მთავარი,სიახლეები

უკრაინის დროშის გამო აგრესიის სამიზნე გავხდით – რუსულ-უკრაინული ოჯახი ბათუმში

20.05.2022 • 6181
უკრაინის დროშის გამო აგრესიის სამიზნე გავხდით – რუსულ-უკრაინული ოჯახი ბათუმში

ბათუმში მცხოვრები რუსულ-უკრაინული ოჯახი ამბობს, რომ უკრაინის სამკერდე დროშის გამო რუსულენოვანი წყვილის მხრიდან აგრესიის სამიზნე გახდნენ.

ალექსანდრე რუსია, მისი ცოლი – უკრაინელი. როგორც ალექსანდრემ „ბათუმელებს“ უთხრა, შემთხვევა 25 მარტს მოხდა ბათუმის ცენტრალურ პარკში.

„ცოლთან ერთად პარკში ვსეირნობდით. ცოლი უკრაინელია, უკრაინის სამკერდე დროშას ატარებს. ძაღლები გვყავს, შეუყეფეს პარკში ძაღლს, რომელიც წყვილს ჰყავდა. ქალთან კამათი ძაღლების თემით დაიწყო, მაგრამ შემდეგ წამოეკიდა იმაზე, რომ ჩემი ცოლი უკრაინის დროშას ატარებდა. ვუთხარით, რომ მათ სიტუაციაში გარკვეულიყვნენ რუსეთში. ამის შემდეგ კაცი უკვე ძალიან აგრესიულად წამოვიდა, გინებითა და ფურთხებით.

ძალიან აგრესიულები იყვნენ, კამერა ჩავრთე, ვფიქრობდი, რომ ეს შეაჩერებდათ, მაგრამ ასე არ მოხდა, ეს კაცი ამბობდა, რომ ჩვენ არაფერი ვიცით რუსეთზე, რომ რუსეთი შესანიშნავი ქვეყანაა და ა.შ“ – ამბობს ალექსანდრე.

მის მიერ გადაღებულ მოკლე ვიდეოჩანაწერში ჩანს ქალი ძაღლით და კაცი, რომელიც მათ აგინებს, აფურთხებს და ხელით იწევს ალექსანდრესკენ, რომელიც ტელეფონით იღებს. კადრებში ჩანს უკრაინის სამკერდე დროშაც, რომელიც ალექსანდრეს ცოლს ეკეთა.

ალექსანდრე ამბობს, რომ კაცმა მას ხელიც დაარტყა. მან არ იცის რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ისინი, თუმცა, მისი ინფორმაციით, წყვილი რუსეთიდან არის ჩამოსული. მისი თქმით, რომ არა უკრაინის დროშა, ასეთი აგრესია მათი მისამართით არ იქნებოდა.

ალექსანდრემ და მისმა ცოლმა პოლიციას მიმართეს განცხადებით და ვიდეო ჩანაწერიც გადასცეს. მან გვითხრა, რომ გამოძიებას ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილება აწარმოებს, თუმცა, როგორც ის ამბობს, აგრესია მათი მისამართით არ წყდება:

„ყველაზე ცუდი ისაა, რომ ისევ ძალიან აგრესიულად იქცევიან. ეს ქალი ქუჩაში შემხვდა, მითხრა, რომ უკრაინელი „ხ**“ ვარ და თუ უკრაინას ვუჭერ მხარს, ომში უნდა წავიდე, იფურთხება.

უკვე 2 თვეა ამ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ. არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. გაიგეს ჩვენი გვარი, სად ვცხოვრობთ, ცდილობენ პროვოცირებას. უკვე ხულიგნობას გასცდა ეს ამბავი“.

ალექსანდრე ამბობს, რომ მესამე ჯერზე, როცა ქალმა მას ქუჩაში შეურაცხყოფა მიაყენა, საპატრულო პოლიციაშიც დარეკა.

როგორც ალექსანდრე ამბობს, ის და მისი ცოლი ბათუმში უკვე 5 წელია ცხოვრობენ.

„გაკვირვებული და შეშინებული ვართ. წასასვლელიც არსად გვაქვს, უკრაინაში ომია, რუსეთში  – მმართველი, რომელიც მიუღებელია. გამოძიებამ ვერ შეაჩერა ვერც ეს კაცი და ვერც ეს ქალი, ამის გაგრძელების გვეშინია“ – გვითხრა მან.

მან გვთხოვა, არ დაგვესახელებინა მისი გვარი: „მე არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ცოლი შიშობს, ჩვენს ირგვლივ ქმნიან ნეგატიურ ატმოსფეროს“.

ალექსანდრე „ბათუმელებს“ 19 მაისს გამოქვეყნებული მასალის წაკითხვის შემდეგ დაუკავშირდა, რომელშიც მოთხრობილია რუსეთის მოქალაქეების აგრესიის შესახებ ბათუმის თარჯიმანთა ბიუროში.

„ისეთ ზღვარზე მივედით, რომ ეს ინფორმაცია უკვე არ შეიძლება იყოს მხოლოდ ჩვენი ოჯახის საზღვრებში. ხალხს, რომელიც ჩვენს მსგავსად მიიღო საქართველომ, არ ესმის, რომ ამ სოციუმში თუ მოხვედი საცხოვრებლად, აქ მხარს უჭერენ ამ პოლიტიკას და მხარი უნდა დაუჭირო ამ ერს. არ მესმის ამ ხალხის“ – ამბობს ალექსანდრე.

„ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინსიტროს დაუკავშირდა კითხვით, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. შს სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით – ძალადობა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აღნიშნულ შემთხვევაზე ერთ პირს ბრალიც აქვს წაყენებული.

_____________________________

ფოტოზე: სქრინი ვიდეოჩანაწერიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: