ნეტგაზეთი • RU

რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატების ნაკლებობა აქვს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყურადღების ცენტრში, 21 მაისს, რუსეთის ავიაცია, კერძოდ კი უპილოტო საფრენი აპარატები მოექცა. ტვიტერზე გამოქვეყნებულ განახლებაში, უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთი სწრაფი ტემპით კარგავს ომისთვის აუცილებელ ამ იარაღს.

დაზვერვის ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომში, უპილოტო საფრენმა აპარატებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა, ორივე მხარისთვის, თუმცა ამავე დროს დიდი ზიანიც მიიღო. აპარატები ძალიან დაუცველები აღმოჩნდნენ – დიდ სირთულეს არ წარმოადგენს არც მათი ჩამოგდება და არც ელექტრონული ხარვეზების შექმნა.

„რუსეთმა სცადა განეხორციელებინა „სადაზვერვო დარტყმის“ კონცეფცია, რომელიც მან სირიაში შეიმუშავა, და რომლის დროსაც მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენება მიზნის დასადგენად, რათა შემდეგ ამ მიზანს საბრძოლო თვითმფრინავმა ან არტილერიამ დაარტყას“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ამ ამოცანისთვის შესაბამისი მზვერავი უპოლოტო აპარატების ნაკლებობას განიცდის. ამ დანაკლისის შევსებას კი, სანქციების ფონზე შეზღუდული შიდა წარმოების გამო, წარმატებით ვეღარ ახერხებს.

„რუსეთის თვითმფრინავები, ეკიპაჟებით, ძირითადად, თავს არიდებენ უკრაინის ტერიტორიაზე ფრენას, სავარადოდ, უკრაინის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შიშით.

თუკი რუსეთი გააგრძელებს უპილოტო საფრენი აპარატების ამავე ტემპით დაკარგვას, როგორც ახლაა, მისი შეიარაღებული ძალების დაზვერვის, დაკვირვებისა და კონტროლის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაუარესდება, რაც თავისთავად, უარყოფითად აისახება მის ოპერატიულ ეფექტიანობაზე“.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას ყოველდღიურად აახლებს.

19 მაისის განახლებაში, დაზვერვა მარიუპოლში არსებულ ვითარებას აფასებდა და გამოთქვამდა ვარაუდს, თუ როგორი შეიძლება იყოს რუსეთის შემდგომი ნაბიჯები ქალაქის სრულად დაკავების შემდეგ.

მთავარი ფოტო: ჩამოგდებული რუსული უპილოტო საფრენი აპარატი/უკრაინის თავდაცვა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი