მთავარი,სიახლეები

ქართული ვისწავლე და ვფიქრობ, ინტეგრაცია მოვახერხე ჩემს ქვეყანაში – აღავნი ჯავახეთიდან 

20.05.2022 • 1828
ქართული ვისწავლე და ვფიქრობ, ინტეგრაცია მოვახერხე ჩემს ქვეყანაში – აღავნი ჯავახეთიდან 

21 წლის აღავნი მოსოიანმა ქართული ენის სწავლა სკოლის ასაკიდან დაიწყო. ეს მისთვის მარტივი არ ყოფილა, რადგან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში, სადაც ის სწავლობდა და ცხოვრობდა, ქართული არავინ იცის. არც მის ოჯახში იცოდნენ ენა. ამის საჭიროება არ ჰქონია სოფელს, რადგან ქართულენოვან მოსახლეობასთან კონტაქტი არ უწევთ და ახალგაზრდების დიდი ნაწილი აქამდე სწავლის დამთავრების შემდეგ სოფელშივე რჩებოდა და სოფლის მეურნეობას მისდევდა.

აღავნიმ და მისმა ძმამ ქართული კარგად ისწავლეს, თუმცა როგორც აღავნი გვიყვება, სკოლაში ენის სწავლის პროცესი მისთვის მარტივი არ ყოფილა.

„ჩემს სოფელში, დილისკაში, ქართულ ენას სომეხი მასწავლებელი გვასწავლიდა. ქართული მისთვის მშობლიური ენა არ იყო და, შესაბამისად, გაკვეთილზე სომხურად უფრო ხშირად გვესაუბრებოდა, ვიდრე ქართულად. ენის აქტიურად სწავლა და პრაქტიკაში გამოყენება დავიწყე 4+1 პროგრამით სწავლისას. ახლა ილიაუნის მესამე კურსის სტუდენტი ვარ და ორ მიმართულებაზე ვსწავლობ: ანგლისტიკასა და გრაფიკულ დიზაინზე,“ – ამბობს აღავნი.

თავიდან აღავნიმ მოდის დიზაინზე ჩააბარა, თუმცა მერე ეს ფაკულტეტი გაუქმდა და გოგო გრაფიკული დიზაინის მიმართულებაზე გადავიდა. პარალელურად ენის სწავლის რეჟიმში მსგავსი ცვლილებები ჯავახეთიდან სასწავლებლად თბილისში გადასული გოგოსთვის საკმაოდ რთული იყო:

„გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარებს ითხოვს ჩვენგან დიდი ქალაქი. მე თბილისივით დიდ ქალაქში არასდროს მიცხოვრია. აქ რომ ჩამოვედი ძმასთან ერთად, ყველაფერი პრობლემა იყო ჩემთვის: არ ვიცოდი ქალაქის გეოგრაფია, ქუჩები. არ ვიცოდი, სად რა ტრანსპორტი დადიოდა. არ ვიცოდი, სად სჯობდა ბინის დაქირავება და ისეთ ჯურღმულებში მიცხოვრია, მზის შუქი რომ არ შემოდის, სარდაფებში, უნივერსიტეტიდან ტრანსპორტით 1, 2 საათის სავალზე. ახლა, სამი წლის შემდეგ, ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება. ენაც უკეთ ვიცი და ვმუშაობ. ვფიქრობ, ინტეგრაცია მოვახერხე ჩემს ქვეყანაში, თუმცა მიმაჩნია, რომ ენა ჯერ კიდევ არ ვიცი ძალიან კარგად და სასწავლი ბევრი მაქვს.“

აღავნი მოსოიანი

აღავნი ახლა ერთ-ერთ მაღაზიაში მოლარედ მუშაობს. ამბობს, რომ გარდა ხელფასისა, მისი მოტივაცია ხალხთან ურთიერთობა და ენის პრაქტიკაა.

ცდილობს, მაღაზიაში ხალხს გამოელაპარაკოს, რამდენადაც შესაძლებელია. აღავნი ამბობს, რომ სამსახური მისთვის ქართული ენის საკომუნიკაციო უნარების განვითარების შესაძლებლობაა.

„მიყვარს თბილისი. აქ უკვე მეგობრებიც მყავს, ბინასაც მეგობარ გოგოსთან ერთად ვქირაობ და ერთად შედარებით მარტივად ვუმკლავდებით გადასახადებს. ვფიქრობ, აქ გავაგრძელებ ცხოვრებას და მუშაობას, მაგრამ ჩემი პროფესია, გრაფიკული დიზაინი, ონლაინ და დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობასაც იძლევა. ასე, რომ შეიძლება ბევრნაირი სამომავლო გეგმის განხილვა,“ – გვეუბნება გოგო ჯავახეთიდან.

აღავნისთვის ინტეგრაციის გზა მარტივი არ ყოფილა, ჰყვება, რომ ოთხი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც თბილისში გადმოვიდა სასწავლებლად, მაღაზიის მოლარეობა მისი პირველი ანაზღაურებადი სამსახურია.

მხოლოდ ბოლო 6 თვეა, რაც დასაქმდა, მანამდე ყველა გასაუბრებაზე უარს იღებდა დამსაქმებლებისგან. როგორც აღავნი ამბობს, უარის მიზეზს არ უხსნიდნენ, მაგრამ ის ფიქრობს, რომ ქართულად გაუმართავი საუბრის გამო არ იღებდნენ სამსახურში.

„ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს უსამსახუროდ, თითქოს არავის ვჭირდებოდი, მაგრამ მერე მიზეზს მივაგენი და ამოცანა დავისახე: ვცდილობდი, ყველაფერი გამეკეთებინა, რომ ქართულად სწორად და კარგად მელაპარაკა. ეს ჩემი სახელმწიფო ენაა, მე და ჩემმა ძმამ სკოლის ასაკიდანვე გავაცნობიერეთ, რომ ვალდებულები ვართ, ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ენა,“ – ამბობს აღავნი.

აღავნი მოსოიანი

ის ილიაუნიში მაგისტრატურაშიც გეგმავს სწავლის გაგრძელებას.

აღავნი აღწერს დილისკას, სოფელს, სადაც სკოლა დაამთავრა. ამ სოფლის ახალგაზრდები, აღავნის გადმოცემით, სკოლის დამთავრების შემდეგ ძირითადად სოფელშივე რჩებიან და სწავლას იშვიათად აგრძელებენ უმაღლეს თუ პროფესიულ სასწავლებლებში.

თუმცა წლების განმავლობაში თანდათან იზრდება იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც სწავლის გაგრძელებას ქართულ უნივერსიტეტებში არჩევენ.

„ჩემი კლასიდან, მაგალითად, შვიდმა ბავშვმა გააგრძელა სწავლა თბილისში. თუმცა ახალგაზრდების ნაწილი მიდის რუსეთშიც, ნაწილი კი სოფელში რჩება.

დილისკაში ბევრ რამეზე არ მიუწვდებათ ხელი ახალგაზრდებს, ბავშვებს. მე პირველად ეს მაშინ ვიგრძენი, როცა სკოლის დაწყებით კლასში ხატვის სწავლა მომინდა სიღრმისეულად და ახლომახლო ვერც მასწავლებელი ვიპოვეთ, ვერც ხატვის წრე – არ იყო არსად. ამიტომ მამას ყოველთვის ახალქალაქში დავყავდი სოფლიდან მანქანით ხატვის გაკვეთილებზე,“ – ამბობს აღავნი.

გარდა იმისა, რომ სტუდენტური სამსახური აქვს, აქვს თავისი ინსტაგრამგვერდიც, სადაც შეკვეთებს იღებს პორტრეტების დასახატად, ესეც მისი შემოსავლის მცირე წყაროა. განსაკუთრებით აქტიურად ზაფხულობით ხატავს პორტრეტებს, როცა გამოცდებს ამთავრებს და შედარებით მეტი თავისუფალი დრო რჩება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: