მთავარი,სიახლეები

ჟურნალისტი ოლექსანდრ გუნკო სამდღიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს

08.04.2022 • 1763
ჟურნალისტი ოლექსანდრ გუნკო სამდღიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს

უკრაინელი ჟურნალისტი ოლექსანდრ გუნკო, რომელიც რუს სამხედროებს 3 აპრილის შემდეგ დაკავებული ჰყავდათ, გამოუშვეს. ინფორმაციას, ჟურნალისტის ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე დაყრდნობით, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) ავრცელებს.

ოლექსანდრ გუნკო, რომელიც გამოცემა Novakahovka.City-ს მთავარი რედაქტორია, რუსმა ჯარისკაცებმა საკუთარი სახლიდან წაიყვანეს. მაშინ მათ, ქალაქ ნოვა კახოვკაში, გუნკოს სახლიც გაჩხრიკეს და მისი ტელეფონი და ელექტრონული მოწყობილობები წაიღებს. გუნკო დაკავებიდან სამი დღის შემდეგ, 6 აპრილს გაათავისუფლეს.

როგორც ოლექსანდრ გუნკოს მეგობარმა, ლერა ლაუდამ CPJ-ს უთხრა, ის სამხედროებს, ხერსონში, პოლიციის განყოფილების წინასწარი დაკავების საკანში ჰყავდათ. ლერა ლაუდას თქმით, გათავისუფლებული ჟურნალისტი თავს ნორმალურად გრძნობს, თუმცა სამხედროებმა მისი ტელეფონი და მოწყობილობები დაიტოვეს – „უთხრეს, რომ ყველაფერს პარასკევისთვის დაუბრუნებენ, თუმცა ვეჭვობთ, რომ მათში რამე სათვალთვალო პროგრამა იქნება ჩამონტაჟებული“.

„ოლექსანდრ გუნკო გამოუშვეს. მან სამი დღე გაატარა რაშისტების პოლიციის განყოფილებაში, რომელიც აქტივისტებისა და ჟურნალისტების გულაგად იქცა“, – დაწერა გუნკოს კიდევ ერთმა მეგობარმა მაქსიმ ბიროვაჩმა ფეისბუკში.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ჟურნალისტის გატაცების შესახებ, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა მისი გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი მიმართვა გაავრცელა.

„გუნკო სულ მცირე მეხუთე ჟურნალისტია, რომელიც რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს. უნდა დასრულდეს ეს პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ჟურნალისტების დაშინებას და იძულებას, არ გააშუქონ ომი. რუსეთის ხელისუფლებამ ასევე დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ჟურნალისტები – ირინა დუბჩენკო და დმიტრო ხილიუკი, რომლებიც კვლავ ტყვეობაში რჩებიან“, – წერს კომიტეტი.

ირინა დუბჩენკო, რომელიც სხვადასხვა უკრაინული მედიაგამოცემისთვის მუშაობდა, რუსმა სამხედროებმა 26 მარტს, როზივკაში დააკავეს, მანამდე კი მისი სახლი გაჩხრიკეს. ჟურნალისტს დაჭრილი უკრაინელი სამხედროების შეფარება „წაუყენეს ბრალად“ და „საგამოძიებო მოქმედებებისთვის“ დონეცკში გადაიყვანეს.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს ჟურნალისტი დმიტრო ხილიუკიც. ის რუსმა სამხედროებმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთი სოფლიდან წაიყვანეს. დმიტრო ხილიუკი დამოუკიდებელი გამოცემა Unian-ის ჟურნალისტია.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა, მანამდე, რამდენიმედღიანი ტყვეობის შემდეგ, გაათავისუფლეს ორი ჟურნალისტი – ვიქტორია როსჩინა და ოლეგ ბატურინი.

___

მთავარი ფოტო: ოლექსანდრ გუნკო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: