მთავარი,სიახლეები

“მიქსერი პირველად თბილისში ვნახე” – კონდიტერი ქალი შუახევიდან

08.04.2022 • 6906
“მიქსერი პირველად თბილისში ვნახე” – კონდიტერი ქალი შუახევიდან

„სტუდენტობის დროს თბილისში ვსწავლობდი. იქ ჩემი კარის მეზობელი აცხობდა ნამცხვრებს. ხშირად ვეხმარებოდი კეთებაში, ყველაფერი მისგან ვისწავლე. სულ მიქსერი მეჭირა ხელში. იქამდე მიქსერი არ მქონდა ნანახი, ჩვენ ხელის სათქვეფს ვიყენებდით სახლში.

პირველად იქ დავინახე ნამცხვარი „შუც“. ყოველთვის მიკვირდა, ნამცხვარში როგორ ხვდება კრემი-მეთქი“, – გვიყვება მზია.

მზია დავითაძე 52 წლის ქალია დაბა შუახევიდან. სიცილით ამბობს, რომ ბავშვობიდან ძალიან უყვარდა ტკბილეულის კეთებასთან ერთად მისი ჭამაც, თუმცა შუახევში დიდი არჩევანი მაშინ არ იყო. „დედაჩემი მხოლოდ ბაქლავას და კექს აცხობდა, მეტს არაფერს“ – იხსენებს მზია.

მზია პროფესიით იურისტია. სტუდენტობის შემდეგ შუახევში, საჯარო სამსახურში მუშაობდა, მაგრამ სამსახურის დატოვება მოუხდა, რადგან დედამისს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. სახლიდან საერთოდ ვეღარ გადიოდა და ეკონომიკურადაც ძალიან გაუჭირდა.

მზია იხსენებს, რომ მეზობლები ხშირად სთხოვდნენ ტკბილეულის მომზადებას და საბოლოდ, სამსახურის დატოვებიდან 5 წლის შემდეგ გადაწყვიტა, საქმე, რომლის კეთებაც უყვარდა და გამოსდიოდა, შემოსავლის წყაროდ ექცია.

მზიამ 2017 წელს შეკვეთების მიღება დაიწყო ტკბილეულზე.  მისი თქმით, ყველაზე ხშირად ტორტებს უკვეთენ, თუმცა სადღესასწაულო დღეებში ნამცხვრებზეც არის მოთხოვნა. ხანდახან საქორწილო ტკბილეულის შეკვეთებსაც იღებს და ერთი თანამშრომელიც ჰყავს, რომელიც ბაქლავის ცხობაში ეხმარება.

აქამდე მზია ტკბილეულს სახლის სამზარეულოში აცხობდა და ოჯახის დანარჩენ წევრებს ელოდა, როდის დაასრულებდნენ საქმეს სამზარეულოში, რომ თვითონ შესულიყო და ტკბილეულის ცხობა დაეწყო.

ამ დროს მზიას ფინანსურად ძალიან უჭირდა. დედის მძიმე ავადმყოფობას მისი ონკოლოგიური პრობლემებიც დაემატა. „მთელი ფინანსები წამლებში მიგვდიოდა. წარმოიდგინეთ, მიქსერიც არ მქონდა, რომ კრემი ამომეყვანა. ხან ერთი მეზობლიდან მომქონდა, ხან მეორიდან“, – გვიყვება ის.

რაღაც დროის შემდეგ მზიამ იმდენი ფულის შეგროვება შეძლო, რომ მიქსერი შეეძინა. ოდნავ მოგვიანებით შეიძინა საცხობი სინებიც.

რამდენიმე წლის წინ მზია „სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება” კონკურსის გამარჯვებული გახდა.

„მერიაში რაღაც განცხადებისთვის მივედი. შემთხვევით, საკონსულტაციო ოთახში მოვხვდი და კონკურსზეც ასე გავიგე. დავწერე და გავაგზავნე. ერთი თვის შემდეგ გასაუბრებაზე დამიბარეს. გასაუბრებიდან მალევე კი დამიკავშირდნენ, გამარჯვებული ხართო“ – გვიყვება მზია.

მან კონკურსიდან 3000 ლარის თანადაფინანსება აიღო და 2019 წლის დეკემბერში შეიძინა ოცნების ღუმელი – „ჩემი ძალებით ვერასდროს ვერ ვიყიდდი ამ ღუმელს, ვერ გავწვდებოდი ამ თანხას“ – ამბობს მზია.

ამ გამარჯვებამ მას იმედი მისცა და გადაწყვიტა ფეისბუქიდან გაგებულ საგრანტო კონკურსში – „იდეიდან წარმატებამდე“ [UNDP] მიეღო მონაწილეობა. ამჯერად მზიას საკონდიტროს გახსნაში უნდოდა დახმარება.

„დაახლოებით საღამოს 8 საათისთვის  გავიგე ამ საგრანტო კონკურსზე. განცხადებების მიღების ბოლო დღე იყო. ძლივს მოვასწარი გაგზავნა. ბევრად რთული იყო საკონკურსო ფორმაც“, – ამბობს მზია.

მისი თქმით, გრანტიდან მაქსიმუმ 30 000 ლარის აღება შეეძლო, მაგრამ მხოლოდ 11 030 ლარის ათვისება შეძლო, რადგან მაშინ [2020 წელს] ჯერ კიდევ რაღაცების გარკვევის პროცესში იყო. პანდემიის გამო საკონდიტროებთან კონტაქტების დამყარება გაუჭირდა იმის დასაზუსტებლად, თუ რა ტექნიკა სჭირდებოდა და რა ღირდა ესა თუ ის ნივთი.

მზიამ ამ გრანტის ფარგლებში საკონდიტრო პრინტერის, საილუსტრაციო, ვიტრინიანი მაცივრის, ცომსაზელის, სამუშაო მაგიდისა და მიქსერის შეძენა შეძლო.

გვიყვება, რომ შუახევში ფართობს 400 ლარზე ნაკლებად ვერ ქირაობდა, ამიტომ გრანტზე უარის თქმასაც ფიქრობდა – „პანდემია იყო და არ ვიცოდი რამდენად მექნებოდა შეკვეთები. მხოლოდ ქირის ფულის ფულის დაგროვებას შევძლებდი თუ რამე კიდევ დამრჩებოდა“, – იხსენებს მზია.

მოგვიანებით მასთან მისულმა საგრანტო კონკურსის წარმომადგენლებმა მისი სახლის პირველ სართულზე საკუჭნაო შენიშნეს და მისი საკონდიტროდ ქცევა ურჩიეს.

„დავფიქრდი, ქირის ფული აღარ მექნება გადასახდელი – მეთქი. ბევრი რამ მქონდა საკონდიტროს გახსნისთვის უკვე შეგროვებული და ვიცოდი, ერთი ოთახი სამუშაოდ აღარ მეყოფოდა.

ყველაფრისთვის თავისი ადგილის მიჩენა მინდოდა. საბოლოოდ გადავწყვიტე, მართლაც გამერემონტებინა სახლის ეს ნაწილი. დიდი ხანია, რაც დაწყებული მაქვს რემონტი და ალბათ მალე, ერთ თვეში დასრულდება. დიდ საქმეს შევეჭიდე“, – გვიყვება მზია.

მზია დავითაძე საკონდიტროსთვის ფართობს საკუთარი ხარჯებით არემონტებს. ეს მისთვის რთული აღმოჩნდა და დამატებითი შემოსავლისთვის დროებით მზარეულადაც მუშაობდა.

მართალია, ფიქრობდა, რომ პანდემიის დროს შეკვეთები მოიკლებდა, მაგრამ პირიქით მოხდა, რადგან შუახევში საცხოვრებლად ბევრი დაბრუნდა პანდემიისას.

„თქვენ არ იცით, რამდენი ღამე გამითევია, შეკვეთების კეთებაში“ – გვეუბნება მზია.

იგი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტი მიაწოდოს, ამიტომ ცდილობს, ყველაფერი, რასაც ტკბილეულის დასამზადებლად იყენებს, მაღალი ხარისხის იყოს. მისი შეფასებით, კონდიტრისთვის ყველაზე რთული მომხმარებლის გულის მოგებაა და ამაყობს, რომ ჯერ არ ჰყოლია უკმაყოფილო მომხმარებელი.

მზიას თქმით, ტორტის გამოცხობისა და გაფორმებისთვის საჭირო პროდუქტების შუახევში შეძენა ძვირი უჯდება, რადგან მაღაზიები მოგების ხარჯს ამატებენ, ამიტომ სამომავლოდ პროდუქტების შესანახად მაცივრის შეძენას გეგმავს და აქტიურად ეძებს ახალ საგრანტო კონკურსებს.

მზია დავითაძე საკონდიტროს გახსნის შემდეგ 3 ადამიანის დასაქმებას, მაღაზიებთან თანამშრომლობას და დამატებით – ფუნთუშების, თაფლაკვერების და სხვა ტკბილეულის ცხობის დაწყებას გეგმავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: