მთავარი,სიახლეები

რუსეთმა შესაძლოა ჩახოცოს მთელი არმია, მაგრამ რაღაც შედეგი 9 მაისამდე უნდა დადოს – ინტერვიუ

09.04.2022 • 65731
რუსეთმა შესაძლოა ჩახოცოს მთელი არმია, მაგრამ რაღაც შედეგი 9 მაისამდე უნდა დადოს – ინტერვიუ

„მორიგი შეტევა დაიწყება დაახლოებით 10 დღის ფარგლებში და ეს გაცილებით მძიმე იქნება, რაც აქამდე იყო,“ – მძიმე პროგნოზი აქვს გადამდგარ გენერალ-მაიორს, ვახტანგ კაპანაძეს რუსეთ-უკრაინის ომზე. გადამდგარი გენერალი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომს არ წააგებს, მაგრამ ხედავს, რომ რუსული არმია მორიგი შეტევისთვის ემზადება, უფრო ხელსაყრელი პირობებით.

სამხედრო ექსპერტი თვლის, რომ გადამწყვეტი ფაქტორი ამ ეტაპზეც უკრაინისთვის შეიარაღების დროულად მიწოდებაა.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ვახტანგ კაპანაძე საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი იყო ორჯერ.

  • ბატონო ვახტანგ, უკვე ცნობილია სამხედრო ტექნიკის ჩამონათვალი, რასაც აშშ მიაწვდის უკრაინას. ეს რამდენად ზრდის უკრაინის სამხედრო შესაძლებლობას? 

საუბარი 60 ათას „ჯაველინზე“, 20 ათას „სტინგერზე“, დრონებზე, რომელიც ძალიან ეფექტურია ჯავშანტექნიკის, ასევე გამყარებული პუნქტების საწინააღმდეგოდ. ის ტექნიკაც, რომელსაც აძლევს უკრაინას დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია, არის მხარდამჭერი ჯავშანტექნიკა და არა საბრძოლო. ეს შეიძლება იყოს გამოყენებული სამედიცინო ევაკუაციისთვის, სადაზვერვო, ან სამეთაურო მიზნებით… მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლების ინტენსივობიდან გამომდინარე, უკრაინელები ხარჯავენ დღეში ერთი კვირის მარაგ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს. გარდა ამისა, უკრაინას ძალიან სჭირდება დარტყმითი შეიარაღება, ვინაიდან ელოდებიან დიდ ბრძოლას აღმოსავლეთით, სადაც იქნება შეტევითი, კონტრშეტევითი მოქმედებები დაცვით მოქმედებებთან ერთად.

მაგალითად, ჩეხეთიდან რაც მიიღეს T – 72, მართალია, ძველი ტექნიკაა, მაგრამ რუსებს რაც აქვთ T – 90 იმის გაუმჯობესებული ვარიანტია. გასათვალისწინებელია, რომ T – 72 ეკუთვნოდა ნატოს წევრ ქვეყანას. მისი შიგთავსი, სამიზნე მოწყობილობა, კავშირგაბმულობა, სითბური ხედვის, ღამის ხედვის საშუალებები არის ნატოს სტანდარტით გაკეთებული. ასე რომ, ეს არ არის ძველი ტექნიკა, როგორც ზოგიერთი აღნიშნავს.

  • თუმცა ამ შეიარაღებით მასობრივ შეტევას უკრაინა ვერ შეძლებს.

კი, მაგას გავუსვი ხაზი. უკრაინას ახლა სჭირდება შეტევითი შესაძლებლობების გაზრდა. მთავარი შემადგენელი მაინც ჯავშანტექნიკაა, ტანკი, რომელიც გამოიყენება თავდაცვის დროსაც, მაგრამ მისი ძირითადი ეფექტიანობა გამოიხატება შეტევით შესაძლებლობებში. უკრაინას ახლა მეტი დარტყმითი ჯავშანტექნიკა სჭირდება და, რა თქმა უნდა, ჰაერიდან მხარდაჭერა. ამ აღჭურვილობის გარეშე უკრაინა დიდ შეტევას ვერ განახორციელებს და კონტრდარტყმა ვერ განხორციელდება ეფექტურად.

უკრაინას ასევე სჭირდება საზენიტო საშუალებები, რომელიც რუსული საჰაერო შესაძლებლობების ნიველირებას გააკეთებს.

  • რატომ ვერ აწვდიან ნატო-ს წევრი ქვეყნები ამ შეიარაღებას უკრაინას ამ დრომდე? 

ნუ ვიმსჯელებთ მხოლოდ იმ ინფორმაციით, რაც ღია წყაროებით ვრცელდება. იყო ზედმეტი საუბრები გამანადგურებლების მიწოდებაზე და ჩაიშალა ეს პროექტი ზედმეტი ლაპარაკის გამო. თუ დააკვირდებით, ბრიტანელები როცა იწყებენ საუბარს მიწოდებაზე, ის ფაქტობრივად უკვე მიწოდებულია, ანუ უკანა რიცხვით საუბრობენ.

ასე რომ, რაც საჭიროა და შესაძლებელია, ნატო იმ ტექნიკა აწვდის და მიაწვდის უკრაინას.

ჩემი დაკვირვებით, ზოგიერთ ქვეყანას საკმაოდ შეზღუდული რაოდენობით აქვს ეს ტექნიკა, მაგალითად, გერმანიამ შეამცირა მკვეთრად სატანკო დანაყოფები და 200 ტანკამდე დაიტოვა, ჰოლანდიამ გააუქმა საერთოდ, შვედეთმა და ბელგიამაც. აღმოჩნდა, რომ იჩქარეს. გარდა ამისა, სრულად ვერ განიარაღდება ქვეყანა და ვერ მიაწვდის ამ შეიარაღებას უკრაინას.

მეორე პრობლემაა მიწოდებული სამხედრო ტექნიკის ათვისება, მაგალითად, რომ მიაწოდონ ამერიკული „აბრამსი“, ეს საკმაოდ რთული ტექნიკაა, ელექტრონიზებული, მას სჭირდება შესაბამისი მოვლა, რემონტი, ათვისება, რთული პლატფორმაა, გააჩნია თავისი ოპტიკური ნაწილი, ცეცხლის წარმოების ნაწილი, სავალი ნაწილი, კავშირგაბმულობა და ასე შემდეგ. რემონტიც რომ ჩაატარო, შესაბამისი სპეციალისტი გჭირდება. ეს არაა ავტომატი, რომ აი, გიჭირავს ხელში „კალაშნიკოვი“ და ახლა მოგაწვდი M 4-ს, რომ ამას იოლად აითვისებ. ამიტომაც „ჯაველინები“ და „სტინგერები“ მიაწოდეს, რაც მარტივად ასათვისებელია.

  • რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ხერსონთან უკრაინელების წარმატება, სადაც მათ კონტრშეტევები დაიწყეს? 

მიმდინარებს შეტევები სხვადასხვა მასშტაბით, ხერსონის რაიონის ნაწილი გაათავისუფლეს კიდეც უკრაინელებმა, თუმცა აქ მთავარი პრობლემაა ის, რომ თავად ქალაქი ხერსონი რთული ქალაქია, მდინარის დელტაა ძალიან ბევრი რთული გადასასვლელებით. ეს ქალაქი დაცვისთვის ადვილია, შეტევისთვის – რთული. თუმცა ფაქტია, რომ გარკვეული წარმატება უკრაინელებს აქვთ.

პრობლემა იქნება მდინარე დნეპრის გადმოლახვა, თუ დნეპრის მარცხენა ნაპირზე გამაგრდებიან რუსები…

  • როგორ გამოიყურება ამ დროისთვის რუსეთის გეგმა უკრაინაში? 

რუსები ამზადებენ პლაცდარმს მორიგი შეტევისთვის. ამისთვის ისინი ახორციელებენ დარტყმებს კომუნიკაციის ხაზებზე, რომ უკრაინელებმა ვერ შეძლონ დამატებით ძალების გადასროლა აღმოსავლეთ მიმართულებით, რომელიც იქნება რუსების მთავარი სამიზნე. იგივე კრამატორსკის დარტყმა განხორციელდა რკინიგზის კვანძზე, ასევე ხედავთ, რომ ხორციელდება დარტყმები მომარაგების ბაზებზე, საწყობებზე, საწვავ-საპოხ საშუალებების რეზერვებზე, ანუ რუსები ცდილობენ მაქსიმალურად შეაფერხონ უკრაინელების გაძლიერებული დანაყოფების გადმოსროლა აღმოსავლეთ მიმართულებით.

თუ დააკვირდებით რუკას, ამჟამად რუსებს აქვთ გაცილებით მოკლე ლოჯისტიკური ხაზები, ვიდრე უკრაინას, რადგან კიევიდან დონბასამდე არის სადღაც 500 კილომეტრი, ლვოვიდან 750 კილომეტრი,  რუსეთის საზღვართან არის აეროდრომები, საიდანაც რუსეთი სახმელეთო რაკეტებს უშვებს გადმოადგილებულ დანაყოფებზე.

უკრაინა ცდილობს მოკლე გავლით, ქალაქიდან ქალაქში გადაადგილდეს დაფარულად, რომ დარტყმის ობიექტი არ გახდეს.

არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ მდინარე დნეპრი ახლა უკრაინელებისთვის არის შემაფერხებელი ფაქტორი, როცა მანამდე რუსებისთვის იყო ეს ფაქტორი. უკრააინამ უნდა გადმოლახოს ეს მდინარე, რომ მოახერხოს აღმოსავლეთის დაჯგუფების გაძლიერება.

  • თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ – რა იქნება რუსეთის ტაქტიკა ამჯერად? 

ვიღაც პასუხისმგებელი გამოჩნდა რუსეთის მხრიდან ამ ომზე, ეს არის გენერალ-ლეიტენანტი ტიფლინსკი, ის არის ცენტრალური სარდლობის სარდალი. სხვათა შორის, ზედმეტსახელი აქვს „არმაგედონი“. მისი მონაწილეობით უკვე ჩატარდა დონბასის დაჯგუფების ინსპექტირება და, როგორც ვიცი, შედეგით იყო ძალიან უკმაყოფილო. მან მოითხოვა შეტევის დაწყების თარიღის გადმოტანა. მიმართულება ისევ იგივეა, რასაც აქამდე ვამბობდი – დონბასის რეგიონი.

ტიფლინსკი ხელმძღვანელობს უშუალოდ დონბასის მიმართულებას, ხოლო მთლიანად უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობას ალექსი დვორნიკოვი ხელმძღვანელობს.

ტიფლინსკიმ ასევე მოითხოვა რესურსების შევსება. საბოლოო ჯამში, რუსები ალბათ 150 ათასამდე დაჯგუფებას შექმნიან. როგორც იცით, 60 ათასამდე რეზერვისტის შეგროვება დაიწყეს რუსეთის სხვადასხვა რეგიონში. გარდა ამისა, საბრძოლო რეზერვი უკვე შეიყვანეს – 32 ათასი კაცი.

ახლა რუსეთის მთავარი ამოცანაა დონბასის დაჯგუფების ალყაში მოქცევა. მიმართულება იქნება ჩრდილოეთის ქალაქ იზიუმიდან სამხრეთით და გულიაპოლიდან იზიუმისკენ. ამ მიმართულებით სურს რუსეთს შემხვედრი მარწუხების გაკეთება, მე ასე წარმომიდგენია სამხედრო ლოგიკით.

თუ რუსეთმა შემოვლა ვერ განახორციელა, მაშინ შემორტყმას განახორციელებს… განსხვავება ისაა, რომ შემოვლა ხორციელდება ზურგში, შემორტყმა კი, ხორციელდება ფლანგებზე დარტყმით. თუ რუსეთი ვერ განახორციელებს ღრმა შემოვლას, მაშინ შეეცდება, რომ შემორტყმა განახორციელოს. რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთის დაჯგუფების გახლეჩას შეეცდება ზუსტად კრამატორკის მიმართულებიდან.

  • უკრაინელები როგორ ხედავენ ამ დროს არათუ დაცვას, არამედ კონტრშეტევას, რაც ხერსონში დაიწყეს? 

უკრაინელები ცდილობენ ფლანგების მაქსიმალურად გაძლიერებას და ცდილობენ, რომ არ მისცეს რუსებს მარწუხების შექმნის საშუალება. ერთია, ალყაში მოაქციო დაჯგუფება და მეორეა ამ დაჯგუფების განადგურება, ვინც ალყაში მოაქციე. თუ მარიუპოლში ამდენი ხანი ეომებიან „აზოვის“ ორ ბრიგადას, წარმოადგინე, 10 ბრიგადამდე დაჯგუფების განადგურება რამდენად რთული ამბავი იქნება.

უკრაინას გააჩნია თავდაცვის საშუალებები, მაგრამ თვითონ რომ გადავიდეს შეტევაზე, სჭირდება დარტყმის შესაძლებლობები. ერთია, გააჩერო მოწინააღმდეგე, მაგრამ სხვა ფასი აქვს მოწინააღმდეგის დამარცხებას. უკრაინას თავისი ჯავშანტექნიკა ცოტა არ ჰყავდა, მაგრამ ახლა რემონტი უჭირთ. როგორც იცით, რუსებმა სატანკო ქარხნები და ინფრასტრუქტურა გაანადგურეს.

ახლა განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს: რუსეთის ეს გეგმა იქნება წარმატებული, თუ ვერა. თუ ატყობთ, უკრაინელებმაც შეცალეს თავისი წინადადებები მოლაპარაკებებზე. ფაქტობრივად, შეწყვიტეს მოლაპარაკება, რადგან ორივე მხარე ელოდება დიდი სამხედრო ოპერაციის შედეგს. თუ წარმატებული იქნა რუსებისთვის, იმედი მაქვს, რომ ასე არ იქნება, შესაძლოა, იფიქრონ ასევე ხარკოვის აღებაზე და დნეპრის მარცხენა ნაპირის მთლიანად ოკუპირებაზე. შესაძლოა, ოდესის მიმართულებაზეც იფიქრონ.

თუ ეს შეტევა არ იქნება წარმატებული რუსებისთვის, მაშინ ისინი შეეცდებიან აქამდე დაკავებული ტერიტორიის დაცვას. თავისთავად უკრაინელები შეეცდებიან ამ ტერიტორიების გათავისუფლებას. ასე რომ, ეს დაპირისპირება მინიმუმ 2 წელს მაინც გაგრძელდება, მეტი თუ არა. ხომ გახსოვთ, ყარაბაღის ომი რამდენ ხანსაც გაგრძელდა?

  • კიდევ რა ფაქტორებზეა ახლა დამოკიდებული ომის განვითარება და მისი დასრულება? 

ომის სწრაფად დასრულების მეთოდია წაგება. წააგებ და თავისუფალი ხარ. თუ გინდა გამარჯვება, ამაში უნდა დახარჯო დრო, რესურსებიც. უკრაინა სწორედ ამ სულისკვეთებით არის გამსჭვალული, რომ გაიმარჯვოს. აღარ არის აქ საუბარი მხოლოდ უკუგდებაზე და ასე შემდეგ. უკრაინას აქვს უკვე პრეტენზია გამარჯვებაზე, რომ თუნდაც მოლაპარაკების მაგიდასთან გამარჯვებული პოზიციით მივიდეს.

მეორეს მხრივ კი, რუსეთისთვის მოდის 9 მაისი, რაც არის საკრალური რიცხვი მათთვის, წმინდა ძროხა და ასე შემდეგ. ასე რომ, რუსეთმა შესაძლოა მართლაც ჩახოცოს მთელი არმია, ჟუკოვის თქმისა არ იყოს, მაგრამ რაღაც შედეგი ამ თარიღამდე უნდა დადოს. პუტინი ამას მოითხოვს თავისი სამხედროებისგან და ისინიც ყველაფერს გააკეთებენ გარკვეული გამარჯვების მისაღწევად. მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან დიდი ბრძოლა იქნება. ევროპას ასეთი ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ექნება ნანახი. ერაყშიც კი არ იყო დაძაბულობის ასეთი მასშტაბი, რაც ჯერ კიდევ წინ გველის.

მორიგი შეტევა დაიწყება დაახლოებით 10 დღის ფარგლებში და ეს გაცილებით მძიმე იქნება, რაც აქამდე იყო. აქამდე იყო მაინც დაქსაქსული რუსეთის ძალები, იყო დარტყმები კოლონებით გადაადგილებები, ახლა კი, პლაცდარმი გააჩნია რუსეთს ლუგანსკი –  დონეცკის სახით. მას ზურგით მომარაგებაც აქვს, რაც უფრო ახლოსაა მისთვის, ვიდრე უკრაინას, კონცენტრირებულია და ძირითადი დარტყმის მიმართულება აღებული აქვს. რუსული დაჯგუფების უახლესი ამოცანა იქნება ალყის შეკვრა და შემდეგი ამოცანა იქნება ალყაში მოქცეული დაჯგუფების ბოლომდე განადგურება.

  • რამდენად დარჩა რუსეთს პროფესიული ჯარის რესურსი?  

ომის დაწყების ეტაპზე რუსული არმიის ორი-მესამედი იყო კონტრაქტორი, ერთი-მესამედი წვევამდელი. ახლა, როგორც ცნობილია, შეამცირეს სასწავლო კურსი კურსანტებისთვის, ნაადრევად აძლევენ დიპლომს და უშვებენ პირდაპირ ბრძოლაში. ყოფილი ჯარისკაცები ასევე გამოიწვიეს, მობილიზებულია სამხედრო კომპანიებია… გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება საჰაერო უპირატესობა. მათ არ მოუწევთ სიღრმეებში შესვლა, ახლო მანძილზე ფრენა მოუწევთ და ჯარების კონტაქტის ხაზზე ოპერირება.

ბოლოს გვითხარით, რა ჰქვია სამხედრო ენაზე იმას, რაც ბუჩაში მოხდა? 

ეს არის სამხედრო დანაშაული, ცხადია. ჟენევის კონვენცია იცავს მშვიდობიან მოქალაქეებს… აბსურდია იმის მტკიცება რუსეთის მხრიდან, რომ თითქოს ეს სცენა, ხელებშეკრული ცხედრების, იყო დადგმული. ამით რუსეთი მხოლოდ საკუთარ თავს და თავის მოსახლეობას ატყუებს, სხვას ვერავის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: