მთავარი,სიახლეები

ჰააგაში რუსეთის ხელმძღვანელობა შესაძლოა თავისი ჟურნალისტებით გასამართლდეს – ინტერვიუ

08.04.2022 • 31118
ჰააგაში რუსეთის ხელმძღვანელობა შესაძლოა თავისი ჟურნალისტებით გასამართლდეს – ინტერვიუ

შესაძლოა რუსეთის ხელმძღვანელობა გასამართლდეს თავისი ჟურნალისტებით – ინტერვიუ ევროსასამართლოს ექს-მოსამართლესთან

„წარმოიდგინეთ, რუსეთის მთელი ხელმძღვანელობა თავისი ჟურნალისტებით, რომლებიც ომის აგრესიას პროპაგანდით უჭერენ მხარს, ისინიც შესაძლოა გასამართლდნენ…“ – ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია არ გამორიცხავს, რომ ჰააგის ტრიბუნალზე პუტინთან და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ჟურნალისტებიც გაასამართლონ, რომლებიც ომის პროპაგანდას ქმნიან.

რუსეთი არ აღიარებს და, შესაბამისად, კრემლი არც ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილების შესრულებას აპირებს, თუმცა ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე შენიშნავს, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის გარდა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, თუკი პუტინი რომელიმე სხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მოინდომებს სტუმრობას, რომელიც ჰააგის ტრიბუნალის ხელმომწერია, მასპინძელი ვალდებული იქნება პუტინი დააკავოს და ჰააგის ტრიბუნალს, ანუ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს – ICC გადასცეს.

როდის დაიწყებს ჰააგის ტრიბუნალი პუტინის და რუსეთ-უკრაინის ომის განხილვას და რა დრო დასჭირდება ამას? – „ბათუმელებმა“ ნონა წოწორიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო ნონა, რამდენად შესაძლებელია პუტინი, ასევე სხვა რუსი სამოქალაქო და სამხედრო ლიდერები წარდგნენ ჰააგის ტრიბუნალის წინაშე? ცნობილია, რომ ICC-ის პროკურორმა, კარიმ ხანმა უკრაინაში მტკიცებულებების შეგროვება უკვე დაიწყო.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის ერთადერთი საერთაშორისო სასამართლო, რომელსაც შეუძლია ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაკისრება.

ამ ეტაპზე ICC-ის პროკურორი გამოძიებას აწარმოებს გენოციდის, ომის დანაშაულის და ჰუმანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. აღსანიშნავია, რომ ეს გამოძიება არ არის ფოკუსირებული მხოლოდ ომის დღევანდელ ფაზაზე, ეს იწყება 2014 წლიდან და მთელ აგრესიას მოიცავს, რაც უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში რუსეთმა განახორციელა უკრაინის მიმართ.

მტკიცებულებების შეგროვება რთული და  ინტენსიური პროცესია. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიების პროცესში ბევრი ადამიანი და ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას. შედეგი, ბუნებრივია, დამოკიდებულია მტკიცებულებების ხარისხზე. მტკიცებულებებზე იქნება დამოკიდებული, საბოლოო ჯამში, რა კვალიფიკაცია დარჩება. ერთია, ჩვენ ემოციურად როგორ ვაფასებთ მოვლენებს და მეც ვფიქრობ, რომ ნამდვილად ეს არა მხოლოდ ომის დანაშაული, არამედ გენოციდია, მაგრამ ამას სჭირდება დამტკიცება. ყველა დანაშაულს აქვს თავისი ელემენტები, გენოციდის განზრახვის მტკიცებასაც თავისი სტანდარტი აქვს.

  • რამდენად შესაძლებელი იქნება მტკიცებულებების მოპოვება? მაგალითად, დღეს, როცა რკინიგზის სადგურზე მიიტანა რუსეთმა სარაკეტო იერიში, ერთ-ერთ რაკეტას რუსულად ეწერა „ბავშვების გამო“, თითქოს რაკეტა თავად უკრაინამ ჩამოაგდო. რუსეთი აცხადებს, რომ იგივე ბუჩაში გვამები ქუჩაში რეალური არ იყო. 

ეს რთული პროცესია, მაგრამ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია. შესაძლოა, იყოს სირთულე მტკიცებულებების დროულად შეგროვების და დამაგრების კუთხით, რომ შემდეგ გამოდგეს ბრალდებისთვის. არსებობს ასევე სატელიტური სურათები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, როგორც პროკურორს, ისე უკრაინის მთავრობას, რომ დაამტკიცონ სიმართლე.

უკრაინა იღებს დახმარებას იმ კუთხითაც, რომ მან დაამტკიცოს რუსეთის მიერ ომის დანაშაულების ჩადენა.

  • როგორ იქნება შესაძლებელი ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილების აღსრულება? 2016 წლიდან, ანუ მას შემდეგ, როცა ჰააგის სასამართლომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია ოკუპაციად შეაფასა, რუსეთი აღარ არის ICC-ის ხელმომწერი და არ შეასრულებენ ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებას. 

სულ მცირე, ქვეყნიდან ვერ გამოვა ვერცერთი თანამდებობის პირი, ვის მიმართაც იქნება ბრალი წარდგენილი და დიდი ალბათობით გაიცემა დაკავების ორდერები. ასევე ვფიქრობ, რომ იმუშავებს ემოციური ფაქტორი: არაა ადვილად სატარებელი ეს ტვირთი, რომ შენ ჩაიდინე დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, გენოციდი, ისეთი ადამიანისთვისაც კი, როგორიც პუტინია.

საბჭოთა კავშირმა მოახერხა ის, რომ მეორე მსოფლიო ომი ისე დასრულდა, რომ არ გასამართლებულა. წარმატებით შეიძლებოდა საბჭოთა კავშირის გასამართლება იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩაიდინა მეორე მსოფლიო ომის დროს… რეალურად, ომში გამარჯვებული გაუძვრა მართლმსაჯულებას. თუ გადახედავთ, 1939-დან 1941 წლამდე ჰიტლერთან თანამშრომლობდა საბჭოთა კავშირი. მანვე დახვრიტა 22 000 პოლონელი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე (მათ შორის, იყვნენ ქართველებიც) კატინში 1940 წელს. მეორე მსოფლიო ომის დასრულების დროისთვის რუსმა სამხედროებმა ორი მილიონი გერმანელი ქალი გააუპატიურეს, რაც დასტურდება წყაროებით, მაგრამ ეს ინფორმაცია იყო დამალული. გაუპატიურება, როგორც ომის დანაშაული, ასე აღიარებული არ იყო და მთლიანად ნიურნბერგის პროცესის მიღმა დარჩა. შემდეგ განვითარდა ამ მიმართულებით სასამართლოს პრაქტიკა.

ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ერთიანად მოეთხოვოს პასუხი საბჭოთა კავშირს ყველაფრისთვის, ახლა უკვე მისი სამართალმემკვიდრე რუსეთს.

  • რა შემთხვევაში იქნება პუტინისთვის ანგარიშგასაწევი ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილება? 

არ ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც ასეთ გეგმებს ადგენენ, როგორც პუტინს აქვს, ფიქრობენ საბოლოო განაჩენზე. რასაკვირველია, ის არ წამოიწყებდა ამხელა ავანტიურას, რომ არ ყოფილიყო დარწმუნებული გამარჯვებაში. სლობოდან მილოშევიჩის ბრალი რომ წაიკითხოთ [სერბეთის და იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი. ავტ.], ისიც აბსოლუტურად იმავეს აკეთებდა, რასაც დღეს პუტინი აკეთებს: მკვლელობა, გადასახლება, დიდი სერბეთის შექმნის კონცეფცია, რაც ახლა პუტინს აქვს, ისიც ავითარებდა ამ იდეებს წლების განმავლობაში.

მილოშევიჩი ახალმა მთავრობამ დააპატიმრა და გადასცა სასამართლოს. ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მათ შორის, ისეთი რამ, რაც ახლა წარმოუდგენლად გვეჩვენება.

ამჯერად ინტენსიურად განიხილება უკრაინისთვის ცალკე ტრიბუნალის შექმნის საკითხი, რადგან აგრესიის დანაშაულს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვერ იხილავს იმის გამო, რომ რუსეთი მისი წევრი არ არის. არ უნდა დარჩეს არცერთი ხვრელი, სამართლებრივი თემა, რომელსაც უკრაინის ომთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოება პასუხს არ გასცემს.

ახლა, ვიდრე ოდესმე, საერთაშორისო საზოგადოება არის მზად, რომ რუსეთს პასუხი აგებინოს.

  • აღნიშნეთ, რომ მოსკოვს ვერ დატოვებენ პირები, თუკი მათი დაკავების ორდერს გასცემს ICC. სხვა ქვეყნებს შეეძლებათ თუ არა, მაგალითად, პუტინის დაკავება, თუკი ის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეა, რომელიც ICC-ის ხელმომწერია? 

კი, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არის ICC – ის წევრი, ვალდებულია დააკავოს და გადასცეს საერთაშორისო სასამართლოს ეს პირი. საქართველოც არის ICC – ის წევრი.

ამ ეტაპზე 41 წევრი ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე ტარდება გამოძიება, რომელსაც აწარმოებს პროკურორი. გამოძიების შემდეგ წინასასამართლო შემადგენლობა გამოსცემს დაკავების ორდერს. ცხადია, ბრალის გამოკვეთის შემთხვევაში. „აგვისტოს ომის საქმეშიც“ საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო შემადგენლობას  მოსთხოვა პროკურორმა იმ სამი პირის დაკავების ორდერის გაცემა, რის შესახებაც უკვე ვიცით.

საქართველოს შემთხვევაში დახურული არ არის გამოძიება და პოტენციურად შესაძლებელია ის გაგრძელდეს. მოთხოვნაც გააგზავნეს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომ გამოძიება გაგრძელდეს ჰუმანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. სამი პირის ბრალდება ეხება მხოლოდ ომის დანაშაულს.

  • ყველა ეს ქმედება არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ“ – ასე შეაფასა ჰააგის ტრიბუნალის მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება დავიდ სანაკოევმა, რომლის დაკავების ორდერიც უკვე გამოცემული აქვს ICC-სს „აგვისტოს ომის საქმეზე“ გენერალ მინძაევთან და ჰამლეტ გუჩმაზოვთან ერთად. საინტერესოა პოლიტიკური განზომილებაც და ის, თუ რა არის ჰააგის ტრიბუნალის დამოუკიდებლობის გარანტი? 

ეს განცხადებები, რომ ანგაჟირებულია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, რუსული პროპაგანდის ნაწილია. რუსეთი თავიდანვე არ თანამშრომლობდა სასამართლოსთან. გარანტია არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. მაშინაც კი, როცა დარწმუნებული ვართ, რომ არის გენოციდი, ეს უნდა დამტკიცდეს მტკიცებულებებით. თუ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებს, მაშინ ბრალს მოუხსნიან პუტინსაც.

როცა ვსაუბრობთ მართლმსაჯულების განხორციელებაზე, ეს გულისხმობს მის სამართლიან განხორციელებას ყველასთვის. მათ შორის, ისეთი ადამიანისთვის, როგორიც არის პუტინი. ცივილიზაციის საზომი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჰიტლერის და პუტინის მსგავს ადამიანებსაც კი, უნდა ჰქონდეთ სამართლიანი სასამართლოს უფლება.

  • მტკიცებულებების არარსებობის გამო ვერ დასაჯეს პუტინი აგვისტოს ომის შემთხვევაში? 

2008 წლის ომი მძიმე ფურცელია ჩვენს ისტორიაში, მაგრამ მასშტაბი განუზომლად დიდია უკრაინის შემთხვევაში. ვფიქრობ, არარეალისტური იქნებოდა მოლოდინი, რომ პუტინი გასამართლდებოდა, მაგრამ იმედი მაქვს, უკრაინის შემთხვევაში ეს ნამდვილად მოხდება.

საინტერესოა, რომ თავად პროკურორი პარალელს ავლებს უკრაინის საქმეზე საქართველოს საქმესთან და აღნიშნავს, რომ ის ტენდენციები, რაც შეიმჩნეოდა საქართველოში, მეორდება უკრაინაში გაზრდილი მასშტაბით.

იმედი მაქვს, რომ როდესაც შედგება ტრიბუნალი, რუსეთის აგრესია უკრაინაში იქნება განხილული არა, როგორც იზოლირებული ომი, არამედ წლობით განგრძობადი აგრესიის მორიგი ეტაპი. ნუ დაგვავიწყდება, რომ 1993 წელს გამოვიარეთ აფხაზეთის ომი, რომელიც ასევე რუსეთის მონაწილეობით იყო.

ვფიქრობ, დღეს სხვა სამყაროში ვართ და მეტი მზაობაა, რომ ეს დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება პრობლემის კონსერვაცია და მსოფლიო ისევ დადგება ანალოგიური საშიშროების წინაშე.

  • საერთაშორისო მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოკიდებულია პოლიტიკურ შედეგზე? – თუ დამარცხდება პუტინი, მას გაასამართლებენ, მაგრამ თუ უკრაინასთან ომის შედეგს თუნდაც შეფუთავს გამარჯვებად, მისი დასჯა სამართლებრივად ისევ შეუძლებელი იქნება? 

მე მაინც იმედი მინდა დავიტოვო, რომ გამოღვიძებულია მსოფლიო. სამწუხაროდ, ეს მოხდა უკრაინელების სისხლის ხარჯზე, მაგრამ ცხოვრება ვეღარ გაგრძელდება ისე, როგორც ეს იყო 24 თებერვლამდე. ეს წითელი ხაზი უკვე გადაკვეთილია. მსოფლიო ვეღარ გადაყლაპავს ამ ყველაფერს და ვეღარ მიუჯდება ისევ მოლაპარაკების მაგიდას. როცა, მაგალითად, ბაიდენი ომის დამნაშავეს უწოდებს პუტინს, მიჭირს წარმოდგენა, რომ ისინი ერთ მაგიდასთან გაუძღვებიან ისევ დიალოგს.

რთულია წინასწარ გათვლა, რა მოხდება. თავად ფაქტი, რომ პუტინის წინააღმდეგ შეიძლება გაიცეს დაკავების ორდერი, მნიშვნელოვანი ეტაპია და ნუ უგულებელყოფთ. წარმოიდგინეთ, რუსეთის მთელი ხელმძღვანელობა თავისი ჟურნალისტებით, რომლებიც ომის აგრესიას პროპაგანდით უჭერენ მხარს, ისინიც შესაძლოა გასამართლდნენ. მედიის წარმომადგენლების გასამართლების პრეცედენტი გვქონდა რუანდაში, როცა სამი ადამიანი გაასამართლეს, მათ შორის, გენოციდის წაქეზებისთვის. ისინი ამზადებდნენ სტატიებს, რადიოგადაცემებს… ცხადია, ეს სულ სხვა რეალობა იქნება უკვე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: