მთავარი,სიახლეები

გვინდა უზარმაზარი კედლის მიღმა დარჩეს რუსეთი და რუსები – უკრაინელი ჟურნალისტი ომზე

20.05.2022 • 1474
გვინდა უზარმაზარი კედლის მიღმა დარჩეს რუსეთი და რუსები – უკრაინელი ჟურნალისტი ომზე

როგორია იყო ჟურნალისტი და იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სრულმასშტაბიან ომშია – პირად და სარედაქციო გამოცდილებაზე „ბათუმელებს“ უკრაინული მედიაკომპანია „ბაბელის“ ინგლისურენოვანი გამოცემის რედაქტორი, ანტონ სემიჟენკო უყვება.

15 წელი ჟურნალისტიკაში და ომით გამოწვეული რადიკალური ცვლილებები

დაახლოებით 15 წელია ჟურნალისტიკაში ვარ. ყველაფერი რადიოდან დაიწყო. შემდეგ იყო სხვა მედიაპლატფორმები. „ბაბელში“ ბოლო ერთი წელია ვმუშაობ.

„ბაბელი“ ომამდე იყო კომერციულად მომგებიანი მედიაკომპანია, რომლის დაფინანსების ძირითად წყაროს სარეკლამო და გამოწერებიდან მიღებული შემოსავლები წარმოადგენდა. ვწერდით სხვადასხვა თემაზე – კულტურა, მეცნიერება, საერთაშორისო სიახლეები.

24 თებერვლის შემდეგ, ისევე როგორც სხვა უკრაინულმა მედიასაშუალებებმა, „ბაბელმაც“ დაკარგა შემოსავლის ეს გზები, – აღარ არსებობს რეკლამა, ხალხს აღარ აქვს ფული საინფორმაციო კონტენტის შესაძენად.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, შეიცვალა „ბაბელის“ სარედაქციო პოლიტიკაც – გამოცემა აქტიურად გადაერთო კონფლიქტის ესკალაციის საკითხებზე და რუსულენოვანი ვერსია ჩაანაცვლა ინგლისურენოვანით.

პირადად ჩემთვის ეს იყო სრულიად უცხო გამოცდილება, შავი ხვრელივით, რომელიც მთლიანად გითრევს. მეორე მხრივ, როდესაც ომია, ბევრი ფიქრი არც გჭირდება, ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებს. რა თქმა უნდა, კარგია, რომ კულტურა და მეცნიერება, ისევე, როგორც სხვა თემები განაგრძობენ არსებობას, მაგრამ ის, რაც შენ და შენს მკითხველებს სჭირდებათ გადარჩენისთვის, ოპერატიული ინფორმაციაა ომის შესახებ.

ომამდე ველზე ვმუშაობდი, დავდიოდი და ვაშუქებდი ამბებს. მახსოვს ერთ-ერთი მასალა მქონდა იმაზე, თუ როგორ ყიდულობდნენ უკრაინელები თავდასაცავად ჩუმად იარაღს. რაც ომი დაიწყო, მთლიანად გადავერთე რედაქტორის პოზიციაზე, დროის უდიდეს ნაწილს ლეპტოპის ეკრანთან ვატარებ. არ მაქვს დრო რაიმე მასალის მოსამზადებლად ან ინტერვიუს ჩასაწერად.

„ბაბელის” რედაქცია 24 თებერვლიდან კიევში მდებარე ერთ-ერთ ბარში გადავიდა სამუშაოდ. დაბომბვისა და საჰაერო განგაშის დროს, ჟურნალისტები სარდაფში მუშაობდნენ. როდესაც თავისუფალი დრო ჰქონდათ, ბარის მფლობელებს ეხმარებოდნენ თავდაცვის ძალებისთვის საკვების მომზადებასა და განაწილებაში.

ახლა ჩვენს გუნდში 30-მდე ადამიანია. გვყავს ფრილანსერი ჟურნალისტი, რომელიც რეგულარულად გვაწვდის მასალას ბრძოლის წინა ხაზიდან. ის ახლა დონბასის რეგიონშია. მანამდე იმყოფებოდა კიევის რეგიონში გათავისუფლებულ დასახლებებში, საიდანაც მოგვაწოდა რეპორტაჟი რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგებზე. ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი, კიევთან ახლოს, დროებით ოკუპირებულ სოფელში რამდენიმე კვირა ცხოვრობდა, მანამდე მუშაობდა და გვაწვდიდა ინფორმაციას, სანამ ინტერნეტთან წვდომა ჰქონდა. ასევე გვყავს მოხალისეები, რომლებიც უსასყიდლოდ თარგმნიან მასალებს, რათა მსოფლიო გაიგოს იმ ყველაფრის შესახებ, რასაც რუსეთი უკრაინას უკეთებს.

გუნდის წევრები მაქსიმალურად ცდილობდნენ არსებული ფინანსური რესურსები დაეზოგათ და გადაადგილებისა თუ სხვა ხარჯებისთვის საკუთარი დანაზოგი გამოეყენებინათ, მაგრამ რამდენადაც ომი გრძელდება, რესურსები იწურება, ინვესტორები მძიმე ეკონომიკურ ზიანს განიცდიან და „ბაბელს“, რომელსაც აქამდე არასდროს გამოუყენებია საგრანტო დაფინანსება, უწევს სხვადასხვა საერთაშორისო დონორს მიმართოს, რათა საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება შეძლოს.

უარი რუსულ ენაზეპოლიტიკური განაცხადი და რესურსების დაზოგვის გზა

მე ვარ ხერსონის რეგიონიდან, რომელიც რუსიფიცირების გამო ძირითადად რუსულენოვანია. ასევე ჩვენი მთავარი რედაქტორი ლუგანსკიდანაა და მისთვისაც პირველი ენა რუსული იყო. მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ რუსული ენა არ არის მხოლოდ ენა; ის გამოიყენება, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, მაგალითად, პუტინისთვის საბაბია, რომ თითქოს არსებობს ვიღაც უკრაინაში, ვისაც გადარჩენა და გათავისუფლება სჭირდება. ჩვენი მკითხველის უდიდეს ნაწილს უკრაინაში ესმის უკრაინული ენაც, ასე რომ, რუსულენოვანი გამოცემის გაუქმებით უკრაინული საზოგადოების არცერთი ნაწილი არ დაგვიტოვებია ინფორმაციის მიღმა.

რუსულ ენაზე უარის თქმა უკრაინაში ერთგვარი ტრენდიც გახდა, ჩემ ირგვლივ უამრავი ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ კომუნიკაციასა თუ სოციალურ ქსელებში რუსულ ენას იყენებდა, გადაერთო უკრაინულზე.

რუსებთან დიალოგისთვის უკვე გვიანია

იყო მცდელობები რუსებისთვის მიმართვის, მათთან კომუნიკაციის, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ წარმატებით. ჩვენ არ გვაქვს ამდენი რესურსი და ინფრასტრუქტურა საინფორმაციო ომში, რამდენიც რუსებს.

რუსებთან კომუნიკაციისთვის უკვე ძალიან გვიანია. შესაძლოა, პუტინი ძალიან კარგად მუშაობს რუსების საინფორმაციო იზოლირებაზე და იმდენი პროპაგანდისტული ინფორმაციით აავსო მათი გონება, რომ მათ, უბრალოდ, აღარ დარჩათ „ოპერატიული მეხსიერება“ სხვა ინფორმაციის დასამუშავებლად.

მე მყავს ნათესავები რუსეთში. მათ თავიც კი არ შეუწუხებიათ, რომ დაერეკათ და უბრალოდ ეკითხათ, როგორ ვართ, როგორ არიან ჩემი მშობლები, რომლებისთვისაც ეს ძალიან რთული და სტრესული დღეები იყო. ჩემს ნათესავებს რუსეთიდან არც მოვუკითხივართ. ასე რომ, ისინი უკვე მზად იყვნენ ამ ომთან დაკავშირებული პროპაგანდის მისაღებად. მათ წლების განმავლობაში ურეცხავდნენ ტვინს. უკრაინა ვერ შეძლებდა ამის ანტიდოტის შეთავაზებას.

კარგი რუსებიისინი საკუთარი სულის გადარჩენას ცდილობენ

ჩვენ გვაქვს პოდკასტი, სადაც სხვადასხვა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ისაუბროს თავის გამოცდილებაზე, იმაზე, თუ როგორ შეეხო ომი. ერთ-ერთ გადაცემაში საუბრობდა რუსი მოხალისე, რომელიც უკრაინაშია და ჩართულია რუსების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის გამოძიებაში.

იგი ამტკიცებს, რომ ბუჩის ხოცვა-ჟლეტა რუს სამხედროებს წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი და მას აქვს ამის არგუმენტები. მას აქვს პატარა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არ არის დიდად ცნობილი, მაგრამ რადგანაც ჰყავს რუსეთში კონტაქტები, რომლებიც ეხმარებიან რუსი სამხედროების იდენტიფიცირებაში და მათ შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში, ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე შეძლო არაერთი დამნაშავე რუსი სამხედროს გამოვლენა.

ამ მაგალითზე დაყრდნობით გვესმის, რომ რუსეთი და რუსეთის საზოგადოება არ არის ჰომოგენური. პირიქით, ეს არის რაც პუტინს სურს – დავიჯეროთ, რომ ყველა რუსს სურს უკრაინის განადგურება. ეს, რა თქმა უნდა, ასე არაა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ ომს და ხშირად მათი ხმა დადუმებულია. ჩვენ ალბათ უნდა ვიპოვოთ ეს ხმები, ეს ადამიანები და შესაძლოა, ეს დაგვეხმაროს კიდეც რუსული საზოგადოების შიგნით ცვლილებებში. უბრალოდ, არ მგონია, რომ ამისთვის გვაქვს შესაბამისი რესურსები და ინსტრუმენტები.

რაც შეეხება რუსულ კრიტიკულ მედიას, ჩვენს გამოცემას არ აქვს ახლო კავშირები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მედიაკომპანია უკრაინაში მჭიდროდ თანამშრომლობს რუსულ ლიბერალურ მედიასა და ჟურნალისტებთან.

პირადად მე ვკითხულობ „მედუზას“, „ნოვაია გაზეტას“ და რამდენიმე სხვას. ვაფასებ მათ საქმეს, ვფიქრობ, რომ ნამდვილად ძალიან კარგ და ღირებულ საქმეს აკეთებენ რუსეთისთვის. ეს მათი სულების გადარჩენისთვისაა. შეიძლება, ისინი რაღაც საკითხებში იყვნენ ჩვენი პარტნიორები, მაგრამ არა ყოველთვის. ისინი ამას არ აკეთებენ უკრაინისთვის.

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა პეტიცია რუსი არტისტის დასახმარებლად, რომელიც ციხეში აღმოჩნდა თავისი ანტისაომარი განცხადებისთვის. ამ პეტიციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება საკუთარ სოციალურ ქსელებში და მხარდაჭერა სთხოვეს ერთ-ერთ უკრაინელ არტისტს. ის აღშფოთდა და თქვა „რანაირად შეიძლება, რომ ამის თხოვნას ბედავენ, ისინი რუსები არიან, რატომ უნდა გამოვუცხადო მხარდაჭერა და ამისთვის რამე გავაკეთო“? – მის ამ დამოკიდებულებას უამრავი ადამიანი დადებითად გამოეხმაურა.

ფრუსტრაციაუკრაინელებს სურთ დაივიწყონ რუსების არსებობა

უკრაინელები ამ ომით უკვე ტრავმირებულები ვართ. გუშინ გვქონდა დისკუსია სოციალურ ქსელში – ადამიანები ჰყვებოდნენ საკუთარ გამოცდილებაზე, გაქცევაზე, მიგრაციაზე…უკვე ყველა ჩვენგანმა დაკარგა ამ ომში ვიღაც – ნათესავი, ახლობელი თუ მეგობარი, რომელიც მოკლეს და ეს ვეღარ შეიცვლება. ამ ტრავმებთან გამკლავება საკმაოდ რთულია. რაც ყველაზე მეტად გვინდა, არის უზარმაზარი კედლის აშენება, რომ მის მიღმა დარჩეს რუსეთი და რუსები და მათ შესახებ აღარასდროს გავიგოთ. მათ გარეშე მშვენივრად ვიქნებით. ეს სურვილი რეფლექსია, უბრალოდ, გინდა, რომ მათგან დისტანცირდე. ეს არის ფრუსტრაციის დონე, რომელიც იზრდება. ბევრ უკრაინელს სურს, უბრალოდ გაქრნენ ისინი, ვინც ჩვენს მიწაზე შემოიჭრნენ და დაივიწყოს რუსეთის არსებობა, ისევე როგორც რუსებმაც დაივიწყონ უკრაინის არსებობა და უკრაინაზე ფიქსაციის გარეშე შეიქმნან თავიანთი ცხოვრება.

როდესაც ისინი უშვებენ შეცდომას, ეს იწვევს დამატებით მწვავე შეშფოთებას. მაგალითად, ომის დასაწყისში, როდესაც კიევის რეგიონი ნაწილობრივ ბლოკირებული იყო, „მედუზამ“ გამოაქვეყნა სტატია სახელად – „ისინი მოვლენ“. სტატია ეხებოდა იმას, რომ რუსი სამხედროები აუცილებლად შემოვიდოდნენ. ეს პრობლემა არ იყო. პრობლემა იყო ის, რომ ჟურნალისტმა გამოაქვეყნა უკრაინელი სამხედრო დაჯგუფებების რაოდენობა, იქ მყოფების გვარები, ლოკაციები – არა იმიტომ, რომ რაღაც ბოროტების გაკეთება სურდა, არამედ იმიტომ, რომ არ იყო გამოცდილება. ეს იყო შეცდომა, რამაც უკრაინულ მედიასა და საზოგადოებაში დიდი რისხვა გამოიწვია. ამას ამძაფრებდა ისიც, რომ შეცდომა რუსულმა გამოცემამ დაუშვა.

ესეც ტრავმის შედეგია. როდესაც იცი, რომ რუსები მოდიან და სურთ შენი განადგურება, იცი, რომ მათ ამის გაკეთება სწადიათ, ამ დროს კი ხედავ, რომ ისინიც კი, ვინც კარგ, ვინც ლიბერალურ მხარესაა, უშვებენ მსგავს შეცდომებს, ან იმეორებენ სტერეოტიპებს, რომ მაგალითად ჩვენ ვართ ძმური ერები, ერთად უნდა ვიყოთ, ერთმანეთი გავაძლიეროთ და ა.შ. – ეს არარეალისტურია.

თუ კიევის ქუჩებში გახვალთ და ვინმეს ეტყვით, რომ რუსები ჩვენი ძმები არიან, მათგან კარგ რეაქციას არ უნდა ელოდოთ. მათ უბრალოდ სურთ, რუსებმა დაგვანებონ თავი და მარტო დაგვტოვონ. ეს ალბათ უნდა გაითავისონ რუსმა ჟურნალისტებმაც, არ შეიძლება თვალი დავხუჭოთ, თითქოს ეს ტრავმა და ბრაზი არ არსებობდეს.

ომის წინა პერიოდი

ომის დასაწყისში ადამიანებს გარკვეულ ემოციურ თავდაცვით მექანიზმები ჰქონდათ ჩართული – რაც ხშირად ხუმრობაში გადატანით გამოიხატებოდა. ამბობდნენ, „კარგი რა, პუტინი უბრალოდ აშინებს უკრაინას“, ზოგი ამბობდა, „არაფერი არ მოხდება რუსები უბრალოდ ცდილობენ მათთვის სასარგებლო მოლაპარაკების პირობების ამ გზით მიღებას“. ყველას ესმოდა, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა, მაგრამ ჩვენს უმრავლესობას ეგონა, რომ ეს, სავარაუდოდ, დონბასით შემოიფარგლებოდა.

მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა ვემზადებოდით. ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩვენი დირექტორისგან მივიღეთ შეტყობინება, რომელიც ამბობდა, რომ ესაუბრა ჩვენს ინვესტორებს და თუ რამე ძალიან ცუდი მოხდებოდა ისინი დაგვეხმარებოდნენ მდებარეობის შეცვლასა და საქმიანობის გაგრძელებაში, რომ „ბაბელი“ არ დაიხურებოდა და ა.შ. ეს იყო 14 თებერვალს. ამ დღეს ჩემი კოლეგების ნაწილს რესტორანში მაგიდა ჰქონდა დაჯავშნილი – ვალენტინობის დღის აღსანიშნავად და ვცდილობდით ნორმალურად გაგვეგრძელებინა ცხოვრება. თუმცა ჩვენი დირექტორის მსგავსად, ჩვენც ვემზადებოდით, ვყიდულობდით უფრო მძლავრ ელემენტებს, სანთლებს, პორტატიულ გაზქურებს, წყალს და სხვა საჭირო ნივთებს. ვთვლიდით, რომ ეს დაგვჭირდებოდა.

განცდა, რომ ესკალაცია გარდაუვალი იყო, გაჩნდა ორშაბათს, 21 თებერვალს, როდესაც პუტინს ჰქონდა თავისი უცნაური გამოსვლა, სადაც თავისებურად განმარტავდა ისტორიას, თითქოს უკრაინა ლენინის შექმნილი იყო და ა.შ. ამ გამოსვლის შემდეგ მივხვდით, რომ ეს მხოლოდ სიტყვები არ იქნებოდა.

ომის პირველი დღეარ იყო შიში, არამედ ზიზღი

მახსოვს, ომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, შუაღამის 2 საათზე, დავასრულე იმ დღის განახლებადი სიახლეების გამოქვეყნება და საიტზე დავწერე „სულ ესაა დღეისთვის. მოკლე პაუზას ვიღებთ და ვიმედოვნებთ, რომ მანამდე ყველაფერი კარგად იქნება, თავს მიხედეთ.“

დილა არ იყო მშვიდი. მე გვიან დავიძინე. ფანჯრები საკმაოდ ხმაგაუმტარია, ამიტომ არაფერი გამიგია. დილის 7 საათზე გამეღვიძა და ვნახე, რომ 40-ზე მეტი გამოტოვებული ზარი და შეტყობინება მქონდა – ოჯახისგან, კოლეგებისგან, ნაცნობებისგან… ჩატში ვნახე, რომ ომი დაიწყო. მახსოვს, პირველად მამას დავურეკე, რომ გამეგო იქ [ხერსონში] რა ხდებოდა და როგორ იყვნენ. შემდეგ თანამშრომლებს ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ძალიან ოპერატიულად უნდა დაგვეწყო ახალი ამბების ინგლისურად გაშუქება.

უბრალოდ, გავხსენი ლეპტოპი და მუშაობა დავიწყე. სინამდვილეში, განსხვავებით ბევრი ჩემი ნაცნობისგან, რომლებსაც სხვადასხვა პროფესია აქვთ, მე იღბლიანი აღმოვჩნდი, რადგან ვიცოდი რაში ჩამედო ჩემი ძალისხმევა, რა მეკეთებინა. ახლაც ვიცი. ბევრისთვის, პირველ დღეებში მაინც, ძალიან რთული იყო, რადგან არ იცოდნენ რა უნდა ეკეთებინათ, საით მიემართათ თავისი ძალები ამ ახალ რეალობაში.

მთელი დღე ვმუშაობდი, შესვენების გარეშე. ქალაქის გარშემო აფეთქებების ხმა ისე ისმოდა, თითქოს ჩემს ეზოში ხდებოდა, მახსოვს დამფრთხალი ფრინველები როგორ ფრინავდნენ ირგვლივ.

განცდის დონეზე ეს არ იყო შიში, მაგრამ განცდა, რომ რაღაც მოდის, ხდება ის, რაც არ მინდა, რომ იყოს ჩემს ცხოვრებაში; რაღაც, რაც კონკრეტული ადამიანის მარაზმატიკული ფანტაზიის შედეგია, ადამიანის, რომელიც არ არის კეთილი, არ არის ამ სამყაროდან, არ არის თანამედროვე, რომელსაც უბრალოდ არ შეუძლია იზრუნოს მხოლოდ თავისი ქვეყნის მდგრადობაზე და იცხოვროს თავისთვის, კარგად, ისე, როგორც სხვები აკეთებენ ამას. ეს იყო რაღაც მახინჯი არსება, რომელსაც გადაეყარე და არ გინდა შენს ცხოვრებაში, არა შიშის, არამედ რაღაც ზიზღის გამო.

შემდეგ ჩავალაგე ჩანთა და კიევიდან წავედი რათა ახლობლებს ევაკუირებაში დავხმარებოდი. საბოლოოდ ბუკოვინას რეგიონის ერთ-ერთ პატარა სოფელში გადმოვედით ოჯახი. საკმაოდ რთული გზის გავლა მოგვიწია. როდესაც კიევს ვტოვებდი, არ ვიცოდი როდის დავბრუნდებოდი, საბოლოოდ ეს პერიოდი 6 კვირა გაგრძელდა. ამ დროს თან ვმუშაობდი, როცა კი ვახერხებდი. მართალია სოფლის მოსახლეობის რაოდენობა საკმაოდ ცოტაა, მაგრამ სკოლა ძალიან კეთილმოწყობილი იყო და სწორედ იქ დავრჩით. იქ იყო შხაპი, ინტერნეტი, გათბობა. მახსოვს მეხუთე კლასელებთან ერთად ვიჯექი საკლასო ოთახში მერხთან და ვმუშაობდი. შემდეგ დავბრუნდი კიევში.

ბაბელის რედაქციის ახალი ოფისი და თავშესაფარიბარის სარდაფი

იმ თანამშრომლებმა, ვინც კიევში დარჩნენ, გადაწყვიტეს წასულიყვნენ ადგილზე, სადაც ახლა ბარია, მაგრამ ადრე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იყო და მშვენიერი თავშესაფარი იქნებოდა. ასე გადავიდა რედაქცია ბარის შენობაში, დაახლოებით 6-7 ადამიანი რჩებოდა იქ კვირების განმავლობაში. დაბომბვის დროს სარდაფში იყვნენ.

ბარის მფლობელებმა დაიწყეს თავდაცვის ძალებისთვის საკვების მომზადება და დარიგება. „ბაბელის“ ჟურნალისტებიც, როდესაც მათი მასალა რედაქტორთან იყო შესამოწმებლად, ან როდესაც რედაქტორი ელოდებოდა მასალას, ამ დროს სწორედ სამზარეულოს ეხმარებოდნენ საჭმლის განაწილებასა და სხვა საკითხებში.

პირველი ორი თვე, პრაქტიკულად, თითქმის არავის დაუსვენია, განუწყვეტლივ ვმუშაობდით და მინიმალურ დროს ვუთმობდით ჭამას, ძილს და სხვა აუცილებელ საკითხებს. ვფიქრობ ადრენალინით ვიყავით სავსე და დაღლასაც ვერ ვგრძნობდით. არ არის მარტივი, როდესაც მთელი დღე სასიგნალო სირენებისა და აფეთქებების ხმა გესმის.

ოფისს, სადაც „ბაბელის“ ძირითადი რედაქციაა განთავსებული, დიდი ფანჯრები აქვს და იქ ყოფნა არ არის უსაფრთხო, ამიტომ რედაქციის ნაწილი ჯერ კიდევ  ბარის ტერიტორიაზე რჩება, სადაც თავის მხრივ მუშაობაც განახლდა უკვე – იყიდება ბურგერები, სასმელი და ცდილობენ თავი გადაირჩინონ. მე, მაგალითად, სახლიდან ვმუშაობ და სხვა კოლეგებიც სხვადასხვა ადგილებში არიან განაწილებული.

ისევ ოკუპანტებიხელახალი ტრავმა

ყველას განსხვავებული ისტორია გვაქვს. ყველას გამოცდილება თითქოს ერთია, მაგრამ მაინც განსხვავებული. მაგალითად, ჩვენი მთავარი რედაქტორი ევგენი, რომელიც ადრეც ვახსენე, დონბასის პირველი ომის მოწმე იყო. მაშინ იგი ლუგანსკში ცხოვრობდა და მას უკვე ჰქონდა ეს გამოცდილება – სახლის ოკუპირების, მტრის შემოჭრის.

ჟურნალისტობამდე ის მორგში მუშაობდა და სპეციფიკური გამოცდილება ჰქონდა, რამაც შესაძლებლობა მისცა, ბუჩის მორგში წასულიყო და მონაწილეობა მიეღო იქ მომხდარი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ექსჰუმაციასა და იდენტიფიცირების პროცესში. მან მორგიდან რამდენიმე სიუჟეტიც გააკეთა. დარწმუნებული არ ვარ, თუ არსებობენ კიდევ ჟურნალისტები, ვისაც შეეძლო ასე ახლოს მისულიყო ამ ყველაფერთან. მან ეს გააკეთა და თითქოს მშვიდად იყო, რადგან იცის, როგორ უნდა მოიქცეს საომარ მდგომარეობაში, როგორ უნდა დაეხმაროს დაჭრილს ან სხვა, მაგრამ განცდა იმისა, რომ რუსეთი, მტერი, უკვე გართმევს იმ მეორე სახლსაც, რომელშიც მანამდე სხვა სახლიდან უკვე გამოიქეცი. ძალიან ტრავმული იყო მისთვის.

მხოლოდ ახლა შეძლო, რამდენიმე დღით წასულიყო დასავლეთ უკრაინაში რეაბილიტაციისთვის და გაოცებულია იმის ნახვით, თუ რამდენი ადამიანი დადის ქუჩებში, არ არის კომენდანტის საათი, ადამიანები დადიან კაფეებში, მუშაობენ, სიმშვიდეა – ეს მისთვის უკვე სრულიად უცხოა და განუწყვეტლივ გვწერს საერთო ჩატში, თუ როგორი გაოცებულია. ამავდროულად ბედნიერია, რომ იქ ჩასულ ათასობით დევნილს, როგორც იქნა სიმშვიდე ეღირსა.

კონფლიქტი საკუთარ თავთანიქნებ ჟურნალისტიკა აღარაა საჭირო?!

მე განსხვავებული გამოცდილება მაქვს. ზოგადად, ძალიან მშვიდი ბუნების ვარ, არასდროს ვუწევ ხმას ან ვტირი. ყველაზე საშინელი განცდა იყო ეჭვები, როცა არ ვიცოდი საკმარისს ვაკეთებდი თუ არა.

ასეთ დროს საკუთარ თავთან კონფლიქტში ხარ, ფიქრობ, მეტის გაკეთება ხომ არ შეგეძლო, კიდევ რა უნდა გაგეკეთებინა რეალობაში, რომელშიც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას არა მხოლოდ შენთვის ან შენი ახლობლებისთვის, არამედ მთელი შენი ქვეყნისთვის. ქვეყნისთვის, რომელზეც 15 წელზე მეტია წერ და რომელიც უსაზღვროდ გიყვარს.

მე არასდროს გამივლია სამხედრო წვრთნები, არასდროს ვყოფილვარ არმიასთან ახლოსაც კი, იარაღიც კი არასდროს მჭერია ხელში და რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის, როგორ უნდა ვყოფილიყავი უფრო სასარგებლო?! – ეს ფიქრები და შფოთვები პირველი თვის განმავლობაში მოსვენებას მიკარგავდა.

არ ვიცი, თუ გქონიათ განცდა, რომ „ო, ეს არ არის საკმარისი, რასაც აკეთებ, უფრო მეტი უნდა შეგეძლოს, იქნებ ჟურნალისტობა აღარაა საჭირო და სასარგებლო საერთოდაც“… ამ ფიქრებში რაც მეხმარებოდა იყო იმის ნახვა, თუ როგორი გამოხმაურება გვქონდა ხალხისგან, რომ მათ სჭირდებოდათ ჩვენი ინფორმაცია. ასევე ის ფაქტი, რომ იმდენად ბევრი საქმე იყო, ჭამის დროსაც კალთაში გვედო ლეპტოპი და პარალელურად ვმუშაობდით.

მეორე ყველაზე მძიმე გამოცდილება იყო იმის გაცნობიერება, რომ როდესაც სიახლეების ზოლს უყურებ, ხედავ უამრავ სიკვდილს, რომელსაც არ ხარ მიჩვეული, მაგრამ თუ სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ეს სათაურები გამუქებულად ეწერებოდა და შემაშფოთებელი იქნებოდა, ახლა უკვე ჩვეულებრივი ახალი ამბავია; ხანდახან სიახლეების ზოლში იკარგება კიდევაც.

ტრაგედიის დონე, რაც ხდება, იმდენად მაღალია, რომ ახალ დაბომბვებზე, ახალ განადგურებულ შენობებსა და მოკლულ ადამიანებზე ინფორმაციას უკვე მშვიდად კითხულობ – გესმის რამდენად დიდი ტრაგედია, რომ საშინელებაა, მაგრამ ამავდროულად ეს უბრალოდ კიდევ ერთი ტრაგედიაა, რომლის მსგავსიც ყოველდღიურად ათასობით ხდება უკრაინაში. შემდეგ, როდესაც მიდიხარ დეტალებში, ნახულობ ფოტოს, კითხულობ რომ ადამიანი, რომელსაც პირადად იცნობ, ორ კვირაზე მეტია ერთი და იგივე წინდით დადის… ეს ყველაფერი განჯღრევს, ხვდები რომ ეს ომია. და ეს გცვლის.

ადრე თუ გვიან დავუბრუნდები ველის ჟურნალისტიკას და რეპორტინგს; ალბათ ეს ძალიან გამიჭირდება, რადგან ერთია წაიკითხო ამბები და მეორეა პირადად შეხვდე ადამიანებს, მოუსმინო მათ და დაინახო ეს ყველაფერი მათ თვალებში.

ომთან შეჩვევა

ომის მიმდინარეობისას იყო ინტერესის ტალღები. მაგალითად, ჯერ ხალხი ელოდებოდა 9 მაისს. ჰქონდათ მოლოდინი, რომ აი, რაღაც ძალიან ცუდი მოხდება და ყველა დაძაბული იყო. რაც არ მოხდა. მეორე დღესვე დამირეკეს კიევში მდებარე პიცერიიდან და კაფეებიდან, სადაც ადრე დავდიოდი და მაცნობეს, რომ მუშაობას აახლებენ. ახლა ყველა კონცენტრირებულია დონბასისთვის ბრძოლაზე და იმაზე, თუ როგორ დამთავრდება ის. დონბასი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. როდესაც რამდენიმე კვირაში გაირკვევა, ვინ იქნება ამ ბრძოლის გამარჯვებული, მსოფლიოს ყურადღება და ინტერესი კიდევ უფრო დაიწევს.

ვფიქრობ, ეს არის, რასაც პუტინი ათამაშებს, ეს მისი უპირატესობა იქნება, თუ ეს ომი წლობით გაგრძელდება. ცხელი არეულობაა, სადღაც და შენ უბრალოდ გინდა ცხოვრება ჩვეულებრივად გააგრძელო. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ომმა არ მიიღოს მრავალწლიანი საომარი კამპანიის სახე. ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ ემოციურობისა და ყურადღების  შენარჩუნებისთვის, არამედ ფინანსური თვალსაზრისითაც.

სამწუხაროდ, შეგუება ბუნებრივი პროცესია, მეტიც, არამარტო დანარჩენი მსოფლიოსთვის, არამედ უკრაინელებისთვისაც. მარტივი მაგალითისთვის, ჩვენს ტელეგრამის არხებს რომ დავაკვირდეთ, აქტივობა და მომხმარებელთა ზრდა შემცირებულია, რადგან ხალხი გადაიღალა მაღალი განგაშის მდგომარეობაში ყოფნისგან. მათ სურთ ცოტა დამშვიდდნენ, ამოისუნთქონ, რამე ისეთზე გადაერთონ, რაც ჩვეულებრივ ცხოვრებისთვისაა საჭირო. ამან ჩვენი პოლიტიკაც შეცვალა, ადრე თუ 24 საათის განმავლობაში ვავრცელებდით ახალ ამბებს, ახლა ვცდილობთ ღამე, როდესაც შედარებით სიმშვიდეა, ხალხს მივცეთ დასვენების საშუალება და ვიღებთ პაუზებს.

თუმცა შეჩვევა, რა თქმა უნდა, სახიფათოა და არ ვიცი, რა შეიძლება გაკეთდეს ამის წინააღმდეგ. ვფიქრობ, უკრაინელი და საერთაშორისო ჟურნალისტები მაქსიმალურს აკეთებენ, რომ მსოფლიომ ეს ომი არ დაივიწყოს.

დამნაშავეების ძიება და კრიტიკის ფუფუნება

შეჩვევასთან ერთად მოდის ისიც, რომ პოლიტიკური აქტორები ხედავენ – უკვე არსებობს სივრცე თავიანთი შიდა პოლიტიკური ბრძოლებისთვის და ცდილობენ თავიანთი ნარატივების გატანას.

მეორე საკითხია საზოგადოებაში არსებული ტკივილის და სასოწარკვეთის დონე, რომელიც ადამიანებს აიძულებს დაიწყონ „დამნაშავეების“ ძიება. მათი, ვისაც წარუმატებლობისთვის, მარცხებისა და დანაკარგებისთვის დააკისრებენ პასუხისმგებლობას. ამის დანახვა ფეისბუქზეც შეიძლება. მაგალითად, ერთი თვის წინ ფეისბუქზე ვერ ვხედავდი რაიმე ტიპის დისკუსიებსა და გარჩევებს, ადამიანები უბრალოდ მუშაობდნენ, ცდილობდნენ გადარჩენას. ახლა უკვე ადამიანებს აქვთ კრიტიკის ფუფუნება.

ეს კრიტიკა შეიძლება ეხებოდეს ბევრს, მაგალითად, მათ ვინც დატოვა ხარკოვი და დონბასი და საუბრობს რუსულად დასავლეთ უკრაინაში; ვინც იყო პასუხისმგებელი გარკვეულ საკითხებზე და ისე ეფექტურად ვერ შეასრულა, როგორც ვისურვებდით. ისმის კრიტიკა იმის შესახებ, რომ არ იყო შესაბამისი სამხედრო დაცვა აღმოსავლეთში, არ იყო იმდენი იარაღი და ტექნიკა, რაც სჭირდებოდათ.

რასაკვირველია, დადგება მომენტი, როდესაც შეცდომების ძებნას დავიწყებთ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ახლა ეს ისაა, რაც გამარჯვებაში დაგვეხმარება. არ მიმაჩნია, რომ ახლა ამაზე კონცენტრირება და წუწუნი სწორია. ეს მაწუხებს, რადგან დროთა განმავლობაში ეს შეიძლება გადაიზარდოს უკმაყოფილებაში.

ახლა ინფორმაციის გადამოწმება საკმაოდ ადვილია, ჩვენ უამრავი წყარო გვყავს, ოფიციალურ პირებს შორის და ხალხშიც. ინფორმაციის ნაწილი, რა თქმა უნდა, იფილტრება, რადგან უნდა გვესმოდეს ჩვენი ქვეყანა ახლა ომშია, თუმცა ეს არ გვიტოვებს განცდას, რომ რაღაც უზარმაზარი და სახიფათოა, რაზეც არ მიგვიწვდება ხელი.

არსებობს კონფლიქტი ჟურნალისტად ყოფნასა და იმ ქვეყნის მოქალაქედ ყოფნას შორის, რომლის განადგურებასაც რუსეთი ცდილობს. უბრალოდ, ცდილობ არსებულ მდგომარეობას მოერგო ისე, რომ შენი პროფესიული საქმიანობა ღირსეულად გააგრძელო და თან გადარჩე შენს ქვეყანასთან ერთად. გვესმის, რომ პროპაგანდის ძალიან მაღალი დონეა – რისი შემოწმებაც შეგვიძლია, მაქსიმალურად ვამოწმებთ.

საქართელო, საერთაშორისო პარტნიორები და იმედგაცრუება

საქართველოს განცხადებები და პოზიციები, როგორც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორისა, იყო საწყენი, თუმცა ალბათ, ისტორიულადაც უნდა გადავხედოთ და ვთქვათ, შევადაროთ იმას, თუ რამდენად კრიტიკული და ხმამაღალი იყო უკრაინის მაშინდელი ხელისუფლება 2008 წლის ომის დროს.

ყოველ შემთხვევაში, ეს მაინც პატარა ქვეყანაა, რომელიც არ არის მდიდარი და შეზღუდული რესურსები აქვს სამხედრო თვალსაზრისითაც, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე არმია ჰყავს.

იმედგაცრუება უფრო ისრაელისა და უნგრეთის ქმედებებმა გამოიწვია. ისრაელს ესმის, რას ნიშნავს, როდესაც შენს განადგურებას ცდილობენ და ამავდროულად, მას აქვს შესაბამისი მატერიალური და არამატერიალური რესურსები, რომ ამას შეეწინააღმდეგოს. მას ბევრი იარაღი აქვს დასახმარებლად, მაგრამ მიიღო გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლითაც დიდად არაფრით გვეხმარება. სწორედ ისრაელისგან ვიყავით ყველაზე იმედგაცრუებული და ასევე უნგრეთისგან – ქვეყნები, რომლებსაც დახმარება შეეძლოთ და ეს არ გააკეთეს.

საქართველოს საკითხი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის და ჩემ ირგვლივ მყოფებისთვის, რაღაცნაირ ღალატად არ აღქმულა; ეს იყო აღქმული უფრო მეტად, როგორც სამწუხარო გაუგებრობა.

10 წლის საქმე მედიისთვის და რესურსები, რომლებიც არ ჩანს

უკრაინაში მედიას ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა და მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული ფორმირების გადამწყვეტ მომენტებში. საქმე იმაშია, რომ რუსული დამოუკიდებელი მედია, რომელიც ყოველთვის ცდილობდა ცვლილებების მოხდენას და გვესმის, რომ დიდ შრომას დებდა ამაში, სამწუხაროდ, ჩაფლავდა, უკრაინული მედია კი არა. ჩვენ – უკრაინული მედია წარმატებულები ვიყავით დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, თუნდაც 2014 წელს.

უკრაინელი ჟურნალისტებისთვის ეს არის ძალიან მძიმე პერიოდი და ამავდროულად მდგომარეობა, როდესაც გრძნობ, რომ საჭირო ხარ. საჭირო ხარ საზოგადოებისთვის, მსოფლიოსთვის. საჭირო ხარ ყველაფრის დოკუმენტირებისთვის, რომ მომავალ სასამართლო მოსმენებზე გამოიყენო. ყოველ შემთხვევაში, ახლა ეს გვაძლევს განცდას, რომ სწორ ადგილას ვართ.

ეს, ერთი მხრივ, კარგი განცდაა, მეორე მხრივ კი, მაგალითად, „ბაბელის“ გუნდისთვის ნიშნავს, რომ ჩვენ მეტის გაკეთება შეგვიძლია, მეტი საჭიროებაა, მაგრამ რესურსები არ გვყოფნის. ომის შემდეგ ძალიან ბევრი საკითხი იქნება განსახილველი, თვითრეფლექსია, იმაზე, თუ ვინ ვართ, რა ურთიერთობები უნდა გვქონდეს რუსებთან, როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორ უნდა აღვადგინოთ ეკონომიკა, ქალაქები, – ეს მხოლოდ ძალიან პატარა ნაწილია შეკითხვებისა, რომლებზე პასუხის გასაცემადაც ჟურნალისტები არიან საჭირო.

მქონდა პორტფოლიო, სადაც მაქვს თემები ჩამოთვლილი; ახლა რომ ვუყურებ, არცერთი მათგანი აღარაა რელევანტური. კარგი თემებია, მაგრამ ქვეყანა შეიცვალა, ხალხი შეიცვალა. უკრაინელებს სჭირდებათ რაღაც სხვა და ჩვენ ამის გაკეთებაც შეგვიძლია.

ახლა რომ ვფიქრობ, რაც არ უნდა მოხდეს, ყველაზე უარესიც რომ მოხდეს, წლობით მუშაობისთვის საკმარისი თემებია დაგროვილი. ომი ხვალაც რომ დასრულდეს, ჟურნალისტებმა შეიძლება 2032 წლამდე ინტენსიურად, დასვენების გარეშე იმუშაონ და ესეც არ იქნება საკმარისი ყველა ამ თემის გასაშუქებლად. მაგრამ არ არის საკმარისი რესურსები, რაც პირველ რიგში გადასაჭრელი პრობლემაა.

ჩვენ შეგვიძლია გადავრჩეთ და დავიწყოთ აღდგენა, მაგრამ ამ პროცესებში აუცილებელია ასობით, ათასობით ჟურნალისტის ჩართულობა. სამწუხაროდ, ფინანსური რესურსი უდიდესი გამოწვევაა და არ ვიცით, რამდენად მოვახერხებთ ამის გადალახვას, ამიტომ გვჭირდება ყველას დახმარება, ვისთვისაც თავისუფლება და განვითარება მნიშვნელოვანია.

____

გაიგე, როგორ შეგიძლია დაეხმარო hromadske-ეს, რომელმაც ეს მასალა მოამზადა და სხვა უკრაინულ გამოცემებს: 

რატომ უნდა დავეხმაროთ ჟურნალისტებს უკრაინაში – #უკრაინულიმედიისთვის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: