მთავარი,სიახლეები

აფხაზეთიდან დევნილმა ქალმა, პოლონეთში უკრაინელები შეიფარა

09.04.2022 • 2240
აფხაზეთიდან დევნილმა ქალმა, პოლონეთში უკრაინელები შეიფარა

„არსებობს ქვეყანა, სადაც ომი არასდროს იქნება? მოდი ყველანი იქ წავიდეთ“, – ეს სიტყვები მარიუპოლის ჯოჯოხეთს გამოქცეულ 6 წლის გოგოს ეკუთვნის, რომელიც პოლონეთში, აფხაზეთიდან დევნილმა ქართველმა, მეგი ბიბილურმა შეიფარა. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსებმა ომი დაიწყეს, მეგი იმ დღიდან ზრუნავს უკრაინიდან ლტოლვილ ადამიანებზე. „ბათუმელებთან“ იმაზე ჰყვება, რაც ბავშვებმა და ქალებმა უკრაინიდან პოლონეთამდე გაიარეს.

  • მეგი, როგორც ვიცით, პოლონეთში ცხოვრობთ და აქტიურად ეხმარებით უკრაინელ ლტოლვილებს. მოგვიყევით ამის შესახებ.

აფხაზეთიდან დევნილობის შემდეგ, ცხინვალის რეგიონში ვცხოვრობდი, სადაც დავაფუძნე ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი“ და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე დევნილებთან მუშაობის პერიოდში.

მეც დევნილი ვარ, სწორედ ამიტომ არის ჩემთვის ძალიან ემოციური ის, რაც ხდება უკრაინაში და ძალიან მახსენებს ყველა იმ ეტაპს და კრიზისს, რომელიც ჩვენ გავიარეთ 2008 წელს.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ცხინვალის დატოვებაც მომიხდა და გორში გადმოვედი საცხოვრებლად. დავაფუძნე კოალიცია „დევნილთა უფლებებისთვის“ და კვლავ გავაგრძელე ამ მიმართულებით მუშაობა.

უკრაინიდან ლტოლვილი ადამიანები პოლონეთში.
ფოტო: მეგი ბიბილური

გორი და მარიუპოლი დამეგობრებული ქალაქებია. ამიტომ, მარიუპოლში ვთანამშრომლობდი ქალთა ორგანიზაციასთან „ბერეგინა“ და როცა 2014 წელს, დონეცკიდან პირველი ლტოლვილების ნაკადი მიიღეს, მაშინ ჩავედით ჩვენი ორგანიზაციის წევრები და გავუზიარეთ გამოცდილება.

ბოლო ოთხი წელია ვარშავაში ვარ, პოზნანის უნივერსიტეტში სადოქტორო თემაზე ვმუშაობ – „მედიაცია, როგორც კონფლიქტის მოგვარების ალტერნატიული გზა“ და ისევ აქტიურად ვარ ჩართული დევნილების უფლებების დაცვაში. აქ ფონდ HumanDoc-ის პროგრამების კოორდინატორიც ვარ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მუშაობს. ვეხმარები დევნილ ახალგაზრდებს პოლონეთში ჩამოსვლაში და სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობაში.

  • როგორ ახერხებთ ლტოლვილების გამოყვანას ომის ზონიდან, შეგიძლიათ მოგვიყვეთ, რამდენად რთულია ეს?

როცა 24 თებერვალს ომი დაიწყო, მაშინ მივიღე პირველი ზარი მარიუპოლიდან. ჩემი მეგობარი, ორგანიზაცია „ბერეგინას“ ხელმძღვანელი მირეკავდა. მითხრა, მძიმე მდგომარეობაა და თუ დავეხმარებოდით. პირველი ავტობუსი მაშინ ჩამოვიდა მარიუპოლიდან, 56 ბავშვი და ქალი ჩამოვიყვანეთ. მოხუცები არ გამოვიდნენ მაშინ, რადგან ჯერ კიდევ სჯეროდათ, რომ დაბომბვები მალე შეწყდებოდა.

იმ ავტობუსით კი ჰუმანიტარული დახმარება გავუგზავნეთ. ასევე ფანრები, სანთლები, ძალიან ბევრი power banking-ი და საკვები გავუგზავნეთ. ეს იყო ბოლო ავტობუსი, რომელმაც მარიუპოლში შეაღწია. შემდეგ ჩაიკეტა ქალაქი და ტვირთი ვეღარ აღწევდა. ტვირთს გზაში მაროდიორები ხვდებოდნენ და იტაცებდნენ. ამიტომ, თვითონ გვთხოვეს, რომ აღარ გაგვეგზავნა დახმარება, რადგან ამით ისევ რუს სამხედროებს ვკვებავთო.

29 თებერვლიდან ქალაქი ალყაში მოექცა. 3 დღე საერთოდ არ გვქონდა კავშირი არავისთან. აქ მყოფი ლტოლვილები მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, რადგან არავინ იცოდა იყვნენ თუ არა ცოცხლები მათი ოჯახის წევრები.

შემდეგ უკვე იყო ზარები სარდაფებიდან, რადგან power banking-ი გავაგზავნეთ, მოახერხეს ტელეფონების დამუხტვა და კავშირზე გამოსვლა.

ერთი კვირის წინ, პოლონელი ოჯახი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მარიუპოლში ორი – 9 და 11 წლის პოლონელი ბავშვები იყვნენ ჩარჩენილები. მოგვწერეს მისამართი. მარიუპოლში ჩვენი ორი მოხალისე მედდა მუშაობს, ჩვენ მათ გადავეცით ბავშვების მისამართი და დაიწყეს ძებნა. იმ მისამართზე ყველაფერი მიწასთან იყო გასწორებული, თუმცა შემდეგ, როცა სარდაფებში მიმალული ადამიანების აღწერა დაიწყეს, ერთ-ერთი საავადმყოფოს სარდაფში აღმოაჩინეს ეს ბავშვები ბებიასთან ერთად და მათი გამოყვანა მოხერხდა.

  • ვიცით, რომ ქალაქი ალყაშია, როგორ ახერხებენ ეს ადამიანები გამოსვლას, რა გზას გადიან?

ამ ხალხის გამოყვანა პირადი კონტაქტებით ხდება, რადგან არც „წითელი ჯვარი“ მუშაობს და არც ოფიციალური მოლაპარაკებები ჭრის. რამდენიმე მცდელობა იყო ამის, ჩვენი ორგანიზაციაც იყო ჩართული, თუმცა მაინც გაუხსნეს ცეცხლი მშვიდობიან მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, გამოსვლა სიცოცხლის ფასად უხდებათ, მათ სხვა აღარაფერი დარჩენიათ.

გამოდიან საკუთარი მანქანებით ან რაღაც ძველი ავტობუსებით, ფეხით. გზა და გზა იმალებიან ოჯახებში და შემდეგ ისევ სხვადასხვა გზებით გადმოდიან.

ბოლოს იყო ასეთი სიტუაცია, ოთხი მანქანა გადმოდიოდა და ცეცხლი გაუხსნეს. დაიჭრა ოთხი ადამიანი, ერთ-ერთი, ჩვენი კოორდინატორია. მოხალისე, რომელმაც ბავშვი დაკარგა, დაიღუპა მამამისიც. 3 მანქანის გამოყვანა შევძელით. ის გოგო კი იქ დარჩა, ვერ გამოვიდა. ენით აღუწერელი რამ ხდება.

არის შემთხვევები, როცა ჩხრეკენ გამომსვლელებს რუსები და ართმევენ ყველაფერს. აიძულებენ ყველაფერი წაშალონ მობილურში.

ჩვენ აქ ჰააგის სასამართლოსთვის ფაქტების შეგროვება დავიწყეთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ წარდგენილი იყოს ფოტოები და ვიდეოები, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ადამიანები ცოცხლად გამოვიდნენ და არ გაუწიონ ამის გამო წინააღმდეგობა.

მარიუპოლიდან გამოსული 4 შვილის დედა, რუსების მიერ დაცხრილული მანქანით. 
ფოტო: მეგი ბიბილური

მინდა ერთ ქალზე მოგიყვეთ. 4 შვილი ჰყავს. უბრალოდ ადგა, ჩაისვა ბავშვები მანქანაში, „რაც იქნება-იქნება“ – თქვა და წამოვიდა, რადგან ბავშვებს უკვე გული მისდიოდათ შიმშილისგან და თუ არა ბომბი, შიმშილით მაინც დავიხოცებოდითო – ამბობდა დედა.

ღმერთს მივანდე ჩვენი სიცოცხლე და წამოვედი, არსად გამიჩერებიაო. მანქანა მთლიანად დაცხრილულია, მიუხედავად იმისა, რომ აწერია – „ბავშვები“ და სახელურებზეც თეთრი ნაჭრები აქვს გამობმული.

ასე მოვიდა პოლონეთის საზღვართან, იქ დავხვდი მეც. თუმცა ისეთი ისტერიკა ჰქონდა, მანქანიდან ვერ გადმოვიყვანეთ. ორი საათი ვაწარმოებდით მოლაპარაკებას, მაგრამ უშედეგოდ. მიზანი ჰქონდა, რომ ამ მანქანით პოლონეთში ჩასულიყო.

რადგან მანქანა ძალიან დაზიანებული იყო, ასე გადაადგილება პოლონეთში არ შეიძლება, შესაძლოა პოლიციას დავეჯარიმებინეთ, ამიტომ ვცდილობდით, რომ ჩვენს მანქანაში გადმოგვეყვანა. ვუხსნიდით, რომ უკვე სამშვიდობოს იყო და აქ არაფერი ემუქრებოდა. ვერ დავარწმუნეთ. ბოლოს მისცეს უფლება წასულიყო თავისი მანქანით.

ყველაზე მძიმე იცით რა იყო კიდევ? როცა ჩავედით, ქალი მუხლებზე დაეცა და ყვიროდა – „მე ყველაფერი გავაკეთე“. ჩემთვის ეს ქალი 21-ე საუკუნის გმირია.

ბოლოს, რომ გამოვიყვანეთ ბავშვები, შვიდი დღე იარეს ავტობუსით ზაპოროჟეცამდე, იქიდან კი დნეპრში და შემდეგ ვარშავაში გამოყვანაც შევძელით. გუშინ კიდევ 186 ადამიანი გამოვიყვანეთ.

  • ალბათ ბევრი ბავშვია მშობლის გარეშე დარჩენილი, როგორია მათი მდგომარეობა?

დიახ, ძალიან ბევრია. ერთ-ერთ სახლს ევაკუაციის დროს ბომბი დაეცა და დედა დაიღუპა. მამა მძიმედ დაშავდა, ახლა საავადმყოფოშია და ფეხი მოკვეთეს. ბავშვი ცხრა წლისაა და არ იცის, რომ დედა დაეღუპა. კითხულობს, მაგრამ ვერაფერს ვეუბნებით. ფსიქოლოგმა გვირჩია, როცა მამა გამოკეთდება, თვითონ დაელაპარაკებაო.

ერთი ბავშვი 4 წლისაა, რომელიც ბებიასთან ერთად გამოვიდა. თუმცა, ბებია მალე გარდაიცვალა და ახლა ბავშვი დედის მეგობართანაა. მისი მშობლების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. მშობლების გარეშე დარჩენილი ყველა ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაში გადადის, რადგან უკრაინული კანონმდებლობით, უკრაინელი ბავშვის აყვანა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეს შეუძლია და სხვა მეურვეობას ვერ გაუწევს.

პოლონელი ბავშვები რომ გამოვიყვანეთ, ისინიც მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, ვერ ჭამდნენ, სიცხეები ჰქონდათ. სასწრაფო სასწრაფოზე მოგვყავდა. მშივრები იყვნენ მთელი დღეები და როცა აქ ნორმალურ კვებაზე გადავიყვანეთ, ორგანიზმი ვერ იღებდა საკვებს.

როცა ბავშვებს წყალს ვაძლევთ, შევნიშნე, რომ ბოლომდე არ სვამენ. გავიგონე როგორ ეუბნებოდა 6 წლის ბავშვი თავის ძმას, „ბოლომდე არ დალიო“. ჰგონიათ, რომ მეტი აღარ იქნება და იზოგავენ. იგივე ხდება საკვებზეც.

  • როგორც ვიცით, თქვენც შეიფარეთ უკრაინელები, რას გვეტყვით მათზე?

მე ორი ოჯახი შევიფარე. დედა, ერთი წლის ბავშვით და მეორე დედა 6 წლის ბავშვთან ერთად. ერთხელ ეს ბავშვი მეკითხება, – „მეგი დეიდა, არსებობს მსოფლიოში რომელიმე ქვეყანა, სადაც ომი არასდროს იქნება? ყველანი იქ რომ წავიდეთ“.

ერთხელ, როცა მანქანას ვაპარკინგებდი ვუთხარი, რომ აქ ყველას შეეძლო მანქანის გაჩერება. ბავშვმა მკითხა – „რუსეთის ტანკებსაც შეუძლიათ გაჩერდნენ?“.

ერთ-ერთი ბავშვი დედას ეუბნებოდა: „ერთი თვეა მამა არ გვინახავს, ომი თუ გაგრძელდა, მამას შეიძლება დავავიწყდეთ?“.

იყო შემთხვევა, როცა თვითმფრინავის ხმაზე დედაც და ბავშვებიც ინსტინქტურად გაწვნენ ქუჩაში. ფსიქოლოგებმა გვითხრეს, რომ ასეთი რამ მინიმუმ ერთი თვე კიდევ შეიძლება გაგრძელდეს.

მეგიმ პოლონეთში ორი უკრაინული ოჯახი შეიფარა.

ბავშვები ძალიან რეაგირებენ ხმაურზე, ყურებზე ხელებს იფარებენ და ტირილს იწყებენ. ის ბავშვებიც, რომელიც ჩემთან ცხოვრობენ, ერთხელ კინოში წავიყვანე მულტფილმზე, 15 წუთის შემდეგ, მათაც ხელები აიფარეს ყურებზე და ისტერიკაში ჩავარდნენ. ვერ აიტანეს ხმაური.

პრობლემები გვაქვს 15-16 წლის მოზარდებთანაც, რადგანაც ოთახში იკეტებიან და არ გამოდიან გარეთ. 14 წლის გოგონას ჰქონდა სუიციდის მცდელობაც და სერიოზული ფსიქოლოგიური ინტერვენცია დაგვჭირდა მასთან. ის დეიდასთან ერთადაა ჩამოსული და არაფერი იცის მშობლების შესახებ. ათი დღეა კავშირზე აღარ გამოდიან.

12 წლის გოგონა გვყავს კიდევ, რომელსაც თანაკლასელი დაეღუპა და ამას განიცდის ძალიან.

მე შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ იმის გამო, რასაც პოლონელი ხალხი აკეთებს უკრაინელებისთვის. საოცარი სოლიდარობის განცდა აქვთ მათ მიმართ. ყველა ჩემი მეგობრის ოჯახში ერთი ოჯახი მაინც ცხოვრობს, თუ ორი არა.

  • თქვენ ამბობთ, რომ მედდები გყავთ მარიუპოლში, რას ყვებიან ისინი, რა ხდება ქალაქში?

ისეთი ამბები მოვისმინე, უბრალოდ ვერ აღგიწერთ…

ქალაქში საშინელი ეპიდსიტუაციაა, იმიტომ, რომ უამრავი ცხედარია. ბოლოს როცა ვკითხეთ, თუ რა უნდოდათ რომ გაგვეგზავნა, ყველამ გვითხრა, რომ ტომრები გაგვეგზავნა ცხედრებისთვის, რადგან ვერ ხერხდება მათი დაკრძალვა.

არის საუბრები კრემატორიუმებზეც. ჯერ ამბობდნენ, რომ დაღუპული ჯარისკაცების დასაწვავად იყო შემოყვანილი, მაგრამ ახლა მოსახლეობაზეც საუბრობენ.

კიდევ ერთი საკითხია, რომ რუსები მიდიან ოჯახებში, ართმევენ საბუთებს ადამიანებს, სვამენ ავტობუსებში და მიჰყავთ, მაგრამ სად, არავინ იცის. იყო საუბარი ციმბირზეც, მაგრამ რეალურად სად მიჰყავთ, არ ვიცით. შესაძლოა სამომავლოდ ეს ადამიანები მძევლების გასაცვლელად გამოიყენონ.

  • როგორც ვიცით, ყველაზე ბევრი ლტოლვილი სწორედ პოლონეთმა მიიღო. რა პირობებში უწევთ ყოფნა ლტოლვილებს?

როცა 100-200 კაცი ჩამოდის, ძირითადად დიდ ცენტრებში მიჰყავთ, სადაც ძალიან ცუდი მდგომარეობა ჰიგიენური თვალსაზრისით. ჩვენი ორგანიზაცია კი ცოტა განსხვავებულად მუშაობს.

ჩვენ წინასწარ ვიცით, რამდენი ოჯახი ჩამოდის, ბავშვების ასაკი როგორია და ამის მიხედვით ვანაწილებთ პოლონურ ოჯახებში, რადგან გვინდა, რომ ოჯახური გარემო დახვდეთ და გონზე მოვიდნენ, შემდეგ კი მათთვის ვეძებთ სხვა საცხოვრებელს.

ვმუშაობთ კომპლექსურად, – ვთავაზობთ როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე სამედიცინო დახმარებას. ვაწვდით ჰიგიენურ საშუალებებს, ჩასაცმელს და ყველაფერს, რაც აუცილებელია.

უკრაინელი ლტოლვილების თავშესაფარი პოლონეთში.
ფოტო: მეგი ბიბილური

რეალურად, უკრაინელი ხალხი მართლა ძალიან მაგარი ხალხია. ძალიან ამაყობენ თავისი ქვეყნით და ძალიან მებრძოლები არიან. რასაც ვხედავ, უკრაინელი ქალები ყოფილან უმაგრესი ლიდერები. ის, რაც მათ გადაიტანეს, ამის მიუხედავად მაინც მაგრად დგანან და სჯერათ გამარჯვების.

ცდილობენ ყველანაირად მობილიზდნენ და აქეთ დაგეხმარონ. მაგალითად, მარიუპოლიდან პირველი-ორი ჯგუფი ვინც ჩამოვიყვანეთ, პირდაპირ ჩაერთნენ საქმიანობაში და ახლაც ჩვენთან ერთად მუშაობენ ლტოლვილების დასახმარებლად.

  • მეგი, თქვენ გვითხარით, რომ აფხაზეთიდან დევნილი ხართ. გახსოვთ ის დღე, როცა გამოხვედით იქიდან?

8 წლის ვიყავი მაშინ. ოჩამჩირეში ვცხოვრობდით. ომმა ჩვენი ოჯახი გახლიჩა, რადგან ბებია იქ დარჩა, დეიდაც, რადგან აფხაზი ქმარი ჰყავდა და დეიდაშვილებიც აფხაზობდნენ.

სანამ გამოვიქცეოდით, წინა დღეს ჰყვებოდნენ ისტორიებს, თუ როგორ შედიოდნენ რუსები ოჯახებში და ყველას ხვრეტდნენ. მახსოვს დედას ვუთხარი, – „დედიკო, მოდი წითელი საწებელი გადავისხათ და თავი მოვიმკვდარუნოთ, როცა შემოვლენ არაფერს გვიზამენ-მეთქი“.

როცა გამოვიქეცით, დედამ სწრაფად ჩაყარა ნივთები, ხელი მომკიდა და გამოვიქეცით. როცა გამოვრბოდით, გამახსენდა, რომ ჩემი საყვარელი დათუნია დამრჩა, ყოველ ღამით მასთან ერთად ვიძინებდი და ვდარდობდი, რომ მარტო დავტოვე.

მახსოვს, როგორ ვიარეთ ფეხით. როცა პოსტებზე გვაჩერებდნენ დედას ვეკითხებოდი, – „დედა, ჩვენები არიან თუ რუსები?“…

მეგი ბიბილური

ბებია მას შემდეგ აღარ მინახავს. არც დეიდა. როცა 12 წლის შემდეგ ბებია გარდაიცვალა, დედა „წითელი ჯვრის“ დახმარებით ჩავიდა დედის დაკრძალვაზე. მხოლოდ 4 საათით.

დევნილობა ჩემთვის მტკივნეული თემაა და ამიტომ არის ასეთი ახლო ჩემთვის უკრაინის ამბები. როცა უკრაინელებს ვეუბნები, რომ ქართველი ვარ, სახე უნათდებათ, მოდიან და მეხუტებიან. ქართველების მიმართ განსაკუთრებული ნდობა აქვთ, რადგან იციან, რომ ჩვენ ერთი სატკივარი გვაქვს.

იციან, რომ ჩვენ უკეთ გავუგებთ, რადგან ვიცით, რას ნიშნავს დევნილობა და უცხო ქვეყანაში ცხოვრება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: