მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები,სპორტი

12 მილიონი ლარი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისთვის ბათუმსა და ქობულეთში

20.05.2022 • 3695
12 მილიონი ლარი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისთვის ბათუმსა და ქობულეთში

ბათუმსა და ქობულეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც ქვეყნის ბიუჯეტიდან ჯამში მაქსიმუმ 12 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საბოლოო სახელშეკრულებო თანხა კი ტენდერების დასრულების შემდეგ დაზუსტდება.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მომსახურების შესყიდვაზე ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული:

  • პირველი ტენდერი ბათუმში 2 საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის დაპროექტებას და მშენებლობას ითვალისწინებს და სატენდერო თანხა 8 მილიონი ლარია;
  • მეორე ტენდერით კი, ცენტრი ქობულეთში უნდა დაპროექტდეს და აშენდეს. აქ სატენდერო თანხა 4 მილიონი ლარია.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ბათუმში მშენებლობა ლეონიძის ქუჩაზე, N15-ში და ვოლსკის ქუჩაზე, N11-შია დაგეგმილი.

ბათუმის შემთხვევაში 8-მილიონიანი ტენდერი ფონდს ისე ჰქონდა გამოცხადებული, რომ მეორე მისამართად ვოლსკის ქუჩის ნაცვლად ტექნიკურ დოკუმენტაციაში ქობულეთის საფეხბურთო სტადიონის [„შუქურას“] მისამართი იყო მითითებული.

„ბათუმელები“ დასაზუსტებლად ფონდს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ გაარკვიეს, იყო უზუსტობა და სატენდერო დოკუმენტაციას ჩაასწორებენ.

სატენდერო დოკუმენტებში ცვლილების ასახვამდე ზუსტი მისამართის მოწოდებაზე კი, ფონდში უარი გვითხრეს: „უნდა დაელოდოთ და ცვლილება [ახალი მისამართი] შესყიდვების გვერდზე აისახება.“

ამ ერთი მისამართის შეცვლას ფონდმა ერთი სამუშაო დღე მოანდომა.

„ვინაიდან, ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში ატვირთული ტექნიკური დავალება შეიცავს მექანიკურად დაშვებულ უზუსტობას, კერძოდ კი, არასწორ მისამართსა და საკადასტრო კოდს, ატვირთულ ტექნიკურ დავალებაში მითითებული მისამართი შეიცვალოს მოცემული მისამართით: ქ. ბათუმში, გრიგოლ ვოლსკის ქუჩა – N11“, – აღნიშნულია ფონდის სატენდერო კომისიის ოქმში. ამავე ოქმით გასწორდა არასწორი საკადასტრო კოდიც.

ქობულეთში, ცალკე გამოცხადებული ტენდერის მიხედვით კი, საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი აღმაშენებლის ქუჩის N836-ში უნდა აშენდეს.

სატენდერო დავალების მიხედვით, „აღნიშნული პროექტები ძირითადად ითვალისწინებს ხელოვნურსაფარიანი მოედნის, გასახდელების – ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, განათების, მაყურებელთა ტრიბუნის და კეთილმოწყობის სამუშაოებს“. დამატებითი ინფორმაციის სახით კი ტენდერებს საორიენტაციო პროექტები ახლავს.

ადგილები, სადაც საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები უნდა ააშენონ:

ადგილები [მონიშნულია წითელი ფერით] ბათუმსა და ქობულეთში, სადაც საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა იგეგმება.

ორივე ტენდერი Design-Build მეთოდით და პრეისკურანტითაა გამოცხადებული.

სამუშაოები იყოფა სამ ეტაპად:

I ეტაპი – დემონტაჟის სამუშაოები და ესკიზური პროექტის მომზადება;
II ეტაპი – დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
III ეტაპი – სამშენებლო სამუშაოები.

ქობულეთის შემთხვევაში ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 29 მაისს დაიწყება და პირველ ივნისს დასრულდება. ბათუმის შემთხვევაში კი, წინადადებების მიღება 30 მაისს იწყება და 2 ივნისს დასრულდება.

პირობის მიხედვით, ბათუმში ორი და ქობულეთში ერთი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 15 მაისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

განახლება: აღნიშნული ტენდერები დასრულდა უარყოფითი შედეგით, ამიტომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერები ხელახლა გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 21 და 23 ივნისს დასრულდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: