მთავარი,სიახლეები

პრეზიდენტის სიტყვა – ვინ წერს ზელენსკის გამოსვლის ტექსტს

20.05.2022 • 9826
პრეზიდენტის სიტყვა – ვინ წერს ზელენსკის გამოსვლის ტექსტს

მე თქვენ მოგიყვებით ამბავს. დიახ, უამრავი ამბავი იწყება ამ სიტყვებით „მე თქვენ მოგიყვებით ამბავს“, მაგრამ ამ ამბავში დასასრული ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დასაწყისი…“

ვოლოდიმირ ზელენსკი, კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, 17 მაისი, 2022 წელი.

ეკრანზე ჩანს კაცი, მწვანე სამხედრო მაისურით. ის მაღლა შემართული მუშტით ესალმება აუდიტორიას. როგორც კი შეძახილები იწყება, ჩუმდება და მხოლოდ პაუზის შემდეგ განაგრძობს ლაპარაკს – ყოველთვის მხოლოდ მშობლიურ ენაზე. უკრაინის პრეზიდენტის ეს სახე საკუთარ დარბაზებში უკვე 30 ქვეყნის პარლამენტმა იხილა.

მისი ქვეყანა ომშია და თავადაც ომშია – ეს ყველა დეტალში ჩანს – ერთი შეხედვით, მოუწესრიგებელ გარეგნობაში, ჩაცმულობაში, მეტყველებაში და რაც მთავარია, ტექსტში. ვოლოდიმირ ზელენსკი უარს ამბობს ამგვარი შეხვედრებისთვის დამახასიათებელ მკაცრ კლასიკურ კოსტიუმებზე. მისი გამოსვლებიც მკვეთრად განსხვავდება ტრადიციული დიპლომატიური მიმართვებისგან – ისინი გულწრფელი და პირდაპირია, ზოგჯერ კი – მწარეც.

ზელენსკის საერთაშორისო დებიუტი პირველ მარტს ევროპარლამენტში შედგა. ომის დაწყებიდან მან უკვე 156 გამოსვლა ჩაწერა – სწორედ ამდენი მიმართვის დათვლა შეიძლება უკრაინის პრეზიდენტის საიტზე მისი გამოსვლების განყოფილებაში.

24 თებერვლის შემდეგ თითქმის არ ყოფილა დღე, რომ უკრაინის პრეზიდენტს გამოსვლა არ ჰქონოდა. ის მიმართავს უკრაინელებს, უცხო ქვეყნის პარლამენტებს, NATO-ს, ევროკავშირს და სხვადასხვა ქვეყნის ქალაქების მოედნებზე უკრაინის სოლიდარობის ნიშნად შეკრებილ ადამიანებს.

და ყოველი სიტყვის შემდეგ კიდევ დიდხანს ტოვებს ფეხზე წამომდგარ პუბლიკას და მხურვალე ტაშს.

დიპლომატიის ახალი ეტაპი, სრულიად განსხვავებული ლიდერი, რომელსაც არ ეშინია – საერთაშორისო მედიაში უამრავი მსგავსი შეფასება გაჩნდა. სოციალური მედიის მომხმარებლები უკვე მსჯელობენ იმაზე, როდის შეძლებენ მისი გამოსვლების წიგნად შეძენას, ექსპერტები კი მის ყოველ სიტყვას აანალიზებენ და იკვლევენ, თუ ვინ დგას პრეზიდენტის სიტყვის უკან.

ვინ ქმნის ალუზიებს, მეტაფორებსა და ალეგორიებს, რომლებსაც უკრაინის პრეზიდენტი საკუთარ გამოსვლებში ოსტატურად იყენებს, რათა მთელი მსოფლიო უკრაინის გარშემო გააერთიანოს.

ოსტატური სტრატეგია

კანის წლევანდელი 75-ე კინოფესტივალი უჩვეულოდ გაიხსნა.

სავსე დარბაზი უსმენდა პოლიტიკოსს, რომელიც მას მისსავე ენაზე უყვებოდა ომზე – კინოს ლეგენდის, ჩარლი ჩაპლინის სიტყვებით.

„და მაშინ ეკრანებიდან გაისმა: სიძულვილი გაივლის, დიქტატორები მოკვდებიან და ძალაუფლება, რომელიც მათ ხალხს წაართვეს, კვლავაც ხალხს დაუბრუნდება.

მას შემდეგ კაცობრიობამ უამრავი შესანიშნავი კინოსურათი გადაიღო. და თითქოს ყველამ გაიგო, რომ ადამიანების დაპყრობა შეიძლება მშვენიერებით, ეკრანებთან და არა საშინელებით – თავშესაფრებში.

და კვლავაც, მაშინაც და ახლაც, არის დიქტატორი. კვლავაც, როგორც მაშინ, არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. კვლავაც, როგორც მაშინ, საჭიროა, კინო არ დამუნჯდეს.“

ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფოტო/უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

კინოსაზოგადოებასთან ზელენსკიმ ჩაპლინი მოიხმო, ბრიტანელებთან – შექსპირი და ჩერჩილი, ისრაელის ქნესეთთან – გოლდა მეერი; საბერძნეთის პარლამენტისთვის მთავარი მესიჯი მარიუპოლი იყო – სახლი ბევრი ეთნიკური ბერძენისთვის; ფინელებს საბჭოთა დამპყრობლებისთვის ნასროლი მოლოტოვის კოქტეილები გაახსენა; ავსტრალიასა და ჰოლანდიას  – რეისი MH17, მალაიზიური ლაინერი, რომელიც რუსეთმა 2014 წელს უკრაინის თავზე ჩამოაგდო; გერმანიას – ბერლინის კედელი; აშშ-ის კონგრესს – მარტინ ლუთერ კინგი, პერლ ჰარბორი და 9/11; ფრანგებს – მათივე „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“, იაპონიას კი – ბირთვული საფრთხე.

ზელენსკის ყველა საერთაშორისო მიმართვა კონკრეტული მსმენელისთვისაა დაწერილი, იმ ისტორიულ მოვლენებსა და ტრავმებზე აგებული, რომელთა ხსენებაც ამ აუდიტორიაზე ემოციურად იმოქმედებს.

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 13 დღის ქრონიკა შექსპირის „ყოფნა-არყოფნაზე“ პასუხითა და უინსტონ ჩერჩილის 1940 წლის 4 ივნისის ისტორიული სიტყვის ფრაგმენტით დაასრულა:

„ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვიბრძოლებთ ზღვებზე, ვიბრძოლებთ ჰაერში და დავიცავთ ჩვენს მიწას, რადაც უნდა დაგვიჯდეს ეს! ჩვენ ვიბრძოლებთ ტყეებში, მინდვრებში, სანაპიროებზე, ქალაქებსა და სოფლებში, ქუჩებში… და მინდა ჩემგან დავამატო: ჩვენ ვიბრძოლებთ მიწაყრილებზე, კალმიუსისა და დნეპრის ნაპირებზე! და ჩვენ არ დავნებდებით!“

ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის თემთა პალატას მიმართავს. ფოტო/უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

„იყო მსოფლიოს ლიდერი, ნიშნავს იყო მშვიდობის ლიდერი“ – მიმართა მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. კონგრესსა და ამერიკელებს კი უთხრა, რომ „მას აქვს ოცნება“, “დაიცვას უკრაინის ცა”.

„თითქოს კედლის მიღმა ხარ,“ – მიმართა ზელენსკიმ გერმანიის ბუნდესტაგს. – „არა ბერლინის კედლის, არამედ თავისუფლებასა და მონობას შორის ევროპის შუაგულში აღმართული კედლის, რომელიც ჩვენს მიწაზე ყოველი ბომბის დაცემასთან ერთად მყარდება“.

უკრაინის პრეზიდენტი ამ ემოციური და ამაღლებული რიტორიკის ფონზე ძალიან კონკრეტულ რამეებს ითხოვს საერთაშორისო საზოგადოებისგან –  ითხოვს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ტანკებს, ჯავშანტექნიკას, სანქციებს მოსკოვისთვის, სრულ ემბარგოს ნავთობსა და გაზზე.

ის ხშირად არც საყვედურს ერიდება: გერმანიის პრეზიდენტს ღიად უთხრა, რომ რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამო ის კიევისთვის სასურველი სტუმარი არ იქნებოდა; ქნესეთთან მიმართვაში ზელენსკიმ გააკრიტიკა ისრაელი, რომ უკრაინას შეიარაღებით არ ეხმარება; იტალიელებს კი პირდაპირ მოუწოდა – „ნუ გახდებით მკვლელების კურორტი“.

„საინფორმაციო ფრონტზე უკრაინამ მასტერკლასი აჩვენა“, – წერს ბრიტანული The Guardian-ი, რომელმაც პირველმა გამოარკვია, თუ ვინ ეხმარება უკრაინის პრეზიდენტს ამ ოსტატური სტრატეგიის შექმნაში.

ზელენსკის გუნდი

„ამ სიტყვებს წერს 38 წლის ყოფილი ჟურნალისტი და პოლიტიკის ანალიტიკოსი, დმიტრო ლიტვინი, რომელსაც თავად სულ რაღაც 200 მიმდევარი ჰყავს ტვიტერზე“, – წერს The Guardian-ი. – „ლიტვინი პრეზიდენტის გუნდის წევრია. ის და მისი კოლეგები რუსეთის შეჭრის პირველი დღეებიდანვე მუშაობენ ბანკოვზე – ეს თეთრი სახლისა და დაუნინგ სტრიტის უკრაინული ეკვივალენტია.“

ბრიტანული გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში დმიტრო ლიტვინი ამბობს, რომ ზელენსკის გამოსვლების უკან ყოველთვის თვითონ ზელენსკი დგას: „სიტყვაში ემოცია ყველაზე მთავარია და, რა თქმა უნდა, ამ ემოციების ავტორი თავად პრეზიდენტია“.

დმიტრო ლიტვინი გამოცემა „ლევი ბერეგის“ ყოფილი მესვეტეა. ის ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ ანალიტიკოსიც იყო.

დმიტრო ლიტვინი. ფოტო/DR

სერგი ლეშჩენკო, კიდევ ერთი ყოფილი ჟურნალისტი და ზელენსკის ომის პერიოდის მრჩეველი, ლიტვინის საქმიანობას ასე ახასიათებს: „ის აგროვებს პრეზიდენტის იდეებს ყოველდღე. ის მუშაობს, როგორც გონებისა და გრძნობების შემგროვებელი“.

როგორ მზადდება უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლები – ამის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს უკრაინული გამოცემა nv.ua (Новое Время), რომელსაც პროცესის დეტალებზე კონფიდენციალური წყარო უყვება პრეზიდენტის ოფისიდან.

გამოცემის წყაროს ცნობით, იდეა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის უცხოეთის პარლამენტებისთვის მიემართა, მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს ეკუთვნოდა. სწორედ ის უწევს კოორდინირებას სახელმწიფოს მეთაურის საერთაშორისო აქტივობებს.

უცხოელ დეპუტატებთან მიმართვების მზადების პროცესი სახელმწიფოთა მეთაურების შეთანხმებით იწყება. შემდეგ თითოეული ქვეყნის საგარეო უწყებასთან და პარლამენტის სპიკერებთან თანხმდება დრო და თარიღი.

როგორც წყარო განმარტავს, პრეზიდენტი ზელენსკი უზიარებს გუნდს თავისი მომავალი სიტყვის მონახაზს, თვითონ როგორ ხედავს მას, ასევე, რა შედეგის მიღება სურს.

„ტექსტს უშუალოდ ლიტვინი წერს, თუმცა ხშირად საქმეში ერთვება ანდრეი სიბიგა, ერმაკის მოადგილე, რომელიც პრეზიდენტის ოფისში შიდაპოლიტიკურ ბლოკს კურირებს“, – წერს გამოცემა. – „ლიტვინს ზოგჯერ ასევე ეხმარება უკრაინის ელჩი იმ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი გამოსვლას გეგმავს. როდესაც სიტყვა მზადაა, მას საბოლოოდ პრეზიდენტი ნახულობს და აფასებს“.

პრეზიდენტის სიტყვის მომზადებას ზოგჯერ რამდენიმე საათი, ზოგჯერ კი რამდენიმე დღე მიაქვს. გამოცემის ინფორმაციით, ყოველი გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტის ოფისი აანალიზებს პოლიტიკოსების, დიპლომატების, საერთაშორისო მედიის გამოხმაურებებს და მიღებულ შედეგებს.

პრეზიდენტის ოფისში ამბობენ, რომ ზელენსკის ყოველ გამოსვლას გარკვეული შედეგი მოაქვს უკრაინისთვის, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

Новое Время აღნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ეს შედეგი ნამდვილად თვალსაჩინო იყო. მაგალითად, 29 მარტს ზელენსკიმ მიმართა ნიდერლანდების პარლამენტს, 19 აპრილს კი პრემიერმა მარკ რიუტემ განაცხადა, რომ უკრაინას მძიმე შეიარაღებას მიაწვდიან.

„თუმცა არის რთული შემთხვევებიც, – წერს გამოცემა. –  „როდესაც ზელენსკი 20 მარტს ქნესეთის წინაშე გამოვიდა, რეაქცია არაერთგვაროვანი აღმოჩნდა – ისრაელელი პოლიტიკოსებისა და მიმომხილველების ნაწილმა ვერ მიიღო უკრაინის ვითარების ჰოლოკოსტთან შედარება“.

„რა თქმა უნდა, რეაქცია სხვადასხვანაირია“, – ამბობს გამოცემის წყარო. – „თუმცა ამ გამოსვლების აზრი ის კი არაა, რომ ვინმეს თავი მოვაწონოთ ან ტკბილი სიტყვებით ავავსოთ რომელიმე ქვეყნის პარლამენტი – არამედ ის, რომ უკრაინელებს გაუგონ.“

ახალი სიტყვა დიპლომატიაში

საერთაშორისო მედია აღნიშნავს, რომ კიევმა ეფექტიან დიპლომატიურ ინსტრუმენტად აქცია პრეზიდენტის მიმართვები. ზელენსკიმ შეძლო და თავისი გამოსვლებით საზოგადოებრივი და პოლიტიკური განწყობები უკრაინის გარშემო და უკრაინის სასარგებლოდ გააერთიანა.

„მის გამოსვლებში დაბალანსებულია ფაქტები და ემოციები“, – ეუბნება Новое Время-ს პაველ კლიმკინი, პეტრო პოროშენკოს მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი. – „ზელენსკი ძალიან სტრუქტურირებულად აწყობს თავის გამოსვლებს და ამავე დროს, კარგად ახერხებს შეინარჩუნოს პირადი, ადამიანური ხაზიც. ასეთი მიმართვები სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებისადმი, დიპლომატიის ისტორიაში, პირველია. ეს, ერთი მხრივ, გასაგებიცაა, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომი მიდის და სიტყვა დღეს ისეთივე იარაღია, როგორც ის, ნამდვილი, რომელიც ბრძოლაში გამოიყენება“.

ზელენსკი მსოფლიო პოლიტიკოსებისა და დიპლომატების ფონზე გამორჩეულია იმით, რომ მზადაა საგნებს თავისი სახელი დაარქვას, –  ფიქრობს იზაბელ ხურშუდიანი, The Washington Post-ის კიევის რედაქციის ხელმძღვანელი. – „ზელენსკი აჩვენებს, რომ მას არ ეშინია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი დიპლომატია ძალიან გულწრფელი და პირდაპირია, ამიტომაც აღწევს ასე ძლიერად ფართო აუდიტორიამდე“.

გამოსვლა კანადის პარლამენტში. ფოტო/The Canadian Press

ზელენსკი ყოველთვის თავისუფლად გრძნობს თავს კამერასთან, სულერთია, თავისი ტელეფონით ლაპარაკობს, პრესკონფერენციაზეა, კაბინეტიდან აქვს პირდაპირი ჩართვა თუ მიწისქვეშა თავშესაფრიდან მიმართავს ხალხს. ექსპერტების უმრავლესობა საერთაშორისო მედიასთან კომენტარებში აღნიშნავს, რომ მსახიობისა და კომედიანტის კარიერა უკრაინის პრეზიდენტის საჯარო გამოსვლების წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღებია.

„ხალხმა იცის, რომ მას გარდასახვა შეუძლია. მეტამორფოზა. ის არის თანამედროვეობის პოლიტიკოსი, რომელიც გართობის სფეროდან მოვიდა“, – ეუბნება ბრიტანულ The Guardian-ს ორისია ლუცევიჩი, Chatham House-სთან არსებული უკრაინული ფორუმის მენეჯერი. მისი თქმით, ზელენსკი და მისი თანამწერლები ხალხისთვის ძალიან გასაგებ და ნაცნობ სახეებს ქმნიან, მათი მესიჯები კი ძალიან კარგადაა დაკავშირებული პოპულარულ კულტურასთან, – „მაგალითად, ამ ომის წარმოჩენა „ნათელისა და ბნელის ბრძოლად“. ამ „ბეჭდების მბრძანებლის“ სტილის დრამაში, რუსი სამხედროები „ორკები“ არიან, პუტინი კი – საურონი“.

აუდიტორიასთან მჭიდრო ემოციური კავშირი რომ ზელენსკის უპირატესობად იქცა, ამას BBC-სთან, უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლების კომენტირებისას, ოტავას უნივერსიტეტის პროფესორი, ნომი კლერ ლაზარიც აღნიშნავს.

„ყოველ გამოსვლაში ის გეუბნება, როგორი ადამიანი ხარ შენ? როგორ ერი ხარ? და თუ შენ არ დგახარ იქ, სადაც უნდა იდგე დღეს, სირცხვილი შენ!”, – პროფესორ ლაზარის აზრით, შეუძლებელია მიხვიდე უცხო ქვეყნის კანონმდებლებთან და ეს უთხრა, თუმცა ზელენსკიმ, როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც სამხედრო აგრესიის მსხვერპლია, ამის თქმის უფლება მოიპოვა.

პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ ის, რასაც ვოლოდიმირ ზელენსკი თავისი გამოსვლებით აკეთებს, ნამდვილი „რევოლუციაა საჯარო პოლიტიკაში“.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ახლა გამოსვლების ახალი სერიისთვის ემზადებიან – ამჯერად აზიისა და აფრიკის ქვეყნების პარლამენტებისადმი – რათა უკრაინამ მხარდაჭერა ევროპის მიღმაც მოიპოვოს და მიაღწიოს მიზანს, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი თავისი ამბის დასასრულად ხედავს:

„და ბოლოს – ჩვენ მოვიგებთ ამ ომს და ჩვენ გვჭირდება კინემატოგრაფი, რომელიც სწორედაც რომ ასეთ ფინალს შექმნის.“  

ვოლოდიმირ ზელენსკი, კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, 17 მაისი, 2022 წელი. 

მთავარი ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე. ფოტო/უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

____

ვინ არის ვოლოდიმირ ზელენსკი?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: