მთავარი,სიახლეები

„რუს სამხედროებს მოსწონთ, როცა სახალხოდ აუპატიურებენ“ – ფსიქოლოგები ფაქტებზე ჰყვებიან

19.04.2022 • 50504
„რუს სამხედროებს მოსწონთ, როცა სახალხოდ აუპატიურებენ“ – ფსიქოლოგები ფაქტებზე ჰყვებიან

ომში ყოველთვის იმატებს სქესობრივი დანაშაულების რიცხვი. ჯერჯერობით, შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენი ქალი გააუპატიურეს უკრაინაში: გამოძიება, ოფიციალურად, მხოლოდ რამდენიმე საქმეზე დაიწყო, თუმცა თუ იმ ადამიანების მონაყოლით ვიმსჯელებთ, რომლებიც ლტოლვილებთან და დაზარალებულებთან მუშაობენ, ასეთი ათობით, შეიძლება ასობით შემთხვევაც კი იყოს. გამოცემა „Холод“ ესაუბრა ორ ფსიქოლოგს, რომლებიც ძალადობაგამოვლილ უკრაინელ ქალებს ეხმარებიან.

„ერთმა გოგომ მითხრა, რომ კაცს ვეღარასოდეს შეიყვარებს“

ალექსანდრა კვიტკო, ფსიქოლოგი, მუშაობს უკრაინის სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე:

შავი ზღვის ტელერადიოკომპანიის რედაქტორი ვიყავი ყირიმში. როდესაც ყირიმი დაიპყრეს, კიევში გამოვიქეცი. კიევში გამიჩნდა ტყუპები. იძულებითმა გადასახლებამ და დედობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მაიძულა, ფსიქოლოგისთვის მიმემართა. ერთხელაც, მიმოვიხედე და მივხვდი, რომ სიღრმის ფსიქოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტში ვიმყოფებოდი. ამან მიბიძგა, ფსიქოლოგია მესწავლა. მაგისტრატურა დავამთავრე, შემდეგაც მუდმივად ვიმაღლებდი კვალიფიკაციას სხვადასხვა სპეციალიზაციით – კვებითი ქცევის დარღვევით დაწყებული, მოსაზღვრე პიროვნული აშლილობით დამთავრებული. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა მივიღო, რომ უფრო მეტ ადამიანს დავეხმარო.

8 წელია, ამ საქმეს ვაკეთებ. ამ ხნის განმავლობაში, თითქმის არასდროს ვარ შინ. 24 თებერვალს, როდესაც ცხადი გახდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა მიმეტოვებინა ყველაფერი და ახლა უკვე კიევიდან გავქცეულიყავი, დიდხანს ვეწინააღმდეგებოდი საკუთარ თავს. მეორე გაქცევა პირველზე რთულია, თუმცა განგაშისა და აფეთქების ხმები მაჩქარებდნენ: ორი შვილი მყავს, მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც უნდა მეზრუნა. ზაკარპატიეში გადავედით.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტური კარიერა იძულებით შევწყვიტე და ფსიქოლოგობა გადავწყვიტე, მთელი ეს წლები, იმ სამხედროებთან ვმუშაობდი, რომლებიც დონბასში იბრძოდნენ. ბევრი მათგანი დღესაც ვერ უმკლავდება იმას, რაც გადაიტანა, კიევის უმსხვილეს ფსიქიატრიულ კლინიკაში ვეტერანებისთვის სპეციალური განყოფილებაც კია შექმნილი. ომის ახალ ეტაპს ის გამოარჩევს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში შეუდარებლად მეტი მსხვერპლია.

ჩვენ შევქმენით ცხელი ხაზი, რომელზეც რეკავენ კაცებიც, ქალებიცა და ბავშვებიც. ადრე მხოლოდ ოჯახში ძალადობასთან მიწევდა შეხება – ვიღაც მამამ გააუპატიურა, ვიღაც ბიძამ, ვიღაც მეზობელმა. ადამიანები მოგვმართავდნენ მომხდარიდან 5, 10, ზოგჯერ 20 წლის შემდეგაც კი. ახლა უმრავლესობა ეგრევე მოდის. ზარები დაიწყო ბუჩისა და ირპენის გათავისუფლებისთანავე. ისტორიები, რომლებსაც მე მოგიყვებით, ჯერ ბოლომდე გადამოწმებული არაა.

წუხელ დამირეკა ერთმა გოგომ. ტიროდა, ყვიროდა, რომ დამნაშავეა. ვეუბნები: შენ არცერთ შემთხვევაში არ ხარ დამნაშავე, რა მოხდა? მომიყვა, რომ უნდოდა დედისთვის ყვავილები მიეტანა და ქუჩაში გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ დედა ეუბნებოდა, არ გასულიყო. გავიდა ყვავილების დასაკრეფად და უცებ კაცები გამოჩნდნენ. არაფერი ახსოვს იმის გარდა, რომ ყველგან, მთელ სხეულზე ეხებოდნენ და ხელებს ჰკიდებდნენ. დედამ ის ეზოში გულწასული იპოვა. ჯერ არ ვიცით, რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ გოგონა თავს დამნაშავედ გრძნობს იმის გამო, რომ დედისთვის ყვავილების დასაკრეფად გავიდა.

კიდევ, ვმუშაობ 14 წლის გოგოსთან, რომელიც ხუთმა კაცმა გააუპატიურა და ახლა ორსულადაა. ექიმებმა თქვეს, რომ მისი სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, აბორტმა შეიძლება, უშვილობა გამოიწვიოს. ამიტომაც, ალბათ, ბავშვს გააჩენს. ჩვენ ახლა ვმუშაობთ არა თვითონ ჯგუფური გაუპატიურების თემაზე, არამედ ამ გოგოს დამოკიდებულებაზე მომავალი ბავშვის მიმართ. ეს ერთადერთი შემთხვევა არაა. ხშირად აუპატიურებენ 14, 15, 16 წლის გოგონებს – ომის შემდეგ ბევრი ორსული მოზარდი გვეყოლება.

ვმუშაობ 16 წლის გოგოსთან, რომელიც ორსულად იყო და ბავშვი დაკარგა. ის სამმა კაცმა გააუპატიურა. ასევე, 11 წლის ბიჭის დედასთან. ის სკამზე მიაბეს და აყურებინეს, მის შვილს როგორ აუპატიურებდნენ. ამ შემთხვევებზე უკვე ილაპარაკა უკრაინის სახალხო დამცველმა.

ხშირად მეკითხებიან, მაინც რატომ აკეთებენ ამას ასე? ვფიქრობ, ალბათ, იმისთვის, რომ უფრო მეტი სიამოვნება მიიღონ, უფრო დიდი ძალაუფლება იგრძნობ. დედას აყურებინებენ და ეს სადიზმი და სიმახინჯე მათ სიამოვნებას ანიჭებს.

თვითმხილველების გადმოცემით, რუს სამხედროებს უყვართ, როდესაც ვინმეს სახალხოდ აუპატიურებენ. ერთ 20 წლის გოგოს სამი მათგანი პირდაპირ ქუჩაში აუპატიურებდა. სახლიდან გოგონას დედა გამოვარდნილა შვილის დასახმარებლად, თუმცა შვილს დაუყვირია, – „შინ დარჩი, ხელი არ გახლონ, გავუძლებ როგორმე“.

ასეთ დროს, მხოლოდ მსხვერპლი არ იტანჯება, არამედ მოწმეც. თვითმხილველი იტანჯება, რომ ჩარევას, შველას ვერ ახერხებს. ეს ე.წ. გადარჩენილის ტრავმაა – ადამიანებს სძულთ საკუთარი თავი იმის გამო, რომ თვითონ გადარჩნენ, მათი ახლობლები კი ვერა.

გუშინწინ, მართლა ბოლო მომიღო ამ ისტორიამ. ჯგუფურად, მორიგეობით აუპატიურებდნენ ოჯახის ყველაზე უმცროს ქალიშვილს. ის 19 წლისაა, უფროსი და კი 21-ის. უფროსი და დაჩოქილი ეხვეწებოდა სამხედროებს, დის ნაცვლად წაეყვანათ, თუმცა ის რუსმა სამხედრომ გააჩერა და უთხრა, – „არა, შენ უყურებ… და გადაეცი სხვებსაც, რომ ასე მოუვა ნაცისტების ყველა ბოზს“.

უმცროსს უმძიმესი დაზიანებები ჰქონდა. იქ ექიმი არ იყო, ამიტომ დამ დაუმუშავა ჭრილობები და თან ფიქრობდა: რატომ მე არა? უმცროსი, რომელიც გააუპატიურეს, ჯერ ვერც კი ლაპარაკობს – მუდმივად აღებინებს.

ძირითადად ღამით რეკავენ, როდესაც ძალადობაგამოვლილებს საზარელი სიზმრები აღვიძებთ. ესმით აფეთქების ხმა, რომელიც არ არსებობს. იწყებენ ყვირილს. მათი მშობლები ან ახლობლები გვირეკავენ.

ალექსანდრა კვიტკო

რაც ომი დაიწყო, უკრაინაში თითქმის ყველა ფსიქოლოგი უფასოდ მუშაობს. ახლახან შევხვდი ერთ-ერთს, რომელსაც 5 წლის შვილი ჰყავს და საკუთარი თავისთვის და შვილისთვის აღარ აქვს ფული. მკითხა, ხომ არ ვიცოდი ვინმე, ვინც დამლაგებელს ეძებდა.

დონორების პოვნა ძალიან რთულია, თუმცა კოლეგებისგან პროფესიულ დახმარებას ნამდვილად ვიღებთ. ფსიქოლოგები პოლონეთიდან და ისრაელიდან გვეხმარებიან, როგორ უნდა ვიმუშაოთ იმ ადამიანებთან, ვინც ომის დანაშაულები გადაიტანა. მდგომარეობას, რომელშიც ეს პაციენტები იმყოფებიან, ეწოდება „მწვავე სტრესული აშლილობა“, და ჩვენი ამოცანაა, რომ ის პოსტტრავმულ სინდრომში არ გადავიდეს.

აგრესორები, რომლებზეც ძალადობაგამოვლილები ჰყვებიან, ყოველთვის სამხედრო ფორმიანი და ნიღბით ან რამე ნაჭრით სახედაფარული კაცები არიან. თვალების გარდა არაფერი უჩანთ. ეს საზარელია, რადგან როდესაც მოძალადის სახეს ხედავ, იმას მაინც ფიქრობ, რომ შეგიძლია ამოიცნო. როდესაც მოძალადე „უსახოა“, მსხვერპლის ცნობიერებაში, ყოველი კაცი პოტენციურ მოძალადედ იქცევა. ერთმა გოგომ მითხრა, რომ კაცს ვეღარასოდეს შეიყვარებს.

ცხელ ხაზზე ხუთნი ვმუშაობთ: მე მუდმივად, დანარჩენი ოთხი გოგონა კი მორიგეობით. კვირაში დაახლოებით 85 შეტყობინება შემოდის. ორი საათი მძინავს ღამეში და თითქმის ვერაფერს ვჭამ. მთლიანად მავსებს ის ისტორიები, რომლებსაც ვისმენ. როდესაც უკვე გაუსაძლისი ხდება, ფეხით დავდივარ, შვილებს ვეხუტები და ჩემს კატას ვეფერები.

კიევის რაიონის გათავისუფლების შემდეგ ძალიან რთული პერიოდი იყო. უკვე დაიწყო შეტყობინებები ხერსონის რაიონიდან. წარმოდგენაც კი არ მინდა, რა ხდებოდა და ხდება მარიუპოლში. მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ ასეთ ზღვარგადასულ სისასტიკეს, მთელი ჩემი პრაქტიკის განმავლობაში, არ შევხვედრივარ.

ისინი, ვინც ძალადობა გამოიარა ან ძალადობის მოწმე იყო, ჰყვებიან, რომ მოძალადეები, ხმის მიხედვით, ახალგაზრდები არიან, ასე 20-25 წლისანი. პუტინის მმართველობის ასაკის ბიჭები. ვფიქრობ, მათ ჩაუნერგეს, რომ უკრაინელები მეორეხარისხოვანი ადამიანები არიან. ისინი გრძნობენ დაუსჯელობას და ძალაუფლების წყურვილს, მაგრამ რაც მთავარია – რუსეთში ოჯახში ძალადობა დეკრიმინალიზებულია. ნორმალიზებულია.

ჩვენც გვაქვს ამ მხრივ პრობლემები, მაგრამ ჩვენ წინ მივდივართ, „მცემს, ესე იგი ვუყვარვარ“, უკვე აღარ მუშაობს. ამ ადამიანებმა კი სხვა სიყვარული არ იციან, მათთვის სუსტის ცემა, გაუპატიურება – ნორმაა.

„საშინელებები, რასაც ახლა მიყვებიან, მხოლოდ კინოში თუ მინახავს“

ანნა მარუჟენკო, გეშტალტ თერაპევტი, სექსოლოგი:

ომამდე კიევის ცენტრში ვცხოვრობდი. ომის პირველი სამი დღე უარყოფის მდგომარეობაში გავატარე. შემდეგ ჩემი ფანჯრის წინ ტანკებმა ჩაიარეს. წავიყვანე ძაღლი, კატა, ბავშვები, დედა და ვარშავაში წავედი.

თავიდან სესიების უმრავლესობა გადაიდო, რადგან არავინ იცოდა, რა უნდა გვექნა. ვიღაც გზაში იყო, ვიღაც აპირებდა წასვლას, ბევრი მირეკავდა და დახმარებას აქეთ მთავაზობდა. ჩემი პაციენტების დიდ ნაწილს ახლა ძალიან უჭირს, ამიტომ კონსულტაციის ფულს მხოლოდ ისინი იხდიან, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, უმრავლესობისთვის კი ჩემი დახმარება უფასოა.

ჩემი სპეციალიზაცია გეშტალტ თერაპიაა. განსაკუთრებით ბევრს ვმუშაობ სექსუალიზებული ძალადობის შემთხვევებზე. მე თვითონ გამოვიარე ძალადობა, ამიტომაც პაციენტებთან უფრო გახსნილი ვარ: მათ ჩემი გამოცდილების შესახებ ვუყვები. ვუყვები იმასაც, თუ როგორ გადავლახე სტრესი – ასე იწყება ჩვენი საუბრები.

ომამდე, ძირითადად, ბავშვობაში გადატანილი სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე ვმუშაობდი. ასეთი პაციენტები მაშინ მოდიან ჩემთან, როცა უკვე დიდები არიან. ეს ძალიან სასტიკი შემთხვევებია, თუმცა ის საშინელებები, რასაც ახლა მიყვებიან, მხოლოდ კინოში თუ მინახავს.

ომის კონტექსტში, სიღრმის თერაპია შედარებით ზედაპირულმა მხარდაჭერამ ჩაანაცვლა. ახლა სესიები იწყება შეკითხვით: სად ხართ, როგორ არიან თქვენი ახლობლები, ყველანი უსაფრთხოდ ხართ? – მთავარია გადარჩენა. ვცდილობთ ძილისა და კვების რეჟიმის მოწესრიგებას. საომარი დრო იმით განსხვავდება მშვიდობიანობისგან, რომ შეუძლებელი ხდება, დაუბრუნდე ჩვეულ რუტინას, რომელიც ტრავმის მოსაშუშებლად აუცილებელ და უსაფრთხო კონტექსტს ქმნის. ადამიანები მიემგზავრებიან, იცვლიან საცხოვრებელ ადგილს, გარშემომყოფებს – ეს ისედაც სტრესული კონტექსტია და ძალიან ძნელია, რომ ამ დროს თვითონ ტრავმას ჩაუღრმავდე.

არც ჩემთან და არც ჩემს კოლეგებთან თითქმის არავინ მიდის ასეთი ფორმულირებით – „მე გამაუპატიურეს“. ძალიან ხშირად, ძალადობის მოგონებები რაღაცნაირად მიმალულია და მხოლოდ მას შემდეგ ამოტივტივდება ხოლმე, როდესაც სხვა პრობლემებზე მუშაობას ვიწყებთ.

ახლახან, ორი ძალადობაგამოვლილი პაციენტი მოვიდა ჩემთან, ბუჩიდან და ირპენიდან – ისინი ჩემთვის ჯერჯერობით პირველები არიან. მათ არ სურთ, რომ დეტალებს მოვყვე – ეშინიათ, რომ მათ იცნობენ და მერე ვეღარასოდეს შეძლებენ პირადი ცხოვრების აწყობას. ისინი უკრაინელმა სამხედროებმა იპოვეს და სხეულზე მიყენებული დაზიანებებითა და შემოხეული ტანსაცმლით მიხვდნენ, რომ გააუპატიურეს. ჩემი კონტაქტები მისცეს. გოგოებმა გაბედეს და დამიკავშირდნენ: ერთთან მიმოწერა მაქვს, ის არაა მზად, საკუთარი სახე მაჩვენოს, მეორესთან ვიდეოზარებით ვლაპარაკობ. ისინი სასტიკად დაამცირეს.

მშველის, რომ ახლა უკრაინაში არ ვარ – ასე შემიძლია ცოტა შორიდან შევხედო ყველაფერს და ვიპოვო საკუთარ თავში რესურსი სხვების დასახმარებლად. როდესაც ძალიან მიჭირს, პირად თერაპიას მივმართავ – ჩავეწერე სპეციალურ ჯგუფებში კოლეგებთან ისრაელიდან, საფრანგეთიდან და პოლონეთიდან.  თუკი ადრე ასეთ ჯგუფებში კვირაში ერთხელ დავდიოდი, ახლა მათი მხარდაჭერა თითქმის ყოველდღიურად მჭირდება.

ანნა მარუჟენკო

სქესობრივი დანაშაულის ბევრი მსხვერპლი ფსიქოლოგამდე არც მიდის. მათ ხშირად დანაშაულის გრძნობა ტანჯავთ, სძულთ საკუთარი თავი, საკუთარი სხეული. ეს შეგრძნებები ნაცნობია ჩემთვის – მე თავად გავიარე ყველა ეს ეტაპი, რომ გაუპატიურების შემდეგ საკუთარი თავი მიმეღო. ხანდახან ამით ვიწყებ ლაპარაკს ჩემს პაციენტებთან – შეიძლება ამიტომაც შეძლეს ჩემთან ლაპარაკი გოგოებმა ბუჩიდან და ირპენიდან.

ცოტა ხნის წინ, მომმართეს უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, ხერსონის ოლქთან დაკავშირებით – იქ, თითქოს, შვიდი გოგონა სადღაც ჰყავდათ ჩაკეტილი და აიძულებდნენ, რუსი სამხედროებისთვის „მომსახურება გაეწიათ“.  ჯერჯერობით არცერთ მათგანს არ დაურეკავს ჩემთან და პროფესიული ინსტინქტი მკარნახობს, რომ ალბათ, არც დარეკავენ. ასეთი გამოცდილების ვინმესთვის გაზიარება ძალიან რთულია, ყველა ვერ ახერხებს ამ ნაბიჯის გადადგმას.

ზოგჯერ უკრაინელი სამხედროები მთხოვენ, ფრთხილად გამოვკითხო პაციენტს, როგორ გამოიყურებოდა მოძალადე, რა განსაკუთრებული ნიშნები ჰქონდა, რომ მისი პოვნა შეძლონ. თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ არ შეიძლება, ადამიანს, რომელმაც ძალადობა და დამცირება გადაიტანა, აიძულო, გაიხსენოს აგრესორი.

რუსი სამხედროების სისასტიკის ხარისხი ძალიან მაღალია. მე ჯანმრთელი ადამიანი ვარ და მათ ადგილას თავის წარმოდგენა მიჭირს. საკუთარ ამოცანას იმაში ვხედავ, რომ ახლა უკრაინელებს დავეხმარო და არა რუსი სამხედროების გონებაში ჩახედვა ვცადო. და მაინც, ამგვარ სისასტიკეს იმით ვხსნი, რომ დაბალი სოციალური განვითარების მქონე ადამიანებს, არ აქვთ ინსტრუმენტები, რომლებიც მათ სასოწარკვეთილების მომენტებში, ამ გრძნობასთან გამკლავებაში დაეხმარებოდა – და ამ დროს ყოველგვარი მხეცობის ჩამდენნი ხდებიან.

მათ უნდებათ, საკუთარი უსუსურობა დაძლიონ იმით, რომ უყურონ, როგორ იტანჯება „ის“, რაღაც ცოცხალი, მათზე სუსტი. დიახაც, „ის“ სქესის გარეშე. მათ საკუთარი თავი სძულთ და ამ სიძულვილს მსხვერპლისკენ მიმართავენ. ცდილობენ, გონებიდან განდევნონ ფიქრები დამცირების, შიშის, უსუსურობის შესახებ და აბსოლუტური დაუსჯელობის პირობებში, ბევრი მათგანი სწორედ ძალადობით ცდილობს, საკუთარ ძალაუფლებაში დარწმუნდეს.

ამ ომში ბევრი ჯგუფური გაუპატიურებაა, ინდივიდუალურ შემთხვევებზე არც კი მსმენია. აქ, რა თქმა უნდა, ასეთი მომენტიცაა – ზოგს ეშინია, რომ თუკი არ შეუერთდება ამხანაგებს და მათსავით მოძალადე არ გახდება, თავად შეიძლება მსხვერპლად იქცეს. მათგან ბევრს ალბათ ფსიქიკური პრობლემებიც აქვს.

სამწუხაროდ, მსოფლიომ საკმარისი ომები ნახა საიმისოდ, რომ ვიცოდეთ, რა ტრავმებს ნიშნავს ეს ომი. საზოგადოება მოექცევა სამკუთხედში – „მსხვერპლი – აგრესორი – მხსნელი“. სამხედროების აგრესია, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ლეგალიზებულია. ომის შემდეგ ამ საკითხზე ბევრი სამუშაო გვექნება, შეიძლება, გახშირდეს ძალადობა ოჯახში.

ისიც მესმის, რომ ბევრ ადამიანს ექნება თვითმხილველის ტრავმა. ადამიანები ამ ტრავმას, დანაშაულის შეგრძნებას, ძალიან დიდხანს ვერ იშორებენ და შესაძლოა, მათაც შეექმნათ სექსთან დაკავშირებული პრობლემები.

ცალკე უზარმაზარი თემაა – ომის ბავშვების მთელი თაობა. ეს ომი ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, მაგრამ ყველა ბავშვს რაღაც ფორმით მაინც შეეხო. ჩემი ისრაელელი კოლეგები ხშირად ამბობენ, რომ ზრდასრულებს შედეგებისგან უკვე ვეღარ დავიცავთ, მაგრამ ბავშვებთან მუშაობა შესაძლებელია. მათ უნდა მოვუყვეთ სხეულის საზღვრების, პასუხისმგებლობის საზღვრების შესახებ – ჩვენი საზღვრები ხომ ახლა ყველა მნიშვნელობით დარღვეულია.

მაგრამ მე ვცდილობ პოზიტიურ მომენტებზეც ვილაპარაკო: მობილიზაციაზე და თითოეული ადამიანის პიროვნულ ზრდაზე. 4 წლის ბავშვსაც კი შეიძლება უკვე დავალება მისცე, მაგალითად, მოძებნოს უსაფრთხო ადგილი დასამალად. მოქალაქეთა სოლიდარობის ხარისხი კიდევ ძალიან დიდხანს იქნება ასეთი მაღალი.

___

ავტორი: ეკატერინა ბოდიაგინა

თარგმნა: თამარ რუხაძემ

ფოტო: Reutir.com

გადაბეჭდვის წესი


ასევე: