სიახლეები

„გრინ რეზორტს“ დაავალეს ფიჭვნარში გზშ-ის მომზადებისას არქეოლოგები ჩართოს

26.03.2020 • 2079
„გრინ რეზორტს“ დაავალეს ფიჭვნარში გზშ-ის მომზადებისას არქეოლოგები ჩართოს

„აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია გზშ-ის ანგარიშის მომზადების პროცესში ჩართული იყოს შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტები (ისტორიკოსი/არქეოლოგი), რომლებიც ახორციელებენ ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ-საკვლევაძიებო სამუშაოებს, რათა გამოირიცხოს შესაძლო არქეოლოგიური ობიექტების დაზიანების რისკები“, – აცხადებს სამინისტრო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანია „გრინ რეზორტს“, ქობულეთში დაგეგმილი პროექტის განსახორციელებლად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის მომზადება დაავალა.

შპს „გრინ რეზორტი“ მრავალფუნქციური სასტუმრო, საკურორტო-გამაჯანსაღებელი და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიის და აჭარის მთავრობის განცხადებით, პროექტი ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს. ხელშეკრულებით კი „გრინ რეზორტს“ მისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე არანაკლებ 250 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აქვს.

სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი პროცედურების შედეგად განსაზღვრული და დადგენილია გზშ-ის ანგარიშის მომზადებისათვის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი.

სამინისტროს მიერ დამტკიცებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომპლექსის მშენებლობისთვის შერჩეულ ტერიტორიაზე მდებარეობს ე.წ. „ფიჭვნარის“ ანტიკური ხანის ნაქალაქარი, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან საკონსერავაციო ზონას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნაქალაქარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უბანი „ფიჭვნარი I“ (ე.წ. „ნამჭედური”, ძვ.წ. XIV-II ს.ს.), რომელიც მთლიანად მოქცეულია საპროექტო ტერიტორიაზე.

კომპანიის მიერ სამინისტროში წარდგენილი სკოპინგის ანგარიშის თანახმად, დაგეგმილია „ფიჭვნარის“  ტერიტორიის დაცვა-კეთილმოწყობა და სამუზეუმო სივრცის შექმნა.

„თუმცა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 ნოემბრის N186 განკარგულებით დამტკიცებული შპს „გრინ რეზორტის“ განაშენიანების რეგულირების გეგმის თანახმად, ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე მუზეუმის ნაცვლად, დაგეგმილია საცხოვრებელი სახლების (აგარაკების) მშენებლობა, რაც საჭიროებს დაზუსტებას/კორექტირებას“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში.

პროექტით დაგეგმილი საქმიანობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და კულტურულ ფასეულობებზე პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების გამოვლენა, აღწერა და შედეგების შესწავლა უნდა განხორციელდეს გზშ-ის ანგარიშში.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია გზშ-ის ანგარიშის მომზადების პროცესში ჩართული იყოს შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტები (ისტორიკოსი/არქეოლოგი), რომლებიც ახორციელებენ ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ-საკვლევაძიებო სამუშაოებს, რათა გამოირიცხოს შესაძლო არქეოლოგიური ობიექტების დაზიანების რისკები“, – აცხადებს სამინისტრო.

ამასთან, ქობულეთში, ფიჭვნარის ნაქალაქარის ნამოსახლარს [ფიჭვნარი I, II, VII], რამდენიმე დღის წინ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ძეგლი დაახლოებით 20 ჰექტარამდე ფართობს მოიცავს საიდანაც, დაახლოებით 140 000 კვ/მ „გრინ რეზორტის“ საკუთრებაშია.

ამ თემაზე:

ქობულეთში ფიჭვნარის ნაქალაქარს, მათ შორის „გრინ რეზორტის“ ნაკვეთს, ძეგლის სტატუსი მიენიჭა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: