უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 28 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
ტანკი – 1 278 ერთეული [+15]
ჯავშანტექნიკა / APV – 3 116 ერთეული [+26]
საარტილერიო სისტემა – 596 ერთეული [+0]
MLRS – 201 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 204 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 169 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 462 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 104 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 178 ერთეული [+16]
სპეცტექნიკა – 43 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ანახლებს რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
174 თვითმფრინავი
125 ვერტმფრენი
966 უპილოტო საფრენი აპარატი
315 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 182 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
402 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 614 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
3 054 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „აზოვსტალს“ სრულად აკონტროლებენ მას შემდეგ, რაც ტყვედ აიყვანეს იქ მყოფი 2 500-მდე პირი, მათ შორის, 36-ე ქვეითთა ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა და „აზოვის“ პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყურადღების ცენტრში, 21 მაისს, რუსეთის ავიაცია, კერძოდ კი უპილოტო საფრენი აპარატები მოექცა. ტვიტერზე გამოქვეყნებულ განახლებაში, უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთი სწრაფი ტემპით კარგავს ომისთვის აუცილებელ ამ იარაღს.
დაზვერვის ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომში, უპილოტო საფრენმა აპარატებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა, ორივე მხარისთვის, თუმცა ამავე დროს დიდი ზიანიც მიიღო. აპარატები ძალიან დაუცველები აღმოჩნდნენ – დიდ სირთულეს არ წარმოადგენს არც მათი ჩამოგდება და არც ელექტრონული ხარვეზების შექმნა.
„რუსეთმა სცადა განეხორციელებინა „სადაზვერვო დარტყმის“ კონცეფცია, რომელიც მან სირიაში შეიმუშავა, და რომლის დროსაც მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენება მიზნის დასადგენად, რათა შემდეგ ამ მიზანს საბრძოლო თვითმფრინავმა ან არტილერიამ დაარტყას“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.
უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ამ ამოცანისთვის შესაბამისი მზვერავი უპოლოტო აპარატების ნაკლებობას განიცდის. ამ დანაკლისის შევსებას კი, სანქციების ფონზე შეზღუდული შიდა წარმოების გამო, წარმატებით ვეღარ ახერხებს.
„რუსეთის თვითმფრინავები, ეკიპაჟებით, ძირითადად, თავს არიდებენ უკრაინის ტერიტორიაზე ფრენას, სავარადოდ, უკრაინის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შიშით.
თუკი რუსეთი გააგრძელებს უპილოტო საფრენი აპარატების ამავე ტემპით დაკარგვას, როგორც ახლაა, მისი შეიარაღებული ძალების დაზვერვის, დაკვირვებისა და კონტროლის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაუარესდება, რაც თავისთავად, უარყოფითად აისახება მის ოპერატიულ ეფექტიანობაზე“.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას ყოველდღიურად აახლებს.
19 მაისის განახლებაში, დაზვერვა მარიუპოლში არსებულ ვითარებას აფასებდა და გამოთქვამდა ვარაუდს, თუ როგორი შეიძლება იყოს რუსეთის შემდგომი ნაბიჯები ქალაქის სრულად დაკავების შემდეგ.
მთავარი ფოტო: ჩამოგდებული რუსული უპილოტო საფრენი აპარატი/უკრაინის თავდაცვა
„მე თქვენ მოგიყვებით ამბავს. დიახ, უამრავი ამბავი იწყება ამ სიტყვებით „მე თქვენ მოგიყვებით ამბავს“, მაგრამ ამ ამბავში დასასრული ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დასაწყისი…“
ვოლოდიმირ ზელენსკი, კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, 17 მაისი, 2022 წელი.
ეკრანზე ჩანს კაცი, მწვანე სამხედრო მაისურით. ის მაღლა შემართული მუშტით ესალმება აუდიტორიას. როგორც კი შეძახილები იწყება, ჩუმდება და მხოლოდ პაუზის შემდეგ განაგრძობს ლაპარაკს – ყოველთვის მხოლოდ მშობლიურ ენაზე. უკრაინის პრეზიდენტის ეს სახე საკუთარ დარბაზებში უკვე 30 ქვეყნის პარლამენტმა იხილა.
მისი ქვეყანა ომშია და თავადაც ომშია – ეს ყველა დეტალში ჩანს – ერთი შეხედვით, მოუწესრიგებელ გარეგნობაში, ჩაცმულობაში, მეტყველებაში და რაც მთავარია, ტექსტში. ვოლოდიმირ ზელენსკი უარს ამბობს ამგვარი შეხვედრებისთვის დამახასიათებელ მკაცრ კლასიკურ კოსტიუმებზე. მისი გამოსვლებიც მკვეთრად განსხვავდება ტრადიციული დიპლომატიური მიმართვებისგან – ისინი გულწრფელი და პირდაპირია, ზოგჯერ კი – მწარეც.
ზელენსკის საერთაშორისო დებიუტი პირველ მარტს ევროპარლამენტში შედგა. ომის დაწყებიდან მან უკვე 156 გამოსვლა ჩაწერა – სწორედ ამდენი მიმართვის დათვლა შეიძლება უკრაინის პრეზიდენტის საიტზე მისი გამოსვლების განყოფილებაში.
24 თებერვლის შემდეგ თითქმის არ ყოფილა დღე, რომ უკრაინის პრეზიდენტს გამოსვლა არ ჰქონოდა. ის მიმართავს უკრაინელებს, უცხო ქვეყნის პარლამენტებს, NATO-ს, ევროკავშირს და სხვადასხვა ქვეყნის ქალაქების მოედნებზე უკრაინის სოლიდარობის ნიშნად შეკრებილ ადამიანებს.
და ყოველი სიტყვის შემდეგ კიდევ დიდხანს ტოვებს ფეხზე წამომდგარ პუბლიკას და მხურვალე ტაშს.
დიპლომატიის ახალი ეტაპი, სრულიად განსხვავებული ლიდერი, რომელსაც არ ეშინია – საერთაშორისო მედიაში უამრავი მსგავსი შეფასება გაჩნდა. სოციალური მედიის მომხმარებლები უკვე მსჯელობენ იმაზე, როდის შეძლებენ მისი გამოსვლების წიგნად შეძენას, ექსპერტები კი მის ყოველ სიტყვას აანალიზებენ და იკვლევენ, თუ ვინ დგას პრეზიდენტის სიტყვის უკან.
ვინ ქმნის ალუზიებს, მეტაფორებსა და ალეგორიებს, რომლებსაც უკრაინის პრეზიდენტი საკუთარ გამოსვლებში ოსტატურად იყენებს, რათა მთელი მსოფლიო უკრაინის გარშემო გააერთიანოს.
ოსტატური სტრატეგია
კანის წლევანდელი 75-ე კინოფესტივალი უჩვეულოდ გაიხსნა.
სავსე დარბაზი უსმენდა პოლიტიკოსს, რომელიც მას მისსავე ენაზე უყვებოდა ომზე – კინოს ლეგენდის, ჩარლი ჩაპლინის სიტყვებით.
„და მაშინ ეკრანებიდან გაისმა: სიძულვილი გაივლის, დიქტატორები მოკვდებიან და ძალაუფლება, რომელიც მათ ხალხს წაართვეს, კვლავაც ხალხს დაუბრუნდება.
მას შემდეგ კაცობრიობამ უამრავი შესანიშნავი კინოსურათი გადაიღო. და თითქოს ყველამ გაიგო, რომ ადამიანების დაპყრობა შეიძლება მშვენიერებით, ეკრანებთან და არა საშინელებით – თავშესაფრებში.
და კვლავაც, მაშინაც და ახლაც, არის დიქტატორი. კვლავაც, როგორც მაშინ, არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. კვლავაც, როგორც მაშინ, საჭიროა, კინო არ დამუნჯდეს.“
ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფოტო/უკრაინის პრეზიდენტის ოფისი
კინოსაზოგადოებასთან ზელენსკიმ ჩაპლინი მოიხმო, ბრიტანელებთან – შექსპირი და ჩერჩილი, ისრაელის ქნესეთთან – გოლდა მეერი; საბერძნეთის პარლამენტისთვის მთავარი მესიჯი მარიუპოლი იყო – სახლი ბევრი ეთნიკური ბერძენისთვის; ფინელებს საბჭოთა დამპყრობლებისთვის ნასროლი მოლოტოვის კოქტეილები გაახსენა; ავსტრალიასა და ჰოლანდიას – რეისი MH17, მალაიზიური ლაინერი, რომელიც რუსეთმა 2014 წელს უკრაინის თავზე ჩამოაგდო; გერმანიას – ბერლინის კედელი; აშშ-ის კონგრესს – მარტინ ლუთერ კინგი, პერლ ჰარბორი და 9/11; ფრანგებს – მათივე „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“, იაპონიას კი – ბირთვული საფრთხე.
ზელენსკის ყველა საერთაშორისო მიმართვა კონკრეტული მსმენელისთვისაა დაწერილი, იმ ისტორიულ მოვლენებსა და ტრავმებზე აგებული, რომელთა ხსენებაც ამ აუდიტორიაზე ემოციურად იმოქმედებს.
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 13 დღის ქრონიკა შექსპირის „ყოფნა-არყოფნაზე“ პასუხითა და უინსტონ ჩერჩილის 1940 წლის 4 ივნისის ისტორიული სიტყვის ფრაგმენტით დაასრულა:
„ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვიბრძოლებთ ზღვებზე, ვიბრძოლებთ ჰაერში და დავიცავთ ჩვენს მიწას, რადაც უნდა დაგვიჯდეს ეს! ჩვენ ვიბრძოლებთ ტყეებში, მინდვრებში, სანაპიროებზე, ქალაქებსა და სოფლებში, ქუჩებში… და მინდა ჩემგან დავამატო: ჩვენ ვიბრძოლებთ მიწაყრილებზე, კალმიუსისა და დნეპრის ნაპირებზე! და ჩვენ არ დავნებდებით!“
ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის თემთა პალატას მიმართავს. ფოტო/უკრაინის პრეზიდენტის ოფისი
„იყო მსოფლიოს ლიდერი, ნიშნავს იყო მშვიდობის ლიდერი“ – მიმართა მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. კონგრესსა და ამერიკელებს კი უთხრა, რომ „მას აქვს ოცნება“, “დაიცვას უკრაინის ცა”.
„თითქოს კედლის მიღმა ხარ,“ – მიმართა ზელენსკიმ გერმანიის ბუნდესტაგს. – „არა ბერლინის კედლის, არამედ თავისუფლებასა და მონობას შორის ევროპის შუაგულში აღმართული კედლის, რომელიც ჩვენს მიწაზე ყოველი ბომბის დაცემასთან ერთად მყარდება“.
უკრაინის პრეზიდენტი ამ ემოციური და ამაღლებული რიტორიკის ფონზე ძალიან კონკრეტულ რამეებს ითხოვს საერთაშორისო საზოგადოებისგან – ითხოვს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ტანკებს, ჯავშანტექნიკას, სანქციებს მოსკოვისთვის, სრულ ემბარგოს ნავთობსა და გაზზე.
ის ხშირად არც საყვედურს ერიდება: გერმანიის პრეზიდენტს ღიად უთხრა, რომ რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამო ის კიევისთვის სასურველი სტუმარი არ იქნებოდა; ქნესეთთან მიმართვაში ზელენსკიმ გააკრიტიკა ისრაელი, რომ უკრაინას შეიარაღებით არ ეხმარება; იტალიელებს კი პირდაპირ მოუწოდა – „ნუ გახდებით მკვლელების კურორტი“.
„საინფორმაციო ფრონტზე უკრაინამ მასტერკლასი აჩვენა“, – წერს ბრიტანული The Guardian-ი, რომელმაც პირველმა გამოარკვია, თუ ვინ ეხმარება უკრაინის პრეზიდენტს ამ ოსტატური სტრატეგიის შექმნაში.
ზელენსკის გუნდი
„ამ სიტყვებს წერს 38 წლის ყოფილი ჟურნალისტი და პოლიტიკის ანალიტიკოსი, დმიტრო ლიტვინი, რომელსაც თავად სულ რაღაც 200 მიმდევარი ჰყავს ტვიტერზე“, – წერს The Guardian-ი. – „ლიტვინი პრეზიდენტის გუნდის წევრია. ის და მისი კოლეგები რუსეთის შეჭრის პირველი დღეებიდანვე მუშაობენ ბანკოვზე – ეს თეთრი სახლისა და დაუნინგ სტრიტის უკრაინული ეკვივალენტია.“
ბრიტანული გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში დმიტრო ლიტვინი ამბობს, რომ ზელენსკის გამოსვლების უკან ყოველთვის თვითონ ზელენსკი დგას: „სიტყვაში ემოცია ყველაზე მთავარია და, რა თქმა უნდა, ამ ემოციების ავტორი თავად პრეზიდენტია“.
დმიტრო ლიტვინი გამოცემა „ლევი ბერეგის“ ყოფილი მესვეტეა. ის ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ ანალიტიკოსიც იყო.
დმიტრო ლიტვინი. ფოტო/DR
სერგი ლეშჩენკო, კიდევ ერთი ყოფილი ჟურნალისტი და ზელენსკის ომის პერიოდის მრჩეველი, ლიტვინის საქმიანობას ასე ახასიათებს: „ის აგროვებს პრეზიდენტის იდეებს ყოველდღე. ის მუშაობს, როგორც გონებისა და გრძნობების შემგროვებელი“.
როგორ მზადდება უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლები – ამის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს უკრაინული გამოცემა nv.ua (Новое Время), რომელსაც პროცესის დეტალებზე კონფიდენციალური წყარო უყვება პრეზიდენტის ოფისიდან.
გამოცემის წყაროს ცნობით, იდეა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის უცხოეთის პარლამენტებისთვის მიემართა, მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს ეკუთვნოდა. სწორედ ის უწევს კოორდინირებას სახელმწიფოს მეთაურის საერთაშორისო აქტივობებს.
უცხოელ დეპუტატებთან მიმართვების მზადების პროცესი სახელმწიფოთა მეთაურების შეთანხმებით იწყება. შემდეგ თითოეული ქვეყნის საგარეო უწყებასთან და პარლამენტის სპიკერებთან თანხმდება დრო და თარიღი.
როგორც წყარო განმარტავს, პრეზიდენტი ზელენსკი უზიარებს გუნდს თავისი მომავალი სიტყვის მონახაზს, თვითონ როგორ ხედავს მას, ასევე, რა შედეგის მიღება სურს.
„ტექსტს უშუალოდ ლიტვინი წერს, თუმცა ხშირად საქმეში ერთვება ანდრეი სიბიგა, ერმაკის მოადგილე, რომელიც პრეზიდენტის ოფისში შიდაპოლიტიკურ ბლოკს კურირებს“, – წერს გამოცემა. – „ლიტვინს ზოგჯერ ასევე ეხმარება უკრაინის ელჩი იმ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი გამოსვლას გეგმავს. როდესაც სიტყვა მზადაა, მას საბოლოოდ პრეზიდენტი ნახულობს და აფასებს“.
პრეზიდენტის სიტყვის მომზადებას ზოგჯერ რამდენიმე საათი, ზოგჯერ კი რამდენიმე დღე მიაქვს. გამოცემის ინფორმაციით, ყოველი გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტის ოფისი აანალიზებს პოლიტიკოსების, დიპლომატების, საერთაშორისო მედიის გამოხმაურებებს და მიღებულ შედეგებს.
პრეზიდენტის ოფისში ამბობენ, რომ ზელენსკის ყოველ გამოსვლას გარკვეული შედეგი მოაქვს უკრაინისთვის, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.
Новое Время აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ეს შედეგი ნამდვილად თვალსაჩინო იყო. მაგალითად, 29 მარტს ზელენსკიმ მიმართა ნიდერლანდების პარლამენტს, 19 აპრილს კი პრემიერმა მარკ რიუტემ განაცხადა, რომ უკრაინას მძიმე შეიარაღებას მიაწვდიან.
„თუმცა არის რთული შემთხვევებიც, – წერს გამოცემა. – „როდესაც ზელენსკი 20 მარტს ქნესეთის წინაშე გამოვიდა, რეაქცია არაერთგვაროვანი აღმოჩნდა – ისრაელელი პოლიტიკოსებისა და მიმომხილველების ნაწილმა ვერ მიიღო უკრაინის ვითარების ჰოლოკოსტთან შედარება“.
„რა თქმა უნდა, რეაქცია სხვადასხვანაირია“, – ამბობს გამოცემის წყარო. – „თუმცა ამ გამოსვლების აზრი ის კი არაა, რომ ვინმეს თავი მოვაწონოთ ან ტკბილი სიტყვებით ავავსოთ რომელიმე ქვეყნის პარლამენტი – არამედ ის, რომ უკრაინელებს გაუგონ.“
ახალი სიტყვა დიპლომატიაში
საერთაშორისო მედია აღნიშნავს, რომ კიევმა ეფექტიან დიპლომატიურ ინსტრუმენტად აქცია პრეზიდენტის მიმართვები. ზელენსკიმ შეძლო და თავისი გამოსვლებით საზოგადოებრივი და პოლიტიკური განწყობები უკრაინის გარშემო და უკრაინის სასარგებლოდ გააერთიანა.
„მის გამოსვლებში დაბალანსებულია ფაქტები და ემოციები“, – ეუბნება Новое Время-ს პაველ კლიმკინი, პეტრო პოროშენკოს მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი. – „ზელენსკი ძალიან სტრუქტურირებულად აწყობს თავის გამოსვლებს და ამავე დროს, კარგად ახერხებს შეინარჩუნოს პირადი, ადამიანური ხაზიც. ასეთი მიმართვები სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებისადმი, დიპლომატიის ისტორიაში, პირველია. ეს, ერთი მხრივ, გასაგებიცაა, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომი მიდის და სიტყვა დღეს ისეთივე იარაღია, როგორც ის, ნამდვილი, რომელიც ბრძოლაში გამოიყენება“.
ზელენსკი მსოფლიო პოლიტიკოსებისა და დიპლომატების ფონზე გამორჩეულია იმით, რომ მზადაა საგნებს თავისი სახელი დაარქვას, – ფიქრობს იზაბელ ხურშუდიანი, The Washington Post-ის კიევის რედაქციის ხელმძღვანელი. – „ზელენსკი აჩვენებს, რომ მას არ ეშინია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი დიპლომატია ძალიან გულწრფელი და პირდაპირია, ამიტომაც აღწევს ასე ძლიერად ფართო აუდიტორიამდე“.
გამოსვლა კანადის პარლამენტში. ფოტო/The Canadian Press
ზელენსკი ყოველთვის თავისუფლად გრძნობს თავს კამერასთან, სულერთია, თავისი ტელეფონით ლაპარაკობს, პრესკონფერენციაზეა, კაბინეტიდან აქვს პირდაპირი ჩართვა თუ მიწისქვეშა თავშესაფრიდან მიმართავს ხალხს. ექსპერტების უმრავლესობა საერთაშორისო მედიასთან კომენტარებში აღნიშნავს, რომ მსახიობისა და კომედიანტის კარიერა უკრაინის პრეზიდენტის საჯარო გამოსვლების წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღებია.
„ხალხმა იცის, რომ მას გარდასახვა შეუძლია. მეტამორფოზა. ის არის თანამედროვეობის პოლიტიკოსი, რომელიც გართობის სფეროდან მოვიდა“, – ეუბნება ბრიტანულ The Guardian-ს ორისია ლუცევიჩი, Chatham House-სთან არსებული უკრაინული ფორუმის მენეჯერი. მისი თქმით, ზელენსკი და მისი თანამწერლები ხალხისთვის ძალიან გასაგებ და ნაცნობ სახეებს ქმნიან, მათი მესიჯები კი ძალიან კარგადაა დაკავშირებული პოპულარულ კულტურასთან, – „მაგალითად, ამ ომის წარმოჩენა „ნათელისა და ბნელის ბრძოლად“. ამ „ბეჭდების მბრძანებლის“ სტილის დრამაში, რუსი სამხედროები „ორკები“ არიან, პუტინი კი – საურონი“.
აუდიტორიასთან მჭიდრო ემოციური კავშირი რომ ზელენსკის უპირატესობად იქცა, ამას BBC-სთან, უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლების კომენტირებისას, ოტავას უნივერსიტეტის პროფესორი, ნომი კლერ ლაზარიც აღნიშნავს.
„ყოველ გამოსვლაში ის გეუბნება, როგორი ადამიანი ხარ შენ? როგორ ერი ხარ? და თუ შენ არ დგახარ იქ, სადაც უნდა იდგე დღეს, სირცხვილი შენ!”, – პროფესორ ლაზარის აზრით, შეუძლებელია მიხვიდე უცხო ქვეყნის კანონმდებლებთან და ეს უთხრა, თუმცა ზელენსკიმ, როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც სამხედრო აგრესიის მსხვერპლია, ამის თქმის უფლება მოიპოვა.
პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ ის, რასაც ვოლოდიმირ ზელენსკი თავისი გამოსვლებით აკეთებს, ნამდვილი „რევოლუციაა საჯარო პოლიტიკაში“.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ახლა გამოსვლების ახალი სერიისთვის ემზადებიან – ამჯერად აზიისა და აფრიკის ქვეყნების პარლამენტებისადმი – რათა უკრაინამ მხარდაჭერა ევროპის მიღმაც მოიპოვოს და მიაღწიოს მიზანს, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი თავისი ამბის დასასრულად ხედავს:
„და ბოლოს – ჩვენ მოვიგებთ ამ ომს და ჩვენ გვჭირდება კინემატოგრაფი, რომელიც სწორედაც რომ ასეთ ფინალს შექმნის.“
ვოლოდიმირ ზელენსკი, კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, 17 მაისი, 2022 წელი.
მთავარი ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე. ფოტო/უკრაინის პრეზიდენტის ოფისი
ბათუმსა და ქობულეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც ქვეყნის ბიუჯეტიდან ჯამში მაქსიმუმ 12 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საბოლოო სახელშეკრულებო თანხა კი ტენდერების დასრულების შემდეგ დაზუსტდება.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მომსახურების შესყიდვაზე ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული:
პირველი ტენდერი ბათუმში 2 საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის დაპროექტებას და მშენებლობას ითვალისწინებს და სატენდერო თანხა 8 მილიონი ლარია;
მეორე ტენდერით კი, ცენტრი ქობულეთში უნდა დაპროექტდეს და აშენდეს. აქ სატენდერო თანხა 4 მილიონი ლარია.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ბათუმში მშენებლობა ლეონიძის ქუჩაზე, N15-ში და ვოლსკის ქუჩაზე, N11-შია დაგეგმილი.
ბათუმის შემთხვევაში 8-მილიონიანი ტენდერი ფონდს ისე ჰქონდა გამოცხადებული, რომ მეორე მისამართად ვოლსკის ქუჩის ნაცვლად ტექნიკურ დოკუმენტაციაში ქობულეთის საფეხბურთო სტადიონის [„შუქურას“] მისამართი იყო მითითებული.
„ბათუმელები“ დასაზუსტებლად ფონდს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ გაარკვიეს, იყო უზუსტობა და სატენდერო დოკუმენტაციას ჩაასწორებენ.
სატენდერო დოკუმენტებში ცვლილების ასახვამდე ზუსტი მისამართის მოწოდებაზე კი, ფონდში უარი გვითხრეს: „უნდა დაელოდოთ და ცვლილება [ახალი მისამართი] შესყიდვების გვერდზე აისახება.“
ამ ერთი მისამართის შეცვლას ფონდმა ერთი სამუშაო დღე მოანდომა.
„ვინაიდან, ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში ატვირთული ტექნიკური დავალება შეიცავს მექანიკურად დაშვებულ უზუსტობას, კერძოდ კი, არასწორ მისამართსა და საკადასტრო კოდს, ატვირთულ ტექნიკურ დავალებაში მითითებული მისამართი შეიცვალოს მოცემული მისამართით: ქ. ბათუმში, გრიგოლ ვოლსკის ქუჩა – N11“, – აღნიშნულია ფონდის სატენდერო კომისიის ოქმში. ამავე ოქმით გასწორდა არასწორი საკადასტრო კოდიც.
ქობულეთში, ცალკე გამოცხადებული ტენდერის მიხედვით კი, საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი აღმაშენებლის ქუჩის N836-ში უნდა აშენდეს.
სატენდერო დავალების მიხედვით, „აღნიშნული პროექტები ძირითადად ითვალისწინებს ხელოვნურსაფარიანი მოედნის, გასახდელების – ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, განათების, მაყურებელთა ტრიბუნის და კეთილმოწყობის სამუშაოებს“. დამატებითი ინფორმაციის სახით კი ტენდერებს საორიენტაციო პროექტები ახლავს.
ადგილები, სადაც საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები უნდა ააშენონ:
ადგილები [მონიშნულია წითელი ფერით] ბათუმსა და ქობულეთში, სადაც საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა იგეგმება.ორივე ტენდერი Design-Build მეთოდით და პრეისკურანტითაა გამოცხადებული.
სამუშაოები იყოფა სამ ეტაპად:
I ეტაპი – დემონტაჟის სამუშაოები და ესკიზური პროექტის მომზადება;
II ეტაპი – დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
III ეტაპი – სამშენებლო სამუშაოები.
ქობულეთის შემთხვევაში ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 29 მაისს დაიწყება და პირველ ივნისს დასრულდება. ბათუმის შემთხვევაში კი, წინადადებების მიღება 30 მაისს იწყება და 2 ივნისს დასრულდება.
პირობის მიხედვით, ბათუმში ორი და ქობულეთში ერთი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 15 მაისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.
განახლება:აღნიშნული ტენდერები დასრულდა უარყოფითი შედეგით, ამიტომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერები ხელახლა გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 21 და 23 ივნისს დასრულდება.
„პუტინი ჩიხშია. მას არც ომის შეჩერება შეუძლია და არც მისი მოგება. ის ობიექტური მიზეზების გამო ვერ გაიმარჯვებს. ეს ომი რომ შეაჩეროს, მაშინ უნდა აღიაროს, რომ რუსეთი არც ისეთი ძლიერი და დიადი სახელმწიფოა, როგორადაც ის წარმოაჩენს“, – განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა The Wall Street Journal–თან ინტერვიუში.
ინტერვიუს დეტალებს უკრაინის სამხედრო დაზვერვა აქვეყნებს.
„რუსეთის სიშტერეც მაკვირვებს“, – ამბობს უკრაინელი გენერალ-მაიორი. – „ყველა იმ ვარიანტიდან, რომელიც კი ომის დაწყების წინ პუტინს ჰქონდა, მან ყველაზე ბოროტი და ცუდი ვარიანტი აირჩია. სპეციალისტები აფრთხილებდნენ მას, რომ ეს ვარიანტი უკანასკნელი იყო და ძალიან საფუძვლიან შეფასებას საჭიროებდა. ახლა ჩვენ ვხედავთ შედეგს.“
სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინა იბრძოლებს მანამ, ვიდრე მისი ტერიტორიიდან უკანასკნელ რუს სამხედროს არ განდევნის.
„მე არ ვიცი არანაირი საზღვრები 1991 წლის საზღვრების გარდა“, – ამბობს კირილო ბუდანოვი და გულისხმობს უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდს და სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, რომელშიც ყირიმი და დონბასიც შედის.
„ვინ აიძულებს უკრაინას გაყინოს კონფლიქტი? ეს ყველა უკრაინელის ომია და თუკი მსოფლიოში ვინმე ფიქრობს, რომ უკრაინას უკარნახებს პირობებს, როგორ და როდის დაიცვას თავი, ძალიან ცდება.“
დაზვერვის ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ კონტრშეტევის სწრაფად დასაწყებად უკრაინას საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო კომპლექსები, მსხვილკალიბრიანი არტილერია და მოიერიშე თვითმფრინავები სჭირდება.
„ჩვენ ვაწარმოებთ ომს საკუთარ ტერიტორიაზე. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ შეზღუდული უნდა ვიყოთ გარკვეული ტიპის შეიარაღების გამოყენებაში, მინდა მათ შევახსენო, რომ რუსეთი აქ იყენებს ყველა სახის შეიარაღებას, რაც კი აქვს – დაწყებული ფრთოსანი რაკეტებით, რომლებსაც წყალქვეშა ხომალდებიდან უშვებენ, დამთავრებული სტრატეგიული ბომბდამშენებით. აქ გამოიყენება რუსეთის შეიარაღების სრული სპექტრი, ბირთვულის გარდა“, – აღნიშნა ბუდანოვმა.
მაისის დასაწყისში, უკრაინულ გამოცემა Новое Время–სთვის მიცემულ ინტერვიუში, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა ორი გზით დასრულდეს – რუსეთის ფედერაციის ნგრევით და მის სამ და მეტ ნაწილად დაყოფით ან რუსეთის ხელისუფლების ცვლილებით.
მთავარი ფოტო: კირილო ბუდანოვი/უკრაინის პრეზიდენტის ოფისი
ბათუმში მცხოვრები რუსულ-უკრაინული ოჯახი ამბობს, რომ უკრაინის სამკერდე დროშის გამო რუსულენოვანი წყვილის მხრიდან აგრესიის სამიზნე გახდნენ.
ალექსანდრე რუსია, მისი ცოლი – უკრაინელი. როგორც ალექსანდრემ „ბათუმელებს“ უთხრა, შემთხვევა 25 მარტს მოხდა ბათუმის ცენტრალურ პარკში.
„ცოლთან ერთად პარკში ვსეირნობდით. ცოლი უკრაინელია, უკრაინის სამკერდე დროშას ატარებს. ძაღლები გვყავს, შეუყეფეს პარკში ძაღლს, რომელიც წყვილს ჰყავდა. ქალთან კამათი ძაღლების თემით დაიწყო, მაგრამ შემდეგ წამოეკიდა იმაზე, რომ ჩემი ცოლი უკრაინის დროშას ატარებდა. ვუთხარით, რომ მათ სიტუაციაში გარკვეულიყვნენ რუსეთში. ამის შემდეგ კაცი უკვე ძალიან აგრესიულად წამოვიდა, გინებითა და ფურთხებით.
ძალიან აგრესიულები იყვნენ, კამერა ჩავრთე, ვფიქრობდი, რომ ეს შეაჩერებდათ, მაგრამ ასე არ მოხდა, ეს კაცი ამბობდა, რომ ჩვენ არაფერი ვიცით რუსეთზე, რომ რუსეთი შესანიშნავი ქვეყანაა და ა.შ“ – ამბობს ალექსანდრე.
მის მიერ გადაღებულ მოკლე ვიდეოჩანაწერში ჩანს ქალი ძაღლით და კაცი, რომელიც მათ აგინებს, აფურთხებს და ხელით იწევს ალექსანდრესკენ, რომელიც ტელეფონით იღებს. კადრებში ჩანს უკრაინის სამკერდე დროშაც, რომელიც ალექსანდრეს ცოლს ეკეთა.
ალექსანდრე ამბობს, რომ კაცმა მას ხელიც დაარტყა. მან არ იცის რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ისინი, თუმცა, მისი ინფორმაციით, წყვილი რუსეთიდან არის ჩამოსული. მისი თქმით, რომ არა უკრაინის დროშა, ასეთი აგრესია მათი მისამართით არ იქნებოდა.
ალექსანდრემ და მისმა ცოლმა პოლიციას მიმართეს განცხადებით და ვიდეო ჩანაწერიც გადასცეს. მან გვითხრა, რომ გამოძიებას ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილება აწარმოებს, თუმცა, როგორც ის ამბობს, აგრესია მათი მისამართით არ წყდება:
„ყველაზე ცუდი ისაა, რომ ისევ ძალიან აგრესიულად იქცევიან. ეს ქალი ქუჩაში შემხვდა, მითხრა, რომ უკრაინელი „ხ**“ ვარ და თუ უკრაინას ვუჭერ მხარს, ომში უნდა წავიდე, იფურთხება.
უკვე 2 თვეა ამ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ. არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. გაიგეს ჩვენი გვარი, სად ვცხოვრობთ, ცდილობენ პროვოცირებას. უკვე ხულიგნობას გასცდა ეს ამბავი“.
ალექსანდრე ამბობს, რომ მესამე ჯერზე, როცა ქალმა მას ქუჩაში შეურაცხყოფა მიაყენა, საპატრულო პოლიციაშიც დარეკა.
როგორც ალექსანდრე ამბობს, ის და მისი ცოლი ბათუმში უკვე 5 წელია ცხოვრობენ.
„გაკვირვებული და შეშინებული ვართ. წასასვლელიც არსად გვაქვს, უკრაინაში ომია, რუსეთში – მმართველი, რომელიც მიუღებელია. გამოძიებამ ვერ შეაჩერა ვერც ეს კაცი და ვერც ეს ქალი, ამის გაგრძელების გვეშინია“ – გვითხრა მან.
მან გვთხოვა, არ დაგვესახელებინა მისი გვარი: „მე არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ცოლი შიშობს, ჩვენს ირგვლივ ქმნიან ნეგატიურ ატმოსფეროს“.
ალექსანდრე „ბათუმელებს“ 19 მაისს გამოქვეყნებული მასალის წაკითხვის შემდეგ დაუკავშირდა, რომელშიც მოთხრობილია რუსეთის მოქალაქეების აგრესიისშესახებ ბათუმის თარჯიმანთა ბიუროში.
„ისეთ ზღვარზე მივედით, რომ ეს ინფორმაცია უკვე არ შეიძლება იყოს მხოლოდ ჩვენი ოჯახის საზღვრებში. ხალხს, რომელიც ჩვენს მსგავსად მიიღო საქართველომ, არ ესმის, რომ ამ სოციუმში თუ მოხვედი საცხოვრებლად, აქ მხარს უჭერენ ამ პოლიტიკას და მხარი უნდა დაუჭირო ამ ერს. არ მესმის ამ ხალხის“ – ამბობს ალექსანდრე.
„ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინსიტროს დაუკავშირდა კითხვით, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. შს სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით – ძალადობა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აღნიშნულ შემთხვევაზე ერთ პირს ბრალიც აქვს წაყენებული.
ქართველი მებრძოლი უკრაინაში, ვანო ნადირაძე იზიუმთან და ხარკოვთან მიმდინარე ბრძოლების შესახებ გვესაუბრება.
მისი თქმით, ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მიმართულებით აქტიური ბრძოლები მიდის. ამ მიმართულებაზე რუსები უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ და შესაძლოა ეს ორი პატარა ქალაქი ალყაში მოექცეს იმ შემთხვევაში, თუკი რუსები ბახმუტთან (დონეცკის ოლქში) გზის გადაკეტვას შეძლებენ.
„ამ მიმართულებაზე რუსებს 20 ტაქტიკური ბატალიონი ჰყავთ, აღებული აქვთ პოპასნაც, წაიწიეს ლიმანთანაც და ცდილობენ ამ მცირე უპირატესობის შენარჩუნებას.
რა თქმა უნდა, სტრატეგიული ადგილია ეს მიმართულება, მაგრამ ხარკოვის მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წარმატება და კონტრშეტევაზე ვართ გადასული. თუ ამ ტემპით გაგრძელდა, რუსები იძულებული გახდებიან თავდაცვაზე გადავიდნენ“, – გვეუბნება ვანო ნადირაძე.
მას ვკითხეთ, თუ რის ხარჯზე შეძლეს რუსებმა ბახმუტის მიმართულებით უპირატესობის მოპოვება? ვანო ნადირაძის თქმით, რუსები ყველაფერს აკეთებენ, რომ თავის ხალხს რაღაც წარმატება მაინც აჩვენონ.
რაც შეეხება უკრაინელების წარმატებას, როგორც ვანო ნადირაძე ამბობს, გარდა მებრძოლების პროფესიონალიზმისა და თავდადებისა, ეს ამერიკული იარაღის დამსახურებაცაა.
„წარმოიდგინეთ, როგორი შეიარაღება შემოვა მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ლენდ-ლიზის შესახებ კანონს. ივნისის დასაწყისში, შუა რიცხვებამდე ველოდებით მასიურ კონტრშეტევას. ეს, პირველ რიგში, იქნება ხერსონის მიმართულება, რადგან რუსებს არ მიეცეთ აქ რეფერენდუმის ჩატარების და ხერსონის ე.წ. რესპუბლიკის ჩამოყალიბების შესაძლებლობა. ასევე გაგრძელდება იზიუმთან შეტევა. დღესდღეობით, ეს არის ყველაზე ცხელი მიმართულებები ბრძოლის ხაზზე“, – გვეუბნება ვანო ნადირაძე.
ქალაქები, სადაც ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს
მისი თქმით, დღეს უკრაინას არც იარაღის პრობლემა აქვს და არც ადამიანური რესურსის, რუსულ ჯარში კი დეზერტირობა იზრდება.
„დემორალიზებულია და უმოტივაციოა რუსის ჯარი, ასეთ დროს, ძალიან ძნელია წარმატებას მიაღწიო. უკრაინელი კი თავის მიწას, სახლს და ოჯახს იცავს – ეს არის ყველაზე დიდი მოტივაცია“.
ზელენსკიმ საომარი მდგომარეობა სამი თვით გააგრძელა. ქართველი მებრძოლიც იმედოვნებს, რომ სექტემბრის დასაწყისში უკრაინა სრულად გათავისუფლდება რუსებისგან, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიც.
„ისეთ შეტევებს ველოდებით, რომ კაპიტულაციამდე მივა რუსების ჯარი. უკრაინის მიზანი არა მხოლოდ ომამდელი ტერიტორიების გაწმენდაა რუსებისგან, არამედ რუსების სრული კაპიტულაცია დონეცკსა და დონბასშიც. უკრაინა იბრძოლებს ბოლომდე, ითქვა კიდეც, რომ თუ ომია, იყოს ომი უკრაინის ბოლომდე გათავისუფლებისთვის. ვფიქრობ, ეს პროგნოზი გამართლდება“, – ამბობს ვანო ნადირაძე.
ქართველები ამ დროისთვის 93-ე 128-ე და 57-ე ბრიგადებში იბრძვიან. როგორც ვანო ნადირაძე ამბობს, ის კმაყოფილია ქართველი მებრძოლების, რადგან „წესიერად აკეთებენ თავიანთ საქმეს“.
რა გამოცდილება შეგძინათ ქართველ მებრძოლებს უკრაინის ომმა? – ვკითხეთ მას. ვანო ნადირაძის თქმით, დღეს ომის ბედს არტილერია-ავიაცია-ჯავშანტექნიკა და სარაკეტო სისტემები წყვეტს. კონტაქტური ბრძოლის დრო ფაქტობრივად დასრულდა.
„ჯარისკაცები კონტაქტურ ბრძოლაში მაშინ არიან, როცა გაწმენდაზე შედიან. სხვა შემთხვევაში მიდის 21-ე საუკუნის ომი – არტილერია, სარაკეტო დარტყმა და ჯავშანტექნიკა.
შეიძლება წინა ხაზზე იყოს ჯარისკაცი, რამდენიმე დღე გავიდეს და ავტომატი არ გაისროლოს, რადგან საარტილერიო ომი მიდის. ამ ყველაფერს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ ძალიან ბევრ რამეში უნდა შეცვალოს დამოკიდებულება საქართველომ სამხედრო თვალსაზრისით.
ტელევიზორში ვუყურე, ახლა რაღაც წვრთნები რომ ჩაატარეს და გული დამწყდა, რადგან სულ სხვა პრიორიტეტებია დღეს ომში, სულ სხვა ტექნიკები და ეს რაღაც საჩვენებელი მინდორზე გადარბენილ-გადმორბენილი ჯარისკაცების ხანა წავიდა, სხვა რაღაცები გვჭირდება. ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოს მთავრობას ახლა აქვს მომენტი ისარგებლოს სიტუაციით და მიიღოს დახმარება აშშ-სგან. სწორი მიმართულება რომ აერჩიათ და სწორი პოლიტიკური განცხადებები გაეკეთებინათ, საქართველოს თავდაცვა თანამედროვე იარაღით შეივსებოდა“, – ამბობს ვანო ვანო ნადირაძე.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო უკრაინამ, ნაკლებად იბომბება ქალაქები.
„თუ აქამდე ათი რაკეტიდან ათივე ეცემოდა ქალაქს, ახლა ათიდან რვას უკვე აგდებს საჰაერო თავდაცვა. ახლა ველოდებით შორ მანძილზე მსროლელ გემსაწინააღმდეგო რაკეტებსაც და ძალიან მალე ომის სურათი შეიცვლება.
ახლა ფაქტობრივად რუსეთის საზღვარზე ვართ და ვაკონტროლებთ. იქ სადაც ვართ, პატარა მონაკვეთებია კიდევ გასათავისუფლებელი და შემდეგ ინტენსიურად დაიწყება იზიუმი-ლუგანსკის მიმართულებით შეტევები“, – გვეუბნება ვანო ნადირაძე.
რაც შეეხება ომის სისასტიკეებს, ნადირაძე ამბობს, რომ რუსები სხვა დაპყრობილ ქალაქებში კვლავ აგრძელებენ მსგავს სისასტიკეებს, რაც ბუჩასა და ჰოსტომელში ჩაიდინეს. „განსაკუთრებით ზაპოროჟიეს ოლქში ველოდებით მსგავს სურათს“, – ამბობს ქართველი მებრძოლი.
21 წლის აღავნი მოსოიანმა ქართული ენის სწავლა სკოლის ასაკიდან დაიწყო. ეს მისთვის მარტივი არ ყოფილა, რადგან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში, სადაც ის სწავლობდა და ცხოვრობდა, ქართული არავინ იცის. არც მის ოჯახში იცოდნენ ენა. ამის საჭიროება არ ჰქონია სოფელს, რადგან ქართულენოვან მოსახლეობასთან კონტაქტი არ უწევთ და ახალგაზრდების დიდი ნაწილი აქამდე სწავლის დამთავრების შემდეგ სოფელშივე რჩებოდა და სოფლის მეურნეობას მისდევდა.
აღავნიმ და მისმა ძმამ ქართული კარგად ისწავლეს, თუმცა როგორც აღავნი გვიყვება, სკოლაში ენის სწავლის პროცესი მისთვის მარტივი არ ყოფილა.
„ჩემს სოფელში, დილისკაში, ქართულ ენას სომეხი მასწავლებელი გვასწავლიდა. ქართული მისთვის მშობლიური ენა არ იყო და, შესაბამისად, გაკვეთილზე სომხურად უფრო ხშირად გვესაუბრებოდა, ვიდრე ქართულად. ენის აქტიურად სწავლა და პრაქტიკაში გამოყენება დავიწყე 4+1 პროგრამით სწავლისას. ახლა ილიაუნის მესამე კურსის სტუდენტი ვარ და ორ მიმართულებაზე ვსწავლობ: ანგლისტიკასა და გრაფიკულ დიზაინზე,“ – ამბობს აღავნი.
თავიდან აღავნიმ მოდის დიზაინზე ჩააბარა, თუმცა მერე ეს ფაკულტეტი გაუქმდა და გოგო გრაფიკული დიზაინის მიმართულებაზე გადავიდა. პარალელურად ენის სწავლის რეჟიმში მსგავსი ცვლილებები ჯავახეთიდან სასწავლებლად თბილისში გადასული გოგოსთვის საკმაოდ რთული იყო:
„გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარებს ითხოვს ჩვენგან დიდი ქალაქი. მე თბილისივით დიდ ქალაქში არასდროს მიცხოვრია. აქ რომ ჩამოვედი ძმასთან ერთად, ყველაფერი პრობლემა იყო ჩემთვის: არ ვიცოდი ქალაქის გეოგრაფია, ქუჩები. არ ვიცოდი, სად რა ტრანსპორტი დადიოდა. არ ვიცოდი, სად სჯობდა ბინის დაქირავება და ისეთ ჯურღმულებში მიცხოვრია, მზის შუქი რომ არ შემოდის, სარდაფებში, უნივერსიტეტიდან ტრანსპორტით 1, 2 საათის სავალზე. ახლა, სამი წლის შემდეგ, ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება. ენაც უკეთ ვიცი და ვმუშაობ. ვფიქრობ, ინტეგრაცია მოვახერხე ჩემს ქვეყანაში, თუმცა მიმაჩნია, რომ ენა ჯერ კიდევ არ ვიცი ძალიან კარგად და სასწავლი ბევრი მაქვს.“
აღავნი მოსოიანი
აღავნი ახლა ერთ-ერთ მაღაზიაში მოლარედ მუშაობს. ამბობს, რომ გარდა ხელფასისა, მისი მოტივაცია ხალხთან ურთიერთობა და ენის პრაქტიკაა.
ცდილობს, მაღაზიაში ხალხს გამოელაპარაკოს, რამდენადაც შესაძლებელია. აღავნი ამბობს, რომ სამსახური მისთვის ქართული ენის საკომუნიკაციო უნარების განვითარების შესაძლებლობაა.
„მიყვარს თბილისი. აქ უკვე მეგობრებიც მყავს, ბინასაც მეგობარ გოგოსთან ერთად ვქირაობ და ერთად შედარებით მარტივად ვუმკლავდებით გადასახადებს. ვფიქრობ, აქ გავაგრძელებ ცხოვრებას და მუშაობას, მაგრამ ჩემი პროფესია, გრაფიკული დიზაინი, ონლაინ და დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობასაც იძლევა. ასე, რომ შეიძლება ბევრნაირი სამომავლო გეგმის განხილვა,“ – გვეუბნება გოგო ჯავახეთიდან.
აღავნისთვის ინტეგრაციის გზა მარტივი არ ყოფილა, ჰყვება, რომ ოთხი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც თბილისში გადმოვიდა სასწავლებლად, მაღაზიის მოლარეობა მისი პირველი ანაზღაურებადი სამსახურია.
მხოლოდ ბოლო 6 თვეა, რაც დასაქმდა, მანამდე ყველა გასაუბრებაზე უარს იღებდა დამსაქმებლებისგან. როგორც აღავნი ამბობს, უარის მიზეზს არ უხსნიდნენ, მაგრამ ის ფიქრობს, რომ ქართულად გაუმართავი საუბრის გამო არ იღებდნენ სამსახურში.
„ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს უსამსახუროდ, თითქოს არავის ვჭირდებოდი, მაგრამ მერე მიზეზს მივაგენი და ამოცანა დავისახე: ვცდილობდი, ყველაფერი გამეკეთებინა, რომ ქართულად სწორად და კარგად მელაპარაკა. ეს ჩემი სახელმწიფო ენაა, მე და ჩემმა ძმამ სკოლის ასაკიდანვე გავაცნობიერეთ, რომ ვალდებულები ვართ, ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ენა,“ – ამბობს აღავნი.
აღავნი მოსოიანი
ის ილიაუნიში მაგისტრატურაშიც გეგმავს სწავლის გაგრძელებას.
აღავნი აღწერს დილისკას, სოფელს, სადაც სკოლა დაამთავრა. ამ სოფლის ახალგაზრდები, აღავნის გადმოცემით, სკოლის დამთავრების შემდეგ ძირითადად სოფელშივე რჩებიან და სწავლას იშვიათად აგრძელებენ უმაღლეს თუ პროფესიულ სასწავლებლებში.
თუმცა წლების განმავლობაში თანდათან იზრდება იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც სწავლის გაგრძელებას ქართულ უნივერსიტეტებში არჩევენ.
„ჩემი კლასიდან, მაგალითად, შვიდმა ბავშვმა გააგრძელა სწავლა თბილისში. თუმცა ახალგაზრდების ნაწილი მიდის რუსეთშიც, ნაწილი კი სოფელში რჩება.
დილისკაში ბევრ რამეზე არ მიუწვდებათ ხელი ახალგაზრდებს, ბავშვებს. მე პირველად ეს მაშინ ვიგრძენი, როცა სკოლის დაწყებით კლასში ხატვის სწავლა მომინდა სიღრმისეულად და ახლომახლო ვერც მასწავლებელი ვიპოვეთ, ვერც ხატვის წრე – არ იყო არსად. ამიტომ მამას ყოველთვის ახალქალაქში დავყავდი სოფლიდან მანქანით ხატვის გაკვეთილებზე,“ – ამბობს აღავნი.
გარდა იმისა, რომ სტუდენტური სამსახური აქვს, აქვს თავისი ინსტაგრამგვერდიც, სადაც შეკვეთებს იღებს პორტრეტების დასახატად, ესეც მისი შემოსავლის მცირე წყაროა. განსაკუთრებით აქტიურად ზაფხულობით ხატავს პორტრეტებს, როცა გამოცდებს ამთავრებს და შედარებით მეტი თავისუფალი დრო რჩება.
ფინური კომპანია Gasum-ი იუწყება, რომ „გაზპრომი“ 21 მაისს, დილის 7 საათიდან, ფინეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს.
კომპანია Gasum-მა უარი უთხრა რუსეთს გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე. რუსეთის მხრიდან კონტრაქტში ამ ცვლილების გასაჩივრებას ფინური კომპანია არბიტრაჟში აპირებს.
კომპანიის განცხადებით, რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად ფინეთში გაზგასამართი სადგურების მუშაობა შეუფერხებლად გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ფინეთი გაზის დანაკლისის შევსებას ესტონეთიდან, კერძოდ, ბალტიკონექტორის/Balticconnector გაზსადენის მეშვეობით გეგმავს.
როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, გაზის წილი, რომელსაც ფინეთი რუსეთისგან ყიდულობდა, ქვეყნის ენერგოსაჭიროების მხოლოდ 5%-ს შეადგენს.
2022 წლის 1-ელი აპრილიდან უკრაინასთან მიმდინარე ომის პირობებში რუსეთმა მის მიერ „არამეგობრულ“ ქვეყნებად წოდებულ სახელმწიფოებს უკვე დადებული კონტრაქტების რუსულ რუბლში გადახდა მოსთხოვა.
რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ რუსული გაზის იმპორტიორი კომპანიების დაახლოებით ნახევარმა უკვე გახსნა ანგარიშები გაზპრომბანკში გაზის საფასურის რუბლით გადასახდელად.
________________________________
მთავარ ფოტოზე: ფინური კომპანია Gasum-ის ქარხანა/წყარო:ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი
უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ უკრაინაში, ფსიქოლოგიური დახმარების ცხელ ხაზზე ყოველდღიურად შედის შეტყობინებები სექსუალური ძალადობის შესახებ ხარკოვის ოლქიდან, უკრაინელი ჯარისკაცების მიერ გათავისუფლებული ქალაქებიდან და სოფლებიდან.
დენისოვა წერს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ცხელ ხაზზე 56 ზარი შევიდა, მხოლოდ ერთ საათში სექსუალური ძალადობის შემთხვევის შესახებ განაცხადა ათმა ადამიანმა, მათგან 8 შემთხვევა არასრულწლოვანის გაუპატიურებას ეხებოდა.
დენისოვა წერს, რომ ოკუპანტებმა იზიუმში გააუპატიურეს 3 ტყუპი, გოგოები. გაუპატიურება ხდებოდა ბავშვების დედის თვალწინ.
დენისოვას განცხადებაში აღწერილია მცირეწლოვანების გაუპატიურების სხვა შემთხვევებიც:
„მოგვმართა დედამ. მის თვალწინ გააუპატიურეს 9 თვის შვილი.
ორმა პირმა გააუპატიურა ერთი წლის ბიჭი. ბავშვი გარდაიცვალა.
ცოცხალი გადარჩა 2 წლის გოგო, რომელიც ორმა გააუპატიურა“.
უკრაინის სახალხო დამცველი წერს, რომ ეს უკრაინელი ხალხის გენოციდია.
„ეს არის უკრაინელი ხალხის გენოციდი განსაკუთრებული სისასტიკით! ეს არის არა მხოლოდ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების, არამედ მისი არსის, ცივილიზებული სამყაროს მორალის დარღვევა“ – წერს ლუდმილა დენისოვა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ტყვეობიდან გაათავისუფლა სამხედროს ვაჟი, რომლის სანაცვლოდაც რუსი ჯარისკაცები სადაზვერვო ინფორმაციას ითხოვდნენ.
ბავშვის გასათავისუფლებლად უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჩერნიგოვის რაიონში სპეცოპერაცია მაშინ ჩაატარა, როდესაც ეს რეგიონი რუსების მიერ იყო ოკუპირებული.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე, ბიჭის დედამ, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო მოსამსახურეა, იგი უსაფრთხოებისთვის გაგზავნა ჩერნიგოვის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ნათესავებთან.
მაგრამ მალე სოფელი რუსების დროებითი ოკუპაციის ქვეშ მოექცა. ბავშვთან კავშირი დაიკარგა.
რამდენიმე დღის შემდეგ დედის ტელეფონზე უცნობი ნომრიდან ზარი შევიდა. მას უთხრეს, რომ მისი შვილი ტყვეობაში იყო. ოკუპანტებმა მოზარდის გათავისუფლების პირობა წამოაყენეს: მას გაათავისუფლებდნენ რეგიონში დისლოცირებული, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგი სამხედრო ობიექტების განლაგების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ.
ქალმა დახმარებისთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს მიმართა. საპასუხოდ სპეცსამსახურების კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა შეიმუშავეს და ჩაატარეს წარმატებული სპეცოპერაცია ბავშვის გადასარჩენად.
საქართველოს გზებზე ბოლო პერიოდში არაერთ ადგილზე, განსაკუთრებით საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან, ტრაილერების საკმაოდ გრძელი რიგებია.
შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვა და სატვირთო ავტომობილები უსაფრთხოდ განსაზღვრული რიგითობის დაცვით გადაადგილდებიან.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ქვეყანაში და „მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე“.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ომის გაჩაღების გამო რუსეთსა და ბელარუსს აშშ-მ, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა გარკვეული სანქციები დაუწესეს. სანქციები ეხება გარკვეული ტვირთების იმპორტ-ექსპორტსაც.
გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის გამო, „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორ აკონტროლებენ საქართველოში იმ ტვირთებს [იმპორტი-ექსპორტი-ტრანზიტი], რომლებიც რუსეთსა და ბელარუსს უკავშირდება.
„24 თებერვლიდან დღემდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან/საბაჟო ტერიტორიის გავლით, ორმაგი დანიშნულების, სამხედრო პროდუქციის ან ე.წ. „სანქცირებული პროდუქციის“ ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთის ფედერაციაში და ბელარუსში არ განხორციელებულა“, – მოგვწერეს შემოსავლების სამსახურიდან 2022 წლის 17 მაისს.
საქართველოს შემოსავლების სამსახურისგან ასევე ვითხოვდით ინფორმაციას, „იყო თუ არა 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე პერიოდში საქართველოდან რუსეთში ან/და ბელარუსში ან პირიქით, სანქცირებული პროდუქციის გატანის ან გატანის მცდელობის [იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის, რეექსპორტის გზით] ფაქტები – ვის მიერ, რა პროდუქცია იყო და რა ზომები გატარდა“.
აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა ინფორმაცია არ მოგვაწოდა.
„გაცნობებთ, რომ თქვენი წერილით მოთხოვნილი ეს ინფორმაცია წარმოადგენს საბაჟო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რომელიც სხვა პირს შეიძლება გადაეცეს მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად“, – მოგვწერეს შემოსავლების სამსახურიდან.
ინფორმაციისთვის: საბაჟო კოდექსის მე-11 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანოში პირის შესახებ არსებული ინფორმაცია არის საბაჟო საიდუმლოება. პირის შესახებ ინფორმაცია, რომელიც საბაჟო საიდუმლოებას შეიცავს, სხვა პირს შეიძლება გადაეცეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სხვა პირს გადასახადის გადამხდელის წერილობითი/ელექტრონული ნებართვის შემთხვევაში.
გამომდინარე აქედან, შემოსავლების სამსახურს შეეძლო „ბათუმელებისთვის“ მოეწოდებინა ინფორმაცია, იყო თუ არა სანქცირებული პროდუქციის საქართველოში შემოტანის ან გატანის მცდელობის ფაქტები და ეს ინფორმაცია მოეწოდებინა ისე, რომ არ დაეკონკრეტებინა კომპანიები.
„საბაჟო კონტროლის პროცედურების 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა. აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მიზნით, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილება ხორციელდება განსაზღვრული რიგითობის დაცვით, რადგან ზოგიერთი მიმღები ქვეყნების ტერიტორიებზე მიმდინარე განახლებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და ახალი ელექტრონული რეგისტრაციის სისტემების დანერგვის გამო, გარკვეული პერიოდულობით ხდება კონტროლის პროცესების ნაწილობრივ შეფერხება, საქართველოდან გასული ავტომობილების მიმართ“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გუშინ, 19 მაისს, გავრცელებულ ინფორმაციაში.
„გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გამოწვევების გადაჭრის გზები“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
მთავარი ფოტო: ტრაილერების კოლონა ქობულეთის შემოვლით გზაზე / „ბათუმელების“ არქივიდან
შრომის ინსპექციის ინფორმაციით, 10 ათასი ლარით დააჯარიმეს პირი, რომელიც არასრულწლოვანს იძულებით ამუშავებდა.
„არაგეგმური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვანი, 15 წლის ბიჭი, 5 თვის განმავლობაში მუშაობდა მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე, რომლის მოვალეობაში შედიოდა ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა (საქონლის შიგთავსის გადაყრა, ხორცის მანქანაში ჩატვირთვა და ტერიტორიის დასუფთავება ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გარეშე და ა.შ.).
არასრულწლოვანთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა, რომ მუშაობის დაწყებიდან მალევე კომპანიის უფლებამოსილი პირი (დირექტორის მოადგილე/საქმისმწარმოებელი) მას სისტემატურად სთხოვდა სასაკლაოს მომიჯნავედ არსებული, მისი კუთვნილი ფერმის საქმიანობაში დახმარებას, რაც გულისხმობს მსხვილფეხა საქონლის მოვლას. ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი სამსახურიდან გაგდების მუქარით, თვეების განმავლობაში აიძულებდა არასრულწლოვანს პირადი ფერმის საქმიანობის შესრულებას, რაშიც ის არანაირ გასამრჯელოს არ იღებდა.
მუშაობის დაწყებიდან 5 თვის თავზე არასრულწლოვანმა უარი უთხრა მის უშუალო ხელმძღვანელს ფერმაში საქმიანობის შესრულებაზე, რის შემდეგაც მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს და ნამუშევარი დღეების ფულადი ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლა სამსახურიდან“, – წერს შრომის ინსპექცია.
ამავე წყაროს ინფორმაციით, გარდა იძულებითი შრომისა, ასევე დარღვეულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაც (01-126ნ), რომლის მიხედვითაც აკრძალულია არასრულწლოვნის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამსახურში დასაქმება. „მსხვილფეხა საქონლის სასაკლაო და ფერმა კი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება“.
შრომის ინსპექციის სამსახურმა ორგანიზაცია 10 000 ლარით დააჯარიმა არასრულწლოვნის იძულებითი შრომისა და შრომითი უფლებების დარღვევისათვის.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებს მათი ისტორიული გვარის დაბრუნების უფლება ექნებათ.
„კანონპროექტის მიღების შედეგად, ფორმირებული იქნება გვარის შეცვლის დეტალიზებული პროცედურა, შედეგად კი, განმცხადებლები აღნიშნული სერვისის მიღებას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებაში შეძლებენ“, – წერს პარლამენტი.
დღეს, 20 მაისს, ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შეხვდა.
საკანონმდებლო ინიციატივა – „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ სამოქალაქო პლატფორმა „სალამს“ ეკუთვნის, რომელიც ისტორიული გვარის დაბრუნების მოთხოვნით მთელი წელი აწარმოებდა კამპანიას – „გვარი დამიბრუნე“ და საკანონმდებლო ინიციატივისთვის საჭირო 25 ათასი ხელმოწერაც შეაგროვა.
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ითხოვენ, რომ მათ ისტორიულ გვარებს ჩამოშორდეს რუსული სუფიქსები, როგორიცაა: -ოვ(ა), -ევ(ა).
მაგალითად, ხალილოვი – ხალილლი
მამედოვი – მამადლი
ისმაილოვა – ისმაილი და ასე შემდეგ.
საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები მათი გვარების რუსულ დაბოლოებებს საბჭოთა/რუსული ოკუპაციის არასასურველ ანდერძად მიიჩნევენ.
კანონპროექტი სწორედ ამ გვარების ავთენტური ანუ მათი ეთნიკური ტრადიციებისა და კულტურული იდენტობისთვის დამახასიათებელი პრინციპით შექმნილი გვარის მინიჭების ეფექტიანი მექანიზმის შექმნას ითვალისწინებდა.
რა შეიცვალა ბათუმის ბულვარის გენგეგმის პირველად ვარიანტში და როგორ ჩამოყალიბდა ის საბოლოოდ? – ამის შესახებ ბათუმში მოქალაქეებს ინფორმაცია არ აქვთ, ბულვარის ადმინისტრაციას დოკუმენტი ჯერ არ გაუსაჯაროებია. გენგეგმის საბოლოო ვერსია არც ბათუმის მერიაში და, შესაბამისად, არც საკრებულოში არ გადაუგზავნიათ.
მართალია, ბათუმის ახალარჩეული საკრებულო ჯერ ვერ ფუნქციონირებს, თუმცა დოკუმენტის მიღების შემთხვევაში საკრებულოს მოქმედ წევრებს მინიმუმ მისი საჯაროდ განხილვის უზრუნველყოფა შეეძლოთ.
დოკუმენტი, რომლის მომზადებაშიც ბიუჯეტიდან ანუ ხალხის ფულიდან ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა, მოქალაქეებისთვის ჯერჯერობით მისაწვდომი არ არის.
არც ის ვიცით, დაახლოებით რა ვადაში შეძლებს ბულვარის ადმინისტრაცია დოკუმენტის მერიისთვის გადაგზავნას: „მოცულობით ძალიან დიდია და ადმინისტრაციის უფროსი მოამზადებს მას გადასაგზავნად“.
გენგეგმის მიღების შემდეგ ბათუმის მერიამ ის საკრებულოს უნდა წარუდგინოს, საკრებულო კი განიხილავს მას და დასამტკიცებლად მოამზადებს. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბულვარის გენგეგმას 2022 წელს დაამტკიცებენ.
თვითმმართველობის ორგანოებს აქვთ, ასევე, ვალდებულება, რომ დოკუმენტი დამტკიცებამდე საჯაროდ განსახილველად გაიტანონ და დაინტერესებული მოქალაქეების, ასევე, სპეციალისტების მოსაზრებები მოისმინონ.
რა ხდება ბულვარში, ვიდრე გენგეგმას დაამტკიცებენ? – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილების თანახმად, აქ მოვლასთან დაკავშირებული სამუშაოების გარდა რაიმე სახის ახალ სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვა არ უნდა გაიცეს.
„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე, გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ნებისმიერ ახალ სამშენებლო პროექტზე,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ 2021 წლის 30 მარტს, აჭარისმთავრობისსხდომაზე.
ამ განცხადების შემდეგ „ამბასადორმა“ ბულვარში ორი უკანონო სართული ააშენა, შემდეგ კი პროექტში ცვლილებაზე ნებართვა მიიღო, რითაც ავტომატურად დაიკანონა უნებართვოდ აშენებული სართულები.
იმავე სხდომაზე, 2021 წლის 30 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ ბულვარს სამართავად ბათუმის თვითმმართველობას უბრუნებს და ეს გასცემს კითხვებზე პასუხს, რომელიც საზოგადოებას ბულვარის მართვასთან დაკავშირებით აქვს.
„ისიც გასაგებია, რომ ბულვარი თავისი დანიშნულებით წარმოადგენს სარეკრეაციო სივრცეს. ამიტომ მე ვავალებ ეკონომიკის მინისტრს და ასევე ვთხოვ ბათუმის თვითმმართველობას, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში უსწრაფესად მოახდინონ ბათუმის ბულვარის მუნიციპალიტეტისთვის სამართავად გადაცემა. ეს ერთხელ და სამუდამოდ კითხვებს გასცემს იმ პასუხებს, რომლებიც შესაძლოა არსებობდეს ბათუმელებში, რომლებიც შესაძლოა არსებობდეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში…“ – თქვა მაშინ თორნიკე რიჟვაძემ.
არც ბათუმის მერმა [რომელიც მაშინ მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო] და არც აჭარის ფინანსთა მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ თავმჯდომარის დავალება „უსწრაფესად“ არ შეასრულეს, ბათუმის ბულვარს ისევ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მართავს.
რამდენიმე დღის წინ ჩაწერილ ინტერვიუში ბულვარის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სოფიო ლაზიშვილმა გვითხრა, რომ მომავალ წელს ბულვარში ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. შესაბამისად, საინტერესოა, რომელ ბიუჯეტში გაითვალისწინებენ რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხას – ბათუმის მუნიციპალიტეტის თუ ისევ რესპუბლიკურ ბიუჯეტში.
კიდევ ერთი საკითხი, რაც კითხვებს აჩენს, არის ის, თუ რატომ აჭიანურებს ბულვარის ადმინისტრაცია პლაჟზე ასათვისებელი კომერციული სივრცეების ელექტრონული აუქციონის წესით გასხვისებას. არც ისაა გამორიცხული, რომ ისევ გაუგრძელონ ხელშეკრულებები იმ მოიჯარეებს, რომლებმაც გასულ წელსაც შეინარჩუნეს პანდემიის გამო ძველი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.
დღეს, 20 მაისს, საქართველოს საჯარო სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა მეთორმეტეკლასელებისთვის.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს რეგიონში სკოლას 4 681 მეთორმეტეკლასელი ამთავრებს.
ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაშიც მეთორმეტეკლასელებმა ტრადიციულად მოუხატეს ერთმანეთს თეთრი პერანგები და სამახსოვრო წარწერები გააკეთეს.
მეთორმეტეკლასელებს სამახსოვრო წარწერები თეთრ პერანგებზე კლასის დამრიგებელმა და სხვა მასწავლებლებმაც დაუტოვეს.
ბოლო ზარი ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში.ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაბათუმის მე-16 სკოლა, ბოლო ზარი
როგორც აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, რამდენი მოსწავლე ამთავრებს მე-12 კლასს ოქროს ან ვერცხლის მედალზე. მათი თქმით, მონაცემების შეგროვებას რესურსცენტრები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყებენ.
სასწავლო პროცესი პირველკლასელებისთვის 27 მაისს დასრულდება, სხვა კლასებისთვის კი – 15 ივნისს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ არ უპასუხეს კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება გუშინ, 19 მაისს, ბათუმში, ერთ-ერთ სათარჯიმნო ბიუროში მომხდარ ინციდენტზე.
19 მაისს ბათუმში ერთ-ერთ სათარჯიმნო ბიუროში მისულმა რუსეთის მოქალაქეებმა იქვე გაკრული უკრაინის დროშა ჩამოხიეს. ორი ქალი და ორი კაცი გააღიზიანა წარწერამ – „რუსკი კარაბლ იდი…“ ბიუროს შენობაში ამ დროს მხოლოდ ორი ქალი თანამშრომელი იყო. რუსებმა ერთ-ერთ მათგანს ხელი გაარტყეს.
„ტელეფონით ვიღებდი, როცა ფიზიკურად შემეხო, ხელი დამარტყა. გამოვიძახეთ პოლიცია და მალევე მოვიდნენ, გადამიყვანეს განყოფილებაში, სადაც მივეცი ჩვენება“, – ამბობს ბიუროს თანამშრომელი ნანა წაქაძე.
ბიუროს ერთ-ერთი თანამშრომლის, ელენე ხაჯიშვილის მონათხრობით, როცა დაიწყეს უკრაინის დროშის დაზიანება, მისმა კოლეგამ, ნანა წაქაძემ, რუსეთის მოქალაქეებს მიუთითა, რომ ისინი იმყოფებოდნენ კერძო საკუთრებაში და სხვის ქონებას აზიანებდნენ. „თან დაიწყო ტელეფონით გადაღება“ და ამის გამო ფიზიკურად შეეხნენ: „დაარტყეს“, – გვიყვება ელენე.
შენიშვნა: მოგვინაბით შსს-ში განგვიმარტეს, რომ დაიწყო საქმის წარმოება ადმინისტრაციული წესით.
ნატალია იაროში ხარკოვში ცხოვრობს ოჯახის შვიდ წევრთან ერთად. რამდენიმე კვირის წინ რუსმა ოკუპანტებმა მისი სადარბაზო დაბომბეს. ნატალიას შვილი მესამე ჯგუფის შშმ პირია, დედას კი დიაბეტი აქვს და ინსულინდამოკიდებულია.
ომის დაწყებამდე ნატალია სპორტდარბაზებისთვის საფრენბურთო ბადეებს ქსოვდა. სხვა რამეებსაც ქსოვდა შეკვეთით. მაგრამ ახლა ეს მომსახურება არავის სჭირდება უკრაინაში. ის ახლა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ქსოვს სამხედრო ბადე-სამალავებს მოხალისეობრივად.
„დიაბეტიანი დედაჩემის მდგომარეობა თანდათან რთულდება და თუნდაც მცირე ფინანსური დახმარება ჩემთვის დიდი შეღავათი იქნება.
ხარკოვში ცოტათი ჩაწყნარდა სიტუაცია, მაგრამ ქალაქში უამრავი პრობლემაა. იქნებ გამოჩნდეს ვინმე, ვინც მცირე თანხით მაინც დაგვეხმარება. ეს ახლა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ქალაქი გაათავისუფლეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა ოკუპანტებისგან და სახმელეთო არტილერია აღარ გვიტევს, მაგრამ უკრაინის ცა ისევ ღიაა და ხარკოვის თავზეც ჩნდებიან ისევ ბომბდამშენები.
რუსული საბრძოლო ვერტმფრენებისგან ვერავინ გვიცავს. დღეს, დილის ოთხზე, ხარკოვის ერთ-ერთ უბანში, შიშკოვაში ისროდნენ. გუშინ ღამით კი ჩვენებმა ხარკოვში რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს.
მე ახლა ვზივარ და ჩვენი ჯარისკაცებისთვის შესანიღბ სამხედრო ბადეს ვქსოვ. ჩემი ეს შრომა არ ნაზღაურდება. მე ეს მესმის. ომია და ყველა ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია.
ძალიან ბევრი შესანიღბი ბადე სჭირდებათ.
დედას დიაბეტი აქვს, მისთვის ძალიან მძიმეა ეს ომი – ინსულინდამოკიდებულია და ფაქტობრივად, ლოგინად ჩავარდა ომის დაწყების შემდეგ ნერვიულობისგან. ვეცდები, ფოტოს გადასაღებად მაინც წამოვაყენო, რომ გამოგიგზავნოთ.
გული, ფეხები, სახსრები – ყველაფერი აწუხებს ამ ფონზე. ვცდილობ, საკვები მაინც მოვუმზადო მრავალფეროვანი და საჭირო წამლები, ვიტამინები მივაწოდო, გვაქვს ჰიგიენური საშუალებების დიდი პრობლემაც, რაც ლოგინში ჩაწოლილი ავადმყოფის მოსავლელად აუცილებელია.
რაღაცას ჰუმანიტარული დახმარება გვაწვდის, მაგრამ არა ყველაფერს.
პროდუქტის მაღაზიები მუშაობს ხარკოვში.
ზოგიერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მოძრაობს უკვე ახლა, მაგრამ დღისა და ღამის განმავლობაში საჰაერო განგაშის ხმა მაინც ისმის.
ჩემი შვილი მესამე ჯგუფის შშმ პირია. მაღაზიაში მუშაობდა, რომელიც დაიბომბა. მე სახლიდან ვმუშაობდი. ვქსოვდი შეკვეთით. ვქსოვდი მათ შორის სპორტდარბაზებისთვის საფრენბურთო და საფეხბურთო ბადეებს.
უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და შესაბამისად ხელფასი, ცდილობენ აამუშაონ სამკერვალო ფაბრიკები და პურის ქარხნები.
გიგზავნით ჩემი შვილის უკრაინული საბანკო ანგარიშის ნომერს და ჩემი ფეიფალის მისამართს: natalockaaros@gmail.com
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 მაისის 21 საათიდან 21 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით მცირე წვიმა, დღისით – უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.
ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 15-20 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში – ღამით 3-8, დღისით 13-18 გრადუსი სითბო
მაღალ მთაში – ღამით 0-5, დღისით 5-10 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +15 გრადუსია.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 22 და 23 მაისს აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
მთავარი ფოტო: ბათუმის ცენტრალური პარკი, მაისი, 2022 / ფოტო: მარიამ მუთიძე/ბათუმელები
როგორია იყო ჟურნალისტი და იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სრულმასშტაბიან ომშია – პირად და სარედაქციო გამოცდილებაზე „ბათუმელებს“ უკრაინული მედიაკომპანია „ბაბელის“ ინგლისურენოვანი გამოცემის რედაქტორი, ანტონ სემიჟენკო უყვება.
დაახლოებით 15 წელია ჟურნალისტიკაში ვარ. ყველაფერი რადიოდან დაიწყო. შემდეგ იყო სხვა მედიაპლატფორმები. „ბაბელში“ ბოლო ერთი წელია ვმუშაობ.
„ბაბელი“ ომამდე იყო კომერციულად მომგებიანი მედიაკომპანია, რომლის დაფინანსების ძირითად წყაროს სარეკლამო და გამოწერებიდან მიღებული შემოსავლები წარმოადგენდა. ვწერდით სხვადასხვა თემაზე – კულტურა, მეცნიერება, საერთაშორისო სიახლეები.
24 თებერვლის შემდეგ, ისევე როგორც სხვა უკრაინულმა მედიასაშუალებებმა, „ბაბელმაც“ დაკარგა შემოსავლის ეს გზები, – აღარ არსებობს რეკლამა, ხალხს აღარ აქვს ფული საინფორმაციო კონტენტის შესაძენად.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, შეიცვალა „ბაბელის“ სარედაქციო პოლიტიკაც – გამოცემა აქტიურად გადაერთო კონფლიქტის ესკალაციის საკითხებზე და რუსულენოვანი ვერსია ჩაანაცვლა ინგლისურენოვანით.
პირადად ჩემთვის ეს იყო სრულიად უცხო გამოცდილება, შავი ხვრელივით, რომელიც მთლიანად გითრევს. მეორე მხრივ, როდესაც ომია, ბევრი ფიქრი არც გჭირდება, ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებს. რა თქმა უნდა, კარგია, რომ კულტურა და მეცნიერება, ისევე, როგორც სხვა თემები განაგრძობენ არსებობას, მაგრამ ის, რაც შენ და შენს მკითხველებს სჭირდებათ გადარჩენისთვის, ოპერატიული ინფორმაციაა ომის შესახებ.
ომამდე ველზე ვმუშაობდი, დავდიოდი და ვაშუქებდი ამბებს. მახსოვს ერთ-ერთი მასალა მქონდა იმაზე, თუ როგორ ყიდულობდნენ უკრაინელები თავდასაცავად ჩუმად იარაღს. რაც ომი დაიწყო, მთლიანად გადავერთე რედაქტორის პოზიციაზე, დროის უდიდეს ნაწილს ლეპტოპის ეკრანთან ვატარებ. არ მაქვს დრო რაიმე მასალის მოსამზადებლად ან ინტერვიუს ჩასაწერად.
„ბაბელის” რედაქცია 24 თებერვლიდან კიევში მდებარე ერთ-ერთ ბარში გადავიდა სამუშაოდ. დაბომბვისა და საჰაერო განგაშის დროს, ჟურნალისტები სარდაფში მუშაობდნენ. როდესაც თავისუფალი დრო ჰქონდათ, ბარის მფლობელებს ეხმარებოდნენ თავდაცვის ძალებისთვის საკვების მომზადებასა და განაწილებაში.
ახლა ჩვენს გუნდში 30-მდე ადამიანია. გვყავს ფრილანსერი ჟურნალისტი, რომელიც რეგულარულად გვაწვდის მასალას ბრძოლის წინა ხაზიდან. ის ახლა დონბასის რეგიონშია. მანამდე იმყოფებოდა კიევის რეგიონში გათავისუფლებულ დასახლებებში, საიდანაც მოგვაწოდა რეპორტაჟი რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგებზე. ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი, კიევთან ახლოს, დროებით ოკუპირებულ სოფელში რამდენიმე კვირა ცხოვრობდა, მანამდე მუშაობდა და გვაწვდიდა ინფორმაციას, სანამ ინტერნეტთან წვდომა ჰქონდა. ასევე გვყავს მოხალისეები, რომლებიც უსასყიდლოდ თარგმნიან მასალებს, რათა მსოფლიო გაიგოს იმ ყველაფრის შესახებ, რასაც რუსეთი უკრაინას უკეთებს.
გუნდის წევრები მაქსიმალურად ცდილობდნენ არსებული ფინანსური რესურსები დაეზოგათ და გადაადგილებისა თუ სხვა ხარჯებისთვის საკუთარი დანაზოგი გამოეყენებინათ, მაგრამ რამდენადაც ომი გრძელდება, რესურსები იწურება, ინვესტორები მძიმე ეკონომიკურ ზიანს განიცდიან და „ბაბელს“, რომელსაც აქამდე არასდროს გამოუყენებია საგრანტო დაფინანსება, უწევს სხვადასხვა საერთაშორისო დონორს მიმართოს, რათა საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება შეძლოს.
მე ვარ ხერსონის რეგიონიდან, რომელიც რუსიფიცირების გამო ძირითადად რუსულენოვანია. ასევე ჩვენი მთავარი რედაქტორი ლუგანსკიდანაა და მისთვისაც პირველი ენა რუსული იყო. მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ რუსული ენა არ არის მხოლოდ ენა; ის გამოიყენება, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, მაგალითად, პუტინისთვის საბაბია, რომ თითქოს არსებობს ვიღაც უკრაინაში, ვისაც გადარჩენა და გათავისუფლება სჭირდება. ჩვენი მკითხველის უდიდეს ნაწილს უკრაინაში ესმის უკრაინული ენაც, ასე რომ, რუსულენოვანი გამოცემის გაუქმებით უკრაინული საზოგადოების არცერთი ნაწილი არ დაგვიტოვებია ინფორმაციის მიღმა.
რუსულ ენაზე უარის თქმა უკრაინაში ერთგვარი ტრენდიც გახდა, ჩემ ირგვლივ უამრავი ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ კომუნიკაციასა თუ სოციალურ ქსელებში რუსულ ენას იყენებდა, გადაერთო უკრაინულზე.
რუსებთანდიალოგისთვისუკვეგვიანია
იყო მცდელობები რუსებისთვის მიმართვის, მათთან კომუნიკაციის, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ წარმატებით. ჩვენ არ გვაქვს ამდენი რესურსი და ინფრასტრუქტურა საინფორმაციო ომში, რამდენიც რუსებს.
რუსებთან კომუნიკაციისთვის უკვე ძალიან გვიანია. შესაძლოა, პუტინი ძალიან კარგად მუშაობს რუსების საინფორმაციო იზოლირებაზე და იმდენი პროპაგანდისტული ინფორმაციით აავსო მათი გონება, რომ მათ, უბრალოდ, აღარ დარჩათ „ოპერატიული მეხსიერება“ სხვა ინფორმაციის დასამუშავებლად.
მე მყავს ნათესავები რუსეთში. მათ თავიც კი არ შეუწუხებიათ, რომ დაერეკათ და უბრალოდ ეკითხათ, როგორ ვართ, როგორ არიან ჩემი მშობლები, რომლებისთვისაც ეს ძალიან რთული და სტრესული დღეები იყო. ჩემს ნათესავებს რუსეთიდან არც მოვუკითხივართ. ასე რომ, ისინი უკვე მზად იყვნენ ამ ომთან დაკავშირებული პროპაგანდის მისაღებად. მათ წლების განმავლობაში ურეცხავდნენ ტვინს. უკრაინა ვერ შეძლებდა ამის ანტიდოტის შეთავაზებას.
ჩვენ გვაქვს პოდკასტი, სადაც სხვადასხვა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ისაუბროს თავის გამოცდილებაზე, იმაზე, თუ როგორ შეეხო ომი. ერთ-ერთ გადაცემაში საუბრობდა რუსი მოხალისე, რომელიც უკრაინაშია და ჩართულია რუსების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის გამოძიებაში.
იგი ამტკიცებს, რომ ბუჩის ხოცვა-ჟლეტა რუს სამხედროებს წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი და მას აქვს ამის არგუმენტები. მას აქვს პატარა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არ არის დიდად ცნობილი, მაგრამ რადგანაც ჰყავს რუსეთში კონტაქტები, რომლებიც ეხმარებიან რუსი სამხედროების იდენტიფიცირებაში და მათ შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში, ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე შეძლო არაერთი დამნაშავე რუსი სამხედროს გამოვლენა.
ამ მაგალითზე დაყრდნობით გვესმის, რომ რუსეთი და რუსეთის საზოგადოება არ არის ჰომოგენური. პირიქით, ეს არის რაც პუტინს სურს – დავიჯეროთ, რომ ყველა რუსს სურს უკრაინის განადგურება. ეს, რა თქმა უნდა, ასე არაა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ ომს და ხშირად მათი ხმა დადუმებულია. ჩვენ ალბათ უნდა ვიპოვოთ ეს ხმები, ეს ადამიანები და შესაძლოა, ეს დაგვეხმაროს კიდეც რუსული საზოგადოების შიგნით ცვლილებებში. უბრალოდ, არ მგონია, რომ ამისთვის გვაქვს შესაბამისი რესურსები და ინსტრუმენტები.
რაც შეეხება რუსულ კრიტიკულ მედიას, ჩვენს გამოცემას არ აქვს ახლო კავშირები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მედიაკომპანია უკრაინაში მჭიდროდ თანამშრომლობს რუსულ ლიბერალურ მედიასა და ჟურნალისტებთან.
პირადად მე ვკითხულობ „მედუზას“, „ნოვაია გაზეტას“ და რამდენიმე სხვას. ვაფასებ მათ საქმეს, ვფიქრობ, რომ ნამდვილად ძალიან კარგ და ღირებულ საქმეს აკეთებენ რუსეთისთვის. ეს მათი სულების გადარჩენისთვისაა. შეიძლება, ისინი რაღაც საკითხებში იყვნენ ჩვენი პარტნიორები, მაგრამ არა ყოველთვის. ისინი ამას არ აკეთებენ უკრაინისთვის.
რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა პეტიცია რუსი არტისტის დასახმარებლად, რომელიც ციხეში აღმოჩნდა თავისი ანტისაომარი განცხადებისთვის. ამ პეტიციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება საკუთარ სოციალურ ქსელებში და მხარდაჭერა სთხოვეს ერთ-ერთ უკრაინელ არტისტს. ის აღშფოთდა და თქვა „რანაირად შეიძლება, რომ ამის თხოვნას ბედავენ, ისინი რუსები არიან, რატომ უნდა გამოვუცხადო მხარდაჭერა და ამისთვის რამე გავაკეთო“? – მის ამ დამოკიდებულებას უამრავი ადამიანი დადებითად გამოეხმაურა.
უკრაინელები ამ ომით უკვე ტრავმირებულები ვართ. გუშინ გვქონდა დისკუსია სოციალურ ქსელში – ადამიანები ჰყვებოდნენ საკუთარ გამოცდილებაზე, გაქცევაზე, მიგრაციაზე…უკვე ყველა ჩვენგანმა დაკარგა ამ ომში ვიღაც – ნათესავი, ახლობელი თუ მეგობარი, რომელიც მოკლეს და ეს ვეღარ შეიცვლება. ამ ტრავმებთან გამკლავება საკმაოდ რთულია. რაც ყველაზე მეტად გვინდა, არის უზარმაზარი კედლის აშენება, რომ მის მიღმა დარჩეს რუსეთი და რუსები და მათ შესახებ აღარასდროს გავიგოთ. მათ გარეშე მშვენივრად ვიქნებით. ეს სურვილი რეფლექსია, უბრალოდ, გინდა, რომ მათგან დისტანცირდე. ეს არის ფრუსტრაციის დონე, რომელიც იზრდება. ბევრ უკრაინელს სურს, უბრალოდ გაქრნენ ისინი, ვინც ჩვენს მიწაზე შემოიჭრნენ და დაივიწყოს რუსეთის არსებობა, ისევე როგორც რუსებმაც დაივიწყონ უკრაინის არსებობა და უკრაინაზე ფიქსაციის გარეშე შეიქმნან თავიანთი ცხოვრება.
როდესაც ისინი უშვებენ შეცდომას, ეს იწვევს დამატებით მწვავე შეშფოთებას. მაგალითად, ომის დასაწყისში, როდესაც კიევის რეგიონი ნაწილობრივ ბლოკირებული იყო, „მედუზამ“ გამოაქვეყნა სტატია სახელად – „ისინი მოვლენ“. სტატია ეხებოდა იმას, რომ რუსი სამხედროები აუცილებლად შემოვიდოდნენ. ეს პრობლემა არ იყო. პრობლემა იყო ის, რომ ჟურნალისტმა გამოაქვეყნა უკრაინელი სამხედრო დაჯგუფებების რაოდენობა, იქ მყოფების გვარები, ლოკაციები – არა იმიტომ, რომ რაღაც ბოროტების გაკეთება სურდა, არამედ იმიტომ, რომ არ იყო გამოცდილება. ეს იყო შეცდომა, რამაც უკრაინულ მედიასა და საზოგადოებაში დიდი რისხვა გამოიწვია. ამას ამძაფრებდა ისიც, რომ შეცდომა რუსულმა გამოცემამ დაუშვა.
ესეც ტრავმის შედეგია. როდესაც იცი, რომ რუსები მოდიან და სურთ შენი განადგურება, იცი, რომ მათ ამის გაკეთება სწადიათ, ამ დროს კი ხედავ, რომ ისინიც კი, ვინც კარგ, ვინც ლიბერალურ მხარესაა, უშვებენ მსგავს შეცდომებს, ან იმეორებენ სტერეოტიპებს, რომ მაგალითად ჩვენ ვართ ძმური ერები, ერთად უნდა ვიყოთ, ერთმანეთი გავაძლიეროთ და ა.შ. – ეს არარეალისტურია.
თუ კიევის ქუჩებში გახვალთ და ვინმეს ეტყვით, რომ რუსები ჩვენი ძმები არიან, მათგან კარგ რეაქციას არ უნდა ელოდოთ. მათ უბრალოდ სურთ, რუსებმა დაგვანებონ თავი და მარტო დაგვტოვონ. ეს ალბათ უნდა გაითავისონ რუსმა ჟურნალისტებმაც, არ შეიძლება თვალი დავხუჭოთ, თითქოს ეს ტრავმა და ბრაზი არ არსებობდეს.
ომისწინაპერიოდი
ომის დასაწყისში ადამიანებს გარკვეულ ემოციურ თავდაცვით მექანიზმები ჰქონდათ ჩართული – რაც ხშირად ხუმრობაში გადატანით გამოიხატებოდა. ამბობდნენ, „კარგი რა, პუტინი უბრალოდ აშინებს უკრაინას“, ზოგი ამბობდა, „არაფერი არ მოხდება რუსები უბრალოდ ცდილობენ მათთვის სასარგებლო მოლაპარაკების პირობების ამ გზით მიღებას“. ყველას ესმოდა, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა, მაგრამ ჩვენს უმრავლესობას ეგონა, რომ ეს, სავარაუდოდ, დონბასით შემოიფარგლებოდა.
მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა ვემზადებოდით. ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩვენი დირექტორისგან მივიღეთ შეტყობინება, რომელიც ამბობდა, რომ ესაუბრა ჩვენს ინვესტორებს და თუ რამე ძალიან ცუდი მოხდებოდა ისინი დაგვეხმარებოდნენ მდებარეობის შეცვლასა და საქმიანობის გაგრძელებაში, რომ „ბაბელი“ არ დაიხურებოდა და ა.შ. ეს იყო 14 თებერვალს. ამ დღეს ჩემი კოლეგების ნაწილს რესტორანში მაგიდა ჰქონდა დაჯავშნილი – ვალენტინობის დღის აღსანიშნავად და ვცდილობდით ნორმალურად გაგვეგრძელებინა ცხოვრება. თუმცა ჩვენი დირექტორის მსგავსად, ჩვენც ვემზადებოდით, ვყიდულობდით უფრო მძლავრ ელემენტებს, სანთლებს, პორტატიულ გაზქურებს, წყალს და სხვა საჭირო ნივთებს. ვთვლიდით, რომ ეს დაგვჭირდებოდა.
განცდა, რომ ესკალაცია გარდაუვალი იყო, გაჩნდა ორშაბათს, 21 თებერვალს, როდესაც პუტინს ჰქონდა თავისი უცნაური გამოსვლა, სადაც თავისებურად განმარტავდა ისტორიას, თითქოს უკრაინა ლენინის შექმნილი იყო და ა.შ. ამ გამოსვლის შემდეგ მივხვდით, რომ ეს მხოლოდ სიტყვები არ იქნებოდა.
ომისპირველიდღე – არიყოშიში, არამედზიზღი
მახსოვს, ომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, შუაღამის 2 საათზე, დავასრულე იმ დღის განახლებადი სიახლეების გამოქვეყნება და საიტზე დავწერე „სულ ესაა დღეისთვის. მოკლე პაუზას ვიღებთ და ვიმედოვნებთ, რომ მანამდე ყველაფერი კარგად იქნება, თავს მიხედეთ.“
დილა არ იყო მშვიდი. მე გვიან დავიძინე. ფანჯრები საკმაოდ ხმაგაუმტარია, ამიტომ არაფერი გამიგია. დილის 7 საათზე გამეღვიძა და ვნახე, რომ 40-ზე მეტი გამოტოვებული ზარი და შეტყობინება მქონდა – ოჯახისგან, კოლეგებისგან, ნაცნობებისგან… ჩატში ვნახე, რომ ომი დაიწყო. მახსოვს, პირველად მამას დავურეკე, რომ გამეგო იქ [ხერსონში] რა ხდებოდა და როგორ იყვნენ. შემდეგ თანამშრომლებს ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ძალიან ოპერატიულად უნდა დაგვეწყო ახალი ამბების ინგლისურად გაშუქება.
უბრალოდ, გავხსენი ლეპტოპი და მუშაობა დავიწყე. სინამდვილეში, განსხვავებით ბევრი ჩემი ნაცნობისგან, რომლებსაც სხვადასხვა პროფესია აქვთ, მე იღბლიანი აღმოვჩნდი, რადგან ვიცოდი რაში ჩამედო ჩემი ძალისხმევა, რა მეკეთებინა. ახლაც ვიცი. ბევრისთვის, პირველ დღეებში მაინც, ძალიან რთული იყო, რადგან არ იცოდნენ რა უნდა ეკეთებინათ, საით მიემართათ თავისი ძალები ამ ახალ რეალობაში.
მთელი დღე ვმუშაობდი, შესვენების გარეშე. ქალაქის გარშემო აფეთქებების ხმა ისე ისმოდა, თითქოს ჩემს ეზოში ხდებოდა, მახსოვს დამფრთხალი ფრინველები როგორ ფრინავდნენ ირგვლივ.
განცდის დონეზე ეს არ იყო შიში, მაგრამ განცდა, რომ რაღაც მოდის, ხდება ის, რაც არ მინდა, რომ იყოს ჩემს ცხოვრებაში; რაღაც, რაც კონკრეტული ადამიანის მარაზმატიკული ფანტაზიის შედეგია, ადამიანის, რომელიც არ არის კეთილი, არ არის ამ სამყაროდან, არ არის თანამედროვე, რომელსაც უბრალოდ არ შეუძლია იზრუნოს მხოლოდ თავისი ქვეყნის მდგრადობაზე და იცხოვროს თავისთვის, კარგად, ისე, როგორც სხვები აკეთებენ ამას. ეს იყო რაღაც მახინჯი არსება, რომელსაც გადაეყარე და არ გინდა შენს ცხოვრებაში, არა შიშის, არამედ რაღაც ზიზღის გამო.
შემდეგ ჩავალაგე ჩანთა და კიევიდან წავედი რათა ახლობლებს ევაკუირებაში დავხმარებოდი. საბოლოოდ ბუკოვინას რეგიონის ერთ-ერთ პატარა სოფელში გადმოვედით ოჯახი. საკმაოდ რთული გზის გავლა მოგვიწია. როდესაც კიევს ვტოვებდი, არ ვიცოდი როდის დავბრუნდებოდი, საბოლოოდ ეს პერიოდი 6 კვირა გაგრძელდა. ამ დროს თან ვმუშაობდი, როცა კი ვახერხებდი. მართალია სოფლის მოსახლეობის რაოდენობა საკმაოდ ცოტაა, მაგრამ სკოლა ძალიან კეთილმოწყობილი იყო და სწორედ იქ დავრჩით. იქ იყო შხაპი, ინტერნეტი, გათბობა. მახსოვს მეხუთე კლასელებთან ერთად ვიჯექი საკლასო ოთახში მერხთან და ვმუშაობდი. შემდეგ დავბრუნდი კიევში.
იმ თანამშრომლებმა, ვინც კიევში დარჩნენ, გადაწყვიტეს წასულიყვნენ ადგილზე, სადაც ახლა ბარია, მაგრამ ადრე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იყო და მშვენიერი თავშესაფარი იქნებოდა. ასე გადავიდა რედაქცია ბარის შენობაში, დაახლოებით 6-7 ადამიანი რჩებოდა იქ კვირების განმავლობაში. დაბომბვის დროს სარდაფში იყვნენ.
ბარის მფლობელებმა დაიწყეს თავდაცვის ძალებისთვის საკვების მომზადება და დარიგება. „ბაბელის“ ჟურნალისტებიც, როდესაც მათი მასალა რედაქტორთან იყო შესამოწმებლად, ან როდესაც რედაქტორი ელოდებოდა მასალას, ამ დროს სწორედ სამზარეულოს ეხმარებოდნენ საჭმლის განაწილებასა და სხვა საკითხებში.
პირველი ორი თვე, პრაქტიკულად, თითქმის არავის დაუსვენია, განუწყვეტლივ ვმუშაობდით და მინიმალურ დროს ვუთმობდით ჭამას, ძილს და სხვა აუცილებელ საკითხებს. ვფიქრობ ადრენალინით ვიყავით სავსე და დაღლასაც ვერ ვგრძნობდით. არ არის მარტივი, როდესაც მთელი დღე სასიგნალო სირენებისა და აფეთქებების ხმა გესმის.
ოფისს, სადაც „ბაბელის“ ძირითადი რედაქციაა განთავსებული, დიდი ფანჯრები აქვს და იქ ყოფნა არ არის უსაფრთხო, ამიტომ რედაქციის ნაწილი ჯერ კიდევ ბარის ტერიტორიაზე რჩება, სადაც თავის მხრივ მუშაობაც განახლდა უკვე – იყიდება ბურგერები, სასმელი და ცდილობენ თავი გადაირჩინონ. მე, მაგალითად, სახლიდან ვმუშაობ და სხვა კოლეგებიც სხვადასხვა ადგილებში არიან განაწილებული.
ისევოკუპანტები – ხელახალიტრავმა
ყველას განსხვავებული ისტორია გვაქვს. ყველას გამოცდილება თითქოს ერთია, მაგრამ მაინც განსხვავებული. მაგალითად, ჩვენი მთავარი რედაქტორი ევგენი, რომელიც ადრეც ვახსენე, დონბასის პირველი ომის მოწმე იყო. მაშინ იგი ლუგანსკში ცხოვრობდა და მას უკვე ჰქონდა ეს გამოცდილება – სახლის ოკუპირების, მტრის შემოჭრის.
ჟურნალისტობამდე ის მორგში მუშაობდა და სპეციფიკური გამოცდილება ჰქონდა, რამაც შესაძლებლობა მისცა, ბუჩის მორგში წასულიყო და მონაწილეობა მიეღო იქ მომხდარი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ექსჰუმაციასა და იდენტიფიცირების პროცესში. მან მორგიდან რამდენიმე სიუჟეტიც გააკეთა. დარწმუნებული არ ვარ, თუ არსებობენ კიდევ ჟურნალისტები, ვისაც შეეძლო ასე ახლოს მისულიყო ამ ყველაფერთან. მან ეს გააკეთა და თითქოს მშვიდად იყო, რადგან იცის, როგორ უნდა მოიქცეს საომარ მდგომარეობაში, როგორ უნდა დაეხმაროს დაჭრილს ან სხვა, მაგრამ განცდა იმისა, რომ რუსეთი, მტერი, უკვე გართმევს იმ მეორე სახლსაც, რომელშიც მანამდე სხვა სახლიდან უკვე გამოიქეცი. ძალიან ტრავმული იყო მისთვის.
მხოლოდ ახლა შეძლო, რამდენიმე დღით წასულიყო დასავლეთ უკრაინაში რეაბილიტაციისთვის და გაოცებულია იმის ნახვით, თუ რამდენი ადამიანი დადის ქუჩებში, არ არის კომენდანტის საათი, ადამიანები დადიან კაფეებში, მუშაობენ, სიმშვიდეა – ეს მისთვის უკვე სრულიად უცხოა და განუწყვეტლივ გვწერს საერთო ჩატში, თუ როგორი გაოცებულია. ამავდროულად ბედნიერია, რომ იქ ჩასულ ათასობით დევნილს, როგორც იქნა სიმშვიდე ეღირსა.
მე განსხვავებული გამოცდილება მაქვს. ზოგადად, ძალიან მშვიდი ბუნების ვარ, არასდროს ვუწევ ხმას ან ვტირი. ყველაზე საშინელი განცდა იყო ეჭვები, როცა არ ვიცოდი საკმარისს ვაკეთებდი თუ არა.
ასეთ დროს საკუთარ თავთან კონფლიქტში ხარ, ფიქრობ, მეტის გაკეთება ხომ არ შეგეძლო, კიდევ რა უნდა გაგეკეთებინა რეალობაში, რომელშიც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას არა მხოლოდ შენთვის ან შენი ახლობლებისთვის, არამედ მთელი შენი ქვეყნისთვის. ქვეყნისთვის, რომელზეც 15 წელზე მეტია წერ და რომელიც უსაზღვროდ გიყვარს.
მე არასდროს გამივლია სამხედრო წვრთნები, არასდროს ვყოფილვარ არმიასთან ახლოსაც კი, იარაღიც კი არასდროს მჭერია ხელში და რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის, როგორ უნდა ვყოფილიყავი უფრო სასარგებლო?! – ეს ფიქრები და შფოთვები პირველი თვის განმავლობაში მოსვენებას მიკარგავდა.
არ ვიცი, თუ გქონიათ განცდა, რომ „ო, ეს არ არის საკმარისი, რასაც აკეთებ, უფრო მეტი უნდა შეგეძლოს, იქნებ ჟურნალისტობა აღარაა საჭირო და სასარგებლო საერთოდაც“… ამ ფიქრებში რაც მეხმარებოდა იყო იმის ნახვა, თუ როგორი გამოხმაურება გვქონდა ხალხისგან, რომ მათ სჭირდებოდათ ჩვენი ინფორმაცია. ასევე ის ფაქტი, რომ იმდენად ბევრი საქმე იყო, ჭამის დროსაც კალთაში გვედო ლეპტოპი და პარალელურად ვმუშაობდით.
მეორე ყველაზე მძიმე გამოცდილება იყო იმის გაცნობიერება, რომ როდესაც სიახლეების ზოლს უყურებ, ხედავ უამრავ სიკვდილს, რომელსაც არ ხარ მიჩვეული, მაგრამ თუ სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ეს სათაურები გამუქებულად ეწერებოდა და შემაშფოთებელი იქნებოდა, ახლა უკვე ჩვეულებრივი ახალი ამბავია; ხანდახან სიახლეების ზოლში იკარგება კიდევაც.
ტრაგედიის დონე, რაც ხდება, იმდენად მაღალია, რომ ახალ დაბომბვებზე, ახალ განადგურებულ შენობებსა და მოკლულ ადამიანებზე ინფორმაციას უკვე მშვიდად კითხულობ – გესმის რამდენად დიდი ტრაგედია, რომ საშინელებაა, მაგრამ ამავდროულად ეს უბრალოდ კიდევ ერთი ტრაგედიაა, რომლის მსგავსიც ყოველდღიურად ათასობით ხდება უკრაინაში. შემდეგ, როდესაც მიდიხარ დეტალებში, ნახულობ ფოტოს, კითხულობ რომ ადამიანი, რომელსაც პირადად იცნობ, ორ კვირაზე მეტია ერთი და იგივე წინდით დადის… ეს ყველაფერი განჯღრევს, ხვდები რომ ეს ომია. და ეს გცვლის.
ადრე თუ გვიან დავუბრუნდები ველის ჟურნალისტიკას და რეპორტინგს; ალბათ ეს ძალიან გამიჭირდება, რადგან ერთია წაიკითხო ამბები და მეორეა პირადად შეხვდე ადამიანებს, მოუსმინო მათ და დაინახო ეს ყველაფერი მათ თვალებში.
ომთანშეჩვევა
ომის მიმდინარეობისას იყო ინტერესის ტალღები. მაგალითად, ჯერ ხალხი ელოდებოდა 9 მაისს. ჰქონდათ მოლოდინი, რომ აი, რაღაც ძალიან ცუდი მოხდება და ყველა დაძაბული იყო. რაც არ მოხდა. მეორე დღესვე დამირეკეს კიევში მდებარე პიცერიიდან და კაფეებიდან, სადაც ადრე დავდიოდი და მაცნობეს, რომ მუშაობას აახლებენ. ახლა ყველა კონცენტრირებულია დონბასისთვის ბრძოლაზე და იმაზე, თუ როგორ დამთავრდება ის. დონბასი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. როდესაც რამდენიმე კვირაში გაირკვევა, ვინ იქნება ამ ბრძოლის გამარჯვებული, მსოფლიოს ყურადღება და ინტერესი კიდევ უფრო დაიწევს.
ვფიქრობ, ეს არის, რასაც პუტინი ათამაშებს, ეს მისი უპირატესობა იქნება, თუ ეს ომი წლობით გაგრძელდება. ცხელი არეულობაა, სადღაც და შენ უბრალოდ გინდა ცხოვრება ჩვეულებრივად გააგრძელო. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ომმა არ მიიღოს მრავალწლიანი საომარი კამპანიის სახე. ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ ემოციურობისა და ყურადღების შენარჩუნებისთვის, არამედ ფინანსური თვალსაზრისითაც.
სამწუხაროდ, შეგუება ბუნებრივი პროცესია, მეტიც, არამარტო დანარჩენი მსოფლიოსთვის, არამედ უკრაინელებისთვისაც. მარტივი მაგალითისთვის, ჩვენს ტელეგრამის არხებს რომ დავაკვირდეთ, აქტივობა და მომხმარებელთა ზრდა შემცირებულია, რადგან ხალხი გადაიღალა მაღალი განგაშის მდგომარეობაში ყოფნისგან. მათ სურთ ცოტა დამშვიდდნენ, ამოისუნთქონ, რამე ისეთზე გადაერთონ, რაც ჩვეულებრივ ცხოვრებისთვისაა საჭირო. ამან ჩვენი პოლიტიკაც შეცვალა, ადრე თუ 24 საათის განმავლობაში ვავრცელებდით ახალ ამბებს, ახლა ვცდილობთ ღამე, როდესაც შედარებით სიმშვიდეა, ხალხს მივცეთ დასვენების საშუალება და ვიღებთ პაუზებს.
თუმცა შეჩვევა, რა თქმა უნდა, სახიფათოა და არ ვიცი, რა შეიძლება გაკეთდეს ამის წინააღმდეგ. ვფიქრობ, უკრაინელი და საერთაშორისო ჟურნალისტები მაქსიმალურს აკეთებენ, რომ მსოფლიომ ეს ომი არ დაივიწყოს.
დამნაშავეებისძიებადაკრიტიკისფუფუნება
შეჩვევასთან ერთად მოდის ისიც, რომ პოლიტიკური აქტორები ხედავენ – უკვე არსებობს სივრცე თავიანთი შიდა პოლიტიკური ბრძოლებისთვის და ცდილობენ თავიანთი ნარატივების გატანას.
მეორე საკითხია საზოგადოებაში არსებული ტკივილის და სასოწარკვეთის დონე, რომელიც ადამიანებს აიძულებს დაიწყონ „დამნაშავეების“ ძიება. მათი, ვისაც წარუმატებლობისთვის, მარცხებისა და დანაკარგებისთვის დააკისრებენ პასუხისმგებლობას. ამის დანახვა ფეისბუქზეც შეიძლება. მაგალითად, ერთი თვის წინ ფეისბუქზე ვერ ვხედავდი რაიმე ტიპის დისკუსიებსა და გარჩევებს, ადამიანები უბრალოდ მუშაობდნენ, ცდილობდნენ გადარჩენას. ახლა უკვე ადამიანებს აქვთ კრიტიკის ფუფუნება.
ეს კრიტიკა შეიძლება ეხებოდეს ბევრს, მაგალითად, მათ ვინც დატოვა ხარკოვი და დონბასი და საუბრობს რუსულად დასავლეთ უკრაინაში; ვინც იყო პასუხისმგებელი გარკვეულ საკითხებზე და ისე ეფექტურად ვერ შეასრულა, როგორც ვისურვებდით. ისმის კრიტიკა იმის შესახებ, რომ არ იყო შესაბამისი სამხედრო დაცვა აღმოსავლეთში, არ იყო იმდენი იარაღი და ტექნიკა, რაც სჭირდებოდათ.
რასაკვირველია, დადგება მომენტი, როდესაც შეცდომების ძებნას დავიწყებთ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ახლა ეს ისაა, რაც გამარჯვებაში დაგვეხმარება. არ მიმაჩნია, რომ ახლა ამაზე კონცენტრირება და წუწუნი სწორია. ეს მაწუხებს, რადგან დროთა განმავლობაში ეს შეიძლება გადაიზარდოს უკმაყოფილებაში.
ახლა ინფორმაციის გადამოწმება საკმაოდ ადვილია, ჩვენ უამრავი წყარო გვყავს, ოფიციალურ პირებს შორის და ხალხშიც. ინფორმაციის ნაწილი, რა თქმა უნდა, იფილტრება, რადგან უნდა გვესმოდეს ჩვენი ქვეყანა ახლა ომშია, თუმცა ეს არ გვიტოვებს განცდას, რომ რაღაც უზარმაზარი და სახიფათოა, რაზეც არ მიგვიწვდება ხელი.
არსებობს კონფლიქტი ჟურნალისტად ყოფნასა და იმ ქვეყნის მოქალაქედ ყოფნას შორის, რომლის განადგურებასაც რუსეთი ცდილობს. უბრალოდ, ცდილობ არსებულ მდგომარეობას მოერგო ისე, რომ შენი პროფესიული საქმიანობა ღირსეულად გააგრძელო და თან გადარჩე შენს ქვეყანასთან ერთად. გვესმის, რომ პროპაგანდის ძალიან მაღალი დონეა – რისი შემოწმებაც შეგვიძლია, მაქსიმალურად ვამოწმებთ.
საქართველო, საერთაშორისოპარტნიორებიდაიმედგაცრუება
საქართველოს განცხადებები და პოზიციები, როგორც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორისა, იყო საწყენი, თუმცა ალბათ, ისტორიულადაც უნდა გადავხედოთ და ვთქვათ, შევადაროთ იმას, თუ რამდენად კრიტიკული და ხმამაღალი იყო უკრაინის მაშინდელი ხელისუფლება 2008 წლის ომის დროს.
ყოველ შემთხვევაში, ეს მაინც პატარა ქვეყანაა, რომელიც არ არის მდიდარი და შეზღუდული რესურსები აქვს სამხედრო თვალსაზრისითაც, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე არმია ჰყავს.
იმედგაცრუება უფრო ისრაელისა და უნგრეთის ქმედებებმა გამოიწვია. ისრაელს ესმის, რას ნიშნავს, როდესაც შენს განადგურებას ცდილობენ და ამავდროულად, მას აქვს შესაბამისი მატერიალური და არამატერიალური რესურსები, რომ ამას შეეწინააღმდეგოს. მას ბევრი იარაღი აქვს დასახმარებლად, მაგრამ მიიღო გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლითაც დიდად არაფრით გვეხმარება. სწორედ ისრაელისგან ვიყავით ყველაზე იმედგაცრუებული და ასევე უნგრეთისგან – ქვეყნები, რომლებსაც დახმარება შეეძლოთ და ეს არ გააკეთეს.
საქართველოს საკითხი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის და ჩემ ირგვლივ მყოფებისთვის, რაღაცნაირ ღალატად არ აღქმულა; ეს იყო აღქმული უფრო მეტად, როგორც სამწუხარო გაუგებრობა.
10 წლის საქმე მედიისთვის და რესურსები, რომლებიც არ ჩანს
უკრაინაში მედიას ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა და მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული ფორმირების გადამწყვეტ მომენტებში. საქმე იმაშია, რომ რუსული დამოუკიდებელი მედია, რომელიც ყოველთვის ცდილობდა ცვლილებების მოხდენას და გვესმის, რომ დიდ შრომას დებდა ამაში, სამწუხაროდ, ჩაფლავდა, უკრაინული მედია კი არა. ჩვენ – უკრაინული მედია წარმატებულები ვიყავით დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, თუნდაც 2014 წელს.
უკრაინელი ჟურნალისტებისთვის ეს არის ძალიან მძიმე პერიოდი და ამავდროულად მდგომარეობა, როდესაც გრძნობ, რომ საჭირო ხარ. საჭირო ხარ საზოგადოებისთვის, მსოფლიოსთვის. საჭირო ხარ ყველაფრის დოკუმენტირებისთვის, რომ მომავალ სასამართლო მოსმენებზე გამოიყენო. ყოველ შემთხვევაში, ახლა ეს გვაძლევს განცდას, რომ სწორ ადგილას ვართ.
ეს, ერთი მხრივ, კარგი განცდაა, მეორე მხრივ კი, მაგალითად, „ბაბელის“ გუნდისთვის ნიშნავს, რომ ჩვენ მეტის გაკეთება შეგვიძლია, მეტი საჭიროებაა, მაგრამ რესურსები არ გვყოფნის. ომის შემდეგ ძალიან ბევრი საკითხი იქნება განსახილველი, თვითრეფლექსია, იმაზე, თუ ვინ ვართ, რა ურთიერთობები უნდა გვქონდეს რუსებთან, როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორ უნდა აღვადგინოთ ეკონომიკა, ქალაქები, – ეს მხოლოდ ძალიან პატარა ნაწილია შეკითხვებისა, რომლებზე პასუხის გასაცემადაც ჟურნალისტები არიან საჭირო.
მქონდა პორტფოლიო, სადაც მაქვს თემები ჩამოთვლილი; ახლა რომ ვუყურებ, არცერთი მათგანი აღარაა რელევანტური. კარგი თემებია, მაგრამ ქვეყანა შეიცვალა, ხალხი შეიცვალა. უკრაინელებს სჭირდებათ რაღაც სხვა და ჩვენ ამის გაკეთებაც შეგვიძლია.
ახლა რომ ვფიქრობ, რაც არ უნდა მოხდეს, ყველაზე უარესიც რომ მოხდეს, წლობით მუშაობისთვის საკმარისი თემებია დაგროვილი. ომი ხვალაც რომ დასრულდეს, ჟურნალისტებმა შეიძლება 2032 წლამდე ინტენსიურად, დასვენების გარეშე იმუშაონ და ესეც არ იქნება საკმარისი ყველა ამ თემის გასაშუქებლად. მაგრამ არ არის საკმარისი რესურსები, რაც პირველ რიგში გადასაჭრელი პრობლემაა.
ჩვენ შეგვიძლია გადავრჩეთ და დავიწყოთ აღდგენა, მაგრამ ამ პროცესებში აუცილებელია ასობით, ათასობით ჟურნალისტის ჩართულობა. სამწუხაროდ, ფინანსური რესურსი უდიდესი გამოწვევაა და არ ვიცით, რამდენად მოვახერხებთ ამის გადალახვას, ამიტომ გვჭირდება ყველას დახმარება, ვისთვისაც თავისუფლება და განვითარება მნიშვნელოვანია.
____
გაიგე, როგორ შეგიძლია დაეხმარო hromadske-ეს, რომელმაც ეს მასალა მოამზადა და სხვა უკრაინულ გამოცემებს:
ჩაქვში ტრაილერი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. შემთხვევა დღეს, 20 მაისს მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ორი კაცი დაიღუპა.
შეჯახების შემდეგ ავტომანქანებს ცეცხლი მოედო.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმებს ცხედრები უკვე დამწვარი დახვდათ. ავარიის მონაწილე კიდევ ერთ პირს კი, სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ უცნობია, რამდენი უკრაინელი სამხედრო რჩება „აზოვსტალში“. უწყების ცნობით, მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნიდან, სავარაუდოდ, 1700-მდე უკრაინელი მებრძოლი ჩაბარდა.
ბრიტანეთის დაზვერვა 20 მაისის განახლებაში წერს იმაზეც, თუ როგორი შეიძლება იყოს რუსეთის შემდგომი ნაბიჯები.
„როგორც კი რუსეთი ბოლომდე დაიკავებს მარიუპოლს, სრულიად მოსალოდნელია, რომ მან თავისი ძალები გადაისროლოს დონბასში, იქ მიმდინარე ოპერაციის გასაძლიერებლად.
თუმცა უკრაინელთა მტკიცე წინააღმდეგობამ მარიუპოლში შედეგად მოიტანა ის, რომ ამ რეგიონში მყოფ რუსეთის ძალებს გადაიარაღება და განახლება დასჭირდება, ვიდრე მათი ეფექტიანად გამოყენება გახდება შესაძლებელი“, – აღნიშნავს დაზვერვა და მიუთითებს, რომ ძალების საფუძვლიანად განახლება შესაძლოა, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდეს.
უწყება ვარაუდობს, რომ გადაიარაღების საჭიროების მიუხედავად, რუსეთი, დიდი ალბათობით, მაინც სწრაფად ეცდება თავისი ძალების გადანაწილებას ყოველგვარი სათანადო გადამზადების გარეშე. ეს კი, კიდევ უფრო დაასუსტებს რუსეთის ჯარების ბრძოლისუნარიანობას.
„რუსეთის სამხედრო მეთაურები ძლიერი ზეწოლის ქვეშ არიან. მათგან სამხედრო ოპერაციებში მიღწეულ თვალსაჩინო შედეგებს მოითხოვენ“, – მიუთითებს დაზვერვა.
სწორედ სამხედრო მეთაურებზე წერდა დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ტვიტერზე, გუშინდელ, 19 მაისის პოსტში და აღნიშნავდა, რომ ბოლო კვირებში რუსეთმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სამხედრო მეთაურები, რომლებიც მიიჩნია, რომ უკრაინაში შეჭრის პირველ ეტაპზე წარუმატებლად მოქმედებდნენ.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას ყოველდღიურად აახლებს.
მთავარი ფოტო: საომარი მოქმედებების რუკა 19 მაისის მდგომარეობით/დიდი ბრიტანეთის დაზვერვა
უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 28 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
ტანკი – 1 263 ერთეული [+9]
ჯავშანტექნიკა / APV – 3 090 ერთეული [+27]
საარტილერიო სისტემა – 596 ერთეული [+1]
MLRS – 200 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 204 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 168 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 460 ერთეული [+5]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 103 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 162 ერთეული [+5]
სპეცტექნიკა – 43 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
172 თვითმფრინავი
125 ვერტმფრენი
952 უპილოტო საფრენი აპარატი
314 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 168 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
396 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 571 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
3 039 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ უცნობია, რამდენი უკრაინელი სამხედრო რჩება „აზოვსტალში“. უწყების ცნობით, მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნიდან, სავარაუდოდ, 1700-მდე უკრაინელი მებრძოლი ჩაბარდა:
19 მაისს, საღამოს, აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა (კალინა), მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან ვიდეოს გაავრცელა. „ევაკუაციის“ გამოცხადების შემდეგ კალინა პირველად გამოჩნდა.
„დღეს ომის 85-ე დღეა. მე და მეთაურები აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ვართ. მიმდინარეობს ოპერაცია, რომლის დეტალებს არ გავამხელ. მადლობა მთელ მსოფლიოს და მადლობა უკრაინას მხარდაჭერისთვის. შევხვდებით“ – ამბობს პალამარი ვიდეომიმართვაში.
დღეს დილიდან რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზოვსტალის ტერიტორია მთლიანობაში უკვე დატოვა 1730 მებრძოლმა, მათ შორი 80 დაჭრილია.
რუსულ მედია მათ უწოდებს „ბოევიკებს“ და „ტყვეებს“.
რუსულ მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია აზოვის პოლკის მეთაურების დანებებაზეც. კალინა ვიდეომიმართვაში კი ამბობს, რომ მეთაურები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფებიან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა უკრაინელ ჯარისკაცს, ვისაც სჭირდება სტაციონარული მკურნალობა, ნოვოაზოვსკისა და დონეცკის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობენ.
16 მაისს უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ „აზოვმა“ საბრძოლო დავალება შეასრულა და სარდლობის ბრძანებით აზოვსტალიდან დაიწყო მებრძოლების „ევაკუაცია“.
დღეს, 19 მაისს, ბათუმში, ერთ-ერთ სათარჯიმნო ბიუროში მისულმა რუსეთის მოქალაქეებმა იქვე გაკრული უკრაინის დროშა ჩამოხიეს.
ორი ქალი და ორი კაცი გააღიზიანა წარწერამ – „რუსკი კარაბლ იდი…“ ბიუროს შენობაში ამ დროს მხოლოდ ორი ქალი თანამშრომელი იყო. რუსებმა ერთ-ერთ მათგანს ხელი დაარტყეს.
ბიუროს ერთ-ერთი თანამშრომლის, ელენე ხაჯიშვილის მონათხრობით, როცა დაიწყეს უკრაინის დროშის დაზიანება, მისმა კოლეგამ, ნანა წაქაძემ რუსეთის მოქალაქეებს მიუთითა, რომ ისინი იმყოფებოდნენ კერძო საკუთრებაში და სხვის ქონებას აზიანებდნენ. „თან დაიწყო ტელეფონით გადაღება“ და ამის გამო ფიზიკურად შეეხნენ: „დაარტყეს“. ამის შემდეგ პოლიცია გამოვიძახეთ“, – გვიყვება ელენე.
ელენეს თქმით, ისინი მათ ემუქრებოდნენ:
„ჯერ დაგვემუქრნენ, უნდა გიჩივლოთ, დაგვიწერეთ თქვენი სახელი და გვარი რომ გიჩივლოთო. ჩხუბი უნდოდათ, მაგრამ ჩვენ არ ავყევით. მე სახელი და გვარიც დავუწერე – წადით და მიჩივლეთ-მეთქი. ეს არ მოეწონათ და დაიწყეს დროშის ჩამოხევა“.
ელენეს თქმით, დროშა ქალმა ჩამოხია და მანვე დაარტყა ხელი მის კოლეგას.
„ამ დროს ახლოდან ტელეფონით ვიღებდი, როცა ფიზიკურად შემეხო, ხელი დამარტყა. გამოვიძახეთ პოლიცია და მალევე მოვიდნენ, გადამიყვანეს განყოფილებაში, სადაც მივეცი ჩვენება“, – ამბობს ნანა წაქაძე.
ელენე ხაჯიშვილი ამბობს, რომ ის პოლიციაში დასაკითხად არ გადაუყვანიათ.
ხვალ, 20 მაისს, ინკლუზიური დასი „ცისარტყელა“ და ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში არსებული ინკლუზიური სწავლების ცენტრი ურეკში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უკრაინელი ბავშვებისთვის გამართავს სპექტაკლს – „ერთი სოფლის ამბავი“.
„ცისარტყელამ“ 7 აპრილსაც გამართა სპექტაკლი უკრაინიდან ომს გამოქცეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დასახმარებლად ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სცენაზე. დასის რეჟისორი, ნიკა ტუღუში ამბობს, რომ დასმა რამდენიმე ათასი ლარის შეგროვება შეძლო, თუმცა მაშინ საქველმოქმედო სპექტაკლს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ესწრებოდნენ უკრაინელი ბავშვები.
„ცისარტყელას“ წევრებს უნდოდათ, რომ სპექტაკლი ქველმოქმედების ადრესატებსაც ენახათ – „ჩვენი დასი ინკლუზიურია და უკრაინიდან ჩამოსული შშმ ბავშვების საჭიროების ძალიან კარგად გვესმის“ – ამბობს ნიკა ტუღუში, დასის რეჟისორი.
უკრაინის ტელერადიომაუწყებლობის ეროვნულმა საბჭომ “ТРО Русское радио Украина”-ს სახელწოდება გამოცვალა. რეგულირების საბჭომ ეს გადაწყვეტილება 19 მაისის სხდომაზე მიიღო.
რადიოსადგურმა ლოგოტიპი შეიცვალა და ახლა მას „რადიო ბაირახტარი“ ჰქვია.
მანამდე კი, 27 თებერვალს რადიოსადგურ TAVR Media -ს ჯგუფმა უარი თქვა „უკრაინის რუსულ რადიოზე“.
TAVR Media ჯგუფის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ კომპანიაში 2014 წლიდან მოყოლებული გრძნობდნენ რეპუტაციულ დანაკარგებს, თუმცა შეინარჩუნეს რადიოსადგურის სახელწოდება “Русское радио Украина”.
პრესსამსახურის ინიფორმაციით:
„ეს ხდებოდა იმიტომ, რომ უკრაინის პოზიციებიდან გაშუქებული სახემწიფო მნიშვნელობის ამბები მისულიყო ამ რადიოს რუსულენოვან მსმენელამდე“.
რადიოსადგურს უსმენდნენ უკრაინის სამხრეთისა და აღმოსავლეთის რეგიონებში. ასევე რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„ახლა ხიდები გადამწვარია. ეთერში ახალი რადიოსადგური დაიწყებს მაუწყებლობას“, – აცხადებს TAVR Media.
უკრაინაში ომს გამოქცეული 30 წლის დარია დანელია მესამე შვილს ბათუმში გააჩენს. მან ჯერ არ იცის, რას დაარქმევს შვილს. ამაზე ფიქრისთვის ჯერ ვერ მოიცალა:
„ომის ლტოლვილი როცა ხარ, მიუსაფარი ძაღლის ცხოვრება გაქვს. ჩვენი გონება ახლა სხვა საზრუნავზე ფიქრითაა დაკავებული: ვეძებთ საკვების მოპოვების გზებს, ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო რესურსს, ბავშვის სახელზე ჯერ არ გვიფიქრია. სად არის ამის დრო“, – ამბობს დარია.
დარია დანელია, ლტოლვილი უკრაინიდან:
ოთახი, სადაც ახლა ვცხოვრობთ, უკრაინელთა დახმარების შტაბიდან გვიპოვეს, რომელიც ბათუმში, ფარნავაზ მეფის №46-ში მდებარეობს. ერთი კაცი მოვიდა და გვითხრა, ბინაში ოთახს დაგითმობთ და იცხოვრეთ როდემდეც გნებავთო.
ამ ერთ ოთახში ქმართან და ორ შვილთან ერთად ვცხოვრობ, ახლა ოთხნი ვართ, დღე-დღეზე ხუთნი გავხდებით.
მადლობელი ვართ ამ ადამიანის, ვინც შეგვიფარა სრულიად უსასყიდლოდ. ეს დიდი დახმარებაა ჩვენთვის. თუმცა, როცა ჩვილი გაჩნდება, ალბათ რამე სხვა უნდა მოვძებნოთ. არ ვიცი, როდემდე შევაწუხებთ ადამიანს საკუთარ ბინაში ამდენი ხალხი ერთად.
საქართველოში რომ ჩამოვედით, თავიდან ურეკში დაგვაბინავეს კერძო სასტუმროში, ორი თვე ვიცხოვრეთ იქ. მერე ტურისტული სეზონი დაიწყო და დავტოვეთ სასტუმრო.
„ნორმალურ ცხოვრებას ჩვენ მოკლებულები ვართ. ვერ ვაძლევთ თავს უფლებას, ბავშვებისთვის ტკბილეული ვიყიდოთ“
ბათუმში სამი დღის წინ ჩამოვედით.
ყველაზე ძალიან საცხოვრებელი გვჭირდება. კატეგორიულად არ გვინდოდა შვილი რუსულენოვან სექტორზე შეგვეყვანა ბათუმის სკოლაში, საბედნიეროდ, ბათუმში ახლა გაიხსნა უკრაინული სექტორი და ჩვენი შვილი სკოლაში წავიდა.
„ეს ირპენია. ასეთი იყო ქალაქი ომამდე. პირველ კლასში წავიდა ჩემი შვილი ამ დღეს”, – გვითხრა დარიამ
უფროსი ბიჭი შვიდი წლისაა, უმცროსი – ხუთის, მაგრამ ბაღის გარეშეა. კიევი რომ დავტოვეთ, თან არაფერი წამოგვიღია.
წამოვედით მარტის დასაწყისში, როცა ზამთარივით ციოდა, ახლა კი ზაფხული მოდის. არაფერი გვაქვს სეზონური. ბავშვებს არ აქვთ სათამაშოები, შესაბამისი სეზონური სამოსი, ფეხსაცმელი.
ნორმალურ ცხოვრებას ჩვენ მოკლებულები ვართ. ვერ ვაძლევთ თავს უფლებას ბავშვებისთვის ტკბილეული ვიყიდოთ, რასაც ბათუმის უკრაინული დიასპორის ოფისსა და ჰუმანიტარული დახმარების პუნქტებში დაგვირიგებენ, ეს არის ჩვენი საარსებო წყარო.
ჩვილისთვის, რომელიც ახლა დაიბადება, საბავშვო ეტლი და საწოლი არ გვაქვს. სულ არაფერი გვქონდა ბავშვისთვის, რომელიც დაიბადება, მაგრამ ხალხი დაგვეხმარა რაღაცების შეგროვებაში.
„ვიცი, რა გადაიტანა საქართველომ აფხაზეთის ომის დროს, ეს ჩემს ქმარსაც შეეხო“
ჩემი ქმარი აფხაზეთიდანაა, მეგრელია. მეგრულად საუბრობს, თუმცა ცხოვრების უმეტესი ნაწილი უკრაინაში გაატარა. ვიცი, რა გადაიტანა საქართველომ აფხაზეთის ომის დროს, მხოლოდ ყურმოკვრით არ ვიცი, ეს ჩემს ქმარსაც შეეხო.
ჩვენ ორი დღე ვიმალებოდით თავშესაფარში, მაგრამ როცა დავინახეთ სხვა სახლებში თავშესაფრები იბომბებოდა, ვეღარ დავრჩით სარდაფში ბავშვებით.
რთული იყო ჩემს მდგომარეობაში დაბომბვების მოლოდინში ცხოვრება და უკრაინა 7 მარტს დავტოვეთ.
დასავლეთ უკრაინაში გადავედით, 22 საათი ვიყავით გზაში. 8 მარტს ივანო ფრანკოვსკში ჩავედით და ვეძებდით გზებს, როგორ დაგვეტოვებინა უკრაინის საზღვრები, რადგან ყველა მხრიდან ეს უსაფრთხო არ იყო. ყველგან განგაშის სიგნალები ისმოდა და ცაში სამხედრო ვერტმფრენები დაფრინავდნენ.
„დედა, შეხედე, ახლა დაგვბომბავენ!“ – ყვიროდნენ ბავშვები თვითმფრინავების დანახვისას
ვიპოვე ფეისბუქზე ინფორმაცია, რომ საქართველოში არის ორგანიზაცია, რომელიც თავისთან იწვევს უკრაინელ ლტოლვილებს და ეხმარება საცხოვრებლით, საქართველომდე ჩაფრენით.
თვითმფრინავის უფასო ბილეთები გამოგვიყვეს, ჩვენი მიზანი იყო პოლონეთამდე ჩაგვეღწია. ივანო ფრანკოვსკში დიდხანს ვიცადეთ, იქაც განგაშის სიგნალი იყო. ლვოვიდან კრაკოვამდე წითელმა ჯვარმა ჩაგვიყვანა.
დარია დანელია ირპენში, შვილთან ერთად
„დედა, შეხედე, ახლა დაგვბომბავენ!“ – ყვიროდნენ ბავშვები უნებურად თვითმფრინავების დანახვისას და შიშით კრთებოდნენ.
როგორღაც ჩამოვედით ქუთაისამდე, ვცხოვრობდით ურეკში 2 თვე და მერე ბათუმში ჩამოვედით.
ჩემს ქმარს უკრაინაში მცირე ბიზნესი ჰქონდა, ყველაფერი დავტოვეთ. ისიც კი არ ვიცი, დგას თუ არა ისევ ჩვენი სახლი უკრაინაში.
ჩემს ქმარს მანქანის მართვა შეუძლია. ბევრი უნარი აქვს და ალბათ დაიწყებს მუშაობას ბათუმში. უკრაინაში ბევრი შესაძლებლობაა განახორციელო თუნდაც მცირე ბიზნეს-პროექტი, მშვენივრად ვცხოვრობდით, დამოუკიდებლად ვუმკლავდებოდით ყველაფერს.
უკრაინაში დარჩენილი ახლობლები არაფერს მიყვებიან ჩემი ორსულობის გამო რა ხდება უკრაინაში, მაგრამ ვიცი, რომ იქ არ არის კარგი მდგომარეობა.
მთელ ოჯახს ერთი მობილური ტელეფონიღა დაგვრჩა, უკრაინული ნომრები შევცვალეთ და ჩავრთეთ ქართული.
დარია დანელუა ბათუმში ოჯახთან ერთად
საქართველოში თავს უცხოდ არ ვგრძნობ
მინდა საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად იდგეს ამ რთულ დროს უკრაინელი ლტოლვილების გვერდით. ჩვენ საერთო მტერი და ერთნაირი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. ორივეგან ოკუპანტი რუსეთია.
საქართველოში თავს უცხოდ არ ვგრძნობ, აქ ყველაფერი ისეა, როგორც უკრაინაში: ცხოვრების წესი, ხალხის განწყობები, საზოგადოება, ეკონომიკური მდგომარეობა.
თუმცა ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ძალიან ლმობიერია, როცა საქმე რუსეთის მოქალაქეებს ეხება. მეშინია, ირგვლივ სულ რუსეთის მოქალაქეები არიან.
ბათუმში რუსეთის ბევრი მოქალაქეა ჩამოსული. მალე შეიძლება მათი უფლებების დაცვა აქ რუსეთმა დაიწყოს. რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქე ბათუმიდან სადმე წავა? თითქოს რეჟიმისგან გარბიან, მაგრამ ეს რეჟიმი ხომ მათი შექმნილია?
თუ არ მოსწონთ საკუთარი მთავრობა, როგორც ხშირად იმართლებენ ხოლმე თავს, გაქცევის ნაცვლად საპროტესტო აქციებზე უნდა იდგნენ. ჩვენც გვეშინოდა დაპატიმრებების, მაგრამ ვაპროტესტებდით უკრაინაში არასასურველ ხელისუფლებას.
უკრაინელებს როცა ხელისუფლება არ მოეწონათ, იბრძოლეს. ასეთ დროს ჩვენ გამოვდივართ ქუჩებში და ვაპროტესტებთ, მიტინგებს ვაწყობთ, კარვებით ვათევთ ქუჩაში.
რატომ არ იქცევიან რუსები იმავენაირად? რატომ არაფერს აპროტესტებენ? საკუთარ ქვეყანაში მათ ეშინიათ, სხვა ქვეყნებში კი ბატონებივით იქცევიან და ყველაფრის განსაზღვრის უფლებას აძლევენ თავს, რა როგორ უნდა იყოს.
ლაპარაკი იმაზე, რომ ომი მაისში ან ერთ კვირაში დასრულდება, სისულელეა. რუსეთის ფედერაცია არც ისეთი სუსტია, როგორც უკრაინელებს გვინდა, რომ იყოს. რა მოხდება ფრონტზე უახლოეს პერიოდში, ეს დასავლეთიდან შეიარაღების მოწოდებაზეა დამოკიდებული – ეს განცხადებები უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა უკრაინულ გამოცემა „ნოვოე ვრემიასთან“ ინტერვიუში გააკეთა.
„ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ომი მაისში ან ერთ კვირაში დასრულდება – სულელები არიან. ეს ძალიან რთული და კომპლექსური პროცესია. ჩვენი პარტნიორების მხრიდან იარაღით დახმარება გადაწყვეტს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. იმის მიხედვით, რა დროში და როგორ მოხერხდება შეიარაღების მოწოდება, სასწორი ხან ერთ, ხან მეორე მხარეს გადაიხრება“, – ამბობს დანილოვი.
ის ომის პირველ კვირებსაც იხსენებს, როდესაც შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის ძალიან შეზღუდული იყო: „დღეისთვის ეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. ჩვენ შევცვალეთ მსოფლიო. საკმარისია შეიარაღება? სამხედროები მიიჩნევენ, რომ კიდევ მეტია საჭირო. განსაკუთრებით გვჭირდება თვითმფრინავები და მძიმე ჯავშანტექნიკა. ჩვენ რომ მეტი ჯავშანტექნიკა გვქონოდა ომის პირველ კვირებში, მაშინ მარიუპოლის გათავისუფლების საკითხსაც სხვაგვარად განვიხილავდით. სამწუხაროდ, დღესაც კი არ გვაქვს იმდენი ჯავშანტექიკა, რამდენიც ამგვარი ოპერაციისთვისაა საჭირო“.
შეკითხვაზე, თუ რა ხდება ახლა „აზოვსტალში“ და როგორია უახლესი ცნობები იქიდან, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი პასუხობს, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას მარიუპოლიდან, თუმცა ამჟამად არანაირი შესაძლებლობა აღარ არსებობს, რომ იქ მყოფებს რამე მიაწოდონ, თუნდაც საჰაერო გზით.
„ვერც კი წარმოვიდგენთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მარიუპოლის შენარჩუნება, 20 ათასი რუსი სამხედროს იქ შეჩერება. მათ რომ ეს არ გაეკეთებინათ, ჩვენი პოზიციები ფრონტზე დღეს სხვანაირი იქნებოდა – უმძიმესი. ისინი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის გმირები არიან“.
ოლექსეი დანილოვი არ საუბრობს ევაკუირებული სამხედროების მდგომარეობასა და შესაძლო გაცვლის დეტალებზე, ამბობს მხოლოდ, რომ „იმედი აქვს, შეთანხმებები შესრულდება“.
ინტერვიუში ოლექსეი დანილოვი დიდი შეცდომას უწოდებს იმ ფაქტს, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში, დასავლეთმა გათვლა გააკეთა რუსეთზე, როგორც მომავალ დემოკრატიაზე, რომელიც ამავე დროს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების დემოკრატიისკენ სვლასაც უნდა დახმარებოდა.
„გაიხსენეთ, წარმომადგენლობები პირველად იხსნებოდა მოსკოვში, ყველა უცხოური კომპანია თავიდან მოსკოვში მიდიოდა, რადგან იქ მომავლის სახელმწიფოს აშენება სურდათ. დღევანდელ რუსეთში დემოკრატიის არსებობა შეუძლებელია, იქ მხოლოდ პუტინის არსებობაა შესაძლებელი“.
უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თქმით, რუსეთი არც ისე სუსტია, როგორც „ჩვენ გვინდა, რომ იყოს“, თუმცა ფრონტზე უკრაინამ გარკვეული პარიტეტის მიღწევა მაინც შეძლო. დანილოვის აზრით, რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ძალიან რთულია ახლა წინსვლა, ამიტომაც მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რომ ბრძოლაში წყალქვეშა გემები, ფლოტი და სხვა საბრძოლოს კომპონენტები ჩართოს.
რა არის უკრაინის ამოცანა მაქსიმუმი ამ ომში? – დანილოვის თქმით, დღეისთვის, ამოცანა უკრაინის ტერიტორიის უკანასკნელი ოკუპანტისგან გაწმენდაა: – „ეს ამოცანა უფრო გამარტივდება, თუ პუტინი გადაწყვეტს, გაიყვანოს თავისი სამხედროები უკრაინიდან. ჩვენს მიწაზე უფრო ნაკლები რუსი სამხედრო მოკვდება“.
თუმცა ოლექსეი დანილოვი ვარაუდობს, რომ პუტინი დღეს ამას არ გააკეთებს, რადგან „მას რეალობის აღქმა არ აქვს, აქვს მხოლოდ ამბიციები, რომელიც არაა კავშირში რეალობასთან“.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში საომარი მდგომარეობის კიდევ სამი თვით გაგრძელებას გულისხმობს.
უკრაინის პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრის დღეს გამოაცხადა.
მთავარი ფოტო: ოლექსეი დანილოვი/პრეზიდენტის ოფისის ფოტო
______________
გაიგე, როგორ შეგიძლია დაეხმარო უკრაინულ გამოცემა „ნოვოე ვრემიას“, რომელმაც ეს მასალა მოამზადა და სხვა უკრაინულ გამოცემებს:
ავსტრალია უკრაინას დამატებით 60.9 მილიონი დოლარის ღირებულების ჯავშანტექნიკას გაუგზავნის. ინფორმაციის „ავსტრალიური თავდაცვის ჟურნალი“ [ADM] ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, კიევი მიიღებს თოთხმეტ M113 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორსა და 20 დაცული გადაადგილების მანქანას ბუშმასტერს. ADM-ის ცნობითვე, ახალი სამხედრო დახმარება, აღმოსავლეთ დონბასში რუსეთის შემოჭრის საპასუხო მოქმედებებისთვისაა განკუთვნილი.
„ეს დამატებითი მხარდაჭერა, კიდევ უფრო დაეხმარება უკრაინის მთავრობას რუსეთის სასტიკ, შეუბრალებელ და უკანონო შეჭრას უპასუხოს“, – ციტირებს ADM თავდაცვის მინისტრმა პიტერ დატონს.
ავსტრალიამ უკრაინას მანამდეც მიაწოდა ჯავშანტრანსპორტიორები, საბრძოლო მასალა და სხვა სამხედრო დახმარება, რისი ღირებულებაც მთლიანობაში 285 მილიონ დოლარია.
როგორც ავსტრალიური გამოცემა წერს, გარდა სამხედრო დახმარებისა, ავსტრალიის მოქალაქეებისგან დონაციის სახით, უკრაინა ასევე მიიღებს სამედიცინო აღჭურვილობის 60 შეკვრას. ისევე როგორც რადიაციული მონიტორინგისა და პირადი თავდაცვის აღჭურვილობის სამ შეკვრას „ავსტრალიის რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ორგანოსა“ (ARPANSA) და „ავსტრალიის ატომური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ორგანიზაციის“ (ANSTO) სახელით.
18 მაისს „ბათუმელებმა“ მთავრობის დადგენილებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტყეში დროებით გადატანილ თითოეულ სკაზე მეფუტკრე 10 ლარს გადაიხდის.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, განმარტება გააკეთა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ და აღნიშნა, რომ მთავრობის დადგენილებაში ტექნიკური ხარვეზია და 10 ლარის ნაცვლად უნდა იყოს 1 ლარი:
„საქართველოს მთავრობის N221 დადგენილების „ტყით სარგებლობის წესის შესახებ“ დოკუმენტში, სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის მოწყობის მიზნით სკის განთავსების ფასი 1 ლარის ნაცვლად მითითებული იყო 10 ლარი, რაც ტექნიკური ხარვეზია.“
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის დადგენილება 17 მაისს გამოქვეყნდა და შევიდა ძალაში, სააგენტომ განმარტება კი 18 მაისს გააკეთა.
საკანონმდებლო მაცნეზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, მთავრობის დადგენილებაში ეს „ტექნიკური ხარვეზი“ ამ დრომდე გასწორებული არ არის და საფასურად კვლავ 10 ლარია მითითებული.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ დღეს, 19 მაისს, უთხრეს, რომ „ამ ტექნიკური ხარვეზის ჩასწორებას სამი დღე მაინც დასჭირდება“.
ამონარიდები მთავრობის 2022 წლის 16 მაისის დადგენილებიდან
„საქართველოს მთავრობის N221 დადგენილებაში „ტყით სარგებლობის წესის შესახებ“ შეტანილი ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის მოწყობის მიზნით სკების განთავსება რეგულირების ჩარჩოში ექცევა და სიმბოლურ ფასად – 1 ლარად [1 სკა წლის განმავლობაში] მოხდება.
აღნიშნული ცვლილების ერთ-ერთი მიზანია დღემდე არსებული გაუმართავი პრაქტიკის დარეგულირება. ამასთან, ცვლილება ხელს შეუწყობს თაფლის მიკვლევადობას და მეფუტკრეებს საშუალებას მისცემს, ექსპორტზე სერტიფიცირებული პროდუქცია გაიტანონ.
გამომდინარე იქიდან, რომ სექტორის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან გაჩნდა მოთხოვნა ქართული თაფლის ექსპორტის განხორციელებისთვის საჭირო დამადასტურებელი დოკუმენტის [წარმოშობის] მიღებაზე, ხოლო ტყის მართვის ორგანოს ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნდა, ახალი კოდექსით შემოვიდა სარგებლობის სახე – ფუტკრის დროებითი სადგომის მოწყობა.
ტყის ახალი კოდექსიდან გამომდინარე, ტყის რესურსისა და ტყის მიწებით სარგებლობა კომერციული მიზნით არის ფასიანი, შესაბამისად, საჭირო იყო სარგებლობის ფასის დადგენა, რაც სიმბოლურ ფასად – 1 ლარად განისაზღვრა“, – განაცხადა 18 მაისს ეროვნულმა სატყეო სააგენტომ.
„ფუტკრის დროებითი სადგომის მოსაწყობად სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყით სარგებლობის განსახორციელებლად სახელმწიფო ტყის ფართობი გაიცემა უფლებამოსილი პირის მიერ პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე, ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების საფუძველზე;
სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყით სარგებლობა გულისხმობს ტყის მიწის სათიბად, საძოვრად ან ფუტკრის დროებითი სადგომის მოსაწყობად გამოყენებას.
ფუტკრის დროებითი სადგომის მოწყობა შესაძლებელია როგორც ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარულ ტერიტორიაზე, ისე ამ სახეობებით დაუფარავ ტერიტორიაზე.
სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყით სარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობით სარგებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.
სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყით სარგებლობა ხორციელდება ისეთი ფორმითა და მეთოდით, რომლებიც არ აზიანებს მერქნიან მცენარეებს და არ იწვევს ეროზიულ პროცესებს.
სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყით სარგებლობის განსახორციელებლად გამოყოფილ ტყის ფართობზე დასაშვებია მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობა.“
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის აპრილში, საქართველოში რუსეთის ფედერაციის 48 797 მოქალაქე შემოვიდა. უცნობია, მათგან რამდენი დარჩა საქართველოში და რამდენმა მათგანმა დატოვა ქვეყანა.
შს სამინისტროს მონაცემების მიხედვით, რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა 2021 წლის აპრილთან შედარებით მიმდინარე წლის აპრილში 289%-ით არის გაზრდილი.
წყარო: შსს
2022 წლის აპრილში საქართველოში 8 248 ბელარუსის მოქალაქეც შემოვიდა.
შედარებისთვის: მიმდინარე წლის მარტში საქართველოში რუსეთის 45 068 მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 20 029 მოქალაქე შემოვიდა.
საქართველოს კანონმდებლობით, რუსეთის ფედერაცია იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელთა მოქალაქეებს და მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება.
„რუსეთის მოქალაქეს აქვს საქართველოში შემოსვლის უფლება გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდანაც“, თუმცა, ასე ვთქვათ, უპირობოდ საზღვარი ღია არ არის. თუ რუსეთის მხარე თავისი ქვეყნის მოქალაქეს გამოუშვებს [ეს იქვე უნდა გაარკვიოს], მას შეუძლია საქართველოში შემოსვლა, უბრალოდ, ამ შემთხვევაში გააჩნია პირი ვაქცინირებულია თუ არა. თუ ვაქცინირებულია, დასჭირდება შესაბამისი დოკუმენტი, თუ ვაქცინირებული არ არის, მაშინ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი“, – უთხრეს „ბათუმელებს“ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის ცხელ ხაზზე ერთი თვის წინ.
2022 წლის მაისში კი, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ავტომობილით საქართველოში მოგზაურობის შესახებ, უქმდება.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მკითხველებისთვის 23 მაისამდე დაკეტილია. შესაბამისი განცხადება ბიბლიოთეკის შესასვლელშივეა გამოქვეყნებული. ამ განცხადებაში წერია, რომ ბიბლიოთეკამ მკითხველთა მომსახურება, 14 -23 მაისის პერიოდში, შენობაში სანიტარულ-ჰიგიენური სამუშაოების ჩატარების გამო შეაჩერა.
ბიბლიოთეკის თანამშრომლების ნაწილი ადგილზეა, პერიოდულად კარი ჩაკეტილია.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ჰიგიენური სამუშაოები მხოლოდ მიზეზია და სინამდვილეში შენობის მდგრადობას სწავლობენ.
ბიბლიოთეკის დირექტორმა ჯონი საბაშვილმა დაადასტურა, რომ შენობის მდგრადობას სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სწავლობს: „ვგეგმავთ ლიფტის დამონტაჟებას შშმ პირებისთვის, ამიტომაც გადავწყვიტეთ შენობის შესწავლა“.
„ბათუმელების“ დაინტერესების შემდეგ ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ შენობის მდგრადობის შესწავლის გამო მომსახურების შეწყვეტის შესახებ საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა განცხადება.
დოკუმენტების მიხედვით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზა „ბიბლიოთეკის შენობის ტექნიკური
მდგომარეობის დასადგენად “ 17 მაისს დაუკვეთა. კვლევა 2000 ლარის ღირებულების სამუშაოს ჩატარებას ითვალისწინებს.
შენობაში მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოები გასულ წელს ჩატარდა, – შეცვალეს ფანჯრები, შესასვლელი კარი და მოაწყვეს მცირე ზომის სივრცეები სარდაფის ნაწილში. ამ დროს შენობის მდგრადობის შესწავლა დღის წესრიგში არ დამდგარა.
ჯანმოს ევროპის ოფისი იშვიათი ვირუსული დაავადების, მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელების შესახებ იუწყება. გაფრთხილება ჯანმოს ევროპის ოფისმა დღეს, 19 მაისს, გაავრცელა, მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებთან ერთად, დაავადების პირველი შემთხვევა აშშ-მაც დაადასტურა.
დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდადიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს (UKHSA) მიერ 7 მაისს. ვირუსი სავარაუდოდ იმპორტირებული იყო სხვა ქვეყნიდან. 2022 წლის 14 მაისს დიდ ბრიტანეთში კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა, ორივე პირი ცხოვრობდა ერთსა და იმავე ოჯახში, მაგრამ არ ჰქონიათ მოგზაურობის უახლესი ისტორია და არც კონტაქტი 7 მაისის შემთხვევასთან.
UKHSA-ს მიერ 16 მაისს კიდევ ოთხი ცალკეული შემთხვევა დაფიქსირდა.
გარდა ამისა, 18 მაისს პორტუგალიამ დააფიქსირა მაიმუნის ჩუტყვავილას დადასტურებული ხუთი შემთხვევა და 20-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა. ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა ახალგაზრდა მამაკაცს.
ესპანეთმა ასევე დააფიქსირა რვა საეჭვო შემთხვევა.
მაიმუნის ჩუტყვავილა, რომელიც ადამიანის ჩუტყვავილას ჰგავს, ვირუსული დაავადებაა. ადამიანებზე გადაცემა შეიძლება მოხდეს ინფიცირებულ ცხოველთან ან ადამიანთან კონტაქტით, ან ვირუსის შემცველი ადამიანის სხეულის მასალებთან კონტაქტით.
„სიმპტომები მოიცავს ცხელებას, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს, ზურგის ტკივილს, შეშუპებულ ლიმფურ კვანძებს, შემცივნებას და დაღლილობას. როგორც წესი, ახასიათებს გამონაყარი, რომელიც იწყება სახეზე და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, მათ შორის, სასქესო ორგანოებზე.
დაავადების კლინიკური გამოვლინება ჩვეულებრივ არ არის მწვავე. იმუნოდეფიციტის მქონე პირები განსაკუთრებით მძიმე დაავადების რისკის ქვეშ არიან. ადამიანების უმეტესობა კვირებში გამოჯანმრთელდება,“ – წერს ჯანმო.
იშვიათი ვირუსული დაავადება პირველად დაფიქსირდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1970-იან წლებში. 2018 წლიდან დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა მაიმუნის ჩუტყვავილას 7 შემთხვევა (2021, 2019 და 2018 წლებში), ძირითადად ენდემურ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიით. თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპაში გადაცემის ჯაჭვები დაფიქსირდა დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკასთან ცნობილი ეპიდემიოლოგიური კავშირების გარეშე.
„ამჟამად ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, როგორც ჩანს, ინფექცია ადგილობრივად არის შეძენილი გაერთიანებულ სამეფოში. ადგილობრივი გადაცემის მასშტაბები ამ ეტაპზე გაურკვეველია და არსებობს შემდგომი შემთხვევების იდენტიფიცირების შესაძლებლობა,“ – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.
ბოროდიანკელ პოლიციელს, ივან სიმოროზს, ომში მთელი ოჯახი დაეღუპა. 26 თებერვალს, რუსულმა რაკეტამ ივანის სახლი მიწასთან გაასწორა და მისგან მხოლოდ ნანგრევები დატოვა.
ივანი იმ დღეს პოლიციის რაიონულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ახსოვს, რომ მოულოდნელად აფეთქების ხმა გაიგონა. ომის დაწყებიდან მეორე დღე იყო, რუსი სამხედროები კიევთან მიახლოებას ცდილობდნენ.
ივანმა მაშინვე თავისიანებთან რეკვა დაიწყო. ჯერ ცოლთან სცადა დარეკვა, მერე ძმასთან, დედასთან, მამასთან, ბებიასთან. ვერავის დაუკავშირდა.
მაშინ მიხვდა, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა. კოლეგებთან ერთად საკუთარი სახლისკენ გაემართა. ნანგრევები დახვდა. ივანს ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ იქნებ ოჯახი გადარჩა, იქნებ სარდაფს შეაფარეს თავი.
ნანგრევები ივან სიმოროზის სახლის ადგილას/ფოტო BBC
ძებნაში ნათესავები და მეზობლებიც ჩაერთნენ. თავიდან ივანმა დედა იპოვა. 200 მეტრში უმცროსი ძმის ცხედარი. მის გვერდით მისი საყვარელი ძაღლი იჯდა.
შემდეგ ნანგრევებში ივანმა ცოლი, მამა და ბებია იპოვა. სამივე დაღუპული.
ჯერ კიდევ სუნთქავდა ივანის ერთი წლის შვილი პოლინა, რომელიც მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გოგონა ვერ გადაარჩინეს.
ივანის ერთი წლის გოგონა პოლინა/ ფოტო საოჯახო ალბომიდან
ივანი სამ დღეში სამსახურში დაბრუნდა. ის სამხედრო საგუშაგოზე მუშაობს და ხალხს ევაკუაციაში ეხმარება. ამბობს, რომ მუშაობა შველის ტრაგედიის გადატანაში.
„ბოროდიანკაში ყველას უბედურება დაატყდა თავს. ადამიანებს დახმარება სჭირდებათ. სამსახურიც მშველის და ჩემი მეგობრებიც ძალიან გვერდში მიდგანან“, – ამბობს ივანი.
ივანის ოჯახი სოფელ პესკოვში დაკრძალეს. ყველა ჯვარზე გარდაცვალების ერთი და იგივე თარიღია – 26.02.2022, პატარა პოლინას საფლავზე კი უამრავი სათამაშო აწყვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, სამ კანონიერ ქურდს კი ბრალი წარუდგინეს.
სამინისტროს განმარტებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავების „ქურდული წესით” გარჩევის ფაქტები გამოავლინეს.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული არიან : 1978 წელს დაბადებული რ.კ., 1992 წელს დაბადებული ბ.ზ., 1993 წელს დაბადებული ზ.ც. და 1971 წელს დაბადებული გ.ა.
სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დააკავეს: 1984 წელს დაბადებული ნ.კ., 1970 წელს დაბადებული ი.მ., 1993 წელს დაბადებული თ.ბ. და 1986 წელს დაბადებული ჯ.ს.
1980 წელს დაბადებული ე.ფ. (მეტსახელად „პაჭო“) კი დაკავებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის.
ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ:
1972 წელს დაბადებულ თ.გ.-ს (მეტსახელად „თემო სოხუმსკი“) – „კანონიერი ქურდობისთვის“, ასევე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის;
1984 წელს დაბადებულ მ.გ.-ს – „ქურდული სამყაროს” წევრობისთვის, აგრეთვე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის;
1986 წელს დაბადებულ ვ. ჩ.-ს და 1991 წელს დაბადებულ დ. უ.-ს – „ქურდული სამყაროს” წევრობისთვის;
1979 წელს დაბადებულ დ. წ.-ს – “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვისთვის, ხოლო 1987 წელს დაბადებულ კ. ტ.-ს (მეტსახელად „ენცო“) და 1970 წელს დაბადებულ თ. ხ.-ს (მეტსახელად „ჭინკა“) – “კანონიერი ქურდობისთვის”.
დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამინისტროს განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული „ქურდული სამყაროს“ წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ, რომლებსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.
ფინანსური დავების გადაწყვეტის მიზნით, ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.
ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებზე მოდავე მხარეების პოზიციებს ისმენდნენ, შემდეგ ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ, ვადის გადაცილების შემდეგ კი ე.წ. საჯარიმო თანხას სთხოვდნენ.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს, ასევე, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.
„კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ასევე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლით, 223-ე მე-4 პრიმა მუხლით და 144-ე მე-3 პრიმა მუხლით მიმდინარეობს.