2-2 კანდიდატი წარედგინება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად ორივე თანამდებობაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი 2019 წელს შეიქმნა. ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე 6-წლიანი უფლებამოსილების ვადით იყო არჩეული. მთავრობამ ამ უწყების გაუქმების გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ამის თაობაზე არ იყო ინფორმირებული არც ლონდა თოლორაია, რომელიც იმ დროისთვის დეკრეტულ შვებულება იმყოფებოდა და არც აღნიშნული სამსახური.

___

ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა გააკრიტიკეს, თუმცა ამ კრიტიკას ხელისუფლება არ იზიარებს.

ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობისთვის სჯიან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: