მთავარი,სიახლეები

რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება 1 მილიონით გაიზარდა – მთავრობა

08.04.2022 • 1418
რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება 1 მილიონით გაიზარდა – მთავრობა

მთავრობამ რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება 1 მილიონი ლარით გაუზარდა.

მთავრობის ინფორმაციით, რელიგიური გაერთიანებების საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებას საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მოტივით იღებენ. აქამდე ეს თანხა 4,5 მლნ ლარს შეადგენდა, 2022 წლისთვის კი საკომპენსაციო თანხა 1 მილიონი ლარით გაიზარდა. აღნიშნული თანხა გამოყოფილია რელიგიური უმცირესობებისთვის. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი ბიუჯეტიდან ცალკე იღებს დაფინანსებას 25 მილიონი ლარის ოდენობით.

მთავრობის ინფორმაციით, ინიციატივა ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.

„საქართველოს მთავრობამ რელიგიური ორგანიზაციებისთვის დაფინანსების გაზრდისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხით იხელმძღვანელა, მათ შორის რელიგიური ორგანიზაციების მრევლის, სასულიერო პირებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობით და გადაწყვეტილება რელიგიის სააგენტოსა და რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციების შედეგად მიიღო.

1 მილიონი ლარი, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა და მას რელიგიურ ორგანიზაციებს შორის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გაანაწილებს“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალის კომპენსაციას საქართველოში რელიგიური უმცირესობებიდან მხოლოდ 4 რელიგიური ორგანიზაცია იღებს. ესენია, საქართველოს კათოლიკური ეკლესია, მუსლიმი თემი, იუდეური და სომხური ეკლესია.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა რეჟიმის დროს ზიანი მიადგა სხვა რელიგიურ ორგანიზაციებსაც, მაგალითად ევანგელურ ეკლესიებს, სახელმწიფო მათ კომპენსაციას არ უხდის.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების არსებული პრაქტიკა სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ორგანიზაციების კონტროლს და მათი ლოიალობის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: