„მეწარმეობა“ და „ბიზნეს გეგმის მომზადება“ – ბათუმში IBDIPC-ის ტრენინგები დასრულდა

ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის“ (IBDIPC) მიერ ბათუმში დასრულდა ტრენინგების სერია „მეწარმეობა“ და „ბიზნეს გეგმის მომზადება“ ადგილობრივი მეწარმეებისთვის და მეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის. ტრენინგები განხორციელდა IBDIPC-ის ევროკავშირის ENI შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. მიმდინარე პროექტების ფარგლებში („შავი ზღვის გეოგრაფიული აღნიშვნების ქსელი“ GIN – BSB 1191 და „Let’s Cycle on Black Sea“ – BSB998)“, ფარგლებში.

პროექტი მოიცავს რამდენიმე აქტივობას, მათ შორის – ველოტურიზმის განვითარების პოტენციალის შესწავლა და ველოტურების ფორმირება; რეგიონალური ველოტურისტული აპლიკაციის შექმნა; ტრენინგების ორგანიზება ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის და შერჩეული ბიზნეს-იდეების პროექტების მომზადებაში კონსულტაციები.

ბათუმში ორგანიზებული ტრენინგების მიზანი იყო – მეწარმეობის ძირითადი საკითხების გაცნობა, ბიზნესის მართვის მოდელების, მარკეტინგული სტრატეგიის და მოდელის შემუშავება. ტრენინგის ძირთადი თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს – მეწარმეობა და ბიზნეს იდეების განვითარება, ბიზნესის მართვის ფორმები, ძირთადი ფინანსური და იურიდული საკითხები, მარკეტინგული სტრატეგია ბიზნეს მოდელი/მარკეტინგული მოდელის შემუშავება (ვორქშოფი).

ბათუმში ტრენინგი ჩატარდა ბათუმის „ტექნოპარკში“. ტრენინგების კურსი გაიარა 75 მონაწილემ და გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები. მგავსი ტრენინგები ჩატარდა ასევე გურიაში, სადაც გადამზადდა ტრენინგის 50 მონაწილე.

ტრენინგები ჩატარდა მოწვეული ტრენერის ლაშა მიქიაშვილის მიერ – ლაშა არის ბიზნესის განვითარების ტრენერი. ტრენინგების აუთსორს კომპანია „ქლევერტონი“-ს თანადამფუძნებელი და დირექტორი. ავტორი ტრენინგ კურსების – „ნეირომარკეტინგი და მომხმარებლის ფსიქოლოგია“, „მარკეტინგი მარტივად“, „HCM სტარტაპში“ და ა.შ. ლაშას აქვს ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებით ტრენინგების დაგეგმვის და განხხორციელების 7 წლიანი გამოცდილება. არის 50-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის მენტორი ბიზნესის განვითარების, ბიზნეს მოდელის დახვეწის და პროდუქტის ბაზარზე მორგების მიმართულებით. არის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ტრენერი და მენტორი, ბიზნეს აქსელერატორ სპარკის მოწვეული HR კონსულტანტი

ტრენინგის ძირითად აუდიტორიას წარმოადგენდა – მცირე მეწარმეები, სხვადასხვა პროდუქციის/ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები, ტურისტული სფეროს წარმომადგენლები, ახალგაზრდები ვისაც აქვს საინტერესო ბიზნეს იდეები და ა.შ.

საკონტაქტო ინფორმაცია – ტელ: 599-482181, ელ.ფოსტა: ibdipc@gmail.com

Web: www.ibdipc.org

Common borders. Common solutions

www.blacksea-cbc.net

„სავალალოდ გამოიყურება“ – საკონსტიტუციოს ექს-მოსამართლე ნიკა გვარამიას საქმეზე

„ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის ბრალდების საქმეზე განაჩენი არის დაუსაბუთებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით,“ – მიიჩნევს მაია კოპალეიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე. მან „ნიკა გვარამიას საქმეზე“ სამართლებრივ შეფასება დღეს, 13 ივნისს გამოაქვეყნა.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 220-ე მუხლის [უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება] შინაარსი არასწორად განმარტა მოსამართლემ და გასცდა მის ფარგლებს გადაწყვეტილება/განაჩენის დასაბუთება, მათ შორის, გულისხმობს, რომ ნორმათა განმარტებისას მოსამართლემ უნდა იმოქმედოს „სამართლის ერთიანობის“ პრინციპის დაცვით, ანუ ნორმის გამოყენების/განმარტების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს სამართლის სხვა ნორმებთან/დარგებთან,“ – წერს მაია კოპალეიშვილი და საქმის ეპიზოდებს ცალ-ცალკე აფასებს:

ქიბარ ხალვაშის ეპიზოდი – მოსამართლე მიიჩნევს, რომ 2015 წელს ხელშეკრულების დადებით ქიბარ ხალვაშს გამიზნულად მიადგა ზიანი. ეს ეპიზოდი განაჩენში სავალალოდ გამოიყურება. სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების პუნქტებს და სხვადასხვა წლის შესაბამისი თვეების მიხედვით სხვაობებს, მოსამართლე გამიზნულად აფასებს იმგვარად, რომ ნიკა გვარამიას მოქმედება დაუქვემდებაროს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას.

ავტომანქანის ეპიზოდი -მოსამართლის მსჯელობა ავტომანქანის ეპიზოდში არის დაუსაბუთებელი, მხოლოდ გარიგების დადების პროცესის აღწერა და გარიგების შინაარსის გადმოცემა საკმარისი არ არის ქმედების დანაშაულებრივად მიჩნევისათვის. მოსამართლემ არც კი შეაფასა მის მიერ მტკიცებულებად მიჩნეული ინფორმაციის სიმყარე. მოსამართლის მიერ მოყვანილი მსჯელობა არის ფაქტების მშრალი აღწერა, ყოვლგვარი სამართლებრივი სტანდარტებისა და ანალიზის გარეშე, ვერ დასტურდება მტკიცებულებათა სარწმუნოობა, სანდოობა და რელევანტურობა (შემხებლობა).

მტკიცებულებითი სტანდარტი ნიშნავს იმას, რომ ობიექტურ დამკვირვებელს სასამართლოს მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად ცალკეული ფაქტების არსებობაში, პირის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის საფუძველიც კი არ უნდა გააჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებული პირის სასარგებლოდ.

2015 წლის ხელშეკრულების ეპიზოდის შემთხვევაში მოსამართლე ფაქტობრივი ვითარების დადგენისას და შეფასებისას სპეციალურად უვლის გვერდს იმ საკანონმდებლო ცვლილებებს და მათ შეფასებას, რომლებზეც მიუთითებდა დაცვის მხარე. მოსამართლემ ასევე არ შეაფასა ის ფაქტობრივი პოლიტიკურ-სამართლებრივი ვითარება, რომელიც იმ პერიოდში რუსთავი 2-ის ირგვლივ იყო,“ – წერს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

მაია კოპალეიშვილის შეფასებით, „ნიკა გვარამიას საქმის“ განხმხილველმა მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები საერთოდ შეფასების გარეშრე დატოვა. საია-ს შეფასებით, ინტერესეთა კონფლიქტის გამო ლაშა ჩხიკვაძეს ამ საქმის განხილვის უფლებაც არ ჰქონდა.

„მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არცერთი რელევანტური არგუმენტი, სამაგიეროდ, გაითვალისწინა ბრალდების სასარგებლოდ მოყვანილი სტატისტიკური ინფორმაცია.

სასამართლოს მიერ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეფასების გარეშე დატოვება, არათანაბარი ყურადღება მხარეების არგუმენტებისადმი, მხარეების მიერ წარმოდგენილი ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტებიდან ერთ-ერთის გათვალისწინება და სხვა არგუმენტების უარყოფა უარყოფის მიზეზის მითითების გარეშე, ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს.

სსსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. როგორც განაჩენის სამართლებრივი ანალიზი მიუთითებს, ვერ დასტურდება ნიკა გვარამიას ბრალეულობა, განზრახ ბოროტი განზრახვა, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესების წინააღმდეგ ქმედება, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზანი. შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნა და დაუშვებელი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა,“ – წერს მაია კოპალეიშვილი.

„იყო ახალგაზრდა საქართველოში, ნიშნავს არ გქონდეს დიდი მომავალი“

ეკატერინე გურგენიძე 23 წლისაა. ის იმ თაობას წარმოადგენს, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა. ცხოვრობს ბათუმში. ხელოვანია – მოცეკვავე და მომღერალი. პროფესიის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია. მამა სუხიშვილების სოლისტი იყო. ამბობს, რომ პროფესია, როგორც უმცროს თაობას, ისე გადაეცა.

ამბობს, რომ მიზანდასახული თაობის წარმომადგენელია, რომელსაც არ ეზარება მუშაობა და თავდაუზოგავად შრომობს.

ეკატერინესთან ინტერვიუ სწორედ შრომაზე საუბრით დავიწყეთ. რადგან ეს, მისი თაობისათვის დამახასიათებელ მთავარ ნიშნად დაასახელა.

  • ეკატერინე რამდენ ადგილას გიმუშავიათ დღემდე და სად?

თუკი რამე სამსახური არსებობს ბათუმში, ყველგან მიმუშავია. ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე მუშაობა. 13-14 წლის ვიყავი, როცა ფლაერებს ვარიგებდი. არასდროს არ მინდოდა რომ სახლში ვყოფილიყავი. ზუსტად იმისკენ ვიყავი მოტივირებული, რომ მემუშავა და ჩემი გამომუშავებული თანხა მქონოდა.

15-16 წლის რომ გავხდი, სერიოზულად მოვკიდე ცეკვას ხელი. თავიდან ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ანსამბლ „ბათუმში“ დუბლებში მივედი. ახლა იქ მოცეკვავე-მსახიობი ვარ. ამავდროულად აღმოჩნდა, რომ მქონია სიმღერის ნიჭიც. მივედი ერთ-ერთ ბენდში და ეს ორი პროფესია ერთმანეთს შევუთავსე. არ მესმის, როცა ამბობენ, რომ ერთ საქმეს უნდა მოკიდო ხელი და მიიყვანო ბოლომდე. არა.

შეიძლება, რომ ორი-სამი საქმე აიღო და ისინიც მიიყვანო ბოლომდე. შეძლებ ყველაფერს თუკი ამის სურვილი გაქვს.

  • თქვენ გამონაკლისი ხართ თქვენი თაობაში თუ სხვებიც თქვენს მსგავსად მუშაობენ?

არა, არ ვფიქრობ, რომ გამონაკლისი ვარ. თუ ხელოვნებაში არა სხვა სფეროში მაინც ჩემი თაობის წარმომადგენელი ბავშვები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ყველაფერს მიაღწიონ და განვითარდნენ.

  • როგორია თქვენი თაობა?

ორი სიტყვა, რომლითაც მინდა შევაფასო ჩემი თაობა – შრომისუნარიანობა და მიზანდასახულობა. წინა თაობისგან განსხვავებით ვფიქრობ, რომ ჩემი ასაკის ბავშვები მაქსიმალურად ცდილობენ, ყველაფერი ჩადონ შრომაში. ისე რომ მერე ინვესტიციურად ეს ყველაფერი უკან დაუბრუნდეთ. ჩემი თაობის ბავშვები ძალიან შრომისმოყვარეები და მიზანდასახულები არიან.

  • ტიკტოკზე პოპულარული ხართ. თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორ მოხდა ეს?

ეს იყო მართლა ძალიან სპონტანურად. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ტიკტოკზე დავაჭერ ვიდეოს დაწყებას, გიტარას ავიღებ და ვუკრავ ხოლმე. ასე გადავიღე ვიდეო და დავდე. გეფიცებით, რომ ავტვირთე არ მინახავს რამდენმა ნახა ან რამე. წავედი სამსახურში. სამსახურებიდან რომ დავბრუნდი სახლში, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ათასი ნახვა ჰქონია იმ დღესვე. მერე ისე აიტაცეს, მილიონ ნახევრამდე ავიდა. სხვადასხვა ექაუნთები იღებდნენ ამ სიმღერაზე ტიკტოკს. მერე რაღაცა კომპანიები გამოჩნდა, ტელევიზიები გამოჩნდნენ და აღმოჩნდა, რომ თურმე ყველა მიცნობს ამ სიმღერით.

თავიდან ძაან გაშტერებული დავდიოდი ხოლმე გარეთ. ახლა უკვე მცნობენ. მეუბნებიან – შენ ის არა ხარ და ეგრევე  სიმღერას იწყებენ „ლალები, „ლალები“. ახლა უკვე ვფიქრობ, რომ მართლა სერიოზული წარმატება მომიტანა „ლალებმა“.

ძალიან ბედნიერი ვარ, მართლა.

არასდროს არ მეგონა, რომ სიმღერით გამიცნობდა ხალხი. იმიტომ, რომ ჩემი ძირითადი პროფესია არის ცეკვა-მსახიობობა.

მაინც ვთვლი, რომ პოპულარობა მარტივია საქართველოში. რაღაცა არაპროგნოზირებადია. ვერც მიხვდები რამ შეიძლება გაგხადოს პოპულარული. წარმოიდგინეთ, 4 წლიდან ვცეკვავ, ვარ პროფესიონალი მოცეკვავე. უცებ ერთი „ლალები“ ჩავწერე და აღმოჩნდა, რომ მთელმა საქართველომ გამიცნო.

  • რა არის თქვენთვის ტიკტოკი?

პირველ რიგში გართობის პლატფორმაა. ჩემი უდიდესი მოწიწება ნამდვილ ტიკტოკერებს. იმიტომ, რომ თავიდან ვიძახდი, რომ რას შვრებიან [განსაკუთრებულს], თავისუფალ დროს ატარებენ, ერთ-ორ ვიდეოს დებენ და ამით როგორ გახდნენ ინფლუენსერები-მეთქი.

თურმე იმხელა შრომა ნდომებია…. თუნდაც 10-15 წამიან ცეკვის ვიდეოს რომ ვწერ ხოლმე, დიდი შრომა სჭირდება.  ტიკტოკი მე მაქვს გართობისთვის. არ მაქვს იმის დრო, რომ სულ ტიკტოკი ვიღო და ამაზე ვიყო ორიენტირებული.

როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ, რომ ეს თავისუფალი დრო სახალისოდ გავიყვანო. ხალხმა აიტაცა [ჩემი ნამღერი] და ძალიან მომწონს, რომ 47 ათასი გამომწერი მყავს.

ვფიქრობ, რომ ბათუმელი, პატარა დასავლეთელი გოგოსთვის არ არის ძალიან ცოტა.

ვნახოთ იმედია მომავალში მეტი ფოლოვერი მომემატება.

  • ტიკტოკს საქველმოქმედოდაც იყენებთ. რამდენიმე ვიდეო გაქვთ, სადაც ბებოებს თანხას აძლევთ…

მე მყავს ბებო კოვიდით გარდაცვლილი. ბებო რომ გარდაიცვალა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საერთოდ არ ვუკრავდი გიტარაზე.

არც ვმღეროდი. რამდენიმე თვე რომ გავიდა, გადავწყვიტე გამეკეთებინა საქველმოქმედო ლაივი ტიკტოკზე. მეთქი ხალხი როგორაც შედის ლაივებზე, მეც ისე შევალ, მივუთითებ საქველმოქმედო ანგარიშის ნომერს, რომ ჩარიცხოს თანხა ლაივის მაყურებელმა.

პირველ ლაივზე 55 ლარი აგროვდა. გავიქეცი და მაშინვე მოვხსენი. მინდოდა იმ ბებოებს დავხმარებოდი, ვინც ბათუმში, გარეთ იჯდა და [ფულს ითხოვდა]. პირველად საკონდიტრო „დონასთან“ რომ ბებო იჯდა იმას დავეხმარეთ. საოცარი ემოციებით გამოგვაცილა. მეორე ლაივზე ასი ლარი აგროვდა. ბარბარეს ეკლესიასთან რომ ბებო ზის, იმას დავეხმარე. მესამე საქველმოქმედო ლაივზე ცოტა მეტი თანხა შემოვიდა, ამიტომ გავყავი თანხა და ძველ ბათუმში ორ უსაყვარლეს ბებოს დავეხმარე.

  • რა ინტერესები გაქვთ, სად დადიხართ, როგორ ერთობით?

ტიკტოკის გარდა, პირველ რიგში, იქ ვერთობი, სადაც ვუკრავ ხოლმე, რესტორანში. როცა ვმღერი, თავისით მოდის ეს გართობაც და დროის კარგად გატარებაც.

საგანგებოდ გართობას იშვიათად ვგეგმავ, რადგან ამდენი სამსახურის გამო დროც არ მაქვს, რომ პარასკევობით ან შაბათობით გავიდე.

საკუთარი სტუდია მაქვს. ცეკვას ვასწავლი. ამიტომ ყოველთვის სპონტანურად ხდება გართობა, რაც ნიშნავს სადმე ყავაზე ჩამოჯდომას, ან ჩაის დალევას, მეგობრებთან ჭორაობას და ა.შ.

  • რამდენად ბრძოლისუნარიანია თქვენი თაობა?

საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, მეც ხომ ვარ ამ თაობის წარმომადგენელი, ძალიან ბრძოლისუნარიანი ვარ.

არასდროს არ ვნებდები და ყოველთვის მგონია, რომ ბრძოლა შედეგს გამოიღებს. თუ ერთხელ არ გამოვიდა, მეორეჯერ გამოვა, თუ მეორედ არ გამოვიდა, მესამედ გამოვა. თუ ეს საქმე არ გამოვა, შეიძლება ვიპოვო სხვა საქმე, რომელიც აუცილებლად გამომივა.

თაობაზე რომ ვთქვა, კი, ძალიან ბრძოლისუნარიანი თაობა ვართ.

  • იყო ახალგაზრდა საქართველოში…

იყო ახალგაზრდა საქართველოში ნიშნავს, სამწუხაროდ, არ გქონდეს დიდი მომავალი. მართლა.

მაგრამ ისევ თაობას რომ დავუბრუნდეთ, მჯერა, იმედი მაქვს… ზოგადად, მე ძალიან მიჭირს ქვეყნის დატოვება. მეუბნებიან ხოლმე მეგობრები, რა გინდა მღერი, ცეკვავ, ხელოვანი ხარ, გთხოვ დატოვე ეს საზღვრები და გადი. არა, მართლა აი, ჩაქვის გვირაბს რომ გავცდები, არათუ საქართველოს, არამედ ბათუმის დატოვებაც მიჭირს ხოლმე.

იმდენად შესისხლხორცებული ვართ მე და ეს ქალაქი, რომ აქედან გასვლა მართლა ვერ წარმომიდგენია.

ასევე საქართველოს დატოვებაც ვერ წარმომიდგენია ამ ეტაპზე. არ ვიცი მომავალში რა იქნება, მაგრამ საქართველოსაც ვერ ვტოვებ.

ვიცი სამწუხარო რეალობა ამ ქვეყნის, რომ არ გვაქვს უზრუნველყოფილი მომავალი… რომ რაც არ უნდა იშრომო, მაინც შეიძლება ვერაფერი გამოვიდეს.

ვიყო ამ ქვეყნის მოქალაქე, ნიშნავს ალბათ იმასაც, მქონდეს იმედი, რომ ძალიან კარგი მომავალი გვექნება ყველას.

  • რამდენად გაძლევთ ეს ქვეყანა საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალებას?

ამ ეტაპზე არ ვარ უკმაყოფილო. იმდენ რამეს ვაკეთებ, ყველაფერს მართლა ისე ვედები… არ შეიძლება ადამიანი ესე ელემენტარულითაც უკმაყოფილო იყოს. რა თქმა უნდა, არის უფრო მეტი პოტენციალი სხვა ქვეყნებში და შეიძლება უფრო მეტად განვითარდე, მაგრამ იმდენად მიყვარს საქართველო, რომ ამ ეტაპზე არ მაქვს წუწუნის დრო.

ყველას ვეუბნები, რომ არ არის წუწუნის დრო. იმუშავეთ და რაც იქნება შედეგი, იმით იყავით კმაყოფილი.

რა თქმა უნდა, მინიმალური და ძალიან ცუდი შედეგით არ უნდა იყო კმაყოფილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც დონეზე მაინც ყველა მიაღწევს შედეგს, მიუხედავად იმისა, რომ არ არის მარტივი ამ ქვეყანაში გზა გაიკვალო.

უფრო მეტი დანახვა სჭირდება ალბათ სახელმწიფოს მხრიდან. იმიტომ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩემზე უფრო ნიჭიერები არიან,  მაგრამ უფრო არ ჩანან. ხალხში გასვლა და კომუნიკაცია უჭირთ. ვფიქრობ, რაღაც დაწესებულებები უნდა არსებობდეს, რომელიც ამ ბავშვების და ამ ახალგაზრდების ნიჭს წინა პლანზე წამოწევს და დაინახავს.

  • თქვენი ინდივიდუალური თვითაღქმა როგორია?

ძალიან ცუდი ხანდახან. ახლა მე ხომ თან ვმღერი ცეკვასთან ერთად. ცეკვა არის ჩემი პროფესია. 4 წლის ვიყავი რომ დავიწყე. ყოველთვის ვეუბნები ჩემს თავს – იმუშავე და ყველაფერი გამოგივა. სიმღერას არ ვუყურებ ასეთი თვალსაზრისით. ყოველთვის რაღაცა საკუთარ თავს ვაკნინებ ხოლმე. ყველა მეუბნება – რატომ ეკატერინე? შეგიძლია და რატომაც არა?

ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე ძალიან ბევრს ფიქრობს და გონია, რომ განვითარებულია, განვითარებას ვერასდროს ვერ მიაღწევს. ადამიანი, რომელიც მუდმივ შრომაშია და საკუთარ თავზე ასეთი წარმოდგენა აქვს – ვერ ვარ, არ შემიძლია და რაღაცა, ვფიქრობ ის უფრო მეტს აღწევს, რადგან ის მუდმივ შრომაშია და განვითარებისთვის მუდმივი შრომაა საჭირო.

  • საყვარელი სიმღერა თუ გაქვთ?

საყვარელი სიმღერა არ მაქვს. მაგრამ გააჩნია დღეს. თუ გავიღვიძე და ჰოპ, ჩამერთო რომ ტაშ-ფანდურებს უნდა ვუსმინო და კარგ ხასიათზე ვარ, აუცილებლად ვუსმენ ქართულს. სარესტორნოსაც ძალიან გემრიელად ვუსმენ ხოლმე, როცა რესტორანში ვარ და ცოტა  ნასვამი.

ვუსმენ გია ყანჩელს, ჯანსუღ კახიძეს, გოგი დოლიძეს. თანამედროვეებიდან ვუსმენ ჯანგოს და ნინი ნუცუბიძეს.

უცხოელი მომღერლებიდან ემი ვაინჰაუსს. ვისურვებდი ცოცხალი ყოფილიყო. მის ლაივს ერთხელ მაინც დავესწრებოდი.

ჩვენი თაობა იმიტომაც მომწონს, რომ ქართულს უსმენს. მაგალითად, ჩემი დის თაობა კი უსმენდნენ 90-იანების სიმღერებს ლექსენი, თიკა ჯამბურია და ა.შ. მაგრამ მიხარია, რომ ისევ წამოვიდა ეს ტენდენცია, ყველა, ჩემი თაობის წარმომადგენელი უსმენს ქართულს და არ უსმენს რუსულს ან ინგლისურს.

ჰო, კიდევ მიყვარს ჯაზის მოსმენა. რენდი კროუფორდი მიყვარს ძალიან და ნებისმიერი ქართული.

  • სიგარეტს და ალკოჰოლს რამდენად მოიხმარს თქვენი თაობა?

ვფიქრობ, ჩემს თაობაში არავინ აღარ თვლის, რომ სიგარეტის მოწევა დღეს რამეს ნიშნავს ან პრობლემაა. არ ვეწევი პროფესიიდან გამომდინარე და ვთვლი, რომ ჯანსაღი ცხოვრება ყველაზე კარგია. ხანდახან ცოტა ალკოჰოლი მიყვარს ხოლმე. ვფიქრობ ამ საკითხზე ძველებური შეხედულება ამ თაობას არ აქვს. არ არის ჯანსაღი და სასარგებლო, მაგრამ ნუ რას ვიზამთ.

  • რამდენად თავისუფალი თაობა ხართ?

არ ვიცი. თავისუფალი თაობა ვართ თუ არა, ეგეც არ ვიცი. ყველას ჰგონია ის, რომ თავისუფლება არის რასაც მინდა იმას გავაკეთებ. მე ასე არ ვფიქრობ. რაღაცნაირად შინაგანი დამოკიდებულება, შინაგანი ქცევა უნდა გკარნახობდეს, რომ ხარ თავისუფალი. მე ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ თავისუფალი ვარ. ალბათ ეს თაობაც თავისუფალი იქნება. ის, რომ სიგარეტს ეწევა და ალკოჰოლს სვამს, ეს არ მიმაჩნია თავისუფლებად. არც ის, ვიღაცას, რომ სხეული ტატუთი აქვს მოხატული.

  • პოლიტიკით რამდენად ხართ დაინტერესებული?

ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ. საერთოდ ვერ ვერკვევი. არ მგონია, რომ ეს გამართლებული იყოს ამ ქვეყანაში, როდესაც გქვია ამ ქვეყნის მოქალაქე, იყო აპოლიტიკური. მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან აპოლიტიკური ვარ. არც ის ვიცი ჩემი თაობის ადამიანებს თუ აინტერესებთ პოლიტიკა.

  • თუმცა ცვლილებების სურვილი გაქვთ…

კი. ამ ქალაქში რაღაცები არსებობს, რომელიც უნდა შეიცვალოს. იმდენად პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, რომ ამდენი მანქანის გამონაბოლქვში ცხოვრება მართლა შეუძლებელია. ძალიან არ მომწონს მაღლივი კორპუსები. იმიტომ, რომ ბათუმს ძალიან უხდება ეს პატარა, ლამაზი და მოხატული [სახლები]. თითქოს ამ დიდი შენობებით, ვცდილობთ ვიყოთ თანამედროვე ქალაქი.

არადა ისედაც ვიქნებოდით ამ მაღლივი კორპუსების გარეშე. ამხელა და ამდენი გამონაბოლქვის გარეშე.

„მე რომ სათავეში მოვალ“, მოვიტან იმ კანონს, თითო ოჯახს ჰყავდეს ერთი, მაქსიმუმ ორი მანქანა. რაღაცა აჭარაში მგონია ხალხი ფიქრობს, რომ ყველა ოჯახს თავისი მანქანა უნდა ჰყავდეს. ეს ჩემთვის ცოტა მიუღებელია.

ვფიქრობ, ცოტა ქალაქის უპატივცემულობაა, არ გვიყვარს და ვაწვალებთ ამ ისედაც პატარა, საყვარელ ქალაქს.

ზღვასაც გვაძლევს, მთასაც გვაძლევს, ყველანაირად ცდილობს, რომ კომფორტში ვიცხოვროთ. ჩვენ ყველანაირად ხაზს ვუსვამთ და ჩვენი კომფორტისთვის ვიქცევით ძალიან, ძალიან ცუდად. ამიტომ „მე რომ სათავეში მოვალ“ თან მოვიტან იმ კანონს, რომ ოჯახში იყოს ცოტა მანქანა. არ დაინგრეს, მაგრამ აღარ აშენდეს ესე კორპუსები, რაც ამ ეტაპზე ძალიან მაწუხებს. ვფიქრობ რომ არცერთი არ არის საჭირო ბათუმისთვის.

პოლიტიკური არ ვარ მეთქი და რა თემებზე ვლაპარაკობ ხედავთ?

  • პროტესტი თუ გიჩნდებათ ხოლმე ამ ყველაფრის გამო?

ალბათ ისევ საკუთარ თავთან მხოლოდ. ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში რაღაც აქციებზე გამოსვლა თუნდაც მშვიდობიანი იყოს… თუ გასაკეთებელია მაინც გააკეთებს სახელმწიფო და ის აქციები არაფერს შეცვლის.

მესმის, რომ ძალიან ცუდი შეხედულებაა ეს… ამდენი ხანი ვილაპარაკე ცვლილებაზე და მგონია, რომ ჩემი თაობა ყველაფერს შეცვლის-მეთქი, მაგრამ აი, არ ვიცი. შეიძლება შეიცვალოს დრო ისე, რომ მართლა ყველაფერი მოხდეს უკეთესობისკენ და ჩვენმა ერთმა სიტყვამაც იმოქმედოს ისე, რომ ყველაფერი შეიცვალოს.

ამიტომ ჰო, ხანდახან მაქვს ხოლმე ეს პროტესტის გრძნობა. რამდენად შედეგიანი იქნება ეგ მომავალში ვნახოთ.

იმიტომ, რომ არამარტო ჩემი პროტესტია. დარწმუნებული ვარ მთელი თაობის პროტესტია ის, რომ არ აშენდეს ამ ქალაქში მაღლივი კორპუსები და არ იყოს ამდენი მანქანა. მოგვიწევს ერთ დღეს მანქანების გაჩერება.

მე ვცდილობ, როცა კარგი ამინდია, სულ ფეხით გამოვიდე. ამ დათმობაზეც რომ წავიდეს საზოგადოება… მარტო სახელმწიფო არაფერ შუაშია. საზოგადოებას თვითშეგნებაც უნდა კარნახობდეს იმას, რომ მზიან ამინდში უნდა იარო ფეხით ან თუნდაც ველოსიპედით. ძალიან უხდება ჩვენს ქალაქს ველოსიპედი. ამიტომ ვფიქრობ საზოგადოებაც უნდა დაფიქრდეს ამაზე.

70 თეთრი – ბათუმში თვითნებურად გაზრდილ მგზავრობის ფასს მერია ისევ არ განიხილავს

ბათუმის საკრებულო უახლოეს სხდომაზე მერიის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავს, რომლის მიხედვითაც მიკროავტობუსის მძღოლები 2022 წლის დეკემბრამდე სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასს არ გადაიხდიან. რაც შეეხება მგზავრობის ფასს, ოფიციალურად ის კვლავ 50 თეთრია ბათუმის ფარგლებში, თუმცა მძღოლები გასული წლიდან მგზავრებს 70 თეთრს ახდევინებენ.

ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი ერთ მიკროავტობუსზე 20 ლარითაა განსზღვრული, თუმცა ამ თანხას 2021 წლის მარტიდან ნებართვის მფლობელი კომპანიები ფაქტობრივად არ იხდიან. საკრებულოს გადაწყვეტილებით ისინი სიმბოლურად 10 თეთრს იხდიდნენ ერთ მიკროავტობუსზე.

ეს 10 თეთრი სანებართვო გადასახადი დარჩება 2022 წლის დეკემბრამდეც.

საკრებულო საკითხს 17 ივნისის სხდომაზე განიხილავს.

კანონპროექტის მიხედვით, „2021 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის განისაზღვროს 0,1 ლარით“.

„მიმდინარე ეტაპისათვის აღნიშნული სახის ცვლილება განპირობებულია ბაზარზე საპოხი და საწვავი მასალების, სათადარიგო ნაწილების ფასების საგრძნობი ზრდით, რამაც მგზავრთა გადამყვან კომპანიებში დასაქმებულ მძღოლებზე და მათ საქმიანობაზე მოახდინა ნეგატიური გავლენა. აქედან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით მიმდინარე ეტაპზე დაუწესდეთ ნებართვის ფასის გადახდის სიმბოლური თანხა 0.10 ლარის ოდენობით“ – აღნიშნულია მერიის მიერ მომზადებული პროექტის განმარტებით ბარათში.

საწვავისა თუ სხვა მასალების ფასების ზრდის გამო, ბათუმში მიკროავტობუსების მძღოლებმა მგზავრობა თვითნებურად გააძვირეს და დაწესებული 50 თეთრის ნაცვლად მგზავრებს 70 თეთრს ახდევინებენ.

მგზავრობის ტარიფის ცვლილებაც საკრებულოს კომპეტენციაა, თუმცა ქალაქის მერია ამ ეტაპზე არ გეგმავს მიმართოს საკრებულოს ამ საკითხზე.

„ქალაქის ფარგლებში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფი რჩება იგივე – 50 თეთრი. ამ ეტაპზე მერიას საკრებულოსთვის არ მიუმართავს ამ ტარიფის ცვლილებაზე. ჯერ საკრებულომ ნებართვის ფასთან დაკავშირებით უმდა იმსჯელოს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება იმას, რომ მიკროავტობუსებში მგზავრებს 70 თეთრს ახდევინებენ, ამ კუთხით ალბათ მუნიციპალური ინსპექცია გააძლიერებს კონტროლს“ – უთხრეს დღეს მერიაში „ბათუმელებს“.

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2022 წლის იანვარში ექვსივე შპს დააჯარიმა, რომლებსაც ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა აქვთ.

გააგრძელა თუ არა, იანვრიდან დღემდე, ამ კუთხით კონტროლი მუნიციპალურმა ინსპექციამ და რა ზომები მიიღო მიკროავტობუსებში მგზავრობის ფასის 50-ის ნაცვლად 70 თეთრამდე თვითნებურად გაზრდის გამო? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ ინსპექციას მიმართა.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში საფასურის თვითნებურ გაზრდასთან დაკავშირებით სამართლებრივ რეაგირებას მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს. მიმდინარე წელს პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურმა აღნიშნულ ფაქტზე 91-ჯერ დააჯარიმა მგზავრების გადაყვანაზე პასუხისმგებელი შეპესეები.“ – მოგვწერეს მუნიციპალური ინსპექციიდან დღეს, 13 ივნისს.

მერიის სატრანსპორტო სამსახურში „ბათუმელებს“ 5 თვის წინ უთხრეს, რომ კომპანიებმა, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ემსახურებიან სამარშრუტო მიკროავტობუსებით, მგზავრობის ტარიფის 80 თეთრამდე გაზრდის მოთხოვნით მერიას 2021 წლის დეკემბერში მიმართეს.

მოგვიანებით მერიაში გვითხრეს, რომ საკითხის განხილვის გაჭიანურება გამოიწვია იმან, რომ ბათუმის საკრებულო ვერ იკრიბებოდა.

ბათუმის საკრებულო 30 მაისს შეიკრიბა და თავმჯდომარეც აირჩია.

ამავე თემაზე:

მგზავრობის 70 თეთრამდე გაზრდისთვის ბათუმში 6 შპს დავაჯარიმეთ – მუნიციპალური ინსპექცია

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

მართვით სუნთქვაზეა ახალგაზრდა, რომელსაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა

20 წლის კაცის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ, 12 ივნისს, ბათუმში „DS გრუპის“ სამშენებლო ობიექტიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა, ისევ მძიმეა.

დაშავებული ბათუმში საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება, სადაც მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა თავის არეში.

როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება და „მის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც მძიმეს“.

მშენებარე კორპუსი კობალაძის 16 ნომერში მდებარეობს.  მოქალაქეს მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ხის ძელი დაეცა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

______________________________

ამ თემაზე:

მძიმეა 20 წლის კაცის მდგომარეობა, რომელსაც თავში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი მოხვდა

მერია გეგმავს ავარიული სახლების პროგრამის მონაწილე კომპანიებს k2 გაუზარდოს

ბათუმის მერიამ ავარიული სახლების ჩანაცვლების წესი შეიმუშავა. ამ წესის მიხედვით, შესაძლებელია პროგრამაში მონაწილე სამშენებლო კომპანიებს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი [k2] გაუზარდონ.

შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება – წერს მერია.

გარდა ამისა, პროგრამაში მონაწილე კომპანიებისთვის შეიძლება დასაშვები იყოს პროექტის განსხვავებული პირობებით შეთანხმება, მოლაპარაკების საგანი შესაძლოა გახდეს ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესის, ავტოსადგომების რაოდენობისა და სხვა.

კომპანიები განსხვავებული პირობებით შეძლებენ  ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცებას ან მათში ცვლილების შეტანას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მერიის ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებას ახალი და
მდგრადი შენობა-ნაგებობებით.

ეს წესი არ ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე.

მერიის მიერ შემუშავებული წესის მიხედვით, ავარიულ სახლში დაინტერესებული პირების არსებული საკუთრების ჩანაცვლება
იგეგმება იმავე მიწაზე აშენებულ ახალ შენობა-ნაგებობაში.

ავარიული სახლების ჩანაცვლებისას, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია დაინტერესებული პირების მიმართ გამოიყენოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდი ან მიწის რესურსი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ეს წესი ჯერ მხოლოდ პროექტია და ის ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. მერიის მიერ შემუშავებული ავარიული სახლების ჩანაცვლების წესის შესახებ დეტალურად  მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ.

ახალი მონაცემები ომში რუსეთის და უკრაინის დანაკარგებზე – 13 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 32 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 432 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 3 492 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 718 ერთეული [+3]
  • MLRS – 226 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 97 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 213 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 178 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 585 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 125 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 460 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 54 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 201 თვითმფრინავი
  • 130 ვერტმფრენი
  • 1 196 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 338 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 525 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 515 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 933 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 583 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მდინარე სევერსკი დონეცის გადალახვა ომის გადამწყვეტი ფაქტორია – ბრიტანეთის დაზვერვა

 

მდინარე სევერსკი დონეცის გადალახვა ომის გადამწყვეტი ფაქტორია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, გასულ შაბათ-კვირას გრძელდებოდა მძვინვარე ბრძოლა სევეროდონეცკისთვის. უწყება ვარაუდობს, რომ მომავალი თვეების განმავლობაში, სწორედ მდინარე სევერსკი დონეცის გადალახვის მცდელობები იქნება იმ მნიშვნელოვან ფაქტორებს შორის, რომლებიც ამ ომის კურსს განსაზღვრავს.

„დონბასში რუსეთის ფრონტის ხაზზე, მთავარი, 90-კილომეტრიანი ზოლი სწორედ მდინარის დასავლეთით გადის.

დონბასზე შეტევაში წარმატების მისაღწევად, რუსეთს მოუწევს ან ამბიციური დარტყმები ფლანგიდან ან მდინარეზე შტურმით გადასვლა,“ – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 13 ივნისს ტვიტერზე გამოქვეყნებულ რელიზში.

უწყების ცნობით, უკრაინის ძალებმა, უკან დახევისას, არაერთხელ მოახერხეს ხიდების განადგურება, „მაშინ, როდესაც რუსეთის არმია უშედეგოდ ცდილობდა, აღედგინა კოორდინაცია, რომელიც აუცილებელი იყო თავდასხმების ფონზე მდინარის გადასალახად.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. 12 ივნისის რელიზში, უწყება მიუთითებდა, რომ რუსეთი ცდილობს თავისი არტილერიისა და რიცხოვნობის გამოყენებას სევეროდონეცკისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასაპყრობად.

მთავარი ფოტო: მდინარე სევერსკი დონეცის გადალახვის წარუმატებელი მცდელობა 2022 წლის მაისში/ფოტო: InformNapalm

ახალი ტურისტული ბილიკი ხულოში – კოტიჯვარის გადმოსახედი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში, „კოტიჯვარზე“, იმ ადგილზე, საიდანაც მდინარე აჭარისწყალის ხეობის ხედი იშლება, ახალ ტურისტულ ბილიკს და გადმოსახედს მოაწყობენ. პროექტს ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მთავრობის მიზნობრივი ტრანსფერის დაფინანსებით ახორციელებს.

სასეირნო ბილიკთან ერთად უნდა მოეწყოს თანამედროვე არქიტექტურის მქონე ინფრასტრუქტურა: ფანჩატური, გარეგანათება და მოსასვენებელი სკამები.

ტურისტული ბილიკის მშენებლობა სოფელ ჩაოში / ფოტო: ხულოს მერია
 პროექტი მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს და ჯამში 154 438 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ალსოფი“ შეასრულებს. კომპანიის მფლობელი და ხელმძღვანელი ანზორ აბაშიძეა.

სოფელი ჩაო აჭარისწყალის ხეობაში, ვაშლოვნის თემში მდებარეობს. სოფელი ზღვის დონიდან 1 120 მეტრ სიმაღლეზეა და დაბა ხულოდან 6 კილომეტრითაა დაშორებული.

ვაშლოვნის თემი აერთიანებს სოფლებს: ქვემო და ზემო ვაშლოვანს, სხანდარას, ჩაოს, შურმულსა და თაგოს.

ტურისტული ბილიკის მშენებლობა სოფელ ჩაოში / ფოტო:ხულოს მერია

სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი ხულოს მუნიციპალიტეტს 166 320 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ხულოს სოფელ ჩაოში 166 ათას ლარად გადმოსახედი – ახალი ტურისტული ადგილი მოეწყობა

„ორბის“ ბეტონის ქარხანა ბათუმში 50 ათასი ლარით დააჯარიმეს და გააჩერეს

„დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა,“ – განაცხადეს შრომის ინსპექციის პრესცენტრში ბათუმის ბეტონის ქარხნის შესახებ, სადაც მუშაობა უკვე შეაჩერეს. შრომის ინსპექციამ კომპანია „ორბი ჯგუფის“ მიერ ზღვის პირას მოწყობილ ბეტონის ქარხანაში მუშაობის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ დაადასტურა პრობლემის არსებობა.

„დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა შრომის უსაფრთხოების კუთხით, დაჯარიმდა 50 ათასი ლარით… სამუშაოები შესაძლოა თუ გამოსწორდება მითითებული პრობლემები, რის გამოც კომპანიას მიეცა გონივრული ვადა,“ – აღნიშნეს შრომის ინსპექციის პრესცენტრში.

ბეტონის ქარხნის დაჯარიმება მოითხოვა გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმაც 3 ივნისს, როცა ქარხნიდან ქალაქში კიდევ ერთხელ გაიფრქვა მტვრის ბუღი. ეს ჯარიმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჯერ არ განუხილავს, შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება კი, მიღებისთანავე შედის ძალაში.

ბეტონის უკანონო ქარხნის შესახებ, რომელიც ბათუმში, ზღვის პირას უკვე ხუთი წელია უპრობლემოდ მუშაობს, „ბათუმელები“ 9 ივნისსაც წერდა. იმის მიუხედავად, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ეს საქმე 2019 წელს დაეწერა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს, მან ამ დრომდე ბეტონის ქარხნისთვის ვერ მოიცალა. 2023 წელს კი, კომპანია „ორბს“ ისედაც უწევდა დროებითი ქარხნის დანგრევა.

ამ თემაზე:

„თუ გამამტყუნებს სასამართლო, დავანგრევ“ – ყოვლისშემძლე „ორბის“ გავლენები

 

ბიუჯეტი ვერ შესრულდა, მთავრობა თავს იმართლებს და მიზეზად ისევ პანდემიას ასახლებს

ბიუჯეტი ისევ ვერ შესრულდა 2021-ში, თვითმმართველობის არჩევნების წელს – აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 392 მილიონი იყო. ფაქტობრივმა შესრულებამ კი 307 მილიონი შეადგინა. ეს გეგმის 78,2 პროცენტია. მთავრობა აცხადებს, რომ მთავარი ხელშემშლელი პანდემიის მეორე ტალღა იყო. აუდიტორის განმარტებით კი, რომელმაც ბიუჯეტი შეისწავლა, რეგიონის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პროგნოზები არარეალური იყო თავიდანვე, თუმცა მთავრობამ ეს არ გაითვალისწინა.

გადასახდელებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა არასახარბიელო შემოსავლების მიღების ნაწილში, მთავრობას გათვლა 303 მილიონზე ჰქონდა, ამოღებულია 285 მილიონი, ანუ გეგმა შესრულებულია 93,8 პროცენტით. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემოსავლების ფაქტობრივი შესრულება გაზრდილია 37 219,2 ათასი ლარით, შესაბამისად, 15,0 პროცენტით.

2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 95,9 პროცენტი მოდის გადასახადებზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს.

საანგარიშგებო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის გეგმა 290 მილიონით იყო განსაზღვრული. ფაქტობრივმა შესრულებამ კი შეადგინა 273 მილიონი ლარი, ანუ გეგმის 94,3 პროცენტი.

  • სხვა შემოსავლები

რესპუბლიკური ბიუჯეტის 2021 წლის სხვა შემოსავლების გეგმა განისაზღვრა 13 მილიონი ლარით, ხოლო შესრულებამ 11 მილიონი,  ანუ გეგმის 83,9 პროცენტი შეადგინა. მათ შორის: პროცენტებიდან შემოსავლების საანგარიშო პერიოდის გეგმა 5 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, ფაქტობრივი შესრულებამ კი 3 638 800 ლარი შეადგინა, ეს გეგმის 72,8 პროცენტია [ ეს არის სახაზინო ანგარიშზე არსებულ ნაშთზე დარიცხული სარგებელი].

დივიდენდებიდან შემოსავლის საანგარიშო პერიოდის გეგმა განისაზღვრა 3 მილიონი ლარით. ფაქტობრივმა შესრულებამ შეადგინა გეგმის 49,3 პროცენტი. რენტიდან შემოსავლის საანგარიშო პერიოდის გეგმა განისაზღვრა 2 მილიონ 767,0 ათასი ლარით, ფაქტობრივმა შესრულებამ შეადგინა 1 396,1 ათასი ლარი, ანუ გეგმის 50,5 პროცენტი [რენტიდან შემოსავლები მოიცავს მიწის იჯარიდან
და მართვაში გადაცემიდან და სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საფასურით მიღებულ შემოსავლებს].

  • არაფინანსური აქტივების კლება – „აუქციონები ჩაიშალა“

2021 წელს აჭარის მთავრობა სახელმწიფო ქონების გაყიდვით 85 მილიონ ლარს ელოდა ბიუჯეტში, ხოლო ფაქტობრივი შესრულება შეადგენს 22 მილიონს, ანუ გეგმის 25 პროცენტს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ვერ მოხერხდა 2021 წელს დაგეგმილი რიგი ქონების, მათ შორის მსხვილი ობიექტების პრივატიზება, რომელთა განკარგვის შედეგად უპირობოდ
განხორციელდებოდა დაგეგმილი შემოსულობების შესრულება.

სამინისტრო თავს იმართლებს, რომ  ქონების პრივატიზების მიზნით გამოცხადდა აუქციონები, მათ შორის რიგ ქონებაზე არაერთგზის, თუმცა აუქციონები არ შედგა:

„რაც განპირობებულია ქვეყანაში არსებული პანდემიით გამოწვეული მდგომარეობით. გარდა ამისა, ახალი კორონავირუსის [COVID-19] გავრცელებასთან დაკავშირებით გამოცხადებული პანდემიის ფონზე, მოსალოდნელი მძიმე ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ ბიზნეს სუბიექტებისათვის ხელშეწყობის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის N7 დადგენილებით გათვალისწინებულ იქნა შეღავათები. კერძოდ, ინვესტორებს საპრივატიზებო თანხების გადასახდელად მიეცათ დამატებითი ვადები. აღნიშნული ანტიკრიზისული ღონისძიებების გათვალისწინებით, ინვესტორებმა ისარგებლეს შეღავათით და 2021
წლის საანგარიშო პერიოდში ქონების პრივატიზებიდან განსახორციელებელი გადახდები მთლიანად ან ნაწილობრივად გადაავადეს.“

  • გადასახდელები

2021 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა 414 221 ლარი იყო, ხოლო ფაქტობრივმა დაფინანსებამ
328  ლარი შეადგინა, რაც გეგმის 79,3 პროცენტია.

სამინისტროს ინფოგრაფიკა

მძიმეა 20 წლის კაცის მდგომარეობა, რომელსაც თავში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი მოხვდა

„მისი მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული,“ – გვითხრეს კლინიკა BAU-ში, სადაც მოათავსეს 20 წლის დაშავებული კაცი. მას დღეს, 12 ივნისს, სავარაუდოდ მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი თავში მოხვდა, როცა ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ფეხით მიდიოდა.

თვითმხილველის თქმით, ფეხით მიმავალ ახალგაზრდა კაცს DS გრუპის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა. ბიჭმა გონება დაკარგა და ის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.

BAU-ს პრესცენტრის ინფორმაციით, დაშავებულს მრავლობითი დაზიანება აქვს, თუმცა მთავარი დაზიანება მას კეფის არეში აქვს მიღებული.

„ამჟამად უტარდება გამოკვლევები და რეანიმაციულ განყოფილებაშია,“ – ამბობს BAU-პრესცენტრის უფროსი, ცირა აბულაძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა DS გრუპსაც, რომლის მშენებარე კორპუსიც არის კობალაძის 16-ში, სადაც ახალგაზრდა კაცს თავში ხის სამშენებლო ძელი მოხვდა.

„არ ვიცით, რა მოხდა, ჩვენც ვცდილობთ გავიგოთ და ახლა ვიკვლევთ… უცებ მოვარდა ურაგანი. ეს ნივთი, რაც იმ ბიჭს  მოხვდა თავში, ნამდვილად მშენებლობაზე გამოიყენება, მაგრამ არ ვიცი, ჩვენგან თუ ჩამოვარდა ნამდვილად… ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების ნორმები დაცული, ბადეც გვაქვს და არასდროს დავუჯარიმებივართ,“ – გვითხრა ოთარ ბერიძემ, DS გრუპის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა.

მშენებარე კორპუსზე სამშენებლო ბადე მხოლოდ ორ სართულზეა მოწყობილი – ერთი კორპუსის მე-14 სართულზე, ხოლო მეორე იქ, სადაც ახლა მშენებლობა გრძელდება. კომპანიის ხელმძღვანელი, ოთარ ბერიძე ამბობს, რომ მას კანონის მოთხოვნის შესაბამისად აქვს სამშენებლო ბადეები მოწყობილი.

DS გრუპის სამშენებლო ობიექტი ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე. ამ ფოტოზე ჩანს, რომ დამცავი ბადა მხოლოდ ორ სართულზეა მოწყობილი

ამ მისამართზე ქარის დროს დაშავდა ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლის მანქანაც. მუნიციპალურ ინსპექციაში ამ დრომდე შემთხვევის შესახებ განმარტება არ გაუკეთებიათ.

განახლება: ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრში განმარტეს, რომ დაზიანებული ავტომანქანა ინჯსპექციის თანამშრომლის საკუთრებაა და „როცა არ არის საკმარისი სამსახურებრივი ავტომობილები, ოპერატიული რეაგირების დროს, ვისაც სურვილი აქვს საკუთარ ავტომობილს იყენებს, აქედან გამომდინარე აქვს საშვი. არასამუშაო საათების გამო, ავტომობილი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჰყავდა პარკირების ზონაში გაჩერებული, რაც შეეხება მეპატრონეს, მას შემთხვევის შედეგად არავითარი ზიანი არ მიუღია“, – მოგვწერეს მუნიციპალური ინსპექციიდან.

ამავე უწყების ინფორმაციით, სანებართვო პირობების დარღვევაზე მიმდინარეობს სამართალწარმოება შპს „დიეს ვაით ლაინის“ მიმართ, თუმცა მუნიციპალურ ინსპექციაში ვერ დაგვიკონკრეტეს, კონკრეტულად რა დაარღვია კომპანიამ და უკავშირდება თუ არა ეს მშენებლობის უსაფრთხოებას.

ხმოვანი აღმოჩნდა პისტოლეტი, რომლითაც ბანკის დაყაჩაღება სცადეს – რას ამბობს ბრალდებული

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა ბათუმში ბანკის დაყაჩაღებას ედავება. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12 ივნისს გაიმართა.

საუბარია 10 ივნისს მომხდარ ამბავზე – როცა ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებულმა თავდამსხმელი შევიდა. ის სალაროს გახსნას ითხოვდა. მან სცადა მძევლის აყვანაც იარაღის მუქარით, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან ბანკის სხვა თანამშრომლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.

„ეს პისტოლეტი არ აღმოჩნდა ცეცხლსასროლი, ის იყო სასიგნალო, ხმოვანი პისტოლეტი, რომელიც უბრალოდ იგივე ხმას გამოსცემს, როგორც ცეცხლსასროლი იარაღი, ეს იარაღი დამაზიანებელი არ არის,“ – გვითხრა ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.

მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ იარაღი ცეცხლსასროლი არ არის, პროკურატურა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებას და გამოყენებას აღარ ედავება ბრალდებულს. თავდაპირველად მას ორი მუხლით წარუდგინეს ბრალი.

ამ ეტაპზე ბრალდებულს გამოძიება მხოლოდ ყაჩაღობის ჩადენას ედავება, რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაცვის მხარის პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია. ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი ამბობს, რომ პოზიციის შესახებ მას ბრალდებულთან ჯერ არ უსაუბრია, თუმცა ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ „ბრალდება აბსურდულია“.

ქარის გამო სავარაუდოდ მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი კაცს დაეცა, ის დაშავდა

ქარის გამო, ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მოქალაქე მშენებლობიდან სავარაუდოდ ჩამოვარდნილი ნივთის დაცემის შედეგად დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, ფეხით მიმავალ ახალგაზრდა კაცს DS გრუპის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა. ბიჭმა გონება დაკარგა და ის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.

მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი საგნების შედეგად დაზიანდა ავტომანქანაც, რომელიც მუნიციპალური ინსპექციის საკუთრებაა.

მანქანაში მსხდომების დაზიანების შესახებ „ბათუმელები“ ინფორმაციას არ ფლობს.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულს თავში ღია ჭრილობა დაუფიქსირეს.

ბათუმში ქარი დაახლოებით ნახევარი საათის [16:00] წინ ამოვარდა.

მშენებლობისგან ჩამოვარდნილმა ნივთმა მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლის მანქანაც დააზიანა, მერაბ ღოღობერიძის ფოტო

 

დარგის ექსპერტების რჩევით აჭარის მთავრობა ბულვარში ნაპირის ხელოვნურ კვებას განაახლებს

დარგის ექსპერტების რჩევით აჭარის მთავრობა ახალ ბულვარში, სანაპიროს ხელოვნურ კვებას გააგრძელებს, რაც პერიოდულად  რამდენიმე ტონა ინერტული მასალის შეტანას გულისხმობს.

ამ პროგრამას აჭარის მთავრობა რამდენიმე წლის წინაც ახორციელებდა, შემდეგ კი უარი თქვა მის განხორციელებაზე – ნაპირის გამაგრება დიდი ზომის ლოდებით დაიწყეს და საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს მეთოდი გაამართლებდა.

თუმცა ასე არ მოხდა.

ბულვარი შტორმის შემდეგ

წელს გაზაფხულზე შტორმმა ახალ ბულვარში საკმაოდ დიდი ტერიტორია მიიტაცა.

შტორმმა ახალ ბულვარში – ზღვამ სანაპიროს ნაწილი წაიღო | ფოტო

ახლა მთავრობა შეეცდება ძველი მეთოდით სცადოს შეინარჩუნოს ახალი ბულვარის სანაპირო, რომელსაც სტიქია პერიოდულად უტევს. „ჩვენ დაველაპარაკეთ დარგის ექსპერტებს და ახალი ბულვარის გასწვრივ პრომენადის შესანარჩუნებლად ნაპირის ხელოვნურ კვებას დავიწყებთ“, – ამბობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.

10 ივნისს, მინისტრმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გასული წლის ბიუჯეტის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ 2022 წლის ბიუჯეტში ნაპირის ხელოვნური კვებისთვის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება. ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების შეტანის თხოვნით სამინისტრო უმაღლეს საბჭოს უახლოეს მომავალში მართავს.

52 მილიონად გამაგრებული ნაპირი ბათუმში, სადაც პლაჟის აღდგენას ჯერ არავინ აპირებს

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ივნისის 21 საათიდან 13 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10 -15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი 
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 14-15 ივნისს, საღამოს და ღამის საათებში აჭარაში ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +19 გრადუსია.

პლაჟის მეიჯარეებმა ბათუმში აქცია გამართეს, ისინი აუქციონის გაუქმებას ითხოვენ

„აუქციონი თუ ჩატარდება, ვერ გავიმარჯვებთ, წინა წლებში კი, როცა პანდემია იყო, ჩვენ არ ჩავაგდეთ ტურისტული სეზონი, ვიმუშავეთ, ახლა კონკურენტუნარიანი აღარ ვართ“, – ამბობს ბექა გუგუნავა. ის პლაჟის მეოიჯეარია ბათუმში და ზაფხულოლობით შეზლონგებს აქირავებს. დღეს, 12 ივნისს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ პლაჟის მეიჯარეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მოითხოვეს, აუქციონის ნაცვლად მათთან ისევ პირდაპირი ხელშეკრულებები გაფორმდეს.

მეიჯარეები განმარტავენ, რომ პანდემიის პერიოდში, ანუ 2020 და 2021 წლებში აქუციონი საპლაჟე სერვისების შექმნაზე აღარ გამოცხადებულა და მათ გაუფორმეს პირდაპირი ხელშეკრულებები, რაც თითოეული მეიჯარის შემთხვევაში წლიურად დაახლოებით 10 ათასი ლარია. ასეთი სულ 150 მეიჯარეა.

„ჩვენ შევიძინეთ ინვენტარი, ბანკიდან ფული გამოვიტანეთ იმიტომ, რომ დაგვპირდნენ, ამ წელსაც იქნებოდა პირდაპირი ხელშეკრულება, ახლა გვითხრეს, რომ ცხადდება აუქციონი. იმდენი ფულიანი ბიზნესმენია შემოსული, ჩვენ როგორ მოვუგებთ აუქციონს?“ – კითხულობს მეიჯარე ჯაბა გოხიძე.

მეიჯარეების თქმით, მათ აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის მინისტრისგან, ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარისსგან შეხვედრებზე მოისმინეს დაპირება, რომ აუქციონი წელსაც არ გაიმართება, რადგან ეს ჯგუფი პანდემიის დროს ზღვის სეზონის ჩავარდნის დროს დაზარალდა.

„გასაგებია, რომ აუქციონი არის აპრობირებული ფორმა და არ ვდაობთ იმაზე, რომ აუქციონი უნდა ჩატარდეს, მაგრამ რადგან ჩვენც დავზარალდით, ამიტომაც ვითხოვთ, რომ ეს ერთი წელიც არ ჩატარდეს აუქციონი“, – გვითხრა ბექა გუგუნავამ.

აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ დღეს არასამუშაო დღეა და მათ ხვალ შეხვდებიან.

გმირი „უკრაინის ფანტომების” მფრინავთა ბატალიონიდან

2022 წლის 24 თებერვალს, როცა რუსეთი უკრაინას თავს დაესხა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, 71 წლის ლუდმილა ლუტაშინამ შვილს, ანდრეის დაურეკა და უთხრა, რომ მზად იყო თავადაც აეღო იარაღი და ომში წასულიყო. ანდრეიმ დედა დაამშვიდა და უთხრა – უკრაინას საკმარისი სამხედრო ძალა ჰყავს მტრის წინააღმდეგ და არ არის საჭირო შენი ომში წასვლაო.

ამბავს უკრაინის გარდაცვლილი ეროვნული გმირის, ანდრეი ლუტაშინის დედა, ლუდმილა ლუტაშინა იხსენებს.

ანდრეი ლუტაშინი ფართომასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში, როგორც ტაქტიკური საავიაციო ბატალიონის წევრი. სწორედ ამ პილოტებს უწოდეს „კიევის ფანტომი“ მათი მრავალი წარმატებული საჰაერო ბრძოლისა და მტრის ჩამოგდებული თვითმფრინავების გამო.

ანდრეის ახლობლები ამბობენ, რომ საბრძოლო ოპერაციების დეტალებზე ის არასდროს საუბრობდა, უბრალოდ იმედიანად და დამაჯერებლად ამბობდა, რომ „ყველაფერი კარგადაა“.

„ჩვენ ვიცოცხლებთ ბიჭებო!“ – ამ სიტყვებით მიუშვა გამანადგურებელი დედაქალაქისკენ მიმავალი მტრის კოლონისკენ ანდრეი ლუტაშინმა – მისივე თანამებრძოლების მონათხრობის მიხედვით.

სიკვდილამდე მან მტრის ტექნიკა და ცოცხალი ძალა გაანადგურა.

„ანდრეიმ იცოდა, რომ ძალიან ვღელავდი მასზე, შაქრიანი დიაბეტი მაქვს და არ სურდა ჩემი ნერვიულობა“- ამბობს გმირის დედა, – „ვცადე მასთან დამერეკა, ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა რას იტყოდა, მხოლოდ მისი ხმის გაგონება მსურდა, რომ დავრწმუნებულიყავი ცოცხალი იყო.

ზედმეტ კითხვებს არ ვუსვამდი. უბრალოდ დაჟინებით ვითხოვდი, რომ რძალი და შვილიშვილები დედაქალაქიდან ჩემთან გადმოსულიყვნენ.

ისინი მართლაც გადმოვიდნენ ჩემთან, 7 მარტს, ანდრეის დაღუპვამდე ერთი დღით ადრე. ჩვენი ბოლო საუბარიც ამას შეეხებოდა, როგორ ჩამოვიდნენ, როგორ დალაგდნენ. ვლაპარაკობდით ჩვეულებრივ, ყოფით თემებზე… მეორე დღეს კი სამყარო სამუდამოდ გაიყო ორ ნაწილად: ბედნიერ წარსულად და აუტანელ რეალობად“ – ამბობს ანდრეის დედა.

ანდრეი ლუტაშინს საავიაციო საქმის სიყვარული მემკვიდრეობით გადაეცა. მამამისიც მფრინავი იყო. უკრაინის გმირმა მთელი ბავშვობა თვითმფრინავების საწვრთნელ მოედანზე გაატარა, საავიაციო ტექნიკის გარემოცვაში, მის ირგვლივ ყოველთვის საუბრობდნენ ცაზე.

ანდრეის დედაც საავიაციო შტაბში მუშაობდა, ამიტომ მისი პროფესიული არჩევანი არავისთვის ყოფილა მოულოდნელი.

სწავლობდა ჩერნიგოვსკის სამხედრო სასწავლებელში, შემდეგ უკრაინის ქალაქ უმანში მსახურობდა. გარკვეულ ეტაპზე სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდა, პენსიაზე გავიდა, სხვაგან დასაქმდა, მაგრამ 2014 წელს, როცა უკრაინას დასჭირდა, კვლავ ქვეყნის დასაცავად ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. ის უმალვე დააბრუნეს ტაქტიკური ავიაციის ბატალიონის წევრად.

2014 წელს, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გაიგეს მშობლებმა, რომ ანდრეი ფრონტზე იყო. მშობლებს აუხსნა, რომ სხვაგვარად არ შეეძლო, როცა ქვეყანას საფრთხე ემუქრებოდა. 2022 წლის ფართომასშტაბიან ომშიც არავის გაჰკვირვებია, რომ ანდრეი ერთ-ერთი პირველი მფრინავი იყო, ვინც ომში წავიდა.

47 წლის მაიორი ანდრეი ლუტაშინი მშობლიურ ქალაქში, მუკაჩევოში დაკრძალეს, დიდების ხეივანში.

მას ორი შვილი, მეუღლე და მშობლები დარჩა.

11 მარტს ტაქტიკური საავიაციო ბატალიონის წევრს, საჰაერო-ცეცხლსასროლი და ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსს, ანდრეი ლუტაშინს, უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

_______________________________

წყარო: Armyinform

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 ივნისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 32 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +100]
  • ტანკი – 1 430 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 3 484 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 715 ერთეული [+3]
  • MLRS – 226 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 97 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 212 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 178 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 582 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 125 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 455 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 54 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 201 თვითმფრინავი
  • 130 ვერტმფრენი
  • 1 188 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 338 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 514 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 508 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 870 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 570 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინელებმა უკვე გადალახეს მდინარე ინგულეცი და შექმნეს ერთგვარი პლაცდარმი – ინტერვიუ

არსებობს მე-3 სცენარიც: ივანიშვილი ცვლის პრემიერს და ეს მეხამრიდის როლს ასრულებს – ინტერვიუ

„ფიქრობენ, რომ როგორც ადრე, ახლაც მანიპულაციებით მოახერხებენ ამის მოკვარახჭინებას: ჩაახშეს არაერთი პროტესტი, გადაიბირეს, დააშინეს, დაიჭირეს, ახლა ფიქრობენ, რომ როგორმე ამ პრობლემასაც გადალახავენ, მაგალითად, ომის თემის შემოტანით. ამას ფიქრობს სავარაუდოდ ღარიბაშვილი და ივანიშვილი, მაგრამ რას ფიქრობს ხალხი, ეს უკვე მალე გამოჩნდება,“ – მიიჩნევს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, არმაზ ახვლედიანი.

მას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის დღეს, 11 ივნისს გაკეთებული განცხადებების შეფასება ვთხოვეთ. განცხადებების, სადაც მკაფიოდ გამოჩნდა საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებების მნიშვნელობა მინიმუმ გაუფასურდეს.

პრემიერი ღარიბაშვილი ევროკავშირთან ღიად კონფრონტაციის გზას მას შემდეგ დაადგა, როცა გამოქვეყნდა ევროკავშირის კრიტიკული რეზოლუცია, ხოლო შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმაც დაიწყო მთავრობის კრიტიკა.

არმაზ ახვლედიანი, რომელსაც „ქართულ ოცნებაში“ და ბიძინა ივანიშვილთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, აღწერს, რატომ არ აწყობს „ქართლ ოცნებას“ კანდიდატის სტატუსი და რა სქემით აპირებს მმართველი პოლიტიკური გუნდი ფონს გასვლას.

  • ბატონო არმაზ, თქვენი აზრით, რა პოლიტიკური მიზანი ჰქონდა პრემიერი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს, მათ შორის, მაგალითად, ფრაზას კანდიდატის სტატუსზე: „ისე ნუ წარმოვაჩენთ, თითქოს სასწაულს კარგავს ქვეყანა“? 

ჩვენ არ გაგვიმართლა იმიტომ, რომ გვყავს ხელისუფლება, პრემიერი, რომელიც ვერც კი იაზრებს საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივას. მას ჰგონია, რომ ასე, ერთი ხელის მოსმით, შესაძლოა ყველაფერს ზურგი აქციო. დღევანდელ განცხადებებში წარმოჩინდა მისი დამოკიდებულება უმნიშვნელოვანესი საკითხის მიმართ, გამოჩნდა, რამდენად ზედაპირულია და გულგრილი, რადგან სხვაგვარად ასეთ რამეს პასუხისმგებლიანი ხელისუფალი არავითარ შემთხვევაში არ იტყოდა.

როცა ადამიანი კარგავს ადეკვატურობას, არ უნდა გაგვიკვირდეს არაადეკვატური განცხადებები. თუ საქართველო ახლა ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, შესაძლოა, ერთ-ერთი სცენარის შესაბამისად, იზოლაციისკენ სვლა, რაც ძალიან გაუჭირდება „ქართულ ოცნებას“, თუმცა ამის პერსპექტივა, სამწუხაროდ, არსებობს. მეორეა განვითარების ჩვეულებრივი გზა, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიო უარი თქვა, რადგან ეს იმის გზაა, რომ ვაღიაროთ საქართველოში პრობლემები დემოკრატიის, სამართლის კუთხით.

ამ გზით რომ მიდიოდეს ხელისუფალი, ის გადადებდა გვერდით ყველა დაპირისპირებას, წინააღმდეგობას და მინიმუმ მიშელის ხელშეკრულების სულისკვეთებაში დაბრუნდებოდა, რადგან სახელმწიფო ინტერესს ეს სჭირდება, მაქსიმუმ კი, ეცდებოდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას რეფორმების გზაზე.

ღარიბაშვილის მოსმენის შემდეგ მარტივად ხვდები, რომ მისი ხელისუფლების პირობებში ეს უკვე შეუძლებელია.

რსებობს მესამე სცენარიც, რომ ივანიშვილმა გამოცვალოს ეს პრემიერი, მიაყოლოს კობახიძეც და სახის შესანარჩუნებლად ახალი ფიგურები წარმოაჩინოს „ოცნების“ პოლიტიკურ სცენაზე. იქნება თუ არა ეს რაიმეს მომცემი, რთული სათქმელია, თუმცა შესაძლებელია, გარკვეულ ეტაპზე ამან მეხამრიდის როლი შეასრულოს.

  • ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საზოგადოებრივი პროტესტის მასშტაბი იქნება დიდი? ღარიბაშვილმა დღესაც აღნიშნა, რომ საქართველოში მოსახლეობის 80 პროცენტი ევროინტეგრაციას უჭერს მხარს. 

არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ სიტუაცია კიდევ დამძიმდება, ივანიშვილი განცხადებას გააკეთებს, ან განცხადების გარეშეც მივხდებით, მისი აზროვნების ლოგიკიდან გამომდინარე, რას აპირებს. მან შესაძლოა მისივე ნებით საზოგადოებისთვის თავსმოხვეული შავრაზმელები ჩამოაშოროს „ქართულ ოცნებას“ და ამით სცადოს მღელვარების ტალღა დააცხროს.

მეორეს მხრივ კი, სჭირდებათ ახალი ადამიანები იმისთვის, რომ ესაუბრონ დასავლელ პარტნიორებს. ამ განცხადებების შემდეგ განსაკუთრებით, რაც დღეს მოვისმინეთ ღარიბაშვილისგან, ვეღარ წარმომიდგენია, როგორ უნდა ესაუბროს ღარიბაშვილი ბრიუსელს, ან ვაშინგტონს.

  • რას აპირებს ივანიშვილი, რა იკითხება თქვენთვის ღარიბაშვილის დღევანდელი გზავნილებიდან? 

შესაძლოა, ღარიბაშვილი ამას აკეთებდეს იმ ვარაუდით, რომ ის შეიძლება მოეწონოს ივანიშვილს, მაგრამ 100 პროცენტით დარწმუნებული არ უნდა იყოს, რომ სასჯელი ასცდება. მეორეს მხრივ კი, შესაძლოა, ღარიბაშვილი ხედავს, რომ ჩათრევას ჩაყოლა სჯობს თავისივე ჩახლართულ სქემაში და მიდის ფსკერისკენ. ეს განცხადებები მაუწყებელია იმისა, რომ ღარიბაშვილი უკვე „ოცნების“ პოლიტიკურ ფსკერზეა.

  • როცა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ იცის, რომ 80 პროცენტი ირჩევს ევროპას, რა ლოგიკით ირჩევს ის ევროპასთან ღიად დაპირისპირებას? 

ირაკლი ღარიბაშვილს, კობახიძეს, ივანიშვილს უპირველესი ამოცანაა ნებისმიერი გზით შეინარჩუნონ ძალაუფლება. ამ ვითარებაში ნათლად გამოჩნდა, რომ დასავლეთმა „ოცნების“ მმართველობას საქართველოში ზურგი აქცია და ისინი ხვდებიან, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მანიპულაციების ჩატარებაა საჭირო. „ოცნება“ ცდილობს გაზარდოს ანტიდასავლური განწყობები საკუთარ მომხრეებსა და რადიკალურ წრეებში, რომელიც მათივე მონდომებით საქართველოში უკვე მრავლად გვყავს. „ოცნება“ ეცდება ამ მანიპულაციის გზით საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე გავლენის მოხდენას.

ამავდროულად, არ უნდა გამოვრიცხოთ ის, თუ რამდენად მოსწონს კრემლს, რა შავ დღეშიც არის საქართველო ახლა. არ გამოვრიცხავ, რომ ერთგვარ მაშველ რგოლად ივანიშვილის მმართველობას კრემლი მოევლინოს. ეს არ მოხდება პირდაპირ, მაგრამ არსებობს სხვა გზებიც. რუსეთს ახლა განსაკუთრებით სჭირდება მოკავშირეები, როცა მას მოკავშირე მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელი დარჩა. კრემლში ისედაც იციან, რომ „ქართული ოცნება“ არსებითად მათი მოკავშირეა, მაგრამ უნდათ, რომ ნოტარიულად დაამოწმონ ეს ამბავი. ეს ყველაზე მძიმე სცენარია, მაგრამ არ გამოვრიცხავ.

  • ამ მოცემულობაში რა შანსი რჩება, მოგვცეს ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი? 

გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის გაერთიანებული დასავლური სივრცის ვერდიქტი საქართველოსთვის. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი და ადეკვატური იქნებოდა, თუ დასავლეთი გადაწყვეტს, რომ ამ სრული არაადეკვატურობის და მარაზმის შემცველი ქმედებების, განცხადებების მიუხედავად, მაინც მისცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

ბუნებრივია, უმკაცრესი და დროში გაწერილი დათქმებით, რომ ხელშესახები გახდეს კონკრეტული რეფორმების გატარება დემოკრატიის, სასამართლოს, ადამიანის უფლებების, მედიის სფეროში ისე, რომ ამან შედეგად მოგვცეს, არც მეტი არც ნაკლები, მომდევნო არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების საშუალება. თუ ამას გააკეთებდა დასავლეთი, ვფიქრობ, უკეთეს დახმარებას ქართველი ხალხისთვის, აი, იმ 80 პროცენტისთვის, ვისაც მყარად აქვს გადაწყვეტილი საქართველოს ევროპული მომავალი, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ.

ამავდროულად, ეს იქნებოდა საუკეთესო წნეხი „ოცნებისთვის“ და მას აღარ დარჩებოდა სხვა გზა, რომ არ მიეღო ეს პირობები. თუ ისევ გაჯიუტდება „ოცნება“, მას უკვე ხალხის რისხვა წალეკავს.

  • ქალბატონი სალომეც მტრების ნარატივში ჩაჯდაო, თქვა დღეს ღარიბაშვილმა. თქვენი აზრით, რა მოხდა პრეზიდენტს და მმართველ პოლიტიკურ გუნდს შორის? 

ახალი არაფერი არ ხდება, „ქართულ ოცნებაში“ უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ვინმე მათგან განსხვავებულ პოზიციებს აჟღერებდეს: მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია 2018 წლის ერთგვარი შეთანხმება, როცა ის პრეზიდენტი გახდა. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილმა არ ისურვა „ოცნებას“ პოლიტიკურ სამარეში ჩაყოლა და გაემიჯნა ამ სრულიად არასახელმწიფოებრივ და მავნებლურ პოლიტიკას. ის უფრო მეტად დგება სახელმწიფოებრიობის განვითარების სწორ ვექტორზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პრეზიდენტი, თუნდაც თავისი შეკვეცილი მანდატით, მნიშვნელოვანი ფიგურაა.

  • რა ცვლილების გამოწვევა შეუძლია პრეზიდენტის ამგვარი პოზიციონირებით? 

წარმოიდგინეთ, ერთი ნინო ლომჯარია რამდენს ცვლის თავისი პრინციპულობით. დასავლეთში საქართველოთი დაინტერესებული ყველა ინსტიტუტი, სამთავრობო უწყება პოლიტიკოსი თუ დიპლომატი იშველიებს ნინო ლომჯარიას დასკვნას. წარმოიდგინეთ, ამას რომ დაემატება პრეზიდენტის პოზიციები, გაათმაგდება, თუ არ გაასმაგდება არამხოლოდ ინფორმირებულობის დონე ჩვენი მოკავშირეების, არამედ დასავლეთის დამოკიდებულების სიხისტე, პრინციპულობა, პირდაპირობა.

ცხადია, ეს კატასტროფულად აშინებს „ქართულ ოცნებას“, რადგან ისინი ხვდებიან, რომ მის, და არა საქართველოს, მოწინააღმდეგე ორბიტაზე უფრო და უფრო მეტი ფიგურანტი იკრიბება.

  • ყველაფერს ავხდით ფარდასო – თქვენი აზრით, რატომ დასჭირდება ეს ზოგადი ხასიათის მუქარა, მით უფრო, ევროინტეგრაციაზე საუბრის დროს ღარიბაშვილს? 

ის ამას ამბობს მას აქეთ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა 2012 წელს, მას შემდეგ ღარიბაშვილი სულ იმუქრება და ვერ ხვდება მარტივ რამეს, რომ საქართველოში  ვერ შექმნის ლუკაშენკოს რეჟიმს. მისი ოცნება ზუსტად ესაა, მაგრამ ეს არ გამოვა სხვადასხვა მყარი მოცემულობის გამო. ამ მოცემულობებს მალე დაემატება საზოგადოების ჩამოყალიბებული და გამოხატული პოზიცია ევროინტეგრაციის საკითხზე. „ოცნება“ იძულებული გახდება, აჰყვეს ამ პროცესს და მიიღოს პირობები, მივიდეთ არჩევნებამდე გამართულად, წესიერად. მეორე გზა „ოცნებისთვის“ უბრალოდ გამოუვალი ჩიხია, რაც ძალიან მძიმე შედეგით დასრულდება.

  • ელისუფლების პოზიციები მკაფიოა ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, მაგრამ ჯერ ამის გამო არავინ გამოსულა ქუჩაში, რატომ? 

მარტივია ამის ახსნა: დაინტერესებული საზოგადოება და სხვებიც, რომლებიც ხვალ და ზეგ აუცილებლად დაინტერესდებიან ამ პროცესით, აკვირდებიან, საბოლოო ჯამში როგორი იქნება ბრიუსელის გადაწყვეტილება. უარის შემთხვევაში, ვფიქრობ, ძალიან მძიმე დღეები დაუდგება „ქართულ ოცნებას“, რადგან არსებობს „წითელი ხაზები“, რომლის გადაკვეთასაც საქართველოში საზოგადოება არცერთ ხელისუფლებას არ პატიობს.

  • რატომ არ სურს საზოგადოებას „წითელი ხაზის“ დაცვა ახლა, ვიდრე ბრიუსელში გადაწყვეტილებას მიიღებენ? 

ამას შესაძლოა სხვადასხვა ახსნა ჰქონდეს. როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი ნაწილი ფიქრობს და მეც ამ აზრზე ვარ, რომ მირჩევნია, პროცესი მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე, ვნახოთ ბრიუსელის ვერდიქტი. ღმერთმა ქნას, რომ ეს იყოს გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს იქნება იდეალური გადაწყვეტილება საქართველოსთვის, რომ ამოვიდეთ ამ ავტორიტარული მმართველობის წუმპედან.

ბრიუსელი ამ საკითხს სხვა დროსაც დაუბრუნდება, სტატუსი ახლა რომ არ მოგვცენ, თუკი დაინახავენ, რომ ჩვენ ქვეყანაში ვითარება სასიკეთოდ იცვლება. მე ყველას ვეუბნები, რომ მიიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ, რომ საქართველო გაუმკლავდეს უმთავრეს გამოწვევას და არადემოკრატიულობას უპასუხოს დემოკრატიული გზით. ეს მოცემულობა იმდენად მნიშვნელოვანია, როცა დემოკრატიზაციის გზაზე მხარს გიჭერს და ერთგვარ გარანტად გამოდის პოლიტიკური დასავლეთი, რომ ისტორიული შანსის გამოყენება მართებს დასავლეთსაც.

ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ თუ გადაწყვეტილება იქნება დადებითი, ეს მისთვის დადებითი მაინც ვერ იქნება, რადგან იქ დათქმებიც გაწერილი იქნება. ღარიბაშვილს ამიტომაც ურჩევნია, გადაწყვეტილება იყოს უარყოფითი.

  • მაგრამ რატომ არ აშინებს მას უარყოფითი პასუხის შემთხვევაში საზოგადოების პროტესტი? 

ფიქრობენ, რომ როგორც ადრე, ახლაც მანიპულაციებით მოახერხებენ ამის მოკვარახჭინებას: ჩაახშეს არაერთი პროტესტი, გადაიბირეს, დააშინეს, დაიჭირეს, ახლა ფიქრობენ, რომ როგორმე ამ პრობლემასაც გადალახავენ, მაგალითად, ომის თემის შემოტანით. ამას ფიქრობს სავარაუდოდ ღარიბაშვილი და ივანიშვიილი, მაგრამ რას ფიქრობს ხალხი, ეს უკვე მალე გამოჩნდება.

ვერ დალევ, პურს ვერ მოზელ, თეფშებს რომ ვრეცხავ, ისიც მეზიზღება – უწყლო ოჩხამური

დაბა ოჩხამურის მცხოვრებლებს სასმელი წყლის პრობლემა აქვს. წყალი, რომელიც დაბას მიეწოდება, სასმელად არ ვარგა. მოსახლეობას დაბაში მდებარე ერთადერთი წყაროდან უწევს სასმელი წყლის ზიდვა.

70 წლის მზევინარ ბათმიძე დაბა ოჩხამურში ცხოვრობს. მისი სახლიდან წყარომდე, საიდანაც სასმელი წყალი მოაქვს, ორი კილომეტრია. ამბობს რომ ფეხი სტკივა. ამიტომ ხან ვის სთხოვს დახმარებას და ხან ვის. წყალი, რომელიც მის ონკანში გრაფიკით მოდის, სასმელად გამოუსადეგარია.

„ვერ დალევ, პურს ვერ მოზელ, საჭმელს ვერ გააკეთებ. თეფშებს რომ ვრეცხავ, ისიც მეზიზღება. მღვრიე წყალი მოდის, ბინძური.

გაყვითლებულია ვედროები, წყალი აყვითლებს. ამ წყლით ტანსაც რომ ვიბან მეშინია, კიდევ არ დამაყაროს ტანზე-მეთქი. ერთხელ მოვიწამლე, ტანზე დამაყარა. მივედი ექიმთან, ალერგია მოუცია რაღაცასო. ვკვდებოდი ისეთ დღეში ჩამაგდო წყალმა. ერთადერთი მოთხოვნა მაქვს – ერთხელ და სამუდამოდ გვაღირსონ, რომ წყალი შემოვიდეს ოჯახში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მზევინარ ბათმიძემ.

მარცხნივ ჭიქაში ასხია წყალი, რომელიც ონკანიდან მოდის, მარჯვნივ კი წყაროს წყალი

დაბა ოჩხამურში ცხოვრობს გულნარა გაბაიძეც. მის სახლში მრავლადაა ჭურჭელი, რომლებშიც წყალი ასხია. როცა წყალი მოდის, ცდილობს დააგროვოს, დღის განმავლობაში რომ გამოიყენოს.

„სასმელი წყალი არ გვაქვს. სულ არ გვაქვს-მეთქი ვერ ვიტყვი, გრაფიკით მოდის წყალი, მაგრამ დასალევად არ ვარგა. ბინძურია. ათასნაირი ჯანდაბა მოჰყვება. დალევით ვერ დალევ. თეთრეულს ვერ გარეცხავ. გარეცხავ და ყვითელი სარეცხი გამოვა. დასალევად, ვისაც მანქანა ჰყავს დადის და მანქანით მოაქვს, ან ყიდულობს,“ – გვიყვება გულნარა.

დაბა ოჩხამურში მცხოვრები 2000 ოჯახი წყალს ჯიხანჯურის წყალსაქაჩიდან იღებს. ადგილობრივების თქმით, წყალსაცავში წყალი მდინარიდან იქაჩება. ხშირად ფუჭდება წყლის საქაჩი, რის გამოც მოსახლეობას დღეობით, ხშირად ერთი კვირითაც წყალი არ მიეწოდება.

მოსახლეობა წყალს ბალონებით ეზიდება

მოსახლეობისგან განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის ააიპ „სოფლის წყლის“ დირექტორი სულიკო თხილაიშვილი. „სოფლის წყალი“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო არაკომერციული ორგანიზაციაა. სულიკო თხილაიშვილის მტკიცებით, წყალი, რომელიც დაბა ოჩხამურში ოჯახების ონკანებში მოედინება, სასმელად ვარგისია.

„სასმელი წყალია. სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება. იქლორება და არის კონტროლის ქვეშ,“ – ამბობს სულიკო თხილაიშვილი.

მისივე მტკიცებით დღემდე არავის მიუმართავს „სოფლის წყლისთვის“ და არ უცნობებია, რომ წყალი სასმელად უვარგისია.

რაც შეეხება გრაფიკს, „სოფლის წყლის“ დირექტორი ამბობს, რომ მოსახლეობა ხშირად ზედმეტ წყალს მოიხმარს, ამიტომ გრაფიკი ირღვევა.

„გრაფიკით მიეწოდებათ წყალი, მაგრამ რადგან მრიცხველები არაა და გადასახადი, დაახლოებით ერთ ოჯახზე დღეის მდგომარეობით მინიმუმ ერთი ტონა წყალი იხარჯება.

გრაფიკი ხშირ შემთხვევაში ირღვევა, რადგან 9 საათზე რომ გაუშვა წყალი, სამ საათამდე არისა, მაგრამ თუ უფრო მეტი გაიხარჯა, შეიძლება დაიკეტოს პირველზე ან ორზე. შემდგომ წყლის რაოდენობის შევსების შემთხვევაში ხუთი-ექვსი საათისკენ კიდევ გავუშვებთ,“ – ამბობს სულიკო თხილაიშვილი.

შესაბამისად ვითარება ასეთია: დაბა ოჩხამურში წყლის ხარისხზე პასუხისმგებელი კომპანიის დირექტორი ამტკიცებს, რომ წყალი სასმელად ვარგისია, მოსახლეობა სასმელ წყალს ან ყიდულობს, ან წყაროზე დადის.

მერი ქარჩაიძეს დაბა ოჩხამურში, წყაროსთან შევხვდით. მან თქვა, რომ წყალს, რომელიც ონკანში მოდის, ხანდახან ქლორავენ და მოსახლეობის მცირე ნაწილი სასმელადაც იყენებს.

„95 % მოდის წყაროზე და აქედან მიაქვს წყალი. ბევრი არ იყენებს ონკანის წყალს სასმელად. ახლა ჩვილი ბავშვი მყავს დატოვებული, გამოვიქეცი წყლის მისატანად. ამას გამოვხარშავ, გავაცივებ და მერე დავალევინებ ბავშვს. აქამდე ვყიდულობდი, მაგრამ ამდენი საშუალება აღარაა“, – გვითხრა მერი ქარჩაიძემ.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, როდის შეიძლება მოგვარდეს დაბა ოჩხამურში სასმელი წყლის პრობლემა.

აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების უზრუნველსაყოფად 60 მილიონი ევროა გამოყოფილი. პროექტს აჭარაში „აჭარის წყლის ალიანსი“ ახორციელებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა „ბათუმელებთან“ განმარტა, ამ პროექტის ფარგლებში  ქობულეთში, დაბა ოჩხამურში დაგეგმილია ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის და წყალარინების სისტემის მშენებლობა.

ის, რაც ჯერ დაზუსტებული არაა, არის ვადები – საერთაშორისო ტენდერია გამოცხადებული, რომლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება უშუალოდ პროექტზე მუშაობა.

უკრაინელებმა უკვე გადალახეს მდინარე ინგულეცი და შექმნეს ერთგვარი პლაცდარმი – ინტერვიუ

„უკრაინელებმა უფრო ფართო სურათიდან უნდა შეხედონ ვითარებას“, – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სევეროდონეცკში ბრძოლების გაჭიანურებაზე. მას ამაოდ მიაჩნია უკრაინის მცდელობა აქ, როცა მდინარის მეორე ნაპირზე ლისიჩანსკია მაღალი ნაპირით და დასაცავია სლავიანსკი-კრამატორსკის მიმართულება, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დონბასისთვისო, გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი.

ვახტანგ კაპანაძე დარწმუნებულია, რომ სევეროდონეცკის შემდეგ რუსეთი ოპერატიულ პაუზას აიღებს და ომის მესამე ეტაპზე ის მხოლოდ დაკავებული ტერიტორიების დაცვას ეცდება. ომის გადამწყვეტ ეტაპზე გადამწყვეტი ხდება დასავლეთიდან მიღებული სამხედრო აღჭურვილობა – რამდენად შეძლებს უკრაინა ფართომასშტაბიან კონტრდარტყმას, თუ ის სხვა გამოსავალს დათანხმდება, რასაც უკრაინას სცენარების სახით უკვე სთავაზობენ?

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, გაგვიზიარეთ თქვენი დაკვირვება ომის რუტინაზე, რაც უკვე უკრაინაში შეიქმნა: რა გავლენას ახდენს იგი მხარეებზე? რუტინის ფონზე იგივე უკრაინაში იგრძნობა ის შემართება და თავდადება, რაც ომის დასაწყისში იყო, თუ უკრაინელ ჯარისკაცები დაიღალნენ და მათი თავდადების მაქსიმუმ უკვე ვნახეთ?

მხოლოდ უკრაინელი ჯარისკაცები კი არა, მთელი მსოფლიო დაიღალა უკვე, სამ თვეზე მეტია გრძელდება ომი… უკრაინელები უკვე 8 წელია შეეჩვივნენ კიდეც ამ ვითარებაში ყოფნას. ჩემი დაკვირვებით, ეს დაღლა მაინც არ აისახება უკრაინელების საბრძოლო მოქმედებაზე და ვხედავთ აქტიურ დაპირისპირებას, სისხლისღვრას.

  • უკრაინა ხშირად აკეთებს აქცენტს საკუთარ დანაკარგზეც. ეს თქვენთვის რას აჩვენებს? 

ციფრები, რასაც აქვეყნებს უკრაინა, ასევე რუსეთი, არის მიახლოებითი. როგორც წესი, საბრძოლო მოქმედებების შემდეგ დგება ანგარიში, სადაც არის მითითებული საკუთარი და  მოწინააღმდეგის დანაკარგები აღნიშვნით: „დადასტურებული“, „დაუდასტურებელი“, ეს მიახლოებითი ციფრია, მაგალითად, თუ განადგურდა ტანკი T 72, ითვლიან, რომ დაიღუპა ეკიპაჟის სამი წევრი, თუ განადგურდა T 64, მაშინ 4 კაცია დაღუპული.

როცა საქმე BMP-ს ეხება, იქ შეიძლება იყოს ეკიპაჟის სამი წევრი და შესაძლოა იყოს დამატებით 7 კაცი დესანტი. ეს არავინ იცის ზუსტად, რამდენი იჯდა მანქანაში, რომელიც ააფეთქეს, მაგრამ წერენ დაახლოებით 10 კაცს. ამას ემატება ადგილობრივი მეთაურების მონაყოლი და ასე შემდეგ. ეს დანაკარგები, ბუნებრივია, უფრო მტკივნეულია უკრაინისთვის, რომელსაც მაღალი მგრძნობელობა აქვს. რუსებში ნაკლებია სენსიტიურობა ამ კუთხით. ამ ეტაპამდე უკრაინელების დანაკარგები გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე რუსების, ვინაიდან უკრაინა აქტიურად თავდაცვაშია, ხოლო თავდაცვის დანაკარგები ზოგადად ერთი სამთან იანგარიშება შეტევაში მყოფ დანაყოფთან შედარებით.

  • ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო ამბობდა, რომ მის გვერდით 20-21 წლის ბიჭები იბრძვიან, ანუ იმ ასაკის ადამიანები, რომელიც 2014 წელს – ომის დაწყების ეტაპზე 11, 12 წლის ბავშვები იყვნენ. სამხედროს მიაჩნია, რომ ეს თაობა ვალდებულია, ახალ თაობას აღარ დაუტოვოს ომი გადაუჭრელ პრობლემადო, თუმცა როცა მეორე მხარე რუსეთია, ეს მიღწევადია? რა ჩანს დღევანდელი გადასახედიდან? 

რა თქმა უნდა, არ უნდა დაუტოვოს და ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დავუტოვოთ მომავალ თაობას ის პრობლემა, როცა თავის დროზე საომარი წარმატება, რაც უნდა მოგვეპოვებინა, ვერ მოვიპოვეთ.

თუმცა უკრაინაში ძირითადად ომობს გამოცდილი თაობა, დაახლოებით 40 – 45 წლის ადამიანები. ასაკობრივად თუ შევადარებთ, რუსებთან შედარებით, ასაკობრივი ჩარჩო უკრაინელ მებრძოლებში უფრო მაღალია, ვიდრე რუსებში, განსაკუთრებით ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფებში. ეს მნიშვნელოვანია გამოცდილების კუთხით.

  • თქვენი აზრით, როგორია კიბერომის გავლენა რეალურ ომზე – თუ სოცქსელებს გადავხედავთ, სავარაუდოდ რუსეთის პროპაგანდის შედეგად მსოფლიოში ადამიანები ცალსახად აღარ უჭერენ უკრაინას მხარს. ზოგი ორჭოფობს, ზოგიც ხმამაღლა აცხადებს, რომ რუსეთს სახე უნდა შევუნარჩუნოთ. რა ხდება ამ ფრონტზე? 

არსებობს ასეთი გამონათქვამი, რომ „ომი პოპულარულია მოსახლეობაში პირველი ორი თვე“. ბუნებრივია, ევროპაში ზოგიერთი ადამიანისთვის გაუგებარია, რატომ ომობს უკრაინა. შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოშიც არიან ასეთი ადამიანები, არ ესმით, რატომ ომობს უკრაინა. ამ ადამიანებს რომ ჰკითხოთ, ალბათ გვეტყვიან, რომ ხელებაწეული უნდა დახვედროდნენ რუსებს და საქართველოსაც იმავეს მოუწოდებენ, რომ დავხვდეთ ხელებაწეული. კიდევ კარგი, რომ ასეთი აზრის მქონე ბევრი არ არის.

რაც შეეხება კიბერომის გავლენას – ყველა აცნობიერებს, რომ წარმატებისთვის მნიშვნელოვანია დომინირება საინფორმაციო სივრცეში: აქ ვინც მიაღწევს წარმატებას, ის მიაღწევს დიდწილად წარმატებას ომშიც, თუმცა პროპაგანდა, ჩემი აზრით, მუშაობს მაშინ, როცა რეალურად გაქვს ხელშესახები სამხედრო წარმატება. თუ მარცხდები და ამ დროს იძახი, რომ მოწინააღმდეგევ, დაგვნებდი, დაყარე იარაღი! – ეს  ვერ იმუშავებს.

მე ვერ ვიტყოდი, რომ რუსებს წარმატება აქვთ საინფორმაციო სივრცეში. ამ ნაწილში შემიძლია მაგალითად სევეროდონეცკი მოვიყვანო, სადაც ბრძოლები გრძელდება და იმის გამო, რომ სევეროდონეცკი უკრაინელებმა არ დატოვეს, რუსების საბრძოლო წარმატების დინამიკა კარგად არ ჩანს. ჩემი დაკვირვებით, უკრაინამ უფრო ფართო სურათიდან უნდა შეხედოს ვითარებას და მეტი მხნეობის მაგალითი მისცეს ომში ჩართულ ადამიანებს. არ არის საჭირო ყოველ დღე ამის თქმა, რომ ამდენი კაცი დაგვეღუპა, ევროპა არ გვეხმარება და ასე შემდეგ.

  • იქნებ იმიტომ ახსენებს დასავლეთს უკრაინა, რომ მცირეა შანსი, ბოლომდე დაამარცხოს რუსეთი? ცხადია, უკრაინას დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდება, თუ მიგაჩნიათ, რომ ეს მაინც უკრაინაზეა დამოკიდებული, შეუპოვრობაზე, რასაც ის ამ დრომდე გვაჩვენებს? 

მნიშვნელოვანია, რა ჩაითვლება დამარცხებად და რა იქნება მარცხის საზომი – რუსეთი მთლიანად ჩამოიშალოს, თუ რუსეთმა მხოლოდ უკრაინა დატოვოს? მე მგონია, რომ მეორე ვერსიაზე მუშაობს დასავლეთი და უნდათ მიაყენონ რუსეთს ისეთი დანაკარგი, რომ მან საკმაოდ დიდი დრო მოანდომოს, ან საერთოდ ვეღარ მოახერხოს აგრესიული პოტენციალის აღდგენა. რა თქმა უნდა, ეს ომის ისევ დამოკიდებულია თავად უკრაინელების აქტიურობაზე. უკრაინისთვის ძალიან დიდი წარმატება იქნება, თუ რუსებს აიძულებს და დააბრუნებენ ომის საწყის ფაზაზე არსებულ პოზიციებზე. შემდეგ კი, უკვე მოქმედებები გადავა პოლიტიკურ ჭრილში.

  • რა სცენარით ელოდებით თქვენ მოვლენების განვითარებას? მაგალითად, ამერიკელი სამხედრო სტრატეგი – ედ ლუტვაკი ზელენსკის ურჩევს, ფსონი რუსული ელიტის რეპუტაციის რყევაზე დადოს. ლუტვაკი გამოსავალს ხედავს დემოკრატიული პლებისციტის ჩატარებაში ლუგანსკი-დონეცკში, რაც უკრაინის გამარჯვებით დასრულდება და ამას რუსეთიც დათანხმდება, თუ მას სანქციებს მოუხსნიან. 

ვფიქრობ, ეს სწორი რჩევაა და სწორი ხედვა ამ გადასახედიდან. ლუტვაკი ძალიან ცნობილი სამხედრო სტრატეგია. სწორედ ის არის ავტორი ისეთი ცნობილი წიგნების, როგორიცაა „გადატრიალების მეთოდიკა“ და „ სტრატეგია, ომის და მშვიდობის ლოგიკა“… ჩემი აზრით, დაშლილი რუსეთი არანაკლებ საფრთხის შემცველია, რადგან უცნობია, ვის ხელში მოხვდება ბირთვული იარაღი. მოგეხსენებათ, რუსეთში ბევრი ეთნიკური ჯგუფია, ისტორიულად, კულტურულად, რელიგიურად, სოციალურად, ეკონომიკურად განსხვავებული ხალხი და რთული სათქმელია, რა პროცესი შეიძლება წავიდეს იქ. მე არ ვამბობ, რომ უკრაინა უნდა გაჩერდეს, მაგრამ ქვეყნის ნგრევა და ხალხის დაღუპვა უნდა შეჩერდეს. უკრაინა უნდა მოემზადოს უფრო ფართომასშტაბიან, გლობალურ ასპარეზზე მოქმედებისთვის, თანაც არამხოლოდ სამხედრო მეთოდების გამოყენებით.

  • ამ ეტაპზე უკრაინაში ყველაზე აქტიური ბრძოლის რაიონებად რჩება სევეროდონეცკი და ბახმუტი. წინა ინტერვიუში გვითხარით, რომ რამდენიმე დღეში დასრულებოდა ბრძოლა ამ მიმართულებით. რა მოხდა, თქვენი ვერსიით?

მეგონა, რომ უკრაინა მიიღებდა სევეროდონეცკის დატოვების გადაწყვეტილებას და გამაგრდებოდა უფრო კარგ პოზიციებზე. სტრატეგიულად არაფრის მომცემია სევეროდონეცკი, როცა მდინარის მეორე მხარეს კარგად გამაგრებული ლისიჩანსკია უფრო მაღალი ნაპირით. რუსები სევეროდონეცკის აღების შემდეგ აიღებდნენ ოპერატიულ პაუზას. რაც უფრო გვიან აიღებს რუსეთი ოპერატიულ პაუზას, მით უფრო რთული იქნება მისთვის შემდეგი, მესამე ეტაპისთვის მომზადება.

უკრაინასაც სჭირდება ეს მომზადება, მაგრამ მან დიდი ალბათობით, პოლიტიკური გადასახედიდან სევეროდონეცკი არ დათმო. რუსებს სჭირდებათ რაღაც პოზიტივი მაინც პაუზის მიღებამდე და განაგრძეს ბრძოლა, უკრაინის შემთხვევაში კი, როგორც ვიცი, სამხედროები უმაღლეს მთავარსარდალს სთავაზობდნენ გამოეყვანათ ჯარი სევეროდონეცკიდან. მთავარსარდლის ეს პოზიცია, რომ ვიბრძვით თითოეული გოჯა მიწისთვის, რა თქმა უნდა, დასაფასებელია, მაგრამ არსებობს ასეთი გამოთქმა სამხედრო ხელოვნებაში – „ძალების ეკონომია“, რაც გულისხმობს არა ძალების შენახვას, არამედ ძალებისა და საშუალებების რაციონალურად გამოყენებას სწორ ადგილას და სწორ დროს.

ასევე, ცნობილი სამხედრო გამოთქმაა: „თუ შენ იცავ ყველაფერს, შენ იცავ არაფერს“. სევეროდონეცკში უკრაინელებმა ზარალი მიაყენეს რუსებს, მაგრამ მისი დანაყოფებიც ზარალდება. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, უკრაინელებმა უკვე დაიწყეს გამოსვლა თანდათან სევეროდონეცკიდან.

უკრაინისთვის ახლა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია გაამაგროს სლავიანსკი-კრამატორსკის თავდაცვის რაიონის მიმართულება, რაც გადამწყვეტია დონბასისთვის.

  • თქვენი აზრით, რა მიზანი ჰქონდა კიევსა და ლვოვზე სარაკეტო თავდასხმას?

კიევზე თავდასხმა მოაწყვეს დარნიცის რაიონში, სამრეწველო ზონაში, სადაც არის დეპოები, სარემონტო საამქროები. საბჭოტა პერიუოდში აქ ტანკის სარემონტო ქარხანაც იყო. რუსები იძახიან, რომ იქ ტანკებია, უკრაინელები ამას უარყოფენ. ლვოვის მიმართულებით კი, რუსეთმა სცადა დაერტყა აღჭურვილობაზე, რომელიც შემოდიოდა დასავლეთიდან უკრაინაში.

  • რა ხდება ხერსონში, სადაც უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა და ამით გარკვეულწილად სცადეს რუსული ძალის კონცენტრაციის შემცირება სევეროდონეცკში?

ამ მიმართულებით უკრაინელებმა უკვე გადალახეს მდინარე ინგულეცი და შექმნეს ერთგვარი პლაცდარმი, რომელსაც ახლა აფართოებენ. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელები აქ არტილერიასთან ერთად ავიაციასაც იყენებენ.

რუსებმა ზაპოროჟიეს მიმართულებითაც შეწყვიტეს აქტიურობა… ამ მიმართულებით წინსვლაზე, როგორც ჩანს, რუსები აღარ ფიქრობენ.

ამ ეტაპზე მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება პოპასნაია, სადაც რუსებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რომ მცირე ტაქტიკური ალყა მოაწყონ. ამ მიმართულებით ბახმუტის ტრასას უკრაინელები პრაქტიკულად ვეღარ იყენებენ, რადგან რუსები მას სწვდებიან საარტილერიო ცეცხლით.

რუსები ცდილობენ გააქტიურებას ხარკოვის მიმართულებით და დაკარგული პოზიციების დაბრუნებას. მოგეხსენებათ, აქ უკრაინა იძულებული გახდა დანაყოფი გადაესროლა იზიუმის მიმართულებით და შეეჩერებინათ იზიუმიდან მომზადებული შეტევა სლავიანსკის მიმართულებაზე. რუსები ცდილობენ ისარგებლონ ამ ვითარებით და დაიბრუნონ დაკარგული პოზიციები, თუმცა ჯერჯერობით წარმატება ამ მიმართულებით არ გააჩნიათ.

  • კუნძულ ზმეინზე რუსეთმა მაინც გადაისროლა საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის, SA-15 და SA-22. ეს რამდენად ზრდის ალბათობას ოდესის და დნესტრისპირეთის მიმართულებით თავდასხმის გააქტიურების შესაძლებლობას?

ჩანს, რომ უკრაინელები ამ ეტაპზე საშიშ მიმართულებად არ თვლიან ზმეინს და ყურადღება სხვა მიმართულებებზე აქვთ გადატანილი. არც რუსული სამხედროების აქტიურობა ჩანს შავ ზღვაში, თუ არ ჩავთვლით რაკეტების გაშვებას. ფაქტია, რომ რუსები უკრაინის ნაპირებს 200 კმ-ზე ახლოს მაინც ვერ უახლოვდებიან… უკრაინას გაუჭირდება ხორბლით დატვირთული გემების გამოყვანა ექსპორტის მიზნით, თუ არ იქნება საერთაშორისო კონვოინირება და დანაღმული რაიონების გაწმენდა, რაც ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.

  • რა ჩანს ომის დინამიკიდან: რუსეთი სევეროდონეცკის შემდეგ გადავა თავდაცვით მდგომარეობაში ოკუპირებულ მიწებზე, თუ დაიწყებს  იერიშს ახალი მიმართულებით? 

რუსები ცდილობენ, რაღაც წარმატებას მიაღწიონ და ეს შეიძლება იყოს სევეროდონეცკი. არა მგონია, სლავიანსკიზე რუსეთს რამე წარმატება ჰქონდეს. სევეროდონეცკის შემდეგ რუსეთს მოუწევს ოპერატიული პაუზის აღება და დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნების ორგანიზება, თუმცა ლოკალური შეტევები გარკვეული მიმართულებებით ისევ იქნება. ომი მიიღებს უფრო სტაბილურ სახეს, იქნება პოზიციური დაპირისპირება, ცხელი ფაზები, ნელთბილი ფაზები, პოლიტიკური ვაჭრობა და ამ პირობებში თანდათან რუსეთი ეცდება გაიუმჯობესოს სამხედრო პოტენციალი.

უკრაინაც დღე-დღეზე მიიღებს „ლენდ-ლიზის“ და როგორც თქვენთან წინა ინტერვიუში აღვნიშნე, ივლისის შუაში გამოჩნდება, რა რესურსი ექნება უკრაინას მესამე ფაზის ეტაპზე, მოახერხებს თუ არა ჩამოაყალიბოს პირობები, რათა განახორციელოს ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმა.

  • რატომ ფიქრობთ, რომ პაუზის შემდეგ რუსეთი ახალი მიმართულებით შეტევაზე აღარ იფიქრებს და მხოლოდ დაკავებული ტერიტორიის დაცვას ეცდება? 

ამას სჭირდება ძალები და საშუალებები, რაც არ ჩანს. თუ გამოჩნდება ეს, შემდეგ ეტაპზე ვისაუბროთ. ამ ეტაპზე ეჭვი მეპარება, ამის უნარი და რესურსი ჰქონდეთ რუსებს. ზოგადად, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება იქნებოდა ოდესა-ბესარაბია, თუმცა ახლა რუსეთს ურჩევნია გავიდეს ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე, რომ რაღაც პოზიტიური მაინც უთხრას საკუთარ მოსახლეობას – „აი, ჩვენ რაღაც შევძელით და ამხელა მსხვერპლის გაღება თითქოს საჭირო იყოო“.

„ისე ნუ წარმოვაჩენთ, თითქოს სასწაულს კარგავს ქვეყანა“ – ირაკლი ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე

„ისე ნუ წარმოვაჩენთ, თითქოს სასწაულს კარგავს ქვეყანა,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 11 ივნისს, როცა მან ჟურნალისტებთან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრა.

პრემიერმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მნიშვნელობის გაუფასურება აქტიურად სცადა ევროკავშირის კრიტიკული რეზოლუციის და ამჯერად უკვე საქართველოს პრეზიდენტისგან საქართველოს მთავრობის კრიტიკის შემდეგ.

პრემიერი არც იმას მოერიდა, რომ ევროკავშირი რეზოლუციაში ტყუილების ჩაწერაში დაედანაშაულებია.

„ასეთ რეზოლიციას არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და მათი როლი არის სიმბოლური, რა თქმა უნდა შეურაცხმყოფელია ის რეზოლუცია, რომელიც გაჯერებულია ტყუილებით, ამაში მე დავინახე ირაციონალურობა… კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური, მე ოპტიმიზმს ვინარჩუნებ, რომ ევროკავშირში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

არ დააკონკრეტა, თუმცა თქვა, რომ თუკი საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებენ, ის „ყველაფერს ფარდას ახდის“. პრემიერმა ვერ თქვა, რით ემუქრება სტრატეგიულ პარტნიორებს და რატომ?

„ჩვენ ვართ უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა… ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვითხოვთ რამეს, ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს… მე შევინარჩუნებ რეზერვაციას რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო, თუ გადაწვეტილება არ იქნება სამართლიანი და ისეთივე შეურაცხმყოფელი იქნება ჩვენი ხალხისთვის, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ყველაფერს ვეტყვი, თუ ამის საჭიროება დადგება, ვალდებული ვიქნები, ჩემს ხალხს ჩავაბარო ანგარიში,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„პრეზიდენტი ქვეყნის მტრების ნარატივში ჩაჯდა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„მავნებელი, დესქტრუქციული ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებების ნარატივში ჩაჯდა… პრეზეიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ეს განცხადებაც პრეზიდენტმა გააკეთა ბრიუსელიდან, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდეტს და არ უშვებს არსად, მაშინ ის ევროიპის დედაქალაქში როგორ აღმოჩნდა?“ – ამბობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. იგი დღეს, 11 ივნისს  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განაცხადს გამოეხმაურა – სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას მთავრობამ ევროპის ქვეყნეში ვიზიტი გაუუქმა.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა ოფიციალურ მომართვა, რაც მივიღეთ პრეზიდენტისგან, ყველა მისი მომართვა დავაკმაყოფილე, ყველაფერზე ხელი მოვაწერე, არავითარი სხვა მომართვა არ შემოსულა..მე მინდა შევცახსენო ქალალბატონ პრეზიდენტს, რომ პირველ რიგში, ყველამ და მათ შორის ჩვენ, უმაღლესი სთანამდებობის პრიებმა მაგალითი უდნა მივცეთ კონსტიტუციის დაცვის… “ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლებო გუნდიდან, რომელიც რეალურად არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს.“

ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტს ამ ნაწილშიც უსაყვედურა და თქვა, რომ „20 შეხვედრა ჰქონდა საგარეო საქმეთა მინსიტრს“, ასევე პირადად მას ჰქონდა შეხვედრები და სატელეფონო საუბრები ევროპელ ლიდერებთან.

„მათ შორის, იმ ლიდერებთან, რომლებსაც განსაკუთრებული სკეპტიციმზი აქვთ ევროკავშირის გაფართოვებასთან დაკავშირებით,“ – დასძინა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

 

კაფეების მიერ ტროტუარების ოკუპაცია დაიწყო, რას აკეთებს მუნიციპალური ინსპექცია | ფოტო

ბათუმში ტურისტული სეზონის ძალაში შესვლასთან ერთად აქტიურდება კაფე-ბარების მიერ ოკუპირებული ტროტუარების პრობლემა.

„ბათუმელებმა” რამდენიმე ადგილი გადაიღო, სადაც კვების ობიექტებს მაგიდებით, მცენარეებითა და დაფა-მენიუებით სრულად აქვთ ათვისებული ტროტუარი, ფეხით მოსიარულეებსა და ეტლით მოსარგებლეებისთვის კი გზის ამ მონაკვეთში მხოლოდ ველობილიკი დატოვეს.

რამდენი ასეთი ობიექტი დაჯარიმდა წელს ტროტუარის მაგიდებითა და სხვა ინვენტარით ჩახერგვისთვის, ეს ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში დათვლილი არ აქვთ. ინფორმაციას, ამ დარღვევისთვის დაჯარიმებული და გაფრთხილებული ობიექტების შესახებ, მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

სტანდარტის მიხედვით, ტროტუარზე ფეხით მოსიარულეებისთვის სავალი ნაწილი მინიმუმ 80 და მაქსიმუმ 150 სანტიმეტრი უნდა იყოს.

გაფრთხილების შემდეგ, ამ სტანდარტის დარღვევისთვის იურიდიული პირები პირველ ჯერზე 2000 ლარით ჯარიმდებიან, განმეორების შემთხვევაში კი – 4000 ლარით.

კაფე ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე
კაფე ლერმონტოვის ქუჩაზე
ფასების დაფით ჩაკეტილი სავალი ნაწილი ლერმონტოვის ქუჩაზე
ლუკა ასათიანის ქუჩა, ტროტუარის გასასვლელ ნაწილზე დგას კაფის მენიუს დაფა 

ამავე თემაზე:

როგორ წაართვეს ქალაქს ტროტუარები

რუსეთი უკრაინაში 1960-იანი ეპოქის რაკეტებს იყენებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ცნობებით, 10 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის ძალებს სევეროდონეცკის სამხრეთით მნიშვნელოვანი წინსვლა არ ჰქონიათ. ქალაქში გრძელდება ქუჩის ბრძოლები და ორივე მხარე სერიოზულ დანაკარგებს განიცდის.

„რუსეთი ერთდროულად იყენებს არტილერიასა და ავიაციას, რათა  უკრაინელთა თავდაცვა გაარღვიოს,“ – მიუთითებს უწყება დღევანდელ განახლებაში და ყურადღებას ამახვილებს იმ შეიარაღებაზე, რომელსაც რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებს.

დაზვერვის ინფორმაციით, აპრილის შემდეგ, რუსულმა ბომბდამშენებმა, სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად, გამოიყენეს ათობით 1960-იანი ეპოქის KH-22 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა (NATO-ს სახელწოდება – AS-4 KITCHEN).

„ეს 5.5. ტონიანი რაკეტები, თავის დროზე, შეიქმნა ავიამზიდების გასანადგურებლად, ბირთვული ქობინის (რაკეტის საბრძოლო თავი) დახმარებით. ჩვეულებრივი ქობინით სახმელეთო შეტევებში გამოყენებისას, ეს რაკეტები ძალიან არაზუსტია და იწვევს მნიშვნელოვან ნგრევას და მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში“, – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყების ვარაუდით, რუსეთს არ ჰყოფნის უფრო ზუსტი, თანამედროვე რაკეტები და ამიტომაც იყენებს შეიარაღების ასეთ არაეფექტიან სისტემებს. იმ ფონზე, როდესაც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა წარმატებით იგერიებს რუსეთის ტაქტიკურ თვითმფირნავებს და მათ ქვეყნის დიდი ტერიტორიის დამობმვის საშუალებას არ აძლებს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სადაზვერვო ცნობარსყოველდღიურად აქვეყნებს. 10 ივნისის პოსტში, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა გამოთქვამდა შეშფოთებას, რომ ოკუპირებულ მარიუპოლს ქოლერის ეპიდემია ემუქრება.

მთავარი ფოტო: Tu-22M Kh-22 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით/ფოტო: militarywatchmagazine.com

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში – 11 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 32 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 419 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 3 466 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 712 ერთეული [+0]
  • MLRS – 222 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 97 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 212 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 178 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 579 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 125 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 448 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 54 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 198 თვითმფრინავი
  • 130 ვერტმფრენი
  • 1 180 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 337 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 503 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 506 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 859 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 545 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ვინ არიან 2 ბრიტანელი და 1 მაროკოელი, რომლებსაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ვინ არიან 2 ბრიტანელი და 1 მაროკოელი, რომლებსაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

9 ივნისს დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა სამ სამხედრო ტყვეს – 28 წლის ეიდენ ასლინს, 48 წლის შონ პინერს და 21 წლის საადუნ ბრაჰიმს. მათ ბრალად ედებათ „ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის დამხობის მცდელობა“.

ვინ არიან ისინი – 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის ტყვეობაში აღმოჩენილი მებრძოლები, რომლებმაც, არაერთი ცნობის თანახმად, „განაჩენამდე“ ფსიქოლოგიური ზეწოლა და წამება გადაიტანეს.

ეიდენ ასლინი, 28 წლის

ბრიტანული მედია ეიდენ ასლინზე ჯერ კიდევ 2016 წელს წერდა, როდესაც ნიუ არკის მცხოვრები სირიდან დაბრუნდა. ეიდენი, 10 თვის განმავლობაში, მოხალისედ იბრძოდა ქურთთა სახალხო დაცვის შენაერთების (YPG) რიგებში „იგილისა“ და სახელისუფლო ძალების წინააღმდეგ.

ის სამშობლოში დაბრუნებისთანავე დააკავეს. მართალია, ბრიტანული კანონებით, YPG ტერორისტულ ორგანიზაციად არ მიიჩნევა, თუმცა ქვეყანაში აკრძალულია მასთან დაკავშირებული ქურთისტანის მუშათა პარტია.

ეიდენი გირაოთი გამოუშვეს, მალე კი მის მშობლიურ ნოტინგემში საპროტესტო აქცია გაიმართა – აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, ხელისუფლებას ეიდენ ასლინის დევნა შეეწყვიტა.

საბოლოოდ, ეიდენისთვის ტერორიზმის ბრალდება არ წაუყენებიათ და საერთაშორისო პასპორტიც დაუბრუნეს, რის შემდეგაც მან ბრიტანეთი დატოვა.

ეიდენ ასლინი სირიაში/ფოტო: Instagram

მოგზაურობისას ეიდენი შეხვდა უკრაინელ გოგოს, ინგლისურის მასწავლებელს ნიკოლაევიდან და მასთან ერთად უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად. 2018 წელს ეიდენ ასლინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა, საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადას.

ქორწილს 2022 წლის გაზაფხულზე გეგმავდნენ, თუმცა რუსეთის სამხედრო აგრესიამ წყვილის გეგმები ჩაშალა. ეიდენის საცოლე უნგრეთში გადავიდა, ეიდენი კი თავის ბრიგადასთან ერთად მარიუპოლის დასაცავად დარჩა.

„პირველი – ჩვენ დაქირავებულები არ ვართ. ხელფასს გვიხდიან და ისე გვექცევიან, როგორც ნებისმიერ უკრაინელ სამხედროს. მე ავიღე საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, დავიცვა უკრაინელი ხალხი და მოქალაქეები. მეორე – ჩვენ სამხედრო ტურისტები არ ვართ, როგორც ზოგიერთი ამბობს. მე ბევრი სამხედრო ტურისტი მინახავს და ისინი ერთ ადგილას დიდხანს არ ჩერდებიან. მე კი უკვე მეოთხე წელია ვმსახურობ. უკრაინის საზღვაო ქვეითების ერთ-ერთი პირველი ბრიტანელი პარაშუტისტი ვარ და სიამაყით ვატარებ ჩემს ბერეტს,“ –  წერდა ეიდენი ინსტაგრამზე.

ეიდენ ასლინი უკრაინაში/ფოტო: Instagram

12 აპრილს მის ტვიტერზე ასეთი პოსტი გაჩნდა: „48 დღე გავიდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მარიუპოლის დასაცავად, მაგრამ სხვა არჩევანი აღარ დაგვრჩა, გარდა იმისა, რომ რუს სამხედროებს ჩავბარდეთ. აღარც საბრძოლო მასალები გვაქვს და აღარც საკვები. ეს დიდი პატივი იყო, იმედი მაქვს, ომი მალე დასრულდება“.

„ეიდენი უსაყვარლესი ადამიანია, ძალიან გვენატრება და იმედი გვაქვს, მას მალე გაათავისუფლებენ“, – რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ეს განცხადება მისმა ოჯახმა ბრიტანეთში.

შონ პინერი, 48 წლის

ბედფორდის მცხოვრები შონ პინერი, ახალგაზრდობაში ბრიტანეთის არმიაში მსახურობდა და გაეროს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდა.

ათწლიანი უნაკლო სამსახურის შემდეგ, ის პენსიაზე გავიდა და ნარჩენების გადამამუშავებელ კომპანიაში დაიწყო მუშაობა, თუმცა 2018 წელს, კვლავ გადაწყვიტა თავისი ცხოვრება შეეცვალა და სამხედრო საქმეს დაჰბრუნებოდა.

შონ პინერმა შეიტყო, რომ უკრაინის არმიაში უცხოელებს იღებდნენ, მათ მოქალაქეობის ან ცხოვრების უფლების მიღებაც შეეძლოთ. ის უკრაინაში გადასახლდა, რუსული ისწავლა, უკრაინელ ქალზე იქორწინა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა.

ექვსი თვის შემდეგ გამოცდილი საზღვაო ქვეითი უკვე ერთ-ერთი დანაყოფის მეთაური იყო.

შონ პინერი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში/ფოტო: Sky News

2022 წლის იანვარში, როდესაც რუსეთიდან მომავალი საფრთხე უფრო და უფრო ძლიერდებოდა, შონ პინერმა  Sky News -ს მისცა ინტერვიუ, რომელშიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში თავის საქმიანობაზე, უკრაინაში ცხოვრებაზე და მოსალოდნელ ომზე ჰყვებოდა.

„მე მარიუპოლელი ვარ და დავიცავ ქალაქს, რომელმაც მე და ჩემი ოჯახი მიგვიღო,“ – ამბობდა პინერი. – „ჩვენ ვიბრძოლებთ, რადგან ეს ბიჭები საკუთარ სახლებს იცავენ. მათი უმრავლესობა დასავლეთისკენ იყურება და არა რუსეთისკენ. ჩვენ არ გვაქვს უპირატესობა არც ცაში და არც ზღვაზე, მაგრამ ვიბრძოლებთ და ცხვირ-პირს დავუსისხლიანებთ. ეს ზუსტად ვიცი.“

შონ პინერისა და მისი ცოლის სახლი მარიუპოლში, ფრონტის ხაზიდან 15 კილომეტრში იდგა.

ეიდენ ასლინის მსგავსად, შონ პინერის შესახებაც არაფერი იყო ცნობილი მას შემდეგ, რაც რუსებმა ქალაქი სრულ ბლოკადაში მოაქციეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ შონი „ილიჩის“ კომბინატის ტერიტორიაზე დაატყვევეს.

შონ პინერი და ეიდენ ასლინი მარიუპოლში დამეგობრდნენ/ფოტო: Sky News

18 აპრილს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანდნენ ბრიტანელი სამხედრო ტყვეები, რომლებსაც ცხადად ეტყობოდათ ცემის კვალი. ისინი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სთხოვდნენ, მათ გაცვლაზე ეზრუნა.

საადუნ ბრაჰიმი, 21 წლის

მესამე სიკვდილმისჯილზე ყველაზე ნაკლები ინფორმაციაა. უკრაინული მედიის თქმით, მის შესახებ გავრცელებული ცნობები ბუნდოვანი და ურთიერთსაწინააღმდეგოა.

Новое Время-ს ინფორმაციით, რუსმა პროპაგანდისტმა ალექსანდრ სლადკოვმა განაცხადა, რომ საადუნ ბრაჰიმის მამა „მაროკოს სამხედრო მაღალჩინოსანია“. სხვა წყაროები კი აღნიშნავენ, რომ პირიქით, ბიჭი ღარიბი ოჯახიდანაა და უკრაინაში სასწავლებლად ჯიბეში 100 დოლარით ჩავიდა.

საადუნ ბრაჰიმი/სქრინი ვიდეოდან

პორტალ Atalayar -ის მიხედვით, საადუნი კიევის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ კი, 2021 წელს, შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა. სხვა წყაროების ცნობით, ის არა სამხედრო, არამედ თარჯიმანი იყო, რადგან ოთხ ენას ფლობდა. რუსულ არხთან ინტერვიუში საადუნი ამბობდა, რომ მას არავინ მოუკლავს და თავს ჯარისკაცად არ მიიჩნევს.

საადუნი ტყვედ, მარტში, ვოლნოვახაში ჩავარდა. Atalayar-ი ასევე წერდა, რომ საადუნის მამამ შვილის გათავისუფლების თხოვნით ვლადიმერ პუტინს მიმართა.

„ბებია სულ მეუბნებოდა, ფიზიკაზე ჩააბარე, მომავლის პროფესიააო“ – ბსუ-ს სტუდენტის პროექტი

20 წლის ლანჩხუთელი მარიკა ცინცაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის სპეციალობაზე სწავლობს. იგი მეორეკურსელია.

გასული წლის ოქტომბერში მარიკამ კონკურში, Social Impact Award-ში 2 000 დოლარი მოიპოვა, რითაც პროექტის განხორციელება დაიწყო.

მის პროექტს „კიურის ლაბორატორია“ ჰქვია. მარიკა 8-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სამეცნიერო ყუთებს შექმნის, რის დახმარებითაც ბავშვებს მცირე ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ.

სამეცნიერო ყუთებში ბავშვებს ყველა ხელსაწყო, ჭურჭელი და სხვადასხვა რეაქტივი დახვდებათ, რაც მცირე ექსპერიმენტებს შეიძლება დასჭირდეს.

იდეის ავტორის თქმით, ექსპერიმენტები ბავშვებისთვის უსაფრთხო, მარტივად ჩასატარებელი, შემეცნებითი და საინტერესო იქნება.

მარიკა გვიყვება, რომ ყუთების დამზადებასა და მომხმარებლებისთვის სხვა ბევრი სიახლის შეთავაზებას აქტიურად ახლა იწყებს, რადგან უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად პროექტზე მუშაობა მისთვის რთული აღმოჩნდა.

მარიკა ცინცაძეს „კიურის ლაბორატორიის“ შექმნის იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში ლოკდაუნი იყო. „გადავწყვიტე რაღაც ისეთი შემექმნა, რაც ბავშვებს სახლის პირობებში საინტერესო სამეცნიერო გარემოს შეუქმნიდა“ – გვიყვება მარიკა.

მის სურვილს ხელი Impact Hub Tbilisi -ს მიერ გამოცხადებულმა კონკურსმა შეუწყო, რომელიც ახალგაზრდა სტარტაპერებს იდეის დახვეწაში ეხმარებოდა და გამარჯვებულებს ფინანსურ მხარდაჭერასაც უწევდა.

კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა და მის ფარგლებში მარიკამ ორთვიანი მენტორის პროგრამაც გაიარა, რომლის განმავლობაში „კიურის ლაბორატორიის“ იდეა ისე დახვეწა, რომ საბოლოოდ ჟიურიმ ის კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულად გამოავლინა.

მარიკა ცინცაძე ბავშვებს მცირე ექსპერიმენტების გაკეთებას ასწავლის

„კიურის ლაბორატორიას“ მარიკას მეგობარიც შეუერთდა. მარიკას არ უნდა, რომ ლაბორატორია მხოლოდ ბიზნესიდეა იყოს და გუნდის გაზრდაზე ფიქრობს.

„გვინდა, რომ ჩვენი ლაბორატორია მეცნიერების ელჩი გახდეს და ახალგაზრდებს, თუნდაც უფროსებს, მეცნიერების შესახებ მცდარი წარმოდგენები შეუცვალოს. მეცნიერება მხოლოდ წიგნებში ჩაწერილი ფორმულები არ არის. მეცნიერება სამყაროა, რომელშიც ვცხოვრობთ.

მეცნიერება ექსპერიმენტის გარეშე, მხოლოდ თეორიული მასალით, რთული წარმოსადგენია. მცირე ექსპერიმენტები ყველას მისცემს საშუალებას დაინახოს, როგორ მუშაობს პრაქტიკაში და რა შედეგს იძლევა მეცნიერული თეორიები. ისინი ნახავენ, რომ ფორმულა მხოლოდ ორ სიდიდეს შორის დამოკიდებულება და რაღაც ჰაერიდან მოტანილი რიცხვები არ არის“, – ამბობს მარიკა.

მარიკას დიდი იმედი აქვს, რომ „კიურის ლაბორატორია” ბავშვების დიდ სიმპათიას დაიმსახურებს. მათი თქმით, მსგავსი პროექტი საქართველოში სიახლეა, თუმცა უცხოეთში ბევრი ანალოგი არსებობს და წარმატებულადაც მუშაობს.

მარიკა გვიხსნის, რომ სამეცნიერო ყუთები 8-დან 14 წლამდე ბავშვებისთვისაა, რადგან ამ ასაკის ბავშვებს უკვე შეუძლიათ ინსტრუქციების  დამოუკიდებლად წაკითხვა და მცირე ექსპერიმენტების გაკეთება. „ცხადია, ამ ყუთებთან ურთიერთობა შედარებით პატარა ბავშვებსაც შეუძლიათ, თუმცა მშობლების დახმარებით“ – ამბობს მარიკა.

აბიტურიენტობის დროს მარიკასთვის ფიზიკის სპეციალობაზე ჩაბარების გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა.

„თვალებგაფართოებული მიყურებდნენ ხოლმე – „უი, ფიზიკაზე აბარებ?“ რაღაც გენიოსის შთაბეჭდილებას ვტოვებდი. რეალურად ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და არც რაიმე განსაკუთრებული უნარები არ მაქვს. ხალხის მსგავს მოსაზრებებს ისიც ემატებოდა, რომ გოგო ვარ.

მეუბნებოდნენ ხოლმე – „უი, გოგოს რა უნდა ფიზიკაზე? შემდეგ დიდი სათვალეების ტარება მოგიწევს კითხვისგან“. ხშირი იყო შეკითხვაც – „მერე მასწავლებელი უნდა გახდე?“ ვაპირებ, რომ წარმატებული სამეცნიერო ცხოვრება მქონდეს“, – გვიყვება მარიკა.

მარიკას თქმით, პატარაობიდანვე განსაკუთრებით მათემატიკა უყვარდა. მერე ფიზიკას ძალიან კარგი მასწავლებელი ასწავლიდა, რომელმაც ამ საგნის სიყვარულიც გადასდო და მარიკას ცხოვრებაში მათემატიკასთან ერთად ფიზიკაც შევიდა. საბოლოოდ მარიკამ ფიზიკა აირჩია მომავალ პროფესიად.

მარიკას გადაწყვეტილება ოჯახის წევრებს არ გაჰკვირვებიათ და ყველანი მხარს უჭერდნენ. მისი მთავარი გულშემატკივარი ბებია იყო, რომელიც, მარიკას თქმით, ძალიან დაეხმარა ნაბიჯის გადადგმაში, რადგან სამედიცინოზე ჩაბარებაზეც  ფიქრობდა და არჩევანის გაკეთება უჭირდა:

„ვორჭოფობდი, სამედიცინოზე ჩამებარებინა თუ ფიზიკაზე. ბებიაჩემი სულ მეუბნებოდა, ფიზიკაზე ჩააბარე, მომავლის პროფესიააო“.

მარიკა სამომავლოდ სწავლის გაგრძელებას ბიოფიზიკის ან რადიოფიზიკის მიმართულებით აპირებს.

„ბიოფიზიკაში თუ სამედიცინო ფიზიკაში ბევრი რამ შეუსწავლელია. ძალიან მინდა ამ მიმართულებით გავაგრძელო კვლევითი და აკადემიური ცხოვრება.

ტყუილი იქნება ვთქვა, რომ ამ პროფესიაში წარმატების მიღწევა მარტივი საქმეა. იმდენად აზარტულია ამ პროფესიაში ახალი რაღაცების შეცნობა, ერთხელ თუ მოიწამლე, უძილო ღამეების გადატანაც გიმარტივდება და ახალი ველოსიპედის ხელახლა აღმოჩენაც გაბედნიერებს“ – ამბობს მარიკა.

მარიკას აზრით, საქართველოში საკმაოდ დიდი ფუფუნებაა მეცნიერების კარგად მომზადება, რადგან მათთვის საჭირო ტექნოლოგიები თუ ხელსაწყოები ძვირი ღირს. მისი სურვილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზრუნავდეს არამარტო სკოლების, არამედ უნივერსიტეტების სამეცნიერო ინფრასტრუქტურით აღჭურვაზეც.

„მეცნიერება კვლევის გარეშე ალბათ კითხვის სწავლაა ისე, რომ ანბანი არ იცოდე.

ძალიან საინტერესოა, როცა თეორიულ მასალაზე დაყრდნობით ექსპერიმენტებს ატარებ უნივერსიტეტში. ამ დროს ყველაფერი ნათელია და ხვდები, რა როგორ ყოფილა.

ხანდახან, როცა დამოუკიდებლად ვაკეთებთ პატარა ექსპერიმენტებს, იმ წუთებში, თავი ნამდვილი მეცნიერები გვგონია. მოტივაცია გემატება და უფრო დიდი ნაბიჯებით გინდება იარო მიზნისკენ“, – ამბობს მარიკა.

მარიკა სიცილით გვიყვება, რომ მის კურსზე ბორბალი უკუღმა დატრიალდა. მის კურსზე სულ ექვსნი არიან და აქედან მხოლოდ ერთია ბიჭი, მაშინ როცა პირველ კურსზე ყველა ბიჭია.

ინტერვიუს ბოლოს მარიკა ცინცაძე ახალგაზრდებს, რომლებსაც ნამდვილად აინტერესებთ ფიზიკა, ურჩევს, რომ პროფესიის არჩევისას არ იყოყმანონ:

„არ შეიძლება ცხოვრების იმ შანსის გამოტოვება, რასაც მეცნიერებაში ჩხირკედელაობა ჰქვია.

ახლა ალბათ ძალიან გულდაწყვეტილი ვიქნებოდი, თუ არჩევანს სხვა პროფესიაზე გავაკეთებდი“.

მარიკა მალე ქალთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ 10 გოგონასაც გადაამზადებს. მისი თქმით, ეს გოგონები შემდეგ მათ რეგიონებში ჩაატარებენ პატარა ექსპერიმენტებს და მეცნიერების მნიშვნელობაზე მათ ირგვლივ მყოფებს გაუზიარებენ მიღებულ ცოდნას.

მარიკა ცინცაძე ბავშვებს მცირე ექსპერიმენტების გაკეთებაში ეხმარება

ივანიშვილი კედელთან მიყენებულად გრძნობს თავს. მას აქვს 2 არჩევანი – ინტერვიუ გია ხუხაშვილთან 

„ახლა ივანიშვილი კედელთან მიყენებულად გრძნობს თავს, ერთგვარ აფექტშია“, – ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. მას „ბათუმელებთან“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და პარლამენტარ დიმიტრი ხუნდაძის პირით გახმოვანებულ პოზიციაზე ვკითხეთ – რომელმაც თქვა, რომ თუკი EU სტატუსს „უსამართლო ვალდებულებებით“ მივიღებთ, უარი უნდა ვთქვათ სტატუსზე.

  • ბატონო გია, აქამდე თითქმის არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ ევროკავშირში გაიხსნებოდა დისკუსია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე. ახლა რა შეიცვალა თქვენი აზრით?

სამწუხაროდ ასეთი მოცემულობაა, რომ კონსენსუსია ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც იმაზე, რომ ქვეყანაში არის ასეთი არაინსტიტუციური ჩრდილოვანი მმართველობა დამკვიდრებული. თუმცა, ამას გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც დისტანციურად უყურებდნენ, რადგან ჩვენი ხელისუფლების რიტორიკა თითქოს აქამდე იყო პროევროპული, დასავლური, თითქოს რაღაც კეთდებოდა, მაგრამ უკრაინის ომთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ყველაფერი უფრო მეტად გააშიშვლა და, შესაბამისად, ამ ლუსტრაციის საფუძველზე გამოჩნდა პრობლემა.

  • რა არჩევანი აქვს დღეს ივანიშვილს თქვენი აზრით – ვთქვათ ის, რომ კარგავს ქონებას სანქციების შემთხვევაში, ან მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რადგან ის არის პუტინის მძევალი?

ივანიშვილს აქვს ორი არჩევანი. დღეს, ვითომ დამალვა და იმის ძახილი, რომ ვითომ პოლიტიკაში არ არის, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. მიუხედავად იმისა, ის მონაწილეობს თუ არა დღეს პოლიტიკურ მართვაში ან რა დოზით მონაწილეობს.

რადგან არსებობს კონსენსუსი და ისტორიამ მას დააკისრა პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე და თუნდაც აი ამ ძირითად დილემაზე, თუ საით მიდის ქვეყანა ბოლოს და ბოლოს, დასავლეთისკენ თუ რუსეთისკენ.

მისი მხრიდან ამ ვითარებაში დამალვას და ისევ იმის ძახილი, რომ თავი გამანებეთ, აზრი არ აქვს, მასზეა ეს პასუხისმგებლობა. ისტორიული პასუხისმგებლობაც, შეიძლება ეწოდოს ამას. ახლა დადგა დრო, რომ ის გამოჩნდეს და წაიყვანოს ქვეყანა ამ ორიდან ერთ-ერთი მიმართულებით.

ერთი მიმართულება, რომ ის დაბრუნდეს ცივილიზებული განვითარების გზაზე, მიიღოს ის პირობები, რასაც გვიყენებს დასავლეთი ან მეორე – დაჯდეს „ალტ-ინფოს“ ტალღაზე, გამოაცხადოს, ვისჯები იმის გამო, რომ მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ ევროპელებს საქართველოშიო. ხალხო მე თქვენთვის მშვიდობა მინდოდა და ამის გამო მსჯიანო. ორ ცხენზე ვიჯდე და თან ისე, რომ თითქოს მე არაფერ შუაში ვარ და თურმე ორი ირაკლი მართავს ქვეყანას, ამას უკვე აზრი აღარ აქვს. რაც უფრო მეტს ილაპარაკებს ეს ორი ირაკლი (კობახიძე, ღარიბაშვილი), კიდევ უფრო დიდ პრობლემებში შევა ივანიშვილი სამომავლოდ.

  • ხუნდაძის დღევანდელი განცხადება ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა უკვე აირჩია რუსული გზა?

„ქართული ოცნების“ პოზიცია ივანიშვილის პოზიციის გარეშე არ არსებობს, ხელისუფლება ახლა აკეთებს მოსინჯვებს, რომ უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში როგორ უნდა ელაპარაკონ ხალხს.

ხუნდაძესაც ეს იმიტომ ათქმევინეს, რომ ჯერ ძირითადი სპიკერები არ უნდათ გამოიყვანონ არენაზე და გატესტეს სრული აბსურდი. რა „უსამართლო პირობებზეა“ აქ საუბარი? დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ თუ გინდათ ჩემს სახლში ცხოვრება, მე პირობებს გიყენებ. გეუბნები, რომ ჩემს ოჯახში სიგარეტს არ ეწევიან, მაგიდაზე არ ცეკვავენ, შუაღამისას არ ხმაურობენ, – ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს არის უსამართლო პირობები, რადგან ეწევა ან სხვანაირად ცხოვრობს. როგორ შეიძლება აქ სამართლიანობაზე ან უსამართლობაზე საუბარი, ეს არის პირობა, ხომ? ეს არის ერთ ოჯახში თანაცხოვრების წესი. შეასრულებ პირობას იცხოვრებ, არადა კარგად იყავი. ამაზეა საუბარი.

ესენი ახლა პრევენციულად ცდილობენ და შეიძლება იქეთ წაიყვანონ საქმე, რომ სანამ ევროპაში მიიღებენ გადაწყვეტილებას, მანამდე გამოაცხადონ, ჩვენ თვითონ ვამბობთ უარსო. სხვათა შორის, ასეთი ისტორია ერთხელ გაითამაშეს კიდეც, 315 მლნ დოლარის დახმარება მოგვიხსნეს და სანამ ამას ოფიციალურად გამოაცხადებდა ევროკავშირი, ღარიბაშვილმა გამოგვიცხადა, რომ „არ გვჭირდება, ჩვენ თვითონ ვთქვით უარიო“.

ახლაც შეიძლება თქვან იგივე, გააგრძელონ „ომი გინდათ?“ ისტორიით – რომ ევროკავშირი ჩვენ ასეთ პირობებს გვთავაზობდა, გახსენით მეორე ფრონტი თუ გინდათ კანდიდატის სტატუსი მოგცეთ, ჩვენ ამაზე უარი ვუთხარით და ამის გამო დავისაჯეთო.

  • ამას „ქართული ოცნება“ ხომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სულ იმეორებს, მაგრამ საზოგადოების მაინც ვერ მოახდინა გავლენა.

თქვენ გგონიათ ვერ მოახდინა? „ომი გინდათ“ რიტორიკამ არ იმუშავა? იმუშავა, სამწუხაროდ.

  • უკრაინაში მოაწყეს მაიდანი, როდესაც იანუკოვიჩმა ხალხს უთხრა, რომ ევროკავშირზე უარს ამბობდა. საქართველოს მოქალაქეები ძალიან გაბრაზდნენ, როცა პარლამენტის სავარძელში რუსი დეპუტატი ჩაჯდა. ივანიშვილმა წესით იცის, რამაც გამოიწვია „გავრილოვის ღამე“. გამოდის ვა-ბანკზე მიდის თუ ფიქრობს, რომ საქართველოს მოსახლეობას აღარ ექნება რეაქცია თუკი ევროპულ კურსზე უარს იტყვის ხელისუფლება?

რა თქმა უნდა, ეშინია ხალხის წინააღმდეგობის. ის ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაშია – ბევრი პრობლემა აქვს და მარტო ეს კი არა: ვიცით, რომ Credit Suisse-თან დავა აქვს უზარმაზარ თანხაზე. ბუნებრივია, Credit Suisse-ს არ უნდა ამის გადახდა და ცდილობს რაღაც სასანქციო სიაში მოახვედროს ივანიშვილი. შესაბამისად, მათთვის ევროპარლამენტის რეზოლუცია არის საჩუქარი, ისინი გააძლიერებენ ამ მხრივ მუშაობას. ბიძინა ივანიშვილს მარტო პოლიტიკაში კი არ აქვს პრობლემები, პრობლემები აქვს პირად უსაფრთხოებაში და კეთილდღეობაში. ბევრი პრობლემა აქვს ძალიან. ეშინია, მაგრამ რა ქნას, უნდა ჩამოყალიბდეს რა გზით მიდის.

პირადი პრობლემები მისი გადასაწყვეტია, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი პრობლემები ქვეყნის პრობლემებზეა გადაჯაჭვული. ამიტომ, ჩვენ ქართულ საზოგადოებას გვინდა, რომ მან მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები.

  • ვთქვათ ივანიშვილი დასანქცირდა, გაუყინეს ანგარიშები, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?

მე ასე შორს არ წავიდოდი, ამ ეტაპზე არ ვისაუბრებდი, რადგან ეს მრავალმდგენელიანი პრობლემაა, – არის პირადი თემები, არის პოლიტიკური. თუ გაუყინავენ, ეს მისი პირადი პრობლემაა ხომ?

  • „ქართული ოცნების“ არა? ის ხომ ივანიშვილისგან ფინანსდება, როგორი იქნება მისი მომავალი?

ესენი ფულს ახლაც კარგად შოულობენ, ისწავლეს ფულის კეთება. როგორ ფიქრობთ, ბიუჯეტს ხელს არ ახლებენ?

პროცესები დღეს არის უკვე ძალიან მძიმე. ჩვენი ფუნდამენტური პრობლემა ახლა არის ის, თუ საით მიდის ქვეყანა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რკინის ფარდა დაეშვა. სამყარო ისევ ორ ნაწილად გაიყო. ჩვენ ან მივდივართ ევროპაში ან მივდივართ რუსეთში. სხვა არჩევანი არ გვაქვს. სხვა არჩევანი კიდევ შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული 3+3 ანუ რუსეთს ირანი რომ დაემატოს კიდევ. შესაბამისად, თუ ევროპას ვშორდებით, ესე იგი ავტომატურად მივდივართ რუსეთში. ანუ გარანტირებული გვაქვს „ტრაქტატი 2“. (მით უმეტეს, ერეკლე მეორეს თემა ახლა ძალიან აქტუალურია ამ ბოლო პერიოდში).

  • ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ამ ზეწოლის ავტორი, ინიციატორი სათანადოდ ვერ აფასებს ივანიშვილის ფსიქოტიპს, – რომ ივანიშვილი „შეეგუა კიდეც ამ ზეწოლას“. რას ნიშნავს ეს „შეგუება“ როგორ შეიძლება ავხსნათ?

ფსიქიატრია ეს კაცი თუ ადვოკატი, რა ფსიქოტიპაჟებზე ლაპარაკობს, რაზე საუბრობს საერთოდ, აზრზე არ არის კაცი. ადვოკატის ლაი-ლაი ჰქვია ამას. არაფერს არ შეჰგუებია, როგორ შეიძლება ამას შეეგუოს ადამიანი.

  • პრინციპში, რის შეცვლასაც ითხოვს ევროპა საქართველოს მთავრობისგან ეს გაახმოვანა დეპუტატმა კრამონმა: „შეწყვიტეთ მაპოლარიზებელი ენის გამოყენება, დაუბრუნდით 19 აპრილის [შარლ მიშელის] შეთანხმებას, დაიწყეთ სასამართლო სისტემის გამოსწორება, შეწყვიტეთ რუსული დეზინფორმაცია“. როგორ ფიქრობთ, რას დათმობთ აქედან ივანიშვილი?

მე ვთვლი, რომ არ დათმობს – მივდივართ რუსეთში, დათმობს – დავბრუნდებით ნორმალური განვითარების გზაზე. ახლა ივანიშვილი კედელთან მიყენებულად გრძნობს თავს, ერთგვარ აფექტშია, მშვიდად კი არ არის. აფექტურ მდგომარეობაში ადამიანი როგორ მოიქცევა ამის პროგნოზირება ძალიან რთულია.

ჩვენ შეიძლება მას შევთავაზოთ, რომ მოიქცეს სწორად, რაც ქვეყნისთვისაც კარგი იქნება და მისთვისაც, მაგრამ საბოლოო ჯამში არჩევანს თვითონ აკეთებს, სამწუხაროდ.

  • დღეს ყველა საუბრობს იმაზე, რომ ივანიშვილს მთელი საქართველო მძევლად ჰყავს. ხუნდაძის განცხადებაც ხომ ამაზე მიანიშნებს. ამას როგორ ბედავენ?

საზოგადოებას აქვს ინსტრუმენტი, რომ აიძულოს ხელისუფლება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ამას ვერ იყენებს სათანადოდ.

საზოგადოება ქირაობს ხელისუფლებას ხომ? ხელისუფლება, რომელიც არ ასრულებს საზოგადოების დაკვეთას, საზოგადოება, როგორც დამქირავებელი ვალდებულია, აიძულოს ხელისუფლება მოიქცეს ისე, როგორც სჭირდება ქვეყანას.

თუ ხელისუფლება ამას ვერ აკეთებს, მაშინ უნდა გაუშვას ის და დაიქირაოს ისეთი, რომელიც გააკეთებს. თუ ამას ვერ ახერხებს საზოგადოება, მაშინ ჩვენც არ ვვარგივართ, მაშინ ჩვენც პასუხისმგებლები ვართ ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში.

  • როგორ ელოდებით პირადად თქვენ, მოვლენების განვითარებას?

ბევრი რამ დამოკიდებულია თუნდაც იმაზე, როგორ განვითარდება უკრაინაში ომი, საით წავა ეს პროცესი. ძალიან ბევრი სუბიექტური ფაქტორი მუშაობს. არსებობს ძალიან ნეგატიური სცენარები, მაგალითად ის, რაც ვახსენე – „ტრაქტატი 2“ და შესაძლოა აქეთ წავიდეს პროცესი. არსებობს პოზიტიური სცენარიც, რომ ქვეყანამ დაიწყოს შემობრუნება ცივილიზებული განვითარებისკენ.

ბევრი რამ კულუარებში ხდება და არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია რომ შევაფასოთ. არ ვიცით, რუსეთისგან არსებობს ზეწოლა თუ უბრალოდ მენტალური პრობლემაა, თუ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ტექნოლოგიაა, რომ ორ სკამზე იჯდეს ერთად, არ ვიცით და არც აქვს ამას მნიშვნელობა, რადგან ჩვენ ვუყურებთ პროცესს როგორ მიდის. პროცესი მიდის ძალიან ცუდად, მაღალი რისკის ზონაში ვართ დღეს.

ასე, რომ ბოლო სიტყვა ყოველთვის საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ იქცეოდეს ნორმალურად. ხმა მივეცით და შემდეგ 4 წელი დავიძინეთ, ასე არ მუშაობს საზოგადოება ცივილიზებულ ქვეყნებში. საზოგადოებას მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა ჰყავდეს ხელისუფლება, რომ მას ემსახუროს და არა იბატონოს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი საბერძნეთის საზღვაო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი, საბერძნეთში საქართველოს ელჩ დავით დონდუასთან ერთად, საბერძნეთის საზღვაო საქმეთა მინისტრს იოანის პლაკიოტაკისს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთი მთავარი და პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება მეტ დადებით შედეგებს მოუტანს ორივე ქვეყანას.

ბერძენი გემთმფლობელები ქართველი მეზღვაურების ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებლები არიან. შესაბამისად, მხარეებმა დიდი ყურადრება დაუთმეს მეზღვაურთა დასაქმებას და ასევე, დაინტერესდნენ საზღვაო განათლებისა და წვრთნის მიმართულებით არსებული სიახლეებით. ქართულმა მხარემ, ამ სფეროში დანერგილ სიახლეებზე, განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და საქართველოს მიერ წარმატებით გავლილ საერთაშორისო აუდიტებზე გააკეთა აქცენტები.

ბერძნულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, ქართველი მეზღვაურების კომპეტენციისა და პროფესიონალიზმის მაღალი დონე და ასევე, ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა ქართული დოკუმენტების სანდოობის მაღალი ხარისხი.

2013 წლის შემდეგ საქართველოში გატარებული სისტემური რეფორმების და განხორციელებული პროექტების წყალობით, მეზღვაურის ქართული დოკუმენტაციის გაყალბების ნულოვანი მაჩვენებელი გვაქვს, რაც განაპირობებს კიდეც დამსაქმებელთ მხრიდან ნდობას და ქართველი მეზღვაურების მაღალ რეპუტაციას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და საბერძნეთს შორის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) თანამშრომლობასაც. საბერძნეთის საზღვაო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს დელეგაციას IMO-ს სამართლებრივ კომიტეტში ნაყოფიერი მუშაობისათვის, სადაც ვიცე-თავმჯდომარე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძეა.

თამარ იოსელიანის შეფასებით, შეხვედრა ნაყოფიერი იყო და მომავალში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას მოემსახურება.

შეხვედრა საერთაშორისო საზღვაო გამოფენა – POSIDONIA2022-ს ფარგლებში შედგა, სადაც საქართველო ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, ეროვნული პავილიონით არის წარმოდგენილი.

„არ უნდა გადავყვეთ ივანიშვილს“ – პრეზიდენტს მთავრობამ ევროპაში ვიზიტები შეუჩერა

„მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში: არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს,“ – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. დღეს, 10 ივნისს, მან განაცხადა, რომ ბრიუსელში იმყოფება და საქართველოს მთავრობამ მას ოფიციალური ვიზიტის გაგრძელებაზე უარი უთხრა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას საშუალება არ მისცეს დაიცვას საქართველოს პოზიცია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. სალომე ზურაბიშვილი აპირებდა ვიზიტებს საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში.

„მე ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც ჩამოვედი ოფიციალური, სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ იტალიიდან, იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა აქ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლებო გუნდიდან, რომელიც რეალურად არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს.

მე მინდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში, შესაძლებელია უკრაინაში, ვისთან ერთადაც  ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ და ვის გარეშეც არ იქნებოდა დაჩქარებული კანდიდატურის პროცესი. მე მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე,“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას საქართველოს მთავრობის წევრებმა უთხრეს, რომ „ზედმეტი აქტიურობა“ საჭირო არ იყო.

„მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონ ჩავთვალე, რომ  არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც შემიძლია მარტო გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა. მე ვთვლი, რომ ვალდებული ვარ კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ეს პროცესი.

მე არ მჯერა, რომ არსებობდეს საქართველოსთვის რამე სხვა მომავალი, თუ არა ევროპული მომავალი… ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

____________

ფოტოზე: სალომე ზურაბიშვილი. ფოტო: EPA/ADAM BERRY

ოზთურქის ექსტრადაციის მოთხოვნა ძალაშია – თურქეთის ელჩი საქართველოში

საქართველოში თურქეთის ელჩის, ფატმა სერენ იაზგანის განცხადებით, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის თურქეთში ექსტრადაციის მოთხოვნა ისევ ძალაშია.

„გალიპ ოზთურქი თურქეთის მოქალაქეა, რომელსაც თურქეთის სასამართლომ მიუსაჯა პატიმრობა. იგი საქართველოში 2014 წელს ჩამოვიდა, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი და მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.

შემდეგ თურქეთის უზენაესმა სასამართლომ მის მიმართ გამოიტანა განაჩენი, რის საფუძველზეც თურქეთმა მოითხოვა საქართველოდან მისი ექსტრადიცია.

ეს მოთხოვნა ახლაც ძალაშია,“ – ამბობს საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა სერენ იაზგანი.

მისი კომენტარი თურქეთის საელჩომ „ბათუმელებს“ წერილობით მოაწოდა.

მილიონერი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს დააკავეს.

ბიზნესმენის დასაკავებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს 9-საათიანი სპეცოპერაცია დასჭირდა.

საგამოძიებო სამსახურის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გალიფ ოზთურქის კუთვნილ კომპანიაში საგამოძიებო მოქმედებები „განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით“ განხორციელდა. საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, სპეცოპერაციის დროს გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ მისამართზე აღმოჩენილი იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები.

თუმცა 2 ივნისს ოზთურქს ბრალი მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად წარუდგინეს, რაც გულისხმობს „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას“.

გალიფ ოზთურქს ორმაგი მოქალაქეობა აქვს – საქართველოს და თურქეთის. ის ბიზნესს საქართველოში 2011 წლიდან ეწევა. 2011 წელს,  ბათუმის მერიამ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გალიფ ოზთურქის კომპანია ბათუმში ავტოსადგურს აშენებდა.

„ახალი ავტოსადგურის ტერიტორია 109 000 კვ.მ ფართობს მოიცავს, სადაც 60000 კვ.მ-ს 3-სართულიანი მრავალპროფილიანი სავაჭრო ცენტრი დაიკავებს. ავტოსადგურის მფლობელი ქართულ-თურქული კომპანია „ავრასია-ჯორჯია“ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 20 მლნ. დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო“, – ეწერა გავრცელებულ რელიზში.

გადადგით ნაბიჯები კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად – მედიის ადვოკატირების კოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიცია ხელისუფლებას მოუწოდებს გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ევროკავშირის  წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.

კოალიცია ეხმიანება 2022 წლის 9 ივნისს ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის (Verts/ALE, S&D, ECR, PPE, Renew Europe) მიერ საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ინიცირებული ერთობლივი რეზოლუციის მიღების ფაქტს.

„როცა ჩვენი ქვეყანა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში ეფექტურად გამოიყენოს დარჩენილი დრო, რომ გაზარდოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების შანსი.

მომავალი ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ყველა შტოსთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით:

დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობიდან „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ამისათვის გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი ან სხვა სამართლებრივი გზები;

მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა შეწყვიტონ თავდასხმები და ბოიკოტის რეჟიმი კრიტიკული მედიის მიმართ.

დაჩქარდეს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შემთხვევების გამოძიება, მათ შორის , 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ფაქტების სრულფასოვანი შესწავლის და ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემის პროცესი;

ევროკავშირის პრაქტიკის მსგავსად, საქართველოში აიკრძალოს რუსული ტელეარხების ტრანზიტი;

საჯარო სამსახურებმა ჯეროვნად აღასრულონ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებები“ – აცხადებს მედიის ადვოკატირების კოალიცია.

გუშინ, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია.

______________

ფოტო: EPA-EFE/JULIEN WARNAND

ხუნდაძის აბსურდულმა განცხადებამ ცხადყო, რომ „ოცნებას“ ევროკავშირის წევრობა არ სურს – ნაკაიძე

საქართველოს პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე, მისი კოლეგის, „ქართული ოცნების“ წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას გამოეხმაურა ფეისბუქში. ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა დეპუტატმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს ვალდებულებებით მიიღებს, როგორც რეზოლუციაშია, საქართველომ სტატუსზე უარი უნდა თქვას.

„დღეს დიმიტრი ხუნდაძის აბსურდულმა განცხადებამ ცხადყო, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის წევრობა არ სურს. ადრეც იყო კულუარული საუბრები, რომ [ირაკლი] კობახიძის ფრთას განსაკუთრებით არ სურდა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა, რასაც კობახიძის მაშინდელი განცხადებებიც ადასტურებდა.

თუმცა ქართველი ხალხის შემართებამ და ბრძოლამ „გადაღუნა“ ქართული ოცნება და შეიტანა განაცხადი. და თუ მართლა იმ სისულელეს, რასაც ხუნდაძე გაიძახის, ჩაიდენს ეს ხელისუფლება, აი, მაშინ დაგატყდებათ ქართველი ხალხის რისხვა.

„ქართული ოცნება“, რა ხდება, ომი გინდათ? თუ ასეა, გექნებათ, ქართველი ხალხი უმოკლეს დროში დაგასამარებთ“, – წერს ტარიელ ნაკაიძე.

—–

ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში
თავი მეთერთმეტე. გარდამავალი დებულებები მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

„არ დავუთმოთ მომავალი რუს ოლიგარქს“ – კორძაია „ოცნების“ დეპუტატს ეხმიანება

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ  თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს „უსამართლო ვალდებულებებით” მიიღებს, როგორც რეზოლუციაშია, საქართველომ სტატუსზე უარი უნდა თქვას, საქართველოს პარლამენტის წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია ეხმიანება ფეისბუქზე.

„გუშინ ეთერში ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილს მძევლად ჰყავს საქართველოს მოქალაქეები და მათი და სახელმწიფოს მომავლით ვაჭრობს საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

დღეს, მისი მსტოვრები, უკვე ტოლობას სვამენ, ევროპის მიერ რუს ოლიგარქად აღიარებულ ბიძინა ივანიშვილსა და სახელმწიფოს, საქართველოს შორის!

იანუკოვიჩს სხვა არაფერი გაუკეთებია უკრაინისთვის და მოქალაქეებმაც გასცეს პასუხი!

არ დავუთმოთ საკუთარი მომავალი რუს ოლიგარქს!

პ.ს. შეგახსენებთ პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირების არ შესრულება, დიმიტრი ხუნდაძის მიერ გახმოვანდა, ახლაც ის ახმოვანებს ბ. ივანიშვილის გეგმას“ – წერს თამარ კორძაია.

ხუნდაძის განცხადებას დღეს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

„რას ბედავთ თქვენ?! საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი. ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?“ – წერს ნინო ლომჯარი სოციალურ ქსელში.

 

Exit mobile version