პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებით, ბათუმის საკრებულოში ნინო ბაციაშვილს ნატალია ძიძიგური შეცვლის. ბაციაშვილმა საკრებულოს დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა თავის ფეისბუქგვერდზე.
ნინო ბაციაშვილი ამბობს, რომ გიორგი გახარიას პარტიას არ ტოვებს, თუმცა სპორტული საქმიანობიდან გამომდინარე საკრებულოში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს.
რაც შეეხება საკრებულოს ახალ წევრს, პარტიული სიის მიხედვით ბათუმის საკრებულოში თამილა ფაღავა უნდა შესულიყო, თუმცა როგორც პარტიის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა ირაკლი მიქელაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, თამილა ფაღავას „პარტიაშიც ბევრი საქმე აქვს“.
„შევიკრიბებით აჭარის ბორდი და მივიღებთ გადაწყვეტილებას. თამილა პარტიის აღმასრულებელი მდივანია და საქმე აქვს თავსაყრელად, არ ვიცით რამდენად შეძლებს ორივე საქმეს გაუმკლავდეს. თამილასაც უნდა დაველაპარაკოთ,“ – ამბობს ირაკლი მიქელაძე.
გახარიას პარტიის ყოფილი წევრების თქმით, ირაკლი მიქელაძე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალურ მოძრაობას“ დახმარების სანაცვლოდ სთხოვდა აჭარის პარტიული ორგანიზაციის მოქმედი აღმასრულებელი მდივნის – თამილა ფაღავასთვის ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობას, რაზედაც ოპოზიციური კოალიციისგან მკაფიო უარი მიიღო, თუმცა ირაკლი მიქელაძე ამ ფაქტს უარყოფს.
„თამილა ფაღავას იმდენი მტერი ჰყავს, რამდენიც მე,“-ამბობს მიქელაძე.
რაც შეეხება ბაციაშვილს, ირაკლი მიქელაძე მასზე ზეწოლის ფაქტს უარყოფს. „ზეწოლა არ ყოფილა ბაციაშვილზე, ძალიან ბევრი საერთაშორისო ტურნირი დაემატა, საქართველოს ნაკრებშიც ბაციაშვილი ერთ-ერთი ლიდერია, აპირებდა ნაკრებიდან წამოსვლას, მაგრამ მისი შეცვლა ვერ მოხდა, ამიტომ იძულევბული გახდა, საკრებულო დაეტოვებინა.“ – ამბობს ირაკლი მიქელაძე.
იმისთვის, რომ ნატალია ძიძიგური საკრებულოს წევრი გახდეს, ჯერ ბათუმის საკრებულომ ნინო ბაციაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უნდა იმსჯელოს.