რუსეთის ომის მსხვერპლი ჟურნალისტები

უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, 7 ჟურნალისტი მოკლეს და 11 დაჭრეს – ყველა ეს შემთხვევა აღრიცხული და აღწერილი აქვს საერთაშორისო ორგანიზაციას “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF).

RSF-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უკვე სამი საჩივრით მიმართა. პირველი საჩივარი 4 მარტს რუსული ძალების მიერ უკრაინაში სატელევიზიო ანძებსა და გადამცემებზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებზეა, რაც ორგანიზაციის განცხადებით, ომის დანაშაულს წარმოადგენს. მეორე, 16 მარტს შეტანილი საჩივარი, რუსული არმიის მიერ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს ეხება – როგორც RSF შეგროვებულ მტკიცებულებზე დაყრდნობით აცხადებდა, რუსულმა ძალებმა განზრახ გაუხსნეს ცეცხლი სულ მცირე რვა ჟურნალისტს ან მედია ჯგუფს.

RSF-მ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს მესამე საჩივარი 25 მარტს წარუდგინა. სარჩელი ეხებოდა უკრაინელი ფიქსერის (უცხოური მედიის ადგილობრივი კონსულტანტის) საქმეს, რომელიც რუს სამხედროებს ჰყავდათ დაკავებული და აწამებდნენ. მისი ჩვენება RSF-მა 21 მარტს გამოაქვეყნა. ცემა ავტომატის კონდახებით, ელექტროშოკი, წამება დანით, სახესა და სხეულზე ე.წ. არმატურის ნაჭრით ცემა – ეს ყველაფერი 32 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა ცხრადღიანი ტყვეობის განმავლობაში გადაიტანა. იგი „Radio France“ მუშაობდა.

18 ჟურნალისტის დაღუპვის შესახებ განაცხადა უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრომ 4 აპრილს. უწყებას არ დაუზუსტებია, რამდენიმე მათგანი მოკლეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, რამდენი იბრძოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში ან რამდენი ემსხვერპლა სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას.

როგორც სამინისტრო იუწყება, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ასევე აღრიცხა მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი 74 დანაშაული: მათ შორის, 19 დანაშაული უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ; 22 კიბერშეტევა მედიაზე და დაბომბვის სულ მცირე შვიდი შემთხვევა, რომლებმაც გამოიწვია სატელევიზიო ანძებისა და გადამცემების დაზიანება ან განადგურება.

სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას 8 გატაცებული, 13 დაშავებული, 3 დაკარგული ჟურნალისტისა და მუქარის 15 შემთხვევის შესახებაც.

რუსეთის ომის მსხვერპლი ჟურნალისტები

სახელი, გვარი: მანტას კვედარავიჩიუსი

ასაკი: 45 წლის

პროფესია: დოკუმენტური ფილმების რეჟისორი

ქვეყანა: ლიეტუვა

გარემოებები: მოკლეს მანქანაში, როდესაც ტოვებდა მარიუპოლს, სადაც ალყაში მოქცეული ქალაქის გადასაღებად იმყოფებოდა.

თარიღი: 2 აპრილი

სახელი, გვარი: მაქსიმ ლევინი

ასაკი: 40 წლის

პროფესია: ფოტოჟურნალისტი, კინოდოკუმენტალისტი

ქვეყანა: უკრაინა

გარემოებები: კიევთან ახლოს გაუჩინარდა 13 მარტს, ხოლო პირველ აპრილს მოკლული იპოვეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თქმით, შეუიარაღებელი მაქსი ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლით მოკლეს რუსმა სამხედროებმა.

თარიღი: პირველი აპრილი

სახელი, გვარი: ოქსანა ბაულინა

ასაკი: 42 წლის

პროფესია: The Insider-ის  ჟურნალისტი; გასულ წლამდე მუშაობდა რუსი ოპოზიციონერის, სერგეი ნავალნის „ანტიკორუფციულ ფონდში“.

ქვეყანა: რუსეთი

გარემოებები: დაიღუპა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს – კიევთან ახლოს საცხოვრებელი უბნის დაბომბვისას, სადაც ნგრევას აშუქებდა.

თარიღი: 23 მარტი 

სახელი, გვარი: „საშა“, ოლექსანდრა კუვშინოვა

ასაკი: 24 წლის

პროფესიაFox News-ის ადგილობრივი კონსულტანტი

ქვეყანა: უკრაინა

გარემოებები: კიევთან ახლოს დაიღუპა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. მანქანას, რომლითაც გუნდთან ერთად გადაადგილდება რუსმა სამხედროებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს.

თარიღი: 14 მარტი  

სახელი, გვარი: პიერ ზაკრზევსკი  

ასაკი: 55 წლის

პროფესია: Fox News-ის ოპერატორი, ერაყში, ავღანეთსა და სირიაში მომუშავე ვეტერანი ჟურნალისტი

ქვეყანა: ირლანდია

გარემოებები: საშა კუვშინოვასთან ერთად დაიღუპა კიევთან ახლოს, როდესაც გადამღები ჯგუფის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.

თარიღი: 13 მარტი  

სახელი, გვარი: ბრენტ რენო

ასაკი: 50 წლის

პროფესია: კინორეჟისორი და ჟურნალისტი. რეგიონში TIME Studios-ის პროექტ ლტოლვილთა გლობალურ კრიზისზე სამუშაოდ იმყოფებოდა.

ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები

გარემოებები: კიევის რეგიონში, ირპენთან მდებარე რუსულ საგუშაგოსთან ახლოს, მიმავალ მანქანაში მჯდომს კეფაში ესროლეს. კიევის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა, რომ ჟურნალისტი რუსმა ჯარისკაცებმა შეცნობილად, დამიზნებით მოკლეს.

თარიღი: 13 მარტი  

 

სახელი, გვარი: ევგენი საკუნი

ასაკი: 49 წლის

პროფესია: LIVE TV-ის ოპერატორი

ქვეყანა: უკრაინა

გარემოებები: კიევში, ბაბინ იარის ტერიტორიაზე, სატელევიზიო ანძაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის დროს დაიღუპა. მისი ცხედარი მხოლოდ პრეს-ბარათით ამოიცნეს.

თარიღი: პირველი მარტი  

ეს არის ცნობები მხოლოდ იმ ჟურნალისტებზე, რომელთა დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებმა და RSF-მა გაავრცელეს. უკრაინის პროკურატურას და კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს მოკლულ ჟურნალისტთა სია ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებიათ.

რუსეთისა და უკრაინის ჯარების დანაკარგები – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • პერსონალი – დაახლოებით 19 300 ადამიანი
  • ტანკი – 722 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 911 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 342 ერთეული
  • MLRS – 108 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 55 ერთეული
  • თვითმფრინავი – 152 ერთეული
  • ვერტმფრენი – 137 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 384 ერთეული
  • გემი/ნავი – 7 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 112
  • სპეციალური აღჭურვილობა – 25
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 აპრილამდე, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 127 თვითმფრინავი
  • 98 შვეულმფრენი
  • 436 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 2052 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 234 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 232 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 894 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 1 975 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიის სამიზნე მთელი ევროპაა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კი, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ “ტვიტერზე” დაწერა, რომ მისი ქვეყანა ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ადგენს უკრაინის დასახმარებლად.

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იბრძვის, ფეისბუკზე წერს, რომ დღეს, 9 აპრილს, კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში, 5 კი დაიჭრა.

„წარმოიდგინეთ, რუსეთის მთელი ხელმძღვანელობა თავისი ჟურნალისტებით, რომლებიც ომის აგრესიას პროპაგანდით უჭერენ მხარს, ისინიც შესაძლოა გასამართლდნენ…“ – ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია არ გამორიცხავს, რომ ჰააგის ტრიბუნალზე პუტინთან და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ჟურნალისტებიც გაასამართლონ, რომლებიც ომის პროპაგანდას ქმნიან.

რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო “როსკომნადზორი” “ნეტგაზეთს” აფრთხილებს, წაშალოს თავის რუსულ ვერსიაში გამოქვეყნებული ერთ-ერთი მასალა, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს ეხება.

[yellow_box]“როსკომნადზორი” “ნეტგაზეთს” აფრთხილებს, წაშალოს მასალა რუს გენერალზე[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რუსეთმა შესაძლოა ჩახოცოს მთელი არმია, მაგრამ რაღაც შედეგი 9 მაისამდე უნდა დადოს – ინტერვიუ

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 აპრილის 21 საათიდან 11 აპრილის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 8-13 გრადუსი, დღისით 15-20 გრადუსი სითბო,
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 13-18 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – ღამით 0-3 გრადუსი, დღისით 3-8 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში; უმეტესად უნალექოდ; ხილვადობა – კარგი, ტალღის სიმაღლე: 5-10 დმ(2-3 ბალი);
  • ზღვის წყლის ტემპერატურა: +13 გრადუსი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, სამშაბათს და ოთხშაბათს [12-13 აპრილს] აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.


ფიჭვნარი მაშველების გარეშე – პლაჟი, სადაც აკრძალვის მიუხედავად ბანაობენ

 

დადასტურდა კოვიდის 148 ახალი შემთხვევა – 10 აპრილი

10 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით 1 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 148 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 65 შემთხვევა, აჭარა – 5, იმერეთი – 18, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 11, გურია – 12, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 10 აპრილის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 651 470 , ბოლო 24 საათში – 148
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 631 434 , ბოლო 24 საათში – 425
  • მათ შორის გარდაცვლილი – 16 771 , ბოლო 24 საათში – 1
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 8 854, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 991, PCR ტესტით – 1 863
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,67%, ბოლო 14 დღის – 1,99%, ბოლო 7 დღის – 1,73%
  • სულ აცრილია – 2 865 773, დღიურად აცრილია – 343
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 412

აფხაზეთიდან დევნილმა ქალმა, პოლონეთში უკრაინელები შეიფარა

„არსებობს ქვეყანა, სადაც ომი არასდროს იქნება? მოდი ყველანი იქ წავიდეთ“, – ეს სიტყვები მარიუპოლის ჯოჯოხეთს გამოქცეულ 6 წლის გოგოს ეკუთვნის, რომელიც პოლონეთში, აფხაზეთიდან დევნილმა ქართველმა, მეგი ბიბილურმა შეიფარა. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსებმა ომი დაიწყეს, მეგი იმ დღიდან ზრუნავს უკრაინიდან ლტოლვილ ადამიანებზე. „ბათუმელებთან“ იმაზე ჰყვება, რაც ბავშვებმა და ქალებმა უკრაინიდან პოლონეთამდე გაიარეს.

  • მეგი, როგორც ვიცით, პოლონეთში ცხოვრობთ და აქტიურად ეხმარებით უკრაინელ ლტოლვილებს. მოგვიყევით ამის შესახებ.

აფხაზეთიდან დევნილობის შემდეგ, ცხინვალის რეგიონში ვცხოვრობდი, სადაც დავაფუძნე ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი“ და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე დევნილებთან მუშაობის პერიოდში.

მეც დევნილი ვარ, სწორედ ამიტომ არის ჩემთვის ძალიან ემოციური ის, რაც ხდება უკრაინაში და ძალიან მახსენებს ყველა იმ ეტაპს და კრიზისს, რომელიც ჩვენ გავიარეთ 2008 წელს.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ცხინვალის დატოვებაც მომიხდა და გორში გადმოვედი საცხოვრებლად. დავაფუძნე კოალიცია „დევნილთა უფლებებისთვის“ და კვლავ გავაგრძელე ამ მიმართულებით მუშაობა.

უკრაინიდან ლტოლვილი ადამიანები პოლონეთში.
ფოტო: მეგი ბიბილური

გორი და მარიუპოლი დამეგობრებული ქალაქებია. ამიტომ, მარიუპოლში ვთანამშრომლობდი ქალთა ორგანიზაციასთან „ბერეგინა“ და როცა 2014 წელს, დონეცკიდან პირველი ლტოლვილების ნაკადი მიიღეს, მაშინ ჩავედით ჩვენი ორგანიზაციის წევრები და გავუზიარეთ გამოცდილება.

ბოლო ოთხი წელია ვარშავაში ვარ, პოზნანის უნივერსიტეტში სადოქტორო თემაზე ვმუშაობ – „მედიაცია, როგორც კონფლიქტის მოგვარების ალტერნატიული გზა“ და ისევ აქტიურად ვარ ჩართული დევნილების უფლებების დაცვაში. აქ ფონდ HumanDoc-ის პროგრამების კოორდინატორიც ვარ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მუშაობს. ვეხმარები დევნილ ახალგაზრდებს პოლონეთში ჩამოსვლაში და სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობაში.

  • როგორ ახერხებთ ლტოლვილების გამოყვანას ომის ზონიდან, შეგიძლიათ მოგვიყვეთ, რამდენად რთულია ეს?

როცა 24 თებერვალს ომი დაიწყო, მაშინ მივიღე პირველი ზარი მარიუპოლიდან. ჩემი მეგობარი, ორგანიზაცია „ბერეგინას“ ხელმძღვანელი მირეკავდა. მითხრა, მძიმე მდგომარეობაა და თუ დავეხმარებოდით. პირველი ავტობუსი მაშინ ჩამოვიდა მარიუპოლიდან, 56 ბავშვი და ქალი ჩამოვიყვანეთ. მოხუცები არ გამოვიდნენ მაშინ, რადგან ჯერ კიდევ სჯეროდათ, რომ დაბომბვები მალე შეწყდებოდა.

იმ ავტობუსით კი ჰუმანიტარული დახმარება გავუგზავნეთ. ასევე ფანრები, სანთლები, ძალიან ბევრი power banking-ი და საკვები გავუგზავნეთ. ეს იყო ბოლო ავტობუსი, რომელმაც მარიუპოლში შეაღწია. შემდეგ ჩაიკეტა ქალაქი და ტვირთი ვეღარ აღწევდა. ტვირთს გზაში მაროდიორები ხვდებოდნენ და იტაცებდნენ. ამიტომ, თვითონ გვთხოვეს, რომ აღარ გაგვეგზავნა დახმარება, რადგან ამით ისევ რუს სამხედროებს ვკვებავთო.

29 თებერვლიდან ქალაქი ალყაში მოექცა. 3 დღე საერთოდ არ გვქონდა კავშირი არავისთან. აქ მყოფი ლტოლვილები მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, რადგან არავინ იცოდა იყვნენ თუ არა ცოცხლები მათი ოჯახის წევრები.

შემდეგ უკვე იყო ზარები სარდაფებიდან, რადგან power banking-ი გავაგზავნეთ, მოახერხეს ტელეფონების დამუხტვა და კავშირზე გამოსვლა.

ერთი კვირის წინ, პოლონელი ოჯახი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მარიუპოლში ორი – 9 და 11 წლის პოლონელი ბავშვები იყვნენ ჩარჩენილები. მოგვწერეს მისამართი. მარიუპოლში ჩვენი ორი მოხალისე მედდა მუშაობს, ჩვენ მათ გადავეცით ბავშვების მისამართი და დაიწყეს ძებნა. იმ მისამართზე ყველაფერი მიწასთან იყო გასწორებული, თუმცა შემდეგ, როცა სარდაფებში მიმალული ადამიანების აღწერა დაიწყეს, ერთ-ერთი საავადმყოფოს სარდაფში აღმოაჩინეს ეს ბავშვები ბებიასთან ერთად და მათი გამოყვანა მოხერხდა.

  • ვიცით, რომ ქალაქი ალყაშია, როგორ ახერხებენ ეს ადამიანები გამოსვლას, რა გზას გადიან?

ამ ხალხის გამოყვანა პირადი კონტაქტებით ხდება, რადგან არც „წითელი ჯვარი“ მუშაობს და არც ოფიციალური მოლაპარაკებები ჭრის. რამდენიმე მცდელობა იყო ამის, ჩვენი ორგანიზაციაც იყო ჩართული, თუმცა მაინც გაუხსნეს ცეცხლი მშვიდობიან მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, გამოსვლა სიცოცხლის ფასად უხდებათ, მათ სხვა აღარაფერი დარჩენიათ.

გამოდიან საკუთარი მანქანებით ან რაღაც ძველი ავტობუსებით, ფეხით. გზა და გზა იმალებიან ოჯახებში და შემდეგ ისევ სხვადასხვა გზებით გადმოდიან.

ბოლოს იყო ასეთი სიტუაცია, ოთხი მანქანა გადმოდიოდა და ცეცხლი გაუხსნეს. დაიჭრა ოთხი ადამიანი, ერთ-ერთი, ჩვენი კოორდინატორია. მოხალისე, რომელმაც ბავშვი დაკარგა, დაიღუპა მამამისიც. 3 მანქანის გამოყვანა შევძელით. ის გოგო კი იქ დარჩა, ვერ გამოვიდა. ენით აღუწერელი რამ ხდება.

არის შემთხვევები, როცა ჩხრეკენ გამომსვლელებს რუსები და ართმევენ ყველაფერს. აიძულებენ ყველაფერი წაშალონ მობილურში.

ჩვენ აქ ჰააგის სასამართლოსთვის ფაქტების შეგროვება დავიწყეთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ წარდგენილი იყოს ფოტოები და ვიდეოები, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ადამიანები ცოცხლად გამოვიდნენ და არ გაუწიონ ამის გამო წინააღმდეგობა.

მარიუპოლიდან გამოსული 4 შვილის დედა, რუსების მიერ დაცხრილული მანქანით. 
ფოტო: მეგი ბიბილური

მინდა ერთ ქალზე მოგიყვეთ. 4 შვილი ჰყავს. უბრალოდ ადგა, ჩაისვა ბავშვები მანქანაში, „რაც იქნება-იქნება“ – თქვა და წამოვიდა, რადგან ბავშვებს უკვე გული მისდიოდათ შიმშილისგან და თუ არა ბომბი, შიმშილით მაინც დავიხოცებოდითო – ამბობდა დედა.

ღმერთს მივანდე ჩვენი სიცოცხლე და წამოვედი, არსად გამიჩერებიაო. მანქანა მთლიანად დაცხრილულია, მიუხედავად იმისა, რომ აწერია – „ბავშვები“ და სახელურებზეც თეთრი ნაჭრები აქვს გამობმული.

ასე მოვიდა პოლონეთის საზღვართან, იქ დავხვდი მეც. თუმცა ისეთი ისტერიკა ჰქონდა, მანქანიდან ვერ გადმოვიყვანეთ. ორი საათი ვაწარმოებდით მოლაპარაკებას, მაგრამ უშედეგოდ. მიზანი ჰქონდა, რომ ამ მანქანით პოლონეთში ჩასულიყო.

რადგან მანქანა ძალიან დაზიანებული იყო, ასე გადაადგილება პოლონეთში არ შეიძლება, შესაძლოა პოლიციას დავეჯარიმებინეთ, ამიტომ ვცდილობდით, რომ ჩვენს მანქანაში გადმოგვეყვანა. ვუხსნიდით, რომ უკვე სამშვიდობოს იყო და აქ არაფერი ემუქრებოდა. ვერ დავარწმუნეთ. ბოლოს მისცეს უფლება წასულიყო თავისი მანქანით.

ყველაზე მძიმე იცით რა იყო კიდევ? როცა ჩავედით, ქალი მუხლებზე დაეცა და ყვიროდა – „მე ყველაფერი გავაკეთე“. ჩემთვის ეს ქალი 21-ე საუკუნის გმირია.

ბოლოს, რომ გამოვიყვანეთ ბავშვები, შვიდი დღე იარეს ავტობუსით ზაპოროჟეცამდე, იქიდან კი დნეპრში და შემდეგ ვარშავაში გამოყვანაც შევძელით. გუშინ კიდევ 186 ადამიანი გამოვიყვანეთ.

  • ალბათ ბევრი ბავშვია მშობლის გარეშე დარჩენილი, როგორია მათი მდგომარეობა?

დიახ, ძალიან ბევრია. ერთ-ერთ სახლს ევაკუაციის დროს ბომბი დაეცა და დედა დაიღუპა. მამა მძიმედ დაშავდა, ახლა საავადმყოფოშია და ფეხი მოკვეთეს. ბავშვი ცხრა წლისაა და არ იცის, რომ დედა დაეღუპა. კითხულობს, მაგრამ ვერაფერს ვეუბნებით. ფსიქოლოგმა გვირჩია, როცა მამა გამოკეთდება, თვითონ დაელაპარაკებაო.

ერთი ბავშვი 4 წლისაა, რომელიც ბებიასთან ერთად გამოვიდა. თუმცა, ბებია მალე გარდაიცვალა და ახლა ბავშვი დედის მეგობართანაა. მისი მშობლების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. მშობლების გარეშე დარჩენილი ყველა ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაში გადადის, რადგან უკრაინული კანონმდებლობით, უკრაინელი ბავშვის აყვანა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეს შეუძლია და სხვა მეურვეობას ვერ გაუწევს.

პოლონელი ბავშვები რომ გამოვიყვანეთ, ისინიც მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, ვერ ჭამდნენ, სიცხეები ჰქონდათ. სასწრაფო სასწრაფოზე მოგვყავდა. მშივრები იყვნენ მთელი დღეები და როცა აქ ნორმალურ კვებაზე გადავიყვანეთ, ორგანიზმი ვერ იღებდა საკვებს.

როცა ბავშვებს წყალს ვაძლევთ, შევნიშნე, რომ ბოლომდე არ სვამენ. გავიგონე როგორ ეუბნებოდა 6 წლის ბავშვი თავის ძმას, „ბოლომდე არ დალიო“. ჰგონიათ, რომ მეტი აღარ იქნება და იზოგავენ. იგივე ხდება საკვებზეც.

  • როგორც ვიცით, თქვენც შეიფარეთ უკრაინელები, რას გვეტყვით მათზე?

მე ორი ოჯახი შევიფარე. დედა, ერთი წლის ბავშვით და მეორე დედა 6 წლის ბავშვთან ერთად. ერთხელ ეს ბავშვი მეკითხება, – „მეგი დეიდა, არსებობს მსოფლიოში რომელიმე ქვეყანა, სადაც ომი არასდროს იქნება? ყველანი იქ რომ წავიდეთ“.

ერთხელ, როცა მანქანას ვაპარკინგებდი ვუთხარი, რომ აქ ყველას შეეძლო მანქანის გაჩერება. ბავშვმა მკითხა – „რუსეთის ტანკებსაც შეუძლიათ გაჩერდნენ?“.

ერთ-ერთი ბავშვი დედას ეუბნებოდა: „ერთი თვეა მამა არ გვინახავს, ომი თუ გაგრძელდა, მამას შეიძლება დავავიწყდეთ?“.

იყო შემთხვევა, როცა თვითმფრინავის ხმაზე დედაც და ბავშვებიც ინსტინქტურად გაწვნენ ქუჩაში. ფსიქოლოგებმა გვითხრეს, რომ ასეთი რამ მინიმუმ ერთი თვე კიდევ შეიძლება გაგრძელდეს.

მეგიმ პოლონეთში ორი უკრაინული ოჯახი შეიფარა.

ბავშვები ძალიან რეაგირებენ ხმაურზე, ყურებზე ხელებს იფარებენ და ტირილს იწყებენ. ის ბავშვებიც, რომელიც ჩემთან ცხოვრობენ, ერთხელ კინოში წავიყვანე მულტფილმზე, 15 წუთის შემდეგ, მათაც ხელები აიფარეს ყურებზე და ისტერიკაში ჩავარდნენ. ვერ აიტანეს ხმაური.

პრობლემები გვაქვს 15-16 წლის მოზარდებთანაც, რადგანაც ოთახში იკეტებიან და არ გამოდიან გარეთ. 14 წლის გოგონას ჰქონდა სუიციდის მცდელობაც და სერიოზული ფსიქოლოგიური ინტერვენცია დაგვჭირდა მასთან. ის დეიდასთან ერთადაა ჩამოსული და არაფერი იცის მშობლების შესახებ. ათი დღეა კავშირზე აღარ გამოდიან.

12 წლის გოგონა გვყავს კიდევ, რომელსაც თანაკლასელი დაეღუპა და ამას განიცდის ძალიან.

მე შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ იმის გამო, რასაც პოლონელი ხალხი აკეთებს უკრაინელებისთვის. საოცარი სოლიდარობის განცდა აქვთ მათ მიმართ. ყველა ჩემი მეგობრის ოჯახში ერთი ოჯახი მაინც ცხოვრობს, თუ ორი არა.

  • თქვენ ამბობთ, რომ მედდები გყავთ მარიუპოლში, რას ყვებიან ისინი, რა ხდება ქალაქში?

ისეთი ამბები მოვისმინე, უბრალოდ ვერ აღგიწერთ…

ქალაქში საშინელი ეპიდსიტუაციაა, იმიტომ, რომ უამრავი ცხედარია. ბოლოს როცა ვკითხეთ, თუ რა უნდოდათ რომ გაგვეგზავნა, ყველამ გვითხრა, რომ ტომრები გაგვეგზავნა ცხედრებისთვის, რადგან ვერ ხერხდება მათი დაკრძალვა.

არის საუბრები კრემატორიუმებზეც. ჯერ ამბობდნენ, რომ დაღუპული ჯარისკაცების დასაწვავად იყო შემოყვანილი, მაგრამ ახლა მოსახლეობაზეც საუბრობენ.

კიდევ ერთი საკითხია, რომ რუსები მიდიან ოჯახებში, ართმევენ საბუთებს ადამიანებს, სვამენ ავტობუსებში და მიჰყავთ, მაგრამ სად, არავინ იცის. იყო საუბარი ციმბირზეც, მაგრამ რეალურად სად მიჰყავთ, არ ვიცით. შესაძლოა სამომავლოდ ეს ადამიანები მძევლების გასაცვლელად გამოიყენონ.

  • როგორც ვიცით, ყველაზე ბევრი ლტოლვილი სწორედ პოლონეთმა მიიღო. რა პირობებში უწევთ ყოფნა ლტოლვილებს?

როცა 100-200 კაცი ჩამოდის, ძირითადად დიდ ცენტრებში მიჰყავთ, სადაც ძალიან ცუდი მდგომარეობა ჰიგიენური თვალსაზრისით. ჩვენი ორგანიზაცია კი ცოტა განსხვავებულად მუშაობს.

ჩვენ წინასწარ ვიცით, რამდენი ოჯახი ჩამოდის, ბავშვების ასაკი როგორია და ამის მიხედვით ვანაწილებთ პოლონურ ოჯახებში, რადგან გვინდა, რომ ოჯახური გარემო დახვდეთ და გონზე მოვიდნენ, შემდეგ კი მათთვის ვეძებთ სხვა საცხოვრებელს.

ვმუშაობთ კომპლექსურად, – ვთავაზობთ როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე სამედიცინო დახმარებას. ვაწვდით ჰიგიენურ საშუალებებს, ჩასაცმელს და ყველაფერს, რაც აუცილებელია.

უკრაინელი ლტოლვილების თავშესაფარი პოლონეთში.
ფოტო: მეგი ბიბილური

რეალურად, უკრაინელი ხალხი მართლა ძალიან მაგარი ხალხია. ძალიან ამაყობენ თავისი ქვეყნით და ძალიან მებრძოლები არიან. რასაც ვხედავ, უკრაინელი ქალები ყოფილან უმაგრესი ლიდერები. ის, რაც მათ გადაიტანეს, ამის მიუხედავად მაინც მაგრად დგანან და სჯერათ გამარჯვების.

ცდილობენ ყველანაირად მობილიზდნენ და აქეთ დაგეხმარონ. მაგალითად, მარიუპოლიდან პირველი-ორი ჯგუფი ვინც ჩამოვიყვანეთ, პირდაპირ ჩაერთნენ საქმიანობაში და ახლაც ჩვენთან ერთად მუშაობენ ლტოლვილების დასახმარებლად.

  • მეგი, თქვენ გვითხარით, რომ აფხაზეთიდან დევნილი ხართ. გახსოვთ ის დღე, როცა გამოხვედით იქიდან?

8 წლის ვიყავი მაშინ. ოჩამჩირეში ვცხოვრობდით. ომმა ჩვენი ოჯახი გახლიჩა, რადგან ბებია იქ დარჩა, დეიდაც, რადგან აფხაზი ქმარი ჰყავდა და დეიდაშვილებიც აფხაზობდნენ.

სანამ გამოვიქცეოდით, წინა დღეს ჰყვებოდნენ ისტორიებს, თუ როგორ შედიოდნენ რუსები ოჯახებში და ყველას ხვრეტდნენ. მახსოვს დედას ვუთხარი, – „დედიკო, მოდი წითელი საწებელი გადავისხათ და თავი მოვიმკვდარუნოთ, როცა შემოვლენ არაფერს გვიზამენ-მეთქი“.

როცა გამოვიქეცით, დედამ სწრაფად ჩაყარა ნივთები, ხელი მომკიდა და გამოვიქეცით. როცა გამოვრბოდით, გამახსენდა, რომ ჩემი საყვარელი დათუნია დამრჩა, ყოველ ღამით მასთან ერთად ვიძინებდი და ვდარდობდი, რომ მარტო დავტოვე.

მახსოვს, როგორ ვიარეთ ფეხით. როცა პოსტებზე გვაჩერებდნენ დედას ვეკითხებოდი, – „დედა, ჩვენები არიან თუ რუსები?“…

მეგი ბიბილური

ბებია მას შემდეგ აღარ მინახავს. არც დეიდა. როცა 12 წლის შემდეგ ბებია გარდაიცვალა, დედა „წითელი ჯვრის“ დახმარებით ჩავიდა დედის დაკრძალვაზე. მხოლოდ 4 საათით.

დევნილობა ჩემთვის მტკივნეული თემაა და ამიტომ არის ასეთი ახლო ჩემთვის უკრაინის ამბები. როცა უკრაინელებს ვეუბნები, რომ ქართველი ვარ, სახე უნათდებათ, მოდიან და მეხუტებიან. ქართველების მიმართ განსაკუთრებული ნდობა აქვთ, რადგან იციან, რომ ჩვენ ერთი სატკივარი გვაქვს.

იციან, რომ ჩვენ უკეთ გავუგებთ, რადგან ვიცით, რას ნიშნავს დევნილობა და უცხო ქვეყანაში ცხოვრება.

მოსამართლემ ირაკლი კუპრაძე გაამართლა, ისიც „მონას“ დაძახებისთვის დააკავეს

ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“, ირაკლი კუპრაძე მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ გაამართლა. ის 2 მარტს ბათუმში, სოლიდარობის აქციაზე პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს და სამართალდარღვევის ოქმში ჩაწერეს, რომ მან პოლიციელებს „მონა“ უწოდა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ „მონას“ დაძახება სამართალდარღვევად არ მიიჩნია – 4 აპრილს ხათუნა ბოლქვაძემ გაამართლა თბილისის საკრებულოს წევრი „გირჩიდან“ ცოტნე კობერიძე, რომელმაც ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილს საჯაროდ დაუძახა: „ბიძინას მონა“.

ირაკლი კუპრაძე კი ამბობდა, რომ შეურაცხყოფა აქციაზე არავისთვის მიუყენებია და არც წინააღმდეგობა გაუწევია პოლიციელებისთვის. ის დაახლოებით 40 საათი გააჩერეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

რუსეთმა შესაძლოა ჩახოცოს მთელი არმია, მაგრამ რაღაც შედეგი 9 მაისამდე უნდა დადოს – ინტერვიუ

„მორიგი შეტევა დაიწყება დაახლოებით 10 დღის ფარგლებში და ეს გაცილებით მძიმე იქნება, რაც აქამდე იყო,“ – მძიმე პროგნოზი აქვს გადამდგარ გენერალ-მაიორს, ვახტანგ კაპანაძეს რუსეთ-უკრაინის ომზე. გადამდგარი გენერალი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომს არ წააგებს, მაგრამ ხედავს, რომ რუსული არმია მორიგი შეტევისთვის ემზადება, უფრო ხელსაყრელი პირობებით.

სამხედრო ექსპერტი თვლის, რომ გადამწყვეტი ფაქტორი ამ ეტაპზეც უკრაინისთვის შეიარაღების დროულად მიწოდებაა.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ვახტანგ კაპანაძე საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი იყო ორჯერ.

  • ბატონო ვახტანგ, უკვე ცნობილია სამხედრო ტექნიკის ჩამონათვალი, რასაც აშშ მიაწვდის უკრაინას. ეს რამდენად ზრდის უკრაინის სამხედრო შესაძლებლობას? 

საუბარი 60 ათას „ჯაველინზე“, 20 ათას „სტინგერზე“, დრონებზე, რომელიც ძალიან ეფექტურია ჯავშანტექნიკის, ასევე გამყარებული პუნქტების საწინააღმდეგოდ. ის ტექნიკაც, რომელსაც აძლევს უკრაინას დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია, არის მხარდამჭერი ჯავშანტექნიკა და არა საბრძოლო. ეს შეიძლება იყოს გამოყენებული სამედიცინო ევაკუაციისთვის, სადაზვერვო, ან სამეთაურო მიზნებით… მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლების ინტენსივობიდან გამომდინარე, უკრაინელები ხარჯავენ დღეში ერთი კვირის მარაგ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს. გარდა ამისა, უკრაინას ძალიან სჭირდება დარტყმითი შეიარაღება, ვინაიდან ელოდებიან დიდ ბრძოლას აღმოსავლეთით, სადაც იქნება შეტევითი, კონტრშეტევითი მოქმედებები დაცვით მოქმედებებთან ერთად.

მაგალითად, ჩეხეთიდან რაც მიიღეს T – 72, მართალია, ძველი ტექნიკაა, მაგრამ რუსებს რაც აქვთ T – 90 იმის გაუმჯობესებული ვარიანტია. გასათვალისწინებელია, რომ T – 72 ეკუთვნოდა ნატოს წევრ ქვეყანას. მისი შიგთავსი, სამიზნე მოწყობილობა, კავშირგაბმულობა, სითბური ხედვის, ღამის ხედვის საშუალებები არის ნატოს სტანდარტით გაკეთებული. ასე რომ, ეს არ არის ძველი ტექნიკა, როგორც ზოგიერთი აღნიშნავს.

  • თუმცა ამ შეიარაღებით მასობრივ შეტევას უკრაინა ვერ შეძლებს.

კი, მაგას გავუსვი ხაზი. უკრაინას ახლა სჭირდება შეტევითი შესაძლებლობების გაზრდა. მთავარი შემადგენელი მაინც ჯავშანტექნიკაა, ტანკი, რომელიც გამოიყენება თავდაცვის დროსაც, მაგრამ მისი ძირითადი ეფექტიანობა გამოიხატება შეტევით შესაძლებლობებში. უკრაინას ახლა მეტი დარტყმითი ჯავშანტექნიკა სჭირდება და, რა თქმა უნდა, ჰაერიდან მხარდაჭერა. ამ აღჭურვილობის გარეშე უკრაინა დიდ შეტევას ვერ განახორციელებს და კონტრდარტყმა ვერ განხორციელდება ეფექტურად.

უკრაინას ასევე სჭირდება საზენიტო საშუალებები, რომელიც რუსული საჰაერო შესაძლებლობების ნიველირებას გააკეთებს.

  • რატომ ვერ აწვდიან ნატო-ს წევრი ქვეყნები ამ შეიარაღებას უკრაინას ამ დრომდე? 

ნუ ვიმსჯელებთ მხოლოდ იმ ინფორმაციით, რაც ღია წყაროებით ვრცელდება. იყო ზედმეტი საუბრები გამანადგურებლების მიწოდებაზე და ჩაიშალა ეს პროექტი ზედმეტი ლაპარაკის გამო. თუ დააკვირდებით, ბრიტანელები როცა იწყებენ საუბარს მიწოდებაზე, ის ფაქტობრივად უკვე მიწოდებულია, ანუ უკანა რიცხვით საუბრობენ.

ასე რომ, რაც საჭიროა და შესაძლებელია, ნატო იმ ტექნიკა აწვდის და მიაწვდის უკრაინას.

ჩემი დაკვირვებით, ზოგიერთ ქვეყანას საკმაოდ შეზღუდული რაოდენობით აქვს ეს ტექნიკა, მაგალითად, გერმანიამ შეამცირა მკვეთრად სატანკო დანაყოფები და 200 ტანკამდე დაიტოვა, ჰოლანდიამ გააუქმა საერთოდ, შვედეთმა და ბელგიამაც. აღმოჩნდა, რომ იჩქარეს. გარდა ამისა, სრულად ვერ განიარაღდება ქვეყანა და ვერ მიაწვდის ამ შეიარაღებას უკრაინას.

მეორე პრობლემაა მიწოდებული სამხედრო ტექნიკის ათვისება, მაგალითად, რომ მიაწოდონ ამერიკული „აბრამსი“, ეს საკმაოდ რთული ტექნიკაა, ელექტრონიზებული, მას სჭირდება შესაბამისი მოვლა, რემონტი, ათვისება, რთული პლატფორმაა, გააჩნია თავისი ოპტიკური ნაწილი, ცეცხლის წარმოების ნაწილი, სავალი ნაწილი, კავშირგაბმულობა და ასე შემდეგ. რემონტიც რომ ჩაატარო, შესაბამისი სპეციალისტი გჭირდება. ეს არაა ავტომატი, რომ აი, გიჭირავს ხელში „კალაშნიკოვი“ და ახლა მოგაწვდი M 4-ს, რომ ამას იოლად აითვისებ. ამიტომაც „ჯაველინები“ და „სტინგერები“ მიაწოდეს, რაც მარტივად ასათვისებელია.

  • რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ხერსონთან უკრაინელების წარმატება, სადაც მათ კონტრშეტევები დაიწყეს? 

მიმდინარებს შეტევები სხვადასხვა მასშტაბით, ხერსონის რაიონის ნაწილი გაათავისუფლეს კიდეც უკრაინელებმა, თუმცა აქ მთავარი პრობლემაა ის, რომ თავად ქალაქი ხერსონი რთული ქალაქია, მდინარის დელტაა ძალიან ბევრი რთული გადასასვლელებით. ეს ქალაქი დაცვისთვის ადვილია, შეტევისთვის – რთული. თუმცა ფაქტია, რომ გარკვეული წარმატება უკრაინელებს აქვთ.

პრობლემა იქნება მდინარე დნეპრის გადმოლახვა, თუ დნეპრის მარცხენა ნაპირზე გამაგრდებიან რუსები…

  • როგორ გამოიყურება ამ დროისთვის რუსეთის გეგმა უკრაინაში? 

რუსები ამზადებენ პლაცდარმს მორიგი შეტევისთვის. ამისთვის ისინი ახორციელებენ დარტყმებს კომუნიკაციის ხაზებზე, რომ უკრაინელებმა ვერ შეძლონ დამატებით ძალების გადასროლა აღმოსავლეთ მიმართულებით, რომელიც იქნება რუსების მთავარი სამიზნე. იგივე კრამატორსკის დარტყმა განხორციელდა რკინიგზის კვანძზე, ასევე ხედავთ, რომ ხორციელდება დარტყმები მომარაგების ბაზებზე, საწყობებზე, საწვავ-საპოხ საშუალებების რეზერვებზე, ანუ რუსები ცდილობენ მაქსიმალურად შეაფერხონ უკრაინელების გაძლიერებული დანაყოფების გადმოსროლა აღმოსავლეთ მიმართულებით.

თუ დააკვირდებით რუკას, ამჟამად რუსებს აქვთ გაცილებით მოკლე ლოჯისტიკური ხაზები, ვიდრე უკრაინას, რადგან კიევიდან დონბასამდე არის სადღაც 500 კილომეტრი, ლვოვიდან 750 კილომეტრი,  რუსეთის საზღვართან არის აეროდრომები, საიდანაც რუსეთი სახმელეთო რაკეტებს უშვებს გადმოადგილებულ დანაყოფებზე.

უკრაინა ცდილობს მოკლე გავლით, ქალაქიდან ქალაქში გადაადგილდეს დაფარულად, რომ დარტყმის ობიექტი არ გახდეს.

არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ მდინარე დნეპრი ახლა უკრაინელებისთვის არის შემაფერხებელი ფაქტორი, როცა მანამდე რუსებისთვის იყო ეს ფაქტორი. უკრააინამ უნდა გადმოლახოს ეს მდინარე, რომ მოახერხოს აღმოსავლეთის დაჯგუფების გაძლიერება.

  • თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ – რა იქნება რუსეთის ტაქტიკა ამჯერად? 

ვიღაც პასუხისმგებელი გამოჩნდა რუსეთის მხრიდან ამ ომზე, ეს არის გენერალ-ლეიტენანტი ტიფლინსკი, ის არის ცენტრალური სარდლობის სარდალი. სხვათა შორის, ზედმეტსახელი აქვს „არმაგედონი“. მისი მონაწილეობით უკვე ჩატარდა დონბასის დაჯგუფების ინსპექტირება და, როგორც ვიცი, შედეგით იყო ძალიან უკმაყოფილო. მან მოითხოვა შეტევის დაწყების თარიღის გადმოტანა. მიმართულება ისევ იგივეა, რასაც აქამდე ვამბობდი – დონბასის რეგიონი.

ტიფლინსკი ხელმძღვანელობს უშუალოდ დონბასის მიმართულებას, ხოლო მთლიანად უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობას ალექსი დვორნიკოვი ხელმძღვანელობს.

ტიფლინსკიმ ასევე მოითხოვა რესურსების შევსება. საბოლოო ჯამში, რუსები ალბათ 150 ათასამდე დაჯგუფებას შექმნიან. როგორც იცით, 60 ათასამდე რეზერვისტის შეგროვება დაიწყეს რუსეთის სხვადასხვა რეგიონში. გარდა ამისა, საბრძოლო რეზერვი უკვე შეიყვანეს – 32 ათასი კაცი.

ახლა რუსეთის მთავარი ამოცანაა დონბასის დაჯგუფების ალყაში მოქცევა. მიმართულება იქნება ჩრდილოეთის ქალაქ იზიუმიდან სამხრეთით და გულიაპოლიდან იზიუმისკენ. ამ მიმართულებით სურს რუსეთს შემხვედრი მარწუხების გაკეთება, მე ასე წარმომიდგენია სამხედრო ლოგიკით.

თუ რუსეთმა შემოვლა ვერ განახორციელა, მაშინ შემორტყმას განახორციელებს… განსხვავება ისაა, რომ შემოვლა ხორციელდება ზურგში, შემორტყმა კი, ხორციელდება ფლანგებზე დარტყმით. თუ რუსეთი ვერ განახორციელებს ღრმა შემოვლას, მაშინ შეეცდება, რომ შემორტყმა განახორციელოს. რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთის დაჯგუფების გახლეჩას შეეცდება ზუსტად კრამატორკის მიმართულებიდან.

  • უკრაინელები როგორ ხედავენ ამ დროს არათუ დაცვას, არამედ კონტრშეტევას, რაც ხერსონში დაიწყეს? 

უკრაინელები ცდილობენ ფლანგების მაქსიმალურად გაძლიერებას და ცდილობენ, რომ არ მისცეს რუსებს მარწუხების შექმნის საშუალება. ერთია, ალყაში მოაქციო დაჯგუფება და მეორეა ამ დაჯგუფების განადგურება, ვინც ალყაში მოაქციე. თუ მარიუპოლში ამდენი ხანი ეომებიან „აზოვის“ ორ ბრიგადას, წარმოადგინე, 10 ბრიგადამდე დაჯგუფების განადგურება რამდენად რთული ამბავი იქნება.

უკრაინას გააჩნია თავდაცვის საშუალებები, მაგრამ თვითონ რომ გადავიდეს შეტევაზე, სჭირდება დარტყმის შესაძლებლობები. ერთია, გააჩერო მოწინააღმდეგე, მაგრამ სხვა ფასი აქვს მოწინააღმდეგის დამარცხებას. უკრაინას თავისი ჯავშანტექნიკა ცოტა არ ჰყავდა, მაგრამ ახლა რემონტი უჭირთ. როგორც იცით, რუსებმა სატანკო ქარხნები და ინფრასტრუქტურა გაანადგურეს.

ახლა განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს: რუსეთის ეს გეგმა იქნება წარმატებული, თუ ვერა. თუ ატყობთ, უკრაინელებმაც შეცალეს თავისი წინადადებები მოლაპარაკებებზე. ფაქტობრივად, შეწყვიტეს მოლაპარაკება, რადგან ორივე მხარე ელოდება დიდი სამხედრო ოპერაციის შედეგს. თუ წარმატებული იქნა რუსებისთვის, იმედი მაქვს, რომ ასე არ იქნება, შესაძლოა, იფიქრონ ასევე ხარკოვის აღებაზე და დნეპრის მარცხენა ნაპირის მთლიანად ოკუპირებაზე. შესაძლოა, ოდესის მიმართულებაზეც იფიქრონ.

თუ ეს შეტევა არ იქნება წარმატებული რუსებისთვის, მაშინ ისინი შეეცდებიან აქამდე დაკავებული ტერიტორიის დაცვას. თავისთავად უკრაინელები შეეცდებიან ამ ტერიტორიების გათავისუფლებას. ასე რომ, ეს დაპირისპირება მინიმუმ 2 წელს მაინც გაგრძელდება, მეტი თუ არა. ხომ გახსოვთ, ყარაბაღის ომი რამდენ ხანსაც გაგრძელდა?

  • კიდევ რა ფაქტორებზეა ახლა დამოკიდებული ომის განვითარება და მისი დასრულება? 

ომის სწრაფად დასრულების მეთოდია წაგება. წააგებ და თავისუფალი ხარ. თუ გინდა გამარჯვება, ამაში უნდა დახარჯო დრო, რესურსებიც. უკრაინა სწორედ ამ სულისკვეთებით არის გამსჭვალული, რომ გაიმარჯვოს. აღარ არის აქ საუბარი მხოლოდ უკუგდებაზე და ასე შემდეგ. უკრაინას აქვს უკვე პრეტენზია გამარჯვებაზე, რომ თუნდაც მოლაპარაკების მაგიდასთან გამარჯვებული პოზიციით მივიდეს.

მეორეს მხრივ კი, რუსეთისთვის მოდის 9 მაისი, რაც არის საკრალური რიცხვი მათთვის, წმინდა ძროხა და ასე შემდეგ. ასე რომ, რუსეთმა შესაძლოა მართლაც ჩახოცოს მთელი არმია, ჟუკოვის თქმისა არ იყოს, მაგრამ რაღაც შედეგი ამ თარიღამდე უნდა დადოს. პუტინი ამას მოითხოვს თავისი სამხედროებისგან და ისინიც ყველაფერს გააკეთებენ გარკვეული გამარჯვების მისაღწევად. მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან დიდი ბრძოლა იქნება. ევროპას ასეთი ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ექნება ნანახი. ერაყშიც კი არ იყო დაძაბულობის ასეთი მასშტაბი, რაც ჯერ კიდევ წინ გველის.

მორიგი შეტევა დაიწყება დაახლოებით 10 დღის ფარგლებში და ეს გაცილებით მძიმე იქნება, რაც აქამდე იყო. აქამდე იყო მაინც დაქსაქსული რუსეთის ძალები, იყო დარტყმები კოლონებით გადაადგილებები, ახლა კი, პლაცდარმი გააჩნია რუსეთს ლუგანსკი –  დონეცკის სახით. მას ზურგით მომარაგებაც აქვს, რაც უფრო ახლოსაა მისთვის, ვიდრე უკრაინას, კონცენტრირებულია და ძირითადი დარტყმის მიმართულება აღებული აქვს. რუსული დაჯგუფების უახლესი ამოცანა იქნება ალყის შეკვრა და შემდეგი ამოცანა იქნება ალყაში მოქცეული დაჯგუფების ბოლომდე განადგურება.

  • რამდენად დარჩა რუსეთს პროფესიული ჯარის რესურსი?  

ომის დაწყების ეტაპზე რუსული არმიის ორი-მესამედი იყო კონტრაქტორი, ერთი-მესამედი წვევამდელი. ახლა, როგორც ცნობილია, შეამცირეს სასწავლო კურსი კურსანტებისთვის, ნაადრევად აძლევენ დიპლომს და უშვებენ პირდაპირ ბრძოლაში. ყოფილი ჯარისკაცები ასევე გამოიწვიეს, მობილიზებულია სამხედრო კომპანიებია… გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება საჰაერო უპირატესობა. მათ არ მოუწევთ სიღრმეებში შესვლა, ახლო მანძილზე ფრენა მოუწევთ და ჯარების კონტაქტის ხაზზე ოპერირება.

ბოლოს გვითხარით, რა ჰქვია სამხედრო ენაზე იმას, რაც ბუჩაში მოხდა? 

ეს არის სამხედრო დანაშაული, ცხადია. ჟენევის კონვენცია იცავს მშვიდობიან მოქალაქეებს… აბსურდია იმის მტკიცება რუსეთის მხრიდან, რომ თითქოს ეს სცენა, ხელებშეკრული ცხედრების, იყო დადგმული. ამით რუსეთი მხოლოდ საკუთარ თავს და თავის მოსახლეობას ატყუებს, სხვას ვერავის.

ქალი, რომელიც 9 აპრილს მღეროდა, პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას ამ სითბოსთის. მე ყოველთვის ვგრძნობ ადამიანებისგან გაგებულ სითბოს, სიყვარულს… ვეცდები ეს ჯილდო ვატარო ღირსეულად, ვიყო ისეთი შვილი, როგორსაც იმსახურებს ეს დალოცვილი, მადლიანი ქვეყანა, “ – უთხრა დღეს, 9 აპრილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა ლელა ვეფხვაძემ, ქალმა, რომელმაც 9 აპრილი ყველას დაამახსოვრა სიმღერით „დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს…“

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 9 აპრილს ღირსების მედლით დააჯილდოვა ლელა ვეფხვაძე „საქართველოს დამოუკიდებლობისათვის წარმოებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის“.

პრეზიდენტმა დღესვე ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა და ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა გარდაცვალების შემდეგ პოეტ მიხეილ [მიხა] ხელაშვილს. ეს ჯილდო საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა.

„ჯილდოვდება ორი ადამიანი, რომელიც უკავშირდება დამოუკიდებელი საქართველოს იდეას: უსინათლო მომღერალი ლელა ვეფხვაძე „დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს“. ამ სიმღერით ლელა ვეფხვაძე თავისუფლების სიმბოლო გახდა.  25 წლის ნიჭიერი ფშაველი პოეტი, მიხა ხელაშვილი, რომელმაც სიცოცხლის რისკის ფასად განუხრელად უერთგულა საქართველოს შეფიცულთა იდეას, გახდა დაუმარცხებელი საქართველოს სიმბოლო,“ – აღნიშნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

 

„უკრაინაში 2 მებრძოლი დაგვეღუპა“ – ირაკლი ოქრუაშვილი

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იბრძვის, ფეისბუკზე წერს, რომ დღეს, 9 აპრილს, კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში, 5 კი დაიჭრა.

„9 აპრილი ასე დაგვებედა. 2 დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, უკრაინაში, იზუმში დაიღუპნენ დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო,  სულ 6 ქართველი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დავით რატიანი, გია ბერიაშვილი და დავით გობეჯიშვილი ქალაქ ირპენისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ, ხოლო ბახვა ჩიქობავა მარიუპოლის ბრძოლებში.

„ჩვენ და თქვენ თავისუფლებისთვის“ – გონჩარენკომ თბილისში შეკრებილებს ქართულ ენაზეც მიმართა

„ჩვენ და თქვენ თავისუფლებისთვის, საქართველოს გაუმარჯოს,“ – ქართულად ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს.

დღეს, 9 აპრილს აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე „დროას“ ორგანიზებით იმართება.

„32 წლის წინ ქართველი ხალხი თბილისის ქუჩებში გამოვიდა, თავისუფლებისთვის საბრძოლველად,“ – მიმართა საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის რადას დეპუტატმა. – „მაგრამ თქვენ, ქართველები იბრძოდით არამხოლოდ თქვენი, არამედ ყველა იმ ქვეყნის თავისუფლებისთვის, რომელიც დაპყრობილი ჰქონდა საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირს, რომელიც წარმოადგენდა რეინკარნირებულ რუსეთის იმპერიას. ამ დღეს რუსებმა ქართველები დახოცეს ჯოხებით, ნიჩბებით, გაზით.

გავიდა 33 წელი, საქართველოს ნაწილი ისევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, უკრაინის ნაწილიც ისევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. დღეს რუსი ჯარისკაცები კლავენ ათასობით უკრაინელს ბომბებით, ტანკებით, არტილერიით, რაკეტებით, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, მოვიგებთ იმიტომ, რომ მთელი თავისუფალი სამყარო თავმოყრილია უკრაინის გარშემო. ჩვენთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან ქართველი, ბელორუსი, ლიეტუველი, ამერიკელი, ბრიტანელი მოხალისეები. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ გავიმარჯვებთ და დავამარცხებთ ბოროტების იმპერიას,“ – განაცხადა ოლექსი გონჩარენკომ.

ავარია ბათუმში

დღეს 9 აპრილს, დაახლოებით 17:40 საათზე, ბათუმში მემედ აბაშიძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კუთხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სავარაუდოდ, დაშავდა ერთი ადამიანი.

ადგილზე იმყოფება პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

 

9 აპრილს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 15 მსჯავრდებული შეიწყალა.

შეწყალებულ პირებს შორის 6 უკრაინის მოქალაქეა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა 7 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.

კორონავირუსის 341 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 9 აპრილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 341 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 4 პაციენტი.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 341 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 186 შემთხვევა, აჭარა – 7, იმერეთი – 49, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 18, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 20, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე 427 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

 

12 წლის ინგლისელმა ბიჭმა უკრაინელი ბავშვებისთვის 68 ათასი ფუნტი შეაგროვა

ინგლისში, კამბრიაში მცხოვრებმა გაბრიელ კლარკმა თავისის ხელით შექმნილი ხის თასი უკრაინელების დასახმარებლად ლატარიაში გაათამაშა და ამ გზით 68 ათასი ფუნტი შეაგროვა. ამის შესახებ BBC წერს. 12 წლის გაბრიელმა უკრაინელებისთვის ფულის შეგროვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ინსტაგრამზე მისი ხის ნაკეთობები პოპულარული გახდა.

ხის თასს წრიულად ორი – ლურჯი და ყვითელი კანტი გასდევს და მისი მფლობელის ვინაობა 17 აპრილს, აღდგომის კვირადღეს გაირკვევა.

გაბრიელს თავიდან მხოლოდ 5 ათასი ფუნტის შეგროვება ჰქონდა განზრახული, თუმცა ლატარიაში მონაწილეთა რაოდენობამ და შემოსულმა თანხამ მის მოლოდინს გადააჭარბა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანების დიდსულოვნება დაეხმარება ბავშვებს უკრაინაში, რომლებსაც ომის გამო სჭირდებათ საკვები, წყალი, თავშესაფარი და უსაფრთხო ადგილი, სადაც შეძლებენ სწავლას და თამაშს“, – ამბობს 12 წლის გაბრიელი.

ხეზე მუშაობა გაბრიელის ჰობია. ის თასებს, ბარაბნის ჯოხებს, ხის დაფებს ამზადებს, შეკვეთებიდან მიღებული ფულით კი ახალი ველოსიპედის ყიდვას აპირებს.

გაბრიელი ინსტაგრამმა მას შემდეგ გაიცნო, რაც გასულ თვეში, მამამისმა, რიჩარდ კლარკმა შვილის ხის ნაკეთობების ფოტოები გაავრცელა და მომხმარებლებს სთხოვა, ინსტაგრამზე გაბრიელს ადევნებოდნენ. გაბრიელის ფოლოუერების რიცხვი ერთ თვეში 225 ათას ადამიანამდე გაიზარდა.

ჰააგაში რუსეთის ხელმძღვანელობა შესაძლოა თავისი ჟურნალისტებით გასამართლდეს – ინტერვიუ

შესაძლოა რუსეთის ხელმძღვანელობა გასამართლდეს თავისი ჟურნალისტებით – ინტერვიუ ევროსასამართლოს ექს-მოსამართლესთან

„წარმოიდგინეთ, რუსეთის მთელი ხელმძღვანელობა თავისი ჟურნალისტებით, რომლებიც ომის აგრესიას პროპაგანდით უჭერენ მხარს, ისინიც შესაძლოა გასამართლდნენ…“ – ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია არ გამორიცხავს, რომ ჰააგის ტრიბუნალზე პუტინთან და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ჟურნალისტებიც გაასამართლონ, რომლებიც ომის პროპაგანდას ქმნიან.

რუსეთი არ აღიარებს და, შესაბამისად, კრემლი არც ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილების შესრულებას აპირებს, თუმცა ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე შენიშნავს, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის გარდა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, თუკი პუტინი რომელიმე სხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მოინდომებს სტუმრობას, რომელიც ჰააგის ტრიბუნალის ხელმომწერია, მასპინძელი ვალდებული იქნება პუტინი დააკავოს და ჰააგის ტრიბუნალს, ანუ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს – ICC გადასცეს.

როდის დაიწყებს ჰააგის ტრიბუნალი პუტინის და რუსეთ-უკრაინის ომის განხილვას და რა დრო დასჭირდება ამას? – „ბათუმელებმა“ ნონა წოწორიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო ნონა, რამდენად შესაძლებელია პუტინი, ასევე სხვა რუსი სამოქალაქო და სამხედრო ლიდერები წარდგნენ ჰააგის ტრიბუნალის წინაშე? ცნობილია, რომ ICC-ის პროკურორმა, კარიმ ხანმა უკრაინაში მტკიცებულებების შეგროვება უკვე დაიწყო.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის ერთადერთი საერთაშორისო სასამართლო, რომელსაც შეუძლია ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაკისრება.

ამ ეტაპზე ICC-ის პროკურორი გამოძიებას აწარმოებს გენოციდის, ომის დანაშაულის და ჰუმანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. აღსანიშნავია, რომ ეს გამოძიება არ არის ფოკუსირებული მხოლოდ ომის დღევანდელ ფაზაზე, ეს იწყება 2014 წლიდან და მთელ აგრესიას მოიცავს, რაც უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში რუსეთმა განახორციელა უკრაინის მიმართ.

მტკიცებულებების შეგროვება რთული და  ინტენსიური პროცესია. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიების პროცესში ბევრი ადამიანი და ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას. შედეგი, ბუნებრივია, დამოკიდებულია მტკიცებულებების ხარისხზე. მტკიცებულებებზე იქნება დამოკიდებული, საბოლოო ჯამში, რა კვალიფიკაცია დარჩება. ერთია, ჩვენ ემოციურად როგორ ვაფასებთ მოვლენებს და მეც ვფიქრობ, რომ ნამდვილად ეს არა მხოლოდ ომის დანაშაული, არამედ გენოციდია, მაგრამ ამას სჭირდება დამტკიცება. ყველა დანაშაულს აქვს თავისი ელემენტები, გენოციდის განზრახვის მტკიცებასაც თავისი სტანდარტი აქვს.

  • რამდენად შესაძლებელი იქნება მტკიცებულებების მოპოვება? მაგალითად, დღეს, როცა რკინიგზის სადგურზე მიიტანა რუსეთმა სარაკეტო იერიში, ერთ-ერთ რაკეტას რუსულად ეწერა „ბავშვების გამო“, თითქოს რაკეტა თავად უკრაინამ ჩამოაგდო. რუსეთი აცხადებს, რომ იგივე ბუჩაში გვამები ქუჩაში რეალური არ იყო. 

ეს რთული პროცესია, მაგრამ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია. შესაძლოა, იყოს სირთულე მტკიცებულებების დროულად შეგროვების და დამაგრების კუთხით, რომ შემდეგ გამოდგეს ბრალდებისთვის. არსებობს ასევე სატელიტური სურათები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, როგორც პროკურორს, ისე უკრაინის მთავრობას, რომ დაამტკიცონ სიმართლე.

უკრაინა იღებს დახმარებას იმ კუთხითაც, რომ მან დაამტკიცოს რუსეთის მიერ ომის დანაშაულების ჩადენა.

  • როგორ იქნება შესაძლებელი ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილების აღსრულება? 2016 წლიდან, ანუ მას შემდეგ, როცა ჰააგის სასამართლომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია ოკუპაციად შეაფასა, რუსეთი აღარ არის ICC-ის ხელმომწერი და არ შეასრულებენ ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებას. 

სულ მცირე, ქვეყნიდან ვერ გამოვა ვერცერთი თანამდებობის პირი, ვის მიმართაც იქნება ბრალი წარდგენილი და დიდი ალბათობით გაიცემა დაკავების ორდერები. ასევე ვფიქრობ, რომ იმუშავებს ემოციური ფაქტორი: არაა ადვილად სატარებელი ეს ტვირთი, რომ შენ ჩაიდინე დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, გენოციდი, ისეთი ადამიანისთვისაც კი, როგორიც პუტინია.

საბჭოთა კავშირმა მოახერხა ის, რომ მეორე მსოფლიო ომი ისე დასრულდა, რომ არ გასამართლებულა. წარმატებით შეიძლებოდა საბჭოთა კავშირის გასამართლება იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩაიდინა მეორე მსოფლიო ომის დროს… რეალურად, ომში გამარჯვებული გაუძვრა მართლმსაჯულებას. თუ გადახედავთ, 1939-დან 1941 წლამდე ჰიტლერთან თანამშრომლობდა საბჭოთა კავშირი. მანვე დახვრიტა 22 000 პოლონელი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე (მათ შორის, იყვნენ ქართველებიც) კატინში 1940 წელს. მეორე მსოფლიო ომის დასრულების დროისთვის რუსმა სამხედროებმა ორი მილიონი გერმანელი ქალი გააუპატიურეს, რაც დასტურდება წყაროებით, მაგრამ ეს ინფორმაცია იყო დამალული. გაუპატიურება, როგორც ომის დანაშაული, ასე აღიარებული არ იყო და მთლიანად ნიურნბერგის პროცესის მიღმა დარჩა. შემდეგ განვითარდა ამ მიმართულებით სასამართლოს პრაქტიკა.

ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ერთიანად მოეთხოვოს პასუხი საბჭოთა კავშირს ყველაფრისთვის, ახლა უკვე მისი სამართალმემკვიდრე რუსეთს.

  • რა შემთხვევაში იქნება პუტინისთვის ანგარიშგასაწევი ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილება? 

არ ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც ასეთ გეგმებს ადგენენ, როგორც პუტინს აქვს, ფიქრობენ საბოლოო განაჩენზე. რასაკვირველია, ის არ წამოიწყებდა ამხელა ავანტიურას, რომ არ ყოფილიყო დარწმუნებული გამარჯვებაში. სლობოდან მილოშევიჩის ბრალი რომ წაიკითხოთ [სერბეთის და იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი. ავტ.], ისიც აბსოლუტურად იმავეს აკეთებდა, რასაც დღეს პუტინი აკეთებს: მკვლელობა, გადასახლება, დიდი სერბეთის შექმნის კონცეფცია, რაც ახლა პუტინს აქვს, ისიც ავითარებდა ამ იდეებს წლების განმავლობაში.

მილოშევიჩი ახალმა მთავრობამ დააპატიმრა და გადასცა სასამართლოს. ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მათ შორის, ისეთი რამ, რაც ახლა წარმოუდგენლად გვეჩვენება.

ამჯერად ინტენსიურად განიხილება უკრაინისთვის ცალკე ტრიბუნალის შექმნის საკითხი, რადგან აგრესიის დანაშაულს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვერ იხილავს იმის გამო, რომ რუსეთი მისი წევრი არ არის. არ უნდა დარჩეს არცერთი ხვრელი, სამართლებრივი თემა, რომელსაც უკრაინის ომთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოება პასუხს არ გასცემს.

ახლა, ვიდრე ოდესმე, საერთაშორისო საზოგადოება არის მზად, რომ რუსეთს პასუხი აგებინოს.

  • აღნიშნეთ, რომ მოსკოვს ვერ დატოვებენ პირები, თუკი მათი დაკავების ორდერს გასცემს ICC. სხვა ქვეყნებს შეეძლებათ თუ არა, მაგალითად, პუტინის დაკავება, თუკი ის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეა, რომელიც ICC-ის ხელმომწერია? 

კი, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არის ICC – ის წევრი, ვალდებულია დააკავოს და გადასცეს საერთაშორისო სასამართლოს ეს პირი. საქართველოც არის ICC – ის წევრი.

ამ ეტაპზე 41 წევრი ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე ტარდება გამოძიება, რომელსაც აწარმოებს პროკურორი. გამოძიების შემდეგ წინასასამართლო შემადგენლობა გამოსცემს დაკავების ორდერს. ცხადია, ბრალის გამოკვეთის შემთხვევაში. „აგვისტოს ომის საქმეშიც“ საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო შემადგენლობას  მოსთხოვა პროკურორმა იმ სამი პირის დაკავების ორდერის გაცემა, რის შესახებაც უკვე ვიცით.

საქართველოს შემთხვევაში დახურული არ არის გამოძიება და პოტენციურად შესაძლებელია ის გაგრძელდეს. მოთხოვნაც გააგზავნეს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომ გამოძიება გაგრძელდეს ჰუმანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. სამი პირის ბრალდება ეხება მხოლოდ ომის დანაშაულს.

  • ყველა ეს ქმედება არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ“ – ასე შეაფასა ჰააგის ტრიბუნალის მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება დავიდ სანაკოევმა, რომლის დაკავების ორდერიც უკვე გამოცემული აქვს ICC-სს „აგვისტოს ომის საქმეზე“ გენერალ მინძაევთან და ჰამლეტ გუჩმაზოვთან ერთად. საინტერესოა პოლიტიკური განზომილებაც და ის, თუ რა არის ჰააგის ტრიბუნალის დამოუკიდებლობის გარანტი? 

ეს განცხადებები, რომ ანგაჟირებულია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, რუსული პროპაგანდის ნაწილია. რუსეთი თავიდანვე არ თანამშრომლობდა სასამართლოსთან. გარანტია არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. მაშინაც კი, როცა დარწმუნებული ვართ, რომ არის გენოციდი, ეს უნდა დამტკიცდეს მტკიცებულებებით. თუ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებს, მაშინ ბრალს მოუხსნიან პუტინსაც.

როცა ვსაუბრობთ მართლმსაჯულების განხორციელებაზე, ეს გულისხმობს მის სამართლიან განხორციელებას ყველასთვის. მათ შორის, ისეთი ადამიანისთვის, როგორიც არის პუტინი. ცივილიზაციის საზომი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჰიტლერის და პუტინის მსგავს ადამიანებსაც კი, უნდა ჰქონდეთ სამართლიანი სასამართლოს უფლება.

  • მტკიცებულებების არარსებობის გამო ვერ დასაჯეს პუტინი აგვისტოს ომის შემთხვევაში? 

2008 წლის ომი მძიმე ფურცელია ჩვენს ისტორიაში, მაგრამ მასშტაბი განუზომლად დიდია უკრაინის შემთხვევაში. ვფიქრობ, არარეალისტური იქნებოდა მოლოდინი, რომ პუტინი გასამართლდებოდა, მაგრამ იმედი მაქვს, უკრაინის შემთხვევაში ეს ნამდვილად მოხდება.

საინტერესოა, რომ თავად პროკურორი პარალელს ავლებს უკრაინის საქმეზე საქართველოს საქმესთან და აღნიშნავს, რომ ის ტენდენციები, რაც შეიმჩნეოდა საქართველოში, მეორდება უკრაინაში გაზრდილი მასშტაბით.

იმედი მაქვს, რომ როდესაც შედგება ტრიბუნალი, რუსეთის აგრესია უკრაინაში იქნება განხილული არა, როგორც იზოლირებული ომი, არამედ წლობით განგრძობადი აგრესიის მორიგი ეტაპი. ნუ დაგვავიწყდება, რომ 1993 წელს გამოვიარეთ აფხაზეთის ომი, რომელიც ასევე რუსეთის მონაწილეობით იყო.

ვფიქრობ, დღეს სხვა სამყაროში ვართ და მეტი მზაობაა, რომ ეს დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება პრობლემის კონსერვაცია და მსოფლიო ისევ დადგება ანალოგიური საშიშროების წინაშე.

  • საერთაშორისო მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოკიდებულია პოლიტიკურ შედეგზე? – თუ დამარცხდება პუტინი, მას გაასამართლებენ, მაგრამ თუ უკრაინასთან ომის შედეგს თუნდაც შეფუთავს გამარჯვებად, მისი დასჯა სამართლებრივად ისევ შეუძლებელი იქნება? 

მე მაინც იმედი მინდა დავიტოვო, რომ გამოღვიძებულია მსოფლიო. სამწუხაროდ, ეს მოხდა უკრაინელების სისხლის ხარჯზე, მაგრამ ცხოვრება ვეღარ გაგრძელდება ისე, როგორც ეს იყო 24 თებერვლამდე. ეს წითელი ხაზი უკვე გადაკვეთილია. მსოფლიო ვეღარ გადაყლაპავს ამ ყველაფერს და ვეღარ მიუჯდება ისევ მოლაპარაკების მაგიდას. როცა, მაგალითად, ბაიდენი ომის დამნაშავეს უწოდებს პუტინს, მიჭირს წარმოდგენა, რომ ისინი ერთ მაგიდასთან გაუძღვებიან ისევ დიალოგს.

რთულია წინასწარ გათვლა, რა მოხდება. თავად ფაქტი, რომ პუტინის წინააღმდეგ შეიძლება გაიცეს დაკავების ორდერი, მნიშვნელოვანი ეტაპია და ნუ უგულებელყოფთ. წარმოიდგინეთ, რუსეთის მთელი ხელმძღვანელობა თავისი ჟურნალისტებით, რომლებიც ომის აგრესიას პროპაგანდით უჭერენ მხარს, ისინიც შესაძლოა გასამართლდნენ. მედიის წარმომადგენლების გასამართლების პრეცედენტი გვქონდა რუანდაში, როცა სამი ადამიანი გაასამართლეს, მათ შორის, გენოციდის წაქეზებისთვის. ისინი ამზადებდნენ სტატიებს, რადიოგადაცემებს… ცხადია, ეს სულ სხვა რეალობა იქნება უკვე.

ჟურნალისტი ოლექსანდრ გუნკო სამდღიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს

უკრაინელი ჟურნალისტი ოლექსანდრ გუნკო, რომელიც რუს სამხედროებს 3 აპრილის შემდეგ დაკავებული ჰყავდათ, გამოუშვეს. ინფორმაციას, ჟურნალისტის ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე დაყრდნობით, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) ავრცელებს.

ოლექსანდრ გუნკო, რომელიც გამოცემა Novakahovka.City-ს მთავარი რედაქტორია, რუსმა ჯარისკაცებმა საკუთარი სახლიდან წაიყვანეს. მაშინ მათ, ქალაქ ნოვა კახოვკაში, გუნკოს სახლიც გაჩხრიკეს და მისი ტელეფონი და ელექტრონული მოწყობილობები წაიღებს. გუნკო დაკავებიდან სამი დღის შემდეგ, 6 აპრილს გაათავისუფლეს.

როგორც ოლექსანდრ გუნკოს მეგობარმა, ლერა ლაუდამ CPJ-ს უთხრა, ის სამხედროებს, ხერსონში, პოლიციის განყოფილების წინასწარი დაკავების საკანში ჰყავდათ. ლერა ლაუდას თქმით, გათავისუფლებული ჟურნალისტი თავს ნორმალურად გრძნობს, თუმცა სამხედროებმა მისი ტელეფონი და მოწყობილობები დაიტოვეს – „უთხრეს, რომ ყველაფერს პარასკევისთვის დაუბრუნებენ, თუმცა ვეჭვობთ, რომ მათში რამე სათვალთვალო პროგრამა იქნება ჩამონტაჟებული“.

„ოლექსანდრ გუნკო გამოუშვეს. მან სამი დღე გაატარა რაშისტების პოლიციის განყოფილებაში, რომელიც აქტივისტებისა და ჟურნალისტების გულაგად იქცა“, – დაწერა გუნკოს კიდევ ერთმა მეგობარმა მაქსიმ ბიროვაჩმა ფეისბუკში.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ჟურნალისტის გატაცების შესახებ, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა მისი გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი მიმართვა გაავრცელა.

„გუნკო სულ მცირე მეხუთე ჟურნალისტია, რომელიც რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს. უნდა დასრულდეს ეს პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ჟურნალისტების დაშინებას და იძულებას, არ გააშუქონ ომი. რუსეთის ხელისუფლებამ ასევე დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ჟურნალისტები – ირინა დუბჩენკო და დმიტრო ხილიუკი, რომლებიც კვლავ ტყვეობაში რჩებიან“, – წერს კომიტეტი.

ირინა დუბჩენკო, რომელიც სხვადასხვა უკრაინული მედიაგამოცემისთვის მუშაობდა, რუსმა სამხედროებმა 26 მარტს, როზივკაში დააკავეს, მანამდე კი მისი სახლი გაჩხრიკეს. ჟურნალისტს დაჭრილი უკრაინელი სამხედროების შეფარება „წაუყენეს ბრალად“ და „საგამოძიებო მოქმედებებისთვის“ დონეცკში გადაიყვანეს.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს ჟურნალისტი დმიტრო ხილიუკიც. ის რუსმა სამხედროებმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთი სოფლიდან წაიყვანეს. დმიტრო ხილიუკი დამოუკიდებელი გამოცემა Unian-ის ჟურნალისტია.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა, მანამდე, რამდენიმედღიანი ტყვეობის შემდეგ, გაათავისუფლეს ორი ჟურნალისტი – ვიქტორია როსჩინა და ოლეგ ბატურინი.

___

მთავარი ფოტო: ოლექსანდრ გუნკო

ხელვაჩაურის მერია 82-ბინიანი სოციალური სახლის აშენებას აპირებს – კონკურსი

ხელვაჩაურის მერიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო თანხა 220 ათასი ლარია. „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის მერიაში უთხრეს, რომ ბინები ეკომიგრანტი ოჯახებისთვის უნდა აშენდეს.

„სტიქიით დაზარალებული ოჯახების განცხადებების მიღება მიმდინარე წელს დასრულდა. სულ 207 განაცხადია შემოსული და აქედან 160 განაცხადი დაკმაყოფილდა, ანუ შემდგომში ბინებს გადასცემენ“, – გვითხრეს ხელვაჩაურის მერიაში.

ახალი სოციალური სახლი სოფელ ორთაბათუმში, იმ ტერიტორიაზე უნდა დაპროექტდეს, სადაც უკვე აშენებულია 7-სართულიანი სოციალური სახლი. ახალი შენობის სართულების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 9 სართულს, სიმაღლე კი – 30 მეტრს.

საკონკურსო პირობის მიხედვით, დასაპროექტებელი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი უნდა მოიცავდეს მინიმუმ 82 ბინას, მათ შორის:

21 ოროთახიანი – თითოეული ბინის ფართობი 50 კვ.მ-დან – 55 კვ.მ-მდე;
45 სამოთახიანი – თითოეულის საერთო ფართობი 70 კვ.მ-დან – 75 კვ.მ-მდე;
16 ოთხოთახიანი – თითოეულის საერთო ფართობით 90 კვ.მ-დან – 95 კვ.მ-მდე.

ახალი სახლის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა კონკურსში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 160 დღეში უნდა მოამზადოს. კონკურსში წინადადებების მიღება კი 2022 წლის 21 აპრილს დაიწყება და ხუთ დღეში, 26 აპრილს დასრულდება.

ტერიტორია ორთაბათუმში [წითლად] სადაც ახალი სოციალური სახლი უნდა დაპროექტდეს

პროექტის ავტორმა, აღნიშნულ ტერიტორიაზე შენობის განთავსების შემდეგ, აუცილებლად უნდა შეათანხმოს დამკვეთს ეზოს კეთილმოწყობის დეტალური პროექტი (3D ვიზუალიზაციით), სადაც უნდა მოეწყოს პარკინგი და სარეკრეაციო ტერიტორია

რატომ არ დაიწყო ქობულეთში „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა

კომპანია „გრინ რეზორტმა“, რომელსაც ქობულეთში მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელების ვალდებულება აქვს, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კანონმდებლობის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების გარეშე კომპანია მშენებლობას ვერ დაიწყებს.

„გრინ რეზორტს“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სკოპინგის დასკვნიდან 2 წელში უნდა მიეღო. სკოპინგის დასკვნაზე მინისტრის ბრძანება კი, 2020 წელს გამოიცა.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“, თუ კომპანია სკოპინგის დასკვნის დამტკიცებიდან 2 წლის ვადაში ვერ მიიღებს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას, უქმდება სკოპინგის დასკვნაც.

აქედან გამომდინარე, 2022 წლის 29 მარტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქობულეთის მუნიციპალიტეტში შპს „გრინ რეზორტის“ მრავალფუნქციური სასტუმრო, საკურორტო-გამაჯანსაღებელი და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“ მინისტრის 2020 წლის ბრძანება.

აღნიშნული სკოპინგის დასკვნით, კომპანიას 2 წლის წინ გზშ-ს მომზადება და მასში არქეოლოგების ჩართვა დაევალა: „გრინ რეზორტს“ დაავალეს ფიჭვნარში გზშ-ის მომზადებისას არქეოლოგები ჩართოს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „გრინ რეზორტმა“ სწორედ გზშ არ წარმოადგინა. შესაბამისად, მთელი სკოპინგის პროცედურა – ხელახალი დასკვნისა თუ შემდეგ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანიამ თავიდან უნდა გაიაროს.

სკოპინგი – არის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში ასახვის საშუალებებს.

ქობულეთში მიწის იმ ნაკვეთების საბაზრო ღირებულება, რომლებიც აჭარის მთავრობამ „გრინ რეზორტს“ პირდაპირი წესით და პირობებით 6 040 265 ლარად მიჰყიდა, 32 333 544 ლარი იყო. ნაკვეთები ამ ფასად სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2019 წლის 5 თებერვალს შეაფასა, ქონება კი, იმავე წლის 21 მარტს გაიყიდა. გაყიდული ნაკვეთების საერთო ფართობი, რომლებზეც „მწვანე ქალაქი“ უნდა გაშენდეს, 1 796 308 კვ/მ-ია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით, „გრინ რეზორტს“ მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 26 თვის ვადაში ანუ 2021 წლის მარტში უნდა დაეწყო.

მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად კომპანიას, როგორც ქობულეთის მერიაში გვითხრეს, შესაბამისი სამსახურისთვის ჯერ არც მიუმართავს.

მიუხედავად ამისა, კომპანია ხელშეკრულებას არ არღვევს, იმ უბრალო მიზეზით, რომ მას აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ მშენებლობის დაწყების ვადა 30 თვით გადაუვადა.

„მშენებლობის დაწყების ვადა არის ხელშეკრულების გაფორმებიდან 56 თვე [21.11.2023]“ – მოგვწერეს სამინისტროდან.

შესაბამისად, „გრინ რეზორტს“ არც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ვერმიღებით ეშლება ხელი.

ამ დროისთვის, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მოგვწერეს, „გრინ რეზორტის“ მიერ „ბიუჯეტში გადახდილია 6 მილიონი ლარი – საპრივატიზებო ღირებულება; წარმოდგენილია 2 მილიონი ლარის საბანკო გარანტია და ტერიტორიის განვითარების დეტალური კონცეფცია. დამტკიცებულია გრგ ქობულეთის საკრებულოს მიერ; გაცემულია ნებართვა ვილის მშენებლობაზე [გეგმა გრაფიკის შესაბამისად].“

„გრინ რეზორტისთვის“ ტერიტორიის მიყიდვით, რომელიც ნაწილობრივ ფიჭვნარის ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიასაც მოიცავს, პირდაპირი განადგურების საფრთხე შეუქმნა ქობულეთის ფიჭვნარის არქეოლოგიურ ძეგლს – ამის შესახებ საუბარია საზოგადოება „ბათომის“ წერილში, რომლის ადრესატებიც არიან: ქვეყნის პრემიერი, კულტურის მინისტრი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წელს ქობულეთში შეამცირა იმ ტერიტორიის ფართობი, რომლებსაც წინა წელს ძეგლის სტატუსი მიანიჭა – როგორც ფიჭვნარის ნამოსახლარს.

ტერიტორიის ნაწილი [20 ჰექტრიდან დაახლოებით 14 ჰექტრამდე ფართობი], რომელსაც ძეგლის სტატუსი მიენიჭა, კერძო კომპანიის – შპს „გრინ რეზორტის“ საკუთრებაში იყო.  სააგენტომ კომპანიის საკუთრებაში მოქცეული ძეგლის ტერიტორია დაახლოებით 4 ჰექტრამდე შეამცირა, ანუ 10 ჰექტრამდე ფართობს ძეგლის სტატუსი მოუხსნა.

უფრო ვრცლად ამავე თემაზე:

ქობულეთში დაანონსებული 500-მილიონიანი პროექტი 250 მილიონზე გაფორმებული ხელშეკრულებით 

მთავარი ფოტო: სასტუმრო/რენდერი. წყარო: განაშენიანების რეგულირების გეგმა

“მიქსერი პირველად თბილისში ვნახე” – კონდიტერი ქალი შუახევიდან

„სტუდენტობის დროს თბილისში ვსწავლობდი. იქ ჩემი კარის მეზობელი აცხობდა ნამცხვრებს. ხშირად ვეხმარებოდი კეთებაში, ყველაფერი მისგან ვისწავლე. სულ მიქსერი მეჭირა ხელში. იქამდე მიქსერი არ მქონდა ნანახი, ჩვენ ხელის სათქვეფს ვიყენებდით სახლში.

პირველად იქ დავინახე ნამცხვარი „შუც“. ყოველთვის მიკვირდა, ნამცხვარში როგორ ხვდება კრემი-მეთქი“, – გვიყვება მზია.

მზია დავითაძე 52 წლის ქალია დაბა შუახევიდან. სიცილით ამბობს, რომ ბავშვობიდან ძალიან უყვარდა ტკბილეულის კეთებასთან ერთად მისი ჭამაც, თუმცა შუახევში დიდი არჩევანი მაშინ არ იყო. „დედაჩემი მხოლოდ ბაქლავას და კექს აცხობდა, მეტს არაფერს“ – იხსენებს მზია.

მზია პროფესიით იურისტია. სტუდენტობის შემდეგ შუახევში, საჯარო სამსახურში მუშაობდა, მაგრამ სამსახურის დატოვება მოუხდა, რადგან დედამისს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. სახლიდან საერთოდ ვეღარ გადიოდა და ეკონომიკურადაც ძალიან გაუჭირდა.

მზია იხსენებს, რომ მეზობლები ხშირად სთხოვდნენ ტკბილეულის მომზადებას და საბოლოდ, სამსახურის დატოვებიდან 5 წლის შემდეგ გადაწყვიტა, საქმე, რომლის კეთებაც უყვარდა და გამოსდიოდა, შემოსავლის წყაროდ ექცია.

მზიამ 2017 წელს შეკვეთების მიღება დაიწყო ტკბილეულზე.  მისი თქმით, ყველაზე ხშირად ტორტებს უკვეთენ, თუმცა სადღესასწაულო დღეებში ნამცხვრებზეც არის მოთხოვნა. ხანდახან საქორწილო ტკბილეულის შეკვეთებსაც იღებს და ერთი თანამშრომელიც ჰყავს, რომელიც ბაქლავის ცხობაში ეხმარება.

აქამდე მზია ტკბილეულს სახლის სამზარეულოში აცხობდა და ოჯახის დანარჩენ წევრებს ელოდა, როდის დაასრულებდნენ საქმეს სამზარეულოში, რომ თვითონ შესულიყო და ტკბილეულის ცხობა დაეწყო.

ამ დროს მზიას ფინანსურად ძალიან უჭირდა. დედის მძიმე ავადმყოფობას მისი ონკოლოგიური პრობლემებიც დაემატა. „მთელი ფინანსები წამლებში მიგვდიოდა. წარმოიდგინეთ, მიქსერიც არ მქონდა, რომ კრემი ამომეყვანა. ხან ერთი მეზობლიდან მომქონდა, ხან მეორიდან“, – გვიყვება ის.

რაღაც დროის შემდეგ მზიამ იმდენი ფულის შეგროვება შეძლო, რომ მიქსერი შეეძინა. ოდნავ მოგვიანებით შეიძინა საცხობი სინებიც.

რამდენიმე წლის წინ მზია „სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება” კონკურსის გამარჯვებული გახდა.

„მერიაში რაღაც განცხადებისთვის მივედი. შემთხვევით, საკონსულტაციო ოთახში მოვხვდი და კონკურსზეც ასე გავიგე. დავწერე და გავაგზავნე. ერთი თვის შემდეგ გასაუბრებაზე დამიბარეს. გასაუბრებიდან მალევე კი დამიკავშირდნენ, გამარჯვებული ხართო“ – გვიყვება მზია.

მან კონკურსიდან 3000 ლარის თანადაფინანსება აიღო და 2019 წლის დეკემბერში შეიძინა ოცნების ღუმელი – „ჩემი ძალებით ვერასდროს ვერ ვიყიდდი ამ ღუმელს, ვერ გავწვდებოდი ამ თანხას“ – ამბობს მზია.

ამ გამარჯვებამ მას იმედი მისცა და გადაწყვიტა ფეისბუქიდან გაგებულ საგრანტო კონკურსში – „იდეიდან წარმატებამდე“ [UNDP] მიეღო მონაწილეობა. ამჯერად მზიას საკონდიტროს გახსნაში უნდოდა დახმარება.

„დაახლოებით საღამოს 8 საათისთვის  გავიგე ამ საგრანტო კონკურსზე. განცხადებების მიღების ბოლო დღე იყო. ძლივს მოვასწარი გაგზავნა. ბევრად რთული იყო საკონკურსო ფორმაც“, – ამბობს მზია.

მისი თქმით, გრანტიდან მაქსიმუმ 30 000 ლარის აღება შეეძლო, მაგრამ მხოლოდ 11 030 ლარის ათვისება შეძლო, რადგან მაშინ [2020 წელს] ჯერ კიდევ რაღაცების გარკვევის პროცესში იყო. პანდემიის გამო საკონდიტროებთან კონტაქტების დამყარება გაუჭირდა იმის დასაზუსტებლად, თუ რა ტექნიკა სჭირდებოდა და რა ღირდა ესა თუ ის ნივთი.

მზიამ ამ გრანტის ფარგლებში საკონდიტრო პრინტერის, საილუსტრაციო, ვიტრინიანი მაცივრის, ცომსაზელის, სამუშაო მაგიდისა და მიქსერის შეძენა შეძლო.

გვიყვება, რომ შუახევში ფართობს 400 ლარზე ნაკლებად ვერ ქირაობდა, ამიტომ გრანტზე უარის თქმასაც ფიქრობდა – „პანდემია იყო და არ ვიცოდი რამდენად მექნებოდა შეკვეთები. მხოლოდ ქირის ფულის ფულის დაგროვებას შევძლებდი თუ რამე კიდევ დამრჩებოდა“, – იხსენებს მზია.

მოგვიანებით მასთან მისულმა საგრანტო კონკურსის წარმომადგენლებმა მისი სახლის პირველ სართულზე საკუჭნაო შენიშნეს და მისი საკონდიტროდ ქცევა ურჩიეს.

„დავფიქრდი, ქირის ფული აღარ მექნება გადასახდელი – მეთქი. ბევრი რამ მქონდა საკონდიტროს გახსნისთვის უკვე შეგროვებული და ვიცოდი, ერთი ოთახი სამუშაოდ აღარ მეყოფოდა.

ყველაფრისთვის თავისი ადგილის მიჩენა მინდოდა. საბოლოოდ გადავწყვიტე, მართლაც გამერემონტებინა სახლის ეს ნაწილი. დიდი ხანია, რაც დაწყებული მაქვს რემონტი და ალბათ მალე, ერთ თვეში დასრულდება. დიდ საქმეს შევეჭიდე“, – გვიყვება მზია.

მზია დავითაძე საკონდიტროსთვის ფართობს საკუთარი ხარჯებით არემონტებს. ეს მისთვის რთული აღმოჩნდა და დამატებითი შემოსავლისთვის დროებით მზარეულადაც მუშაობდა.

მართალია, ფიქრობდა, რომ პანდემიის დროს შეკვეთები მოიკლებდა, მაგრამ პირიქით მოხდა, რადგან შუახევში საცხოვრებლად ბევრი დაბრუნდა პანდემიისას.

„თქვენ არ იცით, რამდენი ღამე გამითევია, შეკვეთების კეთებაში“ – გვეუბნება მზია.

იგი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტი მიაწოდოს, ამიტომ ცდილობს, ყველაფერი, რასაც ტკბილეულის დასამზადებლად იყენებს, მაღალი ხარისხის იყოს. მისი შეფასებით, კონდიტრისთვის ყველაზე რთული მომხმარებლის გულის მოგებაა და ამაყობს, რომ ჯერ არ ჰყოლია უკმაყოფილო მომხმარებელი.

მზიას თქმით, ტორტის გამოცხობისა და გაფორმებისთვის საჭირო პროდუქტების შუახევში შეძენა ძვირი უჯდება, რადგან მაღაზიები მოგების ხარჯს ამატებენ, ამიტომ სამომავლოდ პროდუქტების შესანახად მაცივრის შეძენას გეგმავს და აქტიურად ეძებს ახალ საგრანტო კონკურსებს.

მზია დავითაძე საკონდიტროს გახსნის შემდეგ 3 ადამიანის დასაქმებას, მაღაზიებთან თანამშრომლობას და დამატებით – ფუნთუშების, თაფლაკვერების და სხვა ტკბილეულის ცხობის დაწყებას გეგმავს.

რუსეთი უკმაყოფილოა, რომ თურქეთმა უკრაინას „ბაირაქტარები“ მიჰყიდა

რუსეთი უკმაყოფილებას გამოთქვამს თურქეთის მიმართ უკრაინისთვის „ბაირაქტარ TB 2“ დრონების მიყიდვის გამო – ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters ავრცელებს.

„რუსები გაღიზიანებულები არიან და მუდმივად წუწუნებენ დრონებზე. ისინი ადრეც გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას და ახლაც“, – უთხრა სახელმწიფო მოხელემ უცხოურ მედიას. – „თუმცა ჩვენ მათ პასუხი უკვე გავეცით… რომ ეს იყო კერძო კომპანიების გადაწყვეტილება, არა ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმება და ისინი ომის დაწყებამდეც ყიდდნენ დრონებს.“

თურქეთს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან ენერგიის, თავდაცვისა და ვაჭრობის სფეროში და დიდადაა დამოკიდებული რუსეთიდან ჩასულ ტურისტებზე. ამის მიუხედავად, თურქულმა კომპანია „ბაიკარმა“ კიევს მაინც მიჰყიდა დრონები და ხელიც მოაწერა შეთანხმებას, რომ კიდევ მეტი უპილოტო თვითმფრინავი გამოეშვა, რამაც მოსკოვი ძალიან გააბრაზა.

NATO-ს წევრი სახელმწიფომ, რომელსაც უკრაინასთან და რუსეთთანაც საზღვაო საზღვარი და მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს, რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, მედიატორის როლი იკისრა. თურქეთმა უკვე უმასპინძლა სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ახლა ცდილობს, ორგანიზება გაუწიოს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას.

თურქეთმა ღიად დაუჭირა მხარი უკრაინას და რუსეთის სამხედრო აგრესია გააკრიტიკა, თუმცა, ამავე დროს, უარი თქვა შეერთებოდა მოსკოვის მიმართ დაწესებულ დასავლურ სანქციებს იმ არგუმენტით, რომ „საკომუნიკაციო არხები ღია უნდა დარჩეს“.

ანკარამ, მანამდე, გააკრიტიკა რუსეთის პოლიტიკა სირიასა და ლიბიაში, ისევე, როგორც ყირიმის ანექსია 2014 წელს.

გასულ კვირას, სტამბოლში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინამ, რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის თურქეთი და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები, კიევის უსაფრთხოების გარანტორთა სიაში შეიყვანა.

თურქეთმა უკვე გამოთქვა პრინციპული თანხმობა, რომ იყოს უკრაინის გარანტი, თუმცა აღნიშნა, რომ ფორმატსა და დეტალებზე სამუშაოა.  

__

ფოტო: deilysabah

გერმანიის პრეზიდენტი პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ ტრიბუნალს ითხოვს

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ ომის დანაშაულებისთვის ტრიბუნალის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს გერმანულ გამოცემა „შპიგელზე“ დაყრდნობით.

შტაინმაიერის თქმით, უნდა დაისაჯონ ყველა, ვინც უკრაინაში დანაშაული ჩაიდინა, ვინც ბრძანებებს გასცემდა, და, ასევე, ვისაც ამ დანაშაულზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება.

გერმანიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო კრემლის გადაწყვეტილება უკრაინაში ომის დაწყების შესახებ.

„მე დავინახე ცვლილებები რუსულ პოლიტიკაში, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ვლადიმირ პუტინის რაციონალურობის ნარჩენების იმედი მაინც მქონდა“ – თქვა მან.

უკრაინა რუსეთს გენოციდში ადანაშაულებს. კრემლი აცხადებს, რომ ბრალდებები იმის შესახებ, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები სიკვდილით დასაჯეს, არასწორია და კადრები გაყალბებულია.

გუშინ, 7 აპრილს, გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ გერმანულმა დაზვერვამ რუსი სამხედროების რადიოშეტყობინებები დააფიქსირა ბუჩის ხოცვა-ჟლეტის შესახებ, რაც მიუთითებს, რომ ეს არ ყოფილა შემთხვევითი დანაშაულები და „სისასტიკე პუტინის არმიის სტრატეგიის ნაწილია“.

რუსეთი მამუკა მამულაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილს, ომის დანაშაულებების ჩადენის ბრალდებას უყენებს.

კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უწყების თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა უკვე დაავალა საგამოძიებო განყოფილებას, გამოიძიონ რუსი სამხედროების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრონ მამუკა მამულაშვილს. მას რუსეთის ფედერაცია ომის წარმოების წესების დარღვევაში და რუსული გვარდიისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს.

„უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მყოფი ქართული ლეგიონის წევრები უკანონო ქმედებებს სჩადიან რუსი სამხედროების წინააღმდეგ. გარდა ამისა, მამულაშვილის მხრიდან გაკეთდა არაერთი საჯარო განცხადება, რომ ის მომავალშიც აპირებს განაგრძოს რუსეთის სამხედროების, ნაციონალური გვარდიის წევრებისა და ჩრდილოეთ კავკასიის ოპერატიული დანაყოფის წევრების წამება და მკვლელობა. ეს ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ჟენევის კონვენციის 1949 წლის 12 აგვისტო დებულებებს სამხედრო ტყვეთა მოპყრობის შესახებ“, – ნათქვამია კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრ ბასტრიკინმა დაავალა გამომძიებლებს, დაადგინონ დანაშაულების ჩადენის გარემოებები და მათში მონაწილე ყველა პირს დააკისრონ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„ქართული ლეგიონი“ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში 2014 წლიდანაა ჩართული.

4 აპრილს მამუკა მამულაშვილმა კომენტარი მისცა ყოფილი რუსი ოლიგარქის, მიხაილ ხოდორკოვსკის იუთუბარხს – Ходорковский LIVE, სადაც მან ანაცხადა: „მე ახლა „ქართულ ლეგიონზე“ გეუბნებით, ჩვენ რუს ჯარისკაცებს, ტყვედ არც ერთ შემთვევაში არ ავიყვანთ, არც კადიროველებს. არცერთი ადამიანი ტყვედ არ ჩავარდება“.

___

ამავე თემაზე:

უკრაინაში მებრძოლი: საქართველოს ოკუპაციას რამდენიმე საათი დასჭირდება, თუ აქ დავმარცხდით

შუახევში მეწყერი ჩამოწვა

შუახევში, ცენტრალურ და კობალთა-შუახევის გზებზე მეწყერი ჩამოწვა – ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურა ვახტანგ ბერიძემ, შუახევის მერის წარმომადგენელმა შუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში.

„მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. უკვე დასრულებულია შუბანი- შუახევის ცენტრალური გზის გაწმენდა და ახლა კობალთა-შუბნის ცენტრალური გზის გაწმენდას დავიწყებთ“, – ამბობს ვახტანგ ბერიძე.

მისი ინფორმაციით, შეფერხებული მოძრაობა კობალთა-შუბანის დამაკავშირებელ გზაზე დღის ბოლომდე სრულად აღდგება.

კობალთა-შუბანის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. ფოტო: მიშა შაინიძე

სოფელ კობალთის მკვიდრის, 18 წლის მიშა შაინიძის თქმით, მეწყრული მასა აქ ყოველ გაწვიმებაზე ჩამოდის.

„ამ გზაზე ყოველდღე დადიან მოსწავლეები. დილით, სკოლაში რომ წავედით, მეწყერი არ იყო. სკოლაში შეგვატყობინეს, რომ მეწყერი ჩამოწვა. აქ მეწყერი ყოველ გაწვიმებასა და თოვლის დნობისას  აქტიურდება“, – ამბობს მიშა

მისი თქმით, დღეს, 15:00 საათზე, იმ ზონაში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ადგილზე არავინ იმყოფებოდა და არც ტექნიკა მუშაობდა.

კობალთა-შუბანის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. ფოტო: მიშა შაინიძე

„ბათუმელები“ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. პრესსამსახურში გვითხრეს,რომ სოფელ კობალთაში მცირე მეწყერია განვითარებული.

„მერის მოადგილემ და საკრებულოს წევრებმა ისარგებლეს დღეს ამ გზით და შემდეგ ჩამოწვა მეწყერი. ყველა საქმის კურსშია, ტექნიკა მიდის უკვე და უახლოეს მომავალში გაიწმინდება გზა.

მეწყრის ჩამოწოლა გასაკვირი არ არის, რადგან გაზაფხულზე და შემოდგომაზე ხშირია ასეთი შემთხვევები“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

კობალთა-შუბანის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. ფოტო: მიშა შაინიძე

„რად გვინდა რუსული ეკლესიაო?“ – სხალთელი ეპისკოპოსი კირილის კრიტიკაზე

„ეკლესია ერთია“ – მიიჩნევს სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი და არ ესმის კრიტიკა, რაც რუსეთის პატრიარქის მიმართ გაჩნდა განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა მან უკრაინაში შეჭრამდე რუსული არმია დალოცა.

„ჩვენ რა ჭირი დაგვეტაკა, ზოგიერთს რომ გადაუტრიალდა ჭკუა? რადგან რუსეთმა ასე გაგვიკეთა, რად გვინდა რუსული ეკლესიაო,“ – სხალთელი მთავარეპისკოპოსი იმ ადამიანებს აკრიტიკებს, ვინც მიიჩნევს, რომ რუსეთის პატრიარქი არაქრისტიანულად იქცევა და ასევე ითხოვს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას.

გუშინ, 7 აპრილს, ხარების აღნიშვნის დროს ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტმა რუსეთის პატრიარქს მიმართა: „რა არის თქვენი ინტერესები, პატარა ბავშვების დახოცვა?“ – იკითხა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.

ხარების შემდეგ ქადაგების დროს, რაც სხალთის ეპარქიამ ფეისბუქგვერდზე მოგვიანებით გაავრცელა“, მთავარეპისკოპოსი სპირიდონი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს „შეჩვენებულს“ უწოდებს და არ ახსენებს მის სტატუსს. „ვიღაც ეპიფანე“ – ამბობს სხალთელი ეპისკოპოსი, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდეც არაერთხელ გამოხატა პრორუსული შეხედულებები.

„…ვიღაც ეპიფანე, შეჩვენებული 9-გზის, ის ვაღიაროთო, ჭკუა გვაქვს თავში, კაცო? შენ რუსმა რაღაც დაგიშავა, ქრისტესგან რა გინდა? დაინგრევი, განადგურდები შვილო, გაგანადგურებს უფალი იმიტომ, რომ ვის ეხები, ქრისტეს ეკლესიას, ერთიან ეკლესიას, ერთ სხეულს? ამიტომ არ შეიძლება ეს, ეკლესია ერთია. ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია…“ – აღნიშნა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა.

ეპისკოპოსმა სპირიდონმა ამჯერად ქადაგების დროს სხვა ქვეყნებთან ომი გაიხსენა – მაგალითად კი ბიზანტიის მიერ საქართველოს დაპყრობა დაასახელა და დასძინა, რომ საქართველოში სასულიერო პირებს არ გაუკრიტიკებიათ ბერძნული ეკლესია.

„…ამხელა ამაგი ჰქონდათ ქართველებს ბერძნებზე და რა გაუკეთეს? გაუკეთეს ის, რომ გიორგი პირველი, ომით შემოვიდნენ აქა, უამრავი ადამიანი დახოცეს, გიორგი პირველი სიკვდილის პირზე მიიყვანეს, გარდაიცვალა 30 წლის არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ბოროტება ჰქონდათ ბერძნებს ჩვენთვის გაკეთებული, ოდესმე ქართველ სასულიერო პირებს, პატრიარქებს და ქართველ მღვდელმთავრებს მოსვლიათ აზრად ისა, რომ რახან ბერძნებმა ასე გაგვიკეთეს და ბერძნული ეკლესია ამას აკურთხებდაო, ამიტომ ახლა საბერძნეთში რაც სქიზმებია, მწვალებლები და ოხრობები, ისინი ვცნოთო და ბერძნული ეკლესიას ნუ ვცნობთო? ეს მოსვლიათ თავში – არ მოსვლია თავში,“ – უპასუხა კითხვას სხალთელმა ეპისკოპოსმა.

 

იაპონიამ 8 რუსი დიპლომატი გააძევა

დღეს, 8 აპრილს, იაპონიამ 8 რუსი დიპლომატი გააძევა უკრაინაში რუსეთის ომის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის საპასუხოდ.

მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, გაძევებულ დიპლომატებს შორის არ არის რუსეთის ელჩი, მიხეილ გალუზინი.

ასევე, დღეს გახდა ცნობილი, რომ იაპონია დააწესებს დამატებით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, აკრძალავს ქვანახშირისა და არყის იმპორტს რუსეთიდან, გაყინავს Sberbank-ისა და Alfa Bank-ის მსხვილი კრედიტორების აქტივებს და შეაჩერებს ახალ ინვესტიციებს.

„უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა ომის დანაშაულია. მე შოკში ვარ“ – ციტირებს იაპონური მედია პრემიერ-მინისტრ კიშიდას. მედიის ცნობით, კიშიდამ პირველად გამოიყენა ტერმინი „ომის დანაშაული“ უკრაინაში რუსეთის სავარაუდო სისასტიკის აღსაწერად.

______________

ფოტოზე: ფუმიო კიშიდა, იაპონიის პრემიერ მინისტრი. ფოტო: PA-EFE/KIM KYUNG-HOON

 

„იღბლიანი ვყოფილვარ“ – უკრაინაში სიკვდილს გადარჩენილი Fox News-ის ჟურნალისტი

Fox news-ის ჟურნალისტი ბენჯამინ ჰოლ, რომელიც სამი კვირის წინ უკრაინაში დაიჭრა, დღეს პირველად გამოჩნდა საჯაროდ. მან ტვიტერზე საავადმყოფოში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაწერა.

ბენჯამინ ჰოლი 14 მარტს, კიევთან ახლოს, მაშინ დაიჭრა, როდესაც რუსმა სამხედროებმა ჟურნალისტების მანქანას საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმისას დაიღუპნენ არხის უკრაინელი კონსულტანტი ოლექსანდრა (საშა) კუვშინოვა და ოპერატორი პიერ ზაკრზევსკი.

„სამი კვირა გავიდა უკრაინაში მომხდარი თავდასხმიდან და დავიწყებ უკვე ამ ამბების გაზიარებას, მაგრამ უპირველესად, მინდა, გავიხსენო ჩემი კოლეგები, პიერი და საშა, ვინც ვერ გადარჩა იმ დღეს. მე და პიერმა მთელი მსოფლიო ერთად მოვიარეთ. ეს საქმე მას ბედნიერებას ანიჭებდა და მისი განწყობა გადამდები იყო“, – ამბობს ბენჯამინ ჰოლი.

თავდასხმის შედეგად მძიმედ დაჭრილი ბენჯამინ ჰოლი თავიდან ჯერ კიევის კლინიკაში მოათავსეს. შემდეგ გერმანიაში, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში, ტეხასის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

„რომ შევაჯამო, დავკარგე ერთი ფეხის ნახევარი და მეორე ფეხის ტერფი. ერთ ხელს ახლაც აწყობენ, ცალი თვალიდან ვეღარ ვხედავ და სმენაც დამიზიანდა. და მაინც, ძალიან იღბლიანი ვყოფილვარ“, – დაწერა ჟურნალისტმა.

ამერიკული ტელეარხის, Fox New-ის გუნდზე თავდასხმამდე ერთი დღით ადრე, 13 მარტს, უკრაინაში მოკლეს ამერიკელი ჟურნალისტი ბრენტ რენო. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტისა და ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მონაცემებით, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დღემდე, მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა 7 და დაიჭრა 11 ჟურნალისტი.

„საშა დაიღუპა“ – უკრაინელი ჟურნალისტის წერილი

უკრაინელი ჟურნალისტი, ოლექსანდრა კუვშინოვა, რომელიც Fox News-ის კონსულტანტად მუშაობდა, 14 მარტს, კიევთან ახლოს მოკლეს. მასთან ერთად მოკლეს Fox News-ის ოპერატორი პიერ ზაკრზევსკი.

CNN ოლექსანდრას მეგობრის, უკრაინელი ჟურნალისტის, მარგო გონტარის წერილს აქვეყნებს. მარგო გონტარი „7,62 პროექტისა“ და StopFake-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

______________

„ოლექსანდრა კუვშინოვას, საშას, როგორც მე მას ვიცნობდი, ბოლოს 5 მარტს ველაპარაკე.

Fox News-ის უკრაინელმა კონსულტანტმა მითხრა, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის გაშუქებამ უკვე ისე დაღალა, დილაობით თვალებს ძლივს ახელდა.

გამომიგზავნა სელფი, რომელშიც ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტი ეცვა და თავის ამბებსაც მომიყვა. ის-ის იყო ირპინის, რუსული იერიშებით დანგრეული ქალაქის, დატოვება მოეხერხებინა. ამბობდა, რომ გაუმართლა და ქალაქიდან უვნებლად გააღწია.

საფრთხის მიუხედავად, რამდენჯერმე იხუმრა და მიმებიც გამომიგზავნა. „იმიტომ, რომ იუმორის გარეშე შორს ვერ წახვალ“, – ასე თქვა.

ცხრა დღის შემდეგ, 14 მარტს, საშა, ირლანდიელ ოპერატორთან, პიერ ზაკრზევსკითან ერთად მოკლეს. რუსმა სამხედროებმა მათ მანქანას, კიევის გარეუბანში, საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. ამ სროლისას დაშავდა Fox News-ის კიდევ ერთი კორესპონდენტი, ბენჯამინ ჰოლი.

როცა მისი სიკვდილი გავიგე, ძალას ვერ ვიკრებდი. პირველ საათებში არ მჯეროდა. მინდოდა, ტელეფონი ამეღო და მისთვის დამერეკა.

გონებაში მიტრიალებდა მოვლენათა ისეთი განვითარება, როგორიც მსურდა. დავურეკავდი, ის კი გაიცინებდა და მეტყოდა, რომ ყველა შეცდა. შევთანხმდებოდით ყავის ერთად დალევაზე, მომიყვებოდა კიდევ ერთ გადარჩენაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა შეესრულებინა თავისი საქმე რუსული ნაღმების წვიმაში – მოეყოლა ისტორია მსოფლიოსთვის.

შემდეგ რეალობამ საპასუხო დარტყმა დამახვედრა: ვიცოდი, რომ ყურმილის მეორე მხარეს მხოლოდ დუმილი იქნებოდა.

შემდეგ შეკითხვები დაიწყო. ხალხი რეკავდა, მეკითხებოდა, ვიცნობდი თუ არა საშას. გავაცნობიერე, რომ მის შესახებ ოდნავ ცუდის თქმაც კი არ შემეძლო. იგი ლამაზი, ჭკვიანი და ხალისიანი იყო, იღებდა ფილმებს, უყვარდა პოეზია და კინო. ყოველთვის ეძებდა ფაქტებს და გაბედულად შეუერთდა Fox News-ის გუნდს, რათა ამბები ფრონტის წინა ხაზიდან მოეყოლა.

მასთან დროის გატარება ყოველთვის კარგი იყო, იქნებოდა ეს მუშაობა თუ ერთი ჭიქა ღვინის დალევა. კარგი იყო უბრალოდ მის სიახლოვეს ყოფნა. საშა მხოლოდ 24 წლის იყო.

აქამდე არასოდეს მესმოდა, როგორ წერდა ხალხი ნეკროლოგს საყვარელი ადამიანისთვის, მაგრამ ახლა ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მომხდარის გადასატანად ეს ერთადერთი გზაა.

არ უნდა დავივიწყო მოგონებები საშაზე, ქალზე, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი მუსიკალურ პროექტებზე, ვსვამდი ღვინოს ჩვენს საყვარელ ბარებში; მეგობარზე,  რომელიც ყველა სხვა უკრაინელი ჟურნალისტის მსგავსად, ომის რეპორტიორი გახდა. და ომმა ეს სინათლე ჩააქრო.

სიურრეალისტურია ამაზე ფიქრი, რომ ომის შესახებ ჩემი ბოლო ნამუშევარი მეგობრის დაღუპვაზეა. ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის განმავლობაში, ძირითადად ვწერდი რუსეთის იერიშებზე ჩემი ხალხის წინააღმდეგ. 2014 წელს გავხდი StopFake-ის, ფაქტ-ჩეკინგ ორგანიზაციის თანადამფუძნებელი. მაშინ ომი მხოლოდ უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარეობდა. ახლა კი, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მობილიზაციაზე ამბების მოყოლიდან ომის ყოველდღიურ გაშუქებაზე გადავედი.

უკრაინელი ჟურნალისტები, უცხოელი კოლეგების მსგავსად, ძალიან ბევრს მუშაობენ წარმოუდგენლად მტრულ გარემოში, რათა მსოფლიოს აქ მომხდარის ნათელი სურათი ჰქონდეს.

სამწუხაროდ, ამ ომში მხოლოდ საშა და პიერი არ მოუკლავთ. ევგენი საკუნი, უკრაინელი ოპერატორი, 1 მარტს დაიღუპა, როცა კიევის ტელეანძას რუსულმა არტილერიამ გაუხსნა ცეცხლი. ბრენტ რენო, ამერიკელი დოკუმენტალისტი, სროლისას მოკლეს, მაშინ დაიჭრა ფოტოგრაფი ხუან არედონდოც. რუსი კორესპონდენტი ოკსანა ბაულინა, რომელიც ომს დამოუკიდებელი საგამოძიებო გამოცემისთვის აშუქებდა, კიევში დაიღუპა. ცნობილ უკრაინელ ფოტოჟურნალისტ, მაქს ლევინს ორი კვირა ეძებდნენ და პარასკევს, კიევის ჩრდილოეთით, სოფელში იპოვეს მკვდარი.

არიან ტყვედ ჩავარდნილებიც. უკრაინელი ჟურნალისტები ვიქტორია როშჩინა ოკუპირებულ ბერდიანსკში ჰყავდათ რუს სამხედროებს. „რადიო ფრანსის“ ფიქსერი და თარჯიმანი რუსმა ჯარისკაცებმა 5 მარტს დაატყვევეს და ცხრა დღე არ უშვებდნენ. ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, ცნობით, ამ დროის განმავლობაში ის გაყინულ სარდაფში ჰყავდათ – სცემდნენ ცეცხლსასროლი იარაღით, აწამებდნენ დანისა და ელექტროენერგიის გამოყენებით. ჩაატარეს მისი მოჩვენებითი სიკვდილით დასჯა და არ აძლევდნენ საკვებს 48 საათის განმავლობაში.

როგორც ჩანს, რიგ შემთხვევებში რუსები ჟურნალისტებს მიზანმიმართულად დასდევდნენ.

როგორც მარიუპოლის მერის მრჩეველმა მითხრა, რუსების მიერ ქალაქის შეუჩერებელი დაბომბვა შეიძლება იმით აიხსნას, რომ ისინი ცდილობენ, ხალხს, მათ შორის ჟურნალისტებს, ქალაქიდან გასვლისადა იქიდან ამბის გატანის საშუალება არ მისცენ.

მთელი მსოფლიოდან უამრავი ჟურნალისტი ჩამოვიდა ომის გასაშუქებლად, მაგრამ უკრაინელი ჟურნალისტებისთვის ეს პირადულია. ბევრი ჩვენგანი ახლა სწავლობს, როგორ გააშუქოს რუსული ძალების მიერ ჩვენი ულამაზესი სახლებისა და საყვარელი ქალაქების განადგურება; როგორ გააშუქოს რუსი სამხედროების მიერ ჩვენი მეგობრების მკვლელობა.

ომი თვეზე მეტია გრძელდება. ყველა შიშითაა შეპყრობილი, დაზაფრულია, თავს ცუდად გრძნობს. ჩვენ, უკრაინელები, უკვე 800 საათზე მეტია, წინა რიგებიდან ვუყურებთ ამ საშინელებას, რომელსაც დასასრული არ უჩანს. არ ვიცით, როდის დაიწყებენ იერიშს იმ ადგილებზე, რომლებიც გვიყვარს და გვახსოვს – ყავის მაღაზიები, სადაც ადრე მეგობრებთან ერთად ვიკრიბებოდით; ქუჩის კუთხეები, სადაც პირველი კოცნა გვქონდა; სკვერები, სადაც ბავშვობაში ვთამაშობდით.

არ ვიცით, როდის და სად დაგვეწევა ტყვია ჩვენ და ჩვენს საყვარელ ადამიანებს.

საშიში ისტორიები და საშინელებათა ფილმები ახლა ასეთებად სულაც აღარ ჩანს. ისინი ნამდვილმა საშინელებამ გადაფარა.

საშას დაღუპვამდე, ყველაფერი სიურრეალური ჩანდა. ასე იქცევა ტვინი: თითქოს, რაც ხდება, რეალური არაა.

იცი, რომ რეალურია, მაგრამ დაჯერება არ შეგიძლია. თითქოს არსებობს ბარიერი, რომელიც გიცავს.

თითქოს შენსა და ამ უზარმაზარ ტანჯვას შორის თხელი მინაა. ხედავ დამანგრეველ ტალღას, რომელიც მზადაა ჩაგყლაპოს, მაგრამ ის ოდნავ შორსაა. ხელს თუ გაიწვდენ, გეჩვენება, რომ შეგიძლია შეეხო კიდეც იმას, რაც სინამდვილეში ხდება.

მაგრამ გრძნობების წამლეკავ ტალღას მინა აკავებს.

და ეს საკმაოდ კარგად მუშაობს.

ვიდრე შენი საყვარელი ადამიანი დაიღუპება.

უარყოფა ძლიერია. გაფიქრებაც კი ისეთი მტკივნეულია, რომ გონება ბოლომდე არ გიშვებს.

ვიცი, რომ გაბრაზებაც მოვა.

მეტი გლოვაც იქნება.

შემდეგ კი, ამას მივიღებ.

ალბათ.

თუმცა ვიცი, რომ არასდროს შეივსება სიცარიელე, რომელსაც ვგრძნობ –  სიცარიელე, სადაც საშა იყო, – ისევე, როგორც არასდროს დამტოვებს გრძნობა, რომ ეს არასდროს უნდა მომხდარიყო, არც აქ და არც სადმე სხვაგან.

და ამიტომაც, პატიებას ვერასდროს შევძლებ. არამარტო იმიტომ, რომ საშა მკვდარია, ჩემი დამცველი თხელი მინაც დაიმსხვრა.

სამუდამოდ.

აწი გონებას აღარ შეუძლია ჩემი დაცვა, ისევე, როგორც ყველა იმ ადამიანის, ვინც საყვარელ ადამიანს გლოვობს. მოკლულს ომში, რომელიც რუსეთმა უკრაინაში დაიწყო.

ადამიანთა სიკეთისადმი რწმენას შენობასავით ვერ აღადგენ. ვერ აღადგენ ისე, როგორც იტალია აპირებს მარიუპოლის დრამატული თეატრის აღდგენას.

მე საშას ვერ დავაბრუნებ.

ჩვენი ბოლო საუბრისას, მითხრა, როგორი დაღლილი იყო და როგორ უნდოდა ბლინები. ოდნავ მოგვიანებით მომწერა, – „არ დაიჯერებ. სასაუზმოდ ჩავედი და ბლინები ჰქონდათ!“ მერე მომწერა, რომ მთელი დღე ბედნიერი ბავშვივით გაღიმებული დადიოდა.

როცა გავიგე, რომ მოკლეს, უცნაურმა აზრმა გამიელვა: სადაც უნდა იყოს, სამოთხეში თუ ვალჰალაში, ურჩევნიათ, იქ გემრიელი ბლინები ჰქონდეთ.

საშა დაიღუპა, რადგან ცდილობდა, ეთქვა მსოფლიოსთვის სიმართლე იმაზე, რაც უკრაინაში ხდება. მან თავისი სამუშაო შეასრულა. ბრძოლის გაგრძელება ახლა ჩვენი საქმეა.“

თარგმანი: ნიკა ბურდული

მთავარი ფოტო: საშა კუვშინოვა

დონეცკის ოლქში მატარებლის სადგური დაბომბეს, დაიღუპა 30 ადამიანი – ზელენსკი

რუსმა სამხედროებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქში კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 30 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა –  ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფეისბუკზე ავრცელებს.

პრეზიდენტის ინფორმაციით, სადგურში ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი ევაკუაციას ელოდებოდა.

„რუსები თავიანთ არაადამიანურ მეთოდებზე უარს არ ამბობენ. არ აქვთ ძალა და გამბედაობა, რომ დაგვპირისპირდნენ ბრძოლის ველზე, ცინიკურად ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას.  ეს არის ბოროტება, რომელსაც საზღვრები არ აქვს“ – წერს ზელენსკი ფეისბუკზე.

სადგურში მშვიდობიანი მოსახლეობა ევაკუაციას ელოდებოდა.

________________

ფოტო: დონეცკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაცია.

შუახევი ჰესი აჭარისწყლის აუზის დათევზიანებას აგრძელებს

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ გარემოსდაცვითი ვალდებულებების ფარგლებში აჭარისწყლის აუზის დათევზიანებას აგრძელებს. წელს კომპანიამ, დათევზიანების მეორე ეტაპი განახორციელა და მდინარის აჭარისწყლის აუზში 11 000 ცალი ნაკადულის კალმახის ლარვა გაუშვა.

ნაკადულის კალმახი საქართველოს „წითელი ნუსხის“ ობიექტია და მინიჭებული აქვს მოწყვლადის სტატუსი. აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს ნაკადულის კალმახის აღდგენასა და შენარჩუნებას. დათევზიანების პროცესს უზრუნველყოფენ ადგილობრივი თევზსაშენი და ქართველი იქთიოლოგები.

2020 წელს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ შერჩეული იქნა რეგიონში მოქმედი ყველაზე მსხვილი, თანამედროვე აღჭურვილობით და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული თევზსაშენი, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულ პროცესს.

დათევზიანების/რესტოკინგის მონიტორინგს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ შუახევი ჰესის პროექტის ფარგლებში წელიწადში ოთხჯერ, კონმპანიის გარემოსდაცვითი გეგმის ფარგლებში მიმდინარე იქთიოლოგიური მონიტორინგის მეშვეობით ახორციელებს, რომელიც მიმდინარეობს 2014 წლიდან და მომდევნო წლებშიც გაგარძელდება. აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში ხორციელდება იქთიოფაუნის, მათ შორის ნაკადულის კალმახის რაოდენობრივ-ხარისხობრივი პარამეტრების მონიტორინგი, წინასწარ შერჩეულ სადგურებზე.

„კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული აქტივობები ნათლად წარმოაჩენს კომპანიის მაღალ გარემოდაცვით პასუხისმგებლობას – წვლილი შეიტანოს მდინარე აჭარისწყლის აუზის იქთიოფაუნის შენარჩუნების და აღდგენის საქმეში, ამ მხრივ საუკეთესო მიდგომებისა და პრაქტიკის იმპლემენტაციით. კომპანია ერთის მხრივ მრავალი წელია ახორციელებს ინტენსიურ და რუტინულ მონიტორინგს, ხოლო მეორეს მხრივ გარემოსდაცვითი ვალდებულებების ფარგლებში, აღნიშნულ მონიტორინგზე დაყრდნობით ატარებს პრაქტიკულ ღონისძიებებს გადაშენების პირას მყოფი სახეობის რესტოკინგის სახით, რაც გამოიხატება ნაკადულის კალმახის აბორიგენული ფონდიდან მიღებული ლარვების გაშვებას მათთვის სახასიათო ლოკაციებსა და ჰაბიტატებში.“ – ამბობს იქთიოლოგი, არჩილ გუჩმანიძე.

არჩილ გუჩმანიძე, იქთიოლოგი
არჩილ გუჩმანიძე, იქთიოლოგი

აჭარისწყლის აუზის დათევზიანება განხორციელდა – რესტოკინგის საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ყველა პრინციპის გათვალისწინებით: პოპულაციური, გეორგრაფიული, გენეტიკური და ეკოლოგიური პრინციპი.

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ გარემოსდაცვით გუნდს ნინო გაგუა ხელმძღვანელობს. ის აღნიშნავს, რომ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულება, კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ჩვენი კომპანია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესრულები მიზნით, ასევე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებლს სხვადასხვა სახის საკომპენსაციო და შემარბილებელ ღონისძიებებს. აჭარისწყლის აუზის „საქართველოს წითელი ნუსხის“ სახეობით, კერძოდ ნაკადულის კალმახით დათევზიანება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკომპენსაციო ღონისძიებაა

დათევზიანების პროცესში კომპანიას ჩართული ჰყავს მაღალი კვალიფიკაციის მქონე დარგის ექსპერტები, რათა საკომპენსაციო ღონისძიებამ გამოიღოს სასურველი შედეგი. დათევზიანების დაგეგმვა და განხორციელების ყველა ეტაპი შეთანხმებულია შესაბამის სამინისტროსთან.“ – აღნიშნა ნინო გაგუამ.

2021-2022 წელებში შუახევი ჰესის მიერ აჭარისწყლის აუზში გაშვებული კალმახის ლიფსიტის რაოდენობა 21 000 შეადგენს. მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით და გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით, კომპანია შემდგომ წლებშიც გააგრძელებს აჭარისწყლის აუზის დათევზიანებას.

გერმანიამ რუსთავის ციხის რეჟიმის ყოფილი უფროსი საქართველოს გადმოსცა

„გერმანიის სასამართლომ დააკმაყოფილა  საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ვ.კ.-ს საქართველოში ექსტრადირების თაობაზე,“ – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მსჯავრდებული ვლადიმერ კაპანაძე სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსია და იგი 2007 წლიდან 2012 წლის 20 ნოემბრამდე იკავებდა ამ თანამდებობას. პროკურატურის მიერ ძებნილი ვლადიმერ კაპანაძე გერმანიიდან დღეს, 8 აპრილს ჩამოიყვანეს.

სასამართლოს განაჩენით, ვლადიმერ კაპანაძე მსჯავრდებულია პატიმართა მიმართ განხორციელებული წამებისთვის. ეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144¹-ე მუხლით, რისთვისაც მას მიუსაჯეს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

„დადგენილია, რომ ვლადიმერ კაპანაძემ პირთა ჯგუფთან ერთად, შეიმუშავა მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები, რომელიც მიზნად ისახავდა მათ მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. ვლადიმერ კაპანაძე თანამშრომლებთან ერთად ეწეოდა პატიმრების სისტემატურ ცემასა და წამებას.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის ქართული მხარისთვის გადმოცემა განხორციელდა ერთის მხრივ, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების და მეორეს მხრივ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობის შედეგად,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • პერსონალი – დაახლოებით 19 000 ადამიანი
  • ტანკი – 700 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 891 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 333 ერთეული
  • MLRS – 108 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 55 ერთეული
  • თვითმფრინავი – 150 ერთეული
  • ვერტმფრენი – 135 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 361 ერთეული
  • გემი/ნავი – 7 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 112
  • სპეციალური აღჭურვილობა – 25
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 აპრილამდე, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 125 თვითმფრინავი
  • 97 შვეულმფრენი
  • 421 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 2019 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 228 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 223 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 874 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 1 917 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა Sky News-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ რუსეთს “სამხედროების მნიშვნელოვანი დანაკარგები” აქვს, რაც “დიდი ტრაგედიაა”.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლას ცდილობს.

ამავე თემაზე:

ბუჩაში ხოცვა-ჟლეტა პუტინის არმიის სტრატეგიაა – „შპიგელი“ გერმანული დაზვერვის ჩანაწერებზე

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 აპრილის 21 საათიდან 9 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია:

ცვალებადი მოღრუბლულობა; ღამით დროგამოშვებით წვიმა; დღისით უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 14-19 გრადუსი სითბო,
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 1-6 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – ღამით 1-3 გრადუსი, დღისით 7-12 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ-ში; ღამით დროგამოშვებით წვიმა; დღისით უმეტესად უნალექოდ; ხილვადობა კარგი, ტალღის სიმაღლე 5-10 დმ(2-3 ბალი);

ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსია.

სინოპტიკოსების პროგნოზით, კვირას და ორშაბათს, 10 და 11 აპრილს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.


ფიჭვნარი მაშველების გარეშე – პლაჟი, სადაც აკრძალვის მიუხედავად ბანაობენ

რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება 1 მილიონით გაიზარდა – მთავრობა

მთავრობამ რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება 1 მილიონი ლარით გაუზარდა.

მთავრობის ინფორმაციით, რელიგიური გაერთიანებების საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებას საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მოტივით იღებენ. აქამდე ეს თანხა 4,5 მლნ ლარს შეადგენდა, 2022 წლისთვის კი საკომპენსაციო თანხა 1 მილიონი ლარით გაიზარდა. აღნიშნული თანხა გამოყოფილია რელიგიური უმცირესობებისთვის. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი ბიუჯეტიდან ცალკე იღებს დაფინანსებას 25 მილიონი ლარის ოდენობით.

მთავრობის ინფორმაციით, ინიციატივა ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.

„საქართველოს მთავრობამ რელიგიური ორგანიზაციებისთვის დაფინანსების გაზრდისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხით იხელმძღვანელა, მათ შორის რელიგიური ორგანიზაციების მრევლის, სასულიერო პირებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობით და გადაწყვეტილება რელიგიის სააგენტოსა და რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციების შედეგად მიიღო.

1 მილიონი ლარი, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა და მას რელიგიურ ორგანიზაციებს შორის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გაანაწილებს“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალის კომპენსაციას საქართველოში რელიგიური უმცირესობებიდან მხოლოდ 4 რელიგიური ორგანიზაცია იღებს. ესენია, საქართველოს კათოლიკური ეკლესია, მუსლიმი თემი, იუდეური და სომხური ეკლესია.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა რეჟიმის დროს ზიანი მიადგა სხვა რელიგიურ ორგანიზაციებსაც, მაგალითად ევანგელურ ეკლესიებს, სახელმწიფო მათ კომპენსაციას არ უხდის.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების არსებული პრაქტიკა სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ორგანიზაციების კონტროლს და მათი ლოიალობის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა.

კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 8 აპრილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, ჩატარდა კვლევა ტესტით – 20 782, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 761, PCR ტესტით – 2 021, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 439 ადამიანი. 

 

„ეს არის ბრძოლა რუსული ფულისთვის“ – რისთვის გააქტიურდა პატრიოტთა ალიანსი

რატომ შეახსენა „პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთს თავი, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და ელოდება თუ არა ინაშვილი-თარხან მოურავის რუსეთისადმი ერთგულებას კიდევ ერთი მარცხი საქართველოში? – ამ თემაზე „ბათუმელები“, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანს, პოლიტოლოგ ბაკურ კვაშილავას ესაუბრა.

  • ბატონო ბაკურ, როგორც ვიცით, ირმა ინაშვილი და თარხან-მოურავი რუსეთში არიან. ისინი შეხვდნენ რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელს ვლადიმერ ჯაბაროვს, რომელიც ჯავახეთში სეპარატიზმის ერთ-ერთი იდეოლოგია. რას შეიძლება ველოდოთ ამ შეხვედრების შემდეგ საქართველოში?

„პატრიოტთა ალიანსი“ თავიდანვე  მჭიდროდ იყო დაკავშირებული სომხურ ლობისტთან რუსეთში. თუ თვალს გადავავლებთ მათ საარჩევნო კამპანიებს, ძირითადად მიმართული იყო ხოლმე აზერბაიჯანის ან თურქეთის წინააღმდეგ.

ის არგუმენტები, რომ „რუსეთი კი არის ოკუპანტი, მაგრამ თურქეთიც ოკუპანტია“, სწორედ აქედან მოდიოდა და საუბარი იყო ართვინის ოლქზე, რომელიც თურქეთმა მიიღო საბჭოთა კავშირთან შეთანხმების შემდეგ, 1921 წელს. ამიტომაც არის მათი განცხადებები ყოველთვის ანტითურქული და ზეანტიაზერბაიჯანული.

ამიტომ, ნუ ჩავთვლით, რომ ამ ადამიანთან შეხვედრა მაინცა და მაინც იქითკენ არის მიმართული, რომ სამცხე-ჯავახეთში რაიმე სეპარატისტულ მოძრაობა იქნება. არა, უბრალოდ, თავიანთ პარტნიორებთან ჩავიდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები, იმათთან, ვისთანაც მიესვლებათ.

როგორც ჩანს, სხვა პირებთან არ მიესვლებათ, რადგან მათი ჩანაცვლება მნიშვნელოვანწილად უკვე მოახერხა სხვა ძალამ, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე შეიქმნა და ეს არის მათთვის ახლა მთავარი გამოწვევა.

  • ბოლო არჩევნების შემდეგ ინაშვილი და მისი პარტია გაქრა პოლიტიკური ველიდან. მან თქვა, რომ მედიაში ბრუნდებოდა. როგორ ფიქრობთ, ახლა რუსეთს დასჭირდა ინაშვილი თუ ინაშვილს დასჭირდა რუსეთი თავის გასაცოცხლებლად?

მე მგონია, რომ მეორე ნაწილი უფროა. „პატრიოტთა ალიანსს“ დასჭირდა რუსეთი იმისთვის, რომ გახდეს რელევანტური კონსერვატიულ და პრორუსულ ძალებში, რომლებიც საქართველოში სამწუხაროდ არსებობენ, რადგან პრაქტიკულად, სრულად ჩაანაცვლეს ის „ალტ-ინფოთი“ და ეს არის მათთვის ტრაგედია.

თუ გახსოვთ ის წერილი, რომელიც ინაშვილმა პუტინს მისწერა და ვითომ 54-მა ორგანიზაციამაც მოაწერა ხელი, „ალტ-ინფოს“  მასზე ხელი არ მოუწერია – ისინი ერთმანეთის კონკურენტად აღიქვამენ თავს და დღეს მათ შორის არის ბრძოლა რუსული ფულისთვის. აი, ამიტომ არის ის გააქტიურებული, რადგან „ალტ-ინფოს“ მასთან უპირატესობა გააჩნია.

  • მახარაძე და მორგოშიაც იმყოფებოდა რუსეთში. რაიმე განსხვავებულ აქტიურობას შეიძლება ველოდეთ რუსეთისგან საქართველოში, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, თუ არა?

საბედნიეროდ, საქართველოში რუსეთის მხარდაჭერა საკმაოდ მცირეა და ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი, არ შეიძლება ასცდეს 10 პროცენტს. აქედანაც, რამდენს ექნება სურვილი, რომ ეს ოფიციალურად გამოხატოს, ცალკე საკითხია.

რაც შეეხება პროპაგანდის გააქტიურებას, ჩვენ ამას მაქსიმალურად ვხედავთ „ალტ-ინფოს“ სახით და „პატრიოტთა ალიანსი“, რასაც ეწევა იმის სახით – ეს არის ყველაფერში ეჭვის შეტანა.

იმ შემთხვევაში, თუკი ვერ გაამართლებენ რუსეთს, ამბობენ რომ „აბა ამერიკა სჯობს?“, „აბა, ერაყში ან სირიაში ის უკეთესია?“ და ასე შემდეგ. ეს არის მათი ნაცადი სტრატეგია და იმის მცდელობა, რომ ამ სიბინძურეში დაიკარგოს სიმართლის შეგრძნება. აი, ეს იქნება მომავალშიც.

  • ინაშვილის რიტორიკა ამ შემთხვევაში დაემთხვა ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკას, რომელიც ამბობს, რომ „ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის დასაცავად“, „რომ საქართველოს ომში ჩათრევა სურთ“ და ასე შემდეგ…

ვფიქრობ, უბრალოდ, მესიჯები ემთხვევა ამ შემთხვევაში, რადგან ღარიბაშვილისთვის ამოსავალი წერტილი ის არის, რომ  უკრაინის ხელისუფლებაშიც თურმე „ნაციონალები“ არიან. სამწუხაროდ, ასე უყურებს ის საერთაშორისო პოლიტიკას და არ აინტერესებს რა ხდება მსოფლიოში.

ამიტომ აკეთებს განცხადებას იმაზე, რომ თითქოს ეს უდიდესი მიღწევა, რომ საქართველო განიარაღდა მთლიანად და ვთქვათ, მშვიდობაზე ორიენტირებულია და პასუხს არ სცემს რუსეთის აგრესიას, რომ თითქოს ეს არის გამოსავალი და უკრაინამ თითქოს შეცდომა დაუშვა.

ინაშვილის „მშვიდობისადმი“ ასეთი განწყობები სხვა რამით არის განპირობებული, ამ შემთხვევაში ეს არის პირდაპირი რუსული დაკვეთა – სურს ამით აჩვენოს, რომ საქართველო უნდა იყოს რუსული გავლენის ქვეშ.

  • როცა უკრაინაში ომის გამო მთელი მსოფლიო ცდილობს გაემიჯნოს რუსეთს, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ვიზიტები ქვეყნის ღალატია?

ყველამ შეგვიძლია ვუწოდოთ ის, რასაც ვთვლით. ჩემთვის პირადად, ეს არის ღალატი და მოსახლეობის უმრავლესობისთვისაც არის ღალატი, საქართველოს სახელმწიფოსი და საქართველოს დამოუკიდებლობის.

ერთადერთი, რაც მთავრობას შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ თვითონაც გაემიჯნოს მსგავსი ტიპის ფლირტს რუსეთთან, თითქოს სამშვიდობო მისიას, რადგან ეს რეალურად არის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული.

ხოლო ის, რომ მოქალაქეობა ჩამოვართვათ მაგალითად ინაშვილს და არ შემოვუშვათ ქვეყანაში, ასეთი რამ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და შეუძლებელია, რაც არ უნდა ჩაიდინოს მან.

ამავდროულად, თუ დანაშაულის ნიშნები არ იქნება შემჩნეული, როგორ უნდა გაასამართლო. თუ არ ვიცით, რაზე მიდის ამ შეხვედრებზე საუბარი, რაზე იყო მსჯელობა, იყო თუა რა საუბარი იმაზე, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ეჭვის ქვეშ დადგეს, ამის მტკიცებულებები თუ არ არსებობს, როგორ შეიძლება სამართლებრივი ზომები მიიღო. პოლიტიკური ზომების მიღება, რა თქმა უნდა შესაძლებელია.

  • თუმცა, „კონსერვატიული მოძრაობა“ ღიად ამბობს, რომ რუსული ჯარი უნდა იდგეს საქართველოში. ასევე მას აქვს მუქარის შემცველი რიტორიკა – „მოგაკითხავთ“, „დაგსჯით“ და ასე შემდეგ.

როცა მუქარის კონკრეტული განხორციელების შესაძლებლობა არსებობს, მთავრობას შეუძლია აიღოს ეს ინიციატივა თავის თავზე და მოიქცეს ისე, როგორც საჭიროა.

მაგრამ ისე, რომ ჰიპოთეტურად თქვა – „აბა რაზე უნდა ელაპარაკა თუ არა საქართველოს ღალატზე“, ამაზე დაფუძნებით ვინმეს პასუხისგებაში მიცემა შეუძლებელია. ეს კიდევ ერთი დაბალი ზღვარი იქნება ქართული სახელმწიფოს სამართლებრივი პრაქტიკის ისტორიაში.

ინაშვილი და „კონსერვატიული მოძრაობა“ ღია მომხრეებია რუსეთის, მაგრამ, ჩემი აზრით, რუსეთს საქართველოში ეყოლება უკეთ განვითარებული ჯაშუშური ქსელიც.

ამის მიუხედავად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს რუსეთს ძალიან უჭირს, საქართველოსთვის ნამდვილად არ სცხელა. უკრაინაში მისი დამარცხება იქნება იმის განმაპირობებელი, რომ მისი გავლენა საქართველოში და მისი დაინტერესება საქართველოთი, კიდევ უფრო შემცირდება.

ქარისგან დაზიანებული ავტობუსის მოსაცდელი ბათუმში რამდენიმე დღეა ვერ შეაკეთეს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ავტობუსის მოსაცდელი რამდენიმე დღის წინ დაზიანდა. მოსაცდელი ამ დრომდე არ შეუკეთებიათ.

ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, მოსაცდელი ძლიერმა ქარმა დააზიანა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. აქ გვითხრეს, რომ უახლოეს პერიოდში დასრულდება სამუშაო.

როდის დაზიანდა მოსაცდელი, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე მისი შეკეთება? – მერიის პრესცენტრში კითხვებზე პასუხს დაგვპირდნენ, თუმცა სამუშაო დღის ბოლომდე ვერ მოგვაწოდეს.

ავტობუსების მოსაცდელების შეკეთებაზე მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია „ალმა“ მუშაობს.

მოსაცდელი გორგილაძის ქუჩაზე

 

Exit mobile version