კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

„ბათომის“ მიმართვა პრემიერს: ქობულეთ-ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლი შეიძლება განადგურდეს 

22.06.2021 • 11810
„ბათომის“ მიმართვა პრემიერს: ქობულეთ-ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლი შეიძლება განადგურდეს 

საზოგადოება „ბათომი“ ქობულეთის ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლის შესაძლო განადგურებაზე მიმართავს ქვეყნის პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს. მიმართვის ადრესატები ასევე არიან კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი [მ.შ.] პაატა გაფრინდაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. ფიჭვნარში 10 ჰექტარ მიწას, რომელიც კერძო საკუთრებაა, ძეგლის სტატუსი მოუხსნეს. სწორედ ამ გარემოებას უწოდებს ძეგლისთვის საფრთხეს „ბათომი“, რომლის მიმართვის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

ჩვენი მომართვის მიზანია, თქვენი ყურადღება მივაპყროთ იმ საგანგაშო ვითარებას, რომელიც, სპეციალისტების აზრით, შეიქმნა შავიზღვისპირეთის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ძეგლთან, ქობულეთ-ფიჭვნართან დაკავშირებით. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  სფეროში წლების განმავლობაში დაგროვილი არასისტემური და ძეგლთა დაცვაზე არაორიენტირებული პოლიტიკის შედეგად, ეს უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლი შესაძლოა განადგურდეს.

ქობულეთ–ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფიჭვნარის სანაპირო ზოლსა და მდინარეების ჩოლოქის, ოჩხამურის ხერთვისსა და მიმდებარე არეალში. აქ აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდისა და ხასიათის უნიკალური არქეოლოგიური ძეგლები, მათ შორის ადრებრინჯაოს ხანის ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარი (ძვ.წ. III ათასწლეულის დასაწყისი); გვიანბრინჯაო–ადრერკინის ხანის უძველესი კოლხური მრავალფენიანი ნამოსახლარები (ძვ.წ. XII-VIII სს) და ანტიკური ნაქალაქარი (მდინარეების – ჩოლოქის, ოჩხამურის ხერთვისსა და მიმდებარე არეალში); ადრერკინის ხანის ე.წ. დიუნური ნამოსახლარები (ძვ.წ. VIII-VI სს) და „საკულტო ადგილები“ (IX-VII სს); ანტიკური (კლასიკური, ელინისტური და რომაული – ძვ.წ. V- ახ.წ. IV სს) პერიოდის ვრცელი სამაროვანი.

არქეოლოგიური გათხრებისა თუ შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად გამოვლენილი ათიათასობით არქეოლოგიური ნივთი (ოქროს სამკაულები, ვერცხლის, ბრინჯაოსა და მინის ჭურჭელი, კერამიკა, მათ შორის ბერძნული მხატვრული კერამიკის ნიმუშები, მონეტები და მრავალი სხვა) დაცულია ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმსა და ხარიტონ ახვლედიანის სახელმწიფო მუზეუმში. აღნიშნული ნივთების ნაწილი არაერთხელ იყო ექსპონირებული საერთაშორისო გამოფენებზე.

სხვადასხვა პერიოდის ძეგლების არსებობა (დაწყებული ადრებრინჯაოს ხანიდან დამთავრებული რომაული პერიოდით), მათი დაცულობის ხარისხი, ხანგრძლივი მეცნიერული კვლევის შედეგად მიღებული შედეგები განსაზღვრავს ამ ძეგლების ძალიან დიდ მეცნიერულ ღირებულებას არა მხოლოდ საქართველოს ისტორიის, არამედ ზოგადად, კავკასია–ანატოლიის უძველესი და შავიზღვისპირეთის ანტიკური ხანის ცივილიზაციების მეცნიერული პრობლემების შესასწავლად.

ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლების ტერიტორიაზე, რომელიც 100 ჰა–ს მოიცავს, უკვე 50 წელია ჯერ ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, შემდგომ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმისა  და ოქსფორდის უნივერსიტეტის აშმოლის მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციების (ხელმძღვანელები – პროფ. ა.კახიძე, მ.ვიკერსი, 1998–2010 წწ.) ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარეობს ინტენსიური არქეოლოგიური გათხრები. არქეოლოგიური კვლევის შედეგები შესულია საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოცემული ნაშრომების წყალობით (დღემდე გამოცემულია შვიდი მონოგრაფია). მიუხედავად მრავალწლიანი კვლევებისა, ტერიტორიის დიდი ნაწილი კვლავაც შესასწავლია.

1976 წელს ფიჭვნარის არქეოლოგიურ ძეგლს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუმცა 2007 წელს მიღებული კანონით კულტურული მემკვიდრეობის შესახებ იგი აღარ არის ძალაში.

2008 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ ჩატარებული აჭარის უძრავ ძეგლთა ინვენტარიზაციის შედეგად ქობულეთ–ფიჭვნარის არქეოლოგიურ ძეგლებზე მომზადდა სათანადო „სააღრიცხვო ბარათები“, რითაც შეიქმნა ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველი.

სტატუსის არქონის პირობებში, 2010 წელს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა და პარლამენტმა დაამტკიცა „ფიჭვნარის თავისუფალი ტურისტული ზონის“ პროექტი და გამოაცხადა ტენდერები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ზონაში მოექცა ძეგლის ტერიტორიის შეუსწავლელი ნაწილი (დიუნური ნამოსახლარები და ელინისტური ეპოქის სამაროვნის ტერიტორიის ნაწილი), რითაც შეიქმნა ამ უაღრესად მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მემკვიდრეობის განადგურების საშიშროება.

ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გაითვალისწინა სპეციალისტთა მოთხოვნა და იმავე წლის მიწურულს მოიძია თანხები მშენებლობისათვის განკუთვნილი ტერიტორიის წინასწარი შესწავლის მიზნით.[1] თუმცა დღესაც, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე „ფიჭვნარის თავისუფალი ტურისტული ზონა“ საპრივატიზაციო ტერიტორიების ნუსხაშია შეტანილი. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდია აღნიშნული ტერიტორიის შეუსწავლელი ნაწილის განადგურების საფრთხე.

2012 წლიდან იწყება ქობულეთის არქეოლოგიური არეალის აღიარების პროცესი. 2012 წელს აჭარის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული აჭარის არ სივრცითი მოწყობის სქემის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ქობულეთის სივრცითი მოწყობის გეგმის (2016 წელი)[2], ქ.ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ (03/10/2017)[3] და ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ (02/12/2019)[4] დადგენილებების მიხედვით განსაზღვრულია/აღიარებულია ქობულეთ–ფიჭვნარის არქეოლოგიური არეალის ტერიტორია.

თუმცა ეს დოკუმენტები არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვისთვის არასათანადო ძალის მქონე აღმოჩნდა. ფუნქციური ზონირების დადგენის შემდგომ არც ქობულეთის საკრებულოს და არც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გამოუჩენია ინიციატივა აღნიშნული არეალისთვის შესაბამის ორგანოებს მიენიჭებინა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით, ზუსტად ასეთი ობიექტების დაცვის მიზნით არსებული ინსტრუმენტი, არქეოლოგიური დაცვის ზონა. ყველაზე საგანგაშო კი ისაა, რომ საერთოდ არ ითვალისწინებენ არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ინტერესებს და იგი აბსტრაქტული ეკონომიკური განვითარების იდეასთან ხელოვნური დაპირისპირებით მთლიანად იგნორირებულია.

ამის დასტურია ის ფაქტი, რომ 2019 წლის მარტში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქობულეთში კერძო კომპანია „გრინ რიზორტს“ მიჰყიდა 180 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც ნაწილობრივ ფიჭვნარის ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიასაც მოიცავს. ამან პირდაპირი განადგურების საფრთხე შეუქმნა ძეგლს[5].

სპეციალისტების ძალისხმევით, 2020 წლის 4 მარტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სტატუსი მიანიჭა შპს „გრინ რიზორტის“ მფლობელობაში მოქცეულ ფიჭვნარის იმ არქეოლოგიურ ძეგლებს, რომლებიც მდებარეობს მდინარეების ოჩხამურის, ჩოლოქის ხერთვისის, და ასევე მიმდებარე არეალში, სადაც არქეოლოგიურად დადასტურებულია გვიანბრინჯაო–ადრერკინის ხანის სამოსახლო ბორცვები და ანტიკური ნაქალაქარის კულტურული ფენები. თუმცა, 2021 წლის 28 თებერვალს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქობულეთი–ფიჭვნარის ძეგლის საზღვრები შეცვალა და დაახლოებით 10 ჰა ტერიტორია აბსოლუტურად გაუმართლებლად, შესაბამისი ექსპერტული შესწავლისა და დასაბუთების გარეშე ამოიღო ძეგლის დაცვის ზონიდან. ძეგლის სტატუსის მინიჭება–მოხსნის პროცედურები კულტურული მემკვიდრეობის  კანონმდებლობის მთელი რიგი დარღვევით წარიმართა და   უპრეცედენტო ზეწოლასა და გარკვეულ მანიპულაციებზე მიუთითებს.[6]

ხაზგასასმელია, რომ მსგავსი თვითნებური და კულტურული მემკვიდრეობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის არამხოლოდ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონთან და მის პრინციპებთან, არამედ, არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპულ კონვენციასთან (განახლებული, ლა–ვალეტა, 16.01.1992), რომელსაც საქართველო 2014 წელს შეუერთდა და არქეოლოგიური ობიექტების დაცვის მიზნით იკისრა მთელი რიგი ვალდებულებები.[7]

აღსანიშნავია, რომ „გრინ რიზორტს“ სამხრეთით ესაზღვრება მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაში წარდგენილი ისპანის ტერიტორია. მისთვის მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილება ცნობილი გახდება 2021 წლის ივლისის მეორე ნახევარში. ამ სტატუსის მინიჭების შემდეგ დაიწყება კოლხეთის კულტურული/არქეოლოგიური მემკვიდრეობის (რომელშიც მოიაზრება ისპანის, ჩოლოქ–ოჩხამურის ნამოსახლარები და ფიჭვნარის ანტიკური ხანის ძეგლები) შესახებ სამეცნიერო დოსიეს მომზადება: კოლხეთი უნდა გახდეს UNESCO-ს ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობის უბანი, რომლის მსგავსი მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია. თუმცა ნომინაციის მკაცრი მოთხოვნაა ძეგლების სათანადო დაცვისა და მართვის სისტემის წარდგენა, რაც, სამწუხაროდ, დღესდღეობით არ გაგვაჩნია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შავიზღვისპირეთის ერთერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლის გადარჩენისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონსტიტუციური ვალდებულების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოგმართავთ თხოვნით:

  1. გაატაროთ ფიჭვნარის არქეოლოგიური მემკვიდრეობის გადასარჩენად გადაუდებელი და აუცილებელი ღონისძიება – „გრინ რიზორტის“ მფლობელობაში არსებული ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღადგინეთ 2020 წელს მინიჭებული ძეგლის საზღვრები და შეინარჩუნეთ ერთგვარ „არქეოლოგიურ კუნძულად“ მომავალი კვლევებისთვის. ასევე, ბუფერულ ზონაში, მშენებლობა დაუშვით მხოლოდ არქეოლოგების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ.
  2. საკითხი განიხილეთ სასწრაფოდ – კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლების გავრცელების ტერიტორიას მიენიჭოს „არქეოლოგიური დაცვის ზონის“ (ზოგადი დამცავი ზონა) სტატუსი.[8] ვფიქრობთ, ამ საკითხის გადაწყვეტა თავიდან აგვარიდებს არქეოლოგიური მემკვიდრების დაცვის ინტერესებისა და ეკონომიკური განვითარების პროექტებს შორის დაპირისპირებას.
  3. უზრუნველყავით საერთაშორისო კონვენციებით (იუნესკოს კონვენცია მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენცია) ნაკისრი ვალდებულებების აღსრულება, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონთან კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

საზოგადოება „ბათომი“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: