ხვალ, 20 მაისს, ინკლუზიური დასი „ცისარტყელა“ და ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში არსებული ინკლუზიური სწავლების ცენტრი ურეკში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უკრაინელი ბავშვებისთვის გამართავს სპექტაკლს – „ერთი სოფლის ამბავი“.
სპექტაკლი ურეკში, 14:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის 7 ა-ში გაიმართება. მასზე დასწრება თავისუფალია.
„ცისარტყელამ“ 7 აპრილსაც გამართა სპექტაკლი უკრაინიდან ომს გამოქცეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დასახმარებლად ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სცენაზე. დასის რეჟისორი, ნიკა ტუღუში ამბობს, რომ დასმა რამდენიმე ათასი ლარის შეგროვება შეძლო, თუმცა მაშინ საქველმოქმედო სპექტაკლს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ესწრებოდნენ უკრაინელი ბავშვები.
„ცისარტყელას“ წევრებს უნდოდათ, რომ სპექტაკლი ქველმოქმედების ადრესატებსაც ენახათ – „ჩვენი დასი ინკლუზიურია და უკრაინიდან ჩამოსული შშმ ბავშვების საჭიროების ძალიან კარგად გვესმის“ – ამბობს ნიკა ტუღუში, დასის რეჟისორი.
______________
ფოტოზე: ბათუმის ინკლუზიური დასი „ცისარტყელა“