მთავარი,სიახლეები

რუსეთი ფინეთს გაზის მიწოდებას უწყვეტს, ქვეყანამ რუბლით გადახდაზე უარი თქვა

20.05.2022
რუსეთი ფინეთს გაზის მიწოდებას უწყვეტს, ქვეყანამ რუბლით გადახდაზე უარი თქვა

ფინური კომპანია Gasum-ი იუწყება, რომ „გაზპრომი“ 21 მაისს, დილის 7 საათიდან, ფინეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს.

კომპანია Gasum-მა უარი უთხრა რუსეთს გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე. რუსეთის მხრიდან კონტრაქტში ამ ცვლილების გასაჩივრებას ფინური კომპანია არბიტრაჟში აპირებს.

კომპანიის განცხადებით, რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად ფინეთში გაზგასამართი სადგურების მუშაობა შეუფერხებლად გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ფინეთი გაზის დანაკლისის შევსებას ესტონეთიდან, კერძოდ, ბალტიკონექტორის/Balticconnector გაზსადენის მეშვეობით გეგმავს.

როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, გაზის წილი, რომელსაც ფინეთი რუსეთისგან ყიდულობდა, ქვეყნის ენერგოსაჭიროების მხოლოდ 5%-ს შეადგენს.

2022 წლის 1-ელი აპრილიდან უკრაინასთან მიმდინარე ომის პირობებში რუსეთმა მის მიერ „არამეგობრულ“ ქვეყნებად წოდებულ სახელმწიფოებს უკვე დადებული კონტრაქტების რუსულ რუბლში გადახდა მოსთხოვა.

რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ რუსული გაზის იმპორტიორი კომპანიების დაახლოებით ნახევარმა უკვე გახსნა ანგარიშები გაზპრომბანკში გაზის საფასურის რუბლით გადასახდელად.

________________________________

მთავარ ფოტოზე: ფინური კომპანია Gasum-ის ქარხანა/წყარო:ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: