მთავარი,სიახლეები

რა შემთხვევებში არ შეიძლება COVID ვაქცინით აცრა და რატომ? – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

24.01.2022 •
რა შემთხვევებში არ შეიძლება COVID ვაქცინით აცრა და რატომ? – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ცნობილია, რომ ხანდაზმულ ადამიანებსა და თანმხლები ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს Covid19-ის გართულების შედარებით მაღალი რისკი აქვთ. შესაბამისად, სწორედ ამ რისკის ჯგუფებში შემავალი ადამიანების აცრა მიიჩნევა პრიორიტეტულად. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილი მაინც ერიდება ოჯახის ასაკოვანი წევრების აცრას სწორედ იმ მიზეზით, რომ ვაქცინამ ალერგიული რეაქციის სახით გართულებები არ გამოიწვიოს.

ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამ საკითხს დეტალურად განმარტავს და ამბობს, რომ პირიქით – ვაქცინაციის მნიშვნელობა განსაკუთრებით ძლიერდება, როდესაც ადამიანს რომელიმე ქრონიკული დაავადება აქვს.

რა დაავადებების და მდგომარეობის შემთხვევაშია ადამიანი განსაკუთრებული რისკის მატარებელი კოვიდის მიმართ? ეს არის +60 წელი, ჭარბი წონა, დიაბეტი, სუსტი სასუნთქი სისტემა, თირკმლის პათოლოგია, მიმდინარე ან გადატანილი სიმსივნური პროცესი – ამ ჩვენებებით ადამიანები არიან ყველაზე მოწყვლადი. შეიძლება თუ არა ასეთი ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების აცრა? ვაქცინა ხომ არ გააუარესებს მათ მდგომარეობას? პირიქით, თუ ჩვენ შევხედავთ ვაქცინების ჩვენებებსა და უკუჩვენებებს, ვაქცინის ჩვენებაა, რომ სწორედ ამ კატეგორიის ადამიანებმა უნდა გამოიყენონ ის.

ამასთან ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ ვაქცინის გამოყენება არ შეიძლება არც ერთი დაავადების გამწვავების დროს, ანუ ვაქცინას აქვს დროებითი უკუჩვენება – მწვავე დაავადების სახით: „თუ ქრონიკული დაავადებები აქვს ადამიანს და ეს არ არის იმ დროს გამწვავებული, ადამიანი უნდა აიცრას. თუ გვაქვს ტემპერატურა 38.5, მეტი ან რაღაც დაავადების მატარებელი ვარ, ვთქვათ, ბრონქული ასთმა მაქვს და რაღაც ფაქტორის გამო დამემართა სასუნთქი სისტემის შეტევა, ან სიცივემ და ყინვამ დააპროვოცირა ბრონქოსპაზმი, რა თქმა უნდა, სპაზმის შემთხვევაში ვაქცინა არ უნდა გაკეთდეს, უნდა დასტაბილურდეს ძირითადი დაავადება და მე-3 მე-5 დღეს უნდა გავიკეთოთ ვაქცინა.”

ბიძინა კულუმბეგოვი ასევე განმარტავს, კოვიდ ვაქცინების შემთხვევაში რა შეიძლება იყოს მუდმივი უკუჩვენება ანუ რა შემთხვევებში არ უნდა გამოვიყენოთ კოვიდ ვაქცინა.

სინოფარმი და სინოვაკი – ამ დრომდე არსებული კვლევებით, მუდმივი უკუჩვენება არის 18 წლამდე ასაკი, ორსულობა, ლაქტაცია ანუ როცა ბავშვს ძუძუს აწოვებს დედა. ეს ჯგუფები კატეგორიულად არ შეიძლება სინოფარმითა და სინოვაკით ავცრათ,” – ამბობს ის. – “ასევე, თუ ცხოვრებაში ადამიანს ჰქონია ტრადიციული ინაქტივირებული გზით დამზადებულ ვაქცინაზე ანაფილაქსიური შოკი, ცოფის ვაქცინაზე, გრიპის ვაქცინაზე, დიფტერიაზე, ტეტანუსზე, ამ ადამიანების აცრა სინოფარმითა და სინოვაკით არ შეიძლება. ესეც არის სრული უკუჩვენება და ბოლოს, თუ ადამიანს აქვს ნევროლოგიური დაავადება, როგორიცაა: მძიმე ეპილეფსია, დემიელინიზაციით მიმდინარე პათოლოგიები, ძირითადად იგულისხმება გაფანტული სკლეროზი, ასეთ შემთხვევაში სინოფარმისა და სინოვაკის გაკეთებას არ ურჩევენ – უკუჩვენებაში უწერია მწარმოებელს. რაც აქ ჩამოვთავლე, ამით მთავრდება ამ ვაქცინების უკუჩვენება.”

ფაიზერი – დროებითი უკუჩვენებები აქაც არის მწვავე დაავადება და 12 წლამდე ასაკი. ფაიზერის ვაქცინის მუდმივი უკუჩვენება: თუ ადამიანს ფაიზერში შემავალ კომპონენტზე აქვს ცხოვრებაში, ანამნეზში ანაფილაქსიური შოკი გადატანილი, მაშინ ამ კომპონენტის შემცველი ვაქცინის გაკეთება მისთვის არ შეიძლება.

უნდა დავფიქრდეთ, საერთოდ გვქონია თუ არა ანაფილაქსიური შოკი ოდესმე. თუ გვქონია, მაშინ ჯერ უნდა მივმართოთ ალერგოლოგს, მაგალითად, თუნდაც იმ კომპონენტზე კვლევის შესაძლებლობისთვის“.

ალერგოლოგ-იმუნოლოგის განმარტებით, ნივთიერება ალერგენი,  რომელსაც ფაიზერის ვაქცინა შეიცავს, არის პოლიეთილენგლიკოლი ანუ პეგი. სწორედ მასში, ანუ ცხიმოვან გარსშია გახვეული ვაქცინის მთავარი კომპონენტი –  მესენჯერული რნმ-ი.

„პეგი არის ალერგენი, რომელიც მილიონიდან დაახლოებით 5 ადამიანში იწვევს ალერგიულ რეაქციას. პეგი არის უმრავლესი წამლების შემადგენლობაში, მათ შორის, ტაბლეტებში, როგორც ექსციპიენტი.

ფაიზერის 1.8 მლ ვაქცინა, გახსნის შემდეგ, 6 ადამიანისთვის არის განკუთვნილი, 0.3 მლ უკეთდება ერთ ადამიანს. აი, ამ ერთი ადამიანის დოზაში რაც შედის პეგი, მასზე სამჯერ მეტია ის მეზიმფორტეს (3500) შემადგენლობაში. 2000-ერთეულია ვაქცინაში, 3000 ერთეული შედის, მაგალითად, ნუროფენისა და ნექსიუმის შემადგენლობაში.

ასევე, პოლიეთილენგლიკოლი, იგივე პეგი, არის ემულგატორი E210 და ის უმრავლეს არაალკოჰოლურ სასმელშია დამატებული. ის ასევე არის ბევრი უცხოური ნაყინის შემადენლობაში, მალფუჭებადობისგან იცავს, ერთ-ერთ სტაბილიზატორად მიიჩნევა. ამიტომ გამოიყენება წამლების წარმოებაშიც.

სინოფარმისა და სინოვაკის შემადგენლობაში ისეთი ალერგენი, როგორიცაა პოლიეთლენგლიკოლი – არ შედის”, – განმარტავს ბიძინა კულუმბეგოვი.

საქართველოში სულ გაკეთებულია 2 400 000 ვაქცინის დოზა, ანაფილაქსია კი მხოლოდ 5 ადამიანს განუვითარდა.

„თუ ადამიანს აქვს ალერგია, რა თქმა უნდა, დღეს არ უნდა გავიკეთო აცრა იმიტომ, რომ პირველი, რასაც ვკითხულობთ, არის: როგორ გრძნობთ დღეს თავს? თუ ადამიანს რაღაც ჩივილი აქვს და არ არის კარგად, შემდგომ კითხვებს აზრი ეკარგება”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: