მთავარი,სიახლეები

„ეს არის ბრძოლა რუსული ფულისთვის“ – რისთვის გააქტიურდა პატრიოტთა ალიანსი

07.04.2022 • 1392
„ეს არის ბრძოლა რუსული ფულისთვის“ – რისთვის გააქტიურდა პატრიოტთა ალიანსი

რატომ შეახსენა „პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთს თავი, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და ელოდება თუ არა ინაშვილი-თარხან მოურავის რუსეთისადმი ერთგულებას კიდევ ერთი მარცხი საქართველოში? – ამ თემაზე „ბათუმელები“, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანს, პოლიტოლოგ ბაკურ კვაშილავას ესაუბრა.

  • ბატონო ბაკურ, როგორც ვიცით, ირმა ინაშვილი და თარხან-მოურავი რუსეთში არიან. ისინი შეხვდნენ რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელს ვლადიმერ ჯაბაროვს, რომელიც ჯავახეთში სეპარატიზმის ერთ-ერთი იდეოლოგია. რას შეიძლება ველოდოთ ამ შეხვედრების შემდეგ საქართველოში?

„პატრიოტთა ალიანსი“ თავიდანვე  მჭიდროდ იყო დაკავშირებული სომხურ ლობისტთან რუსეთში. თუ თვალს გადავავლებთ მათ საარჩევნო კამპანიებს, ძირითადად მიმართული იყო ხოლმე აზერბაიჯანის ან თურქეთის წინააღმდეგ.

ის არგუმენტები, რომ „რუსეთი კი არის ოკუპანტი, მაგრამ თურქეთიც ოკუპანტია“, სწორედ აქედან მოდიოდა და საუბარი იყო ართვინის ოლქზე, რომელიც თურქეთმა მიიღო საბჭოთა კავშირთან შეთანხმების შემდეგ, 1921 წელს. ამიტომაც არის მათი განცხადებები ყოველთვის ანტითურქული და ზეანტიაზერბაიჯანული.

ამიტომ, ნუ ჩავთვლით, რომ ამ ადამიანთან შეხვედრა მაინცა და მაინც იქითკენ არის მიმართული, რომ სამცხე-ჯავახეთში რაიმე სეპარატისტულ მოძრაობა იქნება. არა, უბრალოდ, თავიანთ პარტნიორებთან ჩავიდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები, იმათთან, ვისთანაც მიესვლებათ.

როგორც ჩანს, სხვა პირებთან არ მიესვლებათ, რადგან მათი ჩანაცვლება მნიშვნელოვანწილად უკვე მოახერხა სხვა ძალამ, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე შეიქმნა და ეს არის მათთვის ახლა მთავარი გამოწვევა.

  • ბოლო არჩევნების შემდეგ ინაშვილი და მისი პარტია გაქრა პოლიტიკური ველიდან. მან თქვა, რომ მედიაში ბრუნდებოდა. როგორ ფიქრობთ, ახლა რუსეთს დასჭირდა ინაშვილი თუ ინაშვილს დასჭირდა რუსეთი თავის გასაცოცხლებლად?

მე მგონია, რომ მეორე ნაწილი უფროა. „პატრიოტთა ალიანსს“ დასჭირდა რუსეთი იმისთვის, რომ გახდეს რელევანტური კონსერვატიულ და პრორუსულ ძალებში, რომლებიც საქართველოში სამწუხაროდ არსებობენ, რადგან პრაქტიკულად, სრულად ჩაანაცვლეს ის „ალტ-ინფოთი“ და ეს არის მათთვის ტრაგედია.

თუ გახსოვთ ის წერილი, რომელიც ინაშვილმა პუტინს მისწერა და ვითომ 54-მა ორგანიზაციამაც მოაწერა ხელი, „ალტ-ინფოს“  მასზე ხელი არ მოუწერია – ისინი ერთმანეთის კონკურენტად აღიქვამენ თავს და დღეს მათ შორის არის ბრძოლა რუსული ფულისთვის. აი, ამიტომ არის ის გააქტიურებული, რადგან „ალტ-ინფოს“ მასთან უპირატესობა გააჩნია.

  • მახარაძე და მორგოშიაც იმყოფებოდა რუსეთში. რაიმე განსხვავებულ აქტიურობას შეიძლება ველოდეთ რუსეთისგან საქართველოში, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, თუ არა?

საბედნიეროდ, საქართველოში რუსეთის მხარდაჭერა საკმაოდ მცირეა და ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი, არ შეიძლება ასცდეს 10 პროცენტს. აქედანაც, რამდენს ექნება სურვილი, რომ ეს ოფიციალურად გამოხატოს, ცალკე საკითხია.

რაც შეეხება პროპაგანდის გააქტიურებას, ჩვენ ამას მაქსიმალურად ვხედავთ „ალტ-ინფოს“ სახით და „პატრიოტთა ალიანსი“, რასაც ეწევა იმის სახით – ეს არის ყველაფერში ეჭვის შეტანა.

იმ შემთხვევაში, თუკი ვერ გაამართლებენ რუსეთს, ამბობენ რომ „აბა ამერიკა სჯობს?“, „აბა, ერაყში ან სირიაში ის უკეთესია?“ და ასე შემდეგ. ეს არის მათი ნაცადი სტრატეგია და იმის მცდელობა, რომ ამ სიბინძურეში დაიკარგოს სიმართლის შეგრძნება. აი, ეს იქნება მომავალშიც.

  • ინაშვილის რიტორიკა ამ შემთხვევაში დაემთხვა ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკას, რომელიც ამბობს, რომ „ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის დასაცავად“, „რომ საქართველოს ომში ჩათრევა სურთ“ და ასე შემდეგ…

ვფიქრობ, უბრალოდ, მესიჯები ემთხვევა ამ შემთხვევაში, რადგან ღარიბაშვილისთვის ამოსავალი წერტილი ის არის, რომ  უკრაინის ხელისუფლებაშიც თურმე „ნაციონალები“ არიან. სამწუხაროდ, ასე უყურებს ის საერთაშორისო პოლიტიკას და არ აინტერესებს რა ხდება მსოფლიოში.

ამიტომ აკეთებს განცხადებას იმაზე, რომ თითქოს ეს უდიდესი მიღწევა, რომ საქართველო განიარაღდა მთლიანად და ვთქვათ, მშვიდობაზე ორიენტირებულია და პასუხს არ სცემს რუსეთის აგრესიას, რომ თითქოს ეს არის გამოსავალი და უკრაინამ თითქოს შეცდომა დაუშვა.

ინაშვილის „მშვიდობისადმი“ ასეთი განწყობები სხვა რამით არის განპირობებული, ამ შემთხვევაში ეს არის პირდაპირი რუსული დაკვეთა – სურს ამით აჩვენოს, რომ საქართველო უნდა იყოს რუსული გავლენის ქვეშ.

  • როცა უკრაინაში ომის გამო მთელი მსოფლიო ცდილობს გაემიჯნოს რუსეთს, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ვიზიტები ქვეყნის ღალატია?

ყველამ შეგვიძლია ვუწოდოთ ის, რასაც ვთვლით. ჩემთვის პირადად, ეს არის ღალატი და მოსახლეობის უმრავლესობისთვისაც არის ღალატი, საქართველოს სახელმწიფოსი და საქართველოს დამოუკიდებლობის.

ერთადერთი, რაც მთავრობას შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ თვითონაც გაემიჯნოს მსგავსი ტიპის ფლირტს რუსეთთან, თითქოს სამშვიდობო მისიას, რადგან ეს რეალურად არის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული.

ხოლო ის, რომ მოქალაქეობა ჩამოვართვათ მაგალითად ინაშვილს და არ შემოვუშვათ ქვეყანაში, ასეთი რამ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და შეუძლებელია, რაც არ უნდა ჩაიდინოს მან.

ამავდროულად, თუ დანაშაულის ნიშნები არ იქნება შემჩნეული, როგორ უნდა გაასამართლო. თუ არ ვიცით, რაზე მიდის ამ შეხვედრებზე საუბარი, რაზე იყო მსჯელობა, იყო თუა რა საუბარი იმაზე, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ეჭვის ქვეშ დადგეს, ამის მტკიცებულებები თუ არ არსებობს, როგორ შეიძლება სამართლებრივი ზომები მიიღო. პოლიტიკური ზომების მიღება, რა თქმა უნდა შესაძლებელია.

  • თუმცა, „კონსერვატიული მოძრაობა“ ღიად ამბობს, რომ რუსული ჯარი უნდა იდგეს საქართველოში. ასევე მას აქვს მუქარის შემცველი რიტორიკა – „მოგაკითხავთ“, „დაგსჯით“ და ასე შემდეგ.

როცა მუქარის კონკრეტული განხორციელების შესაძლებლობა არსებობს, მთავრობას შეუძლია აიღოს ეს ინიციატივა თავის თავზე და მოიქცეს ისე, როგორც საჭიროა.

მაგრამ ისე, რომ ჰიპოთეტურად თქვა – „აბა რაზე უნდა ელაპარაკა თუ არა საქართველოს ღალატზე“, ამაზე დაფუძნებით ვინმეს პასუხისგებაში მიცემა შეუძლებელია. ეს კიდევ ერთი დაბალი ზღვარი იქნება ქართული სახელმწიფოს სამართლებრივი პრაქტიკის ისტორიაში.

ინაშვილი და „კონსერვატიული მოძრაობა“ ღია მომხრეებია რუსეთის, მაგრამ, ჩემი აზრით, რუსეთს საქართველოში ეყოლება უკეთ განვითარებული ჯაშუშური ქსელიც.

ამის მიუხედავად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს რუსეთს ძალიან უჭირს, საქართველოსთვის ნამდვილად არ სცხელა. უკრაინაში მისი დამარცხება იქნება იმის განმაპირობებელი, რომ მისი გავლენა საქართველოში და მისი დაინტერესება საქართველოთი, კიდევ უფრო შემცირდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: