მთავარი,სიახლეები

„იღბლიანი ვყოფილვარ“ – უკრაინაში სიკვდილს გადარჩენილი Fox News-ის ჟურნალისტი

08.04.2022
„იღბლიანი ვყოფილვარ“ – უკრაინაში სიკვდილს გადარჩენილი Fox News-ის ჟურნალისტი

Fox news-ის ჟურნალისტი ბენჯამინ ჰოლ, რომელიც სამი კვირის წინ უკრაინაში დაიჭრა, დღეს პირველად გამოჩნდა საჯაროდ. მან ტვიტერზე საავადმყოფოში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაწერა.

ბენჯამინ ჰოლი 14 მარტს, კიევთან ახლოს, მაშინ დაიჭრა, როდესაც რუსმა სამხედროებმა ჟურნალისტების მანქანას საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმისას დაიღუპნენ არხის უკრაინელი კონსულტანტი ოლექსანდრა (საშა) კუვშინოვა და ოპერატორი პიერ ზაკრზევსკი.

„სამი კვირა გავიდა უკრაინაში მომხდარი თავდასხმიდან და დავიწყებ უკვე ამ ამბების გაზიარებას, მაგრამ უპირველესად, მინდა, გავიხსენო ჩემი კოლეგები, პიერი და საშა, ვინც ვერ გადარჩა იმ დღეს. მე და პიერმა მთელი მსოფლიო ერთად მოვიარეთ. ეს საქმე მას ბედნიერებას ანიჭებდა და მისი განწყობა გადამდები იყო“, – ამბობს ბენჯამინ ჰოლი.

თავდასხმის შედეგად მძიმედ დაჭრილი ბენჯამინ ჰოლი თავიდან ჯერ კიევის კლინიკაში მოათავსეს. შემდეგ გერმანიაში, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში, ტეხასის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

„რომ შევაჯამო, დავკარგე ერთი ფეხის ნახევარი და მეორე ფეხის ტერფი. ერთ ხელს ახლაც აწყობენ, ცალი თვალიდან ვეღარ ვხედავ და სმენაც დამიზიანდა. და მაინც, ძალიან იღბლიანი ვყოფილვარ“, – დაწერა ჟურნალისტმა.

ამერიკული ტელეარხის, Fox New-ის გუნდზე თავდასხმამდე ერთი დღით ადრე, 13 მარტს, უკრაინაში მოკლეს ამერიკელი ჟურნალისტი ბრენტ რენო. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტისა და ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მონაცემებით, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დღემდე, მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა 7 და დაიჭრა 11 ჟურნალისტი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: