მთავარი,სიახლეები

თოვის დროს ზღვაში მოცურავე ადამიანები

24.01.2022 • 5503
თოვის დროს ზღვაში მოცურავე ადამიანები

„წამლები უკვე გადავაგდე, ექიმებმა სტენტის ჩასმაც აღარაა საჭიროო… მეოთხე ზამთარია ყოველ დღე ვცურავ ზღვაში, ვცურავ თოვაშიც,“ – ბათუმელი ვაჟა ცისკარაძე გვიყვება, ზღვაზე ზამთრობით ცურვა როგორ დაიწყო. ის თოვლიან პლაჟზე ფეხშიშველი მიაბიჯებს საცურაო შორტებით, თითქოს ცხელი აგვისტოს ერთი მზიანი დღეა ბათუმში და შვილთან – ნიკოლოზთან ერთად მიდის ზღვის არცთუ ისე მშვიდი ტალღებისკენ.

რამდენიმე ადამიანია ბათუმში, ზაფხულის ჩავლის შემდეგაც რომ ზღვაზე რჩება და თოვაშიც ცურავს. თითოეული მათგანი დანანებით გეტყვით, რომ ზღვას სათანადოდ ვერ ვამჩნევთ. ისინი მოგიყვებიან, როგორ დაავიწყათ ზღვამ ცხოვრება მედიკამენტებთან ერთად.

ცურვა მათთვის თოვაშიც სიამოვნებაა და იმიტომ კი არ შედიან ზღვაში, რომ ეს, მაგალითად, ჯანმრთელობისთვისაა მათი აზრით კარგი, არამედ იმიტომ, რომ „გათავისუფლება შეძლეს“.

„ჩვენთან ასეა, ბავშვობაში დავდივართ ზღვაზე, მერე ზაფხულშიც კი აღარ დავდივართ… დედაჩემი ახლაც მომდევს, სად მიდიხარ, რა დროს ბანაობაა, ყინავსო,“ – განაგრძობს ზამთრობით ცურვაზე დაკვირვების გაზიარებას ვაჟა ცისკარაძე. ის 61 წლისაა და ბოლო ოთხი წელია ყველა დღე ცურავს ზღვაში.

ზღვასთან, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოსვლამდე ვაჟა დაახლოებით 8 კილომეტრს დადის ფეხით. ხშირად შვილიც მასთან ერთად ბანაობს. ზამთრის სიცივე არც ბლექს აშინებს. ბლექი ვაჟას ძაღლია, რომელიც განსაკუთრებული ემოციით ხვდება მეგობრების ზღვაში ჩასვლას – თითქოს პირველად შეცურეს ზღვაშიო, ჯერ პლაჟზე მოუსვენრად წინ და უკან დარბის, მერე ისიც ზღვაში მიცურავს.

„ბევრს ჰგონია, რომ ზამთარში ზღვაში ცურვას რამე განსაკუთრებული მომზადება სჭირდება და კოსმიური ენერგია,“ – ამბობს ვაჟა ცისკარაძე და გვაჩვენებს, სხეული როგორ გაუწითლდა ზღვიდან ამოსვლის შემდეგ. – „შეხედეთ, უკვე აღარ მცივა. სადღაც ერთი წუთი სჭირდება, როცა ძალიან გცივა და ეჩვევი, ხურდები… მერე უკვე სიამოვნებაა.

მთავარია, სიზარმაცეს მოვერიოთ, ეს უნდა დავამარცხოთ. ჩვენ ვართ ცოდვა – ზღვა გვაქვს ქალაქში და ვერ ვიყენებთ,“ – ტილოს მხრებზე იფარებს მამა-შვილი.

ვაჟა ცისკარაძე ზღვაში ბანაობის შემდეგ

ნიკოლოზ ცისკარაძე ზღვაში ბანაობის შემდეგ

როდის მოუნდა პირველად ზღვაში თოვის დროს გაცურვა? – ვაჟა ცისკარაძე იხსენებს, რომ ეს მაშინ მოხდა, როცა ჰიპერტენზიამ შეუტია და  ბევრი წამალი დაუგროვდა.

„ექიმს არ ურჩევია ზღვაზე წადიო. პირიქით, სისხლძარღვები დავიწროვდება და საშიშიაო. ალბათ, ინდივიდუალურია ესეც. მე ზღვაზე დავიწყე სიარული და გადავაბი… პირდაპირ იანვარში თუ დაიწყებ ცურვას, შესაძლოა, სხეულმა შოკი მიიღოს  და მინიმუმ დისკომფორტი იქნება.

როცა აჩვევ ორგანიზმს და შემოდგომაზე აღარ წყვეტ ცურვას ზაფხულის სეზონის შემდეგ, უკვე იოლია ზამთარშიც შეცურო. შარშან, მაგალითად, 12 იანვარს მივიღე „ზაგარი“.

ბევრს უნდა, მაგრამ შემდეგ ტელევიზორთან დაჯდება სითბოში და აღარ სურს გარეთ გამოსვლა. სიზარმაცე გვიტევს ყველას.

განსაკუთრებით ალკოჰოლთან გამოთხოვება გამიჭირდა. ახლაც ვსვამ, მაგრამ ბევრს აღარ, კალოშით და ლამპის შუშით აღარ გამოდის, რა ვქნა?“ – იცინის ვაჟა ცისკარაძე და ძაღლს თოვლიან პლაჟზე ეთამაშება.

„დილას როგორც დაიწყებ, ისეთი იქნება მთელი დღე. მუდმივად უნდა ისწრაფოდე თავისუფლებისკენ,“ – ამას მარია ბეზგუსკო ამბობს. ის ზღვაში შეცურვამდე თოვლიან პლაჟზე ვარჯიშობს, იოგათი კავდება და ღიმილით გვაფრთხილებს, რომ ხელი არ უნდა შევუშალოთ, თუმცა პერიოდულად გადამდები პოზიტიური ემოციით ხმამაღლა მოგვმართავს:

„ეს სილამაზეა აქ ყველა დილით, შეხედეთ, დატკბით… სულ ვფიქრობ, ნეტა, აქამდე სად ვიყავი. ახლა ყველა გათენება მიხარია. ხედი გადაიღეთ, ხედი, მე ნუ მიღებთ, ასე როცა იწყებ დილას, მერე ყველა ადამიანი საყვარელი ხდება, უფრო მეტად აფასებ სიცოცხლეს.  მეტი რა გითხრათ?“ – თოვლს ხელში იღებს მარია და მხრებზე სწრაფი მოძრაობებით ისვამს.

შემდეგ მარია მირონისკენ გარბის და თოვლს მასაც აყრის. მირონ გოგიტიძე მარიას მეგობარია. ისიც ზამთარ-ზაფხულ ბანაობს, ახლა განაბულია და კმაყოფილება ეტყობა – მოსწონს თოვლით სხეულის მსუბუქად დაზელა.

მარია ბეზგუსკო და მირონ გოგიტიძე

 

მარია ამბობს, რომ ზამთარში ცურვამ მას ცხოვრებაში დამოკიდებულებებიც შეუცვალა და ქუჩაში დარჩენილი ორი მიუსაფარი ძაღლი შინ წაიყვანა.

მარია ბეზგუსკო და მირონ გოგიტიძეც ბათუმელები არიან. მარიამ რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა ზღვაზე ზამთარშიც ევლო. ის ამბობს, რომ ზღვამ დამოკიდებულებებიც შეუცვალა და ქუჩაში დარჩენილი ორი ძაღლი შინ წაიყვანა.

„მოძრაობაა სულ საჭირო, რომ ჩვენი გზა დავინახოთ,“ – საინტერესო მიგნებას ღიმილით გვიტოვებს მარია და ზღვისკენ შემართებით გარბის.

„თუ გინდათ, თოვლზე დავდგები და ისე გესაუბრებით,“ – ამბობს მირონ გოგიტიძე და შიშველი ფეხებით თოვლიან პლაჟზე ჩერდება.

მირონ გოგიტიძე ზღვაში ზამთრობით 1979 წლიდან ბანაობს

„პირველად 1979 წლის 8 ოქტომბერს გავცურე გვიან შემოდგომაზე და ზამთარიც გადავაბი,“ – კონკრეტულ თარიღს მარტივად იხსენებს მირონ გოგიტიძე, რომელსაც ვკითხეთ, პირველად როდის გაცურა თოვის დროს და როგორი იყო ეს შეგრძნება. მაშინ მირონი 19 წლის ყოფილა.

„სიმსუბუქეს გრძნობ, სხვანაირად გიხარია ყველაფერი,“ – მირონი ამბობს, რომ ზამთრობით ცურვის დაწყებიდან 42 წლის შემდეგაც შეგრძნებები არ შეცვლილა.

„ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა თოვლია თუ წვიმა, ყოველდღე ვბანაობ, დავრბივარ ქვიშაზე ფეხშიშველა. ეს ადაბლებს არტერიულ წნევას, ნორმაში აყენებს. ორი წლის წინ ოპერაცია დამჭირდა, სისხლძარღვების შევიწროება მქონდა, მარტივად გადავიტანე,“ – გვიყვება მირონი.

„მთვარეზე ასვლას უფრო დავიჯერებდი, ვიდრე იმას, რომ ზამთარში ზღვაში გავცურავდი,“ – იცინის ქეთო გაბაიძე. ის 61 წლისაა და ორი წლის წინ ისწავლა ცურვა. ისწავლა და აღარ შეუწყვეტია – ზამთარია თუ ზაფხული, ყოველდღე ცურავს.

ქეთო გაბაიძე

„ზღვა ძალიან უხდება ნერვულ სისტემას, ძვლებიც მტკიოდა, ექიმმა ბევრი წამალი გამომიწერა, რეცეპტში იმდენი წამალი ეწერა…

სამკლავურები ვიყიდე და ისე დავიწყე ცურვა თავიდან,“ – ორი წლის წინა ზაფხულს იხსენებს ქეთო გაბაიძე, როცა ცხოვრებაში პირველად გაცურა ზღვაში. – „მანამდე ფეხით თუ შევიდოდი წყალში, ის იყო, სულ მციოდა… ერთ დღესაც მივხვდი, სამკლავურები აღარ მჭირდებოდა, ჩემით მისწავლია ცურვა. ძალიან კმაყოფილი ვიყავი იმ დღეს.

მერე გადავაბი და ზამთარშიც ვიცურე. ეს სიამოვნებაა. აღარც ძვლები მტკივა, არაფერ არ მაწუხებს, არც კი ვცივდები.

სხვა სიხალისე მომცა ზღვამ,“ – თავდაჯერებულობა ეტყობა ქეთოს. კმაყოფილია, რადგან ყველას არც ის შეუძლია, თოვლს ფეხშიშველამ  ეთამაშოს.

თოვის დროს ბანაობა ქეთო გაბაიძისთვისაც ყოფილა დამაფიქრებელი. დამშვიდობებამდე მან ესეც გვითხრა:

„ადამიანი ეჩვევა ყველაფერს… ახლა ყინვაშიც ვბანაობ, ამიტომაც გააჩნია, რას შეეჩვევი.

ასე როცა შედიხარ ზღვაში, უკვე აღარაფრის გეშინია, სხვანაირად გიხარია ცხოვრება,“ – პლაჟზე მზეს გადარჩენილ თოვლში მშვიდად აგრძელებს სეირნობას ქეთო გაბაიძე.

___

მთავარი ფოტო: მირონ გოგიტიძე და მარია ბეზგუსკო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: