მთავარი,სიახლეები

„ოცნებას“ არ აქვს უფლება ნუგზარ ფუტკარაძის ოლქში კანდიდატი დააყენოს – ენმ გამოძიებას ითხოვს

25.01.2022 • 1368
„ოცნებას“ არ აქვს უფლება ნუგზარ ფუტკარაძის ოლქში კანდიდატი დააყენოს – ენმ გამოძიებას ითხოვს

„ორ თვეზე მეტი გავიდა ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან, თუმცა საზოგადოებამ დღემდე არ იცის გამოძიების შედეგების შესახებ. არ ვიცით, ვინ არის ის ერთი კაცი, რომლის შესახებაც ისმის ჩანაწერებში და რომლის სახელითაც ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლა მიმდინარეობდა“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ დღეს, 25 იანვარს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან, ნუგზარ ფუტკარაძე, თვითმმართველობის არჩევნებიდან ორ კვირაში გარდაიცვალა. 24 ნოემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა აუდიოფაილი და მმართველი პარტია მასზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე – ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას ახდენდნენ – ენმ

პარტიის ლიდერების მტკიცებით, მმართველი პოლიტიკური პარტია თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის უშუალო ჩართულობით და აბაშიძის ხელისუფლების პოლიციელების – ბადრი ბაკურიძის და ვაჟა თაბაგიძის მონაწილეობით საკრებულოს წევრის მოსყიდვას აპირებდა 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ.

საუბრის ზუსტი ჩანაწერი – ბათუმის საკრებულოში ენმ-ს წევრის სავარაუდო მოსყიდვის მცდელობა

აუდიოჩანაწერში ისმის, როგორ სთხოვენ ნუგზარ ფუტკარაძეს დამოუკიდებელ დეპუტატად ყოფნას და საშუამავლო თანხის 20 პროცენტს. თუ ნუგზარ ფუტკარაძე დათანხმდებოდა „ნეიტრალობას“, ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოში მოპოვებულ უმრავლესობას კარგავდა.

„ამ ფაქტმა ცხადყო, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი, მსგავსი შედეგის დადგომაც კი დაუშვა. სიმბოლურია, რომ ამაში სწორედ ის ხალხი გამოიყენა, რომლებიც ყოველთვის ყველაზე ბინძურ საქმეს აკეთებდნენ ასლან აბაშიძის ხელისუფლების დროს და ეს იცის მთელმა ბათუმმა. ვგულისხმობ ბადრი ბაკურიძეს და ვაჟა თაბაგიძეს“,  – განაცხადა მირდატ ქამადაძემ ბრიფინგზე.

დღეს მირდატ ქამადაძე გამოეხმაურა ასევე პრემიერს, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა კრიზისი დაძლეულია.

„იმ ფონზე, როდესაც ეს საქმე თაროზეა შემოდებული, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვეული ირონიითა და ცინიზმით გამოგვიცხადა, რომ ქვეყანაში ყველა კრიზისი ამოწურულია. ჩვენ გვაინტერესებს, რა ხდება ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე, რა ეტაპზეა გამოძიება?“

ენმ-ს მტკიცებით, აბაშიძის ხელისუფლების პოლიციელებთან შეხვედრა ნუგზარ ფუტკარაძემ თვითონ ჩაწერა 11 ნოემბერს, მანამდე კი, რამდენიმე შეხვედრა იყო. ოპოზიციური ერთობის ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ, მოსყიდვის და შანტაჟის მცდელობის ფაქტებზე ბრიფინგი ჯერ კიდევ 5 ნოემბერს გამართა.

ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

მირდატ ქამადაძის განცხადებით, „საზოგადოებას აინტერესებს, ვინ არის ის ერთი კაცი, ვისი სახელითაც ახდენდნენ ზეწოლას ნუგზარ ფუტკარაძეზე. ცხადია, ამ ჩანაწერების ავთენტურობას არავინ აყენებს ეჭვქვეშ. მაშინ საქმეს აქამდე რატომ არ მიეცა, სულ მცირე, ქრთამის შეთავაზების კვალიფიკაცია და  რატომ არ არიან პასუხისგებაში მიცემული ის პირები? – თუ პრემიერ ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა უკვე ბოლომდე დახურეს ჩალით და ეს მიაჩნია კრიზისის ამოწურვად?“

დღევანდელ ბრიფინგზე მირდატ ქამადაძე შეეხო ასევე ბათუმის იმ სამაჟორიტარო ოლქში ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხს, სადაც ნუგზარ ფუტკარაძემ არჩევნების პირველ ტურში „ოცნების“ კანდიდატი დაამარცხა.

„რამე უნდა გვითხრას ხელისუფლებამ ამ საქმეზე. ეს აინტერესებს არა მარტო ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს, არამედ „ქართული ოცნების“ ნაწილსაც კი, ვისაც მიაჩნია, რომ მსგავსი მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა დაუშვებელია. როგორც ჩანს, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს საქმეც, ისევე როგორც სხვა უამრავი, უკვე ჩაფარცხა და ამ ფონზე ყოველგვარი მორალური ნორმების დარღვევით, ამ ოლქში ხელახალი არჩევნებისთვის ემზადება.

სანამ ხელისუფლება ამ საქმეზე პასუხისგებაში არ მისცემს ყველა სავარაუდო თანამონაწილეს, მას მორალური უფლება არ აქვს, რომ ამ ოლქში კანდიდატი დააყენოს. უნდა ესმოდეს სავარაუდო კანდიდატსაც, რომ ეს მანდატი სისხლშია ამოსვრილი და მას ყოველთვის შეახსენებენ ამას, ვინც არ უნდა იყოს ის“.

ბრიფინგზე მირდატ ქამადაძემ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოს სახალხო დამცველს ამ საქმეზე რეაგირება სთხოვა:

„ჩვენ ელემენტარულს ვითხოვთ, დამნაშავეების დასჯას და ოდნავ მაინც სამართლიან თამაშის წესებს. სხვა შემთხვევაში, კრიზისი უფრო გაღრმავდება. ვითხოვთ რეალურ გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას, სამართლიანობას. ვითხოვთ ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების და ღირსების დაცვას. და ეს ის მინიმალური სტანდარტი დემოკრატიისა, ამაზე ჩვენს ქვეყანაზე მეტად ჩამორჩენილ ქვეყნებშიც კი არ დავობენ.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: