მთავარი,სიახლეები

რუსეთი უკმაყოფილოა, რომ თურქეთმა უკრაინას „ბაირაქტარები“ მიჰყიდა

08.04.2022
რუსეთი უკმაყოფილოა, რომ თურქეთმა უკრაინას „ბაირაქტარები“ მიჰყიდა

რუსეთი უკმაყოფილებას გამოთქვამს თურქეთის მიმართ უკრაინისთვის „ბაირაქტარ TB 2“ დრონების მიყიდვის გამო – ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters ავრცელებს.

„რუსები გაღიზიანებულები არიან და მუდმივად წუწუნებენ დრონებზე. ისინი ადრეც გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას და ახლაც“, – უთხრა სახელმწიფო მოხელემ უცხოურ მედიას. – „თუმცა ჩვენ მათ პასუხი უკვე გავეცით… რომ ეს იყო კერძო კომპანიების გადაწყვეტილება, არა ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმება და ისინი ომის დაწყებამდეც ყიდდნენ დრონებს.“

თურქეთს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან ენერგიის, თავდაცვისა და ვაჭრობის სფეროში და დიდადაა დამოკიდებული რუსეთიდან ჩასულ ტურისტებზე. ამის მიუხედავად, თურქულმა კომპანია „ბაიკარმა“ კიევს მაინც მიჰყიდა დრონები და ხელიც მოაწერა შეთანხმებას, რომ კიდევ მეტი უპილოტო თვითმფრინავი გამოეშვა, რამაც მოსკოვი ძალიან გააბრაზა.

NATO-ს წევრი სახელმწიფომ, რომელსაც უკრაინასთან და რუსეთთანაც საზღვაო საზღვარი და მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს, რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, მედიატორის როლი იკისრა. თურქეთმა უკვე უმასპინძლა სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ახლა ცდილობს, ორგანიზება გაუწიოს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას.

თურქეთმა ღიად დაუჭირა მხარი უკრაინას და რუსეთის სამხედრო აგრესია გააკრიტიკა, თუმცა, ამავე დროს, უარი თქვა შეერთებოდა მოსკოვის მიმართ დაწესებულ დასავლურ სანქციებს იმ არგუმენტით, რომ „საკომუნიკაციო არხები ღია უნდა დარჩეს“.

ანკარამ, მანამდე, გააკრიტიკა რუსეთის პოლიტიკა სირიასა და ლიბიაში, ისევე, როგორც ყირიმის ანექსია 2014 წელს.

გასულ კვირას, სტამბოლში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინამ, რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის თურქეთი და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები, კიევის უსაფრთხოების გარანტორთა სიაში შეიყვანა.

თურქეთმა უკვე გამოთქვა პრინციპული თანხმობა, რომ იყოს უკრაინის გარანტი, თუმცა აღნიშნა, რომ ფორმატსა და დეტალებზე სამუშაოა.  

__

ფოტო: deilysabah

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: