მთავარი,სიახლეები

„რუსეთის სამხედრო მეთაურები ძლიერი ზეწოლის ქვეშ არიან“ – ბრიტანეთის დაზვერვა

20.05.2022 • 2743
„რუსეთის სამხედრო მეთაურები ძლიერი ზეწოლის ქვეშ არიან“ – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ უცნობია, რამდენი უკრაინელი სამხედრო რჩება „აზოვსტალში“. უწყების ცნობით, მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნიდან, სავარაუდოდ, 1700-მდე უკრაინელი მებრძოლი ჩაბარდა.

ბრიტანეთის დაზვერვა 20 მაისის განახლებაში წერს იმაზეც, თუ როგორი შეიძლება იყოს რუსეთის შემდგომი ნაბიჯები.

„როგორც კი რუსეთი ბოლომდე დაიკავებს მარიუპოლს, სრულიად მოსალოდნელია, რომ მან თავისი ძალები გადაისროლოს დონბასში, იქ მიმდინარე ოპერაციის გასაძლიერებლად.

თუმცა უკრაინელთა მტკიცე წინააღმდეგობამ მარიუპოლში შედეგად მოიტანა ის, რომ ამ რეგიონში მყოფ რუსეთის ძალებს გადაიარაღება და განახლება დასჭირდება, ვიდრე მათი ეფექტიანად გამოყენება გახდება შესაძლებელი“, – აღნიშნავს დაზვერვა და მიუთითებს, რომ ძალების საფუძვლიანად განახლება შესაძლოა, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდეს.

უწყება ვარაუდობს, რომ გადაიარაღების საჭიროების მიუხედავად, რუსეთი, დიდი ალბათობით, მაინც სწრაფად ეცდება თავისი ძალების გადანაწილებას ყოველგვარი სათანადო გადამზადების გარეშე. ეს კი, კიდევ უფრო დაასუსტებს რუსეთის ჯარების ბრძოლისუნარიანობას.

„რუსეთის სამხედრო მეთაურები ძლიერი ზეწოლის ქვეშ არიან. მათგან სამხედრო ოპერაციებში მიღწეულ თვალსაჩინო შედეგებს მოითხოვენ“, – მიუთითებს დაზვერვა.

სწორედ სამხედრო მეთაურებზე წერდა დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ტვიტერზე, გუშინდელ, 19 მაისის პოსტში და აღნიშნავდა, რომ ბოლო კვირებში რუსეთმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სამხედრო მეთაურები, რომლებიც მიიჩნია, რომ უკრაინაში შეჭრის პირველ ეტაპზე წარუმატებლად მოქმედებდნენ.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას ყოველდღიურად აახლებს.

მთავარი ფოტო: საომარი მოქმედებების რუკა 19 მაისის მდგომარეობით/დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: