მთავარი,სიახლეები

ბათუმში პუტინისა და ღარიბაშვილის გინებისთვის დაკავებულებს არ ათავისუფლებენ

02.03.2022 • 1769
ბათუმში პუტინისა და ღარიბაშვილის გინებისთვის დაკავებულებს არ ათავისუფლებენ

„ეს დაკავება იყო უკანონო, ახლაც არ არსებობს საფუძველი, რომ ისევ იზოლატორში იყვნენ, ეს პოლიციური სახელმწიფოს ნიშნებია,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბათუმში საპროტესტო აქციის 8 მონაწილის დაკავებაზე. საქმის სასამართლო განხილვა ჯერ არ ჩანიშნულა.

გუშინ, პირველ მარტს, უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, პოლიციამ აქციის მონაწილეები პუტინისა და ღარიბაშვილის გინების შემდეგ, ადმინისტრაციული წესით დააკავა. პოლიციას არ განუმარტავს, რის გამო დააკავეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რომლებიც საია-ს შეფასებით, კანონს და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს არ არღვევდნენ.

უცნობია, რა ჩაწერეს პოლიციელებმა სამართალდარღვევის ოქმებში – ოქმები დაკავებულებმა პროტესტის ნიშნად არ ჩაიბარეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა რას იტყვის მოსამართლე, რადგან ეს იყო პოლიციელების მხრიდან პირდაპირ, უკანონო ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე.

გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკას თუ გადავხედავთ, დაკავებულები გამართლებას ნაკლებად უნდა ელოდნენ – მაგალითად, „ალტერნატივას“ აქტივისტი ხათუნა ბერიძე შეძახილისთვის – „მონებო“ 2020 წელს მოსამართლე როინ კახიძემ სამართალდამრღვევად მიიჩნია და 500 ლარით დააჯარიმა.

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემაც სამართალდამრღვევად მიიჩნია თემურ გორგაძე, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი. ის სუს-ის ბათუმის ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა კი, თემურ გორგაძე გაამართლა იმ არგუმენტით, რომ ეს იყო ხელშეშლა გამოხატვის თავისუფლებაში.

ადმინისტრაციული დაკავების მაქსიმალური ვადა 48 საათია. მას შემდეგ, რაც დაკავების 12-საათიანი ვადა 48 საათამდე გაიზარდა, პოლიცია ხშირად იყენებს აქციაზე დაკავებულების შემთხვევაში ამ პრაქტიკას – დაკავებულს მაქსიმალური დროით აჩერებენ იზოლატორში.

როგორც წინა აქციებზე, ამჯერადაც რამდენიმე დაკავებული სხვა ქალაქში გადაიყვანეს. საია-ს იურისტი ადასტურებს, რომ ესეც დამატებით ფაქტორია „დასჯის“.

ამ შემთხვევაში ქობულეთის იზოლატორში რჩებიან მამუკა შამილიშვილი და ირაკლი კუპრაძე. ეს უკანასკნელი ბათუმის საკრებულოს წევრია და საია-ს იურისტის თქმით, მან დაკავების დროს დაზიანებებიც მიიღო.

პაატა დიასამიძე არ გამორიცხავს, მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს პოლიციელების წინააღმდეგ, თუ ფიზიკური ძალადობა დადასტურდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ვალდებული იქნება, პოლიციელების ქმედებაზე რეაგირება მოახდინოს, თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაკავება გუშინდელ აქციაზე მართლაც უკანონო იყო.

„დაკავებას იყენებენ სადამსჯელოდ,“ – მიიჩნევს პაატა დიასამიძე და ყურადღებას ამახვილებს კანონის ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც „მტკიცებულებების მოგროვების მიზნით“ შესაძლებელია 48 საათით იზოლატორში ჩაგსვან.

„მაგრამ აქ რა უნდა იყოს მტკიცებულება შესაგროვებელი, რა შეიძლება გაანადგუროს დაკავებულმა? აქციაზე იყვნენ ჟურნალისტები და არსებობს ვიდეოჩანაწერები, ამ ჩანაწერებს ხომ ვერ გაანადგურებენ? მოწმეებად პოლიციელები ეყოლებათ, ამათზე მოახდენენ დაკავებულები გავლენას?

სამწუხაროდ, სასამართლო შინაარსში არ შედის და მხოლოდ ზედაპირულად განიხილავს დაკავების კანონიერ საფუძვლებს. მაგალითად, თემურ გორგაძის შემთხვევაში, შსს-მ პირდაპირ დაადასტურა სხდომაზე, იმიტომ გავაგრძელე დაკავების ვადა, რომ ინფორმაცია გამოვითხოვე ნასამართლობის შესახებ მომსახურების სააგენტოდანო. ეგ ხომ სასაცილოა, ამ მტკიცებულების მოპოვების გამო როგორ შეიძლება იყოს კანონიერი ადამიანი ისევ დაკავებული გყავდეს?“ – კითხულობს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: