მთავარი,სიახლეები

საწოლიც კი არ გვაქვს ჩვილისთვის, რომელიც ახლა დაიბადება – უკრაინელი დარია ბათუმში

19.05.2022 • 4819
საწოლიც კი არ გვაქვს ჩვილისთვის, რომელიც ახლა დაიბადება – უკრაინელი დარია ბათუმში

უკრაინაში ომს გამოქცეული 30 წლის დარია დანელია მესამე შვილს ბათუმში გააჩენს. მან ჯერ არ იცის, რას დაარქმევს შვილს. ამაზე ფიქრისთვის ჯერ ვერ მოიცალა:

„ომის ლტოლვილი როცა ხარ, მიუსაფარი ძაღლის ცხოვრება გაქვს. ჩვენი გონება ახლა სხვა საზრუნავზე ფიქრითაა დაკავებული: ვეძებთ საკვების მოპოვების გზებს, ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო რესურსს, ბავშვის სახელზე ჯერ არ გვიფიქრია. სად არის ამის დრო“, – ამბობს დარია.

დარია დანელია, ლტოლვილი უკრაინიდან: 

ოთახი, სადაც ახლა ვცხოვრობთ, უკრაინელთა დახმარების შტაბიდან გვიპოვეს, რომელიც ბათუმში, ფარნავაზ მეფის №46-ში მდებარეობს. ერთი კაცი მოვიდა და გვითხრა, ბინაში ოთახს დაგითმობთ და იცხოვრეთ როდემდეც გნებავთო.

ამ ერთ ოთახში ქმართან და ორ შვილთან ერთად ვცხოვრობ, ახლა ოთხნი ვართ, დღე-დღეზე ხუთნი გავხდებით.

მადლობელი ვართ ამ ადამიანის, ვინც შეგვიფარა სრულიად უსასყიდლოდ. ეს დიდი დახმარებაა ჩვენთვის. თუმცა, როცა ჩვილი გაჩნდება, ალბათ რამე სხვა უნდა მოვძებნოთ. არ ვიცი, როდემდე შევაწუხებთ ადამიანს საკუთარ ბინაში ამდენი ხალხი ერთად.

საქართველოში რომ ჩამოვედით, თავიდან ურეკში დაგვაბინავეს კერძო სასტუმროში, ორი თვე ვიცხოვრეთ იქ. მერე ტურისტული სეზონი დაიწყო და დავტოვეთ სასტუმრო.

  • „ნორმალურ ცხოვრებას ჩვენ მოკლებულები ვართ. ვერ ვაძლევთ თავს უფლებას, ბავშვებისთვის ტკბილეული ვიყიდოთ“

ბათუმში სამი დღის წინ ჩამოვედით.

ყველაზე ძალიან საცხოვრებელი გვჭირდება. კატეგორიულად არ გვინდოდა შვილი რუსულენოვან სექტორზე შეგვეყვანა ბათუმის სკოლაში, საბედნიეროდ, ბათუმში ახლა გაიხსნა უკრაინული სექტორი და ჩვენი შვილი სკოლაში წავიდა.

„ეს ირპენია. ასეთი იყო ქალაქი ომამდე. პირველ კლასში წავიდა ჩემი შვილი ამ დღეს”, – გვითხრა დარიამ

უფროსი ბიჭი შვიდი წლისაა, უმცროსი – ხუთის, მაგრამ ბაღის გარეშეა. კიევი რომ დავტოვეთ, თან არაფერი წამოგვიღია.

წამოვედით მარტის დასაწყისში, როცა ზამთარივით ციოდა, ახლა კი ზაფხული მოდის. არაფერი გვაქვს სეზონური. ბავშვებს არ აქვთ სათამაშოები, შესაბამისი სეზონური სამოსი, ფეხსაცმელი.

ნორმალურ ცხოვრებას ჩვენ მოკლებულები ვართ. ვერ ვაძლევთ თავს უფლებას ბავშვებისთვის ტკბილეული ვიყიდოთ, რასაც ბათუმის უკრაინული დიასპორის ოფისსა და ჰუმანიტარული დახმარების პუნქტებში დაგვირიგებენ, ეს არის ჩვენი საარსებო წყარო.

ჩვილისთვის, რომელიც ახლა დაიბადება, საბავშვო ეტლი და საწოლი არ გვაქვს. სულ არაფერი გვქონდა ბავშვისთვის, რომელიც დაიბადება, მაგრამ ხალხი დაგვეხმარა რაღაცების შეგროვებაში.

  • „ვიცი, რა გადაიტანა საქართველომ აფხაზეთის ომის დროს, ეს ჩემს ქმარსაც შეეხო“

ჩემი ქმარი აფხაზეთიდანაა, მეგრელია. მეგრულად საუბრობს, თუმცა ცხოვრების უმეტესი ნაწილი უკრაინაში გაატარა. ვიცი, რა გადაიტანა საქართველომ აფხაზეთის ომის დროს, მხოლოდ ყურმოკვრით არ ვიცი, ეს ჩემს ქმარსაც შეეხო.

ჩვენ ორი დღე ვიმალებოდით თავშესაფარში, მაგრამ როცა დავინახეთ სხვა სახლებში თავშესაფრები იბომბებოდა, ვეღარ დავრჩით სარდაფში ბავშვებით.

რთული იყო ჩემს მდგომარეობაში დაბომბვების მოლოდინში ცხოვრება და უკრაინა 7 მარტს დავტოვეთ.

დასავლეთ უკრაინაში გადავედით, 22 საათი ვიყავით გზაში. 8 მარტს ივანო ფრანკოვსკში ჩავედით და ვეძებდით გზებს, როგორ დაგვეტოვებინა უკრაინის საზღვრები, რადგან ყველა მხრიდან ეს უსაფრთხო არ იყო. ყველგან განგაშის სიგნალები ისმოდა და ცაში სამხედრო ვერტმფრენები დაფრინავდნენ.

  • „დედა, შეხედე, ახლა დაგვბომბავენ!“ – ყვიროდნენ ბავშვები თვითმფრინავების დანახვისას

ვიპოვე ფეისბუქზე ინფორმაცია, რომ საქართველოში არის ორგანიზაცია, რომელიც თავისთან იწვევს უკრაინელ ლტოლვილებს და ეხმარება საცხოვრებლით, საქართველომდე ჩაფრენით.

თვითმფრინავის უფასო ბილეთები გამოგვიყვეს, ჩვენი მიზანი იყო პოლონეთამდე ჩაგვეღწია. ივანო ფრანკოვსკში დიდხანს ვიცადეთ, იქაც განგაშის სიგნალი იყო. ლვოვიდან კრაკოვამდე წითელმა ჯვარმა ჩაგვიყვანა.

დარია დანელია ირპენში, შვილთან ერთად

„დედა, შეხედე, ახლა დაგვბომბავენ!“ – ყვიროდნენ ბავშვები უნებურად თვითმფრინავების დანახვისას და შიშით კრთებოდნენ.

როგორღაც ჩამოვედით ქუთაისამდე, ვცხოვრობდით ურეკში 2 თვე და მერე ბათუმში ჩამოვედით.

ჩემს ქმარს უკრაინაში მცირე ბიზნესი ჰქონდა, ყველაფერი დავტოვეთ. ისიც კი არ ვიცი, დგას თუ არა ისევ ჩვენი სახლი უკრაინაში.

ჩემს ქმარს მანქანის მართვა შეუძლია. ბევრი უნარი აქვს და ალბათ დაიწყებს მუშაობას ბათუმში. უკრაინაში ბევრი შესაძლებლობაა განახორციელო თუნდაც მცირე ბიზნეს-პროექტი, მშვენივრად ვცხოვრობდით, დამოუკიდებლად ვუმკლავდებოდით ყველაფერს.

უკრაინაში დარჩენილი ახლობლები არაფერს მიყვებიან ჩემი ორსულობის გამო რა ხდება უკრაინაში, მაგრამ ვიცი, რომ იქ არ არის კარგი მდგომარეობა.

მთელ ოჯახს ერთი მობილური ტელეფონიღა დაგვრჩა, უკრაინული ნომრები შევცვალეთ და ჩავრთეთ ქართული.

დარია დანელუა ბათუმში ოჯახთან ერთად

  • საქართველოში თავს უცხოდ არ ვგრძნობ

მინდა საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად იდგეს ამ რთულ დროს უკრაინელი ლტოლვილების გვერდით. ჩვენ საერთო მტერი და ერთნაირი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. ორივეგან ოკუპანტი რუსეთია.

საქართველოში თავს უცხოდ არ ვგრძნობ, აქ ყველაფერი ისეა, როგორც უკრაინაში: ცხოვრების წესი, ხალხის განწყობები, საზოგადოება, ეკონომიკური მდგომარეობა.

თუმცა ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ძალიან ლმობიერია, როცა საქმე რუსეთის მოქალაქეებს ეხება. მეშინია, ირგვლივ სულ რუსეთის მოქალაქეები არიან.

ბათუმში რუსეთის ბევრი მოქალაქეა ჩამოსული. მალე შეიძლება მათი უფლებების დაცვა აქ რუსეთმა დაიწყოს. რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქე ბათუმიდან სადმე წავა? თითქოს რეჟიმისგან გარბიან, მაგრამ ეს რეჟიმი ხომ მათი შექმნილია?

თუ არ მოსწონთ საკუთარი მთავრობა, როგორც ხშირად იმართლებენ ხოლმე თავს, გაქცევის ნაცვლად საპროტესტო აქციებზე უნდა იდგნენ. ჩვენც გვეშინოდა დაპატიმრებების, მაგრამ ვაპროტესტებდით უკრაინაში არასასურველ ხელისუფლებას.

უკრაინელებს როცა ხელისუფლება არ მოეწონათ, იბრძოლეს. ასეთ დროს ჩვენ გამოვდივართ ქუჩებში და ვაპროტესტებთ, მიტინგებს ვაწყობთ,  კარვებით ვათევთ ქუჩაში.

რატომ არ იქცევიან რუსები იმავენაირად? რატომ არაფერს აპროტესტებენ? საკუთარ ქვეყანაში მათ ეშინიათ, სხვა ქვეყნებში კი ბატონებივით იქცევიან და ყველაფრის განსაზღვრის უფლებას აძლევენ თავს, რა როგორ უნდა იყოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: