რა შეიცვალა ბათუმის ბულვარის გენგეგმის პირველად ვარიანტში და როგორ ჩამოყალიბდა ის საბოლოოდ? – ამის შესახებ ბათუმში მოქალაქეებს ინფორმაცია არ აქვთ, ბულვარის ადმინისტრაციას დოკუმენტი ჯერ არ გაუსაჯაროებია. გენგეგმის საბოლოო ვერსია არც ბათუმის მერიაში და, შესაბამისად, არც საკრებულოში არ გადაუგზავნიათ.
მართალია, ბათუმის ახალარჩეული საკრებულო ჯერ ვერ ფუნქციონირებს, თუმცა დოკუმენტის მიღების შემთხვევაში საკრებულოს მოქმედ წევრებს მინიმუმ მისი საჯაროდ განხილვის უზრუნველყოფა შეეძლოთ.
დოკუმენტი, რომლის მომზადებაშიც ბიუჯეტიდან ანუ ხალხის ფულიდან ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა, მოქალაქეებისთვის ჯერჯერობით მისაწვდომი არ არის.
არც ის ვიცით, დაახლოებით რა ვადაში შეძლებს ბულვარის ადმინისტრაცია დოკუმენტის მერიისთვის გადაგზავნას: „მოცულობით ძალიან დიდია და ადმინისტრაციის უფროსი მოამზადებს მას გადასაგზავნად“.
გენგეგმის მიღების შემდეგ ბათუმის მერიამ ის საკრებულოს უნდა წარუდგინოს, საკრებულო კი განიხილავს მას და დასამტკიცებლად მოამზადებს. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბულვარის გენგეგმას 2022 წელს დაამტკიცებენ.
თვითმმართველობის ორგანოებს აქვთ, ასევე, ვალდებულება, რომ დოკუმენტი დამტკიცებამდე საჯაროდ განსახილველად გაიტანონ და დაინტერესებული მოქალაქეების, ასევე, სპეციალისტების მოსაზრებები მოისმინონ.
რა ხდება ბულვარში, ვიდრე გენგეგმას დაამტკიცებენ? – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილების თანახმად, აქ მოვლასთან დაკავშირებული სამუშაოების გარდა რაიმე სახის ახალ სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვა არ უნდა გაიცეს.
„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე, გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ნებისმიერ ახალ სამშენებლო პროექტზე,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ 2021 წლის 30 მარტს, აჭარის მთავრობის სხდომაზე.
ამ განცხადების შემდეგ „ამბასადორმა“ ბულვარში ორი უკანონო სართული ააშენა, შემდეგ კი პროექტში ცვლილებაზე ნებართვა მიიღო, რითაც ავტომატურად დაიკანონა უნებართვოდ აშენებული სართულები.
იმავე სხდომაზე, 2021 წლის 30 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ ბულვარს სამართავად ბათუმის თვითმმართველობას უბრუნებს და ეს გასცემს კითხვებზე პასუხს, რომელიც საზოგადოებას ბულვარის მართვასთან დაკავშირებით აქვს.
„ისიც გასაგებია, რომ ბულვარი თავისი დანიშნულებით წარმოადგენს სარეკრეაციო სივრცეს. ამიტომ მე ვავალებ ეკონომიკის მინისტრს და ასევე ვთხოვ ბათუმის თვითმმართველობას, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში უსწრაფესად მოახდინონ ბათუმის ბულვარის მუნიციპალიტეტისთვის სამართავად გადაცემა. ეს ერთხელ და სამუდამოდ კითხვებს გასცემს იმ პასუხებს, რომლებიც შესაძლოა არსებობდეს ბათუმელებში, რომლებიც შესაძლოა არსებობდეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში…“ – თქვა მაშინ თორნიკე რიჟვაძემ.
არც ბათუმის მერმა [რომელიც მაშინ მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო] და არც აჭარის ფინანსთა მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ თავმჯდომარის დავალება „უსწრაფესად“ არ შეასრულეს, ბათუმის ბულვარს ისევ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მართავს.
რამდენიმე დღის წინ ჩაწერილ ინტერვიუში ბულვარის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სოფიო ლაზიშვილმა გვითხრა, რომ მომავალ წელს ბულვარში ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. შესაბამისად, საინტერესოა, რომელ ბიუჯეტში გაითვალისწინებენ რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხას – ბათუმის მუნიციპალიტეტის თუ ისევ რესპუბლიკურ ბიუჯეტში.
კიდევ ერთი საკითხი, რაც კითხვებს აჩენს, არის ის, თუ რატომ აჭიანურებს ბულვარის ადმინისტრაცია პლაჟზე ასათვისებელი კომერციული სივრცეების ელექტრონული აუქციონის წესით გასხვისებას. არც ისაა გამორიცხული, რომ ისევ გაუგრძელონ ხელშეკრულებები იმ მოიჯარეებს, რომლებმაც გასულ წელსაც შეინარჩუნეს პანდემიის გამო ძველი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.