მთავარი,სიახლეები

ომი არც მაისში დამთავრდება და არც ერთ კვირაში, რუსეთი არც ისე სუსტია – დანილოვი

19.05.2022 • 2208
ომი არც მაისში დამთავრდება და არც ერთ კვირაში, რუსეთი არც ისე სუსტია – დანილოვი

ლაპარაკი იმაზე, რომ ომი მაისში ან ერთ კვირაში დასრულდება, სისულელეა. რუსეთის ფედერაცია არც ისეთი სუსტია, როგორც უკრაინელებს გვინდა, რომ იყოს. რა მოხდება ფრონტზე უახლოეს პერიოდში, ეს დასავლეთიდან შეიარაღების მოწოდებაზეა დამოკიდებული – ეს განცხადებები უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა უკრაინულ გამოცემა „ნოვოე ვრემიასთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ომი მაისში ან ერთ კვირაში დასრულდება – სულელები არიან. ეს ძალიან რთული და კომპლექსური პროცესია. ჩვენი პარტნიორების მხრიდან იარაღით დახმარება გადაწყვეტს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. იმის მიხედვით, რა დროში და როგორ მოხერხდება შეიარაღების მოწოდება, სასწორი ხან ერთ, ხან მეორე მხარეს გადაიხრება“, – ამბობს დანილოვი.

ის ომის პირველ კვირებსაც იხსენებს, როდესაც შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის ძალიან შეზღუდული იყო: „დღეისთვის ეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. ჩვენ შევცვალეთ მსოფლიო. საკმარისია შეიარაღება? სამხედროები მიიჩნევენ, რომ კიდევ მეტია საჭირო. განსაკუთრებით გვჭირდება თვითმფრინავები და მძიმე ჯავშანტექნიკა. ჩვენ რომ მეტი ჯავშანტექნიკა გვქონოდა ომის პირველ კვირებში, მაშინ მარიუპოლის გათავისუფლების საკითხსაც სხვაგვარად განვიხილავდით. სამწუხაროდ, დღესაც კი არ გვაქვს იმდენი ჯავშანტექიკა, რამდენიც ამგვარი ოპერაციისთვისაა საჭირო“.

შეკითხვაზე, თუ რა ხდება ახლა „აზოვსტალში“ და როგორია უახლესი ცნობები იქიდან, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი პასუხობს, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას მარიუპოლიდან, თუმცა ამჟამად არანაირი შესაძლებლობა აღარ არსებობს, რომ იქ მყოფებს რამე მიაწოდონ, თუნდაც საჰაერო გზით.

„ვერც კი წარმოვიდგენთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მარიუპოლის შენარჩუნება, 20 ათასი რუსი სამხედროს იქ შეჩერება. მათ რომ ეს არ გაეკეთებინათ, ჩვენი პოზიციები ფრონტზე დღეს სხვანაირი იქნებოდა – უმძიმესი. ისინი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის გმირები არიან“.

ოლექსეი დანილოვი არ საუბრობს ევაკუირებული სამხედროების მდგომარეობასა და შესაძლო გაცვლის დეტალებზე, ამბობს მხოლოდ, რომ „იმედი აქვს, შეთანხმებები შესრულდება“.

ინტერვიუში ოლექსეი დანილოვი დიდი შეცდომას უწოდებს იმ ფაქტს, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში, დასავლეთმა გათვლა გააკეთა რუსეთზე, როგორც მომავალ დემოკრატიაზე, რომელიც ამავე დროს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების დემოკრატიისკენ სვლასაც უნდა დახმარებოდა.

„გაიხსენეთ, წარმომადგენლობები პირველად იხსნებოდა მოსკოვში, ყველა უცხოური კომპანია თავიდან მოსკოვში მიდიოდა, რადგან იქ მომავლის სახელმწიფოს აშენება სურდათ. დღევანდელ რუსეთში დემოკრატიის არსებობა შეუძლებელია, იქ მხოლოდ პუტინის არსებობაა შესაძლებელი“.

უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თქმით, რუსეთი არც ისე სუსტია, როგორც „ჩვენ გვინდა, რომ იყოს“, თუმცა ფრონტზე უკრაინამ გარკვეული პარიტეტის მიღწევა მაინც შეძლო. დანილოვის აზრით, რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ძალიან რთულია ახლა წინსვლა, ამიტომაც მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რომ ბრძოლაში წყალქვეშა გემები, ფლოტი და სხვა საბრძოლოს კომპონენტები ჩართოს.

რა არის უკრაინის ამოცანა მაქსიმუმი ამ ომში? – დანილოვის თქმით, დღეისთვის, ამოცანა უკრაინის ტერიტორიის უკანასკნელი ოკუპანტისგან გაწმენდაა: – „ეს ამოცანა უფრო გამარტივდება, თუ პუტინი გადაწყვეტს, გაიყვანოს თავისი სამხედროები უკრაინიდან. ჩვენს მიწაზე უფრო ნაკლები რუსი სამხედრო მოკვდება“.

თუმცა ოლექსეი დანილოვი ვარაუდობს, რომ პუტინი დღეს ამას არ გააკეთებს, რადგან „მას რეალობის აღქმა არ აქვს, აქვს მხოლოდ ამბიციები, რომელიც არაა კავშირში რეალობასთან“.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში საომარი მდგომარეობის კიდევ სამი თვით გაგრძელებას გულისხმობს.

უკრაინის პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრის დღეს გამოაცხადა.

მთავარი ფოტო: ოლექსეი დანილოვი/პრეზიდენტის ოფისის ფოტო

______________

გაიგე, როგორ შეგიძლია დაეხმარო უკრაინულ გამოცემა „ნოვოე ვრემიას“, რომელმაც ეს მასალა მოამზადა და სხვა უკრაინულ გამოცემებს:  

რატომ უნდა დავეხმაროთ ჟურნალისტებს უკრაინაში – #უკრაინულიმედიისთვის

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: