მთავარი,სიახლეები

პუტინი ჩიხშია, ის ომს ვერც წყვეტს და ვერც იგებს – უკრაინის სამხედრო დაზვერვის გენერალი

20.05.2022 • 12411
პუტინი ჩიხშია, ის ომს ვერც წყვეტს და ვერც იგებს – უკრაინის სამხედრო დაზვერვის გენერალი

„პუტინი ჩიხშია. მას არც ომის შეჩერება შეუძლია და არც მისი მოგება. ის ობიექტური მიზეზების გამო ვერ გაიმარჯვებს. ეს ომი რომ შეაჩეროს, მაშინ უნდა აღიაროს, რომ რუსეთი არც ისეთი ძლიერი და დიადი სახელმწიფოა, როგორადაც ის წარმოაჩენს“, – განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა The Wall Street Journalთან ინტერვიუში.

ინტერვიუს დეტალებს უკრაინის სამხედრო დაზვერვა აქვეყნებს.

„რუსეთის სიშტერეც მაკვირვებს“, – ამბობს უკრაინელი გენერალ-მაიორი. – „ყველა იმ ვარიანტიდან, რომელიც კი ომის დაწყების წინ პუტინს ჰქონდა, მან ყველაზე ბოროტი და ცუდი ვარიანტი აირჩია. სპეციალისტები აფრთხილებდნენ მას, რომ ეს ვარიანტი უკანასკნელი იყო და ძალიან საფუძვლიან შეფასებას საჭიროებდა. ახლა ჩვენ ვხედავთ შედეგს.“

სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინა იბრძოლებს მანამ, ვიდრე მისი ტერიტორიიდან უკანასკნელ რუს სამხედროს არ განდევნის.

 „მე არ ვიცი არანაირი საზღვრები 1991 წლის საზღვრების გარდა“, – ამბობს კირილო ბუდანოვი და გულისხმობს უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდს და სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, რომელშიც ყირიმი და დონბასიც შედის.

„ვინ აიძულებს უკრაინას გაყინოს კონფლიქტი? ეს ყველა უკრაინელის ომია და თუკი მსოფლიოში ვინმე ფიქრობს, რომ უკრაინას უკარნახებს პირობებს, როგორ და როდის დაიცვას თავი, ძალიან ცდება.“

დაზვერვის ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ კონტრშეტევის სწრაფად დასაწყებად უკრაინას საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო კომპლექსები, მსხვილკალიბრიანი არტილერია და  მოიერიშე თვითმფრინავები სჭირდება.

„ჩვენ ვაწარმოებთ ომს საკუთარ ტერიტორიაზე. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ შეზღუდული უნდა ვიყოთ გარკვეული ტიპის შეიარაღების გამოყენებაში, მინდა მათ შევახსენო, რომ რუსეთი აქ იყენებს ყველა სახის შეიარაღებას, რაც კი აქვს – დაწყებული ფრთოსანი რაკეტებით, რომლებსაც წყალქვეშა ხომალდებიდან უშვებენ, დამთავრებული სტრატეგიული ბომბდამშენებით. აქ გამოიყენება რუსეთის შეიარაღების სრული სპექტრი, ბირთვულის გარდა“, – აღნიშნა ბუდანოვმა.

მაისის დასაწყისში, უკრაინულ გამოცემა Новое Времяსთვის მიცემულ ინტერვიუში, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა ორი გზით დასრულდეს – რუსეთის ფედერაციის ნგრევით და მის სამ და მეტ ნაწილად დაყოფით ან რუსეთის ხელისუფლების ცვლილებით.

მთავარი ფოტო: კირილო ბუდანოვი/უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: