მთავარი,სიახლეები

ტრაილერების რიგები და სანქცირებული პროდუქციის კონტროლი – შემოსავლების სამსახურის განმარტება

20.05.2022 • 1696
ტრაილერების რიგები და სანქცირებული პროდუქციის კონტროლი – შემოსავლების სამსახურის განმარტება

საქართველოს გზებზე ბოლო პერიოდში არაერთ ადგილზე, განსაკუთრებით საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან, ტრაილერების საკმაოდ გრძელი რიგებია.

შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვა და სატვირთო ავტომობილები უსაფრთხოდ განსაზღვრული რიგითობის დაცვით გადაადგილდებიან.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ქვეყანაში და „მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე“.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ომის გაჩაღების გამო რუსეთსა და ბელარუსს აშშ-მ, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა გარკვეული სანქციები დაუწესეს. სანქციები ეხება გარკვეული ტვირთების იმპორტ-ექსპორტსაც.

გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის გამო, „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორ აკონტროლებენ საქართველოში იმ ტვირთებს [იმპორტი-ექსპორტი-ტრანზიტი], რომლებიც რუსეთსა და ბელარუსს უკავშირდება.

„24 თებერვლიდან დღემდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან/საბაჟო ტერიტორიის გავლით, ორმაგი დანიშნულების, სამხედრო პროდუქციის ან ე.წ. „სანქცირებული პროდუქციის“ ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთის ფედერაციაში და ბელარუსში არ განხორციელებულა“, – მოგვწერეს შემოსავლების სამსახურიდან 2022 წლის 17 მაისს.

საქართველოს შემოსავლების სამსახურისგან ასევე ვითხოვდით ინფორმაციას, „იყო თუ არა 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე პერიოდში საქართველოდან რუსეთში ან/და ბელარუსში ან პირიქით, სანქცირებული პროდუქციის გატანის ან გატანის მცდელობის [იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის, რეექსპორტის გზით] ფაქტები – ვის მიერ, რა პროდუქცია იყო და რა ზომები გატარდა“.

აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

„გაცნობებთ, რომ თქვენი წერილით მოთხოვნილი ეს ინფორმაცია წარმოადგენს საბაჟო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რომელიც სხვა პირს შეიძლება გადაეცეს მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად“, – მოგვწერეს შემოსავლების სამსახურიდან.

ინფორმაციისთვის:  საბაჟო კოდექსის მე-11 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანოში პირის შესახებ არსებული ინფორმაცია არის საბაჟო საიდუმლოება. პირის შესახებ ინფორმაცია, რომელიც საბაჟო საიდუმლოებას შეიცავს, სხვა პირს შეიძლება გადაეცეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სხვა პირს გადასახადის გადამხდელის წერილობითი/ელექტრონული ნებართვის შემთხვევაში.

გამომდინარე აქედან, შემოსავლების სამსახურს შეეძლო „ბათუმელებისთვის“ მოეწოდებინა ინფორმაცია, იყო თუ არა სანქცირებული პროდუქციის საქართველოში შემოტანის ან გატანის მცდელობის ფაქტები და ეს ინფორმაცია მოეწოდებინა ისე, რომ არ დაეკონკრეტებინა კომპანიები.

„საბაჟო კონტროლის პროცედურების 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა. აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მიზნით, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილება ხორციელდება განსაზღვრული რიგითობის დაცვით, რადგან ზოგიერთი მიმღები ქვეყნების ტერიტორიებზე მიმდინარე განახლებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და ახალი ელექტრონული რეგისტრაციის სისტემების დანერგვის გამო, გარკვეული პერიოდულობით ხდება კონტროლის პროცესების ნაწილობრივ  შეფერხება, საქართველოდან გასული ავტომობილების მიმართ“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გუშინ, 19 მაისს, გავრცელებულ ინფორმაციაში.

„გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გამოწვევების  გადაჭრის გზები“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

 

მთავარი ფოტო: ტრაილერების კოლონა ქობულეთის შემოვლით გზაზე / „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: