მთავარი,სიახლეები

უკრაინელ პოლიციელს ომში 1 წლის შვილი, ცოლი, დედ-მამა, ძმა და ბებია მოუკლეს

19.05.2022 • 14075
უკრაინელ პოლიციელს ომში 1 წლის შვილი, ცოლი, დედ-მამა, ძმა და ბებია მოუკლეს

ბოროდიანკელ პოლიციელს, ივან სიმოროზს, ომში მთელი ოჯახი დაეღუპა. 26 თებერვალს, რუსულმა რაკეტამ ივანის სახლი მიწასთან გაასწორა და მისგან მხოლოდ ნანგრევები დატოვა.

ივანი იმ დღეს პოლიციის რაიონულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ახსოვს, რომ მოულოდნელად აფეთქების ხმა გაიგონა. ომის დაწყებიდან მეორე დღე იყო, რუსი სამხედროები კიევთან მიახლოებას ცდილობდნენ.

ივანმა მაშინვე თავისიანებთან რეკვა დაიწყო. ჯერ ცოლთან სცადა დარეკვა, მერე ძმასთან, დედასთან, მამასთან, ბებიასთან. ვერავის დაუკავშირდა.

მაშინ მიხვდა, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა. კოლეგებთან ერთად საკუთარი სახლისკენ გაემართა. ნანგრევები დახვდა. ივანს ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ იქნებ ოჯახი გადარჩა, იქნებ სარდაფს შეაფარეს თავი.

ნანგრევები ივან სიმოროზის სახლის ადგილას/ფოტო BBC

ძებნაში ნათესავები და მეზობლებიც ჩაერთნენ. თავიდან ივანმა დედა იპოვა. 200 მეტრში უმცროსი ძმის ცხედარი. მის გვერდით მისი საყვარელი ძაღლი იჯდა.

შემდეგ ნანგრევებში ივანმა ცოლი, მამა და ბებია იპოვა. სამივე დაღუპული.

ჯერ კიდევ სუნთქავდა ივანის ერთი წლის შვილი პოლინა, რომელიც მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გოგონა ვერ გადაარჩინეს.

ივანის ერთი წლის გოგონა პოლინა/ ფოტო საოჯახო ალბომიდან

ივანი სამ დღეში სამსახურში დაბრუნდა. ის სამხედრო საგუშაგოზე მუშაობს და ხალხს ევაკუაციაში ეხმარება. ამბობს, რომ მუშაობა შველის ტრაგედიის გადატანაში.

„ბოროდიანკაში ყველას უბედურება დაატყდა თავს. ადამიანებს დახმარება სჭირდებათ. სამსახურიც მშველის და ჩემი მეგობრებიც ძალიან გვერდში მიდგანან“, – ამბობს ივანი.

ივანის ოჯახი სოფელ პესკოვში დაკრძალეს. ყველა ჯვარზე გარდაცვალების ერთი და იგივე თარიღია – 26.02.2022, პატარა პოლინას საფლავზე კი უამრავი სათამაშო აწყვია.

სათამაშოები პოლინას საფლავზე/ფოტო BBC

წყარო: BBC

მთავარი ფოტო/ფოტოკოლაჟი: მარცხენა ფოტოზე – ივანის ძმა, მამა, დედა და მეუღლე. მარჯვენა ფოტოზე – ივან სიმოროზი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: