მთავარი,სიახლეები

როცა პანდემიის მიზეზით შეღავათებს ითხოვ და პარალელურად ბიზნესს ზრდი

23.11.2020 • 1485
როცა პანდემიის მიზეზით შეღავათებს ითხოვ და პარალელურად ბიზნესს ზრდი

კომპანიები, რომლებმაც აჭარის მთავრობასთან დადებული ხელშეკრულებების თანახმად მილიონობით ლარის ინვესტიციის ვალდებულება აიღეს, პანდემიის მიზეზით შეღავათებს და ნაკისრი ვალდებულებების გადავადებას ითხოვენ. ეს, თავისთავად, დანაკლისის სახით აისახება ბიუჯეტის შემოსულობებში. ამავდროულად ეს კომპანიები პანდემიის  მიზეზით უარს არ ამბობენ გაფართოებასა და მშენებლობების მასშტაბების გაზრდაზე. მთავრობა კი პირველ მოთხოვნასაც თანხმდება და მეორესაც.

ერთ-ერთი ასეთი მსხვილი ინვესტორი, რომელსაც მთავრობამ პანდემიის მიზეზით ნაკისრი ვალდებულებები გადაუვადა, შპს „გრინ რიზორტია“ – უწყებამ 20 ნოემბერს გამოაქვეყნა, რომ ახალი საქმის წამოსაწყებად კომპანიამ 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მოითხოვა ქობულეთის ზღვის სანაპიროზე.

აჭარის მთავრობასთან 2019 წელს დადებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანია „გრინ რიზორტი“ ქობულეთში ე.წ. მწვანე ქალაქში 180 ჰექტარზე აშენებს მწვანე ქალაქს, რომელზეც საფეხბურთო სტადიონები, საჩოგბურთო კორტები და გოლფის მოედნები იქნება განთავსებული. ჯამში პროექტის განხორციელება ნახევარი მილიარდი ლარი დაჯდება.

დამატებით 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ზღვასთან ახლოს კომპანია პირდაპირი განკარგვის წესით, არაკონკურენტული გარემოს პირობებში ითხოვს. ქობულეთის მერიამ ამ მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს გადაუგზავნა განსახილველად.

რა ვადით ითხოვს კომპანია ნაკვეთს და რა მიზნით, ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა საკრებულო საკითხს განიხილავს.

კომპანია ოთხ მესაკუთრეზეა დარეგისტრირებული, აქედან სამი ჩეხეთის მოქალაქეა, ისინი 25-25-პროცენტიან წილებს ინაწილებენ, 25 პროცენტს ფლობს ასევე კომპანიის დირექტორი, სლოვაკეთის მოქალაქე ლევან შერაზადიშვილი.
____

გადაბეჭდვის წესი