მთავარი,სიახლეები

მალე ომის სურათი შეიცვლება, ივნისში კონტრშეტევაზე გადავალთ – ვანო ნადირაძე

20.05.2022 • 14627
მალე ომის სურათი შეიცვლება, ივნისში კონტრშეტევაზე გადავალთ – ვანო ნადირაძე

ქართველი მებრძოლი უკრაინაში, ვანო ნადირაძე იზიუმთან და ხარკოვთან მიმდინარე ბრძოლების შესახებ გვესაუბრება.

მისი თქმით, ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მიმართულებით აქტიური ბრძოლები მიდის. ამ მიმართულებაზე რუსები უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ და შესაძლოა ეს ორი პატარა ქალაქი ალყაში მოექცეს იმ შემთხვევაში, თუკი რუსები ბახმუტთან (დონეცკის ოლქში) გზის გადაკეტვას შეძლებენ.

„ამ მიმართულებაზე რუსებს 20 ტაქტიკური ბატალიონი ჰყავთ, აღებული აქვთ პოპასნაც, წაიწიეს ლიმანთანაც და ცდილობენ ამ მცირე უპირატესობის შენარჩუნებას.

რა თქმა უნდა, სტრატეგიული ადგილია ეს მიმართულება, მაგრამ ხარკოვის მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წარმატება და კონტრშეტევაზე ვართ გადასული. თუ ამ ტემპით გაგრძელდა, რუსები იძულებული გახდებიან თავდაცვაზე გადავიდნენ“, – გვეუბნება ვანო ნადირაძე.

მას ვკითხეთ, თუ რის ხარჯზე შეძლეს რუსებმა ბახმუტის მიმართულებით უპირატესობის მოპოვება? ვანო ნადირაძის თქმით, რუსები ყველაფერს აკეთებენ, რომ თავის ხალხს რაღაც წარმატება მაინც აჩვენონ.

რაც შეეხება უკრაინელების წარმატებას, როგორც ვანო ნადირაძე ამბობს, გარდა მებრძოლების პროფესიონალიზმისა და თავდადებისა, ეს ამერიკული იარაღის დამსახურებაცაა.

„წარმოიდგინეთ, როგორი შეიარაღება შემოვა მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ლენდ-ლიზის შესახებ კანონს. ივნისის დასაწყისში, შუა რიცხვებამდე ველოდებით მასიურ კონტრშეტევას. ეს, პირველ რიგში, იქნება ხერსონის მიმართულება, რადგან რუსებს არ მიეცეთ აქ რეფერენდუმის ჩატარების და ხერსონის ე.წ. რესპუბლიკის ჩამოყალიბების შესაძლებლობა. ასევე გაგრძელდება იზიუმთან შეტევა. დღესდღეობით, ეს არის ყველაზე ცხელი მიმართულებები ბრძოლის ხაზზე“, – გვეუბნება ვანო ნადირაძე.

ქალაქები, სადაც ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს

მისი თქმით, დღეს უკრაინას არც იარაღის პრობლემა აქვს და არც ადამიანური რესურსის, რუსულ ჯარში კი დეზერტირობა იზრდება.

„დემორალიზებულია და უმოტივაციოა რუსის ჯარი, ასეთ დროს, ძალიან ძნელია წარმატებას მიაღწიო. უკრაინელი კი თავის მიწას, სახლს და ოჯახს იცავს – ეს არის ყველაზე დიდი მოტივაცია“.

ზელენსკიმ საომარი მდგომარეობა სამი თვით გააგრძელა. ქართველი მებრძოლიც იმედოვნებს, რომ სექტემბრის დასაწყისში უკრაინა სრულად გათავისუფლდება რუსებისგან, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიც.

„ისეთ შეტევებს ველოდებით, რომ კაპიტულაციამდე მივა რუსების ჯარი. უკრაინის მიზანი არა მხოლოდ ომამდელი ტერიტორიების გაწმენდაა რუსებისგან, არამედ რუსების სრული კაპიტულაცია დონეცკსა და დონბასშიც. უკრაინა იბრძოლებს ბოლომდე, ითქვა კიდეც, რომ თუ ომია, იყოს ომი უკრაინის ბოლომდე გათავისუფლებისთვის. ვფიქრობ, ეს პროგნოზი გამართლდება“, – ამბობს ვანო ნადირაძე.

ქართველები ამ დროისთვის 93-ე 128-ე და 57-ე ბრიგადებში იბრძვიან. როგორც ვანო ნადირაძე ამბობს, ის კმაყოფილია ქართველი მებრძოლების, რადგან „წესიერად აკეთებენ თავიანთ საქმეს“.

რა გამოცდილება შეგძინათ ქართველ მებრძოლებს უკრაინის ომმა? – ვკითხეთ მას. ვანო ნადირაძის თქმით, დღეს ომის ბედს არტილერია-ავიაცია-ჯავშანტექნიკა და სარაკეტო სისტემები წყვეტს. კონტაქტური ბრძოლის დრო ფაქტობრივად დასრულდა.

„ჯარისკაცები კონტაქტურ ბრძოლაში მაშინ არიან, როცა გაწმენდაზე შედიან. სხვა შემთხვევაში მიდის 21-ე საუკუნის ომი – არტილერია, სარაკეტო დარტყმა და ჯავშანტექნიკა.

შეიძლება წინა ხაზზე იყოს ჯარისკაცი, რამდენიმე დღე გავიდეს და ავტომატი არ გაისროლოს, რადგან საარტილერიო ომი მიდის. ამ ყველაფერს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ ძალიან ბევრ რამეში უნდა შეცვალოს დამოკიდებულება საქართველომ სამხედრო თვალსაზრისით.

ტელევიზორში ვუყურე, ახლა რაღაც წვრთნები რომ ჩაატარეს და გული დამწყდა, რადგან სულ სხვა პრიორიტეტებია დღეს ომში, სულ სხვა ტექნიკები და ეს რაღაც საჩვენებელი მინდორზე გადარბენილ-გადმორბენილი ჯარისკაცების ხანა წავიდა, სხვა რაღაცები გვჭირდება. ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოს მთავრობას ახლა აქვს მომენტი ისარგებლოს სიტუაციით და მიიღოს დახმარება აშშ-სგან. სწორი მიმართულება რომ აერჩიათ და სწორი პოლიტიკური განცხადებები გაეკეთებინათ, საქართველოს თავდაცვა თანამედროვე იარაღით შეივსებოდა“, – ამბობს ვანო ვანო ნადირაძე.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო უკრაინამ, ნაკლებად იბომბება ქალაქები.

„თუ აქამდე ათი რაკეტიდან ათივე ეცემოდა ქალაქს, ახლა ათიდან რვას უკვე აგდებს საჰაერო თავდაცვა. ახლა ველოდებით შორ მანძილზე მსროლელ გემსაწინააღმდეგო რაკეტებსაც და ძალიან მალე ომის სურათი შეიცვლება.

ახლა ფაქტობრივად რუსეთის საზღვარზე ვართ და ვაკონტროლებთ. იქ სადაც ვართ, პატარა მონაკვეთებია კიდევ გასათავისუფლებელი და შემდეგ ინტენსიურად დაიწყება იზიუმი-ლუგანსკის მიმართულებით შეტევები“, – გვეუბნება ვანო ნადირაძე.

რაც შეეხება ომის სისასტიკეებს, ნადირაძე ამბობს, რომ რუსები სხვა დაპყრობილ ქალაქებში კვლავ აგრძელებენ მსგავს სისასტიკეებს, რაც ბუჩასა და ჰოსტომელში ჩაიდინეს. „განსაკუთრებით ზაპოროჟიეს ოლქში ველოდებით მსგავს სურათს“, – ამბობს ქართველი მებრძოლი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: